"რეზონანსი"
27 ივნისი, 2009
შალვა ფიჩხაძე: "ვეჭვობ, ოპოზიციამ სააკაშვილის ვადამდე შეცვლაში დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვება შეძლოს"
"ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ვერ იგრძნობს მისი შეცვლის საფრთხეს, თუკი ოპოზიციას მკვეთრად გამოკვეთილი ლიდერი არ ეყოლება. და მეორე: ხელისუფლებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსების თანაზომადი ფინანსების გარეშე ოპოზიციას გაუჭირდება ხელისუფლებასთან თანასწორი კონკურენტული ბრძოლა.
დასავლეთის მხარდაჭერის იმედი სააკაშვილის ხელისუფლების ვადამდე შეცვლასთან დაკავშირებით ოპოზიციურ მოძრაობას ტყუილად აქვს. მიმაჩნია, რომ დასავლეთი სრულებით არ არის დაინტერესებული სააკაშვილის ვადამდე შეცვლით. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კრიზისიდან გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ ეს ვერ ხერხდება. ვფიქრობ, რომ როგორც ოპოზიცია, ისე მისი ძალზე მრავალრიცხოვანი მხარდამჭერები კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში არჩევნებისთვის უნდა მოემზადონ", - "რეზონანსს" პოლიტოლოგი შალვა ფიჩხაძე ესაუბრება.
- საქართველოში მიმდინარე პროცესში რა არის, ამ ეტაპზე, თქვენი აზრით, ყველაზე საყურადღებო?
- ვითარება თანდათან საგანგაშო ხასიათს იძენს. თუ მხარეებმა საერთო ენა ვერ მონახეს იმისთვის, რომ დაპირისპირება რაღაც წერტილზე შეაჩერონ, ქვეყანა შეიძლება სერიოზულ დაპირისპირებების წინაშე აღმოჩნდეს. ამის აცილების მცდელობას კი ვერ ვხედავ.
- ასეთ შემთხვევაში, მეტი პასუხისმგებლობა ვის ეკისრება, თქვენი აზრით?
- ასეთი ტიპის შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისას ხელისუფლებას ყოველთვის მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება - არა იმიტომ, რომ რომელიმე ქვეყანაში ხელისუფლება ოპოზიციაზე უარესია; უბრალოდ, ხელისუფლებას გააჩნია მეტი ბერკეტი იმისათვის, რომ ვითარება განმუხტოს. და ის ვალდებულია, ეს ბერკეტები გამოიყენოს. ამიტომ პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ხელისფლებას ეკისრება პირველ რიგში, თუმცა ოპოზიციაც, ხანდახან, დანის პირზე გადის ხოლმე. ჯერჯერობით ოპოზიცია ახერხებს ხოლმე ვითარების იმგვარად განმუხტვას, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, 26 მაისს, საღამოს.
- ანუ, ჯერჯერობით უკიდურესად რომ არ გამწვავებულა სიტუაცია, ეს ოპოზიციის დამსახურებაა?
- უბრალოდ, ჯერჯერობით დუღილის წერტილი არ მისულა იქამდე; ჯერჯერობით, კრიტიკული ზღვარი არ გადაულახავს ამ კონფრონტაციას. ხელისუფლებასაც, რა თქმა უნდა, ეყო ჭკუა და გარკვეული გაკვეთილები გამოიტანა შარშანწინდელი ნოემბრის მოვლენებიდან. თბილისის მოსახლეობის ძალიან დიდი, უკმაყოფილო ნაწილი კი უფრო ოპოზიციას უგდებს ყურს და არა ხელისუფლებას. ამ შემთხვევაში ოპოზიციის დამსახურება, რა თქმა უნდა, ძალზე დიდია: ის თავს იკავებს და არ იყენებს უკმაყოფილოთა ამ უზარმაზარ მასას ისეთი რაღაცებისთვის, რისთვისაც, ვთქვათ, 2003 წელს მაშინდელმა ოპოზიციამ ეს ხალხი გამოიყენა. გაცილებით ნაკლები ხალხი, სხვათა შორის.
- თქვენ ამბობთ, რომ 7 ნოემბრიდან ხელისუფლებამ გაკვეთილები გამოიტანა. მაგრამ დარბევები არ არის? არ არის დევნა პოლიტიკური ნიშნით? რას გულისხმობთ გამოცდილების გათვალისწინებაში?
- როგორ არ არის! მე იმას ვამბობ, რომ ხელისუფლებამ ისწავლა, ან მას ასწავლეს, ან მოუწოდეს, იყოს მომთმენი. 2007-ში ის გავეშებული ეცა ხალხს გაზით, წყლის ჭავლით, რაღაც აკუსტიკური იარაღით და რეზინის ტყვიებით. ახლა გაზი არ გამოუყენებია. რეზინის ტყვიები გამოიყენეს...
- იმის თქმა გინდათ, რომ ახლა მან ნაკლები ბოროტება ჩაიდინა?
- ერთი რამ უნდა აღვნიშნოთ: 2007 წელს ხელისუფლებისთვის საფრთხე იყო მეტი. შესაძლოა, სწორედ ამიტომ წავიდა მაშინ იმ ბარბაროსობაზე.
- მეტი საფრთხე - რა თვალსასზრისით?
- რომ მას შეცვლიდნენ. დღეს ის მისი შეცვლის საფრთხეს, ისეთ სერიოზულს, ვერ ხედავს.
- რატომ ვერ ხედავს, თქვენი აზრით? ოპოზიციის ტაქტიკას როგორ შეაფასებთ ამ კონტექსტში?
- ოპოზიციის ტაქტიკაში არ არის საქმე. საქმე ის არის, რომ დღეს ოპოზიციას ნაკლები რესურსი აქვს, იმიტომ, რომ: პირველი - აღარ არის ისეთი ფიგურა, როგორიც იყო ბადრი პატარკაციშვილი. მას ჰქონდა ხელისუფლებასთან თანაზომადი ფული; მეორე - აღარ არის საერთო ეროვნული მასშტაბის სატელევიზიო საშუალება, რომელიც ოპოზიციას მისცემდა შესაძლებლობას, გასულიყო საქართველოს მთელ მოსახლეობაზე ("იმედს" ვგულისხმობ); და მესამე - ოპოზიციას არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი.
- ამ ლოგიკის გათვალისწინებით, შეიძლება ხელისუფლებამ ვერც ვერასდროს იგრძნოს მისი შეცვლის საფრთხე.
- ...ოპოზიციონერები ამბობენ, რომ გამოკვეთილი, ერთი ლიდერის არარსებობა მათი პლუსია; მე კი მიმაჩნია, რომ ეს მინუსია. ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ვერ იგრძნობს მისი შეცვლის საფრთხეს, თუკი ოპოზიციას მკვეთრად გამოკვეთილი ლიდერი არ ეყოლება. და მეორე: ხელისუფლებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსების თანაზომადი ფინანსების გარეშე ოპოზიციას გაუჭირდება ხელისუფლებასთან თანასწორი კონკურენტული ბრძოლა.
- ლევან გაჩეჩილაძემ ევროპიდან ჩამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ფულს ელოდება.
- დიახ, მაგრამ მან თქვა, რომ ის ფულს აიღებს მხოლოდ კანონიერი წყაროებიდან; ასეთ წყაროდ კი ასახელებს ქართველ ბიზნესმენებს - საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც შესაძლოა, უცხო ქვეყანაში მოღვაწეობენ. მაგრამ ეს არ არის უცხოური წარმომავლობის ფული. ყოველ შემთხვევაში, მან ასე თქვა.
- ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ რუსულ ფულთან ოპოზიციის კავშირზე. თქვენი პოზიცია მაინტერესებს: გააჩინა თუ არა გაჩეჩილაძე-გამყრელიძე-თარგამაძის შეხვედრამ გარკვეული საფუძვლიანი ეჭვები?
- ამ შეხვედრას ეჭვის თვალით სრულებით არ ვუყურებ. ამ შეხვედრას ვაფასებ, როგორც, ალბათ, ძალიან საინტერესო შეხვედრას. მეც სიამოვნებით მოვისმენდი თარგამაძისგან იმ ინფორმაციას, რომელსაც ის ფლობდა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს, და იმ ინფორმაციას, რომელსაც ის ახლაც ფლობს. ასეთი ტიპის შეხვედრები პოლიტიკური ბრძოლის სამუშაო პროცესის შემადგენელი ნაწილია. თარგამაძეს კი არა, "ეფ-ეს-ბეს" აგენტებს შევხვედრივარ; სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვის აგენტებს შევხვედრივარ, როდესაც ეს საჭირო იყო (როდესაც სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობდი, და მერეც, სხვათა შორის - როდესაც საჭირო იყო ინფორმაციის მიღება). თარგამაძეს კი არა, პუტინს შევხვედრივარ, მერე რა მოხდა? შარშან, მაგალითად, ამერიკაში გახლდით ჩემს საქმეებზე. ხომ არ დავიწყებ ახლა მოყოლას, ვის შევხვდი და ვის - არა? შევხვდი ისეთ ადამიანებს, ვისთანაც ჩემთვის შეხვედრა იყო საინტერესო და ეს საინტერესო იყო მათთვისაც.
- ვის შეხვდით? შესაძლებელია, თქვენი ამ განცხადებით ხელისუფლებაც დაინტერესდეს.
- რატომ უნდა დაინტერესდეს? რა ხელისუფლების საქმეა, მე, კერძო პირი, ვის და სად ვხვდები?! ბარემ, ბინაში შემომივიდნენ და ის მკითხონ, ბავშვებს როგორ ვზრდი: ნაციონალური სულისკვეთებით თუ არანაციონალურით!
- ზემოთ აღინიშნეთ, რომ ოპოზიციის მინუსად მიგაჩნიათ ის, რომ მას არ ჰყავს ერთი ლიდერი. რა არგუმენტი გაქვთ?
- ეს საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის, და ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვისაც. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოსახლეობამ, და ასევე, ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, ვისთან ექნებათ საქმე იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია შეძლებს თავისი მიზნების განხორციელებას და ხელისუფლების შეცვლას. მიდგომა - "მერე გავარკვევთ" - ჩემი აზრით, სერიოზული მიდგომა არ არის.
- თუ ასეა, თქვენი აზრით, რატომ მიიჩნევენ ოპოზიციის ლიდერები, რომ სწორედ ლიდერთა მრავალფეროვნებაშია ოპოზიციის სიძლიერე?
- შეიძლება იმიტომ, რომ ჯერჯერობით თვითონ ვერავინ გამოკვეთეს, და ამით იმართლებენ თავს. შესაძლოა, რაღაც სხვა მიზეზებია. მათ დაასახელონ. მე მხოლოდ ვარაუდები შემიძლია გამოვთქვა.
- როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება შეცვალოს ობამა-მედვედევის შეხვედრამ საქართველოს კონტექსტში?
- ამერიკას რუსეთთან ურთიერთობა ძალზე ძვირად უღირს. ამდენად, არ ვფიქრობ, რომ ის მასთან ურთიერთობებს გაიფუჭებს იმისთვის, რათა სწრაფად და ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეცვალოს ვითარება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში. მაგრამ არანაირად არ ვფიქრობ იმასაც, რომ ამერიკამ საქართველო ვაჭრობის საგნად აქციოს.
რუსეთი, რა თქმა უნდა, შეეცდება, საქართველო ვაჭრობის საგნად აქციოს და ამერიკას დაათმობინოს თავისი ინტერესები საქართველოში - ვთქვათ, ამერიკულ-რუსული ურთიერთობების ერთგვარად გაუმჯობესების სანაცვლოდ; ბირთვული განიარაღების სანაცვლოდ; ირანში, ავღანეთში დახმარების სანაცვლოდ და ა.შ. ამიტომ მიმაჩნია: თუკი ამერიკულ-რუსულ ურთიერთობებში საქართველოსთან მიმართებით უარყოფითი კონტექსტის ცვლილებები არ იქნება, ეს უკვე დადებით ფაქტორად შეიძლება განვიხილოთ. ამერიკულ-ქართული ურთიერთობები კი, ჩემი აზრით, აღმავალი გზით მიდის და ჯერჯერობით ვერ ვხედავ მის დამოკიდებულებას ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე.
- საქართველოში ოპოზიციურ მოძრაობასთან მიმართებით ცალკეული ევროპელი დიპლომატების ბოლოდროინდელი განცხადებები კრიტიკულად შეაფასეს ოპოზიციის ლიდერებმა. თქვენი აზრით, ისინი მხარს უჭერენ სააკაშვილის რეჟიმის შენარჩუნებას - მაგალითად, იმიტომ, რომ ვერ ხედავენ მის პოლიტიკურ ალტერნატივას?
- სამწუხაროდ, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის.
- თუ ასეა, რატომ აქვს ოპოზიციურ მოძრაობას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი სააკაშვილის ხელისუფლების ვადამდე შეცვლასთან დაკავშირებით?
- მას ეს იმედი ტყუილად აქვს. მიმაჩნია, რომ დასავლეთი სრულებით არ არის დაინტერესებული სააკაშვილის ვადამდე შეცვლით. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კრიზისიდან გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ ეს ვერ ხერხდება. ვფიქრობ, რომ როგორც ოპოზიცია, ისე მისი ძალზე მრავალრიცხოვანი მხარდამჭერები კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში არჩევნებისთვის უნდა მოემზადონ. უნდა მოემზადონ იმ არჩევნებში სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებისთვის. მანამდე კი... ვეჭვობ, რომ ოპოზიციამ სააკაშვილის ვადამდე შეცვლაში დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვება შეძლოს.
- თქვენი აზრით, რა კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ კრიზისი განიმუხტოს?
- ხელისუფლებამ ახლავე (თუ დაგვიანებული არ არის) უნდა დაიწყოს მზადება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის კონკურენტული გარემოს შესაქმნელად.
- თქვენ ამას რეალობის გათვალისწინებით ამბობთ?
- არა. თქვენ მეკითხებით: რა უნდა გააკეთოს; და მეც გპასუხობთ, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ამ ვითარებაში. რეალობის გათვალისწინებით კი ხელისუფლება საერთოდ არ აპირებს, დატოვოს ძალაუფლება - არც 2013 წელს და მგონი, არც 2023 წელს.
- ამბობთ, რომ ოპოზიციური მოძრაობა ტყუილად ელოდება პოლიტიკურ მხარდაჭერას დასავლეთისგან ამ ხელისუფლების ვადამდელ შეცვლასთან დაკავშირებით. მიმდინარე პროცესებში საზოგადოების განწყობებს როგორ დაახასიათებთ და, თქვენი აზრით, რა როლს ასრულებს ის ამ პროცესში?
- საზოგადოება მკვეთრად პოლარიზებულია: ერთი ნაწილი არის თავგადაკლულად ხელისუფლების მხარეს, მეორე - თავგადაკლულად ოპოზიციის მხარეს. თბილისში, როგორც გამოკითხვები აჩვენებს, უმრავლესობა სააკაშვილის წინააღმდეგ არის. არ ვიცი, როგორ არის საქმე რეგიონებში. საზოგადოების როლს რაც შეეხება: ისიც, ჩემი აზრით, შინაგანად უნდა ემზადოს არჩევნებისთვის; ემზადოს საკუთარი შინაგანი ძალების, რესურსების მობილიზებით, და იმ პოლიტიკური ძალის რეალური მხარდაჭერით, რომელიც მის სიმპათიას იმსახურებს. ოპოზიციის ასეულობით ათასი მომხრე გამოდიოდა რესპუბლიკის მოედანზე, იპოდრომზე და სხვაგან. 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, გაერთიანებულმა ოპოზიციამ, როცა მას ადამიანური რესურსი არ ჰყოფნიდა, მოსახლეობას მიმართა თხოვნით, საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებად წასულიყვნენ. დააკვალიანეს, სად მისულიყვნენ, რა გაეკეთებინათ, როგორ დაკვირვებოდნენ. და სულ 143 ადამიანი მოვიდა. საზოგადოება ამ თვალსაზრისით მობილიზებული რომ ყოფილიყო, ვფიქრობ, 21 მაისს ის არ მოხდებოდა, რაც მოხდა.
- როგორ ფიქრობთ, ახლა არის თუ არა ის მობილიზებული?
- არ ვიცი. ამას საქმე გამოაჩენს. ერთია რამდენიმე საათით მანიფესტაციაზე მისვლა, სადაც იცი, რომ დაგხვდება ასი ათასი შენნაირი, და მეორეა ერთი თვის განმავლობაში მოთმინებით აღჭურვა და სერიოზული მუშაობა შენი გეგმების განხორციელებისთვის.
- თქვენ მიგაჩნიათ, რომ საზოგადოება კონსტიტუციურ ვადებში არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს. ოპოზიციის ლიდერები კი ამბობენ: ჩვენ ვერ მოვიცდით ამდენ ხანს - იმიტომ, რომ შეიძლება ამ კაცმა ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხოსო. რევოლუციას გამორიცხავთ თუ არა?
- შეიძლება დესტაბილიზაციისკენ წავიდეთ. ამას რევოლუცია დაერქმევა თუ სხვა რამ, მე ვერ გეტყვით. მაგრამ რევოლუცია, როგორც წესი, წარმატებულ გადატრიალებას ერქმევა ხოლმე. წარუმატებელს მერე პუტჩი ერქმევა, ან კიდევ - რა ვიცი, ამბოხი და ათასი უბედურება.
- და ჩვენთან პროცესის დინამიკა საით მიდის, თქვენი დაკვირვებით?
- დესტაბილიზაციის სერიოზული საფრთხე არსებობს: უკმაყოფილების მუხტი არ ქრება, მიუხედავად იმისა, რომ სადღაც საკნები აიღეს. ხელისუფლება არაფრის დათმობას არ აპირებს. ვითარება დაძაბულობის ესკალაციისკენ მიდის. მერე კი... გააჩნია, ვინ რას დაარქმევს. დამდგარ წყალს შეიძლება ჭაობი დაარქვა, და შეიძლება, მას დაარქვა ტბა. გააჩნია, ვინ დაარქმევს.
Комментариев нет:
Отправить комментарий