18 апреля, 2011

ცხოვრება შესაძლებლობების სასაფლაოზე

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
18 აპრილი, 2011


ნაირა გელაშვილი: "მცირე გამონაკლისის გარდა, ქართველი მწერალი და კონფორმისტი სინონიმებია"

"ქართველი ადამიანის კონფორმიზმს საზღვარი არ აქვს. შეიძლება ასეც განვსაზღვროთ ჩვენი უბედურების მიზეზი: ჩვენ არ ვემიჯნებით ბოროტებას; ჩვენ არ ვემიჯნებით სამარცხვინო საქციელს, ფარისევლობას. ჩვენ მასთან უმტკივნეულოდ თანავარსებობთ. სახარება კი მოგვიწოდებს: "ნუ შეეზიარები ბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ ამხილე". მხილება კი უკვე ბრძოლაა", - "მთელ კვირას" მწერალი ნაირა გელაშვილი ესაუბრება.

- ვისაუბროთ იმ ტენდენციებზე, რომლებიც ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს; იმაზე, რაც ჩვენს კულტურულ ქსოვილს უშუალოდ ეხება და მასზე ზემოქმედებს. როგორ დაახასიათებთ სივრცეს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ? რესურსს, რომლითაც ამ სივრცეში ვმოძრაობთ?

- ორიოდე წლის წინ, ჩვენი დროის დიდმა მსახიობმა - ზაზა პაპუაშვილმა მოკლედ ასე განმარტა ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა: "საქართველო - ეს არის ერთი დიდი ბორდელი". დიდ ბოდიშს ვიხდი ასეთი გამონათქვამის გამო,  მაგრამ ეს არის რეალობა. ჩვენმა ქვეყანამ, ხალხის უმრავლესობამ, განსაკუთრებით - მისმა ელიტარულმა ნაწილმა, და განსაკუთრებით - დედაქალაქმა - დაკარგა სირცხვილის გრძნობა. ჩვენ წინაშეა გადაგვარების ყველა ნიშანი. შეიძლება ითქვას, რომ მეძავეობის სულით არის გამსჭვალული ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა უჯრედი. მეძავეობა კი მხოლოდ ცირკთან დგომას,  საქართველოს ურიცხვ არალეგალურ ბორდელში თუ თურქეთში მოღვაწეობას არ ნიშნავს. მისი ყველაზე მძიმე ფორმა უფრო პოპულარული და ლეგალურია. მეძავეობის სული ნიშნავს ყველანაირ ვაჭრობას საკუთარი თავით, პრინციპებით, მაღალი ფასეულობებით. პირველ რიგში კი, ეს ნიშნავს სირცხვილის გრძნობის დაკარგვას. ზეღირებულებებით საყოველთაოდ გავრცელებულ ვაჭრობაზე კი ერთმა დიდმა ევროპელმა პოეტმა თქვა: `ვემრუშებოდით მარადისობას".
მეძავეობის სულს ჩვენს ქვეყანაში, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკა და ტელევიზია ასაზრდოებს. ხალხი უყურებს მათ და ხედავს, რომ თურმე შეიძლება ყველაფრის გაყიდვა: სინდისის, სიტყვის, სიმართლის, სულის, სხეულის, მიწის, წყლის, ბავშვების, ქალების, დევნილების, ვეტერანების... როდესაც ხალხი ამ დონეზე კარგავს ეთიკურ მგრძნობელობას, მისი გადარჩენა თითქმის წარმოუდგენელია. არსებობს გალაკტიონის უძვირფასესი სიტყვები: "ყველაფერს ქვეყნად მზეებრ ანათებს ისევ და ისევ პატიოსნება". აი, ეს მზეა  დაბნელებული საქართველოში. არადა, ყველა ნორმალურ და თვით არანორმალურ ადამიანსაც ყველაზე მეტად ამ მზის ამოსვლა ენატრება ცნობიერად ან ქვეცნობიერად.
ევროპელებს შორის არსებობს ასეთი აზრი საქართველოზე: "საქართველოში ე.წ. ბომონდის წარმომადგენელი ქალების უმეტესობას (ტელევარსკვლავებს - განსაკუთრებით) ისე აცვიათ, როგორც მეძავეებს ევროპაში". მართლაც,  ამზრზენია მათი ჟესტიკულაცია,  ხმის ინტონაცია და ბრიყვული აზრები, რასაც ისინი ტელეეკრანიდან ავრცელებენ.
ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველ ათწლეულებში რამდენიმე დიდმა ევროპელმა მოაზროვნემ შენიშნა, რომ ადამიანის ჟესტიკულაცია იცვლება. ის ისეთ ტლანქ ჟესტებს იძენს და ისეთ ბგერებს გამოსცემს, რომელიც ადრე მისთვის დამახასიათებელი არ იყო.  ისეთ დაცემულ ქვეყნებში, როგორიც ჩვენ ვართ, ჟესტიკულაცია, ხმის ტემბრი, ლექსიკა - ყველაფერი ველური და ვულგარულია. იგი ადამიანის ღირსებას არ შეესაბამება. დიდმა ევროპელებმა ისიც შენიშნეს, რომ ტექნოლოგიურ და კაპიტალისტურ სინამდვილეში ქალი იწყებს გადაგვარებას, იგი კარგავს ქალურობას და იმ თვისებებს, რის გამოც ნორმალურ მამაკაცს მოსწონს, უყვარს და იზიდავს ის, ვისაც კაცობრიობის მშვენიერი ნახევარი უწოდა. ქართულ ენაში, განსაკუთრებით, მის კახურ-ქიზიყურ დიალექტში არსებობს ასეთი ზმნები: წლაწვა, ტყლარჭვა, ჩაჩხვა, გრეხა, მანჭვა, გადათხლეშა და ა.შ. ეს არის ძალიან ტლანქი, მახინჯი მოძრაობების გამომსახველი ზმნები და უმეტესად ზუსტად გამოხატავს ჩვენი ქალბატონი ტელემნათობებისა და მათი მიმბაძველი გოგოების თავდაჭერას, რომლებსაც თავიანთი უმეცრების გამო ასეთი რამ დიდ წინსვლად მიაჩნიათ.  ვულგარულობა დეგრადაციის ნიშანია.
- და ჟესტიკულაციის ასეთი ცვლილების მიზეზი, თქვენი დაკვირვებით, რა არის?  მხოლოდ ტექნიკის ეპოქა?
- არა მხოლოდ. ამის მიზეზი, პირველ რიგში, არის სნობიზმი, გაუნათლებლობა და კულტურული ტრადიციის სრული წყვეტა. ჩვენი ხალხის დეგრადაციაზე მეტყველების მანერაც მიანიშნებს. თვალი მოავლეთ ჩვენს ლინგვისტურ ველს. ჯერ ერთი, ყველა ლაპარაკობს ჟარგონით, რაც, ასევე, ყოფითი კულტურის დაცემის ნიშანია. და ლამის აღარ არსებობს ადამიანი, რომელიც არ იგინება. ბილწსიტყვაობს და ტლანქსიტყვაობს თითქმის ყველა. მათ შორის ეკლესიური მორწმუნეებიც და ბევრი სასულიერო პირიც, რაც განსაკუთრებით სავალალოა. ჰკითხეთ ტაქსის მძღოლებს და მოგიყვებიან, რა ხდება 12-13 წლის გოგონებში - არამარტო ლოთობა და არყის ბოთლით სიარული; მათ უკვე გაუგონარი ბილწსიტყვაობაც, საშიში აგრესია და ქუჩური გარჩევები ახასიათებთ. იგინებიან დედებიც და ბებიებიც. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ბილწსიტყვაობის მოთხოვნილება სულიერი დაავადების ნიშანია. რელიგიური თვალსაზრისით, ეს არის უმძიმესი სიმპტომი. ერთი რელიგიური მოაზროვნე კი  ამბობს, - ბილწ სიტყვებზე ადამიანს მფარველი ანგელოზი ტოვებსო. ბილწსიტყვაობა უპირისპირდება ღვთაებრივ პრინციპს და მაშასადამე, არის ღმერთის საწინააღმდეგო ძალის - ბოროტი ძალის საქმე, რომლის მიზანია ადამიანის სულიერი გაძარცვა და გაპარტახება. ეს არის აღსასრულისკენ მიმავალი დეგრადაციის  ნიშანი. ის სიკვდილის ზონაა. სხვათა შორის, ასევე, იგი მამაკაცური პოტენციის მასობრივად დაძაბუნების სიმპტომია. სუსტი კაცი თავის სისუსტეს ხომ გარეგნული - სიტყვიერი თუ სხვა ტიპის აგრესიით ნიღბავს, მაგალითად, წითელ შუქზე გავლით. ერთი ასეთი მაგალითი:  ამას წინათ, ტრადიციულად ტლანქსიტყვაობით გამორჩეულმა სტადიონმა, ერთად შეყრილმა 60 ათასმა კაცმა ის ვერ გაბედა, რომ უსამართლოდ დაპატიმრებული შესანიშნავი ფეხბურთელის - გიორგი დემეტრაძის მხარდასაჭერად "დემე! დემე!" დაეძახა! აბა, რაღას უკიჟინებენ პრეზიდენტს, ომში რატომ შეეშინდაო! კახი კალაძე კი პიროვნებაა.
- და რამდენად არის ეს ბილწსიტყვაობა განსაკუთრებულად ქართული მოვლენა?
- რაც მე გამიკითხავს და გამომიკითხავს, ასეთი ტიპის გინებები: საკუთარი დედის  ინტიმური ადგილების დასახელება, დედის სხეულის ვერბალური გაუპატიურება, ანუ ვერბალური სისხლის აღრევა, საკუთარი თავის გაიგივება მამაკაცისა თუ ქალის გენიტალიებთან, - სხვა ენებში ან საერთოდ არ გვხვდება, ან არ გვხვდება ასე საყოველთაოდ, ასეთი შემზარავი დოზით. ახლა გოგონები იგივეს ამბობენ მამასთან მიმართებაში. ამ საყოველთაო ინცესტში ქვეცნობიერი ტრიალი უმომავლო, ნეკროფილური ყოფის ნიშანია. თანამედროვე ქართულ მწერლობაში გაბატონებული ნატურალიზმი, ანუ ცხოვრებისული ბილწსიტყვაობის კალკირებაც სულიერ სიძაბუნეზე, პიროვნულ რღვევაზე მეტყველებს; იმაზე, რომ მწერალი ვერ ახერხებს რეალობის მხატვრულ დაძლევას. დღეს მეტწილად ავადმყოფობა მართავს ხელოვნებასაც და ცხოვრებასაც.
- და კომერციული მიზნებით ამ ავადმყოფობის ხელოვნური სტიმულირება ხომ არ ხდება?
- რა თქმა უნდა. ეს ჩვენი დროის სულია. ყველაფერი უარყოფითი, ავადმყოფური, პრიმიტიული, პორნოგრაფიული  ადვილად იყიდება. ადამიანს, მით უფრო ბავშვებს ის იზიდავს, ადვილად ითრევს. რელიგიების, კულტურის, აღზრდის, განათლების მიზანი ის არის, რომ დაიცვას ადამიანი შინაგანი გაღატაკებისაგან, აღვირახსნილობის ცხოველურ საუფლოში ჩაცემისაგან, გადაარჩინოს ადამიანში ადამიანი. მაგრამ ეს ნელი და რთული პროცესია. კომერციული ინსტინქტი კი ამას უპირისპირდება. ის იპყრობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს და ნერგავს იდეოლოგიას, რომ ჭამა, სექსი, დროსტარება, ჩაცმა-დახურვა და ა. შ. არის სისხლსავსე ცხოვრება და ცხოვრების აზრი. ის ერთის მხრივ კვებავს უკვე არსებულ მასობრივ გემოვნებას და მეორეს მხრივ აყალიბებს პრიმიტიულ, მომხმარებელ, ბიოლოგიური ინტერესებით მცხოვრებ საზოგადოებას. რადგან ეს საზოგადოებაა მისი კლიენტი, მყიდველი, ბაზარი. ცნობილ კრიტიკოსს, ლევან ბრეგაძეს აქვს შესანიშნავი წერილი - "ჯვაროსნული ომი სიყვარულის წინააღმდეგ", სადაც კარგადაა ნაჩვენები, რომ სიყვარულის ჩანაცვლება სექსით, დროსტარებით, გართობით - ეს უზარმაზარი ბიზნესია. სიყვარული ადამიანის უმაღლესი შესაძლებლობაა - იმიტომ, რომ თვითონ ღმერთი სიყვარულია. სხეულებრივი ურთიერთობები კი საჩუქარია, რომელიც ღმერთმა ადამიანს მისცა, რათა მან თავისი გრძნობები გამოხატოს, რათა მისი ადამიანური ბედნიერება სრული იყოს.  მაგრამ, როგორც კი ამ ურთიერთობებს დიდ გრძნობების  ინტიმური სფეროდან გაიტან, სიმახინჯედ იქცევა. დღეს ასეთი სექსის აპოლოგიაა. და ეს გაპირუტყვების ნიშანია. და ეს ხელისუფლებას მიეწერება და სახელმწიფო იდეოლოგიად აღიქმება, რადგან ძირითადად სახელისუფლო არხები არიან ამით დაკავებული, თუმცა თითქმის ყველა გაზეთი ამჟღავნებს  ყვითელ ვნებას, თავი დაიმშვენოს გაშიშვლებული სხეულების უადგილო და იაფფასიანი ფოტოებით. სპორტული სექსის პროპაგანდით საქართველოში  დიდი გრძნობების სიკვდილს აჩქარებენ, რომელთა ჩაქრობაც ისედაც  ჩვენი ეპოქის ერთ-ერთ კატასტროფულ ნიშნად ითვლება. და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ სიყვარულის, ნატიფი მგრძნობელობის წინააღმდეგ გაჩაღებულ ჯვაროსნულ ომში ქალები გვევლინებიან მედროშეებად.
- და როგორ ცხოვრობთ ამ ანტიკულტურულ სივრცეში?
- ასეთ საქართველოს მართლა არ ვიცნობდი. მთელ საბჭოთა კავშირში ითვლებოდა, რომ თბილისი იყო ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ქალაქი, სადაც აღიარების მოპოვება ძალიან ძნელი იყო. მე-20 საუკუნის ერთ დიდ ევროპელ მოაზროვნეს ჰკითხეს, - როგორი იქნება 21-ე საუკუნეო, - და არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა: უსირცხვილოო. სირცხვილის დაკარგვა ადამიანის გადაგვარების ბოლო სტადიაა. სახარებიდან ვიცით, რომ შეიძლება მკვლელი, ავაზაკი, მეძავი გადარჩნენ - თუკი მათ სირცხვილის გრძნობა აქვთ შენარჩუნებული. ერთხელ, ქუჩაში ჩვენი დიდი პოეტი - ბესიკ ხარანაული შემხვდა და სასოწარკვეთილმა მკითხა: ნეტავ, სიტყვა "სირცხვილს" ჩვენს სინამდვილეში კიდევ თუ შეესაბამება რაიმეო.  სადაც აღარ არის სირცხვილი, იქ აღარც ღირსებაა. მე რომ მკითხოთ, დღეს ღირსება შენარჩუნებული აქვს იმ ადამიანს, რომელსაც არ სჭირდება განმარტება, თუ რატომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა "ნანუკას შოუში"; რატომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ნანკა კალატოზიშვილის აბსოლუტურად გადაგვარებულ გადაცემაში; რატომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა გადაცემაში "ცხოვრება მშვენიერია" - თუნდაც, მისი სახელწოდების გამო. და კიდევ - "პროფილში" - რომელიც, მიუხედავად შიგადაშიგ ვითომ ჰუმანური და მართლმადიდებლური თემების წამოწევისა, არის აბსოლუტურად ყვითელი ეკრანი - პროვინციული და ვულგარული. ღირსება შენარჩუნებული აქვთ იმ ადამიანებს, რომლებმაც იციან, რატომ არ უნდა მიიღონ მონაწილეობა „ვანოს შოუში“, რატომ არ უნდა ითანამშრომლონ იმ ტელევიზიებთან, რომლებზეც საერთო დანაშაულის ძალიან დიდი წილი მოდის. მე, მაგალითად, არ ვაძლევ ინტერვიუებს  არც "იმედს", არც "რუსთავი-2-ს", არც "მზეს", არც "პირველ არხს".
გემოვნების თვალსაზრისით, სცოდავს ყველა ტელეარხი, მაგრამ სახელისუფლებო ტელევიზიები მიზანდასახულად ამკვიდრებენ სიცრუეს, ძალმომრეობას, და სწორედ ამის გამო არიან სისხლში ამოსვრილები. მაგრამ საზოგადოებას რომ მოვუწოდოთ, არ უყურონ იმ ტელეარხებს, რომლებსაც ყოველწუთს ლანძღავენ, ბოიკოტი გამოუცხადონ მათ, განა ავიყოლიებთ? ჩვენთან არ მოხდება სამოქალაქო ერთიანობა არანაირი ასეთი იდეის გარშემო.  საქართველო განუხორციელებელი შესაძლებლობების სასაფლაოა. იყო მოცემული ბრწყინვალე შესაძლებლობები, და ეს ყველაფერი დაიმარხა. ახლა ჩვენ ამ სასაფლაოზე ვცხოვრობთ.
- ვერ ხედავთ ადგილს, სადაც შეიძლება, ადამიანმა სიმშვიდე ჰპოვოს?
- ჩემი სივრცე სავსეა შემზარავი ხატებითა და სახეებით. დევნილმა ადამიანმა თავი დაიწვა, და ამის შემდეგ დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი ქალბატონი აცხადებს: "მათ უნდა იცოდნენ, რომ ასეთი რადიკალური ზომებით მიზანს ვერ მიაღწევენო"! ციხეებიდან ჩონჩხადქცეული, ნაწამები ცხედრები უბრუნდებიან ოჯახებს, ამ ჯურღმულეთის შუშის დედოფალი კი აცხადებს, ასაკის გამო იხოცებიანო. საიდან ამდენი ზომბირებული და სასტიკი ქალი? ხალხის წიაღი წარმოშობს ამ ხელისუფლებას, რომელიც მერე საკუთარ ხალხს ასე არაადამიანურად ექცევა. და რა გარანტია გვაქვს, რომ ხვალინდელი ხელისუფლება თვისებრივად შეცვლილი იქნება?
- კონფორმიზმი ის ძირითადი მიზეზია, რაც ჩვენს ცხოვრებას ანგრევს?
- ქართველი ადამიანის კონფორმიზმს საზღვარი არ აქვს. შეიძლება ასეც განვსაზღვროთ ჩვენი უბედურების მიზეზი: ჩვენ არ ვემიჯნებით ბოროტებას; ჩვენ არ ვემიჯნებით სამარცხვინო საქციელს, ფარისევლობას. ჩვენ მასთან უმტკივნეულოდ თანავარსებობთ. სახარება კი მოგვიწოდებს: "ნუ შეეზიარები ბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ ამხილე". მხილება კი უკვე ბრძოლაა. ჩვენთან რა ხდება? დავუშვათ, არის კარგი ადამიანი, რომელიც არ არის არც ხელისუფლების მეხოტბე და ეს სამარცხვინო საქციელად მიაჩნია, მაგრამ ფარისევლებთან და კონფორმისტებთან  კარგი ურთიერთობა აქვს. აი, ეს არის ქართული კონფორმიზმი - კარგ ადამიანს ცუდ ადამიანებთან კარგი ურთიერთობა აქვს. თუკი მიგაჩნია, რომ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქვეყანა დააქციეს, შენი მეზობელი რომ არის მინისტრი, რაღას შესციცინებ თვალებში?! ნუ მიესალმები! არმისალმება უკვე აქციაა. პროტესტია. თუ არ შემიძლია, მიტინგზე გავიდე; თუ არ შემიძლია, თავი დავიწვა, ის ხომ შემიძლია, რომ არ მოგესალმო? მაგრამ მეზობლობასა და ნათესაურ ურთიერთობებში თითქმის ყველა კონფორმისტია.
- ამ კონტექსტში ქართველ მწერლებთან მიმართებით რა შეგიძლიათ, თქვათ?
- მცირე გამონაკლისის გარდა, ქართველი მწერალი და კონფორმისტი სინონიმებია. მინისტრს ჯერ ხელი არ აქვს დაქნეული ამ მწერლებისთვის და იქ არის გამოჭიმული ყველა. რა გინდა იმ მინისტრთან?! ქართველი მწერლების უმეტესობა ოცნებობს, ოღონდ ხელისუფლებამ გამოიყენოს! და, თუ არ არიან გამოყენებული, მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება არ იყენებს მათ. 
- თუ შეიძლება, ამავე თვალსაზრისით ინტელექტუალური წრეების როლი შეაფასეთ. საერთოდ, რა მნიშვნელობას ანიჭებთ მათ ჩვენს საზოგადობრივ ცხოვრებაში?
- ინტელექტუალურ წრეებში ბევრმა თქვა: "ერთი სიცოცხლე მაქვს და რატომ უნდა მოვიწამლო? ჩვეულებრივი კეთილდღეობა მინდა - ბურჟუასავით, და მოდი, ამ ჩემს ინტელექტს ხელისუფლების სამსახურში ჩავაყენებ".
ვისაც მეტი ესმის, მეტი მოეთხოვება. ყველაზე დიდი დამნაშავეები სწორედ ესენი არიან: დანაშაულის თეორეტიკოსები და იდეოლოგები უფრო დიდი დამნაშავეები არიან, ვიდრე მისი აღმსრულებლები. ესენი არიან ხელისუფლების მიერ გაჩაღებული სისხლისღვრების იდეოლოგები. 7 ნოემბრიდან მოყოლებული, ესენი ამართლებენ ხელისუფლების მიერ ჩადენილ ყველა ბარბაროსობას. კოლექტიური ივანე კარამაზოვი შთააგონებს კოლექტიურ სმერდიაკოვს, მოკლას საკუთარი ხალხი.
აი, ამ ინტელექტუალებს შორის, რომლებმაც თავისი შემოსავლის წყარო ხელისუფლების ფრთებქვეშ მოძებნეს, გამოირჩევა ბ-ნი ნოდარ ლადარია, რომელიც ჩვენს ცხოვრებას კიდევ უფრო აუტანელს ხდის, ვიდრე ის არის.  ამ კაცის ღვარძლსა და ცინიზმს უკვე საზღვარი აღარ აქვს. როდესაც გაზეთ "24 საათის" ომბუდსმენად დაინიშნა, ვერ გაიგო ხალხმა, ეს რას ნიშნავდა. საბჭოთა დროს არსებობდა ასეთი რამ - "ლიკბეზი" ("ლიკვიდაცია ბეზგრამმოტნოსტი"). ლადარიაც რაღაც ასეთ ფუნქციას ასრულებდა - ყველას, ვინც ამ გაზეთში ბეჭდავდა, ჭკუას ასწავლიდა: ზოგს სტილს უსწორებდა, ზოგს - გრამატიკას, ზოგს - აზროვნებას. და რიღასთვის არსებობს რედაქტორი?  მოკლედ, ეს ადამიანი არის დიდი ლიკვიდატორი (დიდ ინკვიზიტორობამდე ხელი არ მიუწვდება) ჯერჯერობით ვითომც აზრობრივი ლაფსუსებისა. ეს არის ხელისუფლების მიერ დაქირავებული იდეოლოგი - ცენზორი. ამბობენ, რომ ის  ბ-ნ ვანო მერაბიშვილის მრჩეველია. და რომ მისი მეუღლეც ამ სფეროშია დასაქმებული. თვითონ თურმე დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი მისი მოსაზრებებით საზრდოობს. წარმოიდგინეთ ახლა ამ ქვეყნის მდგომარეობა, თუ ეს მართლაც ასეა. მაგრამ სინამდვილეში, ნოდარ ლადარიას არ მოაქვს სარგებელი თავისი დამქირავებლებისთვის - იმიტომ, რომ მან საყოველთაო აღშფოთება დაიმსახურა. ამის თქმა სულაც არ მიხარია.
გარდა იმისა, რომ საჯაროდ აკრიტიკებს, დადის და კულუარებში ვის აღარ ლანძღავს, ვისი სახელითაც მართლა შეუძლია, იამაყოს ამ საცოდავმა ქვეყანამ, რომელმაც ყველაფერი დაკარგა. დასცინის მერაბ მამარდაშვილს, გივი მარგველაშვილს, რობერტ სტურუას და სხვებს. მე პირადად არ მაინტერესებს: დიდი ხანია, არ ვკითხულობ "24 საათს" და, მგონი, ლადარიას წერილებს,  ბაკურ სულაკაურის გარდა, აღარავინ კითხულობს. ეს ხომ ერთი წრეა. ხელისუფლების მხარდამჭერი წრე. ისინი თავიანთ სფეროებში ახორციელებენ პოლიტიკას, რომლის მიზანი არის შემდეგი: ვინც ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერი არ არის, ყველას დისკრედიტაცია უნდა მოხდეს.
ბოლოს, ლადარია გიორგი ლობჟანიძეს გადმოსწვდა. როგორ ბედავ ირანის სიყვარულს და მასზე თბილად ლაპარაკს, ეს ხომ არადემოკრატიული ქვეყანაა და ადამიანებს სასტიკად ექცევაო! რა თქმა უნდა, მსგავსი დესპოტური რამეებით სულის სიღრმემდე უნდა აღშფოთდეს ყველაზე ჰუმანური, ყველაზე კაცთმოყვარე, ყველაზე სამართლიანი, ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფოს მესიტყვე, სახელმწიფოსი, სადაც წარმოუდგენელია მშვიდობიანი მიტინგების დარბევა, ნაშიმშილევი ადამიანების გადაჯეგვა, ხელ-ფეხის დამსხვრევა, გაზით მოწამვლა თუ თვალების დათხრა, საცხოვრებლებიდან დევნილების ძაღლებივით გაყრა თუ პატიმრებისთვის წამებით სულის ამოხდა. ჰოდა, ბ-ნი ლადარიაც შფოთავს.
- როგორ ფიქრობთ, რეალურად, რა იყო ნოდარ ლადარიას მხრიდან თავდასხმის მოტივაცია?
- საქმე ის არის, რომ ბ-ნმა ლადარიამ ამ ცხოვრებაში თავისი ადგილი ვერ იპოვა; თავის განსწავლულობას ასპარეზი ვერ მოუძებნა (რაც მხოლოდ მისი ბრალი არ არის). ასეთი რამ კი ჩვენში ხშირად იქცევა სოციალურ უბედურებად. მოტივაცია არის შური, საერთოდ, ადამიანის სიძულვილი, პოლიტიკური, შეიძლება უკვე უსიტყვო, დაკვეთა (ამბობენ, ადრე ტელეფონით იღებდა "ზემოდან" შეკვეთებს, თუ ვისთვის უნდა "დაერტყა") და სხვ. გარდა ამისა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ მას, როგორც ეთნიკურ აფხაზს, რომელსაც აქვს უამრავი მიზეზი, გაღიზიანებული იყოს ქართველებზე, იყოს გაღიზიანებული სამართლიანად, - ნერვებს უშლის ყველა ქართული მიღწევა, რაღაც მნიშვნელოვანი. ამას ვამბობ მე, რომელსაც აფხაზების დაცვის გამო, ნოდარ ლადარიასაგან განსხვავებით, განუწყვეტლივ მიწევდა თავდასხმების ატანა. მაგრამ ახლა ეს არაფერ შუაშია. ჯობდა, ბ-ნ ლადარიას აფხაზურ-მეგრული გულითადობა და თავაზიანობა შეენარჩუნებინა უცნაური კუთხური კილოს ნაცვლად.
გიორგი ლობჟანიძე კი მასზე ბევრად უმცროსი და მაქსიმალურად რეალიზებული ადამიანია. შესანიშნავი ირანისტი და არაბისტი, ყურანის მთარგმნელი არაბულიდან, ბრწყინვალე პოეტური თარგმანებისა და  მრავალი წიგნის ავტორი, პოეტი, მეცნიერი, აღიარებული აღმოსავლეთის სამეცნიერო წრეებში. და რაც მთავარია: მიუხედავად უკიდურესად გაჭირვებული ცხოვრებისა, ყოვლად აუტანელი საყოფაცხოვრებო პირობებისა, რაც სხვას ყველანაირ პრინციპზე ააღებინებდა ხელს, გიორგი ლობჟანიძეს კონფორმიზმის გზა არ აურჩევია. სხვათა შორის, არც უცხოეთში წასულა სამუშაოდ და საცხოვრებლად, თუმცა, ამის შეთავაზებები ჰქონდა.  რადგან იდეალისტია და თავისი ქვეყანა უყვარს და ეცოდება. მთელი უბედურება კი ის არის, რომ საქართველოში დიდი შრომის საფასურად ძირითადად ლანძღვა-გინებას, აქტიურ მტრობას ან სრულ გულგრილობას  იღებს კაცი, თუ ის კონფორმისტი არ ხდება. აი, ეს კლავს შემოქმედ ხალხს. ნიკო ფიროსმანს სწორედ სარკასტულმა პრესამ მოუსწრაფა სიცოცხლე.  პოეტური სული რომ ადვილად მსხვრევადია, ეს იციან. და ამსხვრევენ. 
ირანი, მოგვწონს თუ არა, ჩვენი მეზობელია - საკმაოდ ძლიერი. და დაპირისპირების შემთხვევაში, უზომოდ საშიში - ისევე, როგორც რუსეთი. მათთან ნორმალური ურთიერთობების დამყარება ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საქმეა და არა ჩვენი გემოვნების პრობლემა. მაგრამ ბატონ ლადარიასთვის - ისევე, როგორც ბევრისთვის, ხომ სულერთია, კიდევ რამდენი ჩაწვება მიწაში იმ შემთხვევაში, თუკი ირანის წინააღმდეგ პლაცდარმად გამოგვიყენებენ, ან თუ კიდევ მისცემენ რუსეთს მიზეზს, გაიფართოვოს მიტაცებული ტერიტორიები. ამათთვის მთვარია, ერაყსა და ავღანეთში გაგზავნონ ჯარი, რათა სანაცვლოდ გადმოგდებული დოლარების წვიმას თვითონაც შეუშვირონ თავი.
- ზემოთ ბაკურ სულაკაური ახსენეთ. საინტერესოა, რომ რამდენიმე ხნის წინ, ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" დამატება "ლიტერატურაში", მრგვალ მაგიდაში, რომლის თემა 21-ე საუკუნის ქართული რომანი იყო, თქვენთან დაკავშირებით სულაკაურმა შენიშნა: "მაგალითად, ნაირა გელაშვილი ძლიერი მწერალია, მაგრამ 21-ე საუკუნის მწერალი არ არის, რადგან სხვა ეპოქაზე წერსო". თქვენი აზრით, რა არის ასეთი შეფასების საფუძველი?
- დიახ, ბაკურ სულაკაური, რომელიც საერთოდ არ არის ლიტერატორი; რომელსაც არ აქვს არანაირი ლიტერატურათმცოდნეობითი განათლება, გამოთქვამს ასეთ აზრებს და ახდენს ლიტერატურის კლასიფიკაციას. მისთვის 21-ე საუკუნის მწერლები არიან ისინი, ვისაც თვითონ გამოსცემს, მათ შორის ირაკლი დეისაძე...
ასეთი დარტყმები შემთხვევითი არ არის. აქ ორი მომენტია. პირველი: ის ახდენს იმ მწერლის მარგინალიზაციას, რომელსაც თავად არ გამოსცემს  და მეორე - ეს მწერალი არ არის ხელისუფლების მეხოტბე.
საერთოდ, როცა ასეთი არგუმენტებით საუბრობ, ამჟღავნებ, რომ წარმოდგენა არა გაქვს ლიტერატურაზე და ლიტერატურულ კრიტიკაზე. სულაკაურის ლოგიკის მიხედვით ასე გამოდის: ჰერმან ჰესე რომ წერს ზიდჰართაზე, ბუდას ეპოქის მწერალი ყოფილა, და რადგან თომას მანმა "იოსები და ძმანი მისნი" დაწერა, ყოფილა ძველი აღთქმის ეპოქის მწერალი. ეს დიდი უმეცრებაა ლიტერატურული თვალსაზრისით, მაგრამ, რატომღაც, თვალში არ ხვდება მალხაზ ხარბედიას, რომელიც პროფესიონალი კრიტიკოსია.
კიდევ ბევრი ასეთი საოცრება იყო გამოთქმული იმ მრგვალ მაგიდაზე - მაგალითად, თურმე მწერლის ღირსებას მასზე მოთხოვნილება განსაზღვრავს. რომ თურმე მწერლის ენა სოციალური ქსელების ენას უნდა დაემთხვას, და რაღაც ასეთი... ნამდვილი მწერლისათვის სიტყვა "პოპულარული" არასოდეს ყოფილა ღირსების შემძენი - იმიტომ, რომ მან იცის, რომ პოპულარული  მასობრივი გემოვნების შესაბამისი ცნებაა. დიდი ლიტერატურა კი ელიტარულია თავისი ბუნებით - რადგანაც მის გაგებას ან აზროვნება სჭირდება, ან - ფაქიზი მგრძნობელობა.  მასისთვის კი არც ერთი მათგანი არის დამახასიათებელი. მარტო ეს რომ გავიხსენოთ: უდიდესი პოეტი - ჰიოლდერლინი საუკუნის განმავლობაში არავის ახსოვდა.
საერთოდ, ყველა სფეროში უკიდურესი პროფანაცია იგრძნობა. დღეს კომპეტენტური აზრი, დამყარებული მეცნიერულ ცოდნაზე, არ ისმის. ყველაფერი არის ანგაჟირებული, კომერციული - იმიტომ, რომ დღეს ერთადერთი პრობლემა წყდება საქართველოში - თავის გადარჩენის პრობლემა. საქართველო ისევ ჩაეცა იმ მდგომარეობაში, როდესაც ფიზიკურად გადარჩენა იყო უმთავრესი ამოცანა. სხვათა შორის,  სიღატაკე  ისევე ხრწნის ადამიანს, როგორც სიმდიდრე.
ილია ჭავჭავაძე ამ ქვეყნის დაღუპვის ერთ-ერთ მიზეზად იმას მიიჩნევდა, რომ მაშინდელი არისტოკრატია  ვერ ასრულებდა თავის ფუნქციას: მან ხალხს ვერ უპატრონა. როცა მატერიალურად, ფინანსურად, ინტელექტითა და კულტურით პრივილეგირებული ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი შენს ხალხს უნდა გაუზიარო, გაუნაწილო. დღეს ჩვენს ქვეყანაში მდიდრებსა და ღარიბებს შორის წარმოუდგენელი უფსკრულია - იმიტომ, რომ მცირე გამონაკლისის გარდა, ასეთი ზნედაცემული მდიდართა ფენა, საქართველოში რომ არის, ძნელი წარმოსადგენია. მათ საკუთარ სამშობლოზე, ხალხზე ზრუნვის, ქველმოქმედების სურვილი კი არ აქვთ, პირიქით: იმიტომ უხარიათ თავიანთი სიმდიდრე, რომ სხვა ღარიბია. დღეს, ასეთ სიღატაკეში, როცა შიმშილი მძვინვარებს საქართველოში და ბავშვებს ცელავს, რა გექეიფება?! რა გაუთავებელი ხორხოცი და ტაშ-ფანდური აგიტყდა? რატომ ხარ ასეთი ბედნიერი?! არადა, მით უფრო ბედნიერები არიან, რაც უფრო უბედურია სხვა. აი, ეს არის ნამდვილი დაცემა. და საერთოდ, როცა ერთი ცის ქვეშ ამდენი უმოწყალობა ხდება, რატომ უნდა ველოდოთ წყალობას?

1 комментарий:

  1. შესანიშნავი ინტერვიუა, უღრმესი მადლობა! :)

    ОтветитьУдалить