08 февраля, 2011

"საქართველოში დღეს ნახევრად დემოკრატიული რეჟიმია"

"რეზონანსი"

20 ოქტომბერი, 2007



გია ნოდია: "ეს არის დემოკრატიისა და ავტორიტარიზმის ჰიბრიდი"

კონსტიტუციური მონარქიის იდეის შესახებ საკუთარი მოსაზრების გამოთქმა ვთხოვეთ ექსპერტ გია ნოდიას. გთავაზობთ ამ თემაზე მასთან ინტერვიუს.

- საქართველოში დაიწყო ინტენსიური საუბრები ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის საკითხებზე. ერთ-ერთ გამოსავლად კონსტიტუციური მონარქია მიიჩნევა. როგორ უყურებთ საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის დამყარების პერსპექტივას?

- სხვათა შორის, ეს საკითხი სხვა ნიშნითაც არის საინტერესო. აქამდე, ერთი მხრივ, სერიოზული მორალური ავტორიტეტი ჰქონდა ეკლესიას, საპატრიარქოს და ყველა გამოკვლევაში ყველაზე დიდი ნდობა ამ ინსტიტუტს ჰქონდა, მაგრამ ის არასდროს გამოსულა სერიოზული პოლიტიკური ინიციატივებით. თავისთავად, აქ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პირველი შემთხვევაა, როცა ეკლესია კონკრეტული პოლიტიკური ინიციატივებით გამოვიდა.

- რამ განაპირობა ეს?

- შეიძლება, თვით ეკლესიაში ძლიერდება ხელისუფლების მიმართ ოპოზიციური განწყობა: პატრიარქი გამოვიდა ისეთი ინიციატივით, რომელსაც ხელისუფლებისგან კარნახი ან შთაგონება არ ეტყობა. თავისთავად, საინტერესოა, რომ ეს ინიციატივა ოპოზიციას მოეწონა. ერთი ისტორიული პარალელის გავლება შეიძლება: უკანასკნელად, კონსტიტუციური მონარქიის შესახებ საქართველოში აქტიური საუბრები გამსახურდიას გაძევების პერიოდში იყო: კონსტიტუციური მონარქია აქტუალიზდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის ძლიერი და, ამავე დროს, საზოგადოებაში ასე თუ ისე პოპულარული ფიგურა და ოპოზიციას მისი განეიტრალება სურს. მაგრამ ის ვერ ხედავს ძალას, რომ ეს შეძლოს და ამიტომ ისეთ ნახევრად მისტიკურ ავტორიტეტს იშველიებს, როგორიც არის ტრადიცია, კონსტიტუციური მონარქია და ა.შ.
რამდენად მისაღებია ჩვენი ქვეყნისთვის კონსტიტუციური მონარქია? შესაძლებელი ყველაფერია - თუ პარლამენტი გადაწყვეტს, ან - რეფერენდუმით გადაწყდება და თან იმაზეც შევთანხმდებით, ვინ მოვიყვანოთ. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ძალიან უცნაური რამ იქნება საქართველოსთვის - იმიტომ, რომ ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც კონსტიტუციური მონარქიაა, ის ისტორიული განვითარების უწყვეტობის სიმბოლური გამოხატულებაა. ამ ქვეყნებში რევოლუციები მაინცდამაინც არ უყვართ (ინგლისი, ჰოლანდია, შვედეთი და ა.შ.); ამ ქვეყნებში თანდათან ხდებოდა დემოკრატიული განვითარება და შესაბამისად, თანდათანობითობის, ტრადიციისა და თანამედროვეობის შერწყმის სიმბოლოდ კონსტიტუციური მონარქი დატოვეს. მას უფრო ცერემონიული როლი აქვს და რეალურ პოლიტიკაში როლს მაინცდამაინც არ თამაშობს.
რაც შეეხება საქართველოს, აქ წყვეტა არსებობს: ორასი წელია, მეფე არ გვყოლია. ამიტომ მონარქიასთან პირდაპირი კავშირი არ გვაქვს. ვიღაც უნდა ვიპოვოთ - ბავშვი, რომელსაც აღვზრდით, თუ რაღაც ასეთი... ეს, ჩემი აზრით, ხელოვნურია: თუ გვინდა, რომ არ იყოს ძლიერი პრეზიდენტი, მაშინ ჩამოვაყალიბოთ საპარლამენტო რესპუბლიკა, რაღა საკონსტიტუციო მონარქიას ვიგონებთ!
ვფიქრობ, რომ საერთოდ, ოპტიმალური გამოსავალია საპარლამენტო წყობა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამის საწინააღმდეგოდ არსებობს სერიოზული არგუმენტები: შეიძლება, ასეთ შემთხვევაში, სტაბილურობის ნაკლები გარანტიები იყოს - იმიტომ, რომ არავინ იცის, პარტიები როდის წაჩხუბდებიან.

- კონსტიტუციური მონარქი ამის დამაბალანსებლად გამოდგება?

- ვერ გამოდგება. ის ცერემონიული ფიგურაა და პოლიტიკური თვალსაზრისით, როლი არ აქვს. შეიძლება, ეს ფსიქოლოგიურად შეძლოს - გააჩნია, თავად როგორი ტიპი იქნება. თუ ნამდვილი მეფე გვინდა, მაშინ შუა საუკუნეებში უნდა დავბრუნდეთ. რაც შეეხება საპარლამენტო რესპუბლიკას: პრობლემა ის არის, რომ ჩვენნაირ ქვეყნებში, სადაც არ არის მყარი პოლიტიკური პარტიები და არ არის პოლიტიკური კონსენსუსის კულტურა, იქ არასტაბილურობაა. ეს, რა თქმა უნდა, ნაკლია, მაგრამ, სამაგიეროდ, ძალაუფლება ერთ ადგილას კონცენტრირებული არ იქნება.
მაინც ვფიქრობ, რომ საპარლამენტო წყობა ჩვენთან ნაკლებად რეალისტურია: საქართველოში თვითონ საზოგადოებასაც უნდა გამოკვეთილი ლიდერი. პარტიები რა არის, საზოგადოებას კარგად არ ესმის. და არც არის ძლიერი პარტიები. ამიტომ, ვფიქრობ, რომ რაღაც სახის პრეზიდენტები საქართველოში იქნებიან, მაგრამ უფრო რეალისტურია, მისი ძალაუფლება შეზღუდული იყოს.

- ახლა რა ტიპის მმართველობაა საქართველოში?

- სუპერპრეზიდენციალიზმი - სადაც მმართველობა მთლიანად კონცენტრირებულია პრეზიდენტის გარშემო.

- ფაქტობრივ მდგომარეობას, უფრო კონკრეტულად, როგორ შეაფასებთ?

- იმ ანალიტიკოსების აზრით, ვინც, ასე თუ ისე, მეცნიერულად აფასებს ამ საკითხებს, საქართველოში არის ნახევრად დემოკრატია: არის დემოკრატიის ინსტიტუციონალური საფუძვლები, მაგრამ, ამავე დროს, არის სერიოზული დეფექტები დემოკრატიაში. ამას ჰიბრიდულ რეჟიმს უწოდებენ. ეს არის დემოკრატიისა და ავტორიტარიზმის ჰიბრიდი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენთან დემოკრატია აღარ იქნება. მაგრამ უახლესი წარსულის ეპიზოდი, უბრალოდ, არ იყო ნაბიჯი დემოკრატიისკენ. ეს იყო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება პოლიტიკის სამსახურში. ამან ხალხს ხელისუფლების მიმართ ნდობა დააკარგვინა. შეიძლება ვცდები, მაგრამ, საბოლოოდ, ამით ვერც ოპოზიცია იხეირებს. ხალხი, ფაქტობრივად, არავის ენდობა. ადამიანებში ეს განწყობა არსებობდა და უკანასკნელმა მოვლენებმა იგი კიდევ უფრო გააღვივა: ხელისუფლებამ კორუფციის ბრალდებები პოლიტიკური მოსაზრებებით გამოიყენა; მეორე მხრივ, ოქრუაშვილმა, რომელიც ხალხის რაღაც ნაწილს გმირი ეგონა, თავი გაიფუჭა; ოპოზიციას კი, პროტესტის გარდა, არაფერი შეუძლია. ვფიქრობ, რომ ეს განწყობა საზოგადოებაში ყველაზე გავრცელებულია. დემოკრატიისთვის კარგი არ არის, როცა პოლიტიკურ ელიტასა და საზოგადოებას შორის ასეთი გაუცხოებაა.

Комментариев нет:

Отправить комментарий