``რეზონანსი`` - ``მთელი კვირა``
19 სექტემბერი, 2011
რამაზ ჭილაია: ``საზოგადოებასთან საუბარი უფრო გასაგები ენით, გასაგები ქართულით შეიძლებოდა``
``როგორ მეტყველებენ ინტელექტუალები? როგორც ვატყობ, მოდელი ერთია: საბჭოთა პერიოდში თითქოს კარგ ტონად ითვლებოდა და ``არუსულებდნენ``, ახლა კი იგივე ხდება ინგლისურის გავლენით. უცხოურ სიტყვათა მომარჯვება როგორც მაშინ იყო რაღაცის მანიშნებელი, ახლაც ასეა. თითქოსდა - ნაკითხობის``, - ``მთელ კვირა`` გთავაზობთ საუბარს ლიტერატურათმცოდნე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ რამაზ ჭილაიასთან.
- ენა სამყაროს მინიმოდელია. აქედან გამომდინარე, სამყაროში შენ ენის მეშვეობით შედიხარ. და სამყარო შემოდის შენში. შეიძლება ენას ფლობდე, მაგრამ ენის მატარებელი არ იყო. შეიძლება, გენეტიკური თვალსაზრისით, არ იყო კონკრეტულ ენაზე მოსაუბრე ხალხის შვილი, განსხვავებული გქონდეს აღმსარებლობაც, მაგრამ ამ ენის ბინადარი თუ ხარ, შენ ამ სააზროვნო სივრცეში ხარ და უკვე არავითარი სხვაობა აღარ არსებობს. ეს ძალიან აადვილებს კომუნიკაციას და გამორიცხავს ყოველგვარ ფობიას (დღეს ეს სიტყვა ძალიან მოდურია); ანუ: მე შენ ვარ და შენ მე ხარ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.
რუსებმა დაამკვიდრეს ცნება ``დაღესტნელი ხალხი``. ეს ფიქციაა. დაღესტნელი ხალხი არ არსებობს. დაღესტანში, სულ მცირე, 126 ენაა. ხშირად, მომიჯნავე აულებში მცხოვრებთ ერთმანეთის დედა ენა არ ესმით და მათ რუსული აერთიანებთ. ეს მეფის რუსეთის პოლიტიკამ განაპირობა, რომლის მიზანიც კავკასიის დაპყრობა იყო.
დაღესტანში ძმადნაფიცი მყავს. ის ლეკია, მისი მეუღლე კი - დარგუელი. საბჭოთა პერიოდში ვაჟი შეეძინათ. შამილი დაარქვეს. ექვსი წლისა იყო შამა, როდესაც სიამაყით ამბობდა, - მე კავკასიელი ვარო. იმ წელიწადს შამა რუსულ სკოლაში მიდიოდა. მან არც მამის და არც დედის ენა იცოდა. შამას მშობლების ურთიერთობის ენაც რუსული იყო, რადგან ქმარმა, რომელიც ფილოლოგია, ცოლის ენა იცოდა; ცოლმა კი არ იცოდა ქმრის ენა. აი, ასე - რუსულით შემოდიოდა სამყარო შამას ცნობიერებაში. ეს კი, ბუნებრივია, მის კავკასიურ ადათ-წესებთან წინააღმდეგობრიობას წარმოშობდა.
ენა ცოცხალი სუბსტანციაა - უფაქიზესი სუბსტანცია, რომელიც ყოველ უმნიშვნელო მოძრაობაზეც კი რეაგირებს. იგი ზოგჯერ განდევნის კიდეც საკუთარ სიტყვა-ტერმინს და სხვისას ისესხებს.
ქართულ ენას უნიკალური აფიქსური სისტემა აქვს. იგი, ერთგვარად, გირაგის როლს ასრულებს: თუნდაც სხვათა ენიდან შემოსულ ფუძეს ქართულ აფიქსებს დაურთავს, ქართულ ყალიბში მოაქცევს და... ის უკვე ქართულია. გამოვექომაგე - ეს უკვე იმდენად ქართული სიტყვაა, რომ არავინ იფიქრებს მისი სპარსული წარმოშობის შესახებ. და ეს ენის სისუსტეზე არ მეტყველებს, პირიქით: ეს ენის ძლიერებაა - მას ძლიერი თავდაცვითი აპარატი აქვს შემუშავებული.
თავის დროზე, უზარმაზარი საქმე გააკეთეს დიდმა მამებმა, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობდნენ: თუკი რამე გამოჩნდებოდა საქრისტიანოში - ნებისმიერ ენაზე - რუდუნებით თარგმნიდნენ. ხშირად ხდებოდა ისე, რომ ქართულში შესატყვისი ფორმა ვერ დახვდებოდათ. ეს სიტყვები მათ, კალკირებული ნორმით, როგორც წესი, ძველი ბერძნულიდან გადმოჰქონდათ. დღეს ეს სიტყვები ქართული ლექსიკის ნაწილია.
ბერძნულ-ბიზანტიური, თურქული, არაბული, ირანული ზეგავლენის მიუხედავად, ქართული ენა ყოველთვის ინარჩუნებდა თავისთავადობას. მას აქვს უამრავი თავდაცვითი საშუალება, რომელთა საშუალებით დღემდე მოაღწია.
ქართულ ენაზე ნებისმიერი სირთულის ტექსტი შეიძლება ითარგმნოს. იგი ფილოსოფიურ ენათა რანგში გადის: ფილოსოფიური ტერმინების ქართულად თარგმნა არ ჭირს. ეს ენის სიძლიერეზე მეტყველებს. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ქართულში ძალიან ბევრია შემოსული ელემენტი. მაგრამ დრო ძალიან აჩქარდა. მისი გავლენა ყველაფერში ჩანს.
- თქვენი დაკვირვებით, ახლა ქართულ ენა ახერხებს, ამ გავლენას - აჩქარებულ დროს - გაუძლოს და თავისთავადობა შეინარჩუნოს? საერთოდ, როგორ დაახასიათებთ ენას, როგორც ყოფიერების სახლს, რომელზეც დღეს ჩვენი საზოგადოება მეტყველებს?
- ზემოთ ვისაუბრე აფიქსურ სისტემაზე - მექანიზმზე, რომლითაც ჩვენი ენა ცდილობს, სხვათა წარმომავლობის სიტყვა მოაქართულოს. ამ მექანიზმით არის ნაწარმოები სიტყვები, რომლებიც დღეს სოციალური ქსელის ლექსიკის ძირითად კომპონენტებად იქცა: ``დავულაიქე``, ``მივაშათდაუნე``...
საერთოდ, ენის ცოდნა და ამ ენაზე აზროვნება აბსოლუტურად განსხვავებული კატეგორიებია. გახსოვთ, ალბათ: ქართულ სატელევიზიო სივრცეში მოდაში იყო ხიდები რუს პოლიტიკოსებთან - პოლემიკა რუსულ ენაზე. ამ ფორმატში ჩვენი პოლიტიკოსები, როგორც წესი, აგებდნენ. ის, ვინც სიზმარს ქართულ ენაზე ხედავს, ხომ იმ ენაზე უერთდება სამყაროს და ამ ენით შემოდის სამყარო მასში? ქართველი პოლიტიკოსები, სწორედ, ამ მიზეზიდან გამომდინარე აგებდნენ პოლემიკას. მაშინ, როდესაც სათქმელი წამებში უნდა გამოხატო, სხვა ენაზე მისი თარგმნა არა მხოლოდ გაყოვნებს და ამ თვალსაზრისით წამგებიან მდგომარეობაში გაყენებს; ენაში არსებობს სახე-ხატები, რომელიც შეიძლება მომგებიანად მიგაჩნდეს ქართული სააზროვნო სივრციდან გამომდინარე, მაგრამ, როდესაც მას რუსულად თარგმნი, შესაძლოა, იმ ენაზე სრულიად სხვა დატვირთვა შეიძინოს და სასაცილოც კი გახდეს. ასეთ შემთხვევაში კი წაგება, უბრალოდ, არ აგცდება.
ასე რომ, მსგავს სიტუაციაში, ყოველთვის უნდა ეცადო, პოლემიკა თანაბარ პირობებში წარიმართოს: ან თარჯიმანი უნდა მოითხოვო, ან ორივე მხარემ ნეიტრალურ ენაზე უნდა ისაუბროს: იმ ენაზე, რომლის მატარებელიც არც ერთი არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლემიკას, უბრალოდ, წააგებ.
- თქვენ შენიშნეთ, რომ სიტყვა ``დავულაიქე`` სოციალური ქსელების ტერმინია. შეიძლება თუ არა, ითქვას, რომ ძირითადად, ეს ტერმინოლოგია განსაზღვრავს დღეს ჩვენი საზოგადოების სამეტყველო ენასაც?
- ეს სიტყვა კომპიუტერის მომხმარებელთა არსენალიდანაა. ცხადია, ეს ტერმინები, ძალაუნებურად, გადამდებია. მისი გავრცელების ხასიათი მასობრივი არ არის, მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ გამრავლდეს. ``დამიქონექთდი`` - ეს სიტყვა, შეიძლება, სულაც არ უკავშირდებოდეს მხოლოდ კომპიუტერს, ინტერნეტკავშირს. ``დაქონექთება`` შეიძლება მოხდეს ტელეფონის საშუალებითაც...
კომპიუტერი კიდევ ერთი ხიფათის წინაშე გვაყენებს: ბევრს უჭირს ხელით წერა. დაივიწყეს. ეს კატასტროფაა.
- წიგნი?
- თითქოს დაილანდა ასეთი ტენდენციაც, რომ წიგნი უნდა გაქრეს. მაგრამ წიგნს ვერაფერი შეცვლის. შეიძლება, მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის წიგნი ბევრისთვის, ფინანსური თვალსაზრისით, ხელმიუწვდომელი იყოს, მაგრამ წიგნს მკითხველი მაინც ყოველთვის ეყოლება. მაღალი ტექნოლოგიები ისეთი ტემპით ვითარდება, რომ შეიძლება, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ კომპიუტერი, უბრალოდ, ანაქრონიზმი გახდეს და მუზეუმში დაიდოს ბინა. წიგნს კი ყოველთვის წაიკითხავენ. თუმცა, კითხვა მხოლოდ თვალით კითხვას არ ნიშნავს... ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი წიგნს მცირე ასაკიდან ვაზიაროთ.
- რას იტყვით ენაზე, რომელზეც ახლა ინტელექტუალური წრეები მეტყველებენ? როგორია ინტელექტუალთა ლექსიკის, ფრაზეოლოგიის ძირითადი კომპონენტები?
- რა თქმა უნდა, არსებობს სამეცნიერო ენა, რომელიც ჟურნალ-გაზეთების ენისგან - პუბლიცისტიკისგან განსხვავდება. როგორ მეტყველებენ ინტელექტუალები? როგორც ვატყობ, მოდელი ერთია: საბჭოთა პერიოდში თითქოს კარგ ტონად ითვლებოდა და ``არუსულებდნენ``, ახლა კი იგივე ხდება ინგლისურის გავლენით. უცხოურ სიტყვათა მომარჯვება როგორც მაშინ იყო რაღაცის მანიშნებელი, ახლაც ასეა.
- რისი მანიშნებელი?
- თითქოსდა - ნაკითხობის.
თუკი დედა ენა კარგად იცი, ძალაუნებურად დაგიდგება მომენტი, როდესაც საერთაშორისო მნიშვნელობის ტერმინის გამოყენება დაგჭირდება. ეს ნორმისმიერია. ხოლო თუკი შეგიძლია, შენი ენის მარაგიდან მოიმარჯვო სიტყვა, მაგრამ ამ დროს, აზრის დასაბინდად თუ ვიღაცის მოსახიბლად უცხოურ ტერმინს იყენებ, ეს უფრო პრობლემაზე მეტყველებს, ვიდრე ნაკითხობაზე.
იმპლემენტაციის ნაცვლად, მისი შესაბამისი ქართული სიტყვის მოხმობა არ შეიძლება? ან, რა შეიძლება იფიქრო, როდესაც ერთდროულად გეუბნებიან სიტყვებს - ტრანსპარენტული და გამჭვირვალე?
- თქვენი დაკვირვებით, როგორ არის დაცული ქართული ენა ჩვენს მასმედიაში?
- პოპულარული ქართული ჟურნალის პირველ გვერდზე, ცნობილ ტელეჟურნალისტთან დაკავშირებით, რომელმაც, როგორც ჩანს, წონაში დაიკლო, წერია: ``ვინ დაასუსტა იგი?``...
``როგორ გიხდება ბეჭედი ცხვირში!`` - ეს ფრაზა ლათინურ-ამერიკული სერიალის ქართული ვერსიიდანაა. მთარგმნელმა, რომელმაც, როგორც ჩანს, ტექსტი რუსულიდან თარგმნა, უნდა იცოდეს, რომ ცხვირში ბეჭედს კი არა, რგოლს იკეთებენ.
და კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან ამავე ჟანრიდან: ``გიყვართ ყავა ქლიავით?``...
- ახალი თაობის ენას რა ნიშნებით გამოჰყოფთ?
- ვინაიდან ენა ძალიან ფაქიზი სუბსტანციაა, ძალაუნებურად, ჩემი თაობის ჟარგონიც მკვეთრად განსხვავდება დღევანდელი ახალგაზრდების ჟარგონისგან. ჟარგონიც ხომ ერთ-ერთი გამოხატულებაა ენისა. ისიც ენაა.
ჩვენი თაობებისთვის საერთოა და არ შეცვლილა სიტყვა-ტერმინი ``გოიმი``. ამ დროს კი, ბევრმა მისი მნიშვნელობა არ იცის: იუდეველთა ენაზე გოიმი არაიუდეველს ნიშნავს.
როგორ მეტყველებენ ახალგაზრდები? ისე, როგორც ეს საზოგადოება მეტყველებს. არის კიდევ ერთი საყურადღებო მომენტი: თაობები წამოვიდა, რომლებმაც რუსული საერთოდ არ იციან, მაგრამ საოცარია, - მისალმებისას, მოკითხვაზე ასე პასუხობენ: ``ნიჩაავო`` - თან, არასწორი მახვილით.
რასაკვირველია, ყოველთვის არც მე ვსაუბრობ სუფთა ქართულით. არანორმატიულ ლექსიკასაც ვიყენებ, სადაც საჭიროა. სხვათა სიტყვების მომარჯვებაც მიყვარს. ამას ზოგჯერ ცნობიერად ვაკეთებ - დაზუსტების მიზნით. მაგრამ თითქოს ერთგვარი ჩიპი მაქვს, რომელიც უნივერსიტეტში შესვლისას ირთვება: ლექციაზე სიტყვის გაქცევა დაუშვებლად მიმაჩნია. არალიტერატურულ სიტყვებსა და გამოთქმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მივმართავ, როცა ამას გარკვეული ხატის შექმნა მოითხოვს.
- როგორ ფიქრობთ, ეს ნაკლია, თუ - პირიქით?
- თუკი არ თამაშობ, არ კეკლუცობ, ამაში ცუდი არაფერია. ქართველი ამბობს, - რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარო. და, მით უმეტეს, თუკი ვიღაცას მტრად მიიჩნევ, რატომ არ უნდა იცოდე მისი ენა? რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის ეს მტერი? აღმოსავლური შეგონებაა: განა შეიძლება, დავიწუნოთ ის ტაიჭი, რომელზეც ხუთიოდე წუთის წინ შენი ავისმყოფელი იჯდაო?
- როგორ დაახასიათებთ ენას, რომლითაც ხელისუფლება ესაუბრება ხალხს?
- საზოგადოებასთან საუბარი უფრო რბილად შეიძლებოდა; უფრო გასაგები ენით. გასაგები ქართულით. უმრავლესობამ შეიძლება, ვერც კი გაიგოს, რას ნიშნავს იმპლემენტაცია, და ამან დააბნიოს. ხალხს პირდაპირ, გასაგები ენით უნდა უთხრა, რას აპირებ.
საზოგადოების დიდ ნაწილს საბჭოთა მენტალიტეტი ძალაუნებურად მოჰყვება. ვინც საბჭოეთი გამოიარა, იცის, რომ იყო ერთი გაზეთი, ერთი არხი და ერთი რადიო. მაგალითად, ამბობდნენ ხოლმე: ``ხვალ არის გამოსასვლელი დღე``. საერთოდ, ``გამოსასვლელი`` რას ნიშნავს, არ ვიცი, მაგრამ ქართულად ასე ჟღერდა... და თუკი ვინმეს ამ ინფორმაციის სიზუსტე აინტერესებდა, პასუხობდნენ: ``რადიომ თქვა``. ``პრავდაში`` დაიწერა``. და ეს გარკვეულ თაობაში, სოციუმის გარკვეულ ფენაში დღესაც მომუშავე ტექსტია - იმიტომ, რომ ამ ხსოვნის აღმოფხვრა ძნელია. ეს ინერცია დღესაც მუშაობს: როდესაც საბჭოთა თაობის ადამიანებს ხელისუფლების წარმომადგენლის ან რომელიღაც დიდი დაფარვის მქონე არხის წამყვანის სიტყვების სიზუსტეში დარწმუნება უნდათ, ფრაზა - ``ტელევიზორმა თქვა`` - მათთვის მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს. მას სჯერა, რომ რაც იქ ნახა და მოისმინა, ყველაფერი სიმართლეა.
- თქვენ ქართული ენის განვითარებისთვის დიდი მამების ღვაწლის შესახებ საუბრობდით. თქვენი დაკვირვებით, რამდენად არის გასაგები საეკლესიო ენა ჩვენს ქვეყანაში, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია? რამდენად არის შესაძლებელი, ამ ცოდნის გათვალისწინებით, მართლმადიდებლობის არსში წვდომა?
- ...სხვათა შორის, რაოდენ ძაღლთაპირიც იყო ლენინი, ის, ამავე დროს, ძალიან გონიერი იყო და უცხოურ ენებს ბიბლიის საშუალებით სწავლობდა - იმიტომ, რომ ეს ის ტექსტია, სადაც მძიმის შეცვლაც კი არავის შეუძლია. ის პირველწყაროდ იყენებდა ბიბლიას, რომელიც მის სააზროვნო ენაზე იყო დაწერილი. მის გვერდით კი ედო ბიბლია იმ ენაზე, რომლის შესწავლაც სურდა. გამორჩეულ სტუდენტებს ყოველთვის ვურჩევ, ამ მეთოდით ისწავლონ უცხოური ენა. და, სხვათა შორის, ენა არის უცხოური, ხოლო უცხო არის სუნელი...
რაც შეეხება საეკლესიო ენის გაგებას და, შესაბამისად, მის როლს მართლმადიდებლობის არსში წვდომისთვის: ძველი ქართული ენით დღეს საზოგადოებაში, პროფესიონალის გარდა, არავინ მეტყველებს. ენის ძველი პლასტების ფლობა მართლაც დიდი ფუფუნებაა. ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის.
ზოგადად კი, ადამიანს, რწმენა უნდა ჰქონდეს, უპირველეს ყოვლისა. და მერე - სურვილი იმისა, რომ შეიმეცნოს, რასთან აქვს საქმე.
- არსებობს ეს რწმენა და სურვილი?
- თანამედროვე ქართულით დაწერილ, ნებისმიერ ტექსტს რამდენი იგებს სწორად? ეს პიროვნებაზეა დამოკიდებული. მის შესაძლებლობაზე. განათლებაზე. ნიჭიერებაზე. და სურვილზე - ტექსტი სწორად წაიკითხოს.