07 апреля, 2011

პაატა ზაქარეიშვილი: “ირანის მიმართ პრევენციული ზომების მიღებამაც კი შეიძლება შეუქცევადი შედეგი მოიტანოს“

„ახალ 7 დღე“
1 ივლისი, 2010

"არ არის გამორიცხული, ირანთან და გაზსადენთან დაკავშირებული თემებით სააკაშვილი ცვლიდეს ვექტორს რუსეთის სასარგებლოდ. არც ის არის გამორიცხული, რომ იგი ასე ობამას ადმინისტრაციის დაშანტაჟების მიზნით იქცეოდეს.

ალბათ, ჯობდა, დასავლეთი ირანის ბირთვული იარაღის შექმნასა და მისი კონტროლის პროცესში ჩართულიყო, ვიდრე ირანმა შექმნას ბირთვული იარაღი დასავლეთის გარეშე და არ ჰქონდეს ინტერესი მისი კონტროლისა“, - აცხადებს „ახალ 7 დღესთან“ საუბრისას ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი.

- ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ირანის ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის რაზმები და ტექნიკა კასპიის ზღვის რეგიონშია კონცენტრირებული; აშშ-ისა და ისრაელის ძალები კონცენტრირებულია აზერბაიჯანის საჰაერო ბაზებზე და ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის მისატანად მზად არიან. თქვენი დაკვირვებით, როგორი ვითარება იქმნება ირანის პრობლემასთან დაკავშირებით?
- ჯერჯერობით ირანში ბირთვული იარაღი არ არის. მაგრამ ვფიქრობ, რომ იგი დროს წელავს ასეთი იარაღის შექმნამდე. თუკი ირანი ამას მიაღწევს, მსოფლიოში ახალი ვითარება შეიქმნება: ირანი ანგარიშგასაწევი ძალა გახდება. ახლა კი იგი გარიყულია.
- თუკი ირანში ბირთვული იარაღი არ არის, რატომ აცხადებს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, რომ ამ ქვეყნის მიმართ საჭიროა პრევენციული ზომების მიღება?
- პრევენციულ ზომებში იგულისხმება საჰაერო, ზუსტი დარტყმები იმ ობიექტებზე, სადაც შესაძლებელია, ბირთვული იარაღის კომპონენტები მზადდებოდეს. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ასეთი ზომები იქნება გამოყენებული - იმიტომ, რომ ეს შეუქცევადი პროცესების პროვოცირებას მოახდენს. ირანს საკმარისი ძალა აქვს (არა ბირთვული), რითაც შეუძლია, ასეთ პრევენციულ ზომებს უპასუხოს.
თუკი ასეთი ზომები მაინც განხორციელდება, პირველ დარტყმას ისრაელი მიიღებს - ირანიდან. და ირანს შეიძლება მხარი დაუჭიროს ბევრმა ისლამურმა სახელმწიფომ.
ამ კონტექსტში უნდა გავითვალისწინოთ თურქეთის ფაქტორი - მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა მას კარი ჩაურაზა, თურქეთმა მიმართულება აღმოსავლეთისკენ აიღო. ახლა თურქეთს განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა ისრაელთან აქვს. მანამდე კი ისრაელის ყველაზე ახლო პარტნიორი იყო ისლამურ სახელმწიფოებს შორის. თურქეთი ისლამური სამყაროს ლიდერი ხდება. იგი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე სანდო მოკავშირეა, განსაკუთრებით - ახლო აღმოსავლეთში. ამ ფონზე ისრაელი, ასე ვთქვათ, ბედის ანაბრად რჩება.
ბოლო დროს თურქეთი სირიასთან საერთო ენას პოულობს. თურქეთი-სირია-ირანის ღერძი კი, შეიძლება, რუსეთმა გაამყაროს. იგი ასეთ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს. და ეს იქნება ალიანსი - რუსულ-ისლამური ნარევი - რომელიც მსოფლიოსთვის ანგარიშგასაწევი ძალა გახდება.
- და, ამავე დროს, საფრთხის შემცველი?
- არა მგონია, რომ ეს შეიძლება, საფრთხის შემცველი იყოს. ომი არავის აძლევს ხელს. თურქეთი ამერიკას არ განუდგება, მაგრამ არც მისი კარნახით იმოქმედებს. მას თავისი ამბიციები უჩნდება. თუკი აქამდე თურქეთს ამერიკა მფარველობდა, ახლა მას მფარველობა აღარ სჭირდება. ამ ფონზე, ვეჭვობ, რომ, ირანზე პრევენციული დარტყმა (რაც ტექნიკურად შესაძლებელია) პოლიტიკურად მომგებიანი იყოს. თუკი ბოთლიდან ირანის ჯინს გამოვუშვებთ, შემდეგ მისი უკან ჩაშვება გვიან იქნება.
აუცილებელი არ არის, ირანზე დარტყმას სამხედრო ხასიათი ჰქონდეს. შეიძლება, ეს იყოს ეკონომიკური სანქციები; მთელმა ისლამურმა სამყარომ ირანს გამოუცხადოს სოლიდარობა და ისრაელი რეგიონში გარკვეულ იზოლაციაში აღმოჩნდეს. შეიძლება, დაიწყოს ტერაქტები, ისლამურ სამყაროში მცხოვრები ებრაელების შევიწროება. გაიხსენეთ, როგორი მასშტაბის ექსცესები მოჰყვა დანიაში გამოქვეყნებულ მუჰამედის კარიკატურებს და, ირანს რომ დაარტყამენ, ამის შემდეგ როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს?
- ზემოთ მოხმობილ გავრცელებულ ინფორმაციას - ვგულისხმობ შტატებისა და ისრაელის სამხედრო ძალების ირანის მიმართულებით გეზის აღებას - თქვენი დაკვირვებით, რამე სარწმუნო ნიშნები არ აქვს?
- შეიძლება, ირანი რაღაც ღონისძიებებს ახორციელებს კიდეც, მაგრამ არა მგონია, რომ აზერბაიჯანში ამერიკისა და ისრაელის სამხედრო ძალებია განლაგებული. შეიძლება, იქ ამერიკის ან ისრაელის სპეცსამსახურები მუშაობენ, მაგრამ ეს არ მოხდება რუსეთის საქმის კურსში ჩაყენების გარეშე.
ამერიკას ერაყში პრობლემები აქვს. ირანი კი ერაყს მასშტაბით მნიშვნელოვნად აღემატება როგორც ტერიტორიით, ისე მოსახლეობის რაოდენობით. ამიტომ, ვფიქრობ, სამხედრო დაპირისპირებას ყველა გამორიცხავს. პრევენციული ზომების მიღებამაც კი შეიძლება შეუქცევადი შედეგი მოიტანოს. ირანი კი ჯიუტად მიდის ბირთვული იარაღისკენ. მას აქეთ გზა, პრაქტიკულად, გახსნილი აქვს.
- იმის თქმა გსურთ, რომ პროვოცირებას დასავლეთი ახდენს?
- ალბათ, ჯობდა, დასავლეთი ირანის ბირთვული იარაღის შექმნასა და მისი კონტროლის პროცესში ჩართულიყო, ვიდრე ირანმა შექმნას ბირთვული იარაღი დასავლეთის გარეშე და არ ჰქონდეს ინტერესი მისი კონტროლისა. ბრაზილიამ და თურქეთმა გამოსავალი მოძებნეს და ირანსა და მსოფლიოს ურანის გამდიდრების თავისი სქემა შესთავაზეს. გაეროს უშიშროების საბჭომ კი ეს შეთავაზება არ მიიღო. ამის შემდეგ დაიწყო თურქეთ-ისრაელის ურთიერთობაში დაძაბულობა. რუსეთი ჩუმადაა, ვინაიდან პროცესის ნებისმიერი სახით განვითარების შემთხვევაში იგი სარგებელს ნახავს: რეგიონთან ახლოს არის.
პროცესი ვითარდება ირანის სასარგებლოდაც. ირანის მოსახლეობაში მობილიზაცია ხდება; იქმნება მტრის ხატი.
რაც შეეხება თურქეთს: იგი იმატებს ქულებს ისლამურ სამყაროში და მისი ლიდერი ხდება. არადა, ისლამური სამყაროს ლიდერი შეიძლებოდა ყოფილიყო რომელიმე არაბული სახელმწიფო (დიდი სახელმწიფოები - მაგალითად, საუდის არაბეთი ან ეგვიპტე), მაგრამ აღმოჩნდა, რომ სემიტური ჯგუფი კი არ ხდება ისლამური სამყაროს ლიდერი, არამედ თურქმენული. ახლა თურქეთი „აწყვეტილია“ და მისი გაჩერება ძალზე ძნელია. ერთადერთი ვარიანტი, რომელმაც შეიძლება იგი გააჩეროს, შესაძლოა, აღმოჩნდეს ევროკავშირის გადაწყვეტილება - დაიწყოს გრძელვადიანი მოლაპარაკება თურქეთთან - ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. ეს იქნებოდა ერთადერთი რეალური ნაბიჯი იმისთვის, რომ თურქეთ-რუსეთის ღერძის შექმნა არ იქნას დაშვებული.
- გავრცელდა ცნობა იმის თაობაზეც, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელმა საქართველოს გავლით აზერბაიჯანში გადაიტანა საკუთარი ბომბდამშენები. მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლება აღრმავებს კონტაქტებს ირანთან და უვიზო რეჟიმის შემოღებაზეც კი საუბრობს. როგორ აფასებთ საქართველოს როლს ირანის საკითხის მოგვარებაში?
- საქართველო ირანის საკითხში აბსოლუტურად არანაირ როლს არ თამაშობს. საქართველოს ირანის მიმართულებით გადახრა, შეიძლება, ამერიკის შიდა პოლიტიკის ნაწილი იყოს. როცა ამერიკის ხელისუფლებაში რესპუბლიკელები იყვნენ, რესპუბლიკური პარტიის ყველაზე რადიკალური ფრთის - ნეოკონსერვატორების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო ისლამი: მისი სახით მტრის ხატის შექმნა; ირანი კი მასში ცენტრალურ ადგილს იკავებდა.
ბუშის ჟანდარმის პოლიტიკის ობამას თანამშრომლობის პოლიტიკით ჩანაცვლების შემდეგ მოულოდნელად საქართველო იწყებს ირანთან მჭიდრო კონტაქტის დამყარებას. სააკაშვილი ახლა მოხუცი კაცის ჭირვეული ახალგაზრდა საყვარელივით იქცევა, რომელიც ამ კაცს მუდმივად აეჭვიანებს. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი ჯერ კიდევ ჭიპით არის მიბმული ნეოკონსერვატორებთან - მაკკეინთან, ჩეინისთან. მიმაჩნია, რომ გარკვეულწილად, ამერიკიდან, კონკრეტულად - ნეოკონსერვატორების მხრიდან ხდება წაქეზება: „დაიძარი ირანისკენ, და ჩვენ აქ ობამას დავარტყამთ - საქართველოს სახით მოკავშირის დაკარგვის გამო“. ასე რომ, ვფიქრობ, სააკაშვილი ირანთან დაახლოებით მხოლოდ ამერიკის შიდა პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობს.
- თუ ასეა, საქართველოს ირანთან დაახლოება არ შეიძლება, აისახოს შტატებისა და საქართველოს ურთიერთობაზე?
- არა. ეს მხოლოდ ამერიკის დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს შორის ურთიერთობებზე აისახება.
ამერიკული თამაშის ფონზე გამორიცხული არ არის, რომ ჩვენ ამ თამაშის ნაწილად ვაქციოთ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე გაზსადენის გაყიდვაც. როგორც ცნობილია, სწორედ ამერიკის მთავრობამ პრინციპულად მოგვთხოვა, გაზსადენი არ გაყიდულიყო, ვინაიდან იგი არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი საქართველოს ტერიტორიაზე. ახლა საქართველოს ხელისუფლების მიერ ირანთან მჭიდრო კავშირების დამყარებასთან ერთად გაზსადენის გაყიდვაზე დაწყებული მინიშნებები მაფიქრებინებს, რომ ესეც ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის გასაღიზიანებლად კეთდება. უარეს შემთხვევაში კი, სულაც არ არის გამორიცხული, ირანთან და გაზსადენთან დაკავშირებული თემებით სააკაშვილი ცვლიდეს ვექტორს რუსეთის სასარგებლოდ. თუმცა, მაინც იმედი მაქვს, რომ ეს ამერიკის ადმინისტრაციის დასაშანტაჟებლად ხდება.
- საქართველოსა და ირანს შორის უვიზო რეჟიმის გახსნამ, თქვენი აზრით, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს?
- ირანთან უვიზო რეჟიმის გახსნა, თავისთავად, ტრაგედია არ არის. პრობლემა სავიზო რეჟიმი კი არა, საქართველოში აჰმადინეჯადის მოწვევაა. როგორც ჩანს, ირანთან უვიზო რეჟიმის გახსნა გადაწყდა მას შემდეგ, რაც საქართველო დარწმუნდა, რომ ჩვენ არ გვექნება შემსუბუქებული სავიზო რეჟიმი ევროკავშირთან. ევროკავშირმა უკვე მოგვცა ის, რისი მოცემაც შეეძლო და არ მოგვცა ის, რის მოცემასაც ჩვენ ველოდით. მან კატეგორიული უარი გვითხრა უვიზო რეჟიმზე. და ეს ბუნებრივიც იყო.
თუკი ევროკავშირის ამ უარის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების საფუძველი ირანთან ეკონომიკური კავშირების ქონაა, მაშინ მე ვამართლებ ამ გადაწყვეტილებას.
- და, თუკი რეალური საფუძველი ეს არ არის?
- ლოგიკურად ასე ჩანს. სომხეთში ხშირად ჩავდივარ და გაოგნებული ვარ ირანელი ტურისტების რაოდენობით. თუ გავითვალისწინებთ, რომ სააკაშვილს ახირებები აქვს კურორტებთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, ის მიიჩნევს, რომ ირანელი ტურისტების დიდი ნაწილი აჭარაში დაისვენებს. ამას მეც მივესალმები. ჩადრიანი ქალი ერევანში, პრაქტიკულად, არ მინახავს. ირანელებსაც სურთ, ჩაიცვან ისე, როგორც უნდათ და არა ისე, როგორც მიღებულია. ძალიან ბევრი უპირატესობა გვექნება, თუკი ჩვენ ვხდებით ირანისთვის უკიდურესი დასავლური სამყაროს ნაწილი. თუკი დასავლეთის კარი დაკეტილი გვაქვს, მაშინ კარი უნდა გავუხსნათ ირანს, როგორც დასავლეთმა.
- ირანს, როგორც დასავლეთმა?
- დიახ. თუკი ჩვენ ირანს დასავლეთს ვთავაზობთ, ამას მივესალმები. მაგრამ თუკი ეს მხოლოდ თამაშია ამერიკის შიდა პოლიტიკაში, მაშინ ეს, რა თქმა უნდა, ავანტიურიზმია.
- სხვათა შორის, ამ დღეებში საქართველოს ხელისუფლება ხაზგასმით აღნიშნავს და მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევს იმას, რომ პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელშიც წერია, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა. თქვენ რა მნიშვნელობას ანიჭებთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის კონტექსტში შტატების დიპლომატიურ ლექსიკონში ამგვარ ცვლილებას?
- ეს მხოლოდ ხურდაა, ჩვენთვის გადმოგდებული. უცნაური რამ ხდება: დასავლეთი ყოველთვის ადანაშაულებდა რუსეთს ქვეყანაში დემოკრატიის არარსებობის გამო. ახლა კი ამის გამო მას აღარ საყვედურობენ. და რუსეთიც სიამოვნებით ითმენს მხოლოდ საქართველოს გამო მის კრიტიკას. თამაშის ეს წესი ყველას მოსწონს.
მიმდინარე წელს ობამამ სიტყვა „ოკუპაცია“ ერთხელ ახსენა. და გაგვიხარდა. მომავალ წელს ორჯერ ახსენებს. ასი წლის შემდეგ, უკვე სხვა ობამა ასჯერ ახსენებს. და ბედნიერები ვიქნებით. ასეთ საქციელი უკვე შეაფასა ილია ჭავჭავაძემ: „გულის ფხანა ქეცმა იცის“.
- აფხაზეთი ჟენევის მოლაპარაკებების პროცესს გაემიჯნა. რა მნიშვნელობას ანიჭებთ დეფაქტო ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას?
- აფხაზეთი ამით საქართველოს აშანტაჟებს – რუსეთის მხარდაჭერით, რა თქმა უნდა. ვინ არიან ჟენევის მოლაპარაკების პროცესში მონაწილე მხარეები? ქართველი პოლიტიკოსი მოკვდება და არავითარ შემთხვევაში არ ახსენებს კონფლიქტის მხარეებად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. ასეთად ის მხოლოდ რუსეთს განიხილავს. და, როდესაც აფხაზები ჟენევის პროცესს გაემიჯნენ, საქართველოში ხმაური ატყდა – აფხაზები გადიანო. როგორ გადიან, თუკი იქ არ იყვნენ? ახლა... რუსეთს ველაპარაკოთ!.. ეს ჩვენი ავანტიურისტული პოლიტიკის შედეგია.
- რამდენიმე დღეში თბილისში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი - ჰილარი კლინტონი ჩამოვა. ამ ვიზიტს რა მნიშვნელობა შეიძლება მივანიჭოთ?
- კლინტონი არ ჩამოდის მხოლოდ საქართველოში. შტატების ადმინისტრაციისთვის საქართველოს რიგი ახლა დადგა - პოლონეთთან, უკრაინასთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან ერთად. შეგახსენებთ: ბაიდენის საქართველოში ჩამოსვლა ობამას მოსკოვში ვიზიტს უკავშირდებოდა, კლინტონი კი ჩამოდის ობამა-მედვედევის შეხვედრის შემდეგ. ვფიქრობ, ეს ვიზიტი უფრო საინფორმაციო-პოლიტიკური ხასიათის იქნება. მას საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება. ვიზიტის პროტოკოლის მიხედვით ჩანს, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია საქართველოსა და სომხეთს ერთ ჭრილში განიხილავს: აშშ-ს ჩვენთან კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა ურჩევნია.
გაიხსენეთ: როდესაც საქართველოში პრეზიდენტი ბუში ჩამოვიდა, ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი პროტოკოლი იყო: ის ჩავიდა ლიტვაში, შემდეგ - მოსკოვში, ბოლოს კი - თბილისში. პირველი და ბოლო შეხვედრები პროამერიკული კონტექსტის შემცველი იყო, მოსკოვისა კი - სავალდებულო შეხვედრა, რომელიც 9 მაისის აღსანიშნავ ზეიმს უკავშირდებოდა. კლინტონი ასე არ იქცევა. ის ყველასთან ჩამოდის. ბუნებრივია, ეს შეხვედრა კარგია, მაგრამ განსაკუთრებულს არაფერს უნდა ველოდოთ. რა მივიღეთ ბაიდენის ჩამოსვლიდან? სააკაშვილმა დემოკრატიის მეორე ტალღა გამოაცხადა. იქნებ, ახლა დემოკრატიის მესამე ტალღა გამოაცხადოს...

Комментариев нет:

Отправить комментарий