05 марта, 2011

ახალი ალიანსი - ახალი ტესტი ქართულ საზოგადოებას

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"

15 დეკემბერი, 2008


"საქართველოში მაინც ქართველი ხალხის არჩევანია მნიშვნელოვანი. თუმცა, როდესაც ამერიკის ადმინისტრაცია ეთანხმება ამ არჩევანს, მაშინ საქართველოში ხელისუფლება იცვლება. და როცა არ ეთანხმება (მაგალითად, ასე მოხდა 5 იანვარს), მაშინ ხელისუფლება ვერ იცვლება. ცხადია, ეს - ნეგატიური ფაქტორი არსებობს. მაგრამ ჩვენ უნდა შევამციროთ გარე ზემოქმედების ხარისხი და უნდა გავზარდოთ ქვეყნის მოსახლეობის არჩევანის წილი, რათა ის განმსაზღვრელი გახდეს", - ამბობს რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი.
"ახალი მემარჯვენეებისა" და რესპუბლიკელების კოალიციამ, არსებული ხელისუფლების რეალურ ალტერნატივად ქცევის მიზნით, ირაკლი ალასანიას პოლიტიკური ლიდერის სტატუსი მიანიჭა. ბერძენიშვილი ამბობს, რომ ასეთი კონფიგურაცია (პოლიტიკური ძალები ალასანიას "ქუდის" ქვეშ) შექმნილმა რეალობამ განაპირობა. ჩამოჰყვება თუ არა საქართველოში რეიტინგებში ლიდერ, ახალი თაობის პოლიტიკოსს ამერიკული ინტერესები? რა შეიცვლება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში? რაც მთავარია, სინამდვილეში, სურს და მზად არის თუ არა ეს პოლიტიკური გაერთიანება იმისთვის, რომ "გარე ზემოქმედების ნეგატიურ ფაქტორს" წინ აღუდგეს? როგორც ჩანს, ქართული საზოგადოების პოლიტიკური კულტურის ხარისხი კიდევ ერთხელ შემოწმდება.
"მთელი კვირას" დავით ბერძენიშვილი ესაუბრება.

- საინტერესოა, მაინცდამაინც ახლა რატომ გადაწყვიტეთ ალიანსის შექმნა რესპუბლიკელებმა და "ახალმა მემარჯვენეებმა". ეს ვადამდელი არჩევნებისთვის სერიოზულ სამზადისს ნიშნავს?
- არჩევნები ჯერ დანიშნული არ არის. ბუნებრივია, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებიც უნდა ჩატარდეს, საპარლამენტოც და, თუ ამის საჭიროება იქნება, საპრეზიდენტო არჩევნებიც.
- მაგრამ სააკაშვილი ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება. თქვენ დასავლეთის იმედი გაქვთ?
- სააკაშვილი შარშან 7 ნოემბრამდეც ამბობდა, არავითარი არჩევნები 2008 წლის გაზაფხულზე (კონსტიტუციურ ვადებში!) არ იქნებაო.
- ახლა თქვენს ბრძოლას ზურგს დასავლეთი უმაგრებს?
- ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებული ვართ ქართველ ხალხზე. გაყალბებულმა საპრეზიდენტო, საპარლამენტო არჩევნებმა და კატასტროფამ აგვისტოში რეალობა შეცვალა. ჩვეულებრივ, როცა ხელისუფლებას მონოპოლიზებული აქვს ელექტრონული საინფორმაციო საშუალებები, ის მოკლე ვადით ახერხებს მოსახლეობის ერთი ნაწილის დარწმუნებას იმაში, რომ ჩვენ ომი არ წაგვიგია. თუ შემოდგომის დასაწყისში, გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით 28% მიიჩნევდა, რომ ჩვენ ომიდან გამარჯვებული გამოვედით, ახლა ეს პროცენტი გაცილებით ნაკლებია. ბუნებრივია, სააკაშვილის ხელისუფლების ოპონენტებს აქვთ მოლოდინი, რომ დაინახონ მისი რეალური ალტერნატივა - როგორც პერსონალური, ისე სტრუქტურული თვალსაზრისით. სრულიად გასაგებია, რომ აგვისტოს შემდეგ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის სოციალური შეკვეთა არსებობს. და სრულიად ნათელია, რომ საქართველოში პრაქტიკულად ყველა რეალური პოლიტიკური ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. ამ აზრს იზიარებს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობაც.
ახალი რეალობა, ბუნებრივია, მოითხოვს ახალ პოლიტიკურ რეალობასაც. ქართული პოლიტიკური სპექტრი მზად უნდა იყოს არსებული სოციალური შეკვეთის შესასრულებლად. რესპუბლიკელებსა და "ახლებს" გვქონდა ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების პერიოდი. პრაქტიკულად, მთელი შემოდგომა ჩვენ დავუთმეთ პოზიციების შეთანხმებას საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოების, თვითმმართველობის, საგადასახადო სისტემისა და სხვა საკითხებში. ძირითადად, შევაჯერეთ ჩვენი პოზიციები და ამის შემდეგ გამოვაცხადეთ ალიანსი. რესპუბლიკელებისა და "ახლების" ალიანსი, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად ცვლის ქართული ოპოზიციის კონფიგურაციას.
ახლა ქვეყანა კრიზისიდან უნდა გამოვიყვანოთ. ამისთვის კი უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გატარდეს საკონსტიტუციო რეფორმა; დავწეროთ ახალი საარჩევნო კოდექსი, შევქმნათ ნორმალური საარჩევნო ადმინისტრაცია და სამართლიანთან მიახლოებული არჩევნები ჩავატაროთ. გაზაფხულამდე ამის მოსწრება შესაძლებელია, თუ იქნება რეალური შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ძალებს შორის - დასავლეთის მედიატორობით და ერთგვარი ზეწოლით.
ბუნებრივია, ჩვენ არ გვინდა და არც ვთხოვთ დასავლეთს, აქამდე სააკაშვილს ეხმარებოდი, ახლა კი ჩემთვის შექმენი სასათბურე პირობებიო. ჩვენ გვინდა, ისინი იმაში დავარწმუნოთ, რასაც თანდათან უჩვენოდაც ხედავენ. საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ შიგნიდან ან მხოლოდ გარედან ზეწოლა ვერ აიძულებს, მიიღოს ნორმალური კანონები (მათ შორის, საარჩევნო კოდექსი). ეს შემხვედრი პროცესი უნდა იყოს.
სააკაშვილი ხედავს, რომ არამარტო ევროპული, და უკვე ამერიკული მედიაც, არამედ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები, საერთაშორისო ორგანიზაციები (ევროსაბჭო, ევროკავშირი, ნატოც) უკვე აღარ არიან მისი უპირობო მხარდამჭერები. მეტიც, სააკაშვილის მიმართ კრიტიკა დღითიდღე იზრდება.
- მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ დასავლეთის ასეთი დამოკიდებულება მასზე რუსული გავლენის შედეგია.
- რუსული ფაქტორი, როგორც ნეგატიური ფაქტორი, არსებობს, მაგრამ არ შეიძლება მისი გაზვიადება. რუსეთი მსოფლიო ეკონომიკის ორ პროცენტს ქმნის, ამ პაწია ორი პროცენტით კი მთელი მსოფლიოს წინაშე რუსეთის შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, არ არის ისეთი, როგორც ამას ჩვენთან სახელისუფლებო მედია წარმოაჩენს. ჩვენი ხელისუფლება და მისი მედია ანგელა მერკელს ლამის "გაზპრომის" თანამშრომლად წარმოაჩენს. ეს ასე არ არის. რუსულმა გაზმა ხელი ვერ შეუშალა ვერც 1997 წელს ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების (ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი) მიღებას ნატო-ში; ვერც ბალტიის სამივე ქვეყნის მიღებას ნატო-ში. არაფერს ვამბობ ევროკავშირში მათ გაწევრიანებაზე. რუსეთზე ენერგეტიკულმა დამოკიდებულებამ ვერ შეაფერხა ბულგარეთის, რუმინეთის შესვლა ნატო-ში. რა თქმა უნდა, რუსეთი ცოტა უფრო მოძლიერდა, ვიდრე 90-იანი წლების მეორე ნახევარში იყო. მაშინ ბუშის ადმინისტრაცია უკიდურესად არაპოპულარული იყო ევროპაში, ამიტომ ევროპული ერთობა ცოტათი დასუსტდა, მაგრამ ევროპა მაინც ევროპაა, ამერიკა კი მაინც ამერიკაა. მით უმეტეს, ობამას ევროპაში 80%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.
- მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ ევროპამ, თქვენი აზრით, რუსეთის მიმართ სიმტკიცე გამოიჩინა თუ სისუსტე?
- შესაძლებლობის ფარგლებში, ის ნორმალურად მოიქცა. ევროპის მხარდაჭერით არ დაუწყია სააკაშვილს სამხედრო ოპერაციები ცხინვალში.
- მაგრამ ის ამბობს, დასავლელ ლიდერებს ვაფრთხილებდიო.
- სააკაშვილს თავი მსოფლიო პოლიტიკის არქიტექტორი ჰგონია და ცდილობს, ჩვენც დაგვაჯეროს ამაში. სააკაშვილს კი არა, შევარდნაძესაც კი ხანდახან რომ წამოსცდებოდა მსგავსი რამ, იმაზე ვკვდებოდით სიცილით. ბუნებრივია, რუსეთს საკუთარ პოლიტიკას ზომაზე მეტად არც ამერიკა და არც ევროპა არ გაატარებინებს.
მნიშვნელოვანია, რომ ევროპა ახლა საქართველოს ხელისუფლების კრიტიკას და საქართველოს მხარდაჭერას გამოხატავს. სააკაშვილი და საქართველო - ასეთი გაყოფა დასავლურ მედიასივრცესა და პოლიტიკურ სივრცეში ჯერ კიდევ 7 ნოემბრიდან დაიწყო, მაგრამ იგი განსაკუთრებით თვალსაჩინო აგვისტოს მოვლენების შემდეგ გახდა. საქართველოს ხელისუფლება და საქართველო ერთი და იგივე იყო ბუშის ადმინისტრაციისთვის; დათვურ სამსახურს უწევდნენ საქართველოს მოძალადე ხელისუფლებას, მაგრამ ახლა ევროპაც და შეერთებული შტატებიც ადასტურებენ, რომ ისინი საქართველოს განიხილავენ, როგორც მათ პარტნიორ ქვეყანას და, ამასთანავე, სერიოზულად დაიწყეს საუბარი ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის აუცილებლობაზე.
- რესპუბლიკელებისა და "ახალი მემარჯვენეების" ალიანსის თემას დავუბრუნდეთ: რესპუბლიკელები რატომღაც არც ადასტურებთ და არც უარყოფთ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირაკლი ალასანია თქვენი ალიანსის პოლიტიკური ლიდერი ხდება. ამაზე ხომ ყველა ლაპარაკობს!
- ჩვენ ვადასტურებთ, რომ ალასანიასთან ვაწარმოებთ კონსულტაციებს. ახლა გეტყვით იმდენს, რამდენსაც ახლა ვთვლი საჭიროდ. სად და როგორ ხედავს თავის ადგილს ირაკლი ალასანია, ეს განცხადება მან უნდა გააკეთოს. მან ასე ჩათვალა საჭიროდ: ქვეყნის გარეთ ილაპარაკოს გაერო-დან მისი წამოსვლის საკითხებზე (და ის ამაზე უკვე ლაპარაკობს). რაც შეეხება პოლიტიკურ მოტივებს და მის პოლიტიკურ განაცხადს, ის სრულიად სამართლიანად მიიჩნევს, რომ ეს მან უნდა გააკეთოს საკუთარ სამშობლოში - საქართველოში დაბრუნების შემდეგ.
- მაგრამ ამასობაში საზოგადოებაში ღრმავდება ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შტატები ალასანიას პრეზიდენტად ამზადებს. ეს უსაფუძვლო ვარაუდია?
- ვერც ერთი ქვეყანა ვერ გადაწყვეტს და ვერ შეძლებს, რომ საქართველოში დანიშნოს პრეზიდენტი. შეიძლება, მან ამა თუ იმ ადამიანს ხელი შეუწყოს არაპირდაპირი გზით ან ხელი შეუშალოს ასევე არაპირდაპირი გზით.
- ისე, როგორც ეს "ვარდების რევოლუციის" დროს მოხდა?
- შტატების მაშინდელი ადმინისტრაცია სულაც არ იყო მოწადინებული, რომ ოპოზიციის გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გამხდარიყო.
- მათ ჟვანიასა და ბურჯანაძის მიმართ ჰქონდათ სიმპათიები. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? მე დასავლეთის გავლენაზე გესაუბრებით.
- ამას ის მნიშვნელობა აქვს, რომ სააკაშვილის მხარდაჭერა, ძირითადად, ქართველი ხალხის არჩევანი იყო. ჩვენმა ბლოკმა ("ნაცმოძრაობა", რესპუბლიკელები, კონსერვატორები) 2 ნოემბრის არჩევნებში ოთხჯერ მეტი ხმა მიიღო, ვიდრე "ბურჯანაძე-დემოკრატებმა". ამერიკისთვის სააკაშვილი სანდო არ იყო და ამიტომ შექმნეს ის სამეული, თორემ 2 ნოემბრამდე არავითარი სამეული არ არსებობდა. ამერიკული ფაქტორი უკვე ნოემბრის მეორე ნახევარში გახდა ფაქტორი, მაგრამ ეს ფაქტორი ემყარებოდა ქართველი ხალხის არჩევანს. ეს არჩევანი კი სააკაშვილს უკავშირდებოდა.
ასე რომ, საქართველოში მაინც ქართველი ხალხის არჩევანია მნიშვნელოვანი. თუმცა, როდესაც ამერიკის ადმინისტრაცია ეთანხმება ამ არჩევანს, მაშინ საქართველოში ხელისუფლება იცვლება. და როცა არ ეთანხმება (მაგალითად, ასე მოხდა 5 იანვარს), მაშინ ხელისუფლება ვერ იცვლება. ცხადია, ეს - ნეგატიური ფაქტორი არსებობს. მაგრამ ჩვენ უნდა შევამციროთ გარე ზემოქმედების ხარისხი და უნდა გავზარდოთ ქვეყნის მოსახლეობის არჩევანის წილი, რათა ის განმსაზღვრელი გახდეს. იმის მიუხედავად, ამერიკელებს თუ ვინმე სხვას მოსწონთ თუ არ მოსწონთ, ქვეყანაში არჩევნების შედეგად გამარჯვებული ძალა უნდა გახდეს ხელისუფალი. მით უმეტეს, ალასანიას არ აქვს ნეგატივი ამერიკელების თვალში.
- და არც ქართული საზოგადოების თვალში. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით არის საინტერესო თქვენი ტაქტიკა: რატომ გადაწყვიტეთ, რომ ალასანია თქვენს სათავეში მოქცეულიყო? არ გამორიცხავთ, რომ ქართული საზოგადოების სპეციფიკური თვისებიდან გამომდინარე, შეიძლება გაჩნდეს მისი გაბელადების საფრთხეც? ხომ შეიძლება, "ახალმა მემარჯვენეებმა" და რესპუბლიკელებმა ამას ხელი შეუწყოთ?
- დღეს ქართული საზოგადოება იმდენად სუსტი არ არის, რომ ერთმა პოპულარულმა ადამიანმა უცებ შეძლოს არჩევნებში გამარჯვება. მეორე მხრივ, მხოლოდ მისაღები, სიმპათიური, ასატანი, გამოცდილი პოლიტიკური ჯგუფების (ამ შემთხვევაში - რესპუბლიკელები და "ახალი მემარჯვენეები") არსებობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ხალხმა მასში სააკაშვილის ხელისუფლების ალტერნატივა დაინახოს. დღეს ასეთი ვითარებაა: თუ არის კონკრეტული პიროვნება, მას შესაბამისი საორგანიზაციო, იდეოლოგიური, ინტელექტუალური, ფინანსური, პოლიტიკური შემადგენელი უნდა აძლიერებდეს. მეორე მხრივ კი, პოლიტიკური ჯგუფები, თვით ახალი გადაჯგუფებითაც, ვერ ხდება ისეთი ალტერნატივა, რომ ამ ხელისუფლებაზე გაიმარჯვოს. ანუ, ვითარება ამ თვალსაზრისით არც ძალიან ცუდია და არც საუკეთესო.
- თქვენ არ გეყოთ შიდა რესურსი და დაგჭირდათ ალასანია?
- 2008 წლის ივლისში ჩატარებული კვლევებით ალასანიას ნდობის რეიტინგი მნიშვნელოვნად მაღალია, შემოდგომაზე ჩატარებული კვლევებით კი მისი სახელისუფლებო რეიტინგი არის ერთადერთი კონკურენტუნარიანი მიხეილ სააკაშვილთან. ალბათ ძალიან ნანობს სააკაშვილი, პირდაპირ ეთერში რომ უჩვენებდა ალასანიას გამოსვლებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
- როგორც ჩანს, თქვენ ემზადებით ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც. პოლიტიკური ლიდერის გაპრეზიდენტებაზე არ ფიქრობთ?
- ჩვენ ვამჯობინებთ, რომ ჯერ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. მისმა შედეგმა განსაზღვროს, ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნები გვინდა თუ არა საერთოდ.
ვფიქრობ, რომ ალასანიას გაბელადება მოსალოდნელი არ არის - იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თვისობრივად სხვა ტიპის კოალიციაა. ჩვენ არ ვლაპარაკობთ მხოლოდ "ახლებისა" და რესპუბლიკელების ალიანსისა და ირაკლი ალასანიას ერთგვარ პოლიტიკურ სამკუთხედზე. ჩვენ ახალი კონფიგურაციით, რეალური, ძლიერი პოლიტიკური კოალიციის ჩამოყალიბებაზე ვსაუბრობთ, სადაც ირაკლი ალასანიას ფაქტორი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. იანვრის მეორე ნახევრისთვის ჩვენი კოალიციის საბოლოო კონტურები მოიხაზება.
- სოზარ სუბარი მოდის თქვენთან?
- არ ვიცი. ის ძალიან კარგი სახალხო დამცველია. ჩვენ არ მოვითხოვთ მისგან, რომ დატოვოს სახალხო დამცველის პოსტი და ჩვენთან შემოვიდეს, მაგრამ, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ მასთან ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ. მე მაინც ვფიქრობ, რომ ის უნდა იყოს სახალხო დამცველი.
- ამას წინათ დავით გამყრელიძემ აღნიშნა, ბურჯანაძემ საპრეზიდენტო ამბიციები უნდა მოთოკოსო. სხვა შემთხვევაში, როგორც ჩანს, თქვენი ალიანსი უარს არ იტყვის მის შემოსვლაზე. თქვენ აღარ გაქვთ კითხვები ბურჯანაძის მიმართ?
- მე მის მიმართ კითხვები არასდროს მქონია - იმიტომ, რომ პასუხები ისედაც არსებობს: 7 ნოემბერზე, ვალერი გელაშვილის პარლამენტიდან უკანონო გაგდებაზე, წყნეთის აგარაკსა და უამრავ სხვა კითხვაზე.
ჩვენს ალიანსში ბურჯანაძის შესაძლო ყოფნასთან დაკავშირებით შეთავაზება ჩვენი მხრიდან არ ყოფილა. არც ბურჯანაძის მხრიდან გადმოდგმულა რაიმე ნაბიჯი ამ მიზნით. ის აშენებს თავის პარტიას, ჰყავს თავისი ამომრჩეველი, აქვს თავისი მიზნები და გეგმები.
- ბოლოდროინდელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით თქვენი დამოკიდებულება როგორია?
- დავით სიხარულიძის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას საზოგადოებაში ზომიერი კეთილგანწყობით შეხვდნენ, ან - ნეიტრალური დამოკიდებულებით, მაგრამ ბაჩო ახალაიას დანიშვნა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ... ამას ხომ არავინ მიესალმება - არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ! სააკაშვილი მორყეულ სკამს იმყარებს და სანდო ადამიანებით ოპერირებს. მას თავდაცვის სამინისტროში სჭირდება ერთგული ადამიანი, რომელიც, თუ სააკაშვილი ბრძანებას გასცემს, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ჯგუფებს გამოიყენებს საშინაო პრობლემებისაგან თავის დასაღწევად. აბა, რას ნიშნავს ბაჩო ახალაია ჯარში?!
ნიკა რურუა და ლაშა ჟვანია მაშინ დაიბარეს და გამოუცხადეს, მინისტრები ხართო, როცა ხაშის საჭმელად თუ გამოდიან ქუჩაში. შესაძლოა, ისინი მოაშორეს იმ სფეროებს, სადაც უფრო მყარად გრძნობდნენ თავს. კულტურის სამინისტრო უზარმაზარი სტრუქტურაა, მაგრამ იქ რურუას გაშვება, ვფიქრობ, იმ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რომ წინა დღეებში მისი მეგობრები - "სილქ როუდ ჯგუფის" ხელმძღვანელები დააპატიმრეს. ვფიქრობ, რომ ის მოაშორეს თავდაცვის სფეროს. აღარ იქნება ნდობის ჯგუფის წევრი. გასაშვები თუ იქნება, პარლამენტში აღარ არის და ამდენად, უფრო გაადვილდება მისი გაშვება.
ლაშა ჟვანიას გამინისტრება ფორმალურადაც კი არ არის დაწინაურება. შესაძლოა, ეს ცვლილება მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდებოდა: მან თქვა, 7 ნოემბერი შეცდომა იყოო... და მაშინ მე ელჩი ვიყავიო... ალასანია ძალიან კარგი ელჩი იყო გაერო-ში და ასეთი ელჩი იქ, სამწუხაროდ, არ გვეყოლებაო... შესაძლოა, ისიც გადაიყვანეს იმ ადგილას, საიდანაც ძალიან ადვილია ცვლილება. არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ თვითონ ჩათვალა საჭიროდ დისტანცირება.
ვაშაძის დაბრუნება, ვფიქრობ, არის იმიტაცია რუსებისთვის: "თქვენი უწყების გამოზრდილი კაცი მინისტრად დავნიშნე". პარალელურად კი, ეს არის გზავნილი ამერიკელებისთვის: "თუ ძალიან მომაწვებით დემოკრატიის ნაკლებობის გამო, მე ვქმნი ისეთ პირობებს, რომ რუსეთთან ლაპარაკის შემძლე ადამიანები იყვნენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის სათავეში". თუმცა, ლოგიკის დანახვა სააკაშვილი ქმედებებში ძალიან რთულია:
ირაკლი ალასანიას განცხადებას დილით - თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, საღამოს მოჰყვა ორი მინისტრის თანამდებობებიდან გათავისუფლება. საღამოს რესპუბლიკელებმა და "ახალმა მემარჯვენეებმა" ალიანსი გამოაცხადეს, მეორე დილით კი, კიდევ სამი მინისტრი გაუშვეს. ნოდიას გათავისუფლებით კი ჩვენ გავიგეთ ყალბი ეგზიტპოლების ფასი: სააკაშვილმა ეგზიტპოლები დააფასა, როგორც ექვსთვიანი მინისტრობა.
ერთი საინტერესო სიახლეც არის: ახალ სამინისტროს ქმნიან, რეგიონული სფეროსთვის. ანუ, მეექვსე მინისტრი უნდა გაჩნდეს. ამით სააკაშვილმა შექმნა იმის აუცილებლობა, რომ პარლამენტს წარუდგინოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. თვე-ნახევრის წინ წარადგინა პრემიერ-მინისტრი!
- თქვენ აკრიტიკებთ სამთავრობო ცვლილებებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ალტერნატიულ მთავრობასთნ დაკავშირებით არ იზიარებთ?
- ჩვენი ამოცანა არ არის, გავინაწილოთ პოსტები მითიურ ოპოზიციურ მთავრობაში. ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ რეალური დემოკრატიული ალტერნატივა.

Комментариев нет:

Отправить комментарий