22 აპრილი, 2011
სამწუხაროდ, უკვე ეჭვგარეშეა, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საქართველოში პოლიტიკური კონტექსტით დაიტვირთება: პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც ზუსტად ფლობენ მასების მიდრეკილებებით მანიპულირების ხერხებს, საკათედრო ტაძრებში სწორედ იმ ადგილებს დაიკავებენ, საიდანაც, მათი ლოგიკის მიხედვით, ყველაზე ნათლად უნდა გამოჩნდეს მათივე ჭეშმარიტი მართლმორწმუნეობა. შეიძლება ითქვას, რომ გენეტიკური მართლმადიდებლობით ნაჯერი სივრცისთვის ეს მორწმუნეობრივ-პოლიტიკური პოზა უკვე სრულიად თავსებადია: ჩვენ ამ ფარისევლობაში ვმონაწილეობთ.
* * *
ნინო ბურჯანაძეს, ალბათ, ერთი სული აქვს, როდის ჩაივლის ბრწყინვალე შვიდეული, რათა შემდეგ, ეროვნული კრების თითქოს კეთილისმყოფელი სახელწოდებით შენიღბულმა, ძალაუფლების ინსტინქტი რევოლუციურ არხში შეაგდოს.
ოქრუაშვილი-კიწმარიშვილი-გაჩეჩილაძე (და, სამწუხაროდ, სუბარი) კი ჯერ კიდევ ზამთრის თვეებში საუბრობდნენ რევოლუციის არათუ გარდაუვალობაზე, არამედ მის აუცილებლობაზეც კი. მაგრამ ჯერჯერობით ეს მათ განუხორციელებელ ოცნებად რჩება - არა იმიტომ, რომ ახლა მძიმე მარხვაა ("ქართული პარტიისთვის" ეს ფაქტორი, ბურჯანაძისგან განსხვავებით, შირმაც აღარ არის): მათ, უბრალოდ, ჯერჯერობით ვერ მოახერხეს, ხალხში კოლექტიური გრეჩიხებისთვის სანატრელი საყოველთაო რევოლუციური ცეცხლი დაენთოთ. კომბლების რევოლუციის იდეა, ჯერჯერობით, პარიზი-თბილისის საიდუმლო "სხოდკების" სივრცეს ვეღარ გასცდა. ალბათ, ამის გამო დაგროვილი ბოღმაა იმის მიზეზი, რაც ცოტა ხნის წინ თბილისი-პარიზის რეისის თვითმფრინავის პილოტმა და ბორტგამცილებლებმა მიიღეს ალალ-მართალი ქართველი მგზავრისგან.
* * *
საინტერესოა, რომ ბოლო დროს ბურჯანაძე და "ქართული პარტია" ირაკლი ალასანიას გამორჩეულად ერჩიან. ალასანია სულაც არ არის ერთადერთი ოპოზიციონერი, რომელიც ხელისუფლების ცვლილების მხოლოდ ერთ, კონსტიტუციურ - არჩევნების გზას უჭერს მხარს. რატომ დაინახეს რევოლუციურად დაჭიმულმა პოლიტიკურმა ნერვებმა საფრთხე მაინცდამაინც ალასანიაში? მიიღეს თუ არა რაიმე სიგნალები მისი პოლიტიკური პერსპექტივის შესახებ ქვეყნის გარედან - მაშინ, როდესაც ქვეყნის შიგნით ალასანიას მზარდ რეიტინგზე საუბარი მისი გაზომვის გარეშეც კი ზედმეტია?
... ქვეყნის მთავარი "ქრისტიან-დემოკრატი" კი თავის საქმეს აკეთებს: რამდენიმე დღის წინ, გიორგი თარგამაძე ახალგაზრდა "ქრისტიან-დემოკრატების" ახალციხის რაიონული ორგანიზაციის აქტიურ წევრებს შეხვდა და გამოჩენილი აქტიურობისთვის სიგელებით დააჯილდოვა. ეს იყო კომკავშირული წარსულისა და აწმყოს შეხვედრა - ნეობოლშევიკების საქართველოში.
კვირას კი იგი, როგორც აქამდე ყოფილა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ორთოდოქსი მართლმადიდებელი პოლიტიკოსი იქნება მრევლით გადაჭედილ ეკლესიაში.
ხოლო მიხეილ სააკაშვილს უკვე მოსინჯული აქვს, როგორ უნდა გასწიოს გვერდზე (პირდაპირი მნიშვნელობით) უფლის ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი.
ჩვენ დავესწრებით წირვას - პოლიტიკური კონტექსტით.
Комментариев нет:
Отправить комментарий