4 იანვარი, 2008
"რაც უფრო მეტი იქნება ხელისუფლების მხრიდან ფსევდოსამართლიანობის რიტუალი, მით უფრო მეტად გაღრმავდება უფსკრული ხელისუფლებასა და ხალხს შორის. ისტორიის შეუქცევადი პროცესები, ანუ საზოგადოების განვითარების კანონზომიერება არასოდეს სწყალობს ხალხისგან განზე მდგომ ხელისუფლებას.
საზოგადოება ხელისუფლებისგან ელოდება სამართლიანობას, კანონის ამოქმედებასა და შრომის შესაძლებლობას. ხალხმა ავანსად გასცა ნდობა ხელისუფლების მიმართ. ამ ნდობის პასუხის მოლოდინშია სრულიად საქართველო" - ამას ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა 2004 წლის იანვარში ქართულ პრესაში წერდა. ეს მაშინდელი ახალი ხელისუფლების მიმართ ერთგვარი გაფრთხილება იყო.
"ახლა წუთისოფლის ცოდვა-მადლიანობაზე ბევრს ლაპარაკობენ. მასში უკვე თავისი ადგილი აქვს დამკვიდრებული ირინე ენუქიძის - დედის არქეტიპულ სახეს, მის სულისშემძვრელ ხმას. ირინე ენუქიძის არქეტიპული სახით, მისი ხმით არის გაჯერებული ქართული სივრცე. ამ ცოდვა-მადლის მატარებელ ხალხს, ვინც უნდა იყოს ხელისუფლებაში, ძველი იქნება თუ ახალი, ბევრი ექნება გასაკეთებელი ადამიანის, ქვეყნისა და ღმერთის წინაშე" - ეს ნანა ჩაჩუას მიერ გაკეთებული განცხადებაა იმათ მიმართ, ვინც სულ მალე საქართველოს ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს.
- ეთნოსური ხასიათი - ეს არის ფსიქიკური უნარების გარკვეული კომბინაცია, რომლებიც განპირობებულია ისტორიული პროცესებითა და გეოგრაფიული გარემოთი. ეს კომბინაცია სიცოცხლის ტენდენციით არის ნაკარნახევი. ის თვითგადარჩენის ინსტინქტით არის გაჯერებული. თვითგადარჩენა კი თავისთავად გულისხმობს ეთნოსის როგორც ფიზიკურ, ასევე, ღირებულებათა მოცემულობებს, სადაც პრიორიტეტი მაინც ღირებულებებს ენიჭება.
ქართული ხასიათი მთლიანად დამყარებულია თავმოყვარეობაზე, ანუ ღირსებაზე. ის, ცხადია, ზოგადსაკაცობრიო, მარადიული ღირებულებაა. ამიტომაც აღმოჩნდა ქართველი ხალხი გამძლე ყველა იმ ისტორიული პროცესის მიმართ, რომელიც მას შეეხო.
ახლა ხალხი ემოციურად დამუხტულია, შინაგანად გაბრაზებული. თუმცა, მაინც ფრთხილობს და ცდილობს, გამოხატვის ფორმაც დაანგარიშებულად, კონსტიტუციურ ფარგლებში მოათავსოს - მაშინ, როცა საკუთრივ ხალხი, როგორც წესი, აწმყოში ბრძენი არ არის. იგი უფრო მეტად წარსულშია ბრძენი - როცა უკვე ემოცია ჩაცხრება და შედეგი ხელთ აღმოაჩნდება. მის სინანულს და თვითირონიას ყოველთვის გამოხატავს ანეგდოტები, ხალხური თქმები, კალამბურები და ა.შ.
რაც შეეხება საზოგადოებას: იგი მართლაც ჭრელია. ფულის ეპოქაში, საზოგადოების არცთუ ისე უმნიშვნელო ნაწილში, პირადი ინტერესები სძლევს არა მხოლოდ საკუთრივ ხალხის ირაციონალურ, შინაგან მუხტს, არამედ კაცობრიულ ღირებულებებსაც კი. და, თუ სადმე ღალატია, იგი ამ მერკანტილური მოთხოვნილებებით არის ნაკარნახევი; მით უმეტეს, რომ საზოგადოების ამ ნაწილს აქვს შესაბამისი განსწავლულობაც საიმისოდ, რომ მოძებნოს დაცვითი მექანიზმები. ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი რაციონალიზაციაა - რათა თავისი არაობიექტური ხედვები გაამართლოს. ამას ფსიქოლოგიაში აზრობრივ დამახინჯებებს უწოდებენ.
ასევე, მუშაობს დაცვის სხვა მექანიზმებიც: პროექცია, რეგრესია, განდევნა, ჩანაცვლება, რეაქტიული წინააღმდეგობის ფორმირების უნარი და ა.შ. და, როცა აღნიშნული დაცვის მექანიზმები "გამყარებულია" ცნობილი ციტატებით, მაშინ ის ჭეშმარიტების ნიღბით იფარება და, სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირად, წარმატებულიც აღმოჩნდება ხოლმე.
ცხადია, ეს არ არის მხოლოდ ქართული სინამდვილე. ეს იყო, არის და იქნება კაცობრიული პრობლემა ჭეშმარიტებასთან მიმართებით. ამიტომაც, თანამედროვე ეპოქაში ძალიან უჭირს დებულებას: "პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჩემთვის ჭეშმარიტება უფრო ძვირფასია".
ამიტომაც კრიტიკულ ცნობიერებას (მხოლოდ მას შეიძლება ეწოდოს ელიტარული ცნობიერება) ყოფით სივრცეში და განსაკუთრებით - მასმედიაში; კიდევ უფრო განსაკუთრებით კი - ქართულ მასმედიაში - ადგილი თითქმის არ აქვს. არადა, ელიტარულ ცნობიერებას აწმყო წარსულისა და მომავლის ერთიანობით ეძლევა; წარსულის გამოცდილებითა და მომავლის განჭვრეტით. მერაბ მამარდაშვილი ამბობდა: "ჩვენ, ქართველები, აშკარად ვდგავართ გადაგვარების ხიფათის წინაშე. ბევრი რამ, რაც მოუცილებელი ნიშანი იყო ქართველის ტრადიციული ხატისა, ყოველ ჩვენგანს სულში უზის, გაქრა ან გადაგვარდა. როგორ მოხდა ეს? ჩვენ გადავირჩინეთ თავი, მოვირგეთ საბჭოთა სისტემა და ისე არ გავღატაკებულვართ, როგორც რუსული სოფელი, უფრო კარგად ვცხოვრობთ, როგორც მოსკოველები ან სხვები, მაგრამ ყველაფერ ამას თავისი ფასი ადევს". აი, ამას აკეთებს დღესაც, ამჯერად და აქ ფული. სამწუხაროდ, ყველაფერ ამას მატერიალური კეთილდღეობის ფასი ადევს.
- დაცვით მექანიზმებზე საუბრობდით. კონკრეტულად, ვის აქვს შესაბამისი განსწავლულობა საიმისოდ, რომ გაამართლოს თავისი არაობიექტური ხედვები? ვინ ახდენს აზრობრივ დამახინჯებებს?
- განსწავლულობა ყოფნით, რომ რაციონალიზაცია მოახდინონ, მაგრამ ეს არ არის ის განსწავლულობა, რომელიც ჭეშმარიტების ერთგულებას ემსახურება. ამიტომაც ჩვენ თვალწინ მთელი პლეადაა ფსევდომწერლების, ფსევდოფილოსოფოსების, ფსევდორეჟისორების და ა.შ.
- თქვენი დაკვირვებით, რა როლს ასრულებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ინტელიგენცია?
- ქართველი ხალხის სიბრძნე იმაშიც ვლინდება, რომ ირაციონალურად მაინც ინტელიგენციას მიჰყვება. ამიტომაც ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქართველ ინტელიგენციას - როგორც ფენომენს, იგნორირებას გაუკეთებს, იმთავითვე დამარცხებულია.
ხშირად მახსენდება ჯორჯ ორუელის "1984", სადაც დაშინების ტექნოლოგიის არსი გადმოცემულია ორ მთავარ მექანიზმში - შიმშილსა და დამცირებაში. ქართველი ხალხი შიმშილზე არ რეაგირებს.
ინტელექტუალური ელიტა კი, როგორც ხალხთან მყოფი, დამცირებას არამც და არამც არ იღებს. ამიტომ იგი ბოლომდე აცხადებს: "აქ ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს". ამით ის ქართველი ხალხის შინაგან მოცემულობას სრულად გამოხატავს. შეიძლება დროში მოხდეს შეყოვნება, მაგრამ აღნიშნული პრინციპი მაინც მუშაობს, რადგან ამ ქვეყანაში არის გამოცდილება. არის ღირსების კრიტერიუმი. თვით უახლესი ისტორიიდანაც კი. თუნდაც, მერაბ მამარდაშვილი.
- მიგაჩნიათ, რომ ინტელიგენცია ახლაც "აქ დგას და სხვაგვარად არ ძალუძს"?
- ცხადია.
- უფრო კონკრეტულად, რით შეგიძლიათ ეს დაადასტუროთ?
- ამის დასტურია ის წერილი, რომელიც ახლახან ჟურნალ "ცხელ შოკოლადში" გამოქვეყნდა. ეს ქართველი ინტელიგენციის პოზიციაა. ეს არის ხალხის გულისთქმა და რაციონალური, ელიტარული პასუხისმგებლობა. ინტელიგენცია ამას ჰქვია და როგორც უნდა შეურაცხყო იგი, ის მაინც არის, როგორც ფაქტი, როგორც სიცოცხლის ტენდენცია.
- როგორ დაახასიათებთ საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ პოლიტიკურ პროცესებს?
- თანამედროვე საზოგადოება, როგორც ტექნოლოგიური და, ამდენად, ვულგარიზებული საზოგადოება, თავის პრიორიტეტად აცხადებს ხმაურს, საყოველთაოს. ამ რიტმში, ცხადია, შრომა და პოლიტიკა, როგორც პატისონი აღნიშნავს, განიხილება, როგორც თამაში. სამწუხაროდ, პოლიტიკა არც აინშტაინის და არც ექვთიმე თაყაიშვილის სივრცეა, მაგრამ ვინც მათ უახლოვდება, ის სჭირდება დღევანდელ საქართველოს. უფრო მეტიც, შეიძლება, სწორედ ესენი სჭირდება. პოლიტიკოსი ის უნდა იყოს, ვისაც აქვს ცოდნა კაცობრიობის ისტორიული გამოცდილების შესახებ; ვისაც აქვს ალღო და ხალხის გულისთქმის მოსმენა შეუძლია. აქვე აღვნიშნავ, რომ ქართული პოლიტიკური სივრცე საკმაოდ ჭრელია და ზოგჯერ - საეჭვოც.
- საეჭვო რა არის?
- ცალკეული პარტიების, ცალკეული პოლიტიკოსების ინტერესები - ჭეშმარიტებასთან მიმართებით; ღირებულებებთან მიმართებით. თუმცა, საინტერესოა, რომ ამ არჩევნების დროს პირველად გაჩნდა პროგრამები. ბევრ შემთხვევაში, საინტერესო პროგრამებია. ეს პროგრამები, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით საინტერესოა. და საინტერესოა ის, რომ მათში დემოკრატიული პრინციპები და ეროვნული ინტერესები ურთიერთშესაბამისია.
საერთოდ, მცირერიცხოვანი ერები, თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, ეპოქალურ სინამდვილეს საკუთარი არჩევანით, ანუ ინდივიდუალურად იღებენ. ქართველი ხალხი მეტად მგრძნობიარე აღმოჩნდა ეპოქალური მოთხოვნების მიმართ. ბოლო დროს ქართული სინამდვილისთვის მეტად უჩვეულო რამ წარმოჩნდა, კერძოდ: მისი წიაღიდან იშვა სრულიად აპოლიტიკური პერსონა. შეიძლება ვისაუბროთ ლევან გაჩეჩილაძის პოლიტიკაში მოსვლის ფორმის ფენომენალურობაზე. ეს მხოლოდ ხალხურ პოლიტიკას ახასიათებს.
- და სწორედ "ალალო" აღმოჩნდა ასეთი ჭრელი პოლიტიკური გაერთიანების სახე. თქვენი აზრით, რატომ მოხდა ასე?
- ასე წარმოჩნდა ქართული ხალხური სინამდვილე. როგორც ჰეგელი ამბობდა, - რაოდენობრივმა მოგვცა თვისობრივი, რომელიც ამ რაოდენობათა არსშია, როცა ისინი ერთად არიან. ცალ-ცალკე კი ეს არსი დაკარგულია. თუმცა, პარალელურად, რაჭული სიდინჯით, ნელა-ნელა, ნება-ნება მოძრაობს ისევ ქართული პოლიტიკური რეალობა. ამ პოლიტიკურ ჯგუფს თავისუფლად შეიძლება, ქართული პოლიტიკის ინტელექტუალური გამოვლინება ეწოდოს.
- თქვენ შენიშნეთ, რომ ქართულ მედიაში კრიტიკულ ცნობიერებას ადგილი თითქმის არ აქვს...
- მახსენდება პავლე მოციქულის ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ: "ამ მცნებას შეგავედრებ შენ, შვილო ტიმოთე, იმ წინასწარმეტყველებათა თანახმად, რომელნიც შენთვის იღებენ დასაბამს, რათა იომო კეთილი ომით".
- რისი თქმა გსურთ?
- ქართულ მედიას "კეთილი ომით" არ უომია. სამწუხაროდ, არსებობს ქართველ ჟურნალისტთა ანგაჟირებულობის გამოცდილება. ამის დასტურია მათი სამსახურებრივი მდგომარეობა: ბევრი მათგანი, ე.წ. ჟურნალისტური დამსახურებების გამო, სახელმწიფო დაწესებულებების მნიშვნელოვანი თანამშრომლები აღმოჩნდნენ.
ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ფენომენი - ქცევის დასწავლა. როცა ქცევის წახალისება ხდება, მაშინ იგი ხდება დასწავლილი საზოგადოების მიერ. ასეა ნებისმიერ საზოგადოებაში. ასე მოხდა საქართველოშიც ჟურნალისტებთან მიმართებით. ცხადია, ეს ყველას არ ეხება.
საერთოდ, პოლიტიკა მრავალშრიანია: არის ზედაპირული, სიღრმისეული და კიდევ უფრო სიღრმისეული - ანუ ხილვადი, ნახევრად ხილვადი და თითქმის უხილავი. მათი ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან იზოლირებულად განხილვა მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანს. ხილულობას დრო სჭირდება. დრო კი, როგორც ამბობენ, თანამედროვეობაში აჩქარებულია. ამიტომაც მასმედიას ეკისრება ის პასუხისმგებლობა, რომელიც ქვეყნის, ანუ თავად ჭეშმარიტების წინაშე გააჩნია. მასმედია, ან არაპროფესიონალიზმის გამო, ან - მიზანმიმართულად, პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს ფრაგმენტულად განიხილავს და ინტერპრეტირების შედეგებიც შესაბამისი აღმოჩნდება ხოლმე. რაც უფრო დიდია ჭეშმარიტებასთან ცდომილება, შეცდომებიც მით უფრო მეტია.
ნატო-ში გაწევრიანების პირობებს თავად ნატო ადგენს. ეს პირობები როგორ იქნება აღსრულებული, მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, არაკომპეტენტურია იმაზე საუბარი, რომ ნოემბრის პროტესტები ამ პირობების შესრულებას ხელს შეუშლიდა. ნატო-ში გაწევრიანება პასუხისმგებლობაა. ჩვენ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე უნდა ვიკითხოთ, რამ გამოიწვია ეს პროტესტები. თუ მაპროვოცირებელი იყო, რა საფუძველი არსებობდა, რომ პროვოცირება შემდგარიყო; რა არის ამ საფუძვლის მიზეზი.
მთავარი და მნიშვნელოვანი იყო, ამ პროტესტს როგორი პასუხი გაეცემოდა; საიდან იქნებოდა ეს პასუხი; ამ შემთხვევაში, ხელისუფლება ვისი როლიდან გამოვიდოდა: ბავშვის, მშობლის თუ მოზრდილის. ყოველ შემთხვევაში, ასე იკითხავდა ფსიქოლოგი ერიკ ბერნი.
ახლა წუთისოფლის ცოდვა-მადლიანობაზე ბევრს ლაპარაკობენ. მასში უკვე თავისი ადგილი აქვს დამკვიდრებული ირინე ენუქიძის - დედის არქეტიპულ სახეს, მის სულისშემძვრელ ხმას. ირინე ენუქიძის არქეტიპული სახით და მისი ხმით არის გაჯერებული ქართული სივრცე. ამ ცოდვა-მადლის მატარებელ ხალხს, ვინც უნდა იყოს ხელისუფლებაში, ძველი იქნება თუ ახალი, ბევრი ექნება გასაკეთებელი ადამიანის, ქვეყნისა და ღმერთის წინაშე.
- ეს გაფრთხილებაა იმათ მიმართ, ვინც სულ მალე საქართველოს ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს?
- ეს რეალობაა.
Комментариев нет:
Отправить комментарий