06 июня, 2011

საქართველო: ჩრდილები უმზეო სივრცეში

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
6 ივნისი, 2011


ლელა იაკობიშვილი: "რაც დავდეთ, ის ამუშავდა. და ამას კიდევ დიდი ინერცია ექნება - იმიტომ, რომ  იგი უკვე მუშაობს"


"საკუთარ სხეულს ვჭამთ. ამაზე მეტი რა შეიძლება დაგვემართოს? უცხო თვალმა მხოლოდ ასე შეიძლება შეხედოს სიტუაციას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით: "გაგიჟებულან ესენი. აბსოლუტური კლინიკაა. მოდი, ჯერ დამაწყნარებელს გავუკეთებ, მერე დიალოგში შევალ, შემდეგ გავაგებინებ რამეს და ბოლოს სახარებას მივცემ", - "მთელ კვირა" გთავაზობთ დიალოგს კულტუროლოგ ლელა იაკობიშვილთან.


- ჰორიზონტალური კომუნიკაციის ძალაუფლების სქემა, რომელიც ევროპამ დადო, მისი შინაგანი ძალისხმევის პროდუქტია. იქ კანონმა ღმერთი ჩაანაცვლა მას შემდეგ, რაც ნიცშესთან ღმერთი მოკვდა. მას შემდეგ მთელმა დასავლეთმა იგრძნო შინაგანი რეზონანსი - იმიტომ, რომ იგი თითოეული დასავლელის სულში დაიბადა. უღმერთო სამყაროში ერთადერთი ხელმოსაჭიდიღა დარჩა - კანონი; ოღონდ, ეს კანონი ჰორიზონტალურად განიფინება. ჰორიზონტალური ძალაუფლების სქემა, ევროპული ძალაუფლების სქემა კანონის უზენაესობას ნიშნავს.
მაგრამ ჩვენ ამ კომუნიკაციაში შესვლა ვერ შევძელით.
ჩვენ ჰორიზონტალური კომუნიკაციის არსი ვერ გავიგეთ - იმიტომ, რომ იქ შემთხვევით მოვხვდით - ისევე, როგორც შემთხვევამ გვარგუნა ევროპული იდეოლოგიის სივრცეში აღმოჩენა. ეს ჩვენი შემოქმედებითი ნება არ არის. შიგნით არაფერი იბადება. დასავლური ძალაუფლების სტრუქტურაში ვერ გავერკვიეთ. აბა, ფიგურებს შეხედეთ! პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე 2003 წლის შემდეგ ქვეყნის პირველი კანონმდებელი იყო. ანუ, მისი კანონების მიხედვით ისჯება თვითონ. ანუ, ის ვერ მიხვდა, რა არის პრობლემა. ქვეყნის პირველი პირი სჯის პირველ კანონშემოქმედს. ქვეყნის ძალაუფლების ერთ-ერთი საჩინო ფიგურა, რომელიც ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და მერე - სამხედრო მინისტრი, ოპოზიციურ შურისძიებაშია. ქვეყნის რევოლუციური მედიაშემოქმედიც ამავე დისკურსშია. ე.ი. შიგნით გვაქვს რაღაც პრობლემა. ძალაუფლების სქემაში ვერ გავერკვიეთ. იერარქია ისევ მნიშვნელოვანია.
- იერარქია რის წინაშე?
- კანონის წინაშე. რაც დავდეთ, ის ამუშავდა. და ამას კიდევ დიდი ინერცია ექნება -_ იმიტომ, რომ  იგი უკვე მუშაობს.
- რამ შეიძლება, ეს პროცესი შეაჩეროს?
- გარღვევამ. და არა დარღვევამ.
- რა რესურსით?
- არ ვიცი. მე ჯერ ამ რესურსს ვერ ვხედავ. ეს შეიძლება შეაჩეროს სხვა ტიპის აზროვნებამ. სხვა ტიპის კრეატივმა. მხარეებად ქცევა მას მხოლოდ კიდევ უფრო გააძლიერებს. ახლა კი სწორედ იმ ინერციაში ვართ, რომ მხარე ვიყოთ - სულ ერთია, რომელი პოლიტიკური ორიენტაციისა. სახელს მნიშვნელობა არ აქვს. ეს ერთი და იგივე რეჟიმის სახეებია. აი, ეს გვაქვს დასაძლევი.
- 26 მაისს დემონსტრანტების დარბევის შემდეგ სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა საზოგადოების მკვეთრად პოლარიზებულობის პრობლემა. თქვენი დაკვირვებით, ამ ფონზე, რაზე შეიძლება იგი საბოლოოდ შეთანხმდეს? საბოლოოდ, რა ტიპის რეჟიმის არსებობა შეიძლება მან დაუშვას?
- სოციალური ქსელი, თავისთავად, ყველაზე ჰორიზონტალური კომუნიკაციის ქსელია. და როდესაც აი, ამ სივრცეში, სადაც იერარქია პრაქტიკულად მოხსნილია, შენ პოლარიზდები, უფრო უარესი რა უნდა დაგემართოს? ანუ, სოციალური ქსელი ამით იშლება. მთავრდება.
- სტრუქტურა საბოლოოდ ირღვევა?
- ცხადია. მე არც ერთი მისმენს. მხოლოდ ვჭირდები ორივეს. ჩემი ენერგია სჭირდებათ. ჩემი "ხორცი" - რეჟიმის გადასარჩენად. ძალაუფლების სქემის გადასარჩენად.
უფრო მეტიც: ჩვენ გვაქვს როგორც  ფიზიკური, ასევე, ინფორმაციული ტერორის განცდა, და, რაც მთავარია - ორივე მხრიდან. და როდესაც შერიგებას, დალაგებას ცდილობ, ისრისები.
გოეთე ამბობს, - შინაგანი სინათლე მოიწევს გარეგანის შესახვედრადო. გამოსახულება სწორედ მათ საზღვარზე იდება. სისტემას უნდა შეხედო როგორც შიგნიდან, ისე - გარედან. არ შემიძლია, ახლა ვთქვა, რომ ან ერთია ცუდი (კარგი), ან - მეორე. ორივენი მათ მიერვე შექმნილი რეჟიმის მსხვერპლნი არიან. ხვალ სააკაშვილს ძალაუფლებრივი საყრდენები რომ გამოეცალოს, ზუსტად იგივე დღეში ჩავარდება, რომელშიც ახლა ბურჯანაძეა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სტრუქტურის ნებისმიერი კომპონენტისთვის დაუცველი გარემო შევქმენით - მაშინ, როდესაც კანონი ნებისმიერს უნდა იცავდეს. გამოდის, რომ ჩვენს კულტურაში კანონის მიმართ მგრძნობელობა არ არსებობს. ამ დროს კი, ყველა იძახის - კანონი მე ვარო! მეც ვიძახი, მათ შორის, რომ დემოკრატიის ხმა ვარ...
ახლა რესურსის დანახვისა და მისი შეკრების უნარის მქონე ადამიანებთან მინდა ურთიერთობა. მაგრამ ისინი არ არიან.
- არ არიან?
- არ არიან - იმიტომ, რომ საკუთარ თავშიც ვერ ვპოულობ ასეთ რესურსს, რადგან, უბრალოდ, მეც რეჟიმის (როგორც კულტურის ამ ფორმატის) მსხვერპლი ვარ. მეც დაუცველი ვარ. ჩემი კულტურის ფორმატმა რა პოლიტიკური დისკურსიც შვა, ხომ გამოჩნდა? ე.ი. კულტურის პრობლემა გვაქვს. მარტო ზრდილობის პრობლემა კი არა - სოციალურ ქსელებში ყველა ყალყზე რომ დგას. არამედ იმის მიღმაც.
ზნეობა მორალს არ ნიშნავს. ზნეობა ჩვენი კულტურის კონსტიტუციაა, რომელიც მორალად კანონით ფორმდება; კანონი ჩვენი ზნის მიხედვით იწერება. სხვა შემთხვევაში, მუდმივად მისი მსხვერპლი ვიქნებით.
ჩვენ აღარავისთან, არც ერთ მხარესთან გვაქვს თანხმობა, და ამიტომც არის ასეთი კაკაფონია.  ამიტომ არის ბოდვები, ღრიანცელი, ისტერია - ორივე მხრიდან. რეჟიმის აი, ამ ფორმატში აღმოვჩნდით შეთრეულები თუ ნებით შეყოლილები.
საკუთარ სხეულს ვჭამთ. ამაზე მეტი რა შეიძლება დაგვემართოს? ის, რასაც ჩვენ უკვე მერამდენედ ვიმეორებთ 1988 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ განსაცდელით თვითტკბობა შეიძლება დაარქვა.
უცხო თვალმა მხოლოდ ასე შეიძლება შეხედოს სიტუაციას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით: "გაგიჟებულან ესენი. აბსოლუტური კლინიკაა. მოდი, ჯერ დამაწყნარებელს გავუკეთებ, მერე დიალოგში შევალ, შემდეგ გავაგებინებ რამეს და ბოლოს სახარებას მივცემ".
ვინაიდან ახლა ორივეს თავის მართლების დისკურსი აქვს, მინდა ვიფიქრო, რომ რაღაცას მიხვდნენ. ფაქტია, რომ ორივე ცდილობს, თავისი საქციელის ამხსნელ მოტივაციებზე ილაპარაკოს.
მაინცდამაინც საკუთარ სხეულზე მესამედ უნდა გამოგვეცადა, რათა მივმხვდარიყავით, რომ რევოლუცია საკუთარ შვილებს ჭამს? ამირანის მითი გაიხსენეთ: მესამედ იქავ მოვედით, გუშინ რომ დავკარ ისარიო. და კიდევ ერთი მითოლოგემა: ბაყბაყდევის თავის მოჭრას მისგან სამ-სამი თავის ამოსვლა მოჰყვა. და თუ თავი არა, ჭიები ძვრებიან: ერთი - შავი, ერთი - თეთრი და  ერთიც - წითელი.
მითოლოგემები ისეთი ტიპის უნივერსალიებია, რომელიც ძალიან ღრმად უნდა გაიზრო. ისინი კი საკუთარ გენეტიკურ ინფორმაციაში, ისტორიულ მეხსიერებაში გვაქვს, მაგრამ არ ვხედავთ. პირადად მე რაღაც ეტაპზე ვხვდებოდი, რა იყო ცუდი და რა - კარგი. ახლა საკუთარ სივრცეში ვეღარ მიპოვია სინათლე, არათუ გარეთ. ერთადერთი, რამაც ახლა შეიძლება ამოხეთქოს, არის ზარი: "რას დავემსგავსე?..." და ეს პათეტიკა არ არის.
ხვალ ზუსტად ის შედეგი გვექნება, რა ინერციასაც დღეს დავდებთ - ისევე, როგორც გუშინ იყო ის, რა ინერციაც მოდიოდა ამ 21 წლის განმავლობაში. ინერცია კი ძალიან დიდი ძალაა.
და კიდევ: ატომური ენერგია სრულიად ნეიტრალური ნაწილაკების - ნეიტრონების ჯაჭვური რეაქციისგან ვითარდება. მან შეიძლება ყველაფერი წალეკოს. დარბევის შემდგომმა მდუმარე აქციამ სწორედ ეს საშიშროება დამანახა.

***

ჩვენ სხეული აღარ გვაქვს. ის, რაც თითქოს ჩანს, მხოლოდ ჩვენი სხეულის ჩრდილებია, რომელიც არაფერს გეუბნება. რაღაც მომენტში კი, შეიძლება, ჩვენივე ჩრდილის შეგვეშინდეს - იმიტომ, რომ ეს არის ჩრდილები... უმზეო სივრცეში.
და კიდევ: ძალიან ნიშანდობლივია, რომ ახალგაზრდებს ამ პროცესების მიმართ მგრძნობელობა არ აქვთ. იმ იდეას კი, რომლის მიმართ ახალგაზრდა უგრძნობელია, მომავალი არ აქვს, არათუ აწმყო.