20 июня, 2011

ინსტიტუციონალური დევნა: "სამართალი" ქართველი ადვოკატებისთვის

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
20 ივნისი, 2011


ზაზა ხატიაშვილი: "ნელ-ნელა მივაღწევ იმას, რომ ადამიანებმა, რომლებმაც ადვოკატთა კორპუსის დევნა დაიწყეს, პასუხი აგონ"


"საბერძნეთში ასხლეტილი ტყვია მოხვდა ადამიანს და ამის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოებამ შინაგან საქმეთა მინისტრი გადააყენა. ჩვენს სისხლის სამართლის კოდექსში სახიფათო ცვლილება შედის. სად არის სამოქალაქო საზოგადოება?" - "მთელ კვირას" საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ზაზა ხატიაშვილი ესაუბრება.


- საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის (IBA ) წევრი გახდა. რა რეალურ საფუძველს ქმნის ეს სტატუსი იმისთვის, რომ საქართველოში ადვოკატის ინსტიტუტი გაძლიერდეს და დასრულდეს ადვოკატების ინსტიტუციონალური დევნის პროცესი? იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემა გულისხმობს სერიოზულ პრობლემას ადვოკატთა უფლებების დაცვის სფეროში, ადვოკატთა საერთაშორისო ორგანიზაციას ამ ხელისუფლებაზე ზეწოლის რა ბერკეტები აქვს?
- საქართველოში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას თან ერთვის ადვოკატთა მასობრივი ინსტიტუციონალური დევნა. ხოლო, თუკი ადვოკატთა კორპუსი დაუცველი იქნება, ის ვერავის დაიცავს. სწორედ ამიტომ მთელ ჩემს ძალისხმევას მივმართავ, რათა ადვოკატთა ასოციაციამ საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვოს; დაეხმარონ ადვოკატებს, რომლებიც გახდნენ სახელმწიფოს მხრიდან დევნის, წამების, ძალმომრეობის მსხვერპლნი.
გასული წლის იანვრიდან სექტემბრამდე ხელისუფლების წარმომადგენლებს მივმართავდი, აღძრულიყო საქმე ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძეზე თავდასხმის გამო; გამოეძიათ, თუ რატომ აღუკვეთეს თავისუფლება ადვოკატ ვალერი ტაბაღუას; გამოეძიათ, რატომ დააპატიმრეს კობა სოხაძე მხოლოდ იმის გამო, რომ მან პატრულის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტი გადაიღო და ოცდაათი დღე ციხეში აყურყუტეს. როდესაც ამ კითხვებზე ხელისუფლებისგან პასუხი ვერ მივიღე, გავაკეთე განცხადება, რომ სექტემბრიდან დავიწყებდი ბრძოლას საერთაშორისო დონეზე.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანების საკითხი გადაწყდა 26-27 მაისს, ვარშავაში გამართულ ასოციაციის პლენარულ სესიაზე.
ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციას, მის პრეზიდენტს, აკირა კავამურას მივაწოდე ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც უზენაესი სასამართლოდან მივიღე. ამ ცნობის მიხედვით, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საქართველოში 120 ადვოკატი გაასამართლეს.
- თქვენ ავტორიტეტული დასავლური ორგანიზაციების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობთ. ამ ეტაპზე, რა კონკრეტულ შედეგზე შეგიძლიათ ისაუბროთ?
- შედეგი მნიშვნელოვანია: ადვოკატთა  დევნა არ შეწყდა, მაგრამ მათ აღარ სცემენ; ქუჩაში აღარ აპატიმრებენ; მათ ახვედრებენ კლიენტებს.
- მაგრამ ადვოკატები ციხეში შესვლას ახერხებენ?
- გაიხსენეთ, ნოემბრამდე რა ხდებოდა ციხეებთან: მინისტრი კალმახელიძე ხელოვნურად ქმნიდა ადვოკატთა რიგებს, აბრკოლებდა მათ შესვლას პატიმრებთან, რათა დაკავებულებს ხელი არ მოეწერათ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების მოთხოვნაზე და შემდეგ საქმე ევროპის სასამართლოში არ წასულიყო. ევროკავშირის ელჩი ვერ მივიყვანე იქამდე, რომ სიტუაციას გაცნობოდა. ამერიკის საელჩოზე აღარაფერს ვამბობ.
ხოლო, როდესაც ჩემი თხოვნით ევროპის ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორია ჩამოვიდა და მერვე საპყრობილესთან მივედით, მეორე დღეს იქ რიგები აღარ იყო. ადვოკატებს მაგიდა და სკამებიც კი დაუდგეს.
ციხეში ჩვენი ადვოკატი გოგონები რომ შედიოდნენ, მკერდის თავებზე ეხებოდნენ - ნარკოტიკი ხომ არ შეგაქვთო. ამის გამო რამდენიმე ადვოკატმა მომმართა. ისინი, ასევე, შეხვდნენ ევროპის ადვოკატთა ობსერვატორიას. ეს პრობლემა აღწერილია ობსერვატორიის დასკვნაშიც.
ცხადია, პრობლემების მხოლოდ ნაწილი გადაიჭრა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შედეგიც ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლამ განაპირობა, კონკრეტულად კი, პროცესში პოზიტიური ნიშნები გაჩნდა ევროპის ადვოკატთა ობსერვატორიის ჩამოსვლის შემდეგ.
ევროპის ადვოკატთა ობსერვატორიას ვაცნობე ადვოკატების დევნის სხვა ფაქტების შესახებაც: სცემეს ადვოკატ ბალღამიშვილს, ელზა ლექუნიძე და ჯეიჰან მომედოვი დაკითხვაზე წაიყვანეს და ბოლნისის პროკურატურაში რომ არ გამეთენებინა, მათ აკავებდნენ. თურმე, ადვოკატს უნდა სცოდნოდა, ყალბია თუ არა დოკუმენტი, რომელსაც კლიენტი მოუტანს...
ჩემ მიერ გაგზავნილი მტკიცებულებების საფუძველზე, ევროპის ადვოკატთა ობსერვატორიამ გაავრცელა მიმართვა მსოფლიო საზოგადოებრიობის მიმართ - რომ ადვოკატთა კორპუსის ჩაგვრა საქართველოში გრძელდება. ეს უმნიშვნელოვანესი შედეგია, რადგან ჩაგვრა სხვა არაფერია, თუ არა მონობა. მონობის აკრძალვა კი ევროკონვენციის ძირითადი დებულებაა.
ძალიან მნიშვნელოვანია ადვოკატ ვალერი ტაბაღუას საქმე. ნოემბერში მას პატიმარმა საყვარელიძემ (მეორე საპყრობილიდან) დაუწერა - მაწამესო. ადვოკატს ეს ფურცელი ჩამოართვეს და სანამ არ დაუხიეს, არ გამოუშვეს. საათნახევრის განმავლობაში იყო დაკავებული, ვიდრე ამ ფაქტის გამო განგაში ატყდებოდა.
ეს საქმე ევროპის ადვოკატთა ობსერვატორიის დეკემბრის დასკვნაში მოხვდა. ამის შემდეგ პატიმარ საყვარელიძეს სცემეს. ისევ შევიდა ვალერი ტაბაღუა და ახსნა-გამარტება ჩამოართვა. კიდევ დაიჭირეს და კიდევ დაახევინეს. და გელა ნიკოლაიშვილი რომ არ შესწრებოდა, დაიჭერდნენ. ამის შესახებ ვაცნობე ვროპის ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიას. მან მიიღო გადაწყვეტილება თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით. დღეს ისინი საქართველოში ოთხი დღით ჩამოვლენ. გავლენ რეგიონებშიც.
- ამ ვიზიტს რა მნიშვნელობას ანიჭებთ?
- პირველად რომ ჩამოვიდნენ და გლდანის ციხე ნახეს, დადეს დასკვნა, რომ საქართველოში ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციონალური დევნა მიმდინარეობს; ორი თვის შემდეგ ვრცელდება ობსერვატორიის მიმართვა მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის, რომ საქართველოში ადვოკატებს მონებივით ეპყრობიან. ახლა კი ჩამოდიან ოთხდღიანი ვიზიტით. ეს უმნიშვნელოვანესი ვიზიტია.
ობსერვატორიის პირველი ჩამოსვლა ჩვენ გვეყო იმისთვის, რომ ციხე გახსნილიყო. ადვოკატს აღარ  ჩხრეკენ არაადამიანური მეთოდებით. თუკი ისინი პროტესტს არ გამოთქვამენ, ეს მათი პრობლემაა. ადვოკატებმა იციან ჩემი პოზიცია: ყოველთვის მზად ვარ, მათ დავეხმარო. მთავარია, მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მომმართონ.
ჩემი მიზანია, ევროპარლამენტმა განიხილოს, თუ რა შეიცვალა საქართველოში ამ ექვსი თვის განმავლობაში.
დღეს ჩვენ ვაიძულეთ სააკაშვილი, ცოტა უკან დაიხიოს. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. აქამდე მხოლოდ ევროპის ადვოკატთა ასოციაცია გვეხმარებოდა. ახლა უნდა დაგვეხმაროს მსოფლიოს საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციაც.
- მათ მხარდაჭერა აღგითქვეს?
- დიახ, ობსერვატორიის პრეზიდენტმა გამოთქვა დიდი სურვილი, მიიღოს მონაწილეობა ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციონალურ დაცვაში.
- ფიქრობთ, რომ კალმახელიძეებს აიძულებთ, წავიდნენ?
- კალმახელიძე წავა. სააკაშვილიც წავა. მე ნელ-ნელა მივაღწევ იმას, რომ ადამიანებმა, რომლებმაც ადვოკატთა კორპუსის დევნა დაიწყეს, პასუხი აგონ. უნდა მივაღწიოთ სააკაშვილის, კალმახელიძის, მერაბიშვილის, ადეიშვილისა და კუბლაშვილის "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადებას.
ისევე, როგორც მოხდა ლუკაშენკოსთან მიმართებით, სააკაშვილი და მისი მინისტრები არ უნდა შეუშვან ევროკავშირის ტერიტორიაზე და გამოაცხადონ სამოქალაქო საზოგადოების მტრებად. სტანდარტი, რომელმაც იმუშავა ლუკაშენკოსთან მიმართებით, რატომ არ შეიძლება, იმუშაოს სააკაშვილთან მიმართებითაც?
ჟურნალისტთა კორპუსი თავის დროზე რომ დამდგომოდა გვერდით, სააკაშვილს დიდი ხნის წინ შეექმნებოდა პრობლემები. დღეს ჟურნალისტთა გარკვეული ნაწილი - ისინი, ვინც ძალადობის მსხვერპლი გახდნენ, ჩვენთან ერთად ბრძოლისთვის მზად არიან; მზად არიან, შეიტანონ დამოუკიდებელი საჩივარი მათზე ხელისუფლების მხრიდან ძალადობის გამო. ძალადობა კი ტელეკომპანია "იბერიის" დარბევით დაიწყო. ბრძოლა საჭიროა არა მიტინგებით, არამედ სამართლებრივი გზებით. მიტინგებით სააკაშვილს ვერ დაამარცხებ. ჩვენ გვჭირდება მოკავშირე - ევროკავშირის სახით.
- 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს როგორ აფასებთ? სხვათა შორის, დღეს, ბრიუსელში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების სფეროში დიალოგის ფარგლებში, სწორედ, 26 მაისს განვითარებული მოვლენები განიხილება. განიხილება ქართული პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და საქართველოში მედიის მიმართ დამოკიდებულების საკითხიც. რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ შეხვედრას?
- ის, რაც 26 მაისს მოხდა, ძალის გადამეტება კი არა, ადამიანების მკვლელობა იყო. სააკაშვილმა მაშინ იძია შური ადამიანებზე, როცა ამის საშუალება მისცეს. ფაქტობრივად, ამერიკის ელჩმა, თავისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას მწვანე შუქი აუნთო. სააკაშვილს რომ სცოდნოდა, რომ ისე, როგორც კადაფის, გაეროს ჯარები დაესხმებოდნენ, მიტინგს დაარბევდა კი არა, მეორე ჰალსტუხს შეჭამდა...
ამერიკის ელჩს უფლება არ ჰქონდა, აქცია  სამართლებრივად შეეფასებინა. ის, ფაქტობრივად, დარბევის წამქეზებელი იყო.
- მიგაჩნიათ, რომ მან საქართველოს ხელისუფლებას დემონსტრაციის დარბევის ლეგიტიმაცია მისცა?
- რა თქმა უნდა! მოქალაქეები რუსთაველზე იდგებიან თუ არა, ეს არც ერთი ელჩის შესაფასებელი არ არის.
როდესაც ჟურნალისტებს სცემენ, თავს ესხმიან, ამ ფაქტებს რატომ არ აფასებს ამერიკის ელჩი? მე მაშინვე განვაცხადე, რომ უნდა დამდგარიყო ელჩის გაწვევის საკითხი. და, სხვათა შორის, მეორე დღეს მან გააკეთა განმარტება, რომ ის, რაც მან თქვა, არ ნიშნავდა დარბევის წახალისებას. რუსეთის პრეზიდენტს რომ გაეკეთებინა იგივე განცხადება, წარმოგიდგენიათ, "რუსთავი-2" 24 საათიდან რამდენი საათის განმავლობაში ილაპარაკებდა ამაზე?
ამერიკის საელჩოში ვარ მიწვეული ივნისის ბოლოს, მაგრამ არ წავალ. იქ თვალებში თუ შევციცინებ, მერე მომცემენ გრანტს, წამიყვანენ ამერიკაში, ტაშს დამიკრავენ. ამას არ გავაკეთებ. ღირსების განცდა უნდა გვქონდეს.
ასევე, თავიდან ძალზე მიუღებელი განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმა, ბ-ნმა დიმიტროვმა. როგორც კი ეს განცხადება მოვისმინეთ, ეკა ბესელიამ და მე ბარუზოს გავუგზავნეთ საჩივარი. ამას მყისვე მოჰყვა რეაქცია ევროკავშირის ხელმძღვანელობიდან და დიმიტროვმა უკვე სხვა ხმაზე ლაპარაკი დაიწყო. როდესაც მონასავით დახრი თავს, ჩაგარტყამენ. მაინცდამაინც ბარუზოსთან უნდა გვეჩივლა?
ყვარლისა და თელავის იზოლატორებში დაკავებულებს აწამებენ. წავიდეს ევროკავშირის ელჩი და მოინახულოს ისინი. რატომ არ მიდის? ხომ იცის, რომ ნაწამები არიან პატიმრები? დისკუსიას გავმართავო!
ევროპის ადვოკატთა ასოციაციის გადაწყვეტილებით, სექტემბერში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, ევროპის ადვოკატთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ფიგურების მონაწილეობით, თბილისში ჩატარდება. ეს დაახლოებით იგივეს ნიშნავს, რომ ევროპარლამენტის სხდომა თბილისში ჩატარდეს.
მეტი უნდა იაქტიუროს სამოქალაქო საზოგადოებამ, რათა ევროპამ მხარი დაგვიჭიროს და 26 მაისის მოვლენების შემსწავლელი კომისია შექმნას, რადგან ჩვენ სწორედ ევროკავშირმა დაგვიჭირა მხარი ტალიავინის კომისიის შექმნით. მაგრამ ეს შესაძლებლობა საქართველომ არ გამოიყენა. გახსოვთ, სააკაშვილი როგორი შეშინებული იყო? დავითაიას კომისია შექმნა მაშინვე - იქნებ, გადავფაროო. მერე სამი თვით ადრე დაიწყო ოპოზიციამ ის, რაც უნდა დაეწყო ტალიავინის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ...
- თქვენ ამბობთ, რომ საერთაშორისო ზეწოლის იმედი გაქვთ.  კანონში შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კი მორიგი ცვლილებები იგეგმება, რომელიც კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემებს შექმნის ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ამაზე რას იტყვით?
- ეს ცვლილება იმიტომ შედის, რომ პოლიტიკური სპექტრი არის სუსტი. ქუჩაში არარსებული კი არა, კონკრეტული მოთხოვნით უნდა გამოხვიდე. სააკაშვილი საერთაშორისო ნორმებს არღვევს და მოთხოვნებიც სწორედ ამ პრობლემას უნდა უკავშირდებოდეს.
ახლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილება შეაქვთ. პოლიციის ქონების განადგურებისთვის სასჯელი სამუდამო პატიმრობა იქნება. ფაშისტური დიქტატურა კი სწორედ ასე ყალიბდება.
სააკაშვილი ჩვენი შეცდომებით იხანგრძლივებს პრეზიდენტობას. ჩვენ კი დღითიდღე უფრო მეტ შეცდომას ვუშვებთ. საბერძნეთში ასხლეტილი ტყვია მოხვდა ადამიანს და ამის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოებამ შინაგან საქმეთა მინისტრი გადააყენა. ჩვენს სისხლის სამართლის კოდექსში ასეთი სახიფათო ცვლილება შედის. სად არის სამოქალაქო საზოგადოება?
ევროპელები უნდა ვაიძულოთ, ისევე, როგორც ტალიავინის კომისია გამოჰყვეს, გამოყონ 26 მაისის მოვლენების შემსწავლელი კომისიაც და დასკვნა დადონ. ესეც ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების გასაკეთებელია.

Комментариев нет:

Отправить комментарий