05 сентября, 2011

აფხაზეთის არჩევანი: ანქვაბის ციხესიმაგრე

``რეზონანსი`` - ``მთელი კვირა``
5 სექტემბერი, 2011



პაატა ზაქარეიშვილი: ``ყველაზე გამაოგნებელი ამ არჩევნებში შამბას რეზულტატია``

``აფხაზებმა უარი თქვეს ღიაობაზე, დემოკრატიაზე. მათ ხმა მისცეს ჩაკეტილობას, ციხესიმაგრეს და ჰგონიათ, რომ ხმა მისცეს მდგრადობას, სიმტკიცეს. თუმცა დემოკრატია მდგრადობის უფრო მეტი გარანტიაა. აფხაზეთმა გადაწყვიტა, ამ პირობებში იცხოვროს და რუსეთისგან დისტანცირებაც ამ პირობებით მოახერხოს``, - აცხადებს ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი ``მთელ კვირასთან`` საუბრისას.

- საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, თითქოს წინასწარ არ იყო ცნობილი, ვინ გაიმარჯვებდა აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნებში. არ კეთდებოდა აქცენტი ანქვაბის მოსალოდნელ გამარჯვებაზე. თქვენ რა მოლოდინი გქონდათ?
- ანალიზით, გამოცდილებით, კონტაქტების საფუძველზე დარწმუნებული ვიყავი, რომ გაიმარჯვებდა ანქვაბი, ოღონდ, შედარებით უფრო რთულ ბრძოლაში შამბასთან.
საინფორმაციო საშუალებები კი ხელისუფლებაზე არიან მიბმულნი. ხელისუფლების აკვიატებული აზრია, თითქოს აფხაზეთში ყველაფერს რუსეთი აკონტროლებს. ზუსტად ასეთ `პროგნოზებს~ აკეთებდა იგი 2004 წელსაც, როცა ბაღაფშს ხაჯიმბა უპირისპირდებოდა. და ამას ამტკიცებდა ერთადერთი ლოგიკის მიხედვით - ხაჯიმბას რუსეთი უჭერდა მხარს. მაგრამ აფხაზმა ხალხმა ის არ აირჩია.
ახლაც, აფხაზებმა არ აირჩიეს რუსეთის ფარული კანდიდატი. მოსკოვი მიხვდა, რომ ჯობს, აფხაზეთის არჩევნებში არ ჩაერიოს. თუმცა ცდუნებას მაინც ვერ გაუძლეს და მიანიშნეს, რომ შამბასთან ურთიერთობა ურჩევნიათ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ხალხი მხარს დაუჭერდა შამბას, რუსეთიც მიეხმარეობოდა გამარჯვებაში და შემდეგ მისი მძევალი გახდებოდა.
ჩანდა, რომ იქნებოდა პრინციპული ბრძოლა - იმიტომ, რომ შამბას, გარდა ფსევდოპრორუსული ბექგრაუნდისა, ჰქონდა დასავლურიც: დასავლეთი მას კარგად იცნობს. ის არა ავტორიტარიზმს, არამედ თანასწორობას, დემოკრატიას სთავაზობდა საზოგადოებას. მაინტერესებდა, შამბას რამდენი ადამიანი მისცემდა ხმას, რათა გამეგო, რამდენი მომხრე ჰყავს აფხაზეთში დემოკრატიას. ანქვაბთან ხომ დემორკატია არ ასოცირდებოდა. მასთან ასოცირებული იყო კორუფციასთან, კრიმინალთან ბრძოლა, რუსეთისგან ცხადი დისტანცირება (და არა კონფრონტაცია). ანქვაბმა აი, ამაში მიიღო ხმები. ხოლო შამბასთან ასოცირებული იყო სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი პრესა, დასავლეთთან ურთიერთობა, რუსეთთან მეტი სიმჭიდროვე, ვიდრე ეს ანქვაბთან შეიძლებოდა ყოფილიყო.
ამ ფონზე, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ არჩევნებში შამბას უპრეცედენტო კრახი იყო. არჩევნებში შამბას მარცხით ცხადი გახდა, რომ: აფხაზებს არ უნდათ დემოკრატია - ეშინიათ მისი; არ უნდათ ევროპა; და ამავე მიზეზით არ უნდათ ყოვლისმომცველი რუსეთი; და არ სჯერათ, რომ კორუფცია და კრიმინალი იქნება დამარცხებული. ეს გარკვეული პოლიტიკის კრახია და ჩვენ ვალდებული ვართ, იგი გავაანალიზოთ.
შამბას მარცხმა ანქვაბისა და ხაჯიმბას აღზევება განაპირობა. არ გამოვრიცხავ, რომ ანქვაბმა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით, 3-4% მიიმატა, რათა ყველაფერი პირველ  ტურში, მშვიდობიანად დასრულებულიყო.
მაგრამ ამ არჩევნებში ძალიან საინტერესო იყო ის, რომ შამბას ხმები ხაჯიმბამ ``შეჭამა``. ვინ მისცა ხმა ხაჯიმბას? არძინბას მომხრეებმა - ძველმა სტილმა, ძველმა გვარდიამ; გარკვეულწილად, კორუფციამ. ხაჯიმბას ხმები ფსევდოსტაბილურობის მხარდამჭერი ხმები იყო. მისი 19% ცოტას არ ნიშნავს. მას ახლა შეუძლია, ანქვაბს ევაჭროს. ის ანგარიშგასაწევი ძალა ხდება.
ყველაზე გამაოგნებელი და მრავლისმთქმელი კი ამ არჩევნებში შამბას რეზულტატია.
- თქვენი აზრით, რატომ დათმო ამ ეტაპზე რუსეთმა და რატომ უშვებს ის (ეს ბაღაფშის პრეზიდენტად არჩევის გამოცდილებამაც უჩვენა), რომ აფხაზეთში ამომრჩევლის ხმები დაცული იყოს?
- ახლა რუსეთს სხვა გზა არ აქვს: წინ სოჭის ოლიმპიადაა. ცხადია, რუსეთს სრულებით არ აწყობს აფხაზეთში იმაზე უფრო დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, ვიდრე ეს ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებში ხდება ან თვით რუსეთში, მაგრამ მას სხვა გზა არ აქვს. ის მსოფლიოს უგზავნის მესიჯს: ``მე დავამყარე წესრიგი კავკასიაში. ქართველები დავაშოშმინე, სააკაშვილი მოვთოკე. დიახ, თქვენ ბევრი რამ არ მოგწონთ: გგონიათ, რომ ეს ოკუპაციაა. მე ამაზე მე თვალს ვხუჭავ. მაგრამ ხალხი კმაყოფილია: აფხაზეთში დემოკრატიული არჩევნები ტარდება. ასეთი არჩევნები ტარდება დანარჩენ საქართველოში?`` მართლაც, ჩემი აზრით, ბევრ ქართველს გაუჭირდება იმის უარყოფა, რომ იქ ჩატარებული არჩევნები - ცხადია, სტანდარტების და არა სამართლებრივი კონტექსტის გათვალისწინებით - უფრო გამჭვირვალე და დაბალანსებული იყო. აფხაზეთში არჩევნების შედეგები არ იყო საეჭვო.
რა თქმა უნდა, ეს არჩევნები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას; არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს; რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს ჩრდილი ადგას იმით, რომ მასში მონაწილეობას არ იღებდა დევნილთა უდიდესი ნაწილი, რომელიც უნდა ცხოვრობდეს აფხაზეთში. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვსაუბრობთ არა მის სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ შედეგებზე. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ნატო-მ, ევროკავშირმა უარყვეს ამ არჩევნების შედეგები, მაგრამ მათ სიტყვა ``არჩევნები`` ახსენეს. მათ თქვეს: ``ეს არჩევნები არის უკანონო``. ასე რომ, არჩევნების ცნების მიმართ ეჭვი არ გაჩენილა; არჩევნების არსებით მხარეზე კი არა, სტატუსზე იყო ლაპარაკი -  თუ რამდენად კანონიერი ან უკანონო იყო ეს არჩევნები.
ძალიან საყურადღებოა, რომ სწორედ იმ დღეს, როდესაც აფხაზეთში ეს უკანონო არჩევნები ჩატარდა, ევროკავშირმა, ბოლოს და ბოლოს, აირჩია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიაში და საქართველოს კრიზისებში. ეს გახლავთ საქართველოში ცნობილი პიროვნება -  ფილიპ ლეფორი, რომელიც წლების განმავლობაში იყო საფრანგეთის ელჩი საქართველოში. ვნახოთ, ლეფორი აფხაზეთში რომ ჩავა, ვის შეხვდება. დაფიქრდნენ ქართველები: თუკი იგი შეხვდება ანქვაბს, რატომ შეხვდება მას? მხოლოდ იმიტომ, რომ მან ამ უკანონო არჩევნებში გაიმარჯვა და გარკვეული პოლიტიკური ლეგიტიმაცია მოიპოვა. ნუ მოვიქცევით შეშინებული სირაქლემებივით. აფხაზეთში პროცესები მიდის. კეთილი ვინებოთ და ეს დავინახოთ. პროცესი უნდა ვაღიაროთ და მას კი არ უნდა გავერიყოთ, არამედ მასში უნდა ჩავერთოთ და ნაწილობრივ მაინც ვმართოთ.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა აფხაზეთში კავკასიის მასშტაბით ყველაზე მაღალი ხარისხის არჩევნები ჩატარდა – ყველა პარამეტრით. ასეთი არჩევნები არ ჩატარებულა არც დანარჩენ საქართველოში, არც სომხეთში, არც აზერბაიჯანში, არც სამხრეთ ოსეთში, არც ყარაბახში. პროცედურული თვალსაზრისით, ასეთი სანდოობის არჩევნები არ ჩატარებულა თითქმის არსად დსთ-ს ქვეყნებში, გარდა უკრაინისა.
ანქვაბი ავტორიტარული სტილის მმართველია. ისტორიული გამოცდილება უჩვენებს, რომ შეიძლება, მოხვიდე დემოკრატიული პროცედურებით და მერე გააჩერო ეს პროცესი. ანქვაბის ხელში არის ძალიან სერიოზული რესურსები იმისთვის, რათა დაადასტუროს ან უარყოს ის, რაც 26 აგვისტოს აფხაზეთში მოხდა. მას ამისთვის წინ ათი წელიწადი აქვს. ის მართლაც ძალიან პატიოსანი ადამიანია, გამოირჩევა ღირსებით, მაგრამ ის ბუნებით დემოკრატი არ არის. ის არ არის მიჩვეული ხელისუფლების გადანაწილებას, კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღებას: თვითონ ღებულობს გადაწყვეტილებას. თავი ჭკვიანად მიაჩნია და მართლაც ასეა. მისი პოზიცია ასეთია: რა საჭიროა სხვებთან კონსენსუსი? ანქვაბი არის ძველი საბჭოთა პატიოსანი ნომენკლატურის ადამიანი, რომელიც არ არის კორუმპირებული, რაც იშვიათი მოვლენა იყო საბჭოთა კავშირში, და ცდილობს, მთელი ენერგია ხალხს მოახმაროს.
მას სუფთა ხელებით შეუძლია, მკაცრი საქმეები გააკეთოს - ანუ ზემოქმედება მოახდინოს საზოგადოებაზე. ცხადია, საზოგადოებაში ეს მოთხოვნილება არსებობს: არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ მან ანქვაბს ხმა, პირველ რიგში,  პრინციპულობის, სიმკაცრის გამო მისცა. 
და რადგან ანქვაბს არ აქვს განსხვავებული აზრის ატანის უნარი, ამიტომ მაღალია იმის ალბათობა, რომ აფხაზეთი ავტორიტარიზმისკენ გადაიხრება.
- თქვენ ხაზგასმით ამბობთ: არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, მაგრამ აფხაზებს არ უნდათ დემოკრატია. რასთან გვაქვს საქმე?
- საქმე გვაქვს პროცედურასთან და ღირებულებებთან. აფხაზეთში დემოკრატიულმა პროცედურამ აჩვენა, რომ იქ დემოკრატიული ღირებულებები არ არსებობს.
- აფხაზეთი საქართველოსგან უკვე დისტანცირებულია. როგორ ფიქრობთ, ანქვაბის პოლიტიკას, რომელიც პრაქტიკულად გულისხმობს დისტანცირებას რუსეთისგან, რა პერსპექტივა აქვს? რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ამ მიზნის მიღწევა?
- აფხაზებს ჰქონდათ ორი სერიოზული გამოწვევა: ნომერი პირველი გამოწვევა - საქართველო; და ნომერი მეორე - რუსეთი. მეორე გამოწვევით მათ გაანადგურეს პირველი (ქართული აგრესია და მისგან მომდინარე საფრთხეები) და ახლა მეორე გამოწვევა პირველი და ერთადერთი გახდა. ეს რუსეთია. მათ კარგად იციან, რომ თუ რუსეთს ბოლომდე შემოუშვებენ, ის ჩაყლაპავს, იდენტობას წაარმთევს. მაგრამ მათ სხვა არჩევანი არ აქვთ. ისინი ამბობენ, რომ ქართველები, გაქართველების გარდა, არაფერს სთავაზობენ. თუკი აფხაზს ქართული გვარი აქვს, ქართველი მას აუცილებლად ეუბნება: ``შენ ხომ ქართველი ხარ?`` რუსი კი მას ასეთ რამეს არასდროს ეტყვის. აფხაზი ქართველის პირველივე სიტყვებიდან ექსპანსიას გრძნობს, და ამიტომ მას, ამ სიტყვების გაგონებისთანავე, ქართველებისკენ გახედვა აღარ უნდა. ისევ გარუსება ურჩევნია.
გარდა ამისა, არის სხვა მიზეზიც, რის გამოც აფხაზებმა ქართველებს ზურგი აქციეს და რუსეთისკენ აიღეს ორიენტირი: ოც-ოცდაათ წელიწადში აფხაზეთში აფხაზური ენა აღარ იარსებებს. ქართველები კი რას ვთავაზობთ? ქართულ ენას. ხალხს, რომელიც თავის ენას კარგავს, რომელ გემში ურჩევნია გადაჯდომა - რომელიც ოკეანეში ცურავს, თუ რომელიც ცურავს ზღვაში? აი, ამიტომ ისინი რუსულ ენობრივ სივრცეში გადასვლას ამჯობინებენ.
აფხაზებისგან ხშირად გამიგია: ``ჯობს, გავცურო ოკეანეში, ვიდრე გავცურო ტბაში``. მათთვის საქართველო ტბა არის და აქ ცურვა, უკეთეს შემთხვევაში, უინტერესოა; უარეს შემთხვევაში კი, როგორც ისინი ფიქრობენ, ქართველები იდენტობის დაკარგვით ემუქრებიან: მუდმივად ედავებიან  ეთნიკურობას - გვარის წარმომავლობიდან გამომდინარე.
21-ე საუკუნეში ნაციის შედგენა ძალიან ძნელია. აფხაზებმა ნაციის ჩამოყალიბება დააგვიანეს. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენგან განსხვავებით, ეს ჩანასახში მყოფი ნაცია იტანს ადამიანებს სომხური, ქართული, თურქული გვარებით. ქართველები ამას ჯერ კიდევ ვერ ვიტანთ. უფრო მეტიც: ბებია თუ სომეხი ჰყავს ვიღაცას, ამასაც ვეძებთ ხოლმე! ასე რომ, გარკვეულ პოზიციებში - ნაციის შეკვრის რესურსების მოძიებაში - აფხაზები წინ არიან. ჩვენ ძალიან ვღიზიანდებით, როცა, მაგალითად, აფხაზს ქართული გვარი აქვს. არ გვინდა ამ ხალხის გაგება. სწორედ ასეთმა მიდგომამ დაუშვა ქართულ-ოსური კონფლიქტი; ამან გახადა შეუქცევადი ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. ჩვენ ეს პრობლემები დღემდე გვაქვს და ეს გამოიხატება გრიგორიანულ ეკლესიებთან მიმართებითაც. ეს ჩამორჩენლი, პოსტიმპერიული ნაციონალიზმია, რომელსაც სახელმწიფოს მშენებლობასთან საერთო აღარაფერი აქვს. ეს არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც ოდესღაც სამართლიანად ვებრძოდით იმპერიას, მაგრამ დღეს იგი აღარ არსებობს: დაინგრა. და რატომ ვანგრევთ საბჭოთა იმპერიის ნანგრევებს? სტალინის ძეგლები აქეთ-იქით რატომ დაგვაქვს? იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ ჩვენს თავშია. ვინც ამას აკეთებს, მისთვის სტალინი ჯერ კიდევ ავტორიტეტია და არა მუზეუმის კუთვნილება.
ჩვენ ვერ ვგებულობთ, რატომ მიდიან ჩვენგან აფხაზები; რატომ არ უნდათ ჩვენთან ოსებს ცხოვრება. რატომ უნდათ მათ ცხოვრება რუსებთან, რომლებიც სულაც არ არიან ჩვენზე უკეთესები. იმიტომ უნდათ, რომ ისინი იცავენ მათ და იპყრობენ მათ. მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ ისე დავიპყრობთ, რომ არ დავიცავთ. მათთვის მნიშვნელოვანია: დაპყრობა დაცვის გარეშე თუ დაპყრობა დაცვით? რუსეთი კი ჯერ კიდევ იმპერიაა. ხოლო იმპერია თავის ხალხს ინახავს. არ ავითარებს (ავითარებს მხოლოდ დოზირებულად), მაგრამ არ ანადგურებს.
აფხაზების არჩევანი ორად ორი ქვეყანაა: საქართველო და რუსეთი. მესამე არის შავი ზღვა. შავ ზღვაში კი ან უნდა გაცურო, ან უნდა ჩაიხრჩო. ამიტომ, ისინი იღებენ რუსეთთან ყოფნის გადაწყვეტილებას. ქართველები უნდა დავფიქრდეთ, რატომ ურჩევნია აფხაზს რუსული იმპერია ქართულ ნაციონალიზმს.
შეძლებს თუ არა ანქვაბი აფხაზეთის რუსეთისგან დისტანცირებას? ვფიქრობ, რომ ანქვაბი შეეცდება, ამას მიაღწიოს. ის, ალბათ, შეეცდება, მოითმინოს და არ დაუპირისპირდეს რუსეთს. თუმცა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, პირველივე პრესკონფერენციაზე, მან გააკეთა ყველაზე სერიოზული განცხადება: აფხაზეთის მიწა არავითარ შემთხვევაში არ გაიყიდება. ეს ცალსახად რუსეთის მიმართულებით გაკეთებული განცხადებაა.
ჩვენ ზემოთ რუსეთის საგარეო მესიჯზე ვსაუბრობდით. მას აქვს, ასევე, შიდა მოხმარების მესიჯი: სოჭის ოლიმპიადამდე, როგორმე არ გაამწვავოს ურთიერთობა აფხაზებთან. ახლა მას იქ კონფლიქტი არავითარ შემთხვევაში არ სჭირდება - იმიტომ, რომ ამ დაპირისპირებით რეგიონში დაძაბულობას შექმნის. ამიტომ ახლა რუსეთი ყველაფერს მოითმენს. ის ოლიმპიადის მძევალია და ეს აიძულებს, აფხაზებთან გარკვეულ დათმობებზე წავიდეს. აფხაზები კი ამას კარგად იყენებენ.
- ოლიმპიადა ის მიჯნა იქნება, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს აფხაზეთისა და რუსეთის ურთიერთობის ფორმატს?
- დიახ, ოლიმპიადა იქნება მიჯნა. ვფიქრობ, რომ ანქვაბმა მაქსიმალურად უნდა მოინდომოს ოლიმპიადამდე, რაც შეიძლება, მეტის მიღწევა. მას ახლა აქვს შესაძლებლობა, უზრუნველყოს სტაბილურობა, საზოგადოებრივი კონსენსუსი, შიდა ინტეგრაცია. არ არის გამორიცხული, რომ ოლიმპიადის შემდეგ ანქვაბი უფრო მოქნილი გახდეს და ევროპაზე გავიდეს. მანამდე კი ის ამას არ გააკეთებს.
- თუკი ანქვაბი ოლიმპიადამდე მოახერხებს საზოგადოების შიდა ინტეგრაციას, ნაციის შეკვრას, შეიძლება თუ არა, ეს საკმარისი რესურსი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ აფხაზეთმა რუსეთისგან დისტანცირება მოახერხოს?
- მაინც მგონია, რომ აფხაზები მოახერხებენ ოლიმპიადის შემდეგაც ისეთი რესურსების გამომუშავებას (პატარა ერისთვის დამახასიათებელი რესურსებისა), რითაც რუსეთისგან თავს დაიცავენ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ოლიმპიადის შემდეგ ეს უფრო რთული იქნება. ამიტომ, რაც უფრო მეტ აგურს მოაგროვებენ, რაც უფრო მყარ კედელს ააშენებენ დღეს, მით უფრო დიდხანს გაძლებს ეს კედელი ოლიმპიადის შემდეგ.
- მაგრამ თქვენ ზემოთ აღნიშნეთ, რომ აფხაზებმა ამ დემოკრატიული არჩევნებით ხმა არ მისცეს დემოკრატიას. ასე როგორ შეძლებს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს?
- ჯერ ერთი, აფხაზური საზოგადოება ტრადიციული საზოგადოებაა. უმრავლესობას, ვისაც ხმის უფლება ჰქონდა, დემოკრატიის შეეშინდა. მათთვის დემოკრატია - ეს არის ევროპა. საქართველო კი მათთვის ევროპაა. ისინი ხედავდნენ, რომ შამბას გზით წასვლა საზღვრების ყველა მხრიდან, ბოლომდე გახსნას ნიშნავდა. ანქვაბმა მათ ახალი აფხაზეთი - უფრო ავტორიტარული, უფრო იზლირებული, მდგრადი ციხესიმაგრე შესთავაზა. ხოლო ხაჯიმბა, გარკვეულწილად, არძინბას სტილს სთავაზობდა აფხაზეთს. ასე რომ, ეს კლანების კი არა, მიმართულებების, სტილის და, შეიძლება ითქვას, ღირებულებების დაპირისპირებაც კი იყო.
აფხაზებმა უარი თქვეს ღიაობაზე, დემოკრატიაზე. მათ ხმა მისცეს ჩაკეტილობას, ციხესიმაგრეს და ჰგონიათ, რომ ხმა მისცეს მდგრადობას, სიმტკიცეს. თუმცა დემოკრატია მდგრადობის უფრო მეტი გარანტიაა. აფხაზეთმა გადაწყვიტა, ამ პირობებში იცხოვროს და რუსეთისგან დისტანცირებაც ამ პირობებით მოახერხოს.
- ანქვაბმა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ განაცხადა: ``ჩვენ ბაღაფშის კურსს გავაგრძელებთ, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის მომხრე იყო და ჩვენ ამ კავშირებს მომავალშიც განვავითარებთ. მსოფლიოსთვის იმის დემონსტრირებას მოვახდენთ, რომ რუსეთმა ჩვენი აღიარებით ძალიან სწორი გადაწყვეიტლება მიიღო``. როგორ შეიძლება გაგებულ იქნას ეს განცხადება?
- ეს არის განცხადება რუსეთისთვის. ეს არის ის აუცილებელი განცხადება, რომელიც განცხადების შემთხვევაში არაფერს იძლევა, მაგრამ, თუკი არ განაცხადებ, ამას ყურადღებას მიაქცევენ. პოლიტიკაში არსებობს სამი მიმართულება და არა ორი, როგორც ქართულ აზროვნებაშია ჩარჩენილი: ან - ჰო, ან - არა; ან - ცუდი, ან - კარგი. არსებობს შუალედური პოზიციაც. ანქვაბმა ამ პოზიციებიდან ზუსტი არჩევანი გააკეთა: მან ამჯობინა, მისალმებოდა რუსეთთან ურთიერთობას. ის აუცილებლად ეცდება, გარკვეულწილად, გაავლოს უფრო მჭიდრო და მკაფიო წითელი ხაზი რუსეთთან.
- რა რესურსით?
- ბაღაფშიც ხომ ავლებდა ამ ხაზს? ხომ არ მისცა ის მიწები - რასაც რუსები ითხოვდნენ? ანქვაბიც იმ რესურსებით გაავლებს, რაც გააჩნიათ. ეს რესურსები მართლაც არსებობს: საერთაშორისო მხარდაჭერა - ``პატარებს ჩაგრავენ``; საქართველოს ყვირილი - ``რუსეთი ოკუპანტია`` და ა.შ. აფხაზებს აწყობთ, საქართველომ მუდმივად იყვიროს, რომ ტერიტორია ოკუპირებულია. მაგრამ ისინი ამას ხმამაღლა არასდროს დაადასტურებენ. ისინი ჩვენზე ჭკვიანები არიან: არასდროს ყვირიან იმას, რაც აწუხებთ. ``თუ სხვა ყვირის, მე რატომ უნდა გავიმეორო იგივე? შევინახავ ჩემს თავს და ქართველებს შერჩეთ რუსეთთან ჩხუბი``. ეს პატარა ერების თვისებაა, რომელიც სააკაშვილში, უბრალოდ, არ არსებობს. და სწორედ ამის გამო, მაკკეინისა და ნეოკონსერვატიული ფრთის წაქეზებით, საქართველო რუსულ კლდეს შეახეთქა. აფხაზები ასე არ იქცევიან.
- ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ - შოთა მალაშხიამ კი განაცხადა: ``ნაურუს, ვენესუელის, ნიკარაგუასა და ზაქარეიშვილის გარდა, ამ პროცესს არჩევნებს არავინ ეძახის``. რისი თქმა უნდა ამით ხელისუფლების წარმომადგენელს?
- ეს მას ჰგონია, რომ ხელისუფლების წარმომადგენელია. სინამდვილეში, ის არავის წარმომადგენელი არ არის, თავისი თავის გარდა. მალაშხია ხელისუფლებისგან შორს რომ დგას, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ის ოპონენტის გვარს ზუსტად ასახელებს. როგორც წესი, სააკაშვილი და მისი გარემოცვა ამას არასდროს აკეთებს. მალაშხიამ ესეც კი არ იცის.
მალაშხია არათუ პოლიტიკას არ ქმნის; მას მისივე კომისიის წევრები დასცინიან. არათუ გარედან, შიგნიდან დასცინიან მას. ეს უკვე ქართული საზოგადოების პრობლემაა.
თუ მალაშხია ფიქრობს, რომ ზაქარეიშვილი ნიკარაგუა ან ვენესუელაა, ეს, პირველ რიგში, მის განათლებაზე მეტყველებს. საზოგადოების პრობლემაა, პარლამენტში ისეთი დეპუტატი რომ ჰყავს, რომელსაც საერთაშორისო სამართლის სუბიექტისა და კერძო პირის პოზიციები ერთმანეთისგან ვერ გაურჩევია.
მალაშხიას მიერ გამოთქმულ შეხედულებებს მე არ ვკითხულობ. როგორც ჩანს, ის კითხულობს ჩემს მოსაზრებებს.  ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის დიდი პატივია, მაგრამ სწორედ იმ საზოგადოებისთვის ვიბრძვი, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი.