02 мая, 2011

სხვების სამართავი ქვეყანა: ცვლილება ვაშინგტონის ალგორითმით თუ ტუნისი?

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
2 მაისი, 2011


ზაზა შათირიშვილი: "თუკი აქ ტუნისი მოხდება, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით საქართველო სად აღმოჩნდება, არავინ იცის"

"არსებული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, შეუძლებელია, რაღაც არ მოხდეს. ოღონდ, აქ ორი ვარიანტია გასათვალისწინებელი: ან მოხდება მიზანმიმართულად - და ამის მიზანმიმართულად გაკეთება დღეს მხოლოდ ამერიკას შეუძლია (რუსეთი გარედან უყურებს მოვლენებს); მეორე ვარიანტი კი არის ტუნისი.
ჯობს, ეს მართვადი სახით მოხდეს და ეს მოხდეს სწორედ ვაშინგტონის ალგორითმით, ვიდრე მოხდეს ტუნისივით - იმიტომ, რომ ტუნისი შეიცავს დიდ რისკს", - "მთელ კვირას" ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ესაუბრება.

- სიტუაცია ჩიხურია. ამ რევოლუციურ სიტუაციას ორი ფაქტორი - გეოპოლიტიკური და ეკონომიკური - განაპირობებს.
- გეოპოლიტიკურ ფაქტორში რას გულისხმობთ?
- ჩვენი მდგომარეობა თითქოს გარკვეულია: ამერიკასთან ვართ. მაგრამ, ამავე დროს, დღითიდღე ეცემა ამერიკის რეიტინგი. ეს, სხვათა შორის, არასტაბილურობის ერთ-ერთი ფაქტორია - იმიტომ, ამერიკას საქართველოზე მართლაც დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული. დიდი იმედი მაქვს, რომ მას ეს პასუხისმგებლობა რაღაცნაირად გააზრებული აქვს; გააზრებული აქვს, რომ მისი რეიტინგი არის ძალიან დაბალი.
პარალელურად, პარადოქსული ვითარება იქმნება: მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, თვალსა და ხელს შუა, პრორუსული გახდა. რუსეთი მოვლენებში არ ერევა, და მისი რეიტინგი იზრდება.
- მოსახლეობის პრორუსულ განწყობებზე საუბრისთვის, კონკრეტულად, რა საფუძველს ხედავთ?
- რიგითი ადამიანებისგან, უბრალო ხალხისგან ამას ძალიან ხშირად ვისმენ. ამბობენ, - ამერიკამ რა გაგვიკეთა; რუსეთში კი ჩვენს კულტურას მაინც არავინ ერჩოდაო. ასეთი განწყობები ოთხი-სუთი წლის წინ ნამდვილად არ იყო.
უცნაურია, მაგრამ ამ ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ანტიამერიკული გახდა. ახლა, ნატოს-თან დაკავშირებით ობიექტური რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, მე არ ვიცი, რა შედეგი იქნება. ესეც არასტაბილურობის ფაქტორია.
შეიძლება, თქვა, რომ რუსეთის აგენტებით არის გამოტენილი ყველაფერი. თუკი ასეა, ე.ი., ესეც არასტაბილურობის ნიშანია. და თუ მიგაჩნია, რომ რუსეთი ყოვლისშემძლეა, ე.ი., ამერიკას არაფერი შეუძლია. ასეც არ არის, ხომ?
ამ ფონზე, ხელისუფლების რუსული არგუმენტი იმდენად გაუფასურდა, რომ იგი იწვევს აბსოლუტურად ირონიულ დამოკიდებულებას. და უკვე რუსეთის მხრიდან საფრთხეს, რომელიც რეალურად არსებობს, ხალხი ვეღარ ხედავს. ესეც არასტაბილურობის ნიშანია.
აქედან გამომდინარე, დღეს ამერიკის ადმინისტრაციას ეკისრება ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ვინაიდან ჩვენ ამერიკის გავლენის სფეროში ვართ, მან ისე უნდა მოახერხოს ამ ხელისუფლების დემონტაჟი, რომ ამან სერიოზული რყევები არ გამოიწვიოს. ვფიქრობ, რომ მას ეს ამოცანა შეგნებული აქვს - თუმცა, მგონია, რომ მან შეუძლებელი უნდა შეძლოს.
- ზემოთ აღნიშნეთ, რომ ჩიხური სიტუაცია უკავშირდება ამერიკის რეიტინგის დაცემასაც. თქვენი დაკვირვებით, შტატების მხრიდან წამოსული ბოლოდროინდელი მესიჯები რას ნიშნავს?

- ეს ნიშნავს სწორედ იმას, რომ აქ რაღაცის შეცვლა უნდათ. ჯონ ბასის, ჰილარი კლინტონის, ადმინისტრაციის განცხადებები სწორედ ამაზე მიანიშნებს. უკვე შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ ისინი იწყებენ მოქმედებას. კიდევ სხვა ნიშნებიც არის - კულუარული, რომელიც ჟონავს. უბრალოდ, ამაზე საუბარი არ მინდა.
რუსეთმა კი თითქოს ხელები დაიბანა, გარედან უყურებს მოვლენებს და ამერიკას ეუბნება: "აბა, მიდი, რას გააკეთებ".
- ანუ, რუსეთმა ამ ეტაპზე დათმო?
- მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ეტაპზე პოზიციურად დათმო. როგორც ვხედავ, ოპოზიციას არ აფინანსებს. ამას ემატება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი - ჩამოყალიბებული ოლიგარქიული სისტემა, რომელიც სწორედ არასტაბილურობის განცდას იწვევს: მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მას არ შეუძლია, პროცესებზე ზეგავლენა მოახდინოს. და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია: მას არ შეუძლია, უბრალოდ, იცხოვროს, იარსებოს. ფინანსური წყაროები მთლიანად ხელისუფლების ხელშია.
თუკი გამსახურდიასა და შევარდნაძის რეჟიმების დროს ოპოზიციას ბიზნესი აფინანსებდა და ეს მას მოქმედების გარკვეულ შესაძლებლობებს უქმნიდა, ახლა ბიზნესი და ხელისუფლება, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა. საიდან უნდა შემოვიდეს ფული? უცხოეთიდან. რუსეთს შეეძლო, გარკვეული დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით, ოპოზიციისთვის ფული მიეცა, მაგრამ ეს ფული არ ჩანს.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დიდი ხანია, ჩვენ აღარ ვართ პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც თვითონ განსაზღვრავს ძალთა შორის ბალანსს. გვაქვს ერთი პოზიცია. ეს პოზიცია სხვადასხვანაირად შეიძლება აღიწეროს: შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ სატელიტი ქვეყანა ვართ; ან - ბლოკში ვართ ამერიკასთან. ეს, პრინციპში, სურათს არ ცვლის. ფაქტია, რომ ცალ მხარეზე ვართ. თანაც, რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობაში საქართველო წარმოადგენს გარკვეულ გამაღიზიანებელ ფაქტორს, რომელსაც ორივე მხარე იყენებს. რა თქმა უნდა, მისი ფასი ისეთი მაღალი აღარ არის, როგორიც იყო 2008 წელს, მაგრამ მაინც რაღაც დარჩა. ასეა თუ ისე, მათი ურთიერთობის გადატვირთვის მიუხედავად, საქართველო ყოველთვის რჩება ფაქტორად ამ ურთიერთობაში. ასე რომ, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში ჩვენ ვართ არა უბრალოდ მსხვერპლი, არამედ ფაქტორიც, რომელიც გვიჩვენებს ინტერესთა განსხვავებულობას. არადა, ბალანსის პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ შენ რაღაც საერთო უნდა მოძებნო ორ დაპირისპირებულ ძალას შორის.
არჩევანი ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, აქვთ ორი: ან აწარმოოს დამოუკიდებელი პოლიტიკა, რომელიც გულისხობს ბალანსს და მუდმივ თამაშს, ან დადგეს ერთ მხარეზე. ერთ მხარეს დადგომა, გარკვეული აზრით, ჩიხია. ახლა გამოჩნდა, რომ ჩიხია - იმიტომ, რომ მეორე მხარემ - რომელიც მეზობელია, საცობი დაუცო. და შენ ვეღარ კვებავ საკუთარ თავს. რა უნდა ქნა? ვაშლს  ევროკავშირში ხომ არ გაიტან?
- ჩიხის, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ეკონომიკური ფაქტორი ამაში გამოიხატება?
- ცხადია. ეკონომიკური სტაბილურობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს სტაბილურობის განცდა. ეკონომიკა არ არის ისეთი სრულიად ობიექტური მოვლენა, როგორიც, ვთქვათ, ასტრონომიაა. მასში ადამიანების განცდები, ვნებები მონაწილეობს. ანუ, მონაწილეობს სუბიექტური ფაქტორი. რაც უნდა კარგი იყოს მშპ, თუკი სტაბილურობის განცდა არ მაქვს, ე.ი., არასტაბილური სიტუაციაა. ფსიქოლოგიურ ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს "სუბიექტურად ობიექტური" ფაქტორია.
მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, პრაქტიკულად, შიმშილის ზღვარზეა. შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში დაძაბული ურთიერთობა იყო რუსეთთან, მაგრამ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქცია მაინც გადიოდა. დაძაბულობის მიუხედავად, მეზობლებს შორის ურთიერთობა, გარკვეულწილად, მაინც გრძელდება. ახლა კი, ამ ურთიერთობას რუსეთმა თავისი მხრიდან საცობი დაუცო. ის ეკონომიკური ალტერნატივები, რასაც ხელისუფლება ვითომ ეძებს, არ მუშაობს - ვხედავთ, რომ ინვესტიციებს არავინ აბანდებს. არაფერი ხდება. სწორედ ეს იწვევს, ერთდროულად, ეკონომიკურ-გეოპოლიტიკურ ჩიხს. აქედან გამოსვლა ძალიან რთულია. გამოდის, რომ როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირი ინახავდა კუბას და ვიეტნამს, ისე გვინახავს ამერიკა. ძალაუნებურად, ინახავს ხელისუფლებასაც. ამავე დროს, საჭიროა რაღაცის შეცვლა. მილიონები, რომელიც შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთვის გამოყო, რა თქმა უნდა, იმის ნიშანია, რომ მას რეჟიმის თანდათანობით ლიბერალიზაცია უნდა: ოლიგარქიიდან დემოკრატიაზე გადაყვანა. ვნახოთ.
ცვლილება საჭიროა არამარტო იმის გამო, რომ ამერიკის რეიტინგი დაეცა, არამედ სწორედ ამ არასტაბილურობის გამო - რადგან მართლაც შეიძლება, ყველაფერი მოხდეს. და, თუკი აქ ტუნისი მოხდება, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით საქართველო სად აღმოჩნდება, არავინ იცის.
- ეს, თქვენი აზრით, რეალური საფრთხეა?
- არსებული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, შეუძლებელია, რაღაც არ მოხდეს. ოღონდ, აქ ორი ვარიანტია გასათვალისწინებელი: ან მოხდება მიზანმიმართულად - და ამის მიზანმიმართულად გაკეთება დღეს მხოლოდ ამერიკას შეუძლია. როგორც უკვე ვთქვი, რუსეთი გარედან უყურებს მოვლენებს. მას აქვს იმის ფუფუნების უფლება, რომ არ ჩაერიოს. მეორე ვარიანტი კი არის ტუნისი.
ჩამოშლა, სპონტანური ბუნტი ან რაღაც ასეთი, რა თქმა უნდა, შეცვლის გეოპოლიტიკურ სიტუაციას. ჩვენ ან დავუბრუნდებით შევარდნაძის პერიოდს - მუდმივი თამაშის პერიოდს (და, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს იქნება, ალბათ, ყველაზე კარგი ვარიანტი), ან კიდევ: დიდია ალბათობა იმისა, რომ რუსული მიზიდულობის ველში აღმოვჩნდეთ. ჩინეთში ხომ არ წავალთ? არის ორი ძალა, ხომ? რა თქმა უნდა, ირანის ფაქტორიც არის, მაგრამ - არა ძირითადი. ირანით შეგიძლია ივაჭრო და ითამაშო, როგორც ამერიკასთან, ასევე, რუსეთთან. და, ასევე, თურქეთთან.
ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ეშინია სპონტანური ჩამოშლის და იძახის, რომ ჩვენთან ტუნისი არ მოხდება. ჩვენ კი ვიცით, რომ რაც უფრო ისტერიულად იძახი, არ მოხდებაო, ე.ი., მით უფრო გეშინია. ცოტა ფსიქოანალიზი ჩვენც ვიცით...
- ამ ფონზე,  რამდენად ხედავთ შტატების ინტერესს, კვანძი გახსნას სწორედ რევოლუციამ?
- თუკი კვანძს რევოლუცია გახსნის და რევოლუციის შედეგად მოსული ძალები ამერიკასთან ითანამშრომლებენ, ამერიკა ყველაფერს "გააპრავებს".
- ასეთი პერსპექტივის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- მიმაჩნია, რომ ჩემი ქვეყნისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი არის ბალანსის პოლიტიკა. მაგრამ ეს რისკია. და მე არ მინდა, რომ ეს ქვეყანა იყოს რომელიმე ძალის სატელიტი. მე მინდა, რომ მას შეეძლოს არჩევანი. და თამაში. დამოუკიდებლობა სწორედ ეს არის. მაგრამ ამის გაკეთება დღეს ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, მოხდეს ხელისუფლების რაღაცნაირი დემონტაჟი და მოხდეს ეკონომიკის ლიბერალიზაცია, მაგრამ ეკონომიკის ლიბერალიზაცია რუსეთთან გარკვეულ ურთიერთობას გულისხმობს.
- ყველა შემთხვევაში?
- ყველა შემთხვევაში. ჯობს, ეს მართვადი სახით მოხდეს და ეს მოხდეს სწორედ ვაშინგტონის ალგორითმით, ვიდრე მოხდეს ტუნისივით - იმიტომ, რომ ტუნისი შეიცავს დიდ რისკს.
ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია რუსეთის ფაქტორის გარეშე არ მოხდება. სხვა შემთხვევაში, არის ერთადერთი ვარიანტი - ვიყოთ საუდის არაბეთივით: როცა ელიტა არის პროამერიკული, ხალხი კი ანტიამერიკულია. მაგრამ საუდის არაბეთში ხალხს არ აქვს დესტაბილიზაციის განცდა. ეს ორუცნობიანი ამოცანაა: როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ვიყოთ პროამერიკელები და, ამასთანავე, სტაბილურობის განცდა არსებობდეს. მაშინ, კი ბატონო, იყოს ეს ქვეყანა ფუნდამენტალისტური. მაგრამ ამერიკისთვის, ირანისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველო გარკვეული ტიპის პრობლემაა. ჯერ ერთი, რატომ უნდა დავთმო ეს ტერიტორია, თუკი იგი ჩემი გავლენის სფეროა?
- თქვენი დაკვირვებით, არჩევნებამდე დრო არ ითმენს?
- არ ვიცი. ხალხში დესტაბილიზაციის განცდა რომ არ იყოს, მაშინ, ჩემი აზრით, სააკაშვილის რეჟიმი იმდენივე ხანს იქნებოდა, რამდენიც მუბარაქის იყო. და ამერიკა ხმას არ ამოიღებდა ამაზე.
- ანუ, საფუძველს რევოლუციისთვის ხედავთ?
- მე ვხედავ არასტაბილურობის განცდას.
- საიდანაც აფეთქება გარდაუვალია?
- სწორედ ეს არის პრობლემა. რევოლუცია უკმაყოფილებიდან იბადება. საფრთხე მართლაც არსებობს.
- და ამ პროცესზე პასუხისმგებლობა "ქართულმა პარტიამ" უნდა იტვირთოს? კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ სწორედ ისინი იღებენ პასუხისმგებლობას.
- მიმაჩნია, რომ კიწმარიშვილს ეს არ შეუძლია - ისევე, როგროც არ შეუძლია არავის. სიტუაციის მართვა შეუძლია ერთადერთ ძალას (შეიძლება, ვცდები და ესეც დაგვიანებულია) - ამერიკას - იმიტომ, რომ ის ფლობს გარკვეულ ბერკეტებს ხელისუფლებაზე და, უბრალოდ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას ფულს აძლევს. ასე რომ, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ამ სიტუაციაში ამერიკას ეკისრება. მოგვწონს თუ არა, ეს ობიექტური რეალობაა. აქედან გამომდინარე, მირჩევნია, რომ ეს მოხდეს გარკვეული ალგორითმით და ეს განახორციელოს ვაშინგტონმა - რა თქმა უნდა, ქართველი საზოგადოების თანამონაწილეობით.
- მხოლოდ თანამონაწილეობით?
- ... მე იმას ვხედავ, რომ ვინც ხუთი წლის წინ პროამერიკელი იყო, დღეს ის პროამერიკელი აღარ არის. მაგრამ დღეს რუსები რომ შემოვიდნენ, ყველანი რუსების წინააღმდეგ გაერთოანდებიან, ამერიკის რეიტინგი კი გაიზრდება. მაგრამ რუსები არ შემოდიან. ანუ პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ რაც უფრო არ ერევა რუსეთი, მით უფრო იზრდება მისი რეიტინგი.
მე მაინც ვფიქრობ, რომ ვაშინგტონს საქართველოს წინაშე გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს, ან - იმის წინაშე, რაც საქართველოსგან დარჩა. აქედან გამომდინარე, რაღაც უნდა გააკეთოს.
ახლა არის ძალიან საინტერესო სიტუაცია: ხალხი არ გამოდის, მაგრამ წრე ვიწროვდება. და რაღაც მომენტში დაარტყამს. როგორ დაარტყამს? ეს იქნება დარტყმა მართვადი, თუ უმართავი? ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
მე პრობლემას რევოლუციის დაანონსებაში არ ვხედავ; მე პრობლემას ვხედავ არასტაბილურ სიტუაციაში. ყველაზე სერიოზული აჩრდილი - ეს არის სპონტანური ჩამოშლის, როგორც სააკაშვილი იტყოდა, ანუ - ტუნისის აჩრდილი. და შემდეგ რა ძალები მოვლენ, ვფიქრობ, არ უნდა იყოს რთული მისახვედრი: ისინი შემთხვევითი ძალები იქნებიან - როგორც ყოველთვის ხდება ასეთ სიტუაციაში. და თუ ეს მოხდება, ამ შემთხვევით ძალებს ექნებათ მკვეთრად ნაციონალურ-მართლმადიდებლური შეფერილობა. შეძლებს თუ არა ამ შემთხვევაში ვაშინგტონი ამათთანაც თანამშრომლობას? როგორც ვხედავთ, თანამშრომლობის თვალსაზრისით, ვაშინგტონს ამოუწურავი რეზერვი აქვს. ვნახოთ. ესეც ერთ-ერთი ვარიანტია. ასეთ სიტუაციაში რუსეთის ფაქტორი, რა თქმა უნდა, გაიზრდება. მაგრამ პარადოქსი იქაც გაგრძელდება: რაც უფრო ჩაერევა რუსეთი, მისი რეიტინგი უფრო დაეცემა. არ ვიცი, რამდენად კარგად აქვთ ეს გააზრებული მოსკოვში, მაგრამ მგონია, რომ ამ ეტაპზე ეს გააზრებული აქვთ.
პრობლემა საკუთრივ მიშას პიროვნებაში ნამდვილად არ არის. თუ არის, მხოლოდ ნაწილობრივ. კადაფი ბოლო პერიოდში მშვენივრად თანამშრომლობდა ევროპასთან.
პრობლემა არის იმ სტრუქტურაში, რომელიც აქ ჩამოყალიბდა. სტრუქტურა კი არის ისეთი, რომ ადამიანს გასაქანი არ აქვს.
_ თქვენ შენიშნეთ, რომ რუსეთს შეეძლო, გარკვეული დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით, ოპოზიციისთვის ფული მიეცა, მაგრამ ეს ფული არ ჩანს. ბურჯანაძეს, "ქართულ პარტიას" ამისთვის ფული არ აქვთ და მხოლოდ ამის გამო ჭიანურდება მათ მიერ დაანონსებული რევოლუცია?
- ჩემი აზრით, არ აქვთ. სხვა შემთხვევაში, აქამდე დაიწყებდნენ. სხვა შემთხვევაში, დაანონსება ამდენ ხანს არ გაგრძელდებოდა. ჩანს, რომ ხელისუფლებას საიმედოდ აქვს გადაკეტილი ყველაფერი. რუსეთს თუ უნდა, ის ამაში ფულს ჩადებდა. მაგრამ არ დებს.
- რატომ არ დებს, თქვენი აზრით?
- იმიტომ, რომ მერე მას მოუწევს დალაპარაკება მათთან, ვისშიც ჩადებს. და მისი პოზიციიდან ძალიან სწორად იქცევა. ამ ასპექტით, ასევე პარადოქსულად, დღევანდელი ხელისუფლებისა და რუსეთის ინტერესები იკვეთება. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი თანამშრომლობენ, მაგრამ არც გამორიცხავს ამას. ყოველ შემთხვევაში, ცხადია, რომ სააკაშვილს უნდა ხელისუფლების შენარჩუნება, რუსეთს კი სტატუს-კვოს შენარჩუნება უნდა. ნებისმიერი ცვლილება რუსეთისთვის პრობლემურია, მაგრამ ცვლილება სრულიად აუცილებელია ამერიკისთვის.

თბილისი-ცხინვალი: რა მოიტანა ჩიბიროვის გაწირვამ?

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
2 მაისი, 2011


ახლახან, ცხინვალში გამომავალ გაზეთ  "რესპუბლიკაში" დაიბეჭდა რობერტ კულუმბეგოვის პუბლიკაცია - "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მომავალი. ვაჭრობა უადგილოა!" (11-12 თებერვალი, 2011წ.).
აღნიშნული სტატია, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ, ცხადყოფს მთავარ მიზეზებს, თუ რატომ შეაქცია ზურგი საქართველოს სამხრეთ ოსეთმა კონფლიქტის მოგვარების, პრაქტიკულად, კულმინაციურ ეტაპზე.


"ბოლო დროს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სტატუსის შეცვლის კონტექსტში რუსულ-ქართული ურთიერთობების საკითხი მოულოდნელად გაქტიურდა. ამის მანიშნებელი პირველი სიგნალი საინფორმაციო სააგენტო "რეგნუმის" მთავარი რედაქტორის - მოდესტ კოლეროვის პუბლიკაცია იყო. კრემლის ყოფილმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ "მოსკოვში ჩამოყალიბდა ადმინისტრაციულ-ეკონომიკური ლობი, რომელიც მიისწრაფვის, საქართველოსთან მეგობრობა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე გაცვალოს.
რამდენიმე ხნის შემდეგ მსგავსი საგანგაშო ტენდენციების არსებობა რადიო "ეხო მოსკვისთან" ინტერვიუში აღნიშნა ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და ჟურნალისტმა ალექსანდრე პროხანოვმა: "მოსკოვში სერიოზულად განიხილება საქართველოსთვის სამხრეთ ოსეთის დაბრუნების საკითხი... ნოემბერში, ოსეთის პრეზიდენტის გადარჩევისას, მოსკოვი შეეცდება, იქ დასვას ძალიან სუსტი ადამიანი, რომელიც მზად არის, წავიდეს საქართველოსთან კონფედერაციულ შეთანხმებაზე და ქართულ კონტექსტში სამხრეთ ოსეთის დაბრუნება იქიდან სააკაშვილის მოშორებაზე გაიცვალოს..."
ის, რომ სამხრეთ ოსეთში ამ გეგმის რეალიზაციას სერიოზულად უყურებენ, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველმა - ა. კოზაკმაც დაადასტურა: "სხვაგვარად, მე ამას რუსეთის ნაციონალური ინტერესების ღალატს ვერ ვუწოდებ".
ამასთანავე, ახლა მოსკოვში ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების - საგარეო საქმეთა სამინისტროს ექს-მეთაურის - სალომე ზურაბიშვილის, ექს-პრემიერ ზურაბ ნოღაიდელის, პარლამენტის ექს-სპიკერის - ნინო ბურჯანაძის გახშირებული კონტაქტებია. რუსეთში მათ აქვთ დასაყრდენი. და ეს მხოლოდ მრავალრიცხოვანი და გავლენიანი ქართული დიასპორა არ არის.
რუსული ხელისუფლების მაღალი ეშელონების გარკვეული წრეების მცდელობებს დაუბრუნდეს სამხრეთ ოსეთი საქართველოს - პერმანენტული ტენდენცია აქვს. აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთის იმპერიასთან მიერთების პირველ წლებში მეფის ადმინისტრაციამ, ქართველების წაქეზებით, აქტიურად შეუწყო ხელი მათი ხელისუფლების სამხრეთ ოსეთში დამტკიცებას. მრავალრიცხოვანი სადამსჯელო ექსპედიციების მიზანი იყო, ძირშივე განედევნათ სამხრეთ ოსეთის ხალხის მხრიდან განცალკევებულობისთვის მცდელობებიც კი. საბჭოეთის "ხალხთა მეგობრობის" პერიოდში ნიველირებლი იყო ყოველგვარი ნაციონალური იდენტობა. ოსური ინტელიგენციის გამოჩენილი წარმომადგენლები, რომლებიც ოსეთის სამხრეთ ნაწილის დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ, რეპრესირებულ იქნენ. 1937 წლის შედეგებს ჩვენ დღემდე ვერ დავაღწიეთ თავი. საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკაში ყოფნის მთელი 70 წლის განმავლობაში "კულტურული გენოციდი" ხორციელდებოდა იმისათვის, რათა ჩვენი ხალხისთვის ფიქრიც კი ამოეძირკვათ სხვაგვარად არსებობაზე - საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის გარდა.
თუკი უახლეს ისტორიაზე ვისაუბრებთ, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის პრაქტიკულად პირველი დღეებიდანვე მოსკოვსა და თბილისს შორის მიმდინარეობდა ვაჭრობა, რომელშიც ახლადშექმნილი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა (1991 წლის 6 იანვარი ამის მხოლოდ ნათელი დადასტურებაა) ხურდაში გასაცვლელი ხდებოდა. და მხოლოდ მ. სააკაშვილის თავშეუკავებლობის წყალობით, 2008 წლის აგვისტოში გადაილახა რუბიკონი, რომლის შედეგადაც დიდი ხნით მოიხსნა შექმნილი რეალიების შეცვლის საკითხი. ადგილი მხოლოდ თეორიული მსჯელობებისთვის დარჩა.
ზ. გამსახურდიას ეპოქაში რუსულ-ქართული ინტერესების დაბალანსების საკითხის პრაქტიკულ სიბრტყეზე გადაყვანა ვერ ხერხდებოდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის პოლიტიკური შეურაცხადობის გამო. რეალური პერსპექტივები საქართველოში შევარდნაძის დაბრუნების კვალდაკვალ გაჩნდა. სწორედ "ჭაღარა მელამ" დაიწყო საქართველოს წიაღში სამხრეთ ოსეთის ჩაბმის პოლიტიკა. ამასთან, შეუცვლელ შუამავლად გამოდიოდა ჩვენი თანამემამულე - ალექსანდრე ძასოხოვი.
ალყაშემორტყმულ ცხინვალში ე. შევარდნაძისა და ალ. ძასოხოვის პირველმა ერთობლივმა ჩამოსვლამ აჩვენა, რომ ეს უკანასკნელი საქართველოში სამხრეთ ოსეთის დაბრუნების ხაზს გაჰყვებოდა.
ვინც 1992 წლის 13 მაისს, საბჭოების სახლში, საზოგადოებასთან გამართულ მათ შეხვედრაში მონაწილეობდა, შეუძლიათ დაადასტურონ, რომ უკვე მაშინ ალ. ძასოხოვი უფრო პროქართულად გამოიყურებოდა, ვიდრე თვით ე. შევარდნაძე. და შემდეგ, სწორედ ეს ოსი პოლიტიკოსი გახდა ის ადამიანი, ვინც პირადად უწყობდა ხელს ე. შევარდნაძესა და სამხრეთ ოსეთის მეთაურს - ლ. ჩიბიროვს შორის პირდაპირ კონტაქტებს. პირველი ასეთი შეხვედრა შედგა ვლადიკავკაზში (1996 წ.), მეორე - ჯავაში (1997 წ.), მესამე კი - ბორჯომში (1998 წ.).
იმ პერიოდში სამხრეთ ოსეთში ბევრს ჩამოუყალიბდა მყარი შთაბეჭდილება, რომ მოსკოვში წიმააღმდეგნი არ იქნებოდნენ, თუკი სამხრეთ ოსური და ქართული მხარეები ერთმანეთში თვითონ მოილაპარაკებდნენ. კრემლი ამ ყველაფერს ხელს უწყობდა. ხოლო მორიგება შევარდანძესთან შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ამ ამ ჭრილში: სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში. თუმცა, ასეთ საკითხებზე სახელმწიფო პირები ღიად არ საუბრობდნენ. მაგრამ მხოლოდ თვალთმქაცებს შეეძლოთ ემტკიცებინათ, რომ შეიძლებოდა, საქართველო პრობლემის სხვაგვარ გადაწყვეტას დათანხმებოდა. მაგალითად, ჯავაში შეხვედრას სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება წარმოაჩენდა, როგორც "საქართველოს პრეზიდენტის პირველ ოფიციალურ ვიზიტს სამხრეთ ოსეთში", საქართველოში კი - როგორც "ე. შევარდნაძის მიერ საქართველოს რეგიონის მონახულებას". როგორც უნდა ყოფილიყო, შეხვედრა ჯავაში სამხრეთ ოსეთის მხარემ ჩაატარა სწორედ ოფიციალური მოლაპარაკების ფორმატით ჩაატარა.
უნდა აღინიშნოს, რომ ჯავაში უკვე ირიბად განიხილებოდა საქართველოს შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის სხვადასხვა პირობით დაბრუნების შესაძლებლობა. ამასთან ერთად, გამოიყენებოდა ასეთი ფორმულირებებიც: "სიტუაცია მომწიფდა იმისათვის, რომ ჩვენ მჭიდროდ დავუახლოვდეთ ამ საკითხის გადაწყვეტას", ან - "გაირკვევა საკითხი ჩვენი პოლიტიკური მომავლის შესახებ". ეს იმაზე მეტყველებს, თუ როგორი მიმართულებით მიდიოდა პროცესი მსგავს შეხვედრებზე.
პირობებთან დაკავშირებით კულუარებში ნაკლებად საუბრობდნენ. შეხვედრის მონაწილე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნულ საკითხებში - ემილ პაინი ჟურნალისტებთან კერძო საუბრისას პირდაპირ მიუთითებდა საქართველოს კონფედერაციაზე, როგორც საკითხის ერთადერთ შესაძლებელ გადაწყვეტაზე. ჩვენს გასაგებ აღშფოთებაზე, მან, მთავრობის რეზიდენციის ეზოში მჯდომმა, რბილად დაგვტუქსა "განწირულთა რადიკალიზმის" მიმხრობისთვის. თუმცა, ჟურნალისტებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა პრეზიდენტების - ე. შევარდნაძისა და ლ. ჩიბიროვის პირისპირ საუბრები. ეს საუბრები, რომლებიც ორ საათს გრძელდებოდა, ყოველი შეხვედრის აუცილებელი ნაწილი გახდა.
გასაგებია, რომ სწორედ ასეთი პრივატული საუბრები იძლეოდა საკვებს ვარაუდებისთვის. მოგვიანებით, ლ. ჩიბიროვის პოლიტიკური მოწინააღმდეგეები მიუთითებდნენ, რომ რესპუბლიკის მეთაური სწორედ შევარდნაძესთან პირისპირ შეხვედრების დროს ურიგდებოდა მას საქართველოს შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის სტატუსის შესახებ.
თავად ე. შევარდნაძემ ეს ვარაუდი მოგვიანებით, გაზეთ "ვეჩერნი ტბილისისთან" ინტერვიუში დაადასტურა: "შემიძლია, გავიხსენო ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" მაშინდელ პრეზიდენტთან, ლუდვიგ ჩიბიროვთან მოლაპარაკებები ბორჯომში, რომელშიც, ასევე, მონაწილეობდა ჩრდილოეთ ოსეთის მაშინდელი პრეზიდენტი ალექსანდრე ძასოხოვი. სიტყვამ მოიტანა და, სწორედ მისი წინადადებით, მე და ლ. ჩიბიროვი შევთანხმდით, რომ კრიზისიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალება იქნებოდა სტატუს-კვოს აღდგენა, ანუ "სამხრეთ ოსეთისთვის" საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსის დაბრუნება. ჩანდა, რომ საქმე წარმატებულ დასასრულამდე მიდიოდა, მაგრამ...  სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, ლუდვიგ ჩიბიროვი, ყველა მოლოდინის მიუხედავად, დამარცხდა ედუარდ კოკოითთან, და ამის შემდეგ ყველაფერი უკუღმა წარიმართა" (გაზეთი "ვეჩერნი ტბილისი". 07.08.2010).
იმ წლებში სამხრეთ ოსეთზე რუსულ-ქართული ზეწოლის ერთობლივი მექანიზმი  ავისმომასწავებელ შედეგებს იძლეოდა. და ეს ზეწოლა  არ იყო მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის. პოლიტიკური კურსის ცვლილებისთვის ბიძგის მიცემა, უპირველეს ყოვლისა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ეკონომიკურ მდგომარეობას შეეძლო. სახელფასო დავალიანება შვიდ (!) თვეს აღწევდა. დაბალი იყო შრომის ანაზღაურება. დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის გამო, რუსეთის მხრიდან მისი მიწოდების მუდმივმა შეწყვეტამ სისტემატური ხასიათი მიიღო. საზღვარზე გადასვლის რეჟიმი სულ უფრო მკაცრდებოდა. თვით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გავლით საქართველოდან რუსეთისკენ სპირტის ნაკადის მიმართვამ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ეკონომიკისთვის უარყოფითი შედეგები მოიტანა. ყველა საშუალება, და კერძოდ - სახელმწიფოებრივი, სპირტის გადამყიდველობაზე მიდიოდა. ეკონომიკური განვითარებისთვის ის ბიუჯეტის არცთუ დიდი თანხებიც კი აღარ იდებოდა. სამხრეთ ოსური ელიტა ქართულ მხარესთან "სპირტისა" და სავაჭრო ბიზნესში ჩაება. ოფიციალური თბილისი არამხოლოდ თვალს ხუჭავდა იმის გამო, რომ ამ პერიოდის ყველა სავაჭრო-ფინანსური ურთიერთობა კონტრაბანდის ხასიათს ატარებდა, არამედ თავად უწყობდა ხელს ამ პროცესებს, ოღონდ როგორმე ჩაება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა საქართველოსთან.
ეს ყველაფერი რუსეთის მხრიდან ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის შემცირების ფონზე ხდებოდა. გასაგებია, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელობის წინაშე არ იდგა უბრალო ამოცანა: ისინი ან უნდა დალოდებოდნენ, როდის მოხდებოდა ქვეყანაში სოციალური აფეთქება, ან უნდა ეძებნათ კომპრომისი. კომპრომისის გზის აბსოლუტურ მხარდაჭერას  კი ალექსანდრე ძასოხოვი ახდენდა: იმ დროისთვის იგი ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელი გახდა. ამასთან, ეს ოსი პოლიტიკოსი დაჟინებით ცდილობდა, დაეჩქარებინა საქართველოში სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაციის პროცესი.
აქ მცირედი ისტორიული გადახვევა უნდა გაკეთდეს: 1918 წელს საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ ცხინვალში გუბერნიის კომისრად დანიშნა ოსი მენშევიკი - ალექსანდრე ძასოხოვი - სხვათა შორის, მხოლოდ ნოე ჟორდანიას მთავრობის "დემოკრატიული" საქართველოს ჩარჩოებში სამხრეთ ოსეთის თვითგამორკვევის უპირობო მომხრე. ასე რომ, ტრადიციები ოსეთის უახლეს ისტორიაშიც გაგრძელდა.
სიტუაცია სამხრეთ ოსეთისთვის, რომელმაც ამდენი ძალა დახარჯა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, ჩიხში შედიოდა. იმ პირობებში, როდესაც საქართველო, აშშ-ის ფულით, თანამედროვე არმიას ქმნის, მოსკოვი კი მკაფიო გარანტიებს არ იძლევა, რესპუბლიკის ხელმძღვანელობის წინაშე არცთუ იოლი დილემმა წამოიჭრა: ან ხალხის გადარჩენა, ან - კომპრომისი.
კომპრომისის მომხრეები ჩვენი მოკავშირეებიდან ისინიც კი იყვნენ, ვინც ყოველთვის საუბრობდა საქართველოსთან კავშირთან მიმართებით უკომპრომისობის შესახებ. ამასთან, მუშაობა მიმდინარეობდა არამხოლოდ სამხრეთ ოსეთთან მიმართებით: 1997 წელს თბილისში (!) შევარდნაძესთან მოლაპარაკებებზე ჩამოვიდა აფხაზეთის ხელმძღვანელი ვლადისლავ არძინბა. ამ კონტაქტებს პატრონაჟს უწევდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელი ევგენი პრიმაკოვი.
ცხადი გახდა, რომ პროცესი შეუქცევად ხასიათს იღებდა. საინტერესოა, რომ ე. პრიმაკოვი, ისევე, როგორც მისი კოლეგა ა. ძასოხოვი, "აფხაზეთისა და საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს" მომხრე იყო. როგორც შემდეგ ამ მოლაპარაკებების მონაწილე - ე. პრიმაკოვი იხსენებდა, აფხაზეთის ხელმძღვანელი მაშინ საქართველოსთან კონფედერაციის შექმნაზე დათანხმდა.
ერთადერთი დაბრკოლება, რასაც შეიძლებოდა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის დაახლოება გაერთულებინა, საზოგადოებრივი აზრი იყო. თუმცა, შეიძლებოდა, ისიც შეცვლილიყო. სპირტის ბიზნესის ფაქტორი და მოსახლეობის მიერ ერგნეთის ბაზრობიდან მიღებული შემოსავალი მკვეთრად აისახა რესპუბლიკის მცხოვრებთა მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ წარმოდგენაზე. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნაწილის საზოგადოებრივ (როგორც რიგითი ადამიანების, ისე ჩინოვნიკების) ცნობიერებაში საგანგაშო ტრანსფორმაცია ხდებოდა. ცნობილ პირობებში საქართველოსთან "შერიგების" გეგმას შეიძლებოდა ემუშავა კიდეც.
თუმცა, მალე რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის "ჩაბარების" პროცესი შეჩერდა. პრეზიდენტ ბ. ელცინის პოსტიდან წასვლის შემდეგ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსიც შეიცვალა. ვ. პუტინი "ქართულ საკითხთან" მიმართებით ახალ ხაზს გაჰყვა. მან ცხადი გახადა, რომ პოლიტიკური თამაშების პერიოდი დასრულდა. ეს ცვლილებები სამხრეთ ოსეთზეც აისახა - 2001 წელს არამხოლოდ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა შეიცვალა, არამედ, მთლიანად, რუსულ-ქართულ-ოსური ურთიერთობების არქიტექტურაც. ახალი პრეზიდენტით წელგამართულმა სამხრეთ ოსეთმა კვლავ საქვეყნოდ განაცხადა თავისი შეუვალი პოზიციის შესახებ.
ამ დროისთვის, "სამხრეთ ოსეთის ჩაბარების" შიში, არსებული ტენდენციების მიუხედავად, ჯერჯერობით, არ არსებობს. დიახ, მოსკოვში ყალიბდება კონტაქტები ქართულ ოპოზიციასთან, და ეს პროცესები საგარეო პოლიტიკის კალაპოტში მიმდინარეობს, რომელშიც არ არიან მარადიული მეგობრები, მაგრამ არის მარადიული ინტერესები. მაგრამ ძალებს, რომლებიც საქართველოს წარმოადგენდნენ, დღეს თავად ქვეყანაში რეალური მხარდაჭერა არ აქვთ. ზ. ნოღაიდელის მაგალითი, რომელიც საკუთარი პარტიიდან განდევნეს, თვალსაჩინოზე მეტია. ისინი, ვინც დღეს მოლაპარაკებებში საქართველოს წარმოადგენენ, რუსეთის აბსოლუტურ მეგობართა რიცხვს არ მიეკუთვნებიან. ისინი კონიუნქტურული ინტერესებით ხელმძღვანელობენ. ეს კრემლშიც ესმით, მაგრამ არჩევანი დიდი არ არის. ხოლო ისინი, ვინც საქართველოში პრორუსულ კურსს რეალურად მისდევდა, ჯერ კიდევ პატიმრობაში არიან, ან კიდევ - ემიგრაციაში.
მაგრამ ქართველებისათვის სამხრეთ ოსეთის ჩაბარების ყველაზე მთავარი გარანტია თავად საქართველოს პროდასავლური ორიენტაციაა. და ეს პროცესი ყოველ წელს სულ უფრო შეუქცევად ხასიათს იძენს - როგორც პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი წყობილების, ისე ქართველი მოსახლეობის მენტალიტეტის ცვლილების თვალსაზრისით.
თავად რუსეთის მხრიდან კი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტთან მიმართებით (ყოველ შემთხვევაში, დ. მედვედევის მმართველობის დროს) პოზიციის ძირეული ცვლილებები გაჭირდება. რუსეთის პრეზიდენტისთვის ხომ ამ ახალგაზრდა სახელმწიფოების დამოუკიდებლობა პირადი ისტორიული მიღწევაა".

პუბლიკაციის კომენტარი ვთხოვეთ კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს:
"ჩანს, რომ სტატიის ავტორი რადიკალური ნაციონალისტია. ის, უმცირესობაში მყოფი, შეშფოთებული უყურებდა, თუ როგორ გაჩნდა ოს ხალხში ნდობა საქართველოს მიმართ. სწორედ ეს არის ამ სტატიის ფასი: მასში ნათლად ჩანს, რამდენად მზად იყვნენ ოსები, ხელახლა ეპოვათ საერთო საქართველოსთან. არავინ იცის, რა არის ეს საერთო. მაგრამ ჩანდა, რომ ეს საერთო იქნებოდა ის, რის გამოც ოსები ქართველებთან ერთად ცხოვრებას დათანხმდებოდნენ. ფაქტია, რომ ისინი საქართველოსგან ასეთ შეთავაზებას ელოდებოდნენ.
მაგრამ საქართველომ მათ არაფერი შესთავაზა. სტატიის ავტორი სწორედ ამის გამო არის ბედნიერი: საქართველოს არ ეყო უნარი, ოს ხალხში ეს მოლოდინი დაენახა და შეეთავაზებინა ნებისმიერი წინადადება, რაც მათთვის თუნდაც განსახილველად იქნებოდა მისაღები. ჩვენ მათ განსახილველადაც კი ვერაფერი შევთავაზეთ.
შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ოსები მზად იყვნენ, საქართველოსთვის ბევრი რამ ეპატიებინათ და საერთო ენა ეპოვათ. ეს განწყობა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების სათავეში კოკოითის მოსვლამდე ნარჩუნდებოდა.
ჩვენ ვერ ვიგრძენით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაში ჩიბიროვის დატოვება. ჩვენ პრაქტიკულად გავწირეთ ეს ადამიანი. რობერტ კულუმბეგოვი კი ბედნიერია, რომ ასე მოვიქეცით.
სტატიის ავტორის ეს პოზიცია ამყარებს ჩემს არგუმენტს, რომელსაც ჩემი ოპონენტები არ იზიარებენ: ჩიბიროვის დატოვება შანსებს უზრდიდა საქართველოს,  ერთიან სივრცეში სამხრეთ ოსეთის ხელახალი დაბრუნება უზრუნველყო.
ოსებს შორის ბევრს ვიცნობ ისეთს, ვისაც გული წყდება იმის გამო, რომ საქართველო ვერ აღმოჩნდა შესაბამის სიმაღლეზე, რათა ისინი დაეინტერესებინა, ერთიან სივრცეში ურთიერთობა აღდგენილიყო. სტატიის ავტორი ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება, პირიქით, მისი პუბლიკაცია პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ - ქართველებმა ხელიდან გავუშვით უნიკალური შანსი.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში არც ერთი კონფლიქტის მოგვარების პროცესს არ ჰქონია ისეთი წარმატებული დინამიკა, როგორიც ქართულ-ოსური კონფლიქტის შემთხვევაში იყო. საომარი მოქმედებები 1992 წელს დასრულდა, და 2000 წლისთვის უკვე მზად იყო ჩიბიროვის ხელისუფლება, რათა საქართველოსთან საერთო ენა ეპოვნა, თუკი საქართველო მათთვის მისაღებ წინადადებებს შესთავაზებდა. 2001 წლის არჩევნებში ჩიბიროვს ხელისუფლებაში დარჩენის შანსები ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით, შევარდნაძის პოლიტიკიდან გამომდინარე, პროცესი კუს ნაბიჯებით მიიწევდა (და მაშინ ეს ჩემთვის მიუღებელი იყო), შვიდ-რვა წელიწადში ჩვენ უნიკალური შედეგები გვქონდა.
დღეს, სააკაშვილის პოლიტიკის გადასახედიდან, ვუწონებ შევარდნაძეს პოლიტიკას ცხინვალის მიმათულებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ მან საბედისწერო შეცდომა დაუშვა. მან ვერ განსაზღვრა ნებისმიერი პირობებით ჩიბიროვის დაბრუნება. და სწორედ იქ დაიწყო სპეკულაცია - ჩიბიროვისგან მეტი მოეთხოვათ, ვიდრე მას შეეძლო, გაეცა. ეს ქართველების ენდემური ავადმყოფობაა - სიწუწკე. როცა მოწინააღმდეგე, ოპონენტი გითმობს ათს, შენ გგონია, რომ ეს ცოტაა. ყველა გინდა. როგორც კი მოწინააღმდეგე, ოპონენტი, კონკურენტი ნაბიჯს დგამს ჩვენი მიმართულებით (დავუშვათ, სამშვიდობო ნაბიჯს, მოლაპარაკებების, მორიგების ნაბიჯს), ჩვენ ამას სისუსტედ მივიჩნევთ. ჩვენ არ შეგვიძლია, შევირგოთ, "დავასეივოთ" ეს 10%. წამოვიდა შემხვედრ ნაბიჯზე? სანამ სუსტია, სანამ დროა, ყველაფერი უნდა წავართვათ! და როცა ყველაფრის წართმევას ვიწყებთ, იმასაც ვკარგავთ, რაც გვქონდა. აი, ამ მიდგომაზეა დაფუძნებული ქართული მანკიერი პოლიტიკა კონფლიქტის მოგვარების სფეროშიც.
ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ კომპლექსისგან - "ან ყველაფერი, ან - არაფერი". უნდა გავთავისუფლდეთ სტატიკური აზროვნებისგან: "ან მე, ან - არავინ; ან გამარჯვება, ან - დამარცხება; ან დღეს, ან - არასდროს". ვიდრე ქართველები ამ აზროვნებას არ გადავიყვანთ დინამიკაში: "თუ მე არა, რატომ არა სხვა? რატომ არ შეიძლება, ორივემ გავიმარჯვოთ? რატომ არ შეიძლება ხვალ და არა დღეს? რატომ არ შეიძლება ნაკლები და არა ყველაფერი?", ოპოზიციაც მაჩანჩალა იქნება, ხელისუფლებაც, საზოგადოებაც და სახელმწიფოც".