16 марта, 2011

"ახლა კი სიტყვა ეძლევა"...

"რეზონანსი"
29 აპრილი, 2009

რას იმახსოვრებთ მიტინგებიდან?
ვიცით, რომ "მიტინგი არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება შედგეს აზროვნების აქტი", მაგრამ - მაინც (ბოლოს და ბოლოს, "პირდაპირი დემოკრატიის" გზას საქართველოში, ჯერჯერობით, ალტერნატივა არ აქვს):
ბოლო დროს მიტინგების ტრიბუნებთან მდგომი პოლიტიკური ლიდერებისგან რაღაც ისეთს მოისმენ, რამაც შეიძლება ხელისუფლების მიმართ პროტესტი კი არ გაგიძლიეროს, არამედ თავად ოპოზიციის შესაძლებლობების მიმართ გაგიჩინოს სერიოზული ეჭვები. ოპოზიციის ცალკეული ლიდერები მათი კოლეგების მიერ მიტინგებზე გაკეთებულ ერთგვარად დამაფიქრებელ განაცხადებს, რასაკვირველია, გამართლებას უძებნიან: "ეს მიტინგის თანმხლები მომენტია"; "ამას ხალხის სტიქია განაპირობებს", "ასე იცის ძლიერმა ემოციურმა ფონმა"...
ქართული ოპოზიცია ამაყობს, რომ საქართველოში მიტინგებზე გამოსული ადამიანები არ ძალადობენ. და რადგან ასეა, მაშინ რა საფუძველი აქვს, მაგალითად, ლევან გაჩეჩილაძეს, ხელისუფლების მხრიდან "ბიჭობის" გამოჩენას ელოდებოდეს? რატომ იმუქრება ლამის მსოფლიოში სახელგანთქმული საკნიდან "უცნობი", თუ სისხლი უნდათ, სისხლს მიიღებენო? ეს მიტინგის თანმხლები ლექსიკაა? ვინ უნდა გამოუცხადოს ნდობა, პატივცემულო ოპოზიციონერებო, თქვენ მიერ ინიცირებულ პასუხისმგებლობის ქარტიას? საინტერესოა, მაშინ, როდესაც ოპოზიციური ძალები მოქმედების გეგმებს ერთმანეთთან ათანხმებენ, ვინმე, საღად მოაზროვნე კოლეგა, ეუბნება თუ არა თანამებრძოლს, რომ ასეთი განცხადებები ძალიან ახლოს დგას ხალხის მიერ დაგმობილ ხელისუფლების რიტორიკასთან. საპროტესტო აქციების მართვაზე პასუხისმგებლობის აღება, ალბათ, არ ნიშნავს მხოლოდ ხალხის მობილიზებას. რეგიონებიდან თქვენი მხარდამჭერების ჩამოყვანა აუცილებელი რომ არ გამხდარიყო და აქ თუნდაც ასი კაცის წინაშე გამოდიოდეთ, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის სულაც არ არის უმნიშვნელო, რას იტყვის თითოეული თქვენგანი. მით უფრო, რომ თავადაც სიამაყით ამბობთ, რომ ამ მიტინგებზე საკმაოდ მაღალი ცენზის მქონე ადამიანები მოდიან. ისინი კი, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, სიტყვას ზუსტად იმ მნიშვნელობას ანიჭებენ, რაც მას აქვს. ცოტა ხნის წინ სწორედ თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა, ფეხდაფეხ მისდიოთ სააკაშვილს (თუ სააკაშვილის რეჟიმს, ეს მომავალში გამოჩნდება) და ამ ქვეყანაში სამართლიანობა დაამკვიდროთ.
ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა მითხრა, მიტინგს ერთგვარი ეიფორია ყოველთვის ახლავს და ნუ გაგიკვირდებათ ასეთი განცხადებები; მთავარია, ხალხმა მათი გამოსვლები, მათი ქმედებები კარგად დაიმახსოვროს და არჩევნებზე არჩევანი ამის მიხედვითაც გააკეთოსო. მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ არჩევნებამდე ურთულესი გზაა გასავლელი. ამიტომ, მიტინგზე მოსული ხალხის რაოდენობით თუ აღფრთოვანდებით, მათ მაინცდამაინც ძალადობის ასოციაციების აღმძვრელ სიტყვებს ნუ ჩაუწვეთებთ. და, საქართველო საკრალური ქვეყანააო (კონსტანტინე გამსახურდია), ასეთი განაცხადებაც ცოტა მოძველებული ხომ არ არის? თუ სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენს მიტინგებზე უნდა ითქვას?! აღარაფერს ვამბობ უკვე ათასგზის განხილულ გია მაისაშვილის "მოწოდებაზე". მხოლოდ იმაზე შევჩერდები, რაც, ჩემი აზრით, ნიშანდობლივი იყო "მაისაშვილის კონტექსტში": ამ გამოსვლის გამო სტუდენტ შოთა ადამაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ქ-ნმა სალომე ზურაბიშვილმა "პატარა პროვოკაცია" უწოდა.
* * *
როგორც ჩანს, სულაც არ არის ადვილი პროტესტის ტალღის მართვა, რა მასშტაბის მქონეც უნდა იყოს იგი. მაგრამ, თუ შეიძლება, ნუ შემოგვთავაზებთ თქვენი სამოქმედო გეგმის ნაწილად, მაგალითად, იმას, რომ მერიის მიმართ პროტესტის ნიშნად არ გადავიხადოთ გადასახადი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის უზრუნველყოფისთვის. და საერთოდ, კარგი იქნება, თუკი მიხეილ სააკაშვილის "ექსკლუზივი" - "გაფარჩაკებული" - ისევ პოპულარულ სიტყვად არ იქცევა საქართველოში.

Комментариев нет:

Отправить комментарий