26 ноября, 2011

თეორეტიკოსების სიჭარბე: დაბრკოლება ივანიშვილისთვის ბრძოლის გრძელვადიან დისტანციაზე

                                   „რეზონანსი“
                                   26 ნოემბერი, 2011

ხათუნა ლაგაზიძე: „ივანიშვილისთვის მოკლევადიან დისტანციაზე ბრძოლა უფრო მომგებიანი იქნებოდა“

„პოლიტიკასთან სისხლხორცეული კავშირი და ამ სივრცეში შემთხვევით მოხვედრა განსხვავებულ მოტივაციებს ეფუძნება. ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წამყვანი ფიგურები და ივანიშვილის გუნდის გარკვეული ფიგურები ბრძოლაში რესურსებს სრულიად სხვადასხვა მოტივაციით ჩადებენ. ასე რომ, ადამიანური რესურსებიდან გამომდინარე შანსების თვალსაზრისით, ჯერჯერობით, ხელისუფლება იგებს“, - აცხადებს „რეზონანსთან“ საუბრისას პოლიტიკური ექსპერტი - ხათუნა ლაგაზიძე.

- როგორ აფასებთ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის ინტელექტუალურ, პოლიტიკურ რესურსს მიმდინარე პროცესში? რა არის თქვენთვის განსაკუთრებით ნიშანდობლივი ფაქტორი, რაც მან უნდა გაითვალისწინოს?  
- პოლიტიკურ პროცესში და კონკრეტულად, საარჩევნო პროცესში ადამიანურ რესურსებს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ფინანსებს. ფინანსებს შეუძლია ადამიანური რესურსის მობილიზება და არა - შექმნა.  თუკი ქვეყანაში ადამიანური რესურსი არ არსებობს, დასახული მიზნის მისაღწევად მხოლოდ ფინანსები, უბრალოდ, უძლურია.
არჩევნების კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში დანიშვნის შემთხვევაში, ივანიშვილს გრძელვადიანი დისტანცია ექნება გასავლელი. ამ დისტანციაზე მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ჰყავდეს ძალიან კვალიფიციური ადამიანური რესურსი. ის გამარჯვებას მხოლოდ ამ პირობებში შეძლებს. და, თუკი ივანიშვილი საკუთარი პერსონის გარშემო სათანადო ადამიანური რესურსის მობილიზებას ვერ მოახერხებს, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ პოლიტიკაში მისი მოსვლა ნაადრევი იყო.
- ადამიანური რესურსების დეფიციტში კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- ძალიან მნიშვნელოვანია, მასთან მუშაობდნენ პიარტექნოლოგები, იმიჯმეიკერები, პოლიტტექნოლოგები; პოლიტიკური სახეები - ადამიანები, რომლებიც მის პოლიტიკურ სტრუქტურებს ააგებენ. ეს უნდა იყოს მრავალრიცხოვანი გუნდი, რომელიც ხელისუფლების ინტელექტუალურ ნაწილს ღირსეულ მეტოქეობას გაუწევს. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს ძალიან რთულია. მეორე მხრივ, უნდა მუშაობდნენ იმ კატეგორიის პირები, რომლებსაც  პარტიული მშენებლობის, საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის, ამ პროცესების მართვის გამოცდილება აქვთ.
- დააზუსტეთ, თუ შეიძლება: ივანიშვილი ადამიანური რესურსის მობილიზებას ვერ ახერხებს თუ იგი, თქვენი დაკვირვებით, უბრალოდ, არც არსებობს?
- სწორედ ამიტომ არის აქტუალური შეკითხვა - სწორად იყო თუ არა შერჩეული პოლიტიკაში მისი მოსვლის დრო. ახლა ნამდვილად არ ჩანს ის რესურსი, რომლითაც ივანიშვილი თავს კომფორტულად იგრძნობდა; იმ ტიპის რესურსი, რომელიც მას მშვიდად ყოფნის საშუალებას მისცემდა. ამ ტიპის რესურსი საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან შეზღუდულია - ეს პატარა ქვეყანაა. არსებული რესურსები ძალიან ბევრ პოლიტიკურ სუბიექტშია გაბნეული და მათი მობილიზება ადვილი არ არის. ხაზგასასმელია ისიც, რომ ინტელექტუალური რესურსის ძალიან დიდი ნაწილი საქართველოდან გასულია.
ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ კვალიფიციური სპეციალისტების უმრავლესობამ საკუთარი პერსონის დისკრედიტაცია მოახდინა და ამიტომ, მათი გაერთიანების შესაძლებლობაც რომ გაჩნდეს, რამდენად მომგებიანი იქნება ამ „ფეისების“ ივანიშვილის გვერდით აღმოჩენა?
და კიდევ ერთი - ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი - ეს შიშის ფაქტორია. ძალიან ბევრი ადამიანი, იმის გამო, რომ მას არჩევნებამდე არსებული დისტანციის გავლის ეშინია, ივანიშვილთან მისვლაზე უარს ამბობს.
ამ მიზეზების გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ ივანიშვილისთვის მოკლევადიან დისტანციაზე (არჩევნებამდე უფრო ახლო პერიოდში) ბრძოლა უფრო მომგებიანი იქნებოდა.
- ივანიშვილის მიერ დღემდე მოძიებულ რესურსზე კონკრეტულად რა შეგიძლიათ, თქვათ? როგორ დაახასიათებთ იმ გუნდის შესაძლებლობებს, რომელიც ახლა მის გვერდითაა?
- ამ ადამიანების უმრავლესობა პროფესიონალია. მაგრამ რა მნიშვნელობა ექნება მათ მონაწილეობას პოლიტიკურ ბრძოლაში? როგორია მათი კვალიფიკაცია საარჩევნო ტექნოლოგიების სფეროში? იციან თუ არა საარჩევნო პროცესის დაგეგმვა და, შემდეგ, შეუძლიათ თუ არა გამარჯვების მიღწევა? აქვთ თუ არა უნარი (რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვსაუბრობ), საკუთარ თავზე აიღონ პოლიტიკური ბრძოლის წარმოება ისეთ გიგანტთან, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“? აქვთ ამ ადამიანებს  გამოცდილება პოლიტიკაში, რომელიც ივანიშვილის მიერ გაცხადებული მიზნის მიღწევისთვის არის საჭირო?
- თქვენ აღნიშნეთ, რომ ივანიშვილის გუნდმა ხელისუფლების ინტელექტუალურ ნაწილს ღირსეული წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს, და რომ ეს ძალიან რთულია. იმიტომ, რომ გამოცდილება არ აქვთ?
- პირველი: იმიტომ, რომ არ აქვთ გამოცდილება; და მეორე: ბევრი მათგანი, უბრალოდ, არ არის იმ სფეროს წარმომადგენელი, რომ აქამდე პოლიტიკასთან აქტიური შეხება ჰქონოდა.
დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, თავის დროზე, საკუთარ დანიშნულებას, ფუნქციას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სივრცეში ხედავდნენ. ამავე თვალსაზრისით, რამდენად შეიძლება პარალელის გავლება იმ პერსონებთან, რომლებიც დღეს ივანიშვილის გარშემო დაჯგუფდნენ? ხედავენ კი ეს ადამიანები თავიანთ დანიშნულებას პოლიტიკაში? არის პოლიტიკა მათი ცხოვრების ნაწილი? ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემას, ჩემი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პოლიტიკასთან სისხლხორცეული კავშირი და ამ სივრცეში შემთხვევით მოხვედრა განსხვავებულ მოტივაციებს ეფუძნება. ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წამყვანი ფიგურები და ივანიშვილის გუნდის გარკვეული ფიგურები ბრძოლაში რესურსებს სრულიად სხვადასხვა მოტივაციით ჩადებენ. ასე რომ, ადამიანური რესურსებიდან გამომდინარე შანსების თვალსაზრისით, ჯერჯერობით, ხელისუფლება იგებს. როგორი უსიამოვნო მოსასმენიც უნდა იყოს, ეს ცალსახაა.
- თქვენ ასახელებთ კონკრეტულ მიზეზებს, რითაც ივანიშვილის გუნდში რესურსების სიმწირეს ხსნით. მაგრამ ხომ შეუძლებელია, ქვეყანაში არსებული რესურსი მთლიანად სააკაშვილის ხელისუფლებაში იყოს განფენილი? თქვენი დაკვირვებით, მაინც რა გზებს უნდა მიმართოს ივანიშვილმა, რათა „ნაცმოძრაობის“ „ტვინებს“ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს?
- კონკრეტული მაგალითით დავიწყებ: მაგალითად, იაგო კაჭკაჭიშვილი არის, გარკვეულწილად, ნიშნული ქართულ სოციოლოგიაში, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა არა მხოლოდ კვალიფიკაციით, არამედ მაღალი რეპუტაციითაც.  სოციოლოგიური კვლევა ხომ პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან ფსიქოლოგიური ბრძოლის ერთ-ერთი გადამწყვეტი იარაღია. იაგო კაჭკაჭიშვილისთვის კი სოციოლოგიური კვლევა ყოველთვის იყო საზოგადოების აზრის შესწავლის და არა - საზოგადოებასთან ბრძოლის საშუალება.
რა თქმა უნდა, ასეთი ფიგურები ივანიშვილის გარემოცვაში არიან, მაგრამ არის ერთი, ჩემი აზრით, ყურადსაღები პრობლემა: ივანიშვილს ძლიერი თეორეტიკოსები ჰყავს, მაგრამ მის გარემოცვაში პრაქტიკოსების სერიოზული დეფიციტი იგრძნობა.
- ამას რით ახსნით?
- ჩვენი სივრცეში ასეთი პროფესიონალები ძალიან ცოტანი არიან. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა და ლამის მთელი ინტელექტუალური რესურსის მონოპოლიზება მოახდინა. პრაქტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებსაც წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდათ ქართველ ამომრჩეველთან მუშაობის გამოცდილება, რაღაც ფორმით მაინც დაკავშირებულია ხელისუფლებასთან: ზოგს კვლევები აქვს შეკვეთილი ხელისუფლებიდან, ზოგს - პროპაგანდა და ა.შ.
ამიტომ, იმის ძიებაში, თუ რომელ პოლიტტექნოლოგს უმუშავია ჟვანიასთან, ბურჯანაძესთან თუ სააკაშვილთან, ივანიშვილი შეიძლება, უბრალოდ, მარტო დარჩეს.
ივანიშვილს უმძიმეს ფსიქოლოგიურ ომში ბრძოლა მოუწევს. მან უნდა მოახერხოს და დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ის ხელისუფლების ზეწოლისგან ადამიანების დაცვას შეძლებს. ეს უმთავრესი და ურთულესი ამოცანაა.
- თქვენი დაკვირვებით, შეძლებს ის, საზოგადოებაში ამ რწმენის საფუძველი გააჩინოს?
- ეს ძალიან რთულია, მაგრამ - პროცესია. და ამ პროცესს კვალიფიციური ადამიანების მიერ დაგეგმვა სჭირდება.
თავის მხრივ, ურთულესი ამოცანის წინაშე დგას ხელისუფლება. მან არ უნდა დაუშვას, რომ ივანიშვილმა ადამიანებს უსაფრთხოდ, დაცულად ყოფნის რწმენა შესძინოს. ხელისუფლებას, ივანიშვილის სახით, ათუცნობიანი მოწინააღმდეგე ჰყავს და ამდენად, ამ ამოცანის სირთულე კიდევ უფრო ნათელია.
დღემდე, საქართველოში პოლიტიკური ფიგურები მეტ-ნაკლებად შეესაბამებოდნენ გარკვეულ კლიშეებს. ივანიშვილი კი ვერც აგრესიული, ვერც ქუჩაზე ორიენტირებული,  ვერც იმდენად მოწყვლადი პოლიტიკური ამბიციის მქონე პერსონის კლიშეში ჩაჯდა, რომ მისთვის რუსული იარლიყის მიწებება იოლი გამხდარიყო.
ამ ფონზე, ხელისუფლებას აგრესიის ახალ-ახალი დოზების წარმოჩენა არაფრით აწყობს: ეს განსაკუთრებით თვალსშისაცემია დასავლეთისთვის; სააკაშვილის ხელისუფლება კი, მისი რეაქციების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. და, რადგან აგრესიული იმიჯი მას დასავლეთთან ურთიერთობისას სრულიად არამომგებიან მდგომარეობაში აყენებსს, იძულებულია, მოირგოს სრულიად ახალი იმიჯი. სააკაშვილის ხელისუფლებამ ვერ შეძლო, ივანიშვილი საკუთარ მოედანზე გადაეყვანა. ამიტომ, მან ახლა სხვის მოედანზე უნდა ითამაშოს და იქ გაიმარჯვოს.
- ეთანხმებით თუ არა გავრცელებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი გარე პროექტია?
- ივანიშვილის პერსონის განეიტრალება პოლიტიკაში მისი მოსვლიდან ათი დღის განმავლობაში ძალიან მარტივი იყო. თუნდაც იმ დღეს, როდესაც მის დაცვას იარაღი აჰყარეს, დეპორტაცია არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. თუკი ობიექტურად ვიმსჯელებთ, ამ გზით, საქართველოში ივანიშვილის თემა, როგორც დაიწყო, ისევე დასრულდებოდა.
მაგრამ რადგან დასავლეთმა ეს არ დაუშვა, ჩანს, რომ ივანიშვილი საჭიროა საქართველოში სწორედ დღეს და სწორედ მოცემულ პოლიტიკურ ვითარებაში.
ასე რომ, ფაქტია: თუკი ივანიშვილი დასავლეთს არ შემოუყვანია, იმას მაინც ვერავინ უარყოფს, რომ მისი შემოსვლის შემდეგ დასავლეთის მხრიდან სიმპათიები გაჩნდა. ასეთ ვითარებაში, ხელისუფლება საკუთარ თავს კითხვას უნდა უსვამდეს: რატომ გახდა აუცილებელი მისი რეალური ალტერნატივის შემოყვანა ქვეყანაში? ეს არის მთავარი კითხვა „ნაციონალური მოძრაობისთვის“.
საუბარი იმაზე, რომ შეერთებულ შტატებს აქ დემოკრატია და თავისუფალი არჩევნები აინტერესებს, უბრალოდ, აბსტრაქციაა. ის ისეთ ტოტალიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობს და თანაარსებობს, რომ მათთან საქართველოს ხელისუფლების შედარება, უბრალოდ, უხერხულია.
და, რადგან ასეა, რატომ მიიღო დასავლეთმა ივანიშვილი, როგორც ფაქტორი? იმისათვის, რომ საქართველოში პროცესები უმართავი არ გამხდარიყო, დასავლეთმა, თავის გადაზღვევის მიზნით, პოლიტიკურ რეალობაში კიდევ ერთი მოთამაშე  შემოიყვანა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სწორედ ის ფაქტორები უნდა გაანეიტრალოს, რასაც დასავლეთი საქართველოში დესტაბილიზაციის საფრთხედ აღიქვამს.
ვფიქრობ, რომ ახლა დასავლეთისთვის მომგებიანია საქართველოში სრულიად ახალი პოლიტიკური რუკის ხილვა. ეს რუკა კი მრავლაპარტიულ პარლამენტს გულისხმობს - სადაც უმრავლესობაში არც ერთი პოლიტიკური პარტია არ იქნება. ივანიშვილის აბსოლუტური უმრავლესობით მოსვლაც კი არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს სათავეში ერთი პოლიტიკური პარტია მოვა: როგორც დღეს ჩანს, მოდის პოლიტიკური ძალა, რომელიც, სულ მცირე, სამი სუბიექტისგან შედგება.
- თქვენი აზრით, დაუშვებს თუ არა დასავლეთი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სივრციდან გარიყვას?
- ვფიქრობ, რომ დასავლეთი „ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარ შემთხვევაში არ შეელევა - იმიტომ, რომ მან ძალიან კარგად იცის, განსაკუთრებით, ამერიკასთან სასაუბრო ენა. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულ ფრთასთან ურთიერთობა მათთვისაც ყველაზე კომფორტულია. ისინი ამ კომფორტს არ მოიკლებენ და, ზოგადად, არ შეელევიან „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური სუბიექტის გაქრობას. და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება, რადგან არ შეიძლება, ქვეყანაში პოლიტიკური სპექტრი ყოველ ათ წელიწადში ძირეულად იცვლებოდეს. ასე სახელმწიფო ვერ აშენდება.

Комментариев нет:

Отправить комментарий