28 января, 2012

ივლიანე ხაინდრავა: „პოლიტიკური წვრილფეხობა ვერ დაამყარებს მყარ და მდგრად მსოფლიო წესრიგს“

                             „რეზონანსი“
                             28 იანვარი, 2012

„ვფიქრობ, არსებობს დასაბუთებული ეჭვი იმის თაობაზე, რომ ირანი ძალიან ახლოსაა ბირთვული იარაღის შექმნასთან. შესაძლოა, ყველაზე ზუსტი ინდიკატორი ამ შემთხვევაში სწორედ ჩინეთის პოზიციის ცვლილება იყოს. სწორედ ჩინეთის ბოლოდროინდელი ქცევა მიგვანიშნებს, რომ ცნობები ბირთვული იარაღის შექმნასთან ირანის განსაკუთრებულ სიახლოვეზე უტყუარია“, - „რეზონანსს“ ესაუბრება ივლიანე ხაინდრავა, რესპუბლიკური ინსტიტუტის სამხრეთკავკასიური კვლევების დირექტორი.

- რა მნიშვნელობას ანიჭებთ 30 იანვარს დაგეგმილ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას?
- ამ შეხვედრას იმთავითვე უცნაურობა ახლავს. ერიკ რუბინის სამხრეთ კავკასიაში ყოფნის დღეებში გაცხადდა, რომ მზადდება ჰილარი კლინტონის ვიზიტი საქართველოში. შემდეგ კი გავიგეთ, რომ მანამადე მიხეილ სააკაშვილი წავა ვაშინგტონში. როგორც წესი, საგარეო საქმეთა მინისტრები ამზადებენ ვიზიტს უმაღლეს დონეზე; აქ კი თანამიმდევრობა დარღვეულია. ეს გვაფიქრებინებს, რომ ობამას სააკაშვილისთვის ან რაღაც მნიშვნელოვანი სასწრაფოდ აქვს სათქმელი, ან - ისეთი რამ უნდა უთხრას, რისთვისაც კლინტონის დონეც კი არ არის საკმარისი (ან - ორივე ერთად). თანაც, თავისი პრეზიდენტობის ოთხწლიანი პერიოდის დასასრულსღა გადაწყვიტა ობამამ, სააკაშვილს ოფიციალურ ფორმატში დაელაპარაკოს.ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სააკაშვილი კი არ მიიწვიეს, არამედ დაიბარეს, რაც, კი არ აკნინებს, არამედ ზრდის ვიზიტის მნიშვნელობას და შესაბამის მოლოდინს. ეჭვგარეშეა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ანტიდემოკრატიულობა, რაც მისი ამერიკელი ქომაგებისთვისაც კი აღარ წარმოადგენს საიდუმლოს, ვაშინგტონის შეხვედრების დღის წესრიგის მთავარი თემა იქნება. ამ დღეებში ობამამ სწორედ დემოკრატიული  ფასეულობების ერთგულებაზე, ტირანიისა და თავისუფლების შეუთავსებლობაზე ისაუბრა.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ვიზიტი პირდაპირ კავშირშია ირანის პრობლემასთან?
- თუკი ირანის გარშემო აყალ-მაყალი დაიწყება და საქმე საჰაერო დარტყმამდე მივა, საქართველოს ამ კონტექსტში გარკვეული ადგილი შეიძლება გამოუჩნდეს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. თუმცა, გეოგრაფიული   ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ფუნქცია გადაჭარბებით არ უნდა შეფასდეს. ოპერაციის ჩასატარებლად, ამერიკის შეერთებულ შტატებს (და ისრაელს) სხვა საკმარისი შესაძლებლობებიც აქვთ – ნახეთ, რა პოტენციალის სამხედრო დაჯგუფებას მოუყარა თავი ამერიკამ სპარსეთის ყურეში. სხვა საქმეა, თუ სახმელეთო ოპერაციაც დაიგეგმა, რაც ნაკლებადაა მოსალოდნელი.
- თქვენ ხაზი გაუსვით ამ თვალსაზრისით საქართველოს, როგორც ადგილის მნიშვნელობას. კონკრეტულად, რას გულისხმობთ?
- ვგულისხმობ ირანთან უშუალო სიახლოვეს, აეროდრომებს, შავი ზღვის პორტებს... მაგრამ ეს ყველაფერი, საჭიროების შემთხვევაში, უფრო დამხმარე, სარეზერვო რესურსი გახდება.
- თქვენი დაკვირვებით, ირანის მიმართულებით სამხედრო ოპერაციის დაწყება გარდაუვალია?
- ამ საკითხზე სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის ფლობის გარეშე საუბარი მხოლოდ ვარაუდების დონეზეა შესაძლებელი.
ზოგადად, 2012 წელი ძალიან რთული იქნება. გლობალიზებულ მსოფლიოში ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია: ირანის, ისრაელ-პალესტინის, სირიის, თურქეთის, რუსეთის, შეერთებული შტატების, ევროკავშირის, მაღრიბის   თემატიკა განსაზღვრავს ამგვარ სირთულეს.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა, რომელიც აქამდე თავშეკავებულობით გამოირჩეოდა ირანის საკითხში, გაამკვეთრა თავისი პოზიცია. მან განაცხადა, რომ დაუშვებელია, ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ამით გამჟღავნდა, რომ ჩინეთმა ნავთობის ალტერნატიული წყარო მონახა და ეს წყარო, როგორც ჩანს, საუდის არაბეთია. სულ რაღაც ერთ თვეში დაახლოებით განახევრდა ნავთობის ის ოდენობა, რასაც ჩინეთი ირანისგან იღებდა. ამიტომ ნათელია, რატომ ილაშქრებს იგი ირანის მიერ ორმუზის სრუტის ბლოკადის წინააღმდეგაც, რადგან სწორედ ამ მარშრუტით მარაგდება ნავთობით.
გარდა ამისა, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება ირანულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების შესახებ და ეს ხდება მაშინ, როდესაც რამდენიმე ევროპული ქვეყანა ირანულ ნავთობზე ძლიერაა დამოკიდებული.
ასე რომ, ირანის გარშემო ვითარება იძაბება. მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსეთში, თურქეთში, საპარლამენტო არჩევნები საკუთრივ ირანში ამ კონტექსტის შემადგენელი კომპონენტებია.
შესაძლოა, ობამას არც სურდეს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება, რადგან პრობლემები ისედაც საკმარისად აქვს, მაგრამ წინასაარჩევნო კონიუნქტურამ, ამერიკასა და ისრაელს შორის განსაკუთრებულმა ურთიერთობებმა შეიძლება, ობამას ირანის მიმართულებით გადამჭრელი ზომების გატარებისკენ უბიძგოს. აქ უმთავრესია, რომ ბირთვული იარაღი ირანის ხელში – ისრაელისათვის სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემაა. Dდა იმ მომენტში, როცა ისრაელი ჩათვლის, რომ მის უსაფრთხოებას მომაკვდინებელი საფრთხე დაემუქრა ირანის მხრიდან, იგი პრევენციულ დარტყმას განახორციელებს (როგორც გააკეთა ეს თავის დროზე ერაყში). და მას ვერავინ შეაჩერებს. ხოლო აშშ ავტომატურ რეჟიმში აღმოჩნდება ისრაელის მხარდამხარ.
მსოფლიოში დღეისათვის შექმნილი ვითარება შეიძლება შევადაროთ თამაშს - ფაზლს რომ უწოდებენ. უამრავი არასწორი ფორმის მცირე ფიგურისგან უნდა აიწყოს ერთი დიდი სურათი. ჰოდა, რომ ავაწყობთ ამ სურათს, აღმოჩნდება, რომ მასზე ერთი სიტყვაა: „ფრთხილად“ - დიდი ძახილის ნიშნით.
- გაეროს ატომური სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ირანმა ბირთვული პროგრამის განხორციელება ახალ ობიექტზე დაიწყო, რეალურად, დადასტურებულია, თუ ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება იყოს მხოლოდ საბაბი ირანში სამხედრო ოპერაციის წარმოებისთვის?
- ვფიქრობ, არსებობს დასაბუთებული ეჭვი იმის თაობაზე, რომ ირანი ძალიან ახლოსაა ბირთვული იარაღის შექმნასთან. შესაძლოა, ყველაზე ზუსტი ინდიკატორი ამ შემთხვევაში სწორედ ჩინეთის პოზიციის ცვლილება იყოს. სწორედ ჩინეთის ბოლოდროინდელი ქცევა მიგვანიშნებს, რომ ცნობები ბირთვული იარაღის შექმნასთან ირანის განსაკუთრებულ სიახლოვეზე უტყუარია. ჩინეთის ინტერესებში კი ნამდვილად არ შედის აზიაში კიდევ ერთი ბირთვული სახელმწიფოს გაჩენა.
მთელი კომპლექსი ბოლოდროინდელი დინამიკისა გვაფიქრებინებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის გამო მსოფლიოში შეშფოთება მატულობს; შესაბამისად, მატულობს ირანის წინააღმდეგ რაღაც ტიპის სამხედრო ოპერაციის განხორციელების ალბათობაც. შესაძლოა, მიმდინარე პროცესში მსოფლიოს მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის მომზადებაც კი დავინახოთ.
- ევროპის ლიდერებმა - კემერონმა, სარკოზიმ და მერკელმა განაცხადეს, რომ „მათ არ აქვთ მტრული განწყობა ირანელი ხალხის მიმართ, თუმცა ირანის ხელისუფლებამ დღემდე ვერ შეძლო, მსოფლიო საზოგადოებრიობა დაერწმუნებინა თავისი ბირთვული პროგრამის განსაკუთრებულად მშვიდობიან ხასიათში“. იმის გათვალისწინებით, რომ ირანის მოსახლეობისთვის ბირთვულმა პროგრამამ ერთგვარად ნაციონალური ნარატივის ხასიათი შეიძინა, რამდენად დამაჯერებლად ჩანს ევროპელი ლიდერების ეს განაცხადი?
- ასეთი ტიპის განცხადებები, გარკვეულწილად, სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ ხანდახან – წინ უსწრებს ადრესატის (მისი მთავრობის) წინააღმდეგ მიმართულ აქციებს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ათწლეულების მანძილზე ევროპული მიდგომა ირანის მიმართ უფრო რბილი იყო, ვიდრე ამერიკული. ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტელება ირანულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით მეტყველებს იმაზე, რომ ევროპაში ჩამოყალიბდა საკმაოდ იშვიათი ერთსულოვნება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ, მაგრამ მნიშვნელოვან ასპექტზე.
საერთოდ, როდესაც ენერგომატარებლებით მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა აცხადებს, რომ ბირთვული ენერგეტიკის გარეშე ვერ იარსებებს, ეჭვი იმთავითვე ჩნდება. და თუკი გლობალური მასშტაბით ასეთი შეშფოთებაა, მაშინ გადადგი კეთილი ნების ნაბიჯი: ან უარი თქვი ამ პროგრამაზე, ან - გახადე იგი აბსოლუტურად გამჭვირვალე, რათა მსოფლიო დარწმუნდეს მის მშვიდობიან ხასიათში. ირანი ასე არ მოქცეულა. გეთანხმებით, რომ ბირთვული პროგრამა ირანისთვის ერთგვარ ნაციონალურ ნარატივად ჩამოყალიბდა: იგი ირანის პოლიტიკური ამბიციების გამოხატულებაა და ეროვნული ღირსების საქმის რანგშიც კი აიყვანეს.
ბირთვული პროგრამით ირანი აცხადებს, რომ მას შეუძლია, მიიღოს გამომწვევი  გადაწყვეტილება ისე, რომ არ გაითვალისიწინოს მსოფლიოს სხვა გავლენიანი მოთამაშეების პოზიცია. რაც მთავარია, ეს მნიშვნელოვანი მესიჯია ისლამური სამყაროსთვის - იმიტომ, რომ ირანს ამ სამყაროს ლიდერობაზე აქვს პრეტენზია. სხვა საქმეა, სჭირდება თუ არა ეს პროგრამა ირანს სხვების გადასახედიდან, ან, თუ გნებავთ, საღი აზრიდან გამომდინარე. მაგრამ ირანში დღეს არსებული ხელისუფლების თვალსაზრისით, მას ეს აუცილებლად სჭირდება. აი, ამ გაჯიუტებას შეიძლება ძალიან მძიმე შედეგი მოჰყვეს.
- კონკრეტულად, რას შეიძლება მიაღწიოს დასავლეთმა ირანის ნავთობზე ემბარგოს დაწესებით; რა შეიძლება მიიღოს საკუთრივ ირანმა და რა შედეგი შეიძლება დადგეს გლობალური თვალსაზრისით: რას მიიღებს ამით მსოფლიო? 
- ვინაიდან ირანის შემოსავლის მთავარი წყარო ენერგომატარებლებია,  ევროკავშირის ემბარგო და ჩინეთის მხრიდან იმპორტის მკვეთრი შემცირება მალე მოახდენს გავლენას ირანში სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე. თუმცა, ავტორიტარული რეჟიმის მიერ წარმოებული პროპაგანდის პირობებში ეს ისევ და ისევ ანტიდასავლური განწყობის შემდგომი აკუმულირებისთვის იქნება გამოყენებული, რაც ზრდის პროვოკაციებისა და სამხედრო დაპირისპირების რისკებს.
ევროკავშირსაც ურთულდება მდგომარეობა - მან ნავთობის ალტერნატიული წყაროები უნდა მოიძიოს. ძალიან საინტერესოა (შემაშფოთებელიც), თუკი ეს წყარო (ნაწილობრივ მაინც) რუსეთი აღმოჩნდება, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. ახლა თითქოს გაჩნდა ლიბიის ნავთობიც: არა „კადაფის“ ცუდი სუნის ნავთობი, არამედ - „პოსტკადაფური“. თუმცა, ჯერ არავინ იცის, ეს „პოსტკადაფური“ რას ნიშნავს...
ასე რომ, ირანთან მიმართებით იმდენი შრე ჩნდება – სულ ახლახანს კვლავ დაიძაბა აზერბაიჯან-ირანის ურთიერთობებიც: მარტივი გამოსავლის პოვნა  შეუძლებელია. დენთის სუნი დადგა, თუმცა პოლიტიკაში ცნობილია: ზოგჯერ ძალის გამოყენების მუქარა უფრო ქმედითია, ვიდრე საკუთრივ ძალის გამოყენება.
- ახლა რთულია მსჯელობა იმაზე, მოერევა თუ არა ირანს ძალის გამოყენების მუქარა. ცხადია, რომ თუკი ირანს დასავლეთი სამხედრო ძალით უპირისპირდება, ის უპირისპირდება ისლამურ სამყაროს. და ეს ის ზარალი შეიძლება აღმოჩნდეს, რომელიც ვეღარ დაითვლება.
- ეს მნიშვნელოვანი შემადგენელია. თუმცა, თუკი ოპერაცია ირანის მიმართულებით წარმატებით განხორციელდება – წერტილოვანი საჰაერო დარტყმა მინიმალური მსხვერპლითა და შესაბამისი ობიექტების განადგურებით (თუ რეჟიმიც ამას გადაჰყვა – მთლად კარგი), საუდის არაბეთი, მაგალითად, შვებით ამოისუნთქავს - ერთ-ერთ კონკურენტს დროებით მაინც ჩამოიშორებს. ზოგი სხვა ქვეყანა კი კმაყოფილი იქნება მათზე ირანის გავლენისა და ზეწოლის შეწყვეტით. ზოგადად ისლამური სახელმწიფოების ერთიანობაზე საუბარიც კი ზედმეტია, თუმცა ადამიანურ დონეზე ისლამური სოლიდარობა არსებობს, მათ შორის – ჩვეულებრივ მდგომარეობაში მოქიშპე რელიგიურ თუ სხვა სახის დაჯგუფებებს შორისაც. ამიტომ სამხედრო აქცია ირანის წინააღმდეგ კიდევ უფრო გააღრმავებს ანტიდასავლურ განწყობებს ისლამურ სამყაროში.
- წინააღმდეგობრივი სიგნალები მოდის რუსეთიდან. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს რუსეთის პოზიცია სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში?
- ირანის კარტს, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, რუსეთი ძირითადად იმისთვის ათამაშებს, რომ გააწვალოს დასავლეთი (ამერიკა – უპირველესად) და საკუთარი მნიშვნელობა წარმოაჩინოს. ეს მიდგომა „ცივი ომის“ რეციდივია, რაც რუსეთმა ვერა და ვერ დაძლია. თუნდაც სირიაში ასადის მხარდასაჭერად სამხედრო ხომალდის გაგზავნა და იარაღის მიწოდებაზე ახალი კონტრაქტის დადება რად ღირს!
რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნები - „კავკასია - 2012“ - სამართლიანად იწვევს შეშფოთებას ჩვენში, რადგან იგი არსითაც და მასშტაბითაც გამოირჩევა: მასში მონაწილეობას არა მხოლოდ არმია მიიღებს, არამედ რუსეთის ყველა ძალოვანი და სპეციალური სტრუქტურა - მათ შორის, ისეთი თავისებური ქვედანაყოფიც კი, როგორიც მილსადენების საჯარისო ნაწილებია. წვრთნებში ჩართავენ არა მხოლოდ სომხეთში, არამედ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზებსაც.
ეს რუსეთის მხრიდან მკაფიო გზავნილია, რომ იგი გულხელდაკრეფილი არ ზის და მოვლენათა ძალისმიერი სცენარით განვითარებისთვის ემზადება. არ გამოვირცხავ, რომ მედვედევის, სარგსიანისა და ალიევის სოჭში ამასწინდელი შეხვედრისას, ყარაბაღის თემის გარდა (სადაც ახალი არაფერია მიღწეული) იყო მათი პოზიციების გამოკვეთის მცდელობა ირანის საკითხზეც და სამხედრო კრიზისის შემთხვევაში შესაძლო ქმედებებზე საუბარი.
- რა ვითარება შეიძლება შეიქმნას სომხეთთან მიმართებით, თუკი სამხედრო ოპერაცია გარდაუვალი გახდება?
- ირანის წინააღმდეგ სამხედრო აქციის შემთხვევაში სომხეთი ერთობ მოწყვლადი ხდება: იგი ენერგომატარებლების მნიშვნელოვან ნაწილს ირანიდან იღებს; საქართველოს გარდა, გზა გარე სამყაროსკენ მას ირანზე გავლით აქვს. საომარი ვითარებისას ეს გზა დაიკეტება, ენერგომატარებლების შემოდინება ირანიდან სომხეთში შეწყდება და სწორედ ამ დროს სომხეთისთვის – თავისი სტრატეგიული მოკავშირისთვის – დახმარების გაწევის მოტივით, რუსეთი გაიჩენს საბაბს, მოითხოვოს საქართველოს ტერიტორიის დაუბრკოლებლად გამოყენება სომხეთისა და მის ტერიტორიაზე განლაგებული რუსული სამხედრო ბაზის მომარაგებისთვის. ჩვენ ამ ფაქტორის გათვალისწინებაც გვიწევს - მით უფრო, რომ რუსეთშიც საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება.
პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ პუტინი კვლავ გაპრეზიდენტდება; მაგრამ მისი ლეგიტიმურობის საკითხი ნებისმიერ შემთხვევაში დადგება _ როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ: თუ პირველივე ტურში გამოცხადდა გამარჯვებულად, იტყვიან – გააყალბაო; თუ მეორე ტურამდე მივიდა საქმე – იტყვიან, -_ ამომრჩეველთა ნახევარმაც კი არ დაუჭირა მხარიო. ამდენად, პუტინს წინასწარვე უწევს ფიქრი საკუთარი ლეგიტიმურობის განმტკიცებაზე, გარეთ თუ არა – ქვეყნის შიგნით მაინც. როგორ იქცევა იგი მსგავს შემთხვევებში, კარგადაა ცნობილი. იმავდროულად, ლეგიტიმაციის პრობლემა სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს პრეზიდენტს აქვს, რაც ზრდის რისკებს: კაცმა არ იცის, ვინ და როგორ ეცდება ირანის გარშემო კრიზისის გამოყენებას საკუთარი (საკუთარი და არა ქვეყნის!) პოზიციების განმტკიცებისათვის.
ასეა თუ ისე, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის წარმოება რუსეთის პოზიციის სრული უგულვებელყოფით ძნელი წარმოსადგენია. რუსეთი ხელიდან არ გაუშვებს შანსს, წარმოჩნდეს, როგორც მსოფლიო თუ არა, რეგიონული მნიშვნელობის სახელმწიფო, რომლის გარეშეც ვერაფერი მოხდება. და, თუკი ვინმე ცდილობს, მის გარეშე იმოქმედოს, აუცილებლად ისჯება. რუსეთის პოზიციის საწინააღმდეგოდ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების პასუხად საქართველოში შემოჭრა ამის მაგალითია.
- როგორ შეიძლება პოზიციონირდეს თურქეთი ირანთან სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში?
- თურქეთის თემა, თავისთავად, რთული და სერიოზულია. საგარეო საქმეთა მინისტრის – დავითოღლუს – დოქტრინა „ნული პრობლემა მეზობლებთან“ სინამდვილეში გადაიქცა მდგომარეობად, როცა თურქეთს არც ერთ მეზობელთან აღარ აქვს უპრობლემო ურთიერთობები. საფრანგეთის ხელისუფლების საეჭვო გადაწყვეტილება, დასჯადი გახადოს თურქეთში სომეხთა გენოციდის უარყოფა, პრაქტიკულად, თვალსაწიერ მომავალში თურქეთისთვის ევროკავშირის კარების ჩარაზვას ნიშნავს. ნატოს წევრმა თურქეთმა ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის თავის  ტერიტორიაზე განლაგებაზე თანხმობა განაცხადა - რაც თავდაცვით კონტექსტში შეიძლება იქნას განხილული, მაგრამ, იმავდროულად, საკუთარი ტერიტორიის ირანის წინააღმდეგ რაიმე ფორმით გამოყენების წინააღმდეგია. იგივე იყო ერაყის მიმართულებით ნატოს ოპერაციის მზადებისას და, უნდა ვაღიაროთ, რომ თურქეთს აქვს უკმაყოფილების საფუძველი: დაპირებების მიუხედავად, ქურთულ სეპარატისმს, ერაყში ომის შედეგად, ახალი იმპულსი მიეცა.
სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ შერეულ განცდებს გააჩენს თურქეთში: აქაც, ერთი მხრივ, შფოთიანი და გავლენიანი მეზობელ-კონკურენტის დასუსტება აწყობთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ზემოხსენებული ისლამური სოლიდარობის თემაც არსებობს. ხელისუფლებაში მყოფ ზომიერ ისლამისტებს რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ, მით უფრო, რომ თურქეთშიც ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები. ამ ქვეყნის მოსახლეობა კი მეტად არაერთგვაროვანია: სანაპირო ზოლი და დიდი ქალაქები – უფრო სეკულარული და დასავლეთზე ორიენტირებულია, ხოლო შიდა ანატოლია (ამომრჩეველთა დიდი მასივით) – სულ სხვა საქმეა.
- უკვე მერამდენედ ახსენეთ არჩევნები. ნუთუ არჩევნები განსაზღვრავს ომისა თუ მშვიდობის ბედს?
- სამწუხაროდ, არჩევნების საკითხს ხელისუფალნი ხშირად იმაზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე ეკუთვნის. საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის გადაწყვეტილებაც გენოციდის საკითხზე აშკარად ნაკარნახევია 300-ათასიანი სომხური წარმოშობის ამომრჩევლის გულის მოგების სურვილით, ვისთვისაც გენოციდის თემა ცენტრალურია და ყველა სხვას, ერთად აღებულს, გადაწონის. ვითარებისPთავისებურება იმაშიც მდგომარეობს, რომ საფრანგეთში  საპარლამენტო არჩევნებიც ახლოვდება და ვერც დეპუტატობის მაძიებლებმა გაბედეს კონკრეტული საკითხის გარშემო კონსოლიდერებული ამომრჩევლის განაწყენება.
უფრო ზოგადად კი ვიტყვი, რომ მსოფლიო პოლიტიკა მასშტაბური ფიგურების ნაკლებობას განიცდის. და მასშტაბურად მოაზროვნეებისაც. ზემოთ აღვნიშნე, რომ გლობალიზებულ მსოფლიოში ყველაფერი ურთიერთდამოკიდებული ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ „ყველაფერს“ კომპლექსური გააზრება სჭირდება. პოლიტიკური წვრილფეხობა, რომელიც უახლოესი არჩევნების მიღმა ვერაფერს ხედავს, ვერ დაამყარებს მყარ და მდგრად მსოფლიო წესრიგს.


Комментариев нет:

Отправить комментарий