25 мая, 2011

რუსული თამაში ბურჯანაძის თეთრი მარგალიტებით

25 მაისი, 2011

"სახალხო კრების" ლიდერი აგონიაშია: "გამოდით სოროებიდან! შვილები ხელიდან გვეცლება!" - ასე "ამოწმებს" ჩვენს სინდისს ნინო ბურჯანაძე, რომელმაც აშკარად იგრძნო პრობლემა ხალხის მხარდაჭერის თვალსაზრისით. როგორც ჩანს, პარლამენტის ექს-სპიკერს 9 ნოემბრის სიტყვა სულ ცხვირწინ უნდა უფრიალო, რათა საკუთარ შესაძლებლობებს გადახედოს და მიხვდეს, რა მოიგო იმით, რაც დათესა. პოლიტიკოს ქალბატონს, რომელიც ახლა თანამოქალაქეებს შვილების ბედზე გულისტკივილით ესაუბრება,  როგორც ჩანს, განსაკუთრებული როლი აქვს შესრულებული გირგვლიანის მკვლელობის დამკვეთებისა და შემსრულებლების გამოვლენასა და დასჯაში.
რუსული კვალი, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ბურჯანაძის პოლიტიკური ვნებების მიღმა, ამჯერად პარლამენტის შენობის წინ იცდის და შესაფერის მომენტს ელოდება. ამ გადაწყვეტილებით, რომელსაც, უბრალოდ, პროვოკაცია ჰქვია და სხვა არაფერი, ნინო ბურჯანაძე კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ის მზადაა, ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად მოვიდეს.
ამისთვის მან სადღაც ძველთაძველი ფეხსაცმელიც კი იშოვა და, ალბათ, ზიზღით ჩაიცვა.
ამისთვის მან პროტესტის ქართულ ფორმას, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებული თავშეკავებულობით გამოირჩეოდა, თვალშისაცემი აგრესია შესძინა. და ამისთვის ის გამეტებით ურტყამს მოწინააღმდეგე მხარეს პლასტმასის ჯოხებს. დროდადრო კი ამ ჯოხებთან ცეკვავს, ხალხის გარეშე დარჩენილი.
პოლიტიკოსი, რომელსაც ძალაუფლების მოპოვების წყურვილისგან პირი უშრება, იქ დაბანაკდა, სადაც ხვალ, დამოუკიდებლობის დღეს, სამხედრო აღლუმის ეპიცენტრი უნდა იყოს. ბურჯანაძე ალბათ ფიქრობს, რომ არაფერი აქვს დასაკარგი. რა აქვს დასაკარგი რუსეთს ამ კონტექსტში და რეალურად, რა ლოგიკური საფუძველი ჰქონდა ნინო ბურჯანაძეს, პოლიტიკური გონისგან (თუკი ასეთი რამ აქამდე ჰქონია) მთლიანად დაცლილიყო? თბილისის მერია უკვე ურჩევს აქციის მონაწილეებს, შეცვალონ საპროტესტო აქციის ადგილი. ხვალ დილით მათ ეს ადგილი, წესით, სააღლუმოდ "გაწმენდილი" უნდა ჰქონდეთ.
ამჯერად ჩვენი ქვეყანა დენთის კასრზე ბურჯანაძემ შესვა. სპეცრაზმს კი საქართველოში სხვა არაფერი ევალება, ხალხის დაწიოკების გარდა. რუსული თამაში ბურჯანაძის თეთრი მარგალიტებით გადამწყვეტ ფაზაში შედის.

23 мая, 2011

მეგაფონური რევოლუციის გაზაფხული

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
23 მაისი, 2011



ფიქრია ჩიხრაძე: "ახლა ხალხი ქუჩაში მასობრივად გამოსვლისათვის მზად არ არის. ამიტომ ძალიან მეშინია პროვოკაციის"



"საარჩევნო გარემოს გარდა, პრობლემა დგას ოპოზიციაში სოლიდური ალტერნატივის არარსებობის თვალსაზრისით. შეიძლება, არ იყოს რწმენა არჩევნების მიმართ, მაგრამ კონკრეტული პოლიტიკური ძალის რწმენამ შეიძლება ხალხს გაუჩინოს განცდა იმისა, რომ არჩევნებში გამარჯვება შესაძლებელია. სამწუხაროდ, ქართულ ოპოზიციას დღემდე არ აღმოაჩნდა უნარი, მის წიაღში დემოკრატიული ალტერნატივა, პოლიტიკური ალტერნატივა ჩამოყალიბებულიყო", - "მთელი კვირის" შეკითხვებს "ახალი მემარჯვენე" ფიქრია ჩიხრაძე პასუხობს.
- ოპოზიციურმა "რვიანმა", პრაქტიკულად, ვერ მოახერხეთ, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ხელისუფლება რაიმე არსებითი მნიშვნელობის მქონე დათმობებზე წასულიყო. როგორ ფიქრობთ, ამ ფაქტორის გათვალისწინებით, თქვენ არ მიგიციათ ერთგვარი კარტ-ბლანში რევოლუციაზე ორიენტირებული ოპოზიციური ძალებისთვის, შექმნილიყო ჩიხური ვითარება?
- როგორც ჩანს, ხელისუფლებას ბევრად უფრო აძლევდა ხელს პროცესის ქუჩაში გადატანა, ვიდრე მოლაპარაკების მაგიდასთან მისი შენარჩუნება. ამას იმის გამო არ ვამბობ, რომ "ახალი მემარჯვენეები" ახლა "რვიანის" ფორმატში ვიმყოფებით და ამით მინდა, მოლაპარაკებების პროცესის მნიშვნელობა ავწიო. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ქართულ პოლიტიკაში პირველად არის მცდელობა მოლაპარაკების პროცესის პოლიტიკურ პროცესად ქცევისა, სადაც ხელისუფლება მაინცდამაინც კომფორტულად ვერ გრძნობს თავს და ურჩევნია, ისეთ მდინარებაში გადაიტანოს პროცესი, სადაც მისი მართვის ძალიან დიდი და სათავისოდ კარგი გამოცდილება დაუგროვდა. ხელისუფლებას ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გატანა რომ არ ნდომოდა, უბრალოდ, შეეძლო, ეთამაშა: ელაპარაკა დათმობებზე, კომპრომისებზე. არ გაუკეთებიათ, თუ? მაგრამ მათ ძალიან ხისტად შეწყვიტეს მოლაპარაკების პროცესი.
ჩვენ 31 მაისამდე გვაქვს ვადა დათქმული, და ეს ჩვენი აკვიატება არ არის. ეს არის ვადა, რომელიც  გასული წლის ნოემბერში, ხელისუფლებამ და "რვიანმა" ერთობლივად შევათანხმეთ. და ამ ვადის ამოწურვამდე სულ რამდენიმე დღე რჩება.
შეიძლება 31 მაისამდე შედეგი ვერ მივიღოთ, მაგრამ ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილი მოლაპარაკების პროცესში წაგებული რჩება - იმის მიუხედავად, რომ არც ჩვენ ვართ მოგებულები. აშკარაა, რომ ხელისუფლება ქუჩის პროცესიდან ბევრად უფრო სარფიანი შედეგის მისაღებად ემზადება. ქუჩა მას აძლევს შესაძლებლობას, რადიკალიზმზე თამაშით უფრო მეტი მოიგოს, ვიდრე ამას მოიგებდა მოლაპარაკების პროცესში.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ ხელისუფლებას პროცესის მართვის გამოცდილება დაუგროვდა. როგორ ფიქრობთ, პრობლემა ის არ არის, რომ ოპოზიციურ "რვიანს" ამ გამოცდილების საპირწონე რესურსი არ აღმოაჩნდა? თქვენ ხომ, პრაქტიკულად, ადგილიდანაც ვეღარ დასძარით ხელისუფლების პოზიციები?
- მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურ "რვიანში" საკმაო გავლენის მქონე პოლიტიკური სპექტრია თავმოყრილი, თავად საარჩევნო თემატიკა ჩვენი საზოგადოებისთვის არ არის ის თემა, რომელიც ხილული პროტესტის ფორმას შეიძენს. მე ქუჩის პროტესტის არ მეშინია: პირიქით, მომხრეც ვარ - როდესაც ის კონკრეტულ საკითხებს ეხება. და საერთოდ, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებას ქუჩის პროტესტისთვის რომ მიგვემართა, ხელისუფლება ასე არ გათავხედდებოდა. თუნდაც, გირგვლიანის საკითხი გავიხსენოთ. ქუჩის პროტესტი მაშინ იყო, მაგრამ - მნიშვნელოვნად შეზღუდული. ასეთ პრობლემებზე მკაფიო რეაქციის გამოხატვას კი საზოგადოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ჩვენთან კი, უფრო პოპულარულია პროტესტი "გადადექის" შინაარსით. და როცა ამით რეალური შედეგი ვერ მიიღწევა, ხელისუფლების პოზიციები კიდევ უფრო მტკიცდება.
ხელისუფლების ხელშია მთელი ადმინისტრაციული და მედიარესურსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოლაპარაკების გზაზე უარი უნდა ვთქვათ. სააკაშვილი ყოველთვის მოგებული იყო იმით, რომ ოპოზიცია მას ამ ფორმატში არ ესაუბრებოდა. დღეს მას ეს არგუმენტი აღარ აქვს, და ასევე არ აქვს არგუმენტი იმის გასაგებად, თუ რატომ არ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები მოლაპარაკებების პროცესში.
სამწუხაროდ, არჩევნები გადაიქცა აქილევსის ქუსლად ქართული სახელმწიფოსთვის, მისი პერსპექტივისთვის. თუკი ასე გაგრძელდება, მუდმივად განწირულები ვიქნებით - ან ავტორიტარული რეჟიმისთვის, ან - არასტაბილურობისა და ქაოსისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ბევრ პოლიტიკურ ძალასაც აქვს მზაობა საიმისოდ, რომ არჩევნების გზას მიანიჭოს უპირატესობა. 2003 წლის რევოლუციის პირობებში, "ახალი მემარჯვენეები" ლამის კეთროვანები ვიყავით - იმიტომ, რომ რევოლუციას ჰყავდა უპირობოდ მხარდამჭერი პოლიტიკური სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება. იყვნენ ადამიანები, რომლებიც შეიძლება მხარს არ უჭერდნენ, მაგრამ არ ამბობდნენ ამის თაობაზე; წინა პლანზე არ ჩნდებოდნენ. ჩვენ მაშინ ძალიან დიდი დარტყმის მიღება მოგვიხდა. ახლა, შვიდი წლის შემდეგ კი ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა აღმოჩნდა, რომელიც ემიჯნება რევოლუციას - მათ შორის, ის პოლიტიკური ძალებიც, რომლებიც მაშინ რევოლუციის მხარდამჭერები იყვნენ. და, რაც მთავარია, საზოგადოებაში აღმოჩნდა ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც რევოლუციური გზის უპერსპექტივობაზე, მის სიმყიფეზე და სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის არამომგებიანობაზე უკვე ღიად ლაპარაკობს. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება, გარკვეულწილად, გაიზარდა. ჩემთვის ეს ძალიან თვალსაჩინოა.
- ამბობთ, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ემიჯნება რევოლუციას. მაგრამ თქვენ ვერ აღწევთ იმას, რომ ხელისუფლებამ თუნდაც ასატანი საარჩევნო გარემო პირობები დაუშვას. ამ  ფონზე, რა გზა რჩება საზოგადოებას?
- ჩიხი, მართლაც, არსებობს, და არამხოლოდ მოლაპარაკების პროცესში. ზოგადად, ეს დილემა მუდმივად დგება თითოეული ჩვენგანის წინაშე. ჩემ წინაშეც: ერთი მხრივ, ხელისუფლებას არ უნდა, გაყოს ხელისუფლება და გარკვეული პერსპექტივა შექმნას მრავალპარტიულობისათვის. ადამიანებს კი სურთ, რომ ქვეყანაში რაღაც შეიცვალოს. ხალხი მართლა ძალიან დიდ გაჭირვებაში ცხოვრობს (ამ სიტყვებით პოლიტიკოსისთვის პოპულარულ ფრაზას არ ვამბობ). მაგრამ მე ვიცი, რომ თუკი ამ დილემის ისევ რევოლუციური გზით გადაწყვეტას მოვინდომებთ, რადენიმე წელიწადში ისევ ამავე დილემის წინაშე აღმოვჩნდებით. გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ასეთი პრობლემა არ დამდგარიყო? ყველამ ვიზრუნეთ ამისთვის? მახსოვს ბევრი არჩევნები, როდესაც პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი გვიკიჟინებდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა ღალატი და ხელისუფლების თამაშია. ასეთი მიდგომა მხოლოდ ხელს უწყობს საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაძლიერებას.
მე, მაგალითად, მივესალმებოდი პროტესტის მასობრივად გამოხატვას არჩევნების წინა დღეს, ან - არჩევნების დღეს. აბსოლუტურად ლეგიტიმურია ხალხის პროტესტი, თუკი ამ შემთხვევაში ხდება არჩევნების მოპარვა, წართმევა, გაყალბება. ამ დროს, შედეგის მიღება ბევრად უფრო რეალურია. მიუხედავად იმისა, რომ მე 2003 წლის რევოლუციას არ ვემხრობოდი, შედეგი მაინც არჩევნებთან ბმას მოჰყვა: რევოლუციურ პროცესს გარკვეული ლეგიტიმაცია სჭირდება. არალეგიტიმური რევოლუციური პროცესი არის ქაოსი, კატასტროფა სახელმწიფოსთვის. არავის ვურჩევდი, რომ ამ გზაზე დადგეს.
მეორედ შედეგის მიღწევის რეალური შანსი გაჩნდა ასევე არჩევნებთან მიმართებით - 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ეს შანსი გამოყენებული რომ არ იყო, ნუ დავაბრალებთ ნურც ქართულ საზოგადოებას და ნურც მიხეილ სააკაშვილს - იმიტომ, რომ ის სათავისოდ იბრძოდა. ოპოზიციას სწორი გზებით უნდა ებრძოლა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის შეცდომები გამოსწორდეს.
ამას წინათ ძალიან პატივსაცემი მეცნიერი ამბობდა, რომ ცხოველებიც კი არ იმეორებენ მათთვის ცუდი შედეგის მომტან ქმედებას: თუკი ბაყაყს გადახტომის დროს ერთხელ რაღაც ეტკინა, ის იმ ადგილას აღარ გადახტება - სხვა გზას მოძებნისო. ჩვენ კი, ადამიანები, რომლებსაც აზროვნების უნარი გვაქვს, სულ ერთსა და იმავე ადგილას ვხტებით - იქ, სადაც ძალიან გვტკივა.
ძალიან კარგად მესმის, რომ საზოგადოებაში ანგარიშსწორების სურვილია დაგროვილი, მაგრამ არ შეიძლება პროცესი რევოლუციური სულისკვეთებით წავიდეს, და არა იმიტომ, რომ ის ადამიანები ანგარიშსწორებას არ იმსახურებენ. ადამიანური მორალი არ გაძლევს შესაძლებლობას, რომ მუდმივად ანგარიშსოწრებისა და სისხლის წილ სისხლით ზღვის რეჟიმში იცხოვრო. და მეორე: სახელმწიფოს ეს, პერსპექტივის თვალსაზრისით, არაფერს აძლევს. პირიქით. მიუხედავად იმისა, რომ 2003 წლის "ვარდების რევოლუციას" ლამის მთელი დემოკრატიული სამყარო მიესალმა, ეს ცვლილება მაინც რევანშზე, უკანონობაზე, უსამართლობაზე იდგა. ვფიქრობ, რომ ქართულ საზოგადოებას ასეთი პროცესის თავიდან დაწყება არაფერს მისცემს. რევოლუციური გზით მოსული ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ხელში უკონტროლო ძალაუფლებას ჩაიგდებს, არაფრით იქნება მიხეილ სააკაშვილზე უკეთესი.
- რასაკვირველია, რევოლუცია არ არის რაციონალური გზა ამ კრიზისიდან გამოსვლისთვის. მაგრამ იმ საარჩევნო გარემოს პირობებში, რომელიც პრაქტიკულად უცვლელი რჩება, რა შანსი აქვს საზოგადოებას, შეცვალოს ხელისუფლება დემოკრატიული გზით?
- ვწუხვარ, რომ საარჩევნო გარემოს გარდა, პრობლემა დგას ოპოზიციაში სოლიდური ალტერნატივის არარსებობის თვალსაზრისით. შეიძლება, არ იყოს რწმენა არჩევნების მიმართ, მაგრამ კონკრეტული პოლიტიკური ძალის რწმენამ შეიძლება ხალხს გაუჩინოს განცდა იმისა, რომ არჩევნებში გამარჯვება შესაძლებელია. სამწუხაროდ, ქართულ ოპოზიციას დღემდე არ აღმოაჩნდა უნარი, რომ მის წიაღში დემოკრატიული ალტერნატივა, პოლიტიკური ალტერნატივა ჩამოყალიბებულიყო.
არ ვფიქრობ, რომ საზოგადოება, მიუხედავად ძალიან სერიოზული პრობლემებისა და პროტესტის გრძნობისა, ახლა ქუჩაში მასობრივად გამოსვლისათვის მზად არის. ამიტომ ძალიან მეშინია პროვოკაციის. არ ვიცი, ეს პროვოკაცია საიდან შეიძლება მოდიოდეს. ვგრძნობ, რომ ხელისუფლებას ძალიან სჭირდებოდა და აწყობდა ქუჩაში პროცესების გადატანა და არ გამოვრიცხავ, რომ მას ასევე ჰქონდეს რაღაც პროვოკაციის სურვილი. თუნდაც, ჩერქეზთა გენოციდის აღიარება (რომელიც, თავისთავად, ძალიან კეთილშობილი თემაა), რატომ დაემთხვა კონკრეტულად ამ პროცესს? მიმაჩნია, რომ ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან ჩერქეზების მიმართ მაინცდამაინც გულწრფელი დამოკიდებულება არ არის, როდესაც ისინი თავიანთ პოლიტიკურ კონტექსტში რთავენ ამ, ადამიანურად და პოლიტიკურად ძალიან მძიმე თემას, რომელმაც, ამ სიტუაციაში, შეიძლება რუსეთი მხოლოდ გააღიზიანოს.
არ ვიცი, მართლაც, დასჭირდება თუ არა რუსეთის პოლიტიკურ წრეებში ვინმეს მეზობელ საქართველოში სიტუაციის გამწვავება. მაგრამ რატომ ხდება ისე, რომ შეიძლება, საქართველოს ხელისუფლებასაც აწყობდეს ეს და რუსეთშიც, ვიღაც გაცხელებულთავიან პოლიტიკოსებს? ეს მუდმივად საბედისწერო კითხვაა ქართულ პოლიტიკაში, განსაკუთრებით - ბოლო პერიოდის განმავლობაში.
მაისი მაინც ერთგვარი წყალგამყოფივით ჩნდება - ვგულისხმობ "რვიანის" ვადას - 31 მაისს, საპროტესტო აქციებს... ძალიან დაძაბული თქვე იქნება ამ თვალსაზრისით და, ალბათ, ყველას გაასკეცებული პასუხისმგებლობა მართებს, რომ არ მოხდეს რაღაც ისეთი, რაც ქართული სახელმწიფოს ინტერესს დააზიანებს.
ალბათ, "რვიანშიც" უნდა მოხდეს გადააზრება. აშკარაა, რომ "რვიანის" მუშაობაში ერთი ეტაპი დამთავრდა. ახლა უნდა ჩამოვყალიბდეთ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს პროცესი და რა შედეგი შეიძლება მან მოიტანოს. ტყუილად რაღაც დაპირებების გაცემას ახლა აზრი არ აქვს. ჩვენი საუბრები არ უნდა იყოს ფუჭი მოლოდინის გამჩენი. ის რეალისტურ ხედვას უნდა ექვემდებარებოდეს. ახლა "რვიანში" სწორედ ამაზე მიდის მსჯელობა.
- თქვენი აზრით, მაინც რამდენად რეალურია, რომ პოლიტიკური პროცესი, რომელიც ამდენი წელია, ქუჩაშია გატანილი, პირდაპირი მნიშვნელობით, სამიტინგო რეჟიმში გადავიდეს და კიდევ უფრო ქაოსური ვითარება შეიქმნას?
- რევოლუციის კონკრეტულ დღეს (მაგალითად, როგორც ითქვა 21 მაისთან დაკავშირებით) დაგეგმვის შესახებ ცნობის სერიოზულად აღქმა მე არ შემიძლია - იმიტომ, რომ რევოლუცია შეიძლება მხოლოდ პროცესმა განაპირობოს.
მაინც ვფიქრობ, რომ ზაფხულიდან ქართულ პოლიტიკაში რაღაც ახალი ათვლის წერტილები გაჩნდება, თუმცა, მიტინგი, დემონსტრაცია, მანიფესტაცია ნამდვილად არ უნდა იყოს გამორიცხული ბრძოლის არსენალიდან. მაგრამ ეს არ უნდა იყოს პერმანენტული, ხელისუფლების ცვლაზე ორიენტირებული. იგი შეიძლება იყოს მიბმული კონკრეტულ თემებთან და კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტასთან.
ახლა ერთმნიშვნელოვნად რაიმეს თქმა ძალიან გამიჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ მომენტში ქუჩაში გასვლის განსაკუთრებული სურვილი ხალხში არ იგრძნობა, არ გამოვრიცხავ, უცებ მოხდეს რაღაც ისეთი, რაც პროცესს სრულიად სხვა მიმართულებით წაიყვანს.
ვისურვებდი, რომ მთელი ეს პროტესტი ხმარდებოდეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და მობილიზებული ვიყოთ იმისათვის, რომ ან მივიღოთ სამართლიანი არჩევნები, ან - უსამართლო გარემოს პირობებში ყველაფერი გავაკეთოთ, რათა არჩევნების პროცესში, კანონიერი გზით ვაიძულოთ სააკაშვილი, დათმოს ის, რასაც ახლა არ თმობს.
- თქვენი სურვილი, პრაქტიკულად, ლოგიკას მოკლებული ჩანს.
- ვერ დაგეთანხმებით. უბრალოდ, ლოგიკას არის მოკლებული იმიტომ, რომ ბევრი პოლიტიკური მოთამაშე თამაშის ამ წესს არ მიიღებს.
- თქვენი აზრით, ხელს შეუწყობს თუ არა შეერთებული შტატები საქართველოში ხელისუფლების არჩევნების გარეშე ცვლილებას?
- ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად არასწორი ილუზია ქართული პოლიტიკური სპექტ    რის ნაწილს აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მაგალითებმა გაუჩინა. დასავლეთმა თავისი პოზიცია ქართულ საზოგადოებას მკაფიოდ უთხრა - რომ ისინი ცვლილებებს ელოდებიან 2012-2013 წლებში. ეს პოლიტიკური გზავნილი იმდენად მკაფიო და მკაცრი ტონალობით იყო ნათქვამი, რომ თითქოს სცდებოდა კიდეც დიპლომატიური ეტიკეტის ჩარჩოებს. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ახლა დასავლეთში რევოლუციური პროცესების ლეგიტიმაციისთვის მზაობა არსებობს. ასეთი ლეგიტიმაციის წყარო შეიძლება ეძებო სხვა მიმართულებით. სხვა ქვეყანაში. რუსეთს ვგულისხმობ. და, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ პოლიტიკურ ძალებს რუსეთთან გარკვეული ურთიერთობა აქვთ, უბრალოდ, ვერც წარმოვიდგენ და არც მინდა დავიჯერო, რომ ამ სცენარს ვინმე ხელს მოაწერს.