14 января, 2012

ნაირა გელაშვილი: „ასე ცხოვრება აღარ შეიძლება“

                               „რეზონანსი“
                               14 იანვარი, 2012


„და უკვე რამდენი ხანია, რაც ჩვენ ისე ვცხოვრობთ, როგორც არ შეიძლება ცხოვრება“

„გუდიაშვილს აქვს ერთი გროტესკული ნახატი, სადაც კინტო ცეკვავს კუბოზე და არღანს ატრიალებს.  მიაბით ამ კინტოს ათასი სახე: მმართველების, მინისტრების, პარლამენტარების, ბიზნესმენების, ბანკირების, მაფიოზების, სტუდენტების, „რუსთავორელების“, „იმედელების“, „პირველარხელების“, ნანუკასი, ვანუკასი, ნანკასი, ლელასი და სხვათა და სხვათა და გექნებათ მთელი სპექტრი. კუბოში კი საქართველო წევს - ათასობით მკვდარი ბავშვი და ახალგაზრდა, ათასობით მშიერ-მწყურვალი, ჩაკლული სული, ჩამკვდარი კულტურა, იმედი და სიფაქიზე...“ - „რეზონანსი“ გთავაზობთ ინტერვიუს მწერალ ნაირა გელაშვილთან.

- ახალ წელს ჩვევადა მაქვს ჩემი დღიურის გადაკითხვა, რის შედეგადაც მთელი განვლილი წელი კიდევ ერთხელ ჩაივლის ხოლმე თვალწინ. ვცდილობ  გავიაზრო, რა მოხდა რეალურად, რა რას ნიშნავდა და რას რა მოჰყვა. თარიღებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. კანონზომიერებას, ამ შემთხვევაში - მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ვერაფერი ასცდება. რასაც დასთეს, იმას მოიმკი. ახალი წელი იმას მოგიტანს, რასაც მთელი ძველი წელი თესავდი.  ხალხის შემთხვევაშიც ალბათ ასეა.
- მაინც, რა იყო გასულ წელს, თქვენი დღიურის მიხედვით, ყველაზე უფრო სიმპტომური?
- ჩემს დღიურში უპირატესად შინაგანი ცხოვრებაა ხოლმე დაფიქსირებული. მაგრამ ჩვენს შინაგან ცხოვრებას არც სახურავი აქვს და არც გალავანი; მასში შემოიჭრება ჩვენს გარეთ, ქვეყანაში მოთარეშე  უკუღმართობების შხამი და სულს გვიწამლავს, გვინგრევს შემოქმედებით განწყობასა და აზროვნებისთვისა თუ ნამდვილი ურთიერთობებისთვის  საჭირო სიმშვიდეს. ყველაზე სიმპტომური სწორედ ეს არის, რომ მთელი გასული წლის განმავლობაში - ისევე, როგორც წინა წლებში, ჩვენი ცხოვრების ლაიტმოტივად ისევ რჩებოდა არაადამიანობა ხელისუფლების მხრიდან; სისასტიკე, რომელიც, როგორც წესია,  თავის თავს სიკეთესა და პროგრესს უწოდებს.  რამდენიმე ფრაზას მოვიტან ჩემი დღიურიდან: ზოგი ტელევიზიიდან, ზოგი - ცხოვრებიდან მაქვს ჩაწერილი: „26 წლის თედიაშვილი მკვდარი დაუბრუნდა ოჯახს. ოფიციალური ვერსიით, მან თავი ჩამოიხრჩო. ცხედარს აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები. დედა, ქვითინით: „წიწილა ხომ არ იყო ჩემი შვილი, წიწილასავით რომ მომიკლეს?!“ ამ ფაქტმა და უმწეო დედის ამ საწყალმა სიტყვებმა, ამ „წიწილამ“ ისე გამანადგურა, რომ მთელი ღამე თავის ტკივილი ვეღარ გავიჩერე“.
ახლა მითხარით, ამდენი პატიმრის წამებასა და დახოცვას, მხოლოდ ქალბატონი მინისტრის სულიერი უნიკალობა ხომ არ ეყოფა! წარმოიდგინეთ, რამდენი მოხელე, ციხის რამდენი მსახურია ამ დანაშაულში ჩართული! და რამდენია, ვისაც ასეთი ფაქტები კი ესმის, მაგრამ არ აღელვებს! შემდეგ: „`მითხარით, როგორ მივიდე სახლში ხელცარიელი, ორი პატარა მშიერი ბავშვი მყავს გაყინულ ბინაში დატოვებული და ღია კარში მელოდებიან... რად წამართვით გასაყიდი საქონელი, იცით, რა სესხითა და ვალით მქონდა ნაყიდი?“ ამ ახალგაზრდა დედის ლამაზი, მაგრამ ტანჯვით შეშლილი სახე უნდა დაუკიდო ჩვენს ხელისუფალთ ოჯახებში, ეგებ მაგათი ბავშვები მაინც გაიზარდნონ ადამიანებად (რატომ უფრო მეტად არ მუშაობენ ფოტოგრაფები, ასეთი სახეების აღსაბეჭდად?)“.   ჰოდა, რამდენი პატრული თუ პოლიციელია, ვინც საკუთარი შვილებისათვის საჭმლის მისატანად სხვის შვილებს წირავს  და მათ გათოშილ დედებს, რომელთაგან ზოგი სისხლს აბარებს, რომ ის ბედკრული, გასაყიდი საქონელი შეიძინოს, თავპირს ამტვრევს? და რამდენი ინტელექტუალია, ვინც ამ ხელისუფლებას როგორ მიეტმასნოს, აღარ იცის და „სახელმწიფოს მშენებლობის სირთულით“ ამართლებს თავისი ხალხის უმეტესობის გაპარტახებას? „ჩვენ არც მისამართი გვაქვს, არც პასპორტები, არც პირადობის მოწმობები, არც წყალი, არც სამუშაო. ჩვენ დაგვარქვეს წმიდა ლუკას დასახლება ქუთაისის მახლობლად„.
„ე.ბ.-მ მითხრა: „წერილი მივიღე სოფლიდან, ბიცოლაჩემისაგან: კუბოს ამწევი აღარავინა გვყავს, ნენა, და გაღმა სოფელში გავდივართ კაცების სათხოვნელად... იქაც რო გაქრებიან იგინი, რაღა გვეშველება ნეტაი, ნენა?“ „ნ.- მიყვებოდა: „ჩვენი ორი სოფლელი ბიჭი ორი დღე არა ჩანდა და მერე ახალი ტუფლებით გამოჩნდა. თურმე ქალაქში წაუყვანიათ ქალაქელების საცემლადა, 26 მაისსა, და კაი სამას-სამასი თუ ხუთას-ხუთასი მანეთი დაურიგებიათ. რო გაიგეს სხვებმა, ზოგმა თქვა, ბედი არ გინდა, რატო მეც არ წამიყვანესო, აღარც ტუფლები მაქვს და აღარც კურტკაო...“ აი, რას ნერგავს სამეფო კარიდან გადმომდინარე არაადამიანობა. „კ.-მ მიამბო: რუსთაველის თეატრში რომ შეგვყარეს ძალით,  ხელბორკილები დაგვადეს, ძირს დაგვყარეს და როზგებით გვცემდნენ. თან საზარლად გვაგინებდნენ, გვამცირებდნენ, ქალებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. შევეხვეწე, ნეფრიტი მაქვს და თირკმელებში ნუ მირტყავთ მეთქი, მაგრამ უფრო მოუმატეს თირკმელებში ხელკეტის ცემა. მერე  ბატინკიანი ფეხი ჩამარტყეს ბარძაყში და გონება დავკარგე. ორი თვე ვეღარ ავდექი. ფეხი დაზიანებული დამრჩა და ვეღარ ვხრი. სპორტსმენი რომ არ ვიყო, ვერ გავუძლებდი. იქ რაც ხდებოდა, ვარიანტი არ არის, ბევრი არ მოკვდეს მერე, იმ დაზიანებების, იმ დაჟეჟილობების შედეგად“.
კი გაქვს დავალებული ხალხის ცემა და სახსრების ლეწვა, მაგრამ, ხომ შეგიძლია, ვიღაცა ხარ, ასე გულმოდგინედ, ასეთი ვნებით არ შეასრულო?   სისასტიკის ეს მასშტაბები უბრალოდ თავზარდამცემია.  ჩვენი ყოფის სხვა ასპექტებს აღარ შევეხები: გასული წლის ქრონიკაც ისევ იმას გვეუბნება, რასაც წინა წლებისა, მაგრამ გვეუბნება გაცილებით უფრო იმპერატიულად, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. და უკვე რამდენი ხანია, რაც ჩვენ ისე ვცხოვრობთ, როგორც არ შეიძლება ცხოვრება. 
- როგორ ფიქრობთ, მოქალაქეთა რა ნაწილი შეიძლება იზიარებდეს ამ შეგრძნებას? ან რა ხდება ამ შეგრძნებიდან  საარჩევნო ყუთამდე?
- ერთი ნაცნობი, რომელიც ახლახან ზემო იმერეთიდან ჩამოვიდა, მეუბნება: „მოხუცმა ქალებმა მითხრეს, - მართალია, გაღატაკებული ვართ, არაფერი არ გაგვაჩნია, გვშია და გვცივა, მაგრამ იმდენი რამე შენდება და ყვავდება ჩვენს ქვეყანაში, რომ, როცა იქნება, ეს სიკეთე ჩვენამდეც მოაღწევსო“. და ეს არის უშიშროების სამსახურის ქვედანაყოფების - სამთავრობო ტელეარხების დამსახურება, რომელთა თანამშრომლებსაც არ უნდა იხსენიებდნენ ჟურნალისტებად. ეს ტელეარხები წარმოადგენენ ადამიანთა შეურაცხყოფის, დევნის,  ცილისწამების ინსტრუმენტს, რეპრესიულ მანქანას.  ამ ტელეწამყვანების პირიდან სიცრუის ისეთი ნიაღვრები მოედინება, ეგენი, დაწყებული ზაალ უდუმაშვილით, დამთავრებული კიკალიშვილით თუ მელაძით, დიდი ხანია, ავად უნდა იყვნენ,  რუსთაველს თუ დავეთანხმებით - „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსაო“. მაგრამ მაგათ ავადმყოფობას ვიღა ჩივის, ხალხს ხდიან ავად გამომაყეყეჩებელი ტელესერიალებით, გამოშიგნული გართობა-სანახაობებით და ათასი ჯურის ტყუილითა და დემაგოგიით. აბა,  დაშლილ ხიდებს, ამოცვენილ ქვაფენილს, გაფრენილ სახურავებს,  მბრწყინავი ფასადების მიღმა შმორიან ინტერიერებსა და დაცხავებულ წყალსადენებს ხომ არ უჩვენებენ! იმას ხომ არ უჩვენებენ, როგორ უყიდიან სოფლებს საძოვრებს, ნაყოფიერ მიწებს და როგორ აძლევენ უცხოელებს კაპიკებად! როგორ შიმშილობს ხალხი და როგორ იხოცება ამდენი ბავშვი! გართობა-ზეიმებში გაფლანგულ მილიონებს ხომ არ გაამხელენ! იმას ხომ არ ეტყვიან, რომ ხალხის გაღატაკებით გამდიდრებულთა ფენა ამ ქვეყანას თავისთვის იწყობს, საზოგადოების ერთი ნაწილი კი ცდილობს, ყველაფრის ფასად მიეტმასნოს მას,  შეაღწიოს მის მანკიერ სივრცეში. ეს არის ტელეხელისუფლება, მისი ძალა ტელევიზიაშია და ცოცხალი თავით არ დაუშვებს, რომ რომელიმე ოპოზიციური თუ ობიექტური ტელევიზია მთელ საქართველოს ფარავდეს. საკმარისია ეს მოხდეს და, ადგილობრივი თვითმმართველობების გარდა, შეიძლება აღარავინ დარჩეს მომხრეებად. ამიტომ იყო ოპოზიციისა და საერთოდ, საზოგადოების დიდი უნიათობა, რომ სისხლიანი 7 ნოემბრის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ისევ ხელისუფლების ხელში დარჩა. და ეს სამეურვეო საბჭო წმინდა წყლის დეკორაციად იქცა.  ახლა როგორ და რითი გინდა რეგიონებს ხმა მიაწვდინო, გაამხნევო, სიმართლე უთხრა! იქ ხომ ხალხი სრულიად მიტოვებული და დაუცველია! სწორედ იმიტომ გამოიყვანეს წყობილებიდან „მაესტრო“, რომელიც საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებლად იქცა (ალბათ, პირველ რიგში, განუმეორებელი ვასიკო ოდიშვილის წყალობით), რომ ის დედაქალაქის გარეთ, რაღაც კუთხეებშიც ვრცელდებოდა. სწორედ ამიტომ შეუტიეს გაზეთებს, რომ რაც შეიძლება გააძნელონ ხალხის ხელში მათი მოხვედრა. და დედაქალაქი ფაქტობრივად ბლოკირებულია, მოწყვეტილია რეგიონებს.
- სამოქალაქო ცნობიერება, დემოკრატიული ღირებულებები ხომ, არსებითად, ადამიანის ღირსებაზეა დაფუძნებული. ამ ცნობიერების დამკვიდრებისთვის დიდი თანხები იხარჯება. თქვენი შეფასებით, ამ თვალსაზრისით, რა შედეგია ჩვენს საზოგადოებაში? რას ნიშნავს ჩვენთან ღირსეული ცხოვრება?
- არის მრავალი ღირსეული, ჩრდილში მდგომი ადამიანი, რომლებსაც იმდენად პატიოსანი ხედვა და უსამართლობის ისეთი მძაფრი შეგრძნება აქვთ, რომ მათ ვერანაირი ტელედემაგოგია ვერ მოატყუებს და არასოდეს გაეკარებიან ურცხვ ადამიანთა ბაქხანალიას. მაგრამ არის უამრავი ისეთიც, რომელიც თითქოს გულკეთილია და გმობს სისასტიკეს და სიცრუეს, მაგრამ მისგან დაგმობილთა ყველანაირ ღონისძიებაში მონაწილეობს, იქნება ეს „ნანუკას შოუ“, თუ სხვა რომელიმე შოუ და ათასი ასეთი მდარე რაღაცა.
ღირსების კატასტროფული დეფიციტია საერთოდ, პოლიტიკურ სივრცეში. დაპირება, გადათქმა, ტრაბახი, ტყუილი, უთავმოყვარეობა, ანგარება,  მთლიანად საარაკო არასერიოზულობა – აი, ეს ძვირფასი სურათი გვაქვს აქ.
უღირსობით გვანებივრებს ოპოზიციური პრესის დიდი ნაწილიც. ვულგარული ენა, უხამსობა, ბილწსიტყვაობა, სიტლანქე, ღვარძლი და მძვინვარე სიძულვილის ფრქვევა საშინლად აქვეითებს მკითხველის კულტურულ და ეთიკურ დონეს და აძლიერებს ხელისუფლების პოზიციას. სხვათა შორის,  პრესის დაიჯესტი კეთდება უცხოელებისთვის და ერთხელ ერთმა დიპლომატმა მითხრა, - თუ მთელი ოპოზიციური საზოგადოება ასეთია  (რადგან, მაგალითად, „ასავალ-დასავალი“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთია), ხელისუფლებაზე ბევრად უფრო უარესი ყოფილაო. ასე, რომ როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია და ოპოზიციური მედია, მცირე გამონაკლისის გარდა, საზოგადოების სრულ დემორალიზაციას იწვევს. ბოლო ხანებში უღირსობის რეკორდი მოხსნა ეროსი კიწმარიშვილმა, თუმცა ამის საწინააღმდეგო რეპუტაციით არც როდესმე უსარგებლია („რუსთავი-2“ კი ყოველთვის უკუღმართი ტელევიზია იყო. მხოლოდ ახლა არ გამხდარა ასეთი).
ასევე ვერ ვხედავ ღირსების გამოვლენას მსოფლიოში აღიარებულ ხელოვანთა საქციელში, რომლებიც ესოდენ ხალისით მართავენ კონცერტებს ავტორიტარული რეჟიმის ქვეყნებში და ლაღად იდებენ ჯიბეში მილიონებს, ხალხის გატყავებით რომ არის ნაშოვნი. ამიტომ პატივს ვცემ მათ ნიჭს,  მაგრამ აბსოლუტურად არ ვცემ პატივს მათ პიროვნებას... ჰოდა, ვის მიბაძონ ჩვენმა ახალგაზრდებმა? საბერძნეთის ახალგაზრდობამ ერთი ბიჭის მოკვლა არ აპატია ხელისუფლებას და ლამის თავზე დაამხო ქვეყანა, ჩვენთან კი რატომ არის  ახალგაზრდობისათვის სულ ერთი მათი ამდენი თანატოლის ჩახოცვა და საერთოდ, ამდენი უსამართლობა?   წარმოიდგინეთ, ახალი წლის ღამის კონცერტებზე რომ არავინ მისულიყო! ეს ახალი საქართველოს დაბადების საწინდარი იქნებოდა! აქ კი, უმეტესობა სიამოვნებით მონაწილეობს `ნადიმში შავი ჭირის დროს~. გუდიაშვილს აქვს ერთი გროტესკული ნახატი, სადაც კინტო ცეკვავს კუბოზე და არღანს ატრიალებს.  მიაბით ამ კინტოს ათასი სახე: მმართველების, მინისტრების, პარლამენტარების, ბიზნესმენების, ბანკირების, მაფიოზების, სტუდენტების, „რუსთავორელების“, „იმედელების“, „პირველარხელების“, ნანუკასი, ვანუკასი, ნანკასი, ლელასი და სხვათა და სხვათა და გექნებათ მთელი სპექტრი, კუბოში კი საქართველო წევს - ათასობით მკვდარი ბავშვი და ახალგაზრდა, ათასობით მშიერ-მწყურვალი, ჩაკლული სული, ჩამკვდარი კულტურა, იმედი და სიფაქიზე... (სხვათა შორის, ძველი თბილისის კინტო და „კინტაური“ მუდამ დაბალ კულტურულ ფენომენად ითვლებოდა, დღეს კი იგი ჩვენი ქალაქური კულტურის საყვარელი შემადგენელია).
 - რამდენიმე ხნის წინათ, ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე თქვენ აღნიშნეთ, რომ 1988 წლიდან მოყოლებული, ვერც ერთმა „მოძრაობამ“, რომელიც „ადამიანური ენერგიის, დროისა და ენთუზიამზმის უზარმაზარ რესურსებს ხარჯავდა, ვერ შეძლო ისეთი არსებითი ზეგავლენის მოხდენა სინამდვილეზე, რომ საქართველოს თავზე უბედურებათა ოცწლიანი ჯაჭვი არ გაბმულიყო“. ამ მარცხის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად თქვენ დაასახელეთ „ეთიკასა და განათლებაზე დაფუძნებული პიროვნული აზრის უკიდურესი შევიწროება და შთანთქმა მასობრივი ცნობიერების მიერ“.
ცნობილია, რომ ოცი წლის წინათ, „სახალხო ფრონტის“ დაფუძნებისას, იმავე დარბაზში და იმავე სცენაზე, ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი აგრესიული თავდასხმების სამიზნედ იქცა. თქვენი გამოსვლისას კი დამსწრეთა ერთი-ორმა ჯგუფმა ხმაური ატეხა და შეეცადა, სიტყვა შეეწყვეტინებინა. თქვენ ფიქრობთ, რომ არსებობს ერთგვარი კავშირი ოცი წლით დაშორებულ ამ ორ მოვლენას შორის? სხვათა შორის,  მრავალი ადამიანის აზრით, ძალიან გაგიგრძელდათ სიტყვა და იგი თითქოს ჰგავდა მოხსენებას, რომელიც ჩვეულებრივ, სამეცნიერო კონფერენციაზე იკითხება.
- დიახ, უპირველეს ყოვლისა, მერაბ მამარდაშვილს ვგულისხმობდი და მერე იმ  უწყვეტ ტენდენციას, რასაც ჩვენში აზრისა და ანალიზის  სიძულვილი შეიძლება დავარქვათ.  მაგრამ ჯერ ის უნდა გითხრათ, რომ ასეთი ტიპის „დაფუძნებებს“ და პრეზენტაციებს, ჩვეულებრივ, ახასიათებს პათეტიკით აღსავსე, ძირითადად ემოციური მისასალმებელი სიტყვები. და რადგან მოსალოდნელი იყო, რომ დარბაზში ისეთი ადამიანებიც იქნებოდნენ, რომელთაც ეს არ დააკმაყოფილებდათ,  მათ შორის - უცხოელებიც, იმთავითვე შევთანხმდით, რომ ერთი სიტყვა მაინც ანალიტიკური ყოფილიყო. ანალიტიკური სიტყვა კი ხუთწუთიანი ვერ იქნებოდა. მერე: „გაგრძელებული“ და „გაჭიანურებული“, ან - „მოსაწყენი“ და „საინტერესო“ ფრიად სუბიექტური ცნებებია. მაგალითად, ბატონ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა `მაესტროში~, ეკა ბერიძესთან, უმრავლესობის მიერ შეფასდა, როგორც არასაინტერესო და გაჭიანურებული, რომელმაც საზოგადოების მოლოდინები ვერ გაამართლა. ჩემთვის და ზოგი ჩემი ახლობლისთვის კი ძალიან საინტერესო იყო, რადგან ყურმა დაისვენა ამ გამოშიგნული, პალირებული, პოლიტკორექტული მეტყველებისგან, რომელიც ადამიანური ენა საერთოდ აღარ არის. ლაპარაკობდა ბუნებრივი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა გაბედულება, ყოფილიყო ის, ვინც არის, ელაპარაკა იმაზე, რაც აინტერესებს და რაზე ლაპარაკიც სიამოვნებს. აშკარად ჩანდა, რომ ადამიანს სამშობლო, თავისდა საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, მართლა უზომოდ უყვარს; რომ შვილებიც ამ სიყვარულით გაზარდა. და რაც მთავარია, მან ისეთი საკითხები წამოსწია, მთელ ჩვენს ხელისუფლებას ამ რვა წლის განმავლობაში აზრად რომ არ მოსვლია: ბავშვის აღზრდა, როგორც საფუძველთა საფუძველი და ის უბედურება, რომ საქართველოში ამდენი ბავშვი იზრდება უდედოდ. და არა მხოლოდ ობლები, არამედ ათასობით ბავშვი, რომელთა დედებიც უცხოეთში არიან გადახვეწილნი, რათა იქიდან არჩინონ შვილები, ან შეიძლება აქ არიან, მაგრამ ჭაპანწყვეტით გასავათებულებს შვილების აღზრდის თავი აღარა აქვთ. მოკლედ, ამ ადამიანმა დაასახელა ჩვენი კატასტროფის უმთავრესი წახნაგი, მისი ოპონენტები კი ამაზე ქილიკს მოჰყვნენ, რადგან არაფერი წაუკითხავთ და არაფერი გაუგიათ - რომ ცუდად გაზრდილი ბავშვების ქვეყანას მომავალი არ გააჩნია. ბავშვის აღზრდის პრობლემა მათთვის იმით წყდება, რომ ხუთი წლის ბაშვებს სკოლაში მიერეკებიან და ინგლისურს და კომპიუტერს უსახავენ ცხოვრების აზრად. ასევე, მრავალი ადამიანი ქოქოლას აყრიდა ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციას, როგორც ცუდად მომზადებულს. მე კი, და ჩემს ირგვლივ სხვებმაც, იგი არაჩვეულებრივ სანახაობად აღვიქვით. აბა, სხვაგან სად მოვახერხებდით ჩვენი ეროვნული საგანძურის, ჩვენს ჟურნალისტებს ვგულისხმობ, ასეთ დათვალიერებას?! ყველაზე კოლორიტული მომენტი, შეიძლება ითქვას, კულმინაცია ამ თავყრილობისა კი ჩემთვის ის იყო, ბატონ ბიძინას რომ აღმოხდა პრეს-მდივნის მისამართით: „ე, ბიჭო, შენ მაინც გაჩუმდიო“. ეს რაღაც ძალიან მშობლიური ფორმაა (სხვათა შორის, ლანა ღოღობერიძემ გამოაქვეყნა ძალიან კარგი წერილი „ქართული ოცნება“ - მშვიდი ძალა“).
მერე: `ქართული ოცნების~ პრეზენტაციაზე ძალიან ბევრმა ჩათვალა, რომ უხერხული და ზედმეტი იყო ბერას ასეთი გაგრძელებული მუსიკალური კლიპი. ჩემზე კი ამ კლიპმა შთაბეჭდილება მოახდინა. მოკლედ, აღქმა სუბიექტურია-მეთქი, იმას ვამბობ. ჰო, ერთმა ადამიანმა კი მითხრა, - პრეზენტაციაზე პირველ რიგში ის ადამიანები უნდა მიეწვიათ, ვინც მხარდაჭერის ნიშნად „ქართუ ბანკში“ შეიტანა ფულიო.
საერთოდ კი, მწერალი არ არის ვალდებული, ანგარიში გაუწიოს რაიმენაირ კონიუნქტურას - იქნება ეს ხელისუფლების, საზოგადოების, პარტიის თუ მოძრაობის. მე რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნდა, იმაზე ვილაპარაკე და ბევრმა ჭკვიანმა ადამიანმა მადლობა გადამიხადა, მათ შორის იმათ, გარეთ რომ ისმენდნენ - სიცივეში და არა თბილ სავარძლებში.  და მართალი გითხრათ, არ მშურს იმათი, ვისაც სასიცოცხლო სივრცე, საკუთარი სულიერი მემკვიდრეობა და კულტურული მსოფლხატი არასაინტერესოდ მიაჩნია; ვინც ჩვენს უმძიმეს მომავალს ვერ აკავშირებს იმასთან, რომ ლამის მთელ საქართველოში ნიადაგი დაავადებულია, სოფელი ჩამკვდარია და უზარმაზარ რეგიონებს მალე წყალში ჩაძირავენ. სწორედ ეს მენტალობაა ამნაირი ხელისუფლების დასაყრდენი.
სხვათა შორის, იმ დღესვე დამიკავშირდა ორი უცხოელი - ერთი პოლიტოლოგი და ერთი ჟურნალისტი - და მთხოვა, ჩემი ტექსტის ზუსტი თარგმანი მიმეწოდებინა. ერთი მათგანი იკვლევს დემოკრატიის წარუმატებლობის მიზეზებს პოსტსაბჭოურ სივრცეში და მითხრა, - თქვენ რომ მიზეზები დაასახელეთ, ეგენი არ მქონდა გათვალისწინებულიო. მეორემ კი მართლა გამახარა: სამი მწერალი გამოხვედით და სამი საინტერესო სიმბოლო-მეტაფორა დაასახელეთ: ჰამლეტი, რომელსაც შმორის სუნი სცემს სამშობლოში და დანაშაულის ძირებს იკვლევს; ლაბირინთი, საიდანაც გამოსვლა თუ გინდა, უნდა გაიხსენო, იქ როგორ მოხვდი და გადამფრენი ფრინველების გუნდი, რომელიც ზღვას ვერ გადაუფრენს, თუ დაშლილიაო. მთელი თქვენი ბედისწერა იკინძება ამ სიმბოლოებზეო. ასე რომ, ყურს გააჩნია. ჩვენთან კი „ლიბერალის“ ჟურნალისტმა დაახლოებით ისევე აღიქვა ეს პრეზენტაცია, როგორც „ასავალ-დასავალისამ“. მაგრამ მთავარი ის არის, რომ როდესაც ეგზალტირებული ოვაციებისათვის განწყობილი ბრბოს ელემენტები უზრდელობენ და აზრის წინააღმდეგ ილაშქრებენ, დარბაზში მჯდომმა ფილოსოფოსმა თუ მწერალმა ბრბოს მხარე კი არა, აზრის მხარე უნდა დაიჭიროს.          
- გამოითქვა მოსაზრება, რომ ივანიშვილის სიტყვა, წარმოთქმული ამ პრეზენტაციაზე, სხვების დაწერილს ჰგავდა. ეს მოსაზრება განსაკუთრებით ეხება საახალწლო ტელემილოცვას ანთებული ბუხრის წინ, რომელიც არაბუნებრივ შთაბეჭდილებას ახდენდა. ამასთან დაკავშირებით რას იტყვით?
- ეს ყველაფერი პროცესია. და ძალიან რთული და დაძაბული პროცესი. პოლიტიკოსის ოფიციალურ სიტყვას, თან - ასეთ სიტუაციაში, მრავალნაირი ყური ისმენს გაფაციცებით: შინაური, გარეული, ახლობელი, მტრული, და წონასწორობის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ისე კი, ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა, საერთოდ არ  გაემართათ მოძრაობის პრეზენტაცია. ეს სულ სხვა სტილის - უბრალო და საქმიანი სტილის დამკვიდრების ნიშანი იქნებოდა. და თან ამით დიდ დროსა და ენერგიას დაზოგავდნენ: დრო ხომ ძალიან ცოტაა. მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი.   
- მოულოდნელი იყო თქვენი გამოჩენა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე - თუნდაც იმიტომ, რომ ტელევიზიით თუ რადიოთი ქალაქის ეკოლოგიასა და ესთეტიკურ სახეზე საუბრისას არა ერთხელ, ძალიან მწვავედ გაგიკრიტიკებიათ ბოტანიკური ბაღის ქედზე წამომართული ბიზნეს-ცენტრის შენობა. მას „შენობა-მონსტრიც“ კი უწოდეთ. ახლა რა მოხდა? თქვენს პოზიციას გადახედეთ? და აქვე: აპირებთ ამ მოძრაობასთან შემდგომ თანამშრომლობას?
- ახლაც იმ აზრის ვარ. მეორე მაღლობზე აღმართულ პრეზიდენტის სასახლესთან ერთად, ეს შენობა არის თბილისის ლანდშაფტისათვის, მისი სილამაზისათვის ჩაცემული ლახვარი. ძალიან მძიმე და დამთრგუნველი. ეტყობა, ლანდშაფტური არქიტექტურის ცნება ამ უცხოელ არქიტექტორებსაც არ გაუგიათ... ეგებ ოდესმე სურო, ვაზი, უსურვაზი ან ჩაის ვარდი მაინც ააახვიონ კედლებზე... მაგრამ საუბედუროდ, ჩვენ ისე გვაქვს საქმე, რომ რა დროს ჩაის ვარდია, სულ არ დაგვემხოს თავზე ეს ქვეყანა... შემდგომ თანამშრომლობაზე არ გვილაპარაკია. მე იმდენად დატვირთული ვარ, რომ რაიმეში აქტიურად ჩართვას ვერ შევძლებ. მაგრამ, ახლა მთავარი ეს კი არა, სულ სხვა რამ არის.
- კონკრეტულად, რა არის ახლა მთავარი - რის გამოც უამრავი პრობლემა ისევ უკანა პლანზე გადადის?   
- მთავარი ის არის, რომ ფაქტობრივი სამოქალაქო ომი, რომელიც ხელისუფლებამ პირველი დღეებიდანვე გააჩაღა პრინციპით - „ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია“ - ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ხომ ხედავთ, რა ხდება?! კაცმა გადაწყვიტა, გამოიყენოს კანონიერი უფლება და ჩაერთოს დემოკრატიულ პოლიტიკურ ბრძოლაში და სინამდვილეში, ოჯახიანად, კუპრის ქვაბში, ანუ ამ საზარელ პოლიტიკურ კანიბალიზმში ჩავარდა! თურმე, თუ რეალური პოლიტიკური მოწინააღმდეგე ხარ, უნდა მოკვდე. „ჰკა მაგას“ და კბილთა ღრჭენა. ხელისუფლებამ ფრონტი გაუხსნა თავისი ხალხის უმრავლესობას - ყველას, ვინც ივანიშვილს უჭერს მხარს, ან ვინც გაბედავს და რაიმენაირად ხელს შეუწყობს: იქნება ეს თავისუფალი მედია,  ადამიანები თუ ორგანიზაციები. ეს კი ძალიან ცუდად შეიძლება დამთავრდეს.  მოგწონს თუ არა ბიძინა ივანიშვილი, ნაწყენი ხარ მასზე თუ არა, დღეს ყველა ამ უსამართლობას და ძალადობას უნდა აღუდგეს წინ, რადგან სულ ერთია, ვინ ხდება უსამართლობის მსხვერპლი: მილიარდელი, პრეზიდენტი, პატიმარი, ჟურნალისტი თუ სტუდენტი.  მოგწონს თუ არა, უნდა აღიარო ფაქტი: დღეს ყველა ოპოზიციური პარტია რომ გაერთიანდეს, არჩევნებს ვეღარ მოიგებს. არჩევნების მოგების შანსი აქვს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანებულ პოლიტიკურ სპექტრს. მაშასადამე, ვინც პირდაპირ თუ ირიბად ებრძვის ამ ახალ გაერთიანებას, მას თავისი და ქვეყნის ახლანდელი მდგომარეობა აწყობს. გაუთავებლად რომ ასწავლიან ჭკუას საჯაროდ და ლანძღავენ მის გარემოცვას ქვეტექსტით: ეგ რად გინდოდა, მე აქ არა ვარო!
ამ კაცს სხვა გზა არა აქვს. ახალ საზოგადოებას ვერ შექმნის. ეს არის ჩვენი რესურსები. სხვა, სრულიად ახალი პოლიტიკური ძალა მარსიდან ვერ ჩამოვარდება. ძლიერ და დაუნდობელ მოწინააღმდეგესთან ბრძოლას პოლიტიკურ ბრძოლაში გამოცდილი პარტიები სჭირდება. ხელისუფლების ძალა კი იმაშია, რომ მასთან დაპირისპირებული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მას არაფრით ჯობია; ხშირად უარესიცაა. უამრავ ადამიანს სძულს ხელისუფლება, მაგრამ სძულთ ერთმანეთიც, შური და ღვარძლი ამოძრავებთ ერთმანეთის მიმართ: „ერთმანეთისა მათ სიკეთე ჰშურთ, თუმც ერთისათვის თითქოს იღვწიან; თვით ამხობენ მას, რის აღდგენაც ჰსურთ, თვით ჰშველიან მას, რასაც ებრძვიან“, როგორც შეგვიძლია „აჩრდილში“ წავიკითხოთ. თუ აზრმა და უანგარობამ არ იმძლავრა, ყველაფერი ისევ ისე დარჩება. ბევრად უარესადაც. 

Комментариев нет:

Отправить комментарий