12 დეკემბერი, 2007
პაატა ზაქარეიშვილი: "როგორც კი სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მას გაუთვითცნობიერებელი ადამიანები მოეწონა და მათში ცოდნა კი არ შეიტანა, არამედ უვიცობაზე მონოპოლია განახორციელა. რობაქიძეებსა და გირგვლიანებს კი იმისთვის კი არ სცემენ და კლავენ ქუჩაში, რომ მათი მოკვლა უნდათ, არამედ იმისთვის, რომ მათ მაგალითზე სხვებმა ხმა არ ამოიღონ".
10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა.
- შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების სფეროში უკიდურესად მძიმე მდგომარეობა იყო. ახლა კი, სააკაშვილის მმართველობის დროს, ეს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამ სფეროში, ყველა მიმართულებით, მნიშვნელოვნად ცუდი შედეგები გვაქვს. სხვა საკითხია ის, რომ პატრული კორუმპირებული არ არის. ადამიანებთან შეხების დონეზე შეიძლება კორუფცია აღარ იყოს იმ მასშტაბის, როგორც შევარდნაძის დროს იყო, მაგრამ ახლა ჩვენ ადამიანის უფლებებზე ვლაპარაკობთ. ადამიანის უფლებებში, კორუფციისგან განსხვავებით, არანაირი დადებითი ძვრები არ არის. პოლიცია, რომელიც დღეს ფულს არ იღებს, კიდევ უფრო უტიფარია საზოგადოების წინაშე: ადრე, როცა ქრთამს იღებდა, ის თავხედი არ იყო. დღეს კი თავხედია - იმიტომ, რომ სააკაშვილი იცავს და ხელისუფლება იცავს.
ციხეებში საშინელი მდგომარეობაა. როცა სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი იყო, მას ციხეებში რვა ათასამდე პატიმარი დახვდა და მათი რიცხვი ექვსი ათასამდე ჩამოიყვანა. ხალხს თავისი ხელით ათავისუფლებდა - რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. თუ გახსოვთ, მუზეუმიც კი მოაწყო და ბავშვებიც კი დაჰყავდა ციხეებში. ის ცდილობდა, ადამიანები ციხისთვის აეცილებინა. მას უამრავი გამოსვლა ჰქონდა, მაგალითად, ასეთი შინაარსის: "როგორ შეიძლება, ძროხის ქურდი დავიჭიროთ!"
მაგრამ, როგორც კი პრეზიდენტი გახდა... თამამად შეიძლება ითქვას, რომ მინისტრი სააკაშვილი საერთოდ ვერ იპოვიდა საერთო ენას პრეზიდენტ სააკაშვილთან - იმდენად განსხვავებული პოზიციებია. მინისტრი სააკაშვილი უფრო პოულობს საერთო ენას პრეზიდენტ შევარდნაძესთან, მაგრამ ვერაფრით იპოვიდა საერთოს პრეზიდენტ სააკაშვილთან.
- რატომ?
- იმიტომ, რომ სააკაშვილი, ფაქტობრივად, ყვარყვარე თუთაბერად იქცა და ციხეები იმისთვის გაავსო, რომ ხალხი დაეშინებინა.
ყველაზე ამორალური საქციელი არჩევნების კონტექსტში ამნისტიის გამოცხადება იყო. ხალხის ეს რაოდენობა მას ციხეში ჰყავდა დამწნილებული, რომ არჩევნების წინ გამოეყენებინა. რომ არა ოპოზიციის აქტიურობა და ოპოზიციის მიერ 5 იანვრისთვის არჩევნების დანიშვნის მიღწევა, სააკაშვილი ამ ხალხს 2008 წლის შემოდგომამდე გააჩერებდა. ეს უზნეო საქციელია!
ჩვენს ციხეებში საერთაშორისო ნორმები რომ ვრცელდებოდეს, ისინი შეიძლება იტევდეს, მაქსიმუმ, 6-7 ათას კაცს. დღეს კი იქ 18 ათასი კაცი მაინც იმყოფება. და იქ სწორედ ის დამნაშავეები იმყოფებიან, რომლებზეც სააკაშვილი ამბობდა, - მათი ციხეში გაჩერება როგორ შეიძლებაო. თუ ადრე სააკაშვილი ძროხის ქურდზე ლაპარაკობდა (ეს კარგად მახსოვს, რადგან ჩემ თვალწინ ამბობდა, - ძროხის ქურდი თუ დაიჭირე, ბარემ, ხუთჯერ მეტი გადაახდევინე და სახლში გაუშვიო), მოგვიანებით "ნულოვანი ტოლერანტობა" გამოაცხადა; ამბობდა, - როგორ შეიძლება, ძროხის ქურდი გარეთ იყოსო! ციხეებში აუტანელი, გაუსაძლისი მდგომარეობაა და ეს არის წამების ფორმა! ამას ის ფორმებიც ემატება, რომლებსაც პროკურატურასა და პოლიციაში ახორციელებენ.
დღეს, რატომღაც, გვამადლიან, რომ სასამართლოები კორუმპირებული არ არის. დანით მომკლავენ თუ თოფით, რა მნიშვნელობა აქვს? რა მნიშვნელობა აქვს, სასამართლო კორუმპირებული იქნება თუ პოლიტიზებული? სასამართლო არ არის და მორჩა!
ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საპროცესო გარიგება გახდა ის საშუალება, რომლითაც ადამიანები მართლმსაჯულებას თავიდან იცილებენ.
რას ნიშნავს განცხადება იმის თაობაზე, რომ სასამართლო კორუმპირებული არ არის? ახლა ოფიციალურად იხდიან იმ ფულს, რასაც ადრე არაოფიციალურდ იხდიდნენ! სახელმწიფო დამნაშავეს, ფაქტობრივად, წინასწარ ინდულგენციას აძლევს: შეგიძლია დანაშაული ჩაიდინო, თუ მერე მოხვალ და ფულს გადაიხდი. ადრე, როცა სამართალს ვყიდულობდი და კორუმპირებულ სასამართლოს კორუფციის ჭაობში კიდევ უფრო ვახრჩობდი, ამ დანაშაულებრივ ჭაობში მეც მათთან ერთად ვიხრჩობოდი. დღეს კი ლეგიტიმაცია მომცეს და მითხრეს: "ნუ გრცხვენია. შენ ღირსეული ადამიანი ხარ, რადგან ფული პატიოსნად გადაიხადე". და მე დანაშაულის განწყობა მიქრება! სწორედ ამიტომ არის, რომ ქვეყანა მანკიერი დამნაშავეებით გაივსო. აი, ამ ხალხის გახდა ეს სახელმწიფო!
ცალკე თემაა მედიის თავისუფლების შეზღუდვა, საერთოდ, გამოხატულების თავისუფლების შეზღუდვა.
თუ გვინდა, თავი პაკისტანს და ავღანეთს შევადაროთ, სხვა საკითხია, მაგრამ, თუ ნატოში გაწევრიანებულ ქვეყნებს ვედრებით, მაშინ კეთილი უნდა ვინებოთ და ვაღიაროთ, რომ მშვიდობიან მომიტინგეებს არსად წამლავენ გაზით, რეზინის ტყვიებს არ ესვრიან და არც ხელკეტებით სცემენ. ის, რაც 7 ნოემბერს მოხდა...
- თუ ასეა, რა არგუმენტებზე დაყრდნობით განაცხადა ხელისუფლებამ, რომ სწორედ დემოკრატიულ ქვეყნებში არბევენ ამ მეთოდებით?
- ეს არგუმენტი კი არა, თვალთმაქცობა იყო. ისინი მიტინგის დასარბევად დილიდანვე მზად იყვნენ: ჩემი თვალით ვნახე, 7 ნოემბერს, რესპუბლიკის მოედანზე, დილიდან, ფარებს და აირწინაღებს როგორ ირგებდნენ. ამ მიტინგის უშუალო მონაწილე ვიყავი. ნახევარი საათის განმავლობაში ორჯერ მოვიწამლე. ხაზგასმით ვამბობ: ეს მშვიდობიანი მიტინგი იყო.
სააკაშვილმა ვერ გათვალა, რომ ორის თხუთმეტ წუთზე მომიტინგეების დარბევის მიუხედავად, იქ ხალხი ისევ შეიკრიბებოდა. ის იმ მკვლელს დაემსგავსა, რომელსაც ადამიანი არასდროს მოუკლავს და ბევრჯერ არტყამს დანას.
მეორედ დარბევის შემდეგ, ადამიანებზე ნადირობა დაიწყო. ყოველ კუთხეში მისდევდნენ. რომელ ევროპულ დონეზეა ლაპარაკი? სად დასდევენ ქუჩა-ქუჩა, ღობე-ღობე და ეზო-ეზო პოლიციელები ადამიანებს? მთაწმინდაზე ავიდნენ, მშრალ ხიდამდე მისდევდნენ ადამიანებს!
რიყეზე ხალხი მოთხოვნით შევიკრიბეთ. საკუთრივ რიყე კი იმიტომ შეირჩა, რომ იქ არც სამთავრობო სტრუქტურებია და ვერც ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას დაგვაბრალებდნენ. შეკრება მოხდა, სხვათა შორის, ევროპის მოედანზე. თუ რუსთაველის პროსპექტზე ხალხის შევიწროება და განდევნა ხდებოდა, აქ ხალხი ალყაში მოექცა. იქ მე არ ვყოფილვარ: საშინლად მოწამლული, უკვე სახლში ვიყავი და ამას ტელევიზორში ვუყურებდი. რიყეზე ხალხს გასაქანი არ მისცეს. ერთადერთი გასაქანი მტკვარი იყო. მაშინ ქართველმა ხალხმა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტლება მიიღო: მან პოლიციას შეუტია. ეს ის შემთხევვა იყო, რაზეც ხელისუფლება ორ საათზე ოცნებობდა. მაშინ რამდენიმე პოლიციელი სასტიკად სცემეს კიდეც.
- რუსთაველზე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა?
- იქ პირველ რიგებში ვიყავი და ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. რუსთაველზეც და რიყეზეც დარბევა მომიტინგეთა მხრიდან ყოველგვარი შეწინააღმდეგების გარეშე დაიწყო. თხუთმეტი წუთის განმავლობაში იყო ყვირილი, მაგრამ ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა. ამ ხნის განმავლობაში ისინი ჩუმად იდგნენ და უცებ დაიწყო სროლა.
- ისინი - ვინ? ჯინსებიანები?
- არა, ფარიანები. ჯინსებიანები მერე ნადირობდნენ. ჯინსებიანები (ანუ, სამოქალაქო პირები, რომლებსაც ნიღბებიც ეკეთათ) მაშინ გამოჩნდნენ, როცა პარლამენტიდან გამოვედი. ისინი "ურიების ნაბიჭვრებს" გვეძახდნენ. ესეც - ხელისუფლებაში ანტისემიტისტური განწყობის პირდაპირი ნიშანი!
შემდეგ დაარბიეს ტელეკომპანია "იმედი". ბოლოს, როცა მიხვდნენ, რომ უმძიმესი ცოდვა ჩაიდინეს, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს - იმისთვის, რომ ეს ყველაფერი კონსტიტუციურ ჩარჩოებში ჩაესვათ. ამით კი მხოლოდ ოპოზიციის ორგანიზებულობა და კანონმორჩილება გამოიკვეთა.
- თქვენ ზემოთ ახსენეთ, რომ ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება იუსტიციის მინისტრი სააკაშვილი და პრეზიდენტი სააკაშვილი. სწორედ მაშინ, როდესაც სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი იყო, თქვენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახდით. შემდეგ მოხდა ისე, რომ თქვენ ამ სისტემიდან წამოხვედით. რატომ?
- სააკაშვილი წავიდა მინისტრობიდან. მე ცოტა ხანს დავრჩი. არ ვაპირებდი წასვლას სააკაშვილის გამო.
- და მაინც... წამოხვედით. რატომ?
- მუშაობის საშუალება არ იყო. დემურ მიქაძემ, ფაქტობრივად, გამომიშვა. სააკაშვილის კაცად ვიყავი მიჩნეული. სხვათა შორის, თავის დროზე, ძალიან არ მინდოდა ციხეებში სამუშაოდ წასვლა. ძალიან დიდი ძალისხმევისა და ხვეწნა-მუდარის შემდეგ წავედი..
- რატომ?
- ჩემს სფეროდ არ მიმაჩნდა.
- რატომ? თქვნ ხომ გქონდათ სწორედ უფლებადაცვით სფეროში მუშაობის გამოცდილება? აფხაზეთში ომის პერიოდში სწორედ ადამიანის უფლებებს იცავდით და ეს დიდ გამოცდილებად უნდა მივიჩნიოთ.
- მაინც მეჩვენებოდა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში წასვლით ჩემს თავს შევზღუდავდი. მაგრამ იქ მალე ვიგრძენი ადმინისტრაციისა პატიმრების პატივისცემა. რეფორმები დავიწყეთ. მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა მევალებოდა. ბუნებრივია, ჩემი მხარდამჭერი მინისტრი სააკაშვილი იყო. სწორედ მისი მხარდაჭერით ვახორციელებდი რეფორმას. მაგრამ მე აღარ მქონდა სააკაშვილის შემდგომი მინისტრის - როლანდ გილიგაშვილის მხარდაჭერა. დავრჩი მარტო - რეფორმატორი ციხეებში. დემურ მიქაძე, პიროვნულად, უარყოფითი ადამიანი არ იყო, მაგრამ სააკაშვილის აგენტად მთვლიდა. მტკიცებას ხომ არ დავუწყებდი, რომ ასე არ იყო!
ჩემთვის მიუღებელია ის პრაქტიკა, რომელიც საქართველოში დღემდე ხორციელდება: ყოველი ახალი ხელმძღვანელის მოსვლის შემდეგ, ყველა წერს განცხადებას სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. განცხადების დაწერა ვერ მაიძულეს. რამდენიმე თვის განმავლობაში მიტანდნენ. მერე ერთ-ერთ მოადგილედ მოიყვანეს ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროდან, გვარი არ მახსოვს. აშკარად ჩანდა, რომ დეპარტამენტი ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს ებმებოდა. მაშინ დავწერე განცხადება გათავისუფლების თაობაზე. მასში გარკვევით ეწერა ჩემი გადაწყვეტილების მოტივი: რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ დაეპატრონა სასჯელაღსრულების სისტემას. დღესაც ასეა.
- და არც მსჯავრდებულთა მდგომარეობა შეცვლილა?
- პატიმრების მდგომარეობა მაშინ მძიმე იყო, ახლა კი უფრო მძიმეა. მთავარი არის ღირსების შეგრძნება. ძალიან ბევრს გვამადლიან ინფრასტრუქტურას: გზების გაყვანას, შადრევნებს, ფასადებს. ეს ოჯახში არსებულ პროცესს ჰგავს: შეიძლება მამა სახლში კარგ რემონტს აკეთებდეს, მაგრამ ცოლ-შვილს სცემდეს. გერმანიაში ჰიტლერის მიერ გაკეთებული ავტობანები დღემდე მუშაობს. სტალინმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა. ინფრასტრუქტურას მხოლოდ სახელმწიფო არ აშენებს. მას მეტროპოლიებიც აშენებენ. მეტროპოლიამ კი შეიძლება, კოლონიაც ააშენოს. პრობლემა სხვა რამ არის - ის, თუ რა სისტემა არსებობს ამ ქვეყნებში. როცა სახელმწიფოზე ვსაუბრობთ, საუბარია არა ოჯახის უფროსზე, რომელიც თავის ხალხს ყოველდღე სცემს, კლავს და ამისთვის პასუხს არ აგებს, არამედ საუბარია მოურავზე, დაქირავებულ ადამიანზე. ჩვენ სააკაშვილი დავიქირავეთ. ის კი დამპყრობელივით გვექცევა.
- რა გამოდის, ადამიანის უფლებათა დამცველი ხელისუფლებაში არ უნდა მოვიყვანოთ?
- სააკაშვილი ადამიანის უფლებათა დამცველი არასდროს ყოფილა.
- მაგრამ თქვენ სწორედ მისი მინისტრობის პერიოდში არ გიჭირდათ სასჯელარსრულების სისტემაში რეფორმების გატარება.
- ჰიტლერიც დემოკრატიული გზებით მოვიდა ხელისუფლებაში. პრობლემა ის არის, რომ სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს. რატომაღაც მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო არის ხელისუფლების და ის ჩვენი არ არის. როგორც კი სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მას გაუთვითცნობიერებელი ადამიანები მოეწონა და მათში ცოდნა კი არ შეიტანა, არამედ უვიცობაზე მონოპოლია განახორციელა. მოეწონა ის, რომ ამ ხალხით მანიპულირება შეიძლება; ამ ხალხს შეიძლება არჩევნებზე უსამართლო კანონები შესთავაზო - როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იყო, და მერე ოპოზიცია გააფარჩაკო (მაშინ კი ოპოზიციამ უფრო მეტი ხმემი აიღო, ვიდრე შევარდნაძის დროს - სააკაშვილმა). ხალხმა ეს ვერ დაინახა - იმიტომ, რომ მას სამოქალაქო პასუხისმგებლობა არ გააჩნია.
- 7 ნოემბრის მიტინგის დარბევა ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველაზე მკაფიო მაგალითია. მაგრამ რატომ მოხდა ამ მიტინგის დარბევა? რატომღაც, იქამდე მხოლოდ გირგვლიანისა და რობაქიძის საქმეები იყო საყოველთაო ყურადღების ცენტრში. ეს ფაქტებიც ხომ იმიტომ მოხდა, რომ მანამდე მომხდარ, ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის სხვა ფაქტებს საზოგადოების რეაქცია არ მოჰყოლია.
- კორტთან ჩაცხრილული ბიჭები გაიხსენეთ, რომლებიც თურმე დანაშაულის ჩასადენად მიდიოდნენ. როგორ შეიძლება ადამიანის მოკვლა მხოლოდ იმ მოტივით, რომ იგი დანაშაულის ჩადენას აპირებდა! იქნებ არ აპირებდა? თანაც, მოგვასმენინეს საეჭვო სატელეფონო ჩანაწერები. ძალიან სერიოზული დარღვევაა ადამიანის მოსმენა და მერე, უტიფრად, მისი გავრცელება, ამის მოტანა, როგორც მტკიცებულებებისა - იმიტომ, რომ ამის შემოწმება შეუძლებელია. გარანტია გვაქვს, რომ ჩვენ მოგვასმენინეს არა მათი, არამედ სხვა კრიმინალების ლაპარაკი? ან, იქნებ, იქ კრიმინალები კი არა, მსახიობები ლაპარაკობენ?!
ასეთი ოპერაციები ტარდებოდა სწორედ ნულოვანი ტოლერანტობის კონტექსტში. მანამდე, მათ განახორციელეს სამარცხვინო აქცია პანკისის ხეობაში - 2006 წელს, როცა ავთანდილ გუმაშვილი და მისი სრულიად უდანაშაულო ბიძაშვილი ჩაცხრილეს შუა სოფელში, ხალხმრავალ ადგილას.
ამ პერიოდში საზოგადოების დატერორება მიმდინარეობდა. უბედურება ის არის, რომ სანამ ყელში არ ამოგვივიდა, მანამდე ქართველ საზოგადოებას ხმა არ ამოგვიღია. ვგულისხმობ 2 ნოემბერს, როცა ქუჩაში ასი ათასი კაცი გამოვიდა.
- იქმნება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია არ ცდილობდა, ასეთი ფაქტები საზოგადოებრივი პროტესტის საფუძველი გამხდარიყო.
- ოპოზიცია ამას ცდილობდა.
- მაშინ, რატომ დააგვიანა საზოგადოებამ ასეთ ფაქტებზე რეაგირება?
- იმიტომ, რომ ეს საზოგადოებას ჯერ კიდევ არ ჰქონდა გათვითცნობიერებული. თასის ავსების მომენტია. ვინაიდან ჩვენი საზოგადოება არ არის სამოქალაქო საზოგადოება, მას ხილული ფაქტები, უტყუარი მტკიცებულებები სჭირდება, ასეთი უტყუარი მტკიცებულებები ირაკლი ოქრუაშვილის აღიარება იყო.
- თუმცა, ადამიანის უფლებებს ოქრუაშვილიც არღვევდა.
- რა თქმა უნდა. მას, პირველ რიგში მე ვებრძოდი - როგორც ადამიანის უფლებების დამრღვევ მინისტრს.
- რა შედეგს აღწევდით?
- ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწიე.
- კონკრეტულად, რა ფაქტებს დაასახელებთ?
- მაგალითად, იყო ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ერთ-ერთმა ოფიცერმა მთელი ოცეული დასაჯა. ყინვაში დააყენა. მერე მათი უმრავლესობა საავადმყოფოში აღმოჩნდა. როცა პროკურატურამ ოფიცრის წინააღმდეგ საქმე აღძრა, მასში ოქრუაშვილი ჩაერია და თქვა, რომ ეს პროკურატურის საქმე არ არის. ამით ოქრუაშვილმა მოსამართლის მანტია მოისხა და, ფაქტობრივად, პროკურატურას წინ აღუდგა. ამის გამო ოქრუაშვილის წინააღმდეგ გავილაშქრე.
ასევე, ოქრუაშვილს ბრალდებოდა პლაცზე სამხედრო პირების ცემა. ესეც გავახმაურე.
- შედეგი?
- არაფერი. მეტსაც გეტყვით: პლაცზე ცემის ფაქტი ბოკერიას ვუამბე. მოწმეებიც მივუყვანე და ვითომც არაფერი. ბოკერიას ვუთხარი, - ოქრუაშვილის საქციელი რას ჰგავს-მეთქი. არ მჯერა, მოწმეები მომიყვანეო. ბოკერიასა და თარგამაძეს მოწმეები კაბინეტში მივუყვანე. ოოო, - გაიკვირვეს, თავები გადააქნიეს. მათგან მეტი არაფერი გამიგია.
- იცნობთ თუ არა გაუხმაურებელ ფაქტებს, როცა ადგილი ჰქონდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ადამიანის უფლებების შელახვას და რომლებიც, კონკრეტული მიზეზების გამო, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ვერ მოექცა? თუ იცნობთ, გვიამბეთ ამ ფაქტების შესახებ.
- ძალიან ბევრი პოლიტიკური ფიგურის, ბევრი მმართველი სტრუქტურის მხრიდან მიმდინარეობს ადამიანების შევიწროება, დამცირება, მაგრამ ეს ხალხი ხმას არ იღებს.
ცემა, ქონების წართმევა, წილის დათმობა და სხვა უამრავი რამ ხდება. მაგრამ ეს ხალხი ხმას არ იღებს. რობაქიძის, გირგვლიანის მშობლებს ხმა რომ არ ამოეღოთ, საზოგადოება მათ ვერ დაიცავდა. ბევრი პოლიციელიც ჩივის. მაგალითად, რესპუბლიკური პარტიის ოფისში ორი პოლიციელი მოვიდა. მათ თქვეს, - პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ჩამოგვართვეს და არჩევნებზე ხმას ჩვენს მაგივრად მისცემენო. მათ შევთავაზეთ, ეს ტელევიზიით ეთქვათ, მაგრამ შეეშინდათ, - სამსახურს დავკარგავთო. როგორ მოვიქცეთ? სანამ ჩვენი ქვეყნის ბატონ-პატრონობას არ ვისწავლით, მანამდე საზოგადოების მცირე ნაწილს ძალიან გაგვიჭირდება, საზოგადოების დიდი ნაწილი დავიცვათ.
- ზემოთ ახსენეთ, რომ თავის დროზე, პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტში მუშაობდით. ახლა თუ იცნობთ ამ კომიტეტის მუშაობას? თუ იცნობთ, მაშინ შეადარეთ: როგორ რეაგირებდა იგი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე შევარდნაძის მმართველობის პერიოდში და ახლა როგორ რეაგირებს?
- ელენე თევდორაძე შევარდნაძის დროს უფრო ეფექტურად მუშაობდა. აქ აღსანიშნავია, რომ შევარდნაძე დასავლეთში დემოკრატად არ იყო მიჩნეული, ამიტომ მას მუდმივად დემოკრატობის მტკიცება სჭირდებოდა. სააკაშვილს კი დემოკრატობის მტკიცება ფეხებზე ჰკიდია - იმიტომ, რომ ის დემოკრატად ითვლება და ევროპაში მის არადემოკრატიულობაზე ინფორმაცია ძალიან გვიან მიდის. ამიტომ დღეს თევდორაძეს ადამიანის უფლებების დაცვა უფრო უჭირს.
- პარლამენტმა ომბუდსმენის უახლესი ანგარიშის განხილვაზე უარი განაცხადა - იმ მოტივით, რომ იგი დიდი მოცულობის არის, შემოტანა კი დაგვიანებულია და მის გასაცნობად საკმარისი დრო არ რჩება.
- თუმცა, მოხსენება დროულად იყო შეტანილი.
- როგორ ფიქრობთ, საბოლოოდ, პარლამენტი ამ ანგარიშს განიხილავს? თუ განიხილავს, როდის?
- განიხილავენ... თებერვალში. არჩევნებამდე არ აწყობდათ - იმიტომ, რომ იქ ძალიან ბევრი უარყოფითი შეფასება იქნებოდა.
- თავის დროზე, ხელისუფლებამ ეჭვქვეშ დააყენა მოსამართლეების: ნინო გვენეტაძის, დავით სულაქველიძის, მერაბ ტურავას პროფესიონალიზმი და მათ მიმართ ადმინისტრაციული დევნა ხორციელდებოდა. მაშინ ეს მოსამართლეები ხელისუფლებას ღიად დაუპირისპირდნენ. მას შემდეგ მოსამართლეთა მხრიდან პროტესტის ასეთი მაგალითი არ ყოფილა.
- იმიტომ, რომ ამათი მაგალითით შეაშინეს. ეს დატერორების ფორმაა. რობაქიძეებსა და გირგვლიანებს იმისთვის კი არ სცემენ და კლავენ ქუჩაში, რომ მათი მოკვლა უნდათ, არამედ იმისთვის, რომ მათ მაგალითზე სხვებმა ხმა არ ამოიღონ. როცა ამას აკეთებენ, ისინი ქართველ ხალხს არ იცნობენ. შეიძლება, ქართველი ხალხი უცნაურად იქცევა, მაგრამ ერთი რამ ცხადია: როცა მის წინააღმდეგ მუშაობ და მის შეშინებას ცდილობ, ის, უბრალოდ, არ ფრთხება. პირიქით, გარეთ გამოდის. 8 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში, თბილისში თვითმფრინავები ძალიან ახლოს დაფრინავდნენ...
- ხელისუფლება ამბობს, რომ 8 აპრილის 7 ნოემბერთან შედარება ძალიან არალოგიკურია.
- უაღრესად ლოგიკურია. პირდაპირ კავშირშია - იმიტომ, რომ ორივე შემთხვევაში, ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მშვიდობიანი მომიტინგეები შეიძლება დაარბიო. ხელისუფლებამ თავი რაღაცით ხომ უნდა გაიმართლოს? მეტიც, თუ 9 აპრილს ჯარისკაცები სხვა მხარიდან ჩამოიყვანეს, რომ ისინი ვერ გვეცნო, აქ ჩვენმა ძმებმა დაგვარბიეს! ჩემი სამი ნათესავი მაშინ პოლიციაში იყო და სამივეს შევუთვალე, რომ ჩემს სახლში ფეხი არ შემოდგან, თორემ, როგორც თემში ექცევიან, სწორედ ისე მოვექცევი მათ - გავაგდებ და არასდროს მივიღებ!
Комментариев нет:
Отправить комментарий