"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
20 ივნისი, 2011
ზაზა ფირალიშვილი: "კონკრეტული პოლიტიკური საზრისის დიქტატურის პრინციპი, რომელიც სტალინიზმიდან მემკვიდრეობით მივიღეთ, გამორიცხავს საზოგადოებრივი დიალოგის რეჟიმს"
"კონცეპტუალური ქაოსი ჩვენი მმართველების გონებაში თანდათან ყალიბდება უცნაურ "ხის რკინად" - ლიბერალურ ექსტრემისტთა ავტორიტარულ მმართველობად" - "მთელი კვირა" გთავაზობთ დიალოგს ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილთან.
- თქვენი დაკვირვებით, რა ტენდენცია გამოკვეთა ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოვლენილმა რევოლუციური ხასიათის ინიციატივამ და შემდეგ - მისმა მარცხმა?
- რადიკალური ოპოზიციის მიერ ინიციატივის აღებამ და მისმა მარცხმა, რისი გათვლაც იოლად შეიძლებოდა, გააშიშვლა ის, რაც ისედაც ცხადი იყო: ქართულ საზოგადოებას, რეალურად, თურმე, ხელისუფლების ალტერნატივა არ გააჩნია, არადა, ხელისუფლება 26 მაისის აღლუმის შემდეგ კიდევ უფრო გაუცხოვდა თავისი საზოგადოებისგან.
მთელი განვლილი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ თვალს ვადევნებდით ორი ურთიერთსაპირისპირო ტენდენციის გაძლიერებას, რაც, საბოლოოდ, ხისტ დაპირისპირებად იქცა: ერთი მხრივ, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეზე კიდევ ერთხელ გაეთამაშებინა 1989 წლის 9 აპრილის სცენარი-დრამა და ამით შეერყია ხელისუფლების პოზიციები; მეორე მხრივ, აშკარა იყო ხელისუფლების სურვილი, პრორუსულ ძალებზე ახალი გამარჯვებით შეხვედროდა 26 მაისს. ამას დავუმატოთ ხელისუფლების სურვილი, რომ საქართველოში ადამიანის უფლებებისა და საარჩევნო გარემოს მდგომარეობით შეწუხებული საერთაშორისო დამკვირვებლები დაერწმუნებინა, თუ რამდენად ნაადრევია საქართველოში დემოკრატიული არჩევნების გზით სიარული. ამ ეტაპზე თითქოს ორივემ მიაღწია თავის მიზანს, თუმცა იმას, რასაც მიაღწიეს, მსხვერპლი რომ არ ყოფილიყო, იმიტაციას ვუწოდებდი.
ინიციატივის მფლობელი ორივე ძალა საზოგადოებისგან გაუცხოებული აღმოჩნდა.
- გაჩენილი ვაკუუმი, თქვენი აზრით, რამ შეიძლება შეავსოს? რა რესურსი ჩანს ამისთვის?
- იგი, ჯერჯერობით მაინც, ვერაფერმა შეავსო. ყოველივე ამან ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების პარალიზება გამოიწვია. იმედი მაქვს, რომ ეს მდგომარეობა არ იქნება ხანგრძლივი.
- ნიშანდობლივია, რომ საქართველოში მოწინავე პოზიციებს ყოველთვის ექსტრემიზმი ფლობს. საინტერესოა თქვენი მოსაზრება: რა იწვევს ამას?
- ვფიქრობ, არსებობს ერთ ძირითადი მიზეზი: რომელიღაც კონკრეტული პოლიტიკური საზრისის დიქტატურის პრინციპი, რომელიც სტალინიზმიდან მემკვიდრეობით მივიღეთ. ეს კი გამორიცხავს საზოგადოებრივი დიალოგის რეჟიმს და ნაყოფიერ ნიადაგს აძლევს ნებისმიერი ჯურის ექსტრემიზმს.
სხვა მიზეზია ორგიასტული და პათეტიკური ელემენტის სიჭარბე ჩვენს პოლიტიკურ აზროვნებაში, რის გამოც ჩვენი ემოციური ენერვია ვერა და ავერ მოგვიქცევია გონებისა და ზნეობის ჩარჩოებში, რაც თავისთავად ჩვენს სიმწიფეზე იქნებოდა მიმანიშნებელი; კიდევ - ილუზია, რომ არ არსებობს ერთგვარი აბსტრაქტული და ანონიმური ხალხი, რომლის ნებასაც უნდა ვემსახუროთ - მაშინ, როდესაც ამ ხალხს სინამდვილეში ყოველი ჩვენთაგანი წარმოადგენს. უჩვენოდ ხომ არაფერი წყდება ამქვეყნად. ეს გახლავთ ქრისტიანობის ერთ-ერთი პირველი და ერთ-ერთი უმთავრესი პოსტულატი და ქრისტიანები გვქვია იმდენად, რამდენადაც შეგვიძლია - ყველა ჩვენგანს, პიროვნულად - პასუხისმგებლობა ავიღოთ იმ სამყაროს გამო, რომელშიც ვცხოვრობთ. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ როდესაც პოლიტიკოსი ამგვარი ანონიმური და აბსტრაქტული ხალხის სახელით იწყებს საუბარს, სრულიად აშკარაა, რომ საქმე ავტორიტარულ აზროვნებასთან გვაქვს.
- ბოლო დროს ბევრს საუბრობენ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შესახებ. როგორ ფიქრობთ, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ ვერ ხერხდება მისი ჩამოყალიბება? რატომ ვერ ჩნდება იგი ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში?
- როდესაც საკითხი ისმება მეორე პოლიტიკური ცენტრის ან სერიოზული პოლიტიკური ალტერნატივის შესახებ, ცხადია, მხედველობაშია ხელისუფლების დამაბალანსებელი ძალა, რომელიც არჩევნების გზით (ანუ ჩვენი, საზოგადოების კონტროლის პირობით) შეძლებს მის შეცვლას ან, როგორ მინიმუმ, ჩვენი სახელით გააკონტროლებს მას. შეიძლება ვცდები, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში სხვა გზა არ მეგულება. ეს მით უფრო საშურია, რომ მცდელობათა მარცხმა კიდევ უფრო გააძლიერა სააკაშვილის მიდრეკილება ავტორიტარული მმართველობისაკენ. მიტინგებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება, აგრეთვე, ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის თანახმად პოლიციელზე თავდამსხმელი უვადო პატიმრობითაც შეიძლება დაისაჯოს, ამის სრულიად ნათელი ნიშანია. ცხადია, არც "მედია პალიტრაზე" შეტევაა შემთხვევითი. ამგვარი დასასრულის შესახებ რადიკალურ ოპოზიციას მაისის აქციებამდეც აფრთხილებდნენ, მაგრამ რევოლუციურ რომანტიზმს აყოლილებს (ან რაიმე უფრო პრაგმატული და პროზაული მიზეზით) მათ არ სურდათ არაფრის გაგება. მაპატიეთ თვითციტირება, მაგრამ არაერთხელ დამიწერია და მითქვამს, რომ საზოგადოებრივი რესურსებისა და ენერგიის ასეთი დაუფიქრებელი და ექსტატური გაფანტვა სხვას არაფერს მოგვცემდა, თუ არა აპათიას და, უარეს შემთხვევაში, ხანგრძლივ ავტორიტარულ მმართველობას. ამის წინასწარმეტყველება მათგან არ განსაკუთრებულ გამჭრიახობას არ მოითხოვდა. სამწუხაროდ, პოლიტიკური ბრძოლის აზარტი იოლად აბრმავებს ჩვენი პოლიტიკოსების დიდ ნაწილს და სასურველი შესაძლებლისგან ვერ განუსხვავებიათ.
ამასთან, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი გულისხმობს არამხოლოდ პოლიტიკურ ალტერნატივას, არამედ ალტერნატიულ იდეოლოგიას, ალტერნატიულ სახელმწიფოებრივ პროექტსაც. ხელისუფლების ეკონომიკურ ლიბერტარიანელობასა და სალტო-მორტალეებს ტრადიციონალიზმსა და ფასადურ ლიბერალიზმს შორის (ერთხელ ამას ლიბერალიზმი დემოკრატიის გარეშე ვუწოდე) უნდა დაუპირისპირდეს კარგად გამოკვეთილი სახელმწიფოებრივი კონცეფცია.
- კონკრეტულად, რას გულისხმობთ?
- არ ვიცი, რა იქნება ეს და რას უფრო გაიაზრებს ჩვენი საზოგადოება. ზოგადად კი ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება იყოს ან ე.წ. "ახალი კონსერვატიზმი" (ან, როგორც სხვაგვარად უწოდებენ - "განათლებული კონსერვატიზმი"), რომელიც შეიწოვს იმ ენერგიას, რომელიც დღეს ათასგვარ ფუნდამენტალისტურ და ნაციონალ-უტოპისტურ წრეებშია გაფანტული და დღევანდელი სამყაროსათვის ადეკვატურ სახეს მისცემს მას; ეს შეიძლება იყოს მემარცხენე ან ლიბერალური იდეოლოგია. ალტერნატივა შეიძლება იყოს ერთზე მეტიც. ყველა შემთხვევაში, უნდა არსებობდეს ნათელი, არაორაზროვანი და იოლად აღწერადი (ანუ ადამიანების დიდი ნაწილისათვის იოლად აღქმადი) სახელმწიფოებრივი კონცეფცია. სხვაგვარად ჩვენ ხელთ არ გვექნება ბერკეტი ხელისუფლების კონტროლისათვის და, საჭიროების შემთხვევაში, მისი ჩანაცვლებაც არ შეგვეძლება.
შეიძლება ვინმემ თქვას, ყოველივე ეს დღესაც არისო, მაგრამ მე ვგულისხმობ მსხვილ გაერთიანებას და არა ჯუჯა პარტიებს, რომლებიც უმალ შთანთქავენ და ფანტავენ საკადრო, ფინანსურ, ელექტრორალურ და სხვა რესურსებს, ვიდრე რაიმე ნაყოფს იძლევიან. თანაც, დღეს ჩვენი საზოგადოებაში ნეგატიური პროცესების შეჩერება მხოლოდ პოლიტიკური პანორამის მკვეთრ ცვლილებას შეუძლია და არა გაერთიანება-დაშლების კოსმეტიკას.
სხვას რომ თავი დავანებოთ, ამან თავად "ნაციონალური მოძრაობაც" შეიძლება აიძულოს, რომ უფრო ნათლად გამოხატოს თავისი სახელმწიფოებრივი იდეა და მოდერნიზაციას ვიღაცების თავში გაჩენილ წამიერ გენიალურ შთაგონებას არ უწოდებდეს. ჩვენ ხომ კარგად ვხედავთ, რომ ეს კონცეპტუალური ქაოსი ჩვენი მმართველების გონებაში თანდათან ყალიბდება უცნაურ "ხის რკინად" - ლიბერალურ ექსტრემისტთა ავტორიტარულ მმართველობად.
- და ეს "ხის რკინა" - ავტორიტარიზმი - როგორ იდგამდა ფესვებს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში? თქვენი შეფასებით, კონკრეტულად, რა იყო ამ რეჟიმის ჩამოყალიბების მთავარი მიზეზი?
- დღემდე ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება კალეიდოსკოპის პრინციპით ვითარდებოდა. კალეიდოსკოპი ტრიალებდა, თითქოს რაღაც იცვლებოდა, მაგრამ აქტორები იგივენი რჩებოდნენ. ხელისუფლება შთანთქავდა ძირითად პოლიტიკურ რესურსებს, ხოლო დანარჩენი წვრილ-წვრილ პოლიტიკურ წარმონაქმნებში იკარგებოდა. ცხადია, ასეთი პანორამის დროს შეუძლებელია საუბარი "მმართველთა მართვასა" და ავტორიტარიზმის ტენდენციების შეჩერებაზე. უფრო მეტიც, თუ ყოველივე ამას პოლიტიკური ექსტრემიზმითაც შევფერავთ, მივიღებთ არაჩვეულებრივად ხელსაყრელ სიტუაციას ნებისმიერი ავტორიტარული მმართველობისათვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий