06 апреля, 2011

სოსო ცისკარიშვილი: "ხელისუფლებას სურს, საპროტესტო ელექტორატი შინ დარჩეს"

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
24 მაისი, 2010


"როცა პოლიტიკოსი ციდან ვარდება; როცა მისი საარჩევნო პიარკამპანია წარმოებულია იგივე კომპანიის მიერ, ვინც ასეთ მომსახურებას უწევს "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქრისტიან-დემოკრატებს", ეჭვის საფუძველი ლოგიკურად ჩნდება.
ვიდრე ქვეყანაში პოლიტიკის უპირველესი ინტერესი არის ბიზნესი, და ვიდრე პოლიტიკაა ის გზა, რომელიც შეიძლება მხოლოდ ცალკეულ პირთა კეთილდღეობისკენ მიდიოდეს, ღირსეულ ერად ვეღარ ჩამოვყალიბდებით", - "მთელ კვირას" ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ესაუბრება.

- წინასაარჩევნო ფონი ცალსახად გვაფიქრებინებს, რომ არჩევნების დღით არ დამთავრდება დაპირისპირება - ერთი მხრივ, ოპოზიციისა - მმართველ პარტიასთან, მეორე მხრივ კი, თავად ოპოზიციურ პარტიებს შორის. არჩევნების შემდეგ დაიწყება მტყუან-მართლის გარჩევა. არ მგონია, არჩევნებმა სურვილი გაუჩინოს რომელიმე მასში ჩართულ ძალას, საკუთარი შეცდომა აღიაროს. ხოლო, თუკი პოლიტიკური ძალა თვითკრიტიკული არ არის (არ ვამბობ, რომ თვითკრიტიკა მაინცდამაინც ყოველთვის საჯარო უნდა იყოს), წარმატების მიღწევა ძალიან გაჭირდება.
ჩემი აზრით, ადგილობრივი არჩევნების გაყალბებისთვის საზოგადოების მხრიდან წინასწარი შეგუების ხარისხი უფრო მაღალია, ვიდრე მზაობა ასეთი ქმედებების გამო სერიოზული პროტესტის გამოხატვისთვის.
არჩევნების გაყალბების ცენტრი ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან საჯარო რეესტრშია გადატანილი. ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო სიებში ათეულ ათასობით ყალბი ამომრჩეველი აღმოაჩინეს, ამ გაყალბებების ავტორები კი ასეთ დანაშაულს "უზუსტობას" უწოდებენ. პრაქტიკულად, წყალში გადაყრილი აღმოჩნდა ოპოზიციური პარტიებისთვის ასეთი "უზუსტობების" აღმოსაჩენად გამოყოფილი მილიონი. სწორედ ასეთი "უზუსტობის" შედეგად, ასეულობით ამომრჩეველი პატარა ბაპტისტურ ეკლესიაში აღმოჩნდა რეგისტრირებული; გაცილებით პატარა მაღაზიაში რეგისტრირებულია შვიდი ათეული ამომრჩეველი; ასეთი "ამომრჩევლები" გვყავს რესტორნებშიც. ამომრჩევლები ლამის ავტობუსის სადგომზე დაარეგისტრირონ! ამის გამო სამოქალაქო რეესტრის არც ერთი მოხელე არ არის მხილებული და დასჯილი. და ვიდრე საჯაროდ არ არის დასჯილი ადამიანთა ის ჯგუფი, რომელიც ასეთი მავნებლობით იყო დაკავებული, რასაკვირველია, სამართლიანი არჩევნების მოლოდინი ვერ იარსებებს. არსებობს ასეთი ფაქტებიც: 25 წლის წინ გარდაცვლილ ადამიანს ჩვენი ხელისუფლება იხსენებს და მას ყოფილ ბინაში ტრანსპორტში სარგებლობისა და მედიკამენტების შესაძენ შეღავათიან ბარათებს უგზავნის. ცხადია, მანამდე ეს ადამიანი საარჩევნო სიაში გაჩნდებოდა. ქობულეთში, აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონს, რომელსაც და-ძმა აფხაზეთის ომში დაეღუპა, ამომრჩეველთა სიაში საკუთარი თავი ვეღარ უპოვია, 18 წლის წინ დაღუპული და-ძმა კი სიაში არიან. ამას თუ "უზუსტობა" ჰქვია, ასეთი ჭეშმარიტებით ევლოს მთელი ცხოვრება ამ ტერმინის ავტორს.
- ზემოთ გაყალბების მიმართ საზოგადოების წინასწარი შეგუება ახსენეთ. თქვენი აზრით, სჭირდება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ხმების გაყალებება ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებისთვის? გაყალბების გამორიცხვის შემთხვევაში, თქვენი აზრით, სხვა პოლიტიკურ ძალებს წარმატებისთვის რა რესურსი აქვთ?
- გაყალბებას მიჩვეული პოლიტიკური ძალა მორიგი გაყალბების ცდუნებას ვერ ასცდება. კომუნისტურ-სოციალისტურ-ბოლშევიკური გენეტიკა წელსაც გააჩაღებს ე.წ. სოციალისტურ შეჯიბრს რეგიონებში, გამგებლებს შორის - თუ რომელი რაიონი მოუტანს უფრო მეტ ხმას დედა-პარტიას. ამ შეჯიბრში კი, გაყალბების გარეშე ვერაფრით დადებენ იმ შედეგს, რომელიც დაგეგმილი აქვთ. სოფლების გამგებლები გაფრთხილებულნი არიან, რომ 30 მაისს გადაწყდება მათი ბედი - შეინარჩუნებენ თანამდებობებს თუ სამსახურის გარეშე დარჩებიან.
არჩევნები, რომელიც 30 მაისს ჩატარდება საქართველოში, ჩემი აზრით, არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური ძალების გამოცდა. ეს ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ქართული საზოგადოების მიერ გამოცდის ჩაბარებას მის სიმწიფეზე. მოქალაქეებმა ჩვენი პოზიცია უნდა გამოვხატოთ არა საკუთარ სამზარეულოში, არამედ საარჩევნო ყუთთან. არ არის თქვენთვის მოსაწონი არც ერთი პოლიტიკური ძალა? გადახაზეთ ყველა. ჩვენს ხელისუფლებას სწორედ ის სურს, რომ საპროტესტო ელექტორატი შინ დარჩეს.
შალვა ნათელაშვილი გამოვიდა ამას წინათ ძალიან საინტერესო ინფორმაციით - რომ  ლეიბორისტული პარტიის არჩევნებში მონაწილეობისთვის მას 4 მლნ ევროს სთავაზობდნენ. გამოჩნდნენ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც, წარმატების ნულოვანი პერსპექტივით, ბევრად უფრო იაფად არიან ჩართულნი საარჩევნო პროცესში. მაგრამ ვფიქრობ, ბევრად უფრო მეტი უნდა გადაეხადა ხელისუფლებას არჩევნების ბოიკოტისთვის.
- ვის გადაუხადეს, თქვენი ინფორმაციით?
- როცა ციდან ვარდება პოლიტიკოსი; როცა მისი საარჩევნო პიარკამპანია წარმოებულია იგივე კომპანიის მიერ, ვინც ასეთ მომსახურებას უწევს "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქრისტიან-დემოკრატებს", ეჭვის საფუძველი ლოგიკურად ჩნდება. არ არის აუცილებელი, ვინმეს კონკრეტული თანხა გადაუხადონ. შეიძლება, ვიღაცას მიწის ნაკვეთი გამოუყვეს ქალაქის ცენტრში... ვიდრე ქვეყანაში პოლიტიკის უპირველესი ინტერესი არის ბიზნესი, და ვიდრე პოლიტიკაა ის გზა, რომელიც შეიძლება მხოლოდ ცალკეულ პირთა კეთილდღეობისკენ მიდიოდეს, ღირსეულ ერად ვეღარ ჩამოვყალიბდებით.
- დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ხელისუფლება სამხედრო აღლუმით აპირებს. თქვენი აზრით, ნიშნავს თუ არა ეს ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების პროვოცირებას?
- სახელმწიფოს თავისი ატრიბუტიკა აქვს. ერთ-ერთი მათგანი დამოუკიდებლობის დღეა. იმისთვის, რომ დამოუკიდებლობის დღე არ აღინიშნოს, ძალიან სერიოზული მიზეზი უნდა არსებობდეს; უფრო ხშირად - მოულოდნელი. წლევანდელ 26 მაისს რაიმე მოულოდნელობა წინ არ უსწრებს.
თავის მხრივ, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება დამოუკიდებლობის დღეს იყენებს იმისთვის, რომ მოსახლეობა სახელმწიფოს არსებობაში დაარწმუნოს. ეს თარიღი კი, უპირველეს ყოვლისა, ხალხის საკუთრებაა და არა ხელისუფლების.
26 მაისი, ისევე, როგორც ახალი წლის ღამე, აღდგომისა და შობის დღესასწაულები, 6 მაისი, 23 ნოემბერი, არ უნდა იყოს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებისთვის გამოსაყენებელი თარიღები.
რა მოიგო პოლიციამ, როდესაც გიორგობის დღე  თავის პროფესიულ დღესასწაულად გამოაცხადა? ვერაფერი, გარდა მოსახლეობის მხრიდან სიძულვილისა და აბუჩად აგდებისა. მერე რა, რომ შესანიშნავად იყვნენ გამოწყობილები. ქალაქგარეთ ზეიმობდნენ, როგორც რაღაც არაფორმალური, პარტიზანული ჯგუფი.
და კიდევ: თარიღებს პატივი უნდა ვცეთ. მაინცდამაინც 9 აპრილს ნუ ავტეხავთ ყოველ წელიწადს დებოშს იმ იმედით, რომ ამ დღეს ხალხს ავიყოლიებთ. აქცია უნდა გაიმართოს მაშინ, როცა იგი მომწიფდება.
- თქვენი აზრით, რამდენად რეალურია არჩევნების კვალდაკვალ ჩვენს ქვეყანაში შეიქმნას ფონი დესტაბილიზაციისთვის?
- ჯერჯერობით, ამ საფრთხეს ვერ ვხედავ. ხელისუფლება რას მოიმოქმედებს, ამაზე საუბარი ჯერ რთულია. ვფიქრობ, ლოკალური ინციდენტების საშიშროება რეგიონებში უფრო მეტია, ვიდრე დედაქალაქში. და ამ ინციდენტების რიცხვი შესაძლოა, წინა წლებთან შედარებით გაცილებით გაიზარდოს.

Комментариев нет:

Отправить комментарий