10 декабря, 2011

სულით აზნაურები და პოლიტიკასთან მიბმული ინტელექტუალები: ვის გვაოცებს მორალური კანონი ჩვენში?

                                                   „რეზონანსი“
                                                  10 დეკემბერი, 2011




რამაზ ჭილაია: „როცა ინტელექტუალი პოლიტიკასთან მიბმას გადაწყვეტს, ამ აქციის მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულს არ უნდა უტოლდებოდეს“

„ვახტანგ გორგასალი, გენეტიკურ დონეზე, არ იყო ქართველი. ასეთი ქართველი ბევრი გვყავს? ცნობიერად ქართველი უნდა იყო. და სამშობლო გიყვარდეს. სულ ეს არის“, - „რეზონანსი“ გთავაზობთ საუბარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, ლიტერატურათმცოდნე რამაზ ჭილაიასთან.

- ისაუბრეთ ცნების - ინტელექტუალური ელიტა - კლასიკურ მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ, პრაქტიკულად, რა დატვირთვა შეიძინა მან საქართველოში.
- ვფიქრობ, რომ ეს ბოლოჟამს დასავლეთში გახედნილი „მოღვაწეების“ მიერ დამკვიდრებული, ნაძალადევად პოსტმოდერნული ტერმინია. თანაც, ყურადსაღებია, რომ მას, რატომღაც, მრავლობით რიცხვში აწარმოებენ.
რას ნიშნავს ინტელექტუალური ელიტა? სხვათა შორის, საბჭოთა კავშირში არსებობდა ცნება „ტექნიკური ინტელიგენცია“. რას ნიშნავს იგი? რატომ ხდება ასეთი დაყოფა? შემდეგ შეიქმნა ტერმინი „სოფლის ინტელიგენტი“. სოფლის ინტელიგენტი ხომ, რეალურად, ყველა დროში არსებობდა? მას შინაგანი, სულის აზნაურობა ჰქონდა, და ამას არაფერში ცვლიდა. ყანაშიც მუშაობდა, ხესაც ჭრიდა, ქვასაც კოდავდა, მაგრამ სიტყვა მოუდიოდა გზიანი. ხაზგასმით ამბობს ვაჟა, რომ ალუდა ქეთელაური ახალგაზრდაა, მაგრამ საფიხვნოს თავში ზის - იმიტომ, რომ გონიერი კაცია. ოქსფორდში ორ-სამკვირიანი კურსები არ დაუმთავრებია. ფშავს არ გასცილებია. ლოკალშია. მაგრამ - გონისმიერია.
უკეთური ექსპერიმენტი იყო საბჭოთა კავშირი და, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სახელმწიფოსგან ნაფერები მეცნიერებიც იყვნენ, ვერავინ უარყოფს იმას, რომ სწორედ იმ პერიოდში შეიქმნა უძლიერესი სამეცნიერო სკოლები.
მაგრამ ამ სკოლების შემქმნელი მეცნიერები თავს ელიტის წარმომადგენლებად  არ მიიჩნევდნენ - მიუხედავად იმისა, რომ მათზე საზოგადოებაში გარკვეული სწორება იყო. და დღეს საზოგადოება არის, საერთოდ?
- თქვენ დასვით შეკითხვა, რომლითაც ჩვენი საზოგადოების არსებობას აყენებთ ეჭვქვეშ. თუ შეიძლება, განმარტეთ: რა საფუძველზე სვამთ საკითხს ამ კონტექსტში?
- დააკვირდით, რამდენი ხანია, ქართულ მედიაში სიტყვა „პიროვნება“ არ შეგხვედრიათ. ყველგან იწერება და ისმის: „ხალხი“.
ან, რას ნიშნავს „ცნობადი სახე“? თუკი ამ ლოგიკას მივყვებით, ყველაზე გამორჩეული, ცნობადი სახე ტრაგიკული პიროვნება - პლეხანოველი მარინა იყო - ბევრად უფრო კეთილშობილი ადამიანი, ვიდრე ცნობად სახეებად მიჩნეულები არიან.
- ჩვენს საზოგადოებაში პიროვნების უგულვებელყოფის პრობლემაზე საუბრობთ. თქვენი დაკვირვებით, რა არის ამის მიზეზი?   
- თამაშის ასეთი წესი დაამკვიდრა მან, ვისაც ძალაუფლება აქვს.
- და ამაზე იყო თანხმობა ქვემოდან?
- ეს ჩაყოლა უფრო იყო. ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს, რადგან... ასე წერია ამერიკის კონსტიტუციაში: „ჩვენ, ხალხი...“
- ამ დროს, სულით აზნაურები სად არიან?
- მეტწილად, შინ.
- მიგაჩნიათ, რომ მათაც გაიზიარეს თამაშის ეს წესი?
- არა, არა, ღმერთმა დაგვიფაროს. ისინი საქმეს აკეთებენ - უხმაუროდ. არ ყვირიან.
- რას?
- ვიღაც წერს, ვიღაც - ხატავს. საექსპერიმენტო ნაწილი მეცნიერებისა კი ძალიან ძვირია. შესაბამისად, მას სახელმწიფო არ აფინანსებს. მეჩვენება, რომ შესაძლოა, ეს წახალისებულიც კი არის. ეს რესურსის იძულებით გადინებას იწვევს. არავის უხარია სხვის კარზე ყოფნა - რაოდენ დალხენილიც უნდა იყოს ის. ბოლოს და ბოლოს, დიმიტრი უზნაძის ქვეყანაა და ეს ინსტიტუტი დახურო?!
- კონფორმიზმი ინტელექტუალურ წრეებში - თუ შეიძლება, განვიხილოთ ეს თემა ჩვენი საზოგადოების მაგალითზე. ამ თვალსაზრისით, რა არის თქვენითვის განსაკუთრებით საყურადღებო? რას თმობენ ინტელექტუალები და რის ფასად?
- ნურავინ იფიქრებს, რომ ვიღაცის დამუნათება, ქადაგის როლში ყოფნა მხიბლავს.  როცა ოჯახი უნდა არჩინო, რაღაცას თმობ. მაგრამ გონიერი კაცი ყველაფერზე არ უნდა წავიდეს. ძველი სპარსელები მოენეს აუცილებლად გადაუხდიდნენ შეპირებულ ოქროს, ოღონდ ჯერ მას პირში უდებდნენ და შემდეგ თავს მოჭრიდნენ - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანი ყველას გაყიდის. იმ ოქროსაც, როგორც უწმინდურს, ხელს არ კიდებდნენ.
გაუბედურებული სოლომან მორბელაძე, რომელიც შეგნებულად ვაინაჩრობს, ამბობს: „დასწყევლა ღმერთმა ხელმოკლე აზნაურის უსაშველო, გაძაღლებული ცხოვრება. რითი გამოაქვთ თავი, მეტი გზა რომ აღარ აქვთ? ტყუილი, ტყუილი, ყოველ ნაბიჯზე ტყუილი და უპირულობა“. აი, რას ამოთქვამს ეს  გაუბედურებული, ჟარგონზე ვიტყვი – მოჩალიჩე, გადამგდები მორბელაძე: „ღმერთო, გული სიბრალულით მევსება ყოველი ღვთის გაჩენილისა და დაჩაგრულისადმი“. ანუ, მას გაცნობიერებული აქვს, რასაც სჩადის, და ერთგვარად, ბოდიშს იხდის ამის გამო.
არავის უნდა რთული გზით სიარული. ყომარხანაში წასაგებად არავინ შედის. მაგრამ არის რაღაც სამანი, რომელსაც არ უნდა გადააბიჯო.
- სად გადის ეს მიჯნა?
- კანტი ამბობს: „არაფერი მაოცებს ამქვეყნად, ორი რამის გარდა: ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემ ზემოთ და მორალური კანონი ჩემში“. აი, ეს საყრდენი უნდა დაძებნო შენში. მესმის, რომ ეს ძალიან რთულია და ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ სხვაგვარად, უბრალოდ, შეუძლებელია. გაიხსენეთ: ვაჟა წერს, - ტანფეხშიშველი დავდივარო!
წმინდა წერილში ვერ ნახავთ ადგილს, სადაც ეწეროს, წელგაუმართავი, მშიერ-მწყურვალი იყავიო, პირიქით - ოღონდ, ეს ნათლით გქონდესო. ამ იგავების მხოლოდ თვალით კითხვა ხომ საკმარისი არ არის?
ამქვეყნად შიშველი მოდიხარ და შიშველივე მიდიხარ. ერთადერთი, რისი გატანაც ამ წუთისოფლიდან შეგიძლია, სახელია. აქ ანგელოზი არავინ ვართ. მაგრამ არის რაღაც, რომლის დათმობა, უბრალოდ, არ ეგების.
- ზემოთ აღნიშნეთ, - ნამდვილი ინტელექტუალები სახლში სხედან და თავიანთ საქმეს აკეთებენო. მაგრამ არცთუ იშვიათად (და ეს პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენამაც დაადასტურა), სწორედ ინტელექტუალური წრეების წარმომადგენლები, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის მოტივით, პირდაპირ თუ ირიბად, პოლიტიკაში ერთვებიან. როგორია თქვენი დამოკიდებულება მათი პოზიციის მიმართ? თქვენი აზრით, რას შესძენს უშუალოდ პოლიტიკაში მათი ჩართვა ქვეყანას და როგორ აისახება ეს მათი საქმიანობის ძირითად სფეროზე?
- სრულიად ტექნიკური სფეროს ტერმინით გიპასუხებთ: ამ აქციის მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულს არ უნდა უტოლდებოდეს. ილია ბრძანებს: ფხანა ქეცმა იცისო.
როცა ასეთ დროს სახეს არ კარგავ, ათგზის ძლიერი ხარ და სხვისთვის მაგალითის მიმცემი. მაგრამ ერთხელაც, უბრალოდ, შენც გადაჰყვები ამ სიმძიმეს, რადგან სიდუხჭირეში ადამიანი თავის გონისმიერ ენერგიას სრულიად სხვა მიმართულებით ხარჯავს და ამით ძალიან იღლება.
საბოლოოდ, ელემენტარული ყოფითი მომენტები როგორმე უნდა მოგვარდეს. ტოტალურად ყველა იყინებოდეს, შიოდეს, დენს ზოგავდეს... ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.
- ასეთ - დათრგუნულ საზოგადოებაში, სადაც გმირობას ვერავის მოსთხოვ,  ჩვეულებრივ, არსებობს თუ არა რესურსი იმისთვის, რომ სწორედ ამ წიაღიდან ამოიზარდოს  ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას სიღარიბიდან გამოიყვანს და მას განვითარების გზაზე დააყენებს?
- ერთი რამ ნათელია: საზოგადოებას ა-და-მი-ა-ნუ-რი ცხოვრება სურს.
ყველაფერს კი მაინც ლიდერები წყვეტენ. ხოლო პური ხაბაზმა უნდა გამოაცხოს.
- და ვინ აცხობს პურს საქართველოში? რა რესურსით მოდიან ლიდერები ჩვენს ქვეყანაში და როგორ რეალიზდება იგი?
- მთავარია, „პურის სახლი“ გვაქვს – ძალიან ცნობილი რესტორანი... და საჩინო სტუმრები იქ მიჰყავთ - ნატო-ს სიმბოლიკის მსგავსი ვარსკვლავიც კი გამოაცხობინეს და ეს ტელევიზიით გვახარეს.
ვახტანგ გორგასალი, გენეტიკურ დონეზე, არ იყო ქართველი. ასეთი ქართველი ბევრი გვყავს? ცნობიერად ქართველი უნდა იყო. და სამშობლო გიყვარდეს. სულ ეს არის.