1 ივლისი, 2011
"ახლებსა" და "ქრისტიან-დემოკრატებს", "ოპოზიციურ რვიანში" რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, ვერცხლის მუთაქებზე სძინავთ. პალიკოების მიერ წარმოდგენილი წინადადებები, რომელიც, ფაქტობრივად, ულტიმატუმია ხელისუფლების მხრიდან, "ახლებისთვის" გამორჩეულად პერსპექტიული აღმოჩნდა - იმდენად პერსპექტიული, რომ "მემარჯვენე" მამუკა კაციტაძეს სახეზე, უბრალოდ, კმაყოფილების კი არა, ბედნიერების ღიმილი დასთამაშებს.
გამოცდილება აჩვენებს, რომ "ქრისტიან-დემოკრატებს", თავის მხრივ, ასეთი პერსპექტივების დანახვის უნარი, პრაქტიკულად თანდაყოლილი აქვთ, უბრალოდ, მათი თამაში "ოპოზიციური რვიანის" ფორმატში გარკვეულ მიჯნამდე თავშეკავებას გულისხმობდა. ეს შეზღუდვა პოლიტიკურად მორიდებულ "ქდმ"-ელებს "ახლებმა" მოუხსნეს: მიჯნა 27 მაისს "შემოთავაზებულ წინადადებებზე" ხელმოწერით განისაზღვრა.
რაც უნდა ეცადონ ხსენებული პარტიები, დაიცვან თავიანთი გადაწყვეტილება კოლეგებისა თუ საზოგადოების კრიტიკისგან, ფაქტია, რომ ის, რაზეც მათ ხელი მოაწერეს, რეალურად, ხელისუფლების მხრიდან დათმობის მოწონებასა და მის გაზიარებას კი არა, გარიგებას გულისხმობს. თუ რატომ, ამისთვის ხსენებულ დოკუმენტში ჩახედვა სრულიად საკმარისია.
საინტერესოა, რა გავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილება "ახლებისა" და "ქრისტიან-დემოკრატების" რეიტინგზე: სწორედ იმ უნდობლობის გათვალისწინებით, რაც თუნდაც ამ დღეებში საზოგადოებაში მათ მიმართ გაჩნდა; აქვთ თუ არა მათ იმის გარანტია, რომ 5%-იან ბარიერს გადალახავენ და ხელისუფლებისგან დაპირებულ 1 მილიონ ლარს მიიღებენ - არჩევნები "ახლებისა" და "ქრისტიან-დემოკრატების" ამ ნაბიჯის რეალურ საფუძველს ყველაზე ნათლად განსაზღვრავს.
"რვიანიდან" დარჩენილმა ექვსმა პარტიამ კი დღეს უპრეცედენტო განცხადება გააკეთა: შესაძლებელია, ისინი ერთ პოლიტიკურ ბლოკად გაერთიანდნენ. თუკი აქამდე ისინი, ცალ-ცალკე, ხაზგასმით ამბობდნენ, რომ "რვიანი" იყო მხოლოდ დროებითი თანამშრომლობის ფორმატი პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ახლა მათ განსაცდელმა დაავიწყა ის პრინციპული მნიშვნელობის განსხვავებები, რაც ამ პოლიტიკურ სუბიექტებს ერთმანეთისგან მკვეთრად მიჯნავს. ისინი უკვე ჩაიკეტნენ საკონსულტაციო სივრცეში და სატელეფონო ზარებს, როგორც უკვე გაგვაფრთხილეს, არ პასუხობენ: ინტენსიური ტვინის ჭყლეტის წამზომი ჩართულია. საინტერესოა, თამაშის რა საერთო წესებზე შეთანხმდებიან, რა შეკრავთ და, თუკი ეს ერთობა გაფორმდება, სანამდე გაძლებენ ერთად "ხალხის პარტია" (ანუ კობა დავითაშვილი), "ეროვნული ფორუმი", "რესპუბლიკელები", "კონსერვატორები" და "საქართველოს გზა"; რა "ზურგით" სთავაზობენ ისინი სამოქალაქო საზოგადოებას მათთან ერთად, ერთიან ფრონტში ჩაბმას? როგორ შეძლებენ დასავლეთის მხრიდან რეალური მხარდაჭერის მოპოვებას, რომლის არსებობასაც დღემდე ამტკიცებენ? როგორ გააუვნებელყოფენ იმ შეთანხმებას, რაც უკვე დაიდო, როგორც საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ოფიციალური და, ჯერჯერობით, ერთადერთი შედეგი?
"რვიანი", მისი შექმნიდან დაშლის დღემდე, ირწმუნებოდა, რომ ეს იყო უპრეცედენტო გაერთიანება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც აუცილებლად მიაღწევდა საზოგადოებისთვის მისაღებ, ყველაზე ოპტიმალურ შედეგს არჩევნებთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხთებზე. ეს დისკურსი, რომელიც, შედეგის თვალსაზრისით, ფაქტობრივად, დემაგოგიური ხასიათის აღმოჩნდა, ხელისუფლებამ დახურა.
რა რესურსით აპირებს მოძრაობას ერთიანი პოლიტიკური ბლოკის ფარგლებში ყოფილი პარტნიორების მიერ "გადაგდებული" ექვსი პარტია? შესაძლებელი იქნება თუ არა საზოგადოებისთვის ამ რესურსის ნდობა?
ჯერჯერობით, პოლიტიკური ვაჭრობის ფასს ხელისუფლება ადგენს და ამ ფასებით მანიპულირებს.
ჯერჯერობით, ჩვენ მის მიერ დადგენილ ფასზე ვიყიდებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий