10 мая, 2011

საქართველო: "დაზღვეული" ჯანმრთელობის ფასი

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
9 მაისი, 2011


ჟურნალისტური გამოძიება
ელისო ჩაფიძე



წყალში ჩაყრილი 284 მილიონი და ჯანმრთელობაშერყეული მოსახლეობა


ქართული რეალობა - ვაკეში, ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრის წინ წინ დილის 8 საათიდან დგას რიგი. ბათუმიდან ჩამოსული ქალბატონი მეშვიდეა. მას მკერდის კიბოს დიაგნოზი აქვს და ყველაზე ცნობილ სპეციალისტთან ურჩიეს გასასინჯად მისვლა. 50ლარი გადაიხადეთ, - ეუბნება რეგისტრატორი. "ვაიმე, არ მაქვს,მაგრამ პედაგოგი ვარ, დაზღვეული ვარ". სადაზღვევოდან მიმართვა არ ჩამოუტანია. არ მისცეს. სიმპატიური რეგისტრატორი გოგონა ეუბნება, რომ მაშინ ჩაწერენ კონსულტაციაზე, როცა 50 ლარს ან მიმართვას მოიტანს. ვიზიტი სრულდება. ქალი უხმოდ ბრუნდება უკან.ეს მისი ხელფასის ერთი მესამედია, დაუმატეთ ასევე ბათუმიდან თბილისამდე მგზავრობის ხარჯი. რიგში დგომა 3 საათის განმავლობაში და, სავარაუდო მკერდის კიბო, რომელიც, გარდა ოპერაციისა, საჭიროებს ქიმიოთერაპიას, წამლებს, მისვლა-მოსვლას.
"საქართველოში ერთი ადამიანის ავადმყოფობა ხშირად ოჯახის გაღატაკებას იწვევს", - განაცხადა სულ ცოტა ხნის წინათ საქართველოს პრეზიდენტმა. ეს რეალობაა, რომელიც სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშშიც აისახა. იმაზე, თუ რა ხდება სადაზღვევო ბაზარზე, როგორ ემსახურებიან პედაგოგებსა და სოციალურად დაუცველებს და როგორ აღმოჩნდა ბლეფი სადაზღვევო სისტემის თანამშრომელთა სატელევიზიო დაკავებებები, ამ სტატიაში მოგითხრობთ.

სადაზღვევო ექსპერიმენტი
თავდაპირველად - იმ ექსპერიმენტის შესახებ, რომელიც თავად, საკუთარ სადაზღვევო კომპანიაში ჩავატარე. კომპანიაში, რომელშიც 2010 წლიდან დღემდე ვარ დაზღვეული, პირველად მივაკითხე პირად ექიმს. სანამ სადაზღვევო თქვენს მომსახურეობაზე თანხმობას განაცხადებს, ჯერ რეკავთ. ექიმები ხშირად დაკავებულები არიან, ამიტომ 2-3 დღის შემდეგ გიწევთ ჩაწერა. ავლაბარში მდებარე "ჩემი ოჯახის ექიმს" მივაკითხე, სიცხითა და ტკივილებით. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ორი საათი მინიმუმია, რაც რამდენიმე ვიზიტის დროს "ჩემი ოჯახის ექიმთან" დამჭირდა, რამდენიმე დღე მოვანდომეთ იმას, რომ პირად ექიმს მოეცა მიმართვა შესაბამის ექიმთან კონსულტაციისათვის. სპეციალისტი დაკავებული იყო, არამარტო იმ დღეს, არამედ სამი დღის შემდეგაც და როდესაც მასთან შესვლა მოვახერხე, ოთახიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემს სადაზღვევო კომპანიას ყოველთვიურად 40 ლარს ვუხდი და მხოლოდ 280 ლარის გადახდის შემდეგ მივაკითხე პირველად.
ამის შემდეგ კეთილი ვინებე და ფასიან და ცნობილ კლინიკაში მივედი, სადაც ექიმის კონსულტაცია 55 ლარი, წამლები 38 ლარი და ექოსკოპიური გამოკვლევა 50 ლარი დამიჯდა. ანთებითი პროცესი, რომელიც აღმომაჩნდა, დროულ და ეფექტურ მკურნალობას მოითხოვდა. სადაზღვევო კომპანიის ცენტრალურ ოფისში ვიზიტისას კიდევ ერთი სახეობის ცინიზმს გადავეყარე. როცა კომპანიის წარმომადგენლებს გავაცანი, რა პრობლემა მქონდა, "მზრუნველად" მკითხეს, კი, მაგრამ, ასეთი ანთებით ფეხზე რატომ დგახარ და დადიხარო. არადა, მანამდე 10 დღის განმავლობაში წამლისა და ექიმის კონსულტაციის გარეშე მატარეს "ჩემი ოჯახის კლინიკაში". თურმე იმიტომ, რომ არ იცოდნენ, ვინ ვიყავი. თუ არჩევანის წინაშე დადგებით, ორი კვირა იაროთ უშედეგოდ სიცხიანმა ექიმთან, დახარჯოთ უამრავი დრო ,ტრანსპორტის ფული და ნერვები, შესაძლოა, გადაწყვიტოთ, რომ სჯობს, ეს თანხა შეაგროვო და საჭიროების შემთხვევაში შენს თავს მიხედო. თუ დაზღვევის მიმართვით მისულს ექიმები გეუბნებიან, რომ არაფერი არ გჭირს, კერძო ვიზიტისას ცდილობენ, არა მხოლოდ გამოკვლევები და მკურნალობა დაგინიშნონ, არამედ - პროცედურებით და თუ ოდნავ მაინც გჭირდება - ნაცნობ ექიმთანაც გაგგზავნონ საოპერაციოდ.
სწორედ ამიტომ ნაცნობ-მეგობრებმა არაერთხელ მირჩიეს, რად გინდა ეგ დაზღვევა, თანხა პირდაპირ შეაგროვე და როცა რამე დაგჭირდება, ექიმთარ მიდიო. როგორც ჩანს, სწორედ ასე ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის ის 75%, რომელიც, აქტიური სატელევიზიო კამპანიის მიუხედავად, არ ეზღვევა. დაზღვევა აქვთ ძირითადად სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ ადამიანებს.
როცა ავად ხარ და სასწრაფო მკურნალობა გესაჭიროება, ძალიან ძნელია, ელოდო, როდის ინებებს შენი კომპანია მიმართვის მოცემას. არადა, დამეთანხმებით, ალბათ, რომ ყოველთვიურად ასეთი ხარჯების გაღება მხოლოდ მაღალანაზღაურებადი სამსახურის მქონე ადამიანებს შეუძლიათ. არადა, ისეთი კომპანია, რომელიც ნამდვილად დამიფარავდა რისკების დროს, ვერ ვიპოვე. "ყველა კომპანია ერთნაირია. მხოლოდ იქ იგრძნობ თავს ნორმალურად, სადაც გიცნობენ. ამიტომ აზრი არა აქვს კომპანიის შეცვლას", - ასე დამამშვიდა სადაზღვევო აგენტმა. როცა გიცნობენ, თუ პარლამენტარი და ჟურნალისტი ხარ, შესაძლოა, 50-ლარიანი წამლების მისაღებად არ იწვალო და სამჯერ არ მიაკითხო კომპანიას, მაგრამ ოპერაციას და სხვა სერიოზულ ხარჯებს დაგიფინანსებენ. თუ არც ნაცნობი გყავთ და არც თავად ხართ ცნობილი ადამიანი, ამ შემთხვევაში იმას გირჩევთ, რომ ან მედიაციის სამსახურს მიაკითხოთ, ანდა თავად შეიძლება, მოგაკითხონ პროკურატურიდან, თუკი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენელთა დაკავება გადაწყვიტეს. რა უნდა ქნან სოციალურად დაუცველებმა, ძნელი სათქმელია.
ექსპერტებს ეჭვი აქვთ, რომ ყველა სამედიცინო მომსახურეობაზე სადაზღვევო კომპანიები სწორედ იმიტომ გიბარებენ ბევრჯერ და დიდხანს გალოდინებენ, რომ ბოლოს და ბოლოს, მოგბეზრდეს ეს ლოდინი და თავი დაანებო.
ასე დაემართა არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის" ექსპერტს, ლევან კალანდაძეს. მან სადაზღვევო საკითხებთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე მოჰყვა ამბავი იმის შესახებ, როგორ ატარეს ორი კვირის განმავლობაში პირად ექიმთან დიაგნოზის გარეშე. მართალია, ლევან კალანდაძე არ ასახელებს, რომელ კომპანიაშია დაზღვეული, მაგრამ ეჭვობს, რომ ექიმები სადაზღვევო კომპანიიდან ასე იმიტომ იქცევიან, რომ პაციენტმა ხელი აიღოს მომსახურების მიღებაზე.
ჩემი და ექსპერტ ლევან კალანდაძის ისტორია "კეთილად დასრულდა", რადგან შესაბამის სამსახურებში გაარკვიეს, ვისთან ჰქონდათ საქმე. "თუ ჩვენზე კიდევ რაიმეს ცუდს დაწერთ, რა თქმა უნდა, ოპერაციის დაფინანსება არ გეკუთვნით, მაგრამ თუ კარგს ან არაფერს დაწერთ, მაშინ, ჩავთვლით, რომ დაავადება მანამ არ წარმოშობილა, სანამ ჩვენთან დაეზღვეოდით", - საკმაოდ არაორაზროვნად განმიცხადეს ჩემი სადაზღვევო კომპანიის ჰედ-ოფისში, სადაც ჩემი და ჩემი სადაზღვევო აგენტის საუბარს ჩემს დაავადებაზე ისმენდა დაახლოებით 20-მდე ადამიანი. ესეც ჩემი, როგორც პაციენტის, ავადმყოფობის საიდუმლოდ დაცვის უფლება, რომ აღარაფერი ვთქვათ შანტაჟზე. გარდა ამისა, სადაზღვევო კომპანიის ხელმძღვანელობამ არ დაიზარა და მოძებნა ჩემი ნაცნობ-მეგობრები, რომელთაც მირჩიეს, რომ თუ რაიმე დამჭირდება, მათ მივმართო მომავალში და პირადად მე ყველანაირ მომსახურეობას გამიწევენ.
"საქართველოში ჩხუბის გარეშე რაიმის მიღებას ახერხებთ?" - მეკითხება ამ საკითხის კომენტირებისას სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩიშვილი. ის ამბობს, რომ რადგან დაზღვევას კერძო კომპანიები ახორციელებენ, შესაბამისად, ისინი არ არიან ვალდებულები, ქველმოქმედება გასწიონ. "იაფი არაფერი არ არის კარგი. ხარისხიანი მომსახურეობა ძვირი ღირს", - ამბობს ის. ასევე დევი ხეჩინაშვილი წუხს იმის გამო, რომ ქართული კანონმდებლობის გამო სადაზღვევო კომპანიას არა აქვს უფლება,თუკი დაზღვეული სამი თვის განმავლობაში არ იხდის თანხას, ხელშეკრულება გაუწყვიტოს.
არადა, სადაზღვევო კომპანიებს, როგორც კონტროლის პალატის წარმომადგენელი გიორგი ალასანია აღნიშნავს, ცუდად ნამდვილად არა აქვთ საქმე. 2010 წელს ქართული სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგებამ 83 მილიონი ლარი შეადგინა. სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ეს არის 2010 წლის სამი კვარტლის მონაცემი, რომელსაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს. ამპერიოდში ბაზრის მოთამაშეების მიერ მოზიდულმა პრემიამ 305 მილიონს გადააჭარბა, ანაზღაურებული ზარალი კი 140 მილიონს შეადგენდა. ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ლიდერობას კი "იმედი ელი" ინარჩუნებს. სამი კვარტლის მონაცემებით, "იმედი ელმა" 72 მილიონამდე ლარი მოიზიდა, ხოლო "ალდაგი ბისიაიმ" - 53მილიონამდე. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანაში, სადაც ყოველ მეორე ადამიანს მაინც მკურნალობა სჭირდება, კომპანიები,რომლებიც ძირითადად ჯანმრთელობას აზღვევენ, ასეთი დიდი მოგებით ასრულებენ წელს, მაშინ, როცა დასავლეთში ანალოგიური კომპანიების მოგება 20-30 პროცენტს იშვიათად აღემატება. გარდა ამისა,აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიებს დიდი კონკურენცია აქვთ, როცა სახელმწიფო აცხადებს სოციალურად დაუცველთა დაზღვევას.

ასაკობრივი დისკრიმინაცია
"არც დედაჩემი არ არის დაზღვეული. 60 წლის ასაკის ზემოთ ავადმყოფობის რისკი მაღალია და ყველა კომპანია ერიდება დაზღვევას", - გვითხრა დევი ხეჩინაშვილმა.
ლუიზა ტ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგია, რამდენიმე წიგნის ავტორი. 70 წლისაა. მას მუხლების სახსრებია ქვს გაცვეთილი და გადაადგილება თითქმის არ შეუძლია. მხოლოდ ერთი მუხლის ოპერაცია 8 ათას ლარამდე ღირს. თუმცა ეს არ არის ისთანხა, რაც ოჯახს დასჭირდება. ეს მხოლოდ ოპერაცია და ტრანსპლანტანტია. საავადმყოფოში გჭირდება ანალიზები, გამოკვლევა, თავმდგმური, კვება, ოპერაციის შემდეგ - რეაბილიტაციისთვის მომსახურეობა. "მთელი ცხოვრება ჩემს ქვეყანას და სტუდენტებს ვემსახურე. ახლა ვიცი, რომ ან სახლი უნდა გავყიდო, ანდა ამ ტკივილებს გავუძლო. არც ერთი სადაზღვევო კომპანია არ დამაზღვევს. ანდა რას ვემართლები ამ კერძო კომპანიებს, მე ხომ 50 წელია, სახელმწიფოს ვუხდი გადასახადებს და რატომ არ მაქვს უფლება, სიბერის დროს მისგან ელემენტარული მკურნალობა მოვითხოვო?" - კითხულობს ქალბატონი ლუიზა.
60 წლის ციალა ბ. პედაგოგი, რომელსაც სახელმწიფო დაზღვევით და გავლენიანი ადამიანების ჩარევის წყალობით გაუკეთეს ოპერაცია, ახლა კოჭლია. "ვერავის ვუჩივლებ, რადგან ოპერაცია დაზღვევით გამიკეთეს. საქართველოში ყველაზე ცნობილ სპეციალისტთან გავიკეთე. ექიმმა სურათს რომ დახედა, მითხრა, ფეხზე, რომელიც გტკივა, მეოთხე ხარისხის დაზიანება გაქვს, მაგრამ მეორე ფეხზეც გაქვს დაზიანებაო. ეჭვი მაქვს, ფეხი ერთი სანტიმეტრით იმიტომ დამიგრძელეს, რომ მეორე ფეხზეც გავიკეთო ოპერაცია, მაგრამ ამისი დამტკიცება ძალიან გამიჭირდება. თანაც, რადგან ტკივილები აღარ მაწუხებს, ალბათ, ამ ფაქტს შევეგუები".
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, რომ სადაზღვევო კომპანიის ექიმი, რომელმაც ციალა ბ-ს მიმართვა მისცა ოპერაციისთვის ზემოდან დარეკვის შემდეგ, საერთოდ, იშვიათად იძლევა მიმართვებს. პედაგოგი დალი ჭ. რომელიც იმავე კომპანიაში 2 წელი იყო სახელმწიფოს მიერ დაზღვეული, მას ერთი თვის განმავლობაში ეხვეწებოდა, მიეცა მიმართვა, რომ ფეხის ტერფზე მისთვის სურათი გადაეღოთ, რადგან ტკივილებისაგან ფეხზე დგომა უჭირდა. "ვუხსნიდი, ქალბატონო ნინო, ძალიან გთხოვთ, მომეცით მომართვა,რომ გადავიღო, რადგან ჩემთვის, ფეხზე დგომას თუ ვეღარ შევძლებ, ეს ინვალიდობისა და უმუშევრობის ტოლფასია-მეთქი. პედაგოგი ვარ და ზოგჯერ 6 საათს მიწევს ფეხზე დგომა. ყოველ მისვლაზე მეუბნებოდა, აბა, შენ უკვე 40 წლის ხარ, ეს კი იმას ნიშნავს,რომ რაღაც ყოველთვის გეტკინებაო. ბოლოს ექიმის შეცვლა მოვითხოვე. კლინიკიდანაც გადავედი სახლიდან უფრო მოშორებით, მაგრამ უფრო ნორმალურ ადამიანებთან. იქ მომცეს მიმართვა. ექიმ ნინოს მაშინ მარტო იმიტომ არ ვუჩივლე, რომ ფეხმძიმედ იყო და შემეცოდა, მაგრამ ახლა ხომ აღარ არის ფეხმძიმედ და სულ ვფიქრობ, მივიდე. ნეტავი, არ რცხვენია ახალგაზრდა ქალს, ასე რომ იცილებს პაციენტებს თავიდან?"
სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია "ალდაგმა", რომელიც "საქართველოს ბანკთანაა" გაერთიანებული და რომელსაც, სხვათა შორის, პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის ძმა კურირებს, სულ ახლახანს დაიწყო სატელევიზიო კამპანია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი ყველა ადამიანს დააზღვევენ, განურჩევლად ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობისა. თუმცა როგორ იმუშავებს ეს დაზღვევა რეალობაში, დღეისათვის ამისი შეფასება შეუძლებელია, რადგან სულ მცირე, ადამიანის დაზღვევიდან 1 თვე მაინც უნდა იყოს გასული.
საინტერესოა ისიც, რომ თუ "საქართველოს ბანკის" ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრის ძმაა, უშუალოდ "ალდაგის" ხელმძღვანელი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ამირან გამყრელიძის ვაჟი, ნიკა გამყრელიძეა.
სადაზღვევო კომპანია "ირაოს", რომლის სახელწოდება საპატრულო პოლიციის მანქანებზეც კი გახლავთ მიწერილი, პრეზიდენტის ძმის, დავით სააკაშვილის სახელთან აკავშირებენ.
სადაზღვევო კომპანია "აი-სი-ჯგუფი" დავით კეზერაშვილისა და გიგი უგულავასთან დაახლოებული პირების საკუთრებად მოიაზრება, ხოლო "ჯიპიაი ჰოლდინგს", რომელიც უცხოური კაპიტალითაა დაფუძნებული, როგორც ჩანს, პარლამენტში ჰყავს ლობი. მისი ერთ-ერთი მენეჯერი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის, გიორგი მელაძის მეუღლეა.
სადაზღვევო კომპანია "ალფა" "ავერსის" შვილობილია. სპეციალისტები ამბობენ, რომ სამედიცინო, სადაზღვევო და ფარმაცევტული ბაზრის ასეთი შერწყმა პაციენტის უფლებებს კიდევ უფრო დაუცველად აქცევს, მაგრამ ქვეყანაში, სადაც არც ანტიმონოპოლიური კანონი არსებობს და არც - გამართული ზედამხედველობის ინსიტუტი, ბუნებრივია, ეს დარღვევას, ოფიციალურად, არ წარმოდგენს. და საინტერესოა ისიც, რომ ეს გახლავთ უკიდურესად ჩაკეტილი სამყარო.

ბაზარზე გამოტანილი ჯანმრთელობა
სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი ვერ ასახელებს ქვეყანას, სადაც ჯანდაცვის ისეთივე სისტემა მოქმედებს, როგორიცაა საქართველოში. მისი თქმით, გერმანიასა და საფრანგეთში, მაგალითად, სახელმწიფო ყველა მოქალაქეს აზღვევს და მისი მინიმალური სამედიცინო ხარჯები სწორედ მისი ხელფასიდან დაქვითული საშემოსავლო გადასახადებიდან იფარება. იქ მოქალაქე მხოლოდ იმ შემთხვევაში ეზღვევა დამოუკიდებლად, თუ დამატებითი და უფრო მაღალი სერვისის მიღება სურს. კითხვაზე, რა სისტემაა ჩვენთან, ის პასუხობს, რომ ესაა შერეული მოდელი. სახელმწიფო, რომელიც ჩვენი შემოსავლების 20 პროცენტს მშვენივრად უწევს კონტროლს და დროულად არგადახდის შემთხვევაში ჯერ უზარმაზარი ჯარიმით, შემდეგ კი პატიმრობითაც კი გემუქრება, ფაქტობრივად, ხელებს იბანს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ყველაფერს კერძო კომპანიებს აბარებს. ეს კომპანიები საქართველოში, სადაც ყველა მეორე მოქალაქეს რაღაც აწუხებს, მოგებით ასრულებენ ფინანსურ წელს. ისინი ხომ კერძო კომპანიები არიან.
სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში რეკომენდაციას იძლევა, რომ სახელმწიფომ ამ სექტორისთვის შესაბამისი გაიდლაინები, შეფასების კრიტერიუმები შეიმუშავოს და აამაღლოს კონტროლის მექანიზმი, რადგან მთლიანად "კერძო სისტემაზე" გადასვლა ამ სფეროს კიდევ უფრო დაურეგულირებელს, პაციენტს კი - უფრო დაუცველს გახდის.
"საქართველოში ჯანდაცვის სისტემის რეფორმა 20 წელია, მიმდინარეობს და ბოლო ცვლილებების მიხედვით "მთლიანად კერძო" სისტემისაკენ იხრება. "ჯანდაცვისათვის გამოყოფილი საჯარო სახსრების კერძო სადაზღვევო კომპანიების მეშვეობით განაწილება" არის ერთ-ერთი იმ გეგმის ოთხი პრიორიტეტიდან, რომელსაც მსოფლიო ბანკმა 2006 წელს "ჯანდაცვის სექტორის მასშტაბური რეფორმა" უწოდა. კერძო სისტემის არსებობისას სამედიცინო მომსახურებას კერძო სექტორი ახორციელებს (სადაზღვევო კომპანიები და სამედიცინო დაწესებულებები), რაც ჯანდაცვის მიმართ საბაზრო მიდგომას ნიშნავს. თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებული ჯანდაცვის სისტემის არსებობა თავისთავად მიუთითებს ამ უფლებისადმი "საბაზრო მიდგომაზე". ეს არ არის უტილიტარული ან პატერნალისტური მიდგომა, თუმცა ამ უკანასკნელის ელემენტებსაც შეიცავს და, მით უმეტეს, არ არის "უფლებრივი", რომელიც იწყება ადამიანიდან და ფოკუსირდება მის კეთილდღეობაზე.
სხვა ქვეყნების გამოცდილების მიხედვით, საბაზრო მიდგომა ყველაზე ნაკლებად არის ორიენტირებული ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე და იგი სახელმწიფოს მხრიდან მეტ რეგულაციებს საჭიროებს. შესაბამისად, ეროვნული კანონმდებლობა უნდა შეიცავდეს საკანონმდებლო აქტებს, რომელიც კრძალავს ყველა ნიშნით დისკრიმინაციას დაზღვევისას - სქესობრივი ნიშნით, რომლის ერთ-ერთ ფორმადაც შეიძლება მოვიაზროთ ორსულობის ნიადაგზე დისკრიმინაცია, შშმპ სტატუსის ნიშნით, ასაკის მიხედვითა და გენეტიკური მემკვიდრეობის ნიშნით (დაავადებები - ალცჰეიმერი, მკერდის კიბო ან დიაბეტი). ასევე უნდა იკრძალებოდეს ფსიქიკურად დაავადების და ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით დისკრიმინაცია დაზღვევისას. სასურველია პრემიუმების მარეგულირებელი კანონის არსებობაც", - წერს გიორგი ტუღუში 2010 წლის ანგარიშში.
სხვათა შორის, იმაზე, რომ უნარშეზღუდულობის ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია ხდება, ინვალიდობის მქონე ადამიანთა უფლებების დამცველი რატი იონათამიშვილიც საუბრობს "რეზონანსთან" ინტერვიუში. მისი თქმით, უნარშეზღუდულებისათვის სამედიცინო დაზღვევა მიუწვდომელი ოცნებაა, რადგან ყველა კერძო კომპანია თავს არიდებს ასეთ რაიმეს, არადა, მათ ყველაზე ხშირად სჭირდებათ სამედიცინო მომსახურეობა.
"კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" წევრებმა საქართველოში არსებულ ყველა სადაზღვევო კომპანიას მიმართეს, იმისთვის, რომ სადაზღვევო პაკეტი შეეძინათ, თუმცა, ყველა კომპანიამ უარი უთხრა მათ იმ მიზეზით, რომ ისინი მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან.
კოალიციის პიარ-მენეჯერი რატი იონათამიშვილი, რომელიც თავად გახლავთ ინვალიდობის მქონე და მასაც სურდა დაზღვევის მიღება, ამ ყველაფერს სადაზღვევო კომპანიების ნაკლებად ინფორმირებულობით და არაკომპეტენტურობით ხსნის.
"ჩვენს კოალიციას უნდოდა თანამშრომლების დაზღვევა, დავუკავშირით ყველა სადაზღვევო კომპანიას, ჩვეულებრივად ვიხდიდით თანხას, რაც საჭირო იყო და გვინდოდა სადაზღვევო პროდუქტის ყიდვა, მაგრამ სადაზღვევო კომპანიებმა უარი გვითხრეს. ძალიან ბევრი ზარი შემოდის კოალიციაში ინვალიდობის მქონე პირების მხრიდან, რომლებიც იმავე პრობლემით მოგვმართავენ. საინტერესოა, რომ სადაზღვევოებს არ უთქვამთ უარის მიზეზი, ერთადერთი, რაც თქვეს, ის არის, რომ ჩვვენ მაღალი რისკის ჯგუფს განვეკუთნებით. ინდივიდუალურ დაზღვევაზეც უარი განაცხადეს და კორპორატიულზეც. თუმცა, ეს მხოლოდ ზეპირად გვითხრეს, წერილობით პასუხს არ გვაძლევენ", - განუცხადა "რეზონანსის" ჟურნალიტს ლანა ბერიძეს რატი იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, სადაზღვევოების დასაბუთებელი უარის გამო, მათმა კოალიციამ იურსიტებს ვერ მიმართა, რადგან საკმარისი რესურსი არ გააჩნდათ.
"ის პასუხი, რაც სადაზღვევოებმა გაგვცეს, პირდაპირი დისკრიმინაციაა, რადგან ინვალიდობა არ არის დიაგნოზი. არ არის სამედიცინო მოვლენა, ინვალიდობა სოციალურ სფეროს განეკუთვნება და არა სამედიცინო დიაგნოზს. ასევე მსოფლიო სტატისტიკა აჩვენებს,რომ ინვალიდობის მქონე ადამიანები გაცილებით უფრო იშვიათად აკითხავენ სამედიცინო დაწესებულებს. სადაზღვევო კომპანიები უარის შემთხვევაში ხელმძღვანელობენ იმ მიდგომებით, რომელიც ცრუ წარმოდგენებსა და სტერეოტიპებზეა დაფუძნებული, რაც ამ სფეროს მიმართ გარკვეული შიშის სინდრომის არსებობით, ინფორმაციის ნაკლებობით, არაკომპეტენტურობით და საკითხისადმი გულგრილი დამოკიდებულებებითაა გამოწვეული.
ჯანდაცვის სამინისტროში კი, იმის მიუხედავად, რომ ამ საკითხებს უნდა აგვარებდნენ, რადგან ეს მათი მოვალეობაა, არაფერს აკეთებენ. სამინისტროში, სამწუხაროდ, არ არსებობს ერთიანი ხედვა და პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით", -აცხადებს რატი იონათამიშვილი.
სადაზღვევო კომპანია "იმედი ელის" წარმომადგენელმა კი გვითხრა, რომ მათ არ იციან ასეთი ფაქტის შესახებ, რომ ვინმეს უარი ეთქვას ინვალიდობის მქონე ადამიანისათვის მათ კომპანიაში დაზღვევაზე. "უბრალოდ, ასეთი ადამიანისთვის დაზღვევა, შესაძლოა, უფრო ძვირი იყოს, რადგან რისკები უფრო მეტია", - გვითხრეს კომპანიაში.
უნდა აღინიშნოს, რომ "იმედი ელის" მომსახურეობით კლიენტები თბილისში უფრო კმაყოფილები არიან, რადგან ეს კომპანია პროვაიდერის არჩევის უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა, თუმცა არსებობს წარმოდგენა, რომ აქ დაზღვევა უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე სხვა კომპანიებში.
2011 წლიდან პედაგოგებსა და სოციალურად დაუცველებს უკვე თავად კი აღარ აქვთ არჩევანის გაკეთების უფლება სადაზღვევო კომპანიებს შორის, არამედ თავად სახელმწიფო წყვეტს ამ საქმეს ტენდერების მეშვეობით.
ცნობისათვის: საქართველოში დღეს 15 სადაზღვევო კომპანიაა, რომელთაგან 11 ახორციელებს ჯანმრთელობის დაზღვევას. მათგან პირველი კომპანია "ალდაგია", რომლის ერთ-ერთი მეწილე თავის დროზე ამჟამად პოლიტიკოსი დავით გამყრელიძე იყო, ხოლო შსს კახა თარგამაძის მინისტრობის დროს მას ექსკლუზიურად ანდობდა ავტომანქანების დაზღვევას. დღეს ეს კომპანია საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ ფინანსურ დაჯგუფებას ეკუთვნის, რომელიც "საქართველოს ბანკს" ფლობს და მისი დირექტორი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის შვილია, რაც კარგად მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად გამიჯნულია საქართველოში მთავრობა და კერძო ბიზნესი.

როგორ ემსახურებიან სოციალურად დაუცველებს?

სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ თბილისის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ვერ ხვდებიან სოციალურად დაუცველთა სიაში, ანუ აქვს 70 ათასი ქულიდან 100 ათას ქულამდე, თბილისის მერია აზღვევს. ეს კი, გიორგი ტუღუშის თქმით, დისკრიმინაციას იწვევს, რადგან საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას, თბილისის გარდა, ვერ მიეწოდება ასეთი ტიპის მომსახურეობა. რეგიონებში სოციალურად დაუცველებმა ხშირად არცკი იციან, ეკუთვნით თუ არა რაიმე მომსახურეობა. ამავე დროს, მათ ხშირად არც გადაადგილებისა და ჩივილის თავი აქვთ, ამიტომაც ბედს ეგუებიან. სახელმწიფოს მიერ მათთვის გამოყოფილი თანხები კი კერძო კომპანიების ბიუჯეტში მშვიდად მიდის.
თუმცა თუ ამ ისტორიას მოისმენთ, გული აღარ დაგწყდებათ, რომ თბილისის მერიამ არ დაგაზღვიათ.
ნინო ფრანგიშვილი 40 წლისაა, სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედა. ნიჭიერი ჟურნალისტი დღეს სახლში იმიტომ ზის, რომ ავადმყოფობამ მის შრომისუნარიანობაზე სერიოზულად იმოქმედა.
აი, რას გვიამბოს ის: "დაზღვეული ვარ მერიის პროგრამით. როგორც ვიცი, თავის დროზე, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვინც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა სიაში ვერ მოხვდა, მაგრამ მათი სოციალური მდგომარეობა 100 ათას ქულამდე შეფასდა, მთავრობამ სპეციალური თანხა გამოყო და მათი ჯანმრთელობა დააზღვია. ეს თანხა 2 მილიონი ლარი იყო და სადაზღვევო კომპანიებს შორის ტენდერიც გამოცხადდა. წინააარჩევნოდ თითოეულს 12 ათასი ლარის ლიმიტის ბარათები დაგვირიგდა.
რამოდენიმეჯერ მივმართე სოციალურ სახლს დახმარებისთვის. მქონდა გულთან და თვალებთან დაკავშირებული პრობლემები. ჯერ იმდენს არბენინებენ ადამიანს, ქანცს გაუწყვეტენ, ყველაფრის სურვილი რომ დაუკარგონ. სოციალურ სახლებს მუდმივად, სხვადასხვა ტერიტორიებზე ანაცვლებენ, რაიონიდან და უბნიდან დაშორებით. კარგად იციან, რომ ყველას არ აქვს ამდენი საშუალება, დღეში რამდენიმე ტრანსპორტი გამოიცვალოს ქალაქის ერთი თავიდან მეორე ბოლომდე და ოფიციალური საბუთის ასაღებად დაზღვევის მომსახურებისთვის პროვაიდერამდე მიაღწიოს. ამით სარგებლობენ და თანხებს ზოგავენ.
დიდი სირბილის შემდეგ ორივე მომსახურებით ძალზედ უკმაყოფილო დავრჩი და იძულებული გავხდი, ახლობელი ექიმებისთვის მეთხოვა, ხელახლა შევემოწმებინე და სწორი დიაგნოზი დაესვათ. აქ უკვე მკურნალობის დანიშვნაზე საუბარი აღარ იყო. იმდენად უგულისყუროდ მომექცნენ კარდიოექოსკოპიით შემოწმებისას, ვითომდა ყველაზე ცნობილმა კარდიოლოგმა სარქველის პროლაბირება ვერ დაინახა, რის გამოც კიდევ დიდხანს მქონდა ჰაერის უკმარისობა. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სადაზღვევოდან ვიყავი გაგზავნილი და შემოწმების თანხას როდის ჩაურიცხავდნენ, არ იცოდა. ერთ თვეში დიდი ჩივილების და შრომის უნარის დაკარგვის შემდეგ, ნაცნობობით და პროტექციით სხვა ექიმთან მოვხვდი და იმის წყალობით დღეს სიარული აღარ მიჭირს. ოფთალმოლოგის მომსახურებაზე ხომ საუბარი ზედმეტია, - ასტიგმატიაზე სათვალეებიც არ დანიშნეს, არაფრად ჩააგდეს არც სხვა ჩივილები. ექიმი არანორმალურად შფოთავდა შემოწმებისას და მივხვდი, რომ თვითონ სჭირდებოდა ნევროლოგის დახმარება.
რაც მთავარია, არღვევენ კონსტიტუციას, პაციენტის მიერ ექიმის არჩევის უფლების შესახებ. ყველამ კარგად იცის, დღეს საქართველოში სპეციალისტები ჭირს, სადაზღვევოები კი სპეციალურად მდარე მომსახურების პროვაიდერებთან არიან შეკრულები, მომსახურების დონე კი ნულის ტოლია. როცა ამაზე მიუთითებ,  - ჩვენ რა შუაში ვართ, ექიმს უჩივლეთო - გპასუხობენ. კარგად იციან, რომ ჩივილსაც დიდი სირბილი და თანხები სჭირდება და ამით სპეკულირებენ. სპეკულირებენ ყველაფრით, რაზეც ხელი მიუწვდებათ.ადამიანებს ისედაც მძიმე მდგომარეობაში ყველაფრის გაყიდვა უწევთ, ნორმალურ ექიმამდე რომ მიაღწიონ. სადაზღვევოები კი სახელმწიფო თანხებს, რომლითაც გაჭირვებულებს უნდა დაეხმარონ, ითვისებენ და უნამუსოდ ხრავენ. რაც მთავარია, მთავრობა სადაზღვევო პროგრამას ახორციელებს და კერძო კომპანიებს უგდებს ხელში ფულსაც და ადამიანის გაუბედურებულ ჯანმრთელობასაც. იქ კი, ალბათ, ფიქრობენ, თავში ქვა უხლიათ - ერთმანეთში გაარჩიონ მტყუან-მართალიო. სადაზღვევოში საშინლად აგრესიულად ხვდებიან ბენეფიციარებს. როდესაც კითხვების დასმა დავიწყე, თანამშრომლები სამზარეულოში შეიკეტნენ. ხელახალ გადამოწმებას ვითხოვ და ისევ იმ კლინიკებს მთავაზობენ, რომლებსაც არ ვენდობი. არ აფინანსებენ ყველაზე საჭირო მანიპულაციებს. სრული განუკითხაობა და თავნებობაა. რა საჭიროა დაზღვევა, თუ პრევენცია არ გატარდა?! ასე ხომ გაუთავებელი ხარჯები წავა ბიუჯეტიდან?! ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ამ ყველაფერს უბრალო, ისედაც განადგურებული, დაუცველი ადამიანების პურის ფული და, რაც მთავარია - ხარისხიანი, კეთილსინდისიერი სამედიცინო მომსახურების უფლება ეწირება".

სადაზღვევო კომპანიის არჩევის უფლების შეზღუდვა
სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხზე, როგორიცაა საქართველოს მოქალაქეებისათვის სადაზღვევო კომპანიის არჩევის უფლების შეზღუდვა.
"საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის დადგენილებაში N218, "სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ", 2010 წელს შესული ცვლილებით (საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება N85) ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსების სახელმწიფო პროგრამების წესები მნიშვნელოვნად შეიცვალა.
2010 წლამდე მოქალაქე (მიზნობრივი ჯგუფიდან) თავად ირჩევდა სადაზღვევო კომპანიას და ვაუჩერის საფუძველზე იღებდა სადაზღვევო პოლისს, რომელიც უზრუნველყოფდა სადაზღვევო ვაუჩერით დაფინანსებულ სამედიცინო დაზღვევას. პროგრამაში ბოლო დროს შესული ცვლილების თანახმად, სადაზღვევო ვაუჩერის საფუძველზე, დამზღვევი სადაზღვევო ხელშეკრულებას აფორმებს იმ სადაზღვევო კომპანიასთან (მზღვეველთან), რომელიც დაზღვეულის საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, ტენდერის საფუძველზე გამოვლინდა 26-დან ერთ-ერთ სამედიცინო რაიონში. ამავდროულად, საქართველოს კანონის "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო დაფინანსებით მიზნობრივი ჯგუფის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონით ან ვაუჩერის საშუალებით, ხოლო სახელმწიფო დაფინანსებით მიზნობრივი ჯგუფის პირადი დაზღვევა ხორციელდება ვაუჩერის საშუალებით. ვაუჩერი არის პერსონიფიცირებული და მისი მესაკუთრე შეიძლება იყოს პირი ან პირთა წრე. ამავე კანონის მე-19 მუხლის მეხუთე პუნქტში ასახული ვაუჩერის პირობების თანახმად, მის მესაკუთრეს აქვს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ან სადაზღვევო ორგანიზაციის თავისუფლად არჩევის უფლება. შესაბამისად, მოქალაქეს (მიზნობრივი ჯგუფიდან) სადაზღვევო კომპანიის არჩევის უფლება აღარ აქვს და მისი უფლება, თავისუფლად აერჩია სადაზღვევო კომპანია, კონკრეტულ კომპანიასთან სავალდებულო ურთიერთობით შეიცვალა, რაც კანონს პირდაპირ არღვევს. სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადებები ცხადყოფს, რომ მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილოა აღნიშნული ცვლილებით. მათი განცხადებით, მათ სურთ, იმკურნალონ იქ, სადაც ენდობიან და სადაც აქვთ ჯანმრთელობის გაუმჯობესების იმედი".
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით:  "კვლევის მიხედვით, რესპოდენტთა 55% აღნიშნავს, რომ მათ არ აურჩევიათ სადაზღვევო კომპანია, ისინი გაანაწილეს. მხოლოდ 56% აღნიშნავს, რომ მათ სადაზღვევო კომპანიაში განუმარტეს, რას ფარავს მათი სადაზღვევო პოლისი. რაოდენობრივი ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა, რომ საერთო დანახარჯებში სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების წილი მაღალია - იგი აღემატება ე.წ. კატასტროფული სამედიცინო ხარჯების ზღვარს და საშუალოდ შეადგენს 19%-ს. კვლევის მიხედვით, ბენეფიციართა ოჯახების 41%-თვის ყოველთვიურად მხოლოდ მედიკამენტებზე გაწეული ხარჯიც კი აღემატება მთლიანი თვიური ხარჯის 10%-ს ანუ "კატასტროფულ" ზღვარს. განსაკუთრებულ, მწვავე პრობლემად რესპონდენტები მედიკამენტებისა და დამატებითი გამოკვლევების ხელმისაწვდომობას ასახელებენ. ამასთან, 29%-ი მიუთითებს, რომ თანხა ოფიციალურად სალაროში გადაიხადა, 19%-ის განმარტებით, თანხა პირადად ექიმს გადაუხადა (საშუალოდ 61 ლარი). რესპონდენტთა 19%-მა ასევე მიუთითა სამედიცინო დაწესებულების სიშორე, ანუ ქ.თბილისის მაცხოვრებლების გარკვეული რაოდენობისათვის სამედიცინო დაწესებულება გეოგრაფიულად ხელმიუწვდომელია".

სატელევიზიო დაკავებები და საიდუმლოდ მიღებული თავისუფლება

საქართველოს კონტროლის პალატა 2010 წლიდან იკვლევს ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მართვის კანონიერებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით 2008-10 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 284 მილიონი ლარი დაიხარჯა.
შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატის წინასწარი აუდიტით სერიოზული ხარვეზები და რისკები გამოიკვეთა. კერძოდ, ხაზგასასმელია, რომ არ ხორციელდებოდა სადაზღვევო კომპანიების მიერ დაზღვევის პირობების შესრულების სათანადო მონიტორინგი, სადაზღვევო კომპანიებს უმწეო მოქალაქეებთან არ აქვთ გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებები, მოქალაქეები არ ფლობენ სადაზღვევო პოლისებს და არ არიან ინფორმირებულნი დაზღვევის პირობების შესახებ.
გარდა ამისა, პალატის დასკვნის მიხედვით, სადაზღვევო კომპანიები უმწეო მოქალაქეებს ხელოვნურად უზღუდავენ სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას უსაფუძვლოდ გაჭიანურებული პროცედურებით. კერძოდ, სადაზღვევო კომპანიები მოქალაქეებს მკურნალობის დაფინანსებაზე დაუსაბუთებლად უცხადებენ უარს, სთავაზობენ არასტანდარტულ და არასასურველ სამედიცინო დაწესებულებებს.
კონტროლის პალატის ამ დასკვნამ და სატელევიზიო დაკავებებმა როგორც მოსახლეობის, ასევე სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენელთა სერიოზული აღშფოთება გამოიწვია. უნდა აღინიშნოს, რომ თავად სადაზღვევო კომპანიები, გარდა ფინანსური სიძლიერისა, საკმაოდ სერიოზულ ქოლგებს ფლობენ ხელისუფლებაში.
"ძალიან გთხოვთ, ისაუბროთ, რა პრობლემები გაქვთ", - ასეთი შეკითხვით მივმართეთ სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს, როდესაც ისინი სადაზღვევო პრობლემებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ.სრული დუმილი. "ყოველ შემთხვევაში, ფინანსურ პრობლემებს არ უჩივიან", - ამბობს გიორგი ალასანია, კონტროლის პალატის წარმომადგენელი. ის გახლავთ ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანი, ვინც სადაზღვევო სფეროში არსებული მდგომარეობა, პალატის სპეციალისტებთან ერთად, გამოიძია. კონტროლის პალატამ დაადგინა,რომ სახელმწიფოს მიერ სადაზღვევო კომპანიებისათვის გადარიცხული მილიონებიდან მხოლოდ 20-25 პროცენტი თუ ხმარდებოდა სოციალურად დაუცველებს. დანარჩენი თანხები თავად სადაზღვევო კომპანიების ბიუჯეტში ილექებოდა.
დაიდგა სატელევიზიო შოუები. ალასანიას პრესკონფერენციის ფონზე სადაზღვევო კომპანიებისა და ჯანდაცვის სამინისტროს 16 წარმომადგენელი დააკავეს. ბუნებრივია, ამ ფაქტს გამოეხმაურა პრეზიდენტი. ბუნებრივია, დაირღვა დაკავებულთა უდანაშაულობის პრეზუმფცია, როცა ისინი საჯაროდ ამხილეს დანაშაულში და მათი სატელევიზიო აღიარებებიც გადაიცა.
რამდენიმე დღის შემდეგ ყველა მათგანი გაათავისუფლეს. ჩვენ ამის შესახებ ანონიმური წყაროსგან შევიტყვეთ. ტელევიზიებს მათთვის გირაოს შეფარდების და განთავისუფლების ფაქტები აღარ გაუშუქებიათ. დღემდე უცნობია, რა თანხა შეიტანეს მათ სახელმწიფო ბიუჯეტში. "ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ყველა სადაზღვევომ შეძლო გაერთიანება. მათ მიმართეს ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, არა საჯაროდ და მოითხოვეს დაკავებულების განთავისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იმუქრებოდნენ, რომ შეწყვეტდნენ მუშაობას. არადა, მოგეხსენებათ, დღეს ყველანაირი სამედიცინო მომსახურეობა სადაზღვევო კომპანიების ხელშია და სახელმწიფო მართლაც სერიოზული საშიშროების წინაშე დადგა", - გვითხრა ინფორმირებულმა წყარომ.
სხვათა შორის, ერთადერთი ადამიანი, ვინც ჩვენთან საუბარში ამას ადასტურებს, ისევ სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილია. გირაოს შეფარდებით მათ განთავისუფლებაზე საუბრობს დაკავებულების ადვოკატი დიმიტრი გაბუნიაც, თუმცა ის არ ამხელს, რა თანხა გადაიხადა სადაზღვევო სექტორმა დაკავებულების გამოშვებაში.
რაც შეეხება კონტროლის პალატის ახალგაზრდა, მონდომებულ ჩინოვნიკ გიორგი ალასანიას, მის მიმართ სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები მართლაც ძალიან აგრესიულად არიან განწყობილნი და, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი ფაქტების აღმოჩენაც მოახერხა, თუმცა ვინ რა საშუალებით შეძლო მისი გაჩერება, ძნელი სათქმელია.ჩვენ რამდენჯერმე ვთხოვეთ შეხვედრა გიორგი ალასანიას. მრავალი დაპირების მიუხედავად მან ეს არ ისურვა, რადგან ბოლოს უკვე სატელეფონო ზარებსაც აღარ პასუხობდა. დღეს საჯარო შეხვედრებზე ის ამბობს, რომ სახელმწიფოს არა აქვს სტანდარტები, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ამ სფეროში მიღებული მომსახურეობის შეფასება და მათ შემუშავება მიმდინარეობს. ჩვენთვის ცნობილი გახდა ასევე, რომ ამ სტანდარტების შემუშავებაზე კონტროლის პალატა სადაზღვევო ასოციაციასთან ერთად მუშაობს. 

ვინ არის დამნაშავე?

საქართველოში დაახლოებით 1,5 მილიონია დაზღვეულია. აქედან, 84% სახელმწიფო პროგრამებითაა დაზღვეული. სახელმწიფოს მიერ დაზღვეულების 90% კი "სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანებისა" და პედაგოგების დაზღვევაზე მოდის. კერძოდ, სახელმწიფო პროგრამით, ბოლო მონაცემებით 802 ათასი უმწეოა დაზღვეული, ხოლო 80,7 ათასი პედაგოგი. ექსპერტების განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის კერძო დაზღვევა მიუწვდომელია. ამიტომ სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულთა რიცხვი კიდევ უნდა გაზარდოს.
საქართველოს მოსახლეობის ორი მესამედი, დაახლოებით, 3 მილიონი ადამიანი სამედიცინო დაზღვევის გარეშეა დარჩენილი. სამედიცინო დაზღვევის გარეშე დარჩენილ ადამიანთა უმეტესობას პირველადი სამედიცინო მომსახურების მიღებისა და სათანადო ხარჯების დაფარვის შესაძლებლობაც არა აქვს. აუცილებლობის შემთხვევაში კი მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე ახლობელთა დახმარებასა თუ ბინისა და ავტომობილის გაყიდვაზეა დამოკიდებული. ამიტომაც, სადაზღვევო კომპანიების უმრავლესობას ინდივიდუალური დაზღვევის სიძვირისა და მოქალაქეთა დაბალი გადახდისუნარიანობის გამო საცალო ბაზრის ათვისების სურვილი არა აქვს.
საქართველოში ჯანმრთელობის დაცვაზე მთლიანი ეროვნული დანახარჯი მთლიანი შიდა პროდუქტის 8,7%-ია. წლიური დანახარჯი ერთ სულ მოსახლეზე 378 ლარს არ აღემატება. აქედან, ადამიანების 80% სამედიცინო მომსახურების მიღებისთვის ფულს უშუალოდ ჯიბიდან იხდის.

ავადმყოფობა - სიღატაკეს იწვევს

საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევა კონსტიტუციით არის გარანტირებული. ჯანმრთელობის დაზღვევა კი ავადმყოფობით გამოწვეული კატასტროფული ხარჯების მართვის მექანიზმია.
ფასების ზრდის პირობებში ადამიანებს უფრო და უფრო მეტად უჭირთ, მიხედონ თავიანთ ჯანმრთელობას. საქართველოში ჯერჯერობით ყველაფერი მაინც ადამიანის ჯიბის სისქესა და გავლენიან ნაცნობ-მეგობრებზეა დამოკიდებული. "ახლა ცდილობენ, სახელმწიფო კეთილ ბიძიად გამოიყვანონ და ყველაფერი კერძო სექტორს დაბრალდეს", - ასეთი კომენტარი გაუკეთა ერთმა საპატივცემულო ადამიანმა სადაზღვევოთა წარმომადგენლების სატელევიზიო დაკავებებს.
ალბათ, იმაში, რაც ხდება, ყველას თავისი წვლილი მიუძღვის - სახელმწიფოს, რომელიც არ იღებს პასუხისმგებლობის თუნდაც მცირე წილს მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე, კომპანიას, რომელსაც სურს, რაც შეიძლება, ნაკლები მომსახურეობა გასცეს, ექიმს, რომელიც ცუდად და უხარისხოდ მკურნალობს პაციენტს და ბოლოს - თავად პაციენტს,რომელსაც ხშირად დრო, სახსრები და ნერვები არ ყოფნის, რომ ბოლომდე იცოდეს საკუთარი უფლებები და იბრძოლოს მის დასაცავად.
სტატიას ერთი ექიმის ისტორიით დავასრულებთ, რომ არ იფიქროთ, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ცუდი ამბები ხდება და ექიმები და სადაზღვევო კომპანიები მხოლოდ ფულის კეთებით არიანდაკავებულები. კოლეგამ და მეგობარმა მიამბო რესპუბლიკის მთავარი ანესთეზიოლოგის, ნოდარ ლებანიძის ისტორია, რომელმაც თავად ერთ-ერთი ჟურნალისტი სიკვდილს გადაარჩინა. "ათი წლის წინათ თურმე 40 დღე არ გამოსულა ბავშვის პალატიდან, რომელიც ყველას მკვდარი ეგონა და აპარატმა რაღაც სიცოცხლის ნიშანწყალი დააფიქსირა ტვინში. არავინ იცის, როგორ, მაგრამ ნოდარ ლებანიძემ ეს პაციენტი გადაარჩინა". ასე რომ, რეალობაში კარგი ექიმები, სინდისიერი ადამიანებიც არსებობენ და ყველაფერი ფულზეარ იყიდება. მაგრამ გამონაკლისი წესს მხოლოდ ადასტურებს. იმედია, დროთა განმავლობაში ამ სფეროში არსებული მძიმე მდგომარეობა შეიცვლება.

ჟურნალისტური გამოძიება განხორციელდა დანიური საგამოძიებო ორგანიზაციის SCOOP-ის მხარდაჭერით