07 марта, 2011

რესპონდენტი "მიუწვდომელია"...

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
16 თებერვალი, 2009


მიშამ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იცის, მარსიდან ვესაუბრებით თუ ქართული სინამდვილიდან. მაგრამ პირადად ჩემთვის, უკვე, სამწუხაროდ, სულ უფრო ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, რას იტყვის ჩემი ქვეყნის პირველი პირი - სულ ერთია, რომელი ტრიბუნიდან. როდესაც სააკაშვილის რეჟიმის ცვლილების აუცილებლობაზე საუბარი სულ უფრო აქტუალური ხდება, ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, გავიგო, რას გვთავაზობენ მისი პოლიტიკური ოპონენტები. როცა ოპოზიციის ცალკეული ლიდერები მედიის თავისუფლებაზე განსაკუთრებულ აქცენტებს აკეთებენ, ერთგვარ უხერხულობას ქმნის თავად მათი დამოკიდებულება მედიის მიმართ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც, მაგალითად, დავით გამყრელიძის პრესმდივანი ჯერ დაგაიმედებს, რომ "ახლების" ლიდერთან შეხვედრა უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება, დათქმული ვადის ამოწურვის შემდეგ კი მოგიბოდიშებს, რომ ასეთი შეხვედრა შეუძლებელია შედგეს. მოტივი: "მას ურჩევნია, ნაცნობ ჟურნალისტებთან იურთიერთოს".
ირაკლი ალასანიასთან სასაუბროდ შეხვედრის იმედს თავიდან, ასევე, არ გაგიქარწყლებს მისი თანაშემწე. ვფიქრობ, ხომ არ ჯობს, ვიკითხო მის პრესსამსახურში, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს ალასანიასთან საუბრის მსურველი კონკრეტული ჟურნალისტი თუ მედიასაშუალება. საერთოდ, ალბათ ჯობს, გამყრელიძესავით პირდაპირ მაინც თქვა, რა პირობებს აყენებ.
...ლევან გაჩეჩილაძე კი, აღმოჩნდა, რომ ზუსტად იმ მეთოდს ანიჭებს უპირატესობას, რასაც, სხვათა შორის, ირჩევს გიგა ბოკერია. ორივე, უბრალოდ, დუმს.
ბატონებო, თქვენი შერჩევითი მიდგომა, ცხადია, არავითარ შემთხვევაში არ აისახება ჩემი და ჩემი კოლეგების ურთიერთობაზე. თქვენი ამგვარი დამოკიდებულება, სამწუხაროდ, პირდაპირ მიანიშნებს, რომ რაც უნდა ხმამაღლა იძახოთ ლოზუნგები დემოკრატიის თემაზე, მედიისთვის გახსნილი არ ბრძანდებით. სამწუხაროდ, ეს პოზას უფრო ჰგავს. მიხეილ სააკაშვილიც ხშირად ჩნდება ეკრანებთან; იშვიათად, მაგრამ მაინც - ტელეინტერვიუზეც თანხმდება. სამწუხაროდ, არ ვფიქრობ, რომ მიდგომებს შორის პრინციპული განსხვავებაა. გასაგებია, რომ მიშა უნდა წავიდეს, მაგრამ რას აპირებთ მიშას შემდგომ საქართველოში?

Комментариев нет:

Отправить комментарий