25 მაისი, 2011
"სახალხო კრების" ლიდერი აგონიაშია: "გამოდით სოროებიდან! შვილები ხელიდან გვეცლება!" - ასე "ამოწმებს" ჩვენს სინდისს ნინო ბურჯანაძე, რომელმაც აშკარად იგრძნო პრობლემა ხალხის მხარდაჭერის თვალსაზრისით. როგორც ჩანს, პარლამენტის ექს-სპიკერს 9 ნოემბრის სიტყვა სულ ცხვირწინ უნდა უფრიალო, რათა საკუთარ შესაძლებლობებს გადახედოს და მიხვდეს, რა მოიგო იმით, რაც დათესა. პოლიტიკოს ქალბატონს, რომელიც ახლა თანამოქალაქეებს შვილების ბედზე გულისტკივილით ესაუბრება, როგორც ჩანს, განსაკუთრებული როლი აქვს შესრულებული გირგვლიანის მკვლელობის დამკვეთებისა და შემსრულებლების გამოვლენასა და დასჯაში.
რუსული კვალი, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ბურჯანაძის პოლიტიკური ვნებების მიღმა, ამჯერად პარლამენტის შენობის წინ იცდის და შესაფერის მომენტს ელოდება. ამ გადაწყვეტილებით, რომელსაც, უბრალოდ, პროვოკაცია ჰქვია და სხვა არაფერი, ნინო ბურჯანაძე კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ის მზადაა, ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად მოვიდეს.
ამისთვის მან სადღაც ძველთაძველი ფეხსაცმელიც კი იშოვა და, ალბათ, ზიზღით ჩაიცვა.
ამისთვის მან პროტესტის ქართულ ფორმას, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებული თავშეკავებულობით გამოირჩეოდა, თვალშისაცემი აგრესია შესძინა. და ამისთვის ის გამეტებით ურტყამს მოწინააღმდეგე მხარეს პლასტმასის ჯოხებს. დროდადრო კი ამ ჯოხებთან ცეკვავს, ხალხის გარეშე დარჩენილი.
პოლიტიკოსი, რომელსაც ძალაუფლების მოპოვების წყურვილისგან პირი უშრება, იქ დაბანაკდა, სადაც ხვალ, დამოუკიდებლობის დღეს, სამხედრო აღლუმის ეპიცენტრი უნდა იყოს. ბურჯანაძე ალბათ ფიქრობს, რომ არაფერი აქვს დასაკარგი. რა აქვს დასაკარგი რუსეთს ამ კონტექსტში და რეალურად, რა ლოგიკური საფუძველი ჰქონდა ნინო ბურჯანაძეს, პოლიტიკური გონისგან (თუკი ასეთი რამ აქამდე ჰქონია) მთლიანად დაცლილიყო? თბილისის მერია უკვე ურჩევს აქციის მონაწილეებს, შეცვალონ საპროტესტო აქციის ადგილი. ხვალ დილით მათ ეს ადგილი, წესით, სააღლუმოდ "გაწმენდილი" უნდა ჰქონდეთ.
ამჯერად ჩვენი ქვეყანა დენთის კასრზე ბურჯანაძემ შესვა. სპეცრაზმს კი საქართველოში სხვა არაფერი ევალება, ხალხის დაწიოკების გარდა. რუსული თამაში ბურჯანაძის თეთრი მარგალიტებით გადამწყვეტ ფაზაში შედის.
Комментариев нет:
Отправить комментарий