02 мая, 2011

თბილისი-ცხინვალი: რა მოიტანა ჩიბიროვის გაწირვამ?

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
2 მაისი, 2011


ახლახან, ცხინვალში გამომავალ გაზეთ  "რესპუბლიკაში" დაიბეჭდა რობერტ კულუმბეგოვის პუბლიკაცია - "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მომავალი. ვაჭრობა უადგილოა!" (11-12 თებერვალი, 2011წ.).
აღნიშნული სტატია, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ, ცხადყოფს მთავარ მიზეზებს, თუ რატომ შეაქცია ზურგი საქართველოს სამხრეთ ოსეთმა კონფლიქტის მოგვარების, პრაქტიკულად, კულმინაციურ ეტაპზე.


"ბოლო დროს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სტატუსის შეცვლის კონტექსტში რუსულ-ქართული ურთიერთობების საკითხი მოულოდნელად გაქტიურდა. ამის მანიშნებელი პირველი სიგნალი საინფორმაციო სააგენტო "რეგნუმის" მთავარი რედაქტორის - მოდესტ კოლეროვის პუბლიკაცია იყო. კრემლის ყოფილმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ "მოსკოვში ჩამოყალიბდა ადმინისტრაციულ-ეკონომიკური ლობი, რომელიც მიისწრაფვის, საქართველოსთან მეგობრობა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე გაცვალოს.
რამდენიმე ხნის შემდეგ მსგავსი საგანგაშო ტენდენციების არსებობა რადიო "ეხო მოსკვისთან" ინტერვიუში აღნიშნა ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და ჟურნალისტმა ალექსანდრე პროხანოვმა: "მოსკოვში სერიოზულად განიხილება საქართველოსთვის სამხრეთ ოსეთის დაბრუნების საკითხი... ნოემბერში, ოსეთის პრეზიდენტის გადარჩევისას, მოსკოვი შეეცდება, იქ დასვას ძალიან სუსტი ადამიანი, რომელიც მზად არის, წავიდეს საქართველოსთან კონფედერაციულ შეთანხმებაზე და ქართულ კონტექსტში სამხრეთ ოსეთის დაბრუნება იქიდან სააკაშვილის მოშორებაზე გაიცვალოს..."
ის, რომ სამხრეთ ოსეთში ამ გეგმის რეალიზაციას სერიოზულად უყურებენ, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველმა - ა. კოზაკმაც დაადასტურა: "სხვაგვარად, მე ამას რუსეთის ნაციონალური ინტერესების ღალატს ვერ ვუწოდებ".
ამასთანავე, ახლა მოსკოვში ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების - საგარეო საქმეთა სამინისტროს ექს-მეთაურის - სალომე ზურაბიშვილის, ექს-პრემიერ ზურაბ ნოღაიდელის, პარლამენტის ექს-სპიკერის - ნინო ბურჯანაძის გახშირებული კონტაქტებია. რუსეთში მათ აქვთ დასაყრდენი. და ეს მხოლოდ მრავალრიცხოვანი და გავლენიანი ქართული დიასპორა არ არის.
რუსული ხელისუფლების მაღალი ეშელონების გარკვეული წრეების მცდელობებს დაუბრუნდეს სამხრეთ ოსეთი საქართველოს - პერმანენტული ტენდენცია აქვს. აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთის იმპერიასთან მიერთების პირველ წლებში მეფის ადმინისტრაციამ, ქართველების წაქეზებით, აქტიურად შეუწყო ხელი მათი ხელისუფლების სამხრეთ ოსეთში დამტკიცებას. მრავალრიცხოვანი სადამსჯელო ექსპედიციების მიზანი იყო, ძირშივე განედევნათ სამხრეთ ოსეთის ხალხის მხრიდან განცალკევებულობისთვის მცდელობებიც კი. საბჭოეთის "ხალხთა მეგობრობის" პერიოდში ნიველირებლი იყო ყოველგვარი ნაციონალური იდენტობა. ოსური ინტელიგენციის გამოჩენილი წარმომადგენლები, რომლებიც ოსეთის სამხრეთ ნაწილის დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ, რეპრესირებულ იქნენ. 1937 წლის შედეგებს ჩვენ დღემდე ვერ დავაღწიეთ თავი. საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკაში ყოფნის მთელი 70 წლის განმავლობაში "კულტურული გენოციდი" ხორციელდებოდა იმისათვის, რათა ჩვენი ხალხისთვის ფიქრიც კი ამოეძირკვათ სხვაგვარად არსებობაზე - საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის გარდა.
თუკი უახლეს ისტორიაზე ვისაუბრებთ, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის პრაქტიკულად პირველი დღეებიდანვე მოსკოვსა და თბილისს შორის მიმდინარეობდა ვაჭრობა, რომელშიც ახლადშექმნილი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა (1991 წლის 6 იანვარი ამის მხოლოდ ნათელი დადასტურებაა) ხურდაში გასაცვლელი ხდებოდა. და მხოლოდ მ. სააკაშვილის თავშეუკავებლობის წყალობით, 2008 წლის აგვისტოში გადაილახა რუბიკონი, რომლის შედეგადაც დიდი ხნით მოიხსნა შექმნილი რეალიების შეცვლის საკითხი. ადგილი მხოლოდ თეორიული მსჯელობებისთვის დარჩა.
ზ. გამსახურდიას ეპოქაში რუსულ-ქართული ინტერესების დაბალანსების საკითხის პრაქტიკულ სიბრტყეზე გადაყვანა ვერ ხერხდებოდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის პოლიტიკური შეურაცხადობის გამო. რეალური პერსპექტივები საქართველოში შევარდნაძის დაბრუნების კვალდაკვალ გაჩნდა. სწორედ "ჭაღარა მელამ" დაიწყო საქართველოს წიაღში სამხრეთ ოსეთის ჩაბმის პოლიტიკა. ამასთან, შეუცვლელ შუამავლად გამოდიოდა ჩვენი თანამემამულე - ალექსანდრე ძასოხოვი.
ალყაშემორტყმულ ცხინვალში ე. შევარდნაძისა და ალ. ძასოხოვის პირველმა ერთობლივმა ჩამოსვლამ აჩვენა, რომ ეს უკანასკნელი საქართველოში სამხრეთ ოსეთის დაბრუნების ხაზს გაჰყვებოდა.
ვინც 1992 წლის 13 მაისს, საბჭოების სახლში, საზოგადოებასთან გამართულ მათ შეხვედრაში მონაწილეობდა, შეუძლიათ დაადასტურონ, რომ უკვე მაშინ ალ. ძასოხოვი უფრო პროქართულად გამოიყურებოდა, ვიდრე თვით ე. შევარდნაძე. და შემდეგ, სწორედ ეს ოსი პოლიტიკოსი გახდა ის ადამიანი, ვინც პირადად უწყობდა ხელს ე. შევარდნაძესა და სამხრეთ ოსეთის მეთაურს - ლ. ჩიბიროვს შორის პირდაპირ კონტაქტებს. პირველი ასეთი შეხვედრა შედგა ვლადიკავკაზში (1996 წ.), მეორე - ჯავაში (1997 წ.), მესამე კი - ბორჯომში (1998 წ.).
იმ პერიოდში სამხრეთ ოსეთში ბევრს ჩამოუყალიბდა მყარი შთაბეჭდილება, რომ მოსკოვში წიმააღმდეგნი არ იქნებოდნენ, თუკი სამხრეთ ოსური და ქართული მხარეები ერთმანეთში თვითონ მოილაპარაკებდნენ. კრემლი ამ ყველაფერს ხელს უწყობდა. ხოლო მორიგება შევარდანძესთან შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ამ ამ ჭრილში: სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში. თუმცა, ასეთ საკითხებზე სახელმწიფო პირები ღიად არ საუბრობდნენ. მაგრამ მხოლოდ თვალთმქაცებს შეეძლოთ ემტკიცებინათ, რომ შეიძლებოდა, საქართველო პრობლემის სხვაგვარ გადაწყვეტას დათანხმებოდა. მაგალითად, ჯავაში შეხვედრას სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება წარმოაჩენდა, როგორც "საქართველოს პრეზიდენტის პირველ ოფიციალურ ვიზიტს სამხრეთ ოსეთში", საქართველოში კი - როგორც "ე. შევარდნაძის მიერ საქართველოს რეგიონის მონახულებას". როგორც უნდა ყოფილიყო, შეხვედრა ჯავაში სამხრეთ ოსეთის მხარემ ჩაატარა სწორედ ოფიციალური მოლაპარაკების ფორმატით ჩაატარა.
უნდა აღინიშნოს, რომ ჯავაში უკვე ირიბად განიხილებოდა საქართველოს შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის სხვადასხვა პირობით დაბრუნების შესაძლებლობა. ამასთან ერთად, გამოიყენებოდა ასეთი ფორმულირებებიც: "სიტუაცია მომწიფდა იმისათვის, რომ ჩვენ მჭიდროდ დავუახლოვდეთ ამ საკითხის გადაწყვეტას", ან - "გაირკვევა საკითხი ჩვენი პოლიტიკური მომავლის შესახებ". ეს იმაზე მეტყველებს, თუ როგორი მიმართულებით მიდიოდა პროცესი მსგავს შეხვედრებზე.
პირობებთან დაკავშირებით კულუარებში ნაკლებად საუბრობდნენ. შეხვედრის მონაწილე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნულ საკითხებში - ემილ პაინი ჟურნალისტებთან კერძო საუბრისას პირდაპირ მიუთითებდა საქართველოს კონფედერაციაზე, როგორც საკითხის ერთადერთ შესაძლებელ გადაწყვეტაზე. ჩვენს გასაგებ აღშფოთებაზე, მან, მთავრობის რეზიდენციის ეზოში მჯდომმა, რბილად დაგვტუქსა "განწირულთა რადიკალიზმის" მიმხრობისთვის. თუმცა, ჟურნალისტებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა პრეზიდენტების - ე. შევარდნაძისა და ლ. ჩიბიროვის პირისპირ საუბრები. ეს საუბრები, რომლებიც ორ საათს გრძელდებოდა, ყოველი შეხვედრის აუცილებელი ნაწილი გახდა.
გასაგებია, რომ სწორედ ასეთი პრივატული საუბრები იძლეოდა საკვებს ვარაუდებისთვის. მოგვიანებით, ლ. ჩიბიროვის პოლიტიკური მოწინააღმდეგეები მიუთითებდნენ, რომ რესპუბლიკის მეთაური სწორედ შევარდნაძესთან პირისპირ შეხვედრების დროს ურიგდებოდა მას საქართველოს შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის სტატუსის შესახებ.
თავად ე. შევარდნაძემ ეს ვარაუდი მოგვიანებით, გაზეთ "ვეჩერნი ტბილისისთან" ინტერვიუში დაადასტურა: "შემიძლია, გავიხსენო ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" მაშინდელ პრეზიდენტთან, ლუდვიგ ჩიბიროვთან მოლაპარაკებები ბორჯომში, რომელშიც, ასევე, მონაწილეობდა ჩრდილოეთ ოსეთის მაშინდელი პრეზიდენტი ალექსანდრე ძასოხოვი. სიტყვამ მოიტანა და, სწორედ მისი წინადადებით, მე და ლ. ჩიბიროვი შევთანხმდით, რომ კრიზისიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალება იქნებოდა სტატუს-კვოს აღდგენა, ანუ "სამხრეთ ოსეთისთვის" საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსის დაბრუნება. ჩანდა, რომ საქმე წარმატებულ დასასრულამდე მიდიოდა, მაგრამ...  სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, ლუდვიგ ჩიბიროვი, ყველა მოლოდინის მიუხედავად, დამარცხდა ედუარდ კოკოითთან, და ამის შემდეგ ყველაფერი უკუღმა წარიმართა" (გაზეთი "ვეჩერნი ტბილისი". 07.08.2010).
იმ წლებში სამხრეთ ოსეთზე რუსულ-ქართული ზეწოლის ერთობლივი მექანიზმი  ავისმომასწავებელ შედეგებს იძლეოდა. და ეს ზეწოლა  არ იყო მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის. პოლიტიკური კურსის ცვლილებისთვის ბიძგის მიცემა, უპირველეს ყოვლისა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ეკონომიკურ მდგომარეობას შეეძლო. სახელფასო დავალიანება შვიდ (!) თვეს აღწევდა. დაბალი იყო შრომის ანაზღაურება. დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის გამო, რუსეთის მხრიდან მისი მიწოდების მუდმივმა შეწყვეტამ სისტემატური ხასიათი მიიღო. საზღვარზე გადასვლის რეჟიმი სულ უფრო მკაცრდებოდა. თვით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გავლით საქართველოდან რუსეთისკენ სპირტის ნაკადის მიმართვამ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ეკონომიკისთვის უარყოფითი შედეგები მოიტანა. ყველა საშუალება, და კერძოდ - სახელმწიფოებრივი, სპირტის გადამყიდველობაზე მიდიოდა. ეკონომიკური განვითარებისთვის ის ბიუჯეტის არცთუ დიდი თანხებიც კი აღარ იდებოდა. სამხრეთ ოსური ელიტა ქართულ მხარესთან "სპირტისა" და სავაჭრო ბიზნესში ჩაება. ოფიციალური თბილისი არამხოლოდ თვალს ხუჭავდა იმის გამო, რომ ამ პერიოდის ყველა სავაჭრო-ფინანსური ურთიერთობა კონტრაბანდის ხასიათს ატარებდა, არამედ თავად უწყობდა ხელს ამ პროცესებს, ოღონდ როგორმე ჩაება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა საქართველოსთან.
ეს ყველაფერი რუსეთის მხრიდან ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის შემცირების ფონზე ხდებოდა. გასაგებია, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელობის წინაშე არ იდგა უბრალო ამოცანა: ისინი ან უნდა დალოდებოდნენ, როდის მოხდებოდა ქვეყანაში სოციალური აფეთქება, ან უნდა ეძებნათ კომპრომისი. კომპრომისის გზის აბსოლუტურ მხარდაჭერას  კი ალექსანდრე ძასოხოვი ახდენდა: იმ დროისთვის იგი ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელი გახდა. ამასთან, ეს ოსი პოლიტიკოსი დაჟინებით ცდილობდა, დაეჩქარებინა საქართველოში სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაციის პროცესი.
აქ მცირედი ისტორიული გადახვევა უნდა გაკეთდეს: 1918 წელს საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ ცხინვალში გუბერნიის კომისრად დანიშნა ოსი მენშევიკი - ალექსანდრე ძასოხოვი - სხვათა შორის, მხოლოდ ნოე ჟორდანიას მთავრობის "დემოკრატიული" საქართველოს ჩარჩოებში სამხრეთ ოსეთის თვითგამორკვევის უპირობო მომხრე. ასე რომ, ტრადიციები ოსეთის უახლეს ისტორიაშიც გაგრძელდა.
სიტუაცია სამხრეთ ოსეთისთვის, რომელმაც ამდენი ძალა დახარჯა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, ჩიხში შედიოდა. იმ პირობებში, როდესაც საქართველო, აშშ-ის ფულით, თანამედროვე არმიას ქმნის, მოსკოვი კი მკაფიო გარანტიებს არ იძლევა, რესპუბლიკის ხელმძღვანელობის წინაშე არცთუ იოლი დილემმა წამოიჭრა: ან ხალხის გადარჩენა, ან - კომპრომისი.
კომპრომისის მომხრეები ჩვენი მოკავშირეებიდან ისინიც კი იყვნენ, ვინც ყოველთვის საუბრობდა საქართველოსთან კავშირთან მიმართებით უკომპრომისობის შესახებ. ამასთან, მუშაობა მიმდინარეობდა არამხოლოდ სამხრეთ ოსეთთან მიმართებით: 1997 წელს თბილისში (!) შევარდნაძესთან მოლაპარაკებებზე ჩამოვიდა აფხაზეთის ხელმძღვანელი ვლადისლავ არძინბა. ამ კონტაქტებს პატრონაჟს უწევდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელი ევგენი პრიმაკოვი.
ცხადი გახდა, რომ პროცესი შეუქცევად ხასიათს იღებდა. საინტერესოა, რომ ე. პრიმაკოვი, ისევე, როგორც მისი კოლეგა ა. ძასოხოვი, "აფხაზეთისა და საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს" მომხრე იყო. როგორც შემდეგ ამ მოლაპარაკებების მონაწილე - ე. პრიმაკოვი იხსენებდა, აფხაზეთის ხელმძღვანელი მაშინ საქართველოსთან კონფედერაციის შექმნაზე დათანხმდა.
ერთადერთი დაბრკოლება, რასაც შეიძლებოდა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის დაახლოება გაერთულებინა, საზოგადოებრივი აზრი იყო. თუმცა, შეიძლებოდა, ისიც შეცვლილიყო. სპირტის ბიზნესის ფაქტორი და მოსახლეობის მიერ ერგნეთის ბაზრობიდან მიღებული შემოსავალი მკვეთრად აისახა რესპუბლიკის მცხოვრებთა მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ წარმოდგენაზე. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნაწილის საზოგადოებრივ (როგორც რიგითი ადამიანების, ისე ჩინოვნიკების) ცნობიერებაში საგანგაშო ტრანსფორმაცია ხდებოდა. ცნობილ პირობებში საქართველოსთან "შერიგების" გეგმას შეიძლებოდა ემუშავა კიდეც.
თუმცა, მალე რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის "ჩაბარების" პროცესი შეჩერდა. პრეზიდენტ ბ. ელცინის პოსტიდან წასვლის შემდეგ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსიც შეიცვალა. ვ. პუტინი "ქართულ საკითხთან" მიმართებით ახალ ხაზს გაჰყვა. მან ცხადი გახადა, რომ პოლიტიკური თამაშების პერიოდი დასრულდა. ეს ცვლილებები სამხრეთ ოსეთზეც აისახა - 2001 წელს არამხოლოდ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა შეიცვალა, არამედ, მთლიანად, რუსულ-ქართულ-ოსური ურთიერთობების არქიტექტურაც. ახალი პრეზიდენტით წელგამართულმა სამხრეთ ოსეთმა კვლავ საქვეყნოდ განაცხადა თავისი შეუვალი პოზიციის შესახებ.
ამ დროისთვის, "სამხრეთ ოსეთის ჩაბარების" შიში, არსებული ტენდენციების მიუხედავად, ჯერჯერობით, არ არსებობს. დიახ, მოსკოვში ყალიბდება კონტაქტები ქართულ ოპოზიციასთან, და ეს პროცესები საგარეო პოლიტიკის კალაპოტში მიმდინარეობს, რომელშიც არ არიან მარადიული მეგობრები, მაგრამ არის მარადიული ინტერესები. მაგრამ ძალებს, რომლებიც საქართველოს წარმოადგენდნენ, დღეს თავად ქვეყანაში რეალური მხარდაჭერა არ აქვთ. ზ. ნოღაიდელის მაგალითი, რომელიც საკუთარი პარტიიდან განდევნეს, თვალსაჩინოზე მეტია. ისინი, ვინც დღეს მოლაპარაკებებში საქართველოს წარმოადგენენ, რუსეთის აბსოლუტურ მეგობართა რიცხვს არ მიეკუთვნებიან. ისინი კონიუნქტურული ინტერესებით ხელმძღვანელობენ. ეს კრემლშიც ესმით, მაგრამ არჩევანი დიდი არ არის. ხოლო ისინი, ვინც საქართველოში პრორუსულ კურსს რეალურად მისდევდა, ჯერ კიდევ პატიმრობაში არიან, ან კიდევ - ემიგრაციაში.
მაგრამ ქართველებისათვის სამხრეთ ოსეთის ჩაბარების ყველაზე მთავარი გარანტია თავად საქართველოს პროდასავლური ორიენტაციაა. და ეს პროცესი ყოველ წელს სულ უფრო შეუქცევად ხასიათს იძენს - როგორც პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი წყობილების, ისე ქართველი მოსახლეობის მენტალიტეტის ცვლილების თვალსაზრისით.
თავად რუსეთის მხრიდან კი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტთან მიმართებით (ყოველ შემთხვევაში, დ. მედვედევის მმართველობის დროს) პოზიციის ძირეული ცვლილებები გაჭირდება. რუსეთის პრეზიდენტისთვის ხომ ამ ახალგაზრდა სახელმწიფოების დამოუკიდებლობა პირადი ისტორიული მიღწევაა".

პუბლიკაციის კომენტარი ვთხოვეთ კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს:
"ჩანს, რომ სტატიის ავტორი რადიკალური ნაციონალისტია. ის, უმცირესობაში მყოფი, შეშფოთებული უყურებდა, თუ როგორ გაჩნდა ოს ხალხში ნდობა საქართველოს მიმართ. სწორედ ეს არის ამ სტატიის ფასი: მასში ნათლად ჩანს, რამდენად მზად იყვნენ ოსები, ხელახლა ეპოვათ საერთო საქართველოსთან. არავინ იცის, რა არის ეს საერთო. მაგრამ ჩანდა, რომ ეს საერთო იქნებოდა ის, რის გამოც ოსები ქართველებთან ერთად ცხოვრებას დათანხმდებოდნენ. ფაქტია, რომ ისინი საქართველოსგან ასეთ შეთავაზებას ელოდებოდნენ.
მაგრამ საქართველომ მათ არაფერი შესთავაზა. სტატიის ავტორი სწორედ ამის გამო არის ბედნიერი: საქართველოს არ ეყო უნარი, ოს ხალხში ეს მოლოდინი დაენახა და შეეთავაზებინა ნებისმიერი წინადადება, რაც მათთვის თუნდაც განსახილველად იქნებოდა მისაღები. ჩვენ მათ განსახილველადაც კი ვერაფერი შევთავაზეთ.
შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ოსები მზად იყვნენ, საქართველოსთვის ბევრი რამ ეპატიებინათ და საერთო ენა ეპოვათ. ეს განწყობა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების სათავეში კოკოითის მოსვლამდე ნარჩუნდებოდა.
ჩვენ ვერ ვიგრძენით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაში ჩიბიროვის დატოვება. ჩვენ პრაქტიკულად გავწირეთ ეს ადამიანი. რობერტ კულუმბეგოვი კი ბედნიერია, რომ ასე მოვიქეცით.
სტატიის ავტორის ეს პოზიცია ამყარებს ჩემს არგუმენტს, რომელსაც ჩემი ოპონენტები არ იზიარებენ: ჩიბიროვის დატოვება შანსებს უზრდიდა საქართველოს,  ერთიან სივრცეში სამხრეთ ოსეთის ხელახალი დაბრუნება უზრუნველყო.
ოსებს შორის ბევრს ვიცნობ ისეთს, ვისაც გული წყდება იმის გამო, რომ საქართველო ვერ აღმოჩნდა შესაბამის სიმაღლეზე, რათა ისინი დაეინტერესებინა, ერთიან სივრცეში ურთიერთობა აღდგენილიყო. სტატიის ავტორი ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება, პირიქით, მისი პუბლიკაცია პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ - ქართველებმა ხელიდან გავუშვით უნიკალური შანსი.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში არც ერთი კონფლიქტის მოგვარების პროცესს არ ჰქონია ისეთი წარმატებული დინამიკა, როგორიც ქართულ-ოსური კონფლიქტის შემთხვევაში იყო. საომარი მოქმედებები 1992 წელს დასრულდა, და 2000 წლისთვის უკვე მზად იყო ჩიბიროვის ხელისუფლება, რათა საქართველოსთან საერთო ენა ეპოვნა, თუკი საქართველო მათთვის მისაღებ წინადადებებს შესთავაზებდა. 2001 წლის არჩევნებში ჩიბიროვს ხელისუფლებაში დარჩენის შანსები ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით, შევარდნაძის პოლიტიკიდან გამომდინარე, პროცესი კუს ნაბიჯებით მიიწევდა (და მაშინ ეს ჩემთვის მიუღებელი იყო), შვიდ-რვა წელიწადში ჩვენ უნიკალური შედეგები გვქონდა.
დღეს, სააკაშვილის პოლიტიკის გადასახედიდან, ვუწონებ შევარდნაძეს პოლიტიკას ცხინვალის მიმათულებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ მან საბედისწერო შეცდომა დაუშვა. მან ვერ განსაზღვრა ნებისმიერი პირობებით ჩიბიროვის დაბრუნება. და სწორედ იქ დაიწყო სპეკულაცია - ჩიბიროვისგან მეტი მოეთხოვათ, ვიდრე მას შეეძლო, გაეცა. ეს ქართველების ენდემური ავადმყოფობაა - სიწუწკე. როცა მოწინააღმდეგე, ოპონენტი გითმობს ათს, შენ გგონია, რომ ეს ცოტაა. ყველა გინდა. როგორც კი მოწინააღმდეგე, ოპონენტი, კონკურენტი ნაბიჯს დგამს ჩვენი მიმართულებით (დავუშვათ, სამშვიდობო ნაბიჯს, მოლაპარაკებების, მორიგების ნაბიჯს), ჩვენ ამას სისუსტედ მივიჩნევთ. ჩვენ არ შეგვიძლია, შევირგოთ, "დავასეივოთ" ეს 10%. წამოვიდა შემხვედრ ნაბიჯზე? სანამ სუსტია, სანამ დროა, ყველაფერი უნდა წავართვათ! და როცა ყველაფრის წართმევას ვიწყებთ, იმასაც ვკარგავთ, რაც გვქონდა. აი, ამ მიდგომაზეა დაფუძნებული ქართული მანკიერი პოლიტიკა კონფლიქტის მოგვარების სფეროშიც.
ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ კომპლექსისგან - "ან ყველაფერი, ან - არაფერი". უნდა გავთავისუფლდეთ სტატიკური აზროვნებისგან: "ან მე, ან - არავინ; ან გამარჯვება, ან - დამარცხება; ან დღეს, ან - არასდროს". ვიდრე ქართველები ამ აზროვნებას არ გადავიყვანთ დინამიკაში: "თუ მე არა, რატომ არა სხვა? რატომ არ შეიძლება, ორივემ გავიმარჯვოთ? რატომ არ შეიძლება ხვალ და არა დღეს? რატომ არ შეიძლება ნაკლები და არა ყველაფერი?", ოპოზიციაც მაჩანჩალა იქნება, ხელისუფლებაც, საზოგადოებაც და სახელმწიფოც".

Комментариев нет:

Отправить комментарий