"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
10 ოქტომბერი, 2011
10 ოქტომბერი, 2011
ზაზა ფირალიშვილი: "ჩვენ ვართ იქ, სადაც ქრისტიანს მაცხოვრის სახელით შეუწყნარებლობისა და უსამართლობის ენაზე შეუძლია ლაპარაკი"
"რევოლუცია იმიტომაც არის მიუღებელი რამ, რომ იოლი გამოსავლის ილუზიას უჩენს ადამიანებს. რეალურად კი ჩვენ ახალი ჩაკეტილი სივრცე შევქმენით, სადაც ჩვენს უმთავრეს მტერს - პათეტიკურ ნაციონალიზმს - მეთოდურად და თანამიმდევრულად ანაცვლებს უსქესო და უნიადაგო პოლიტკორექტულობა და ლიბერტარიანიზმი. ვერც კი შევამჩნიეთ, მტერმა როგორ იცვალა სახე, სხვა ნიღბით მოგვევლინა და ახალი ჩაკეტილი სივრცის სახით როგორ გაგვიმზადა ახალი მახე", - "მთელი კვირა" გთავაზობთ დიალოგს ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილთან.
- როგორ დაახასიათებთ სივრცეს, რომელიც ჩვენ გარშემო ჩამოყალიბდა (ჩამოვაყალიბეთ)? კონკრეტულად, რა ნიშნებით გამოირჩევა ეს სივრცე? თქვენი დაკვირვებით, რაზე დგას იგი? რას ეფუძნება?
- ძალზე სიმპტომური კითხვაა. მე ვიტყოდი, რომ დღეს ამ კითხვითაა გაჟღენთილი მთელი ჩვენი ატმოსფერო. არა მხოლოდ დღეს: უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, ამ კითხვას ვუსვამთ საკუთარ თავს. იგი სრულიად განსაზღვრული განწყობილების გამომხატველია. ეს არის განწყობილება კაცისა, ვინც მთელი ცხოვრება ციხეში გაატარა და როცა გათავისუფლდა, თავდაპირველი ენთუზიაზმისა და სიხარულის შემდეგ აღმოაჩინა, რომ თავისუფლების სამყარო სრულიადაც არ ჰგავს იმას, რასაც ელოდა; რომ მის იმედებსა და ილუზიებს იოლი აღსრულება არ უწერია და რომ სინამდვილე გაცილებით ულმობელი და თანაგრძნობას მოკლებულია, ვიდრე წარმოედგინა. ბუნებრივია, მას გაუჩნდეს კითხვა: სად ვიმყოფები მე და რა მელის? ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი კითხვა ნებისმიერი ადამიანისა და საზოგადოებისათვის: შეჩერდე და მცირე ხნით მაინც გაუცხოებული ამ თვალით შეხედო შენს ცხოვრებას. ეგ არის, ზომაზე მეტად არ უნდა გაგიჭიაუნურდეს ეს მდგომარეობა. როგორც მგონია, ჩვენ ეს კრიტიკულად გაგვიჭიანურდა - მას შემდეგ, რაც სოხუმი დაეცა, მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ უმძიმესი ტრამვა მიიღო და ამ კითხვის წინაშე აღმოჩნდა.
ახლა თავად ამ კითხვის შესახებ: ჩვენ ვიმყოფებით იქ, სადაც ადამიანებს ფატალურად გვაკლია დიალოგისა და საერთო სასიცოცხლო სივრცის შესაქმნელად თანამშრომლობის უნარი; ჩვენ ვიმყოფებით იქ, სადაც განუხრელად ბატონობს საზრისის დიქტატურის პრინციპი; სადაც ადამიანები და ადამიანთა ჯგუფები თავს დებენ, რომ ქვეყნის განვითარების ერთადერთი შესაძლო ჭეშმარიტი საზრისის მატარებლები არიან და სხვებთან დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობას ვერ გრძნობენ; ჩვენ ვართ იქ, სადაც ლიბერალები და ტრადიციონალისტები ერთმანეთს ბოროტების აგენტებად განიხილავენ და არა იმ არსებებად, რომლის არსებობის უფლებაც, გსურს თუ არა, უნდა აღიარო. ჩვენ ვართ იქ, სადაც ქრისტიანს მაცხოვრის სახელით შეუწყნარებლობისა და უსამართლობის ენაზე შეუძლია ლაპარაკი და ქვეყნის აღმშენებლობის გზად მიიჩნევს არა რაციონალიზმსა და შრომას, არამედ ესოდენ მომრავლებულ "მსვლელობებს". მის საპირისპიროდ, ლიბერალი მიიჩნევს, რომ სიტყვის თავისუფლების დაშვებას მაშინ ექნება საზრისი, როცა ქვეყანას არალიბერალური აზროვნებისაგან და ურთიერთობათა ტრადიციული ფორმებისაგან გაათავისუფლებს, სადაც იმავე ლიბერალს ისე შეუძლია ქვეყნის მოდერნიზაციას მოჰკიდოს ხელი, რომ ჩვენი სულიერების ენერგიისა და მისთვის საკუთრივი ფორმების შემუშავებაზე არც იფიქროს, განსხვავებულ აზრს პოლიტკორექტულობად წოდებული საინფორმაციო-ლიბერალური ტერორით ებრძოლოს. გაიხსენეთ, უკვე რამდენი ლიბერალური პროპაგანდისტული "შედევრი" მიეძღვნა რელიგიური გრძნობების, ეროვნულ სულიერებაზე ლაპარაკისა და სხვა მისთანათა წინააღმდეგ ბრძოლას. მაგალითების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლებოდა. ეს ყველაფერი ჩვენი მოცემულობაა და სწორედ ეს ყველაფერი ქმნის იმ მსოფლმხედველობრივ ქაოსს, რომელიც ასე გვაშინებს. ხშირად ვიხსენებ მამარდაშვილის ცნობილ გამონათქვამს რუსულ საზოგადოებაზე: ეს არის საზოგადოება, რომელიც საკუთარი წარსულიდან გამოცდილებას ვერ იძენსო. მსოფლმხედველობათა ამგვარი ხისტი დაპირისპირების პირობებში ჩვენც ვერ შევიძენთ რაიმე გამოცდილებას და ვერ შევძლებთ ჩვენს ცხოვრებაში რაიმე სიცხადის შეტანას, რადგან იმთავითვე გამოვრიცხავთ დიალოგს, როგორც ერთიან საზოგადოებად ჩამოყალიბების გზას. საბოლოოდ, ჩვენ ვართ იქ, სადაც ნებისმიერი მსოფლმხედველობა - იქნება ეს რელიგიური, ნაციონალისტური თუ ლიბერალური - დიალოგის უნარის უქონლობის გამო იოლად ეძლევა ექსტრემიზმის ჰიპნოტურ ხიბლს და ტვირთად აწვება განსხვავებული აზრის ადამიანებს.
შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ სადმე იდეალურადაა საქმე. იქ, სადაც ლიბერალიზმი პოლიტკორექტულობის დიქტატმა ჩაანაცვლა, "მარადიულ ადამიანურ ღირებულებებზე" საუბარი შეუძლებელია. სწორედ ამის გამო ამბობს ბოდრიარი, რომ გლობალიზაცია, როგორც ძალადობრივი ფენომენი, როგორც "ტექნოლოგია, ბაზარი, ტურიზმი და ინფორმაცია", სპობს იმას, რაც მისი უმნიშვნელოვანესი მსოფლმხედველობრივი წანამძღვარი იყო: უნივერსალურ ღირებულებებს.
მეორე მხრივ, ჩვენ ვართ იქ, სადაც ამ კითხვას სვამენ და, მაშასადამე, ესმით, როგორი არანორმალურია ეს მდგომარეობა. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ საკმარისი ენერგია გაგვაჩნია, საკმარისი სასიცოცხლო ძალები, რომ იოლად არ შევეგუოთ ყველაფერ ამას და გამოსავალი ვეძიოთ. მთავარი ჩვენს სიტუაციაში სწორედ ეს არის და არა მდგომარეობის სირთულე.
- ჩვენი მენტალობის თავისებურებებზე ვისაუბროთ. დავიწყოთ მისი ყველაზე პრობლემური ნიშნით: საბჭოური, ტოტალიტარული აზროვნების თემით. კონკრეტულად, სად იჩენს თავს ეს პრობლემა და რა ტიპის გავლენას ახდენს იგი ჩვენი მომავლის ფორმირებაში?
- უკვე ბევრჯერ ითქვა, რომ საბჭოეთმა მემკვიდრეობით დაგვიტოვა ფორმები, რომელსაც ჩვენ დღეს სხვადასხვა შინაარსით ვავსებთ - იქნება ეს რელიგიური, ლიბერალური, პატრიოტული თუ რაიმე სხვა. საბჭოეთმა დაგვიტოვა რწმენა, რომ ვიღაც სადღაც შეიძლება ფლობდეს ერთადერთ შესაძლო ჭეშმარიტებას. ყველაზე მძიმე კი, რაც საბჭოეთმა ქართველებს დაგვიტოვა, ძალაუფლების სტალინური არქეტიპია. ძალაუფლება ჩვენს ცენტრალურ იდეად იქცა - არა სიმართლე, არა სამართლიანობა, არამედ ძალუფლება. როდესაც ძალაუფლების ეს იდეა ერთადერთი შესაძლო ჭეშმარიტების ფლობის ილუზიას ერწყმის, ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ. ჩვენ დღესაც ყველაფერს, თავად ჭეშმარიტებას და მაცხოვრის სახელსაც კი ძალაუფლების ინსტრუმენტად ვიყენებთ. მართალია, არ გვიყვარს, როდესაც ვიღაცა ჩვენზე ძალაუფლებას მოიპოვებს, მაგრამ გვესმის მისი - მანკიერი, ტრადიციული გაგებით გვესმის. სადო-მაზოხისტური ვერტიკალიც ბუნებრივად აიგება და სწორედ ესაა საბჭოთა მენტალიტეტის შედეგად მიღებული საბჭოეთი. ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ შეიძლება ჰორიზონტალური კავშირებით თანაარსებობა. ისტორიამ არ გვაცალა, ეს გაგვეგო. ამიტომაც ვაგებთ ვერტიკალურ კავშირებს მაშინაც კი, როდესაც ეს უაზროა. ეს ვერტიკალური კავშირები იქცა მებიუსის იმ სიბრტყედ, რომელზეც დაუსრულებლად დავდივართ და თავი ვერ დაგვიღწევია. წარმოიდგინეთ კალეიდოსკოპი, რომელიც, როგორც უნდა დაატრიალო, მუდამ ერთსა და იმავე ფიგურას იძლევა. ძალაუფლების ჩვენეული იდეა სხვა ფიგურას ვერც მოგვცემს. სწორედ ეს ფიგურაა საბჭოეთი, რომელსაც ხან რელიგიურობას ვეძახით და ხან ლიბერალიზმს.
- ასეთი გამოცდილების გათვალისწინებით - როცა, როგორც თქვენ ამბოთ, განუხრელად ბატონობს საზრისის დიქტატურის პრინციპი; როცა ჩვენს მენტალობაში ძალაუფლების სტალინური არქეტიპი ბატონობს, სად რჩება სივრცე საღი აზრისთვის - თუკი იგი, საერთოდ, არსებობს? შესაბამისად, სად ჩნდება ამ ჩიხიდან გამოსვლის პერსპექტივა?
- ცხადია, არსებობს. ნებისმიერ, უმძიმეს გარემოებებშიც კი არსებობს საღი და პატიოსანი აზროვნების სივრცე. მხოლოდ ჯოჯოხეთია ისეთი ადგილი, სადაც საკუთარ უგუნურებას თავს ვეღარ დავაღწევთ და სამარადისოდ მასთან ერთად მოგვიწევს ყოფნა.
ჩვენი მთავარი პრობლემა კომუნიკაციების პრობლემაა. ცალკეული ქართველი კაცი გონიერიც არის და ნიჭიერიც, რამდენიმე ერთად შევიყრებით და ერთიან ძალისხმევას ვახმართ არა ამ გონიერებისა და ნიჭიერებისათვის ასპარეზის მიცემას, არამედ სულ სხვა რამეს, ხშირად სრულიად გაუგებარი პირობითობების დაცვას, სრულიად ირაციონალური საკომუნიკაციო სისტემის შექმნას. ჩვენ გვაქვს ურთიერთობათა კრიტერიუმების პრობლემა, სამართლიანობის პრობლემა სხვა ადამიანთან და საკუთარ თავთან მიმართებით. გადაჭარბებულად აღვიქვამთ სოციალური ნიღბის როლს და ყველაფერს ვაკეთებთ მის მოსაპოვებლად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ სივრცეს ყველანი ვატარებთ ცალ-ცალკე, მაგრამ ერთად გვიჭირს მისი შენარჩუნება. ამიტომაც მგონია, რომ, უპირველეს ყოვლისა, სამართლიანობაზე დაფუძნებული ერთად ყოფნა უნდა ვისწავლოთ. შხვაგვარად, ის მადლი, რომელიც უფალმა გვიბოძა ცალკეულთა უნარიანობის სახით, გამოუყენებელი დაგვრჩება. ამას კი დრო სჭირდება, ისტორიული პრაქტიკა სჭირდება. ერთბაშად არაფერი მოდის.
მოდი, საკითხს ასე დავსვამ: წმინდა პრაგმატული აზრით რატომ არის კარგი დემოკრატია? პირველ რიგში, იმიტომ, რომ უზრუნველყოფს ცალკეულთა უფლებას, საკუთარი სასიცოცხლო გარემოს შექმნაში მიიღოს მონაწილეობა. მაგრამ ამგვარი მონაწილეობისათვის ამ ცალკეულმა საკუთარი თავი უნდა განიხილოს გონიერ და ზნეობრივ არსებად და სამართლიანობისა და საღი აზრის რაღაც მინიმუმი უნდა დაიცვას სხვა ადამიანებთან და საკუთარ თავთან მიმართებით. თუ დემოკრატია არ აიგება სამართლიანობისა და სიმართლის ერთობლივი ძიების წყურვილზე; თუ მას მხოლოდ ჩვენი ეგზალტირებული პოლიტიკური ვნებების გამოსახატად, ერთგვარი კოლექტიური თრობისათვის ვიყენებთ, იგი ავტორიტარიზმს, კიდევ უარესი, ტოტალიტარიზმს შობს, ანუ შობს იმ ჩაკეტილ სივრცეს, წეღან ჯოჯოხეთს რომ შევადარე. ჩვენს თავისუფლებას თითქოს ჯერ კიდევ საგანგებოდ მივმართავთ იქეთ, რომ ამგვარი ჩაკეტილი სივრცე შევქმნათ.
2003 წლის მოვლენები, მნიშვნელოვანწილად, რეაქცია იყო ამგვარი ჩაკეტილობის წინააღმდეგ. მაგრამ მოხდა ის, რაც ხშირად ხდება კაცობრიობის ისტორიაში: ყველა უბედურების მიზეზად შევარდნაძე და მისი გარემოცვა მივიჩნიეთ და გვეგონა, მათი წასვლა საკმარისი პირობა იქნებოდა ჩვენი განახლების დასაწყებად და საკუთარ თავში ბოროტების დასამარცხებლად. რევოლუცია იმიტომაც არის მიუღებელი რამ, რომ ასეთი იოლი გამოსავლის ილუზიას უჩენს ადამიანებს. რეალურად კი ჩვენ ახალი ჩაკეტილი სივრცე შევქმენით, სადაც ჩვენს უმთავრეს მტერს - პათეტიკურ ნაციონალიზმს - მეთოდურად და თანამიმდევრულად ანაცვლებს უსქესო და უნიადაგო პოლიტკორექტულობა და ლიბერტარიანიზმი. ვერც კი შევამჩნიეთ, მტერმა როგორ იცვალა სახე, სხვა ნიღბით მოგვევლინა და ახალი ჩაკეტილი სივრცის სახით როგორ გაგვიმზადა ახალი მახე. ასე მოხდება მანამ, სანამ ჩვენ ჩვენი ყოველწუთიერი ძალისხმევისა და სიფხიზლის ფასს არ გავიაზრებთ კარგად. თქვენ მიერ ნახსენები სივრცის გახსნილობა ჩვენი ძალისხმევის გარეშე არ მიიღწევა.
- საუბრისას თქვენ შენიშნეთ: „ჩვენ ვართ იქ, სადაც ქრისტიანს მაცხოვრის სახელით შეუწყნარებლობისა და უსამართლობის ენაზე შეუძლია ლაპარაკი“. არაერთ შემთხვევაში, სწორედ ამ ენაზე საუბრობენ ჩვენს ქვეყანაში სასულიერო პირები. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით? რას უკავშირებთ ამ პრობლემას და შეიძლება თუ არა, მას კრიზისი ვუწოდოთ? და, თუ ეს მართლაც კრიზისია, მაშინ კონკრეტულად, სად არის პრობლემა? იგი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღშია თუ ზოგადად, ქრისტიანობაში გაჩნდა ეს წინაღობა?
- ზოგადი პრობლემაა და, სამწუხაროდ, გვერგო ჩვენც. რელიგიური ნაციონალიზმი, როგორც პასუხი გლობალიზაციის პროცესზე, რომელიც კულტურული, რელიგიური და ნაციონალური ერთეულების წინააღმდეგ მიიმართება, მთელს მსოფლიოში იჩენს თავს უკვე გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან. რელიგიები გეოპოლიტიკისა და მსოფლიო შეთქმულების ენაზე იწყებენ საუბარს და ამით საკუთრივ თეოლოგიური აზროვნების სივრცეს ტოვებენ. ამას ბევრი მოაზროვნე რელიგიათა სეკულარიზაციას უწოდებს. სამწუხაროდ, მსგავსი პროცესი შეინიშნება ჩვენთანაც. ამასთან, გლობალიზაცია უპირისპირდება არა მხოლოდ რელიგიებსა და კულტურებს, არამედ იმ ღირებულებებსაც, რომლებსაც დღესაც უნივერსალურ ადამიანურ ღირებულებებად ასახელებენ და, გავიმეორებ, ლიბერალიზმს მისი კარიკატურული ორეულით, პოლიტკორექტულობით ანაცვლებს. გლობალიზაცია ერთიანი საკომუნიკაციო სივრცით შეკრული კაცობრიობის იდეაზე აიგება. ყოველი ცალკეული და ერთეულოვანი ამ პროცესისათვის ხელისშემშლელი ძალაა. ასეთივე ხელისშემშლელია უნივერსალური ღირებულებებიც. იგი მექანიკური გარდუვალობით მოქმედებს. მისი შეჩერება შეუძლებელია, რადგან, გვსურს თუ არა, ჩვენი არსებობის ყველა უჯრედს იკავებს. ამ დროს დიდია ცდუნება, ადამიანებს თვითიზოლაციისაკენ მოუწოდო. და რელიგიური ნაციონალიზმი სწორედ ამას აკეთებს - ანუ მოუწოდებს იქეთ, რაც იმთავითვე შეუძლებელია. იმის ნაცვლად, რომ ძალისხმევა იქეთ წარმართოს, რომ აღიაროს ახალი, გლობალური სამყაროს დადგომის ეპოქა და ამ ახალ ვითარებაში შეეცადოს დამკვიდრებას საკუთარი შემოქმედებითი ძალების ხარჯზე. შეუძლებელია, მთელი კულტურა მთელი დანარჩენი სამყაროსაგან იზოლირებულ არსებად აქციო. ამით უკვე სასიკვდილოდ სწირავ მას. როგორც ჩანს, უფალი რაღაც სხვას მოითხოვს ჩვენგან, მოითხოვს მთელი ჩვენი გულისა და გონებისა დაძაბვას საიმისოდ, რომ გარდუვალ პროცესებს კი არ გავექცეთ, არამედ სწორედ ამ ახალ პირობებში შევინარჩუნოთ ჩვენი მრწამსი. შეუძლებელია, მთელ ერს გარშემო ქონგურებიანი გალავანი შემოავლო. ამით მხოლოდ საკუთარ უმწეობას ვადასტურებთ. ეს გალავანი კი უკვე ის ვეშაპი შეიძლება აღმოჩნდეს, რომელმაც გაქცეული იონა შთანთქა.
უცნაურ ეპოქაში ვცხოვრობთ: რელიგიური მოაზროვნეები იონას გზას ადგებიან. ყოფილი ლიბერალები "გლობალურის ძალადობის" აგენტებად გვევლინებიან.
როგორც ჩანს, სულ ორიოდე ათეულ წელში ჩვენც და სხვებიც შევძლებთ გლობალიზაციის პროცესებთან ადაპტირებას და, როგორც ამას უწოდებენ, გლობალურ ძალადობასთან გამკლავებასაც. რწმენა არ არის იოლი რამ. სამყარო მუდმივად იცვლება და ახალ ახალი ნიღბებით გვევლინება. ჩვენც მუდმივ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ ამ ახალი ნიღბების დასახვედრად და სწორედ ამით დავადასტურებთ ჩვენს რწმენას. ქონგურებიანი გალავნების მიღმა ვერც სხვას და მით უფრო, ვერც საკუთარ თავს ვერ დავემალებით. ეს გალავნები, ვფიქრობ, მაინც პირველი გაუცნობიერებელი რეაქციაა გლობალიზაციის მსოფლიო პროცესზე.