"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
15 ივნისი, 2009
"ხელისუფლებას თუ ჰგონია, რომ ზიმბაბვის დონის ვართ... ან ვინმეს თუ უნდა ცვანგირაობანას თამაში..."
"ისტორიის ლოგიკის თვალსაზრისით, სააკაშვილს წაგებული აქვს. სასწაული რომ მოხდეს და საპროტესტო მუხტი ჩაკვდეს, პირობას გაძლევთ: ჩვენს ხელისუფლებაში ისეთი გენიოსები არიან, რომ თვითონ გააღვიძებენ ამ მუხტს.
ქვეყანა იქცეოდა და ტურა ქორწილს იხდიდაო. თბილისის განვითარების გენერალური გეგმა მიიღეს. რა დროს გენერალური გეგმაა, ბიუჯეტს ვერ ავსებ! თბილისის ზღვაზე გადავიტანთ რკინიგზასო. ვურჩევდი, რომ მარტო რკინიგზას ნუ გადაიტანენ; საზღვაო პორტიც ააშენონ, სამხედრო ბაზაც და ერთი-ორი ავიამზიდიც ჩაუშვან თბილისის ზღვაზე. ვერ ვიტან, როცა იდიოტად მთვლიან", - "მთელ კვირას" ექსპერტი კახა კაციტაძე ესაუბრება.
- "ვარდების რევოლუციამ" ჩვენი აზროვნება ყალბ სივრცობრივ კოორდინატებში გადაიტანა. ხელისუფლების წარმატებული ცვლა ჩვენ მიერ ასე აღიქმება: უნდა შეიკრიბოს სადღაც ბევრი ხალხი - ერთჯერადად, შევარდეს სადღაც და ვიღაც გააგდოს.
სამხედრო სფეროში ცნობილია სტრატეგიები: კლაუზევიცისა და ლიდერჰარტის. ისინი პოლიტიკურ კონტექსტშიც შეგვიძლია განვიხილოთ. კლაუზევიცისთვის მთავარი არის მოწინააღმდეგის განადგურება - ბრძოლის გზით, სისხლით. მას აქვს ნეგატიური მიზანი: მოწინააღმდეგე გავანადგურო, ჩავახშო. და მერე? ლიდერჰარტისთვის კი მთავარი არის მოწინააღმდეგის მდგრადობის მოშლა. მდგრადობის მოშლა ნიშნავს ქმედითუუნაროდ ქცევას. თუკი ჩვენი მიზანი არის უკეთესი საქართველო, მაშინ საშუალება უნდა იყოს სააკაშვილის სისტემის მდგრადობის მოშლა. არ შეიძლება სააკაშვილის გაგდება ნებისმიერ ფასად.
- და ეს არის ოპოზიციის მიზანი?
- ეს არის ისტორიული მომენტის მიზანი. რამდენად აქვს ეს ოპოზიციას გაცნობიერებული, სხვა საკითხია. ჰეგელი გავიხსენოთ: მაგალითად, ნაპოლეონი მსოფლიო ისტორიის გონის საქმეს აკეთებდა, თუმცა თვლიდა, რომ თავის პირად საქმეს აკთებდაო. ასე რომ, ეს ისტორიული ლოგიკის გამოხატულებაა და იგი მიდის იმის მიუხედავად, რამდენად აქვს გაცნობიერებული ოპოზიციას. სააკაშვილს რომ არ აქვს გაცნობიერებული, ეს ხომ ისედაც გასაგებია.
არსებითი არის ის, თუ განვითარების რა გზით მიდის საქართველო. აქ ოპოზიციის სიძლიერე-სისუსტეზე არ არის საუბარი. ჩვენ მრუდე სარკეების სამყაროდან ვუყურებთ ყველაფერს, რაც ხდება. და ვიძახით: "ჩქარა! ჩქარა! ჩქარა! შედეგი! ხვალვე დადეთ!" ისტორიის ლოგიკა სხვა ტემპით მუშაობს. მდგრადობის მეტი რაღა მოშლა უნდა იყოს: ლენინი რომ იკრიბებოდა ბოლშევიკებთან ერთად იატაკქვეშეთში, ისე იკრიბებიან; პრეზიდენტი რეზიდენციაში ვერ შედის და გორდონს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხვდება. ერთადერთი, რითიც ჩვენი ხელისუფლება საქართველოსა და მსოფლიო პოლტიკური აზრის ისტორიაში შევა, არის ის, რომ სიტყვა "ჩამოშლა", როგორც პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე ტერმინი, დაამკვიდრა. იმიტომაც არის, სიტყვა "ჩამოშლას" რომ იგებენ ახლა, ტელევიზორში ვხედავ, როგორ ბურძგლავთ და აკანკალებთ. ასე რომ, ამ ლოგიკის თვალსაზრისით (დავარქვათ ამას ისტორიული გონის ლოგიკა - რაც საქართველოში ხდება), შეიძლება ითქვას, პროცესი ლოგიკურია.
ჩემი აზრით, საზოგადოების აქტიური ნაწილი გაცილებით დიდია, ვიდრე ორი თვის წინ იყო. გავრცელებული ტერმინი - აქტიური 10% - რომელიც გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ინდექსად ითვლებოდა ჩვენი საზოგადოებისთვის, აღმოჩნდა, რომ ახლა თბილისში 40-50%-მდე ადის. ლაპარაკი არ არის მაინცდამაინც მათზე, ვინც მიტინგზე დადის; იგულისხმება ისინი, ვინც პოლიტიკურად აქტიურია.
- ეს მაჩვენებელი 26 მაისის შემდეგ გაიზარდა? მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ გამოაცხადა, რომ ინდივიდუალური ტაქტიკური ნაბიჯებით იმოქმედებდა?
- შევეცდები, ამ პროცესებში დავინახო გარკვეული ლოგიკა - იმის მიუხედავად, რამდენად აქვთ ეს გაცნობირებული ამ პროცესის აქტანტებს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახლა ჩვენ პოსტმოდერნის სივრცეში ვართ. ვართ სრულიად სხვა ეპოქაში. და ამ სივრცეში ინდივიდუალური მოქმედებები აბსოლუტურად გასაგები, ბუნებრივი და მისაღებია. პოსტმოდერნი გამორიცხავს რაღაცის უფლებას ჭეშამარიტების ფლობაზე. პოსტმოდერნში მუშაობს პრინციპი: ყველაფერი მოსულა. რამდენად აქვს ჩვენს საზოგაოდებას გაცნობიერებული (მათ შორის პოლიტიკოსებს), სხვა საკითხია, მაგრამ ის, ისევე, როგორც ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ინფორმაციის გაცვლაზეა აგებული, ამ სივრცეში მოხვედრილია და ის ადეკვატურად მოქმედებს.
- თუ ასეა, თქვენი აზრით, 26 მაისამდე რატომ აცხადებდა ოპოზიცია, ჩვენ ერთიანი ვართო?
- ჩემი აზრით, ოპოზიციამ ორი მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა. პირველი: რაღაც კონკრეტულ ვადებს ებმებოდა სააკაშვილის გადაყენება. როცა ღვინო დუღილის პროცესშია, ვერ დაადგენ, მაინცდამაინც რომელ დღეს დაღვინდება. ნამდვილად ვიცით, რომ 2013 წლამდე სააკაშვილი ვერ გაძლებს. რად უნდა ახლა ამას დიდ ნოსტრადამუსობა. მაგრამ ასე კონკრეტულად: ამა და ამ აპრილს, ან ამა და ამ მაისს, - ეგ რაღაც რიცხვების მისტიკა იყო. პირველი შეცდომა ეს იყო და მეორე შეცდომა იყო ის, რაც თქვენ აღნიშნეთ: "ჩვენ ვართ ერთი მთლიანი".
- და თქვენი აზრით, ხელისუფლების მიმართ პროტესტით განწყობილი საზოგადოება ახლა ერთგვარად იმედგაცრუებული არ არის?
- არის - იმიტომ, რომ ისეთი მოლოდინები გაუჩინეს პოლიტიკოსებმა, რაც არ უნდა გაეჩინათ. სააკაშვილის გადაყენება არის საშუალება და არა მიზანი. მიზანი არის უკეთესი საქართველო. აი, ეს უნდა ახსნილიყო ცალსახად. ცალსახად უნდა ახსნილიყო, რატომ ვირჩევთ არა კონცენტრაციას, ასი ათასი კაცით სადღაც შევარდნას, არამედ დროში გაწელილ მოქმედებას, რომლის ამოცანა არის სააკაშვილის სისტემის მდგრადობის მოშლა, თანაც ისე, რომ საქართველო არ დაზიანდეს. ბუნებრივია, ამის ერთ კვირაში გაკეთება არის შეუძლებელი.
პროცესის დინამიკაზე დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს სისტემა ნელ-ნელა იშლება. არც ერთი კლასიკური ავტორიტარული რეჟიმი ამას უბრალოდ არ დაუშვებდა. მთავარი არის ის, რომ არავითარი რესურსი, არც საშინაო, არც საგარეო, პიარ-რესურსიც კი აღარ აქვს. ორი ნების დაპირისპირებაში იმარჯვებს ის ნება, რომელსაც აქვს რესურსის ზრდის უნარი. ოპოზიციის მესამე შეცდომა არის ის, რომ იმ რესურსების ზრდის უნარს, რისი შესაძლებლობაც აქვს, სათანადოდ ვერ იყენებს.
- ხომ არ შეიძლება ამან მარცხი განაპირობოს?
- არა. პირიქით. მე სწორედ იმის იმედი მაქვს, რომ ოპოზიციური ძალების ინდივიდუალური მუშაობა უფრო გაზრდის რესურსს.
- თქვენ ამბობთ, რომ მას ამის უნარი აქვს?
- დიახ. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებას რესურსის ზრდის არავითარი პოტენციალი არ აქვს, პირიქით: მომხრეები დღითიდღე მცირდება; "რუსთავებს" უკვე სერიოზულად, მგონი, რეგიონებშიც აღარ აღიქვამენ, არათუ თბილისში. ფინანსური პრობლემები უარესდება. საგარეო რესურსიც მცირდება. და რის ხარჯზე უნდა გაზარდოს? ოპოზიციას აქვს რესუსების გაზრდის პოტენციალი. ოპოზიციას აქვს ამის შესაძლებლობა, ოღონდ ეს თავისთავად არ არის გარანტია, რომ იგი რეალიზებული იქნება. ეს უკვე ოპოზიციის სიყოჩაღეზეა დამოკიდებული.
- და ამას ოპოზიცია გაითვალისწინებს, თქვენი აზრით?
- ამას სიტუაცია იმდენად ბუნებრივად მოითხოვს, რომ უნდა გაითვალისწინონ.
- თქვენ მიგაჩნიათ, რომ თუკი სისტემის დემონტაჟი განხორციელდება, ის აუცილებლად განხორციელდება რევოლუციის გამორიცხვით?
- დიახ, რევოლუციის გამორიცხვით. ან - უკიდურეს შემთხვევაში, თუ სასწაული ჩაიდინა თვითონ სააკაშვილმა. თუ ძალა გამოიყენა და ხალხი დაიხოცა, რასაკვირველია, რევოლუცია გარდაუვალი იქნება. მაშინ უკვე აღარავითარი პოსტმოდერნი არ იქნება.
ახლა არის გარდამავალი ეტაპი: თავიდან საზოგადოებაში რევოლუციური მოლოდინები იყო. ახლა ის ნელ-ნელა იაზრებს, რა ხდება. ვიმეორებ: ეს დაღვინების პროცესია. დაღვინების პროცესი არის ქიმიური პროცესი, რომლის შედეგის პროგნოზირება - ღვინოს მიიღებ თუ ძმარს - ვერავითარი ადამიანური გონება ვერ განსაზღვრავს. მაგრამ გარკვეული მიმართულება გასაგებია.
- და ამ მიმართულებით რა ჩანს, თქვენი აზრით?
- ან ღვინოს მივიღებთ, ან - ძმარს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ, მაგალითად, სიროფიან წვენს. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ღვინოს უფრო მივიღებთ. მაგრამ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, ისეთ ფაქტორებზე, რომლებიც არ არის პროგნოზირებადი.
- კონკრეტულად, რა ფაქტორებზე?
- ნება - ეს არის ფაქტორი, რომელიც არ აქვს არც ერთ ფიზიკურ ობიექტს. ის აქვს მხოლოდ ადამიანს. ბოლოს და ბოლოს, ვთქვათ, რა უპირისპირდება ერთმანეთს: უპირისპირდება საზოგადოების ნება და სააკაშვილის ხელისუფლების ნება. ანუ, ეს არის ნების ჭიდილი ნებასთან. ამიტომაც არის ის ძნელად პროგნოზირებადი.
- თქვენი აზრით, კონკრეტულად, რა დათმობებისთვის არის სააკაშვილი მზად?
- ახლა დაიწყო ლაპარაკი, მაგალითად, მინისტრის მოადგილეებზე, თვითმმართველობაზე... ადრე ამ დათმობებზეც არ იყო ლაპარაკი. ასე რომ, ის ნელ-ნელა დათმობს. პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, იმ დათმობებს არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ეს მის ფსიქოლოგიურ განწყობაზე მეტყველებს. ანუ: რაც მათთვის იყო წარმოუდგენელი ერთი თვის წინ, ახლა ძალიანაც წარმოსადგენია.
- ალასანიამ თქვა, ჩნდება ახალი შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მეტი შეხების წერტილები გაჩნდესო. …
- ოპოზიციაში, როგორც ჩანს, აზრთა სხვადასხვაობაა ხელისუფლების ადეკვატურობის შესახებ. ხელისუფლების კედელთან თავის რახუნი, ადრე თუ გვიან... ამას, ვირთხა რომ ვირთხაა, ისიც კი ხვდება და მერე ცდილობს, გვერდიდან მოუაროს. ადრე თუ გვიან, ეს ხელისუფლებაც დაიწყებს ლავირებას. ოღონდ ყველაფერს დრო სჭირდება. ძალიან საინტერესოა, რა ხდება კულისებში. ამას მეორე მხარის ფენომენი შეიძლება დავარქვათ. ჩვენ ვხედავთ ოპოზიციისა და საზოგადოების ქმედებებს, მაგრამ არ ვიცით, რა განწყობაა სააკაშვილის ბანაკში; თანაც, ეს ბანაკი ახლა ერთი მთელი კი არ არის. ჩვენ არ ვიცით, იქ რა ხდება. მდგრადობის ჩამოშლა ხომ ადამიანების გარკვეულ ფსიქოლოგიურ მგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.
- როგორ ფიქრობთ, მოხდება თუ არა შეთანხმება ოპოზიციასა და სააკაშვილს შორის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით?
- ადრე თუ გვიან, ეს შესაძლებელია, ოღონდ - არა არსებული მთავრობის პირობებში. კოლექტიური სააკაშვილი უნდა დაიშალოს. ახლა კი, თუ არ იქნება პრაქტიკულად ას პროცენტთან მიახლოებული გარანტია, რომ ეს იქნება სამართლიანი არჩევნები, არავითარ არჩევნებზე ოპოზიცია არ უნდა წავიდეს. ვერ წავა, უბრალოდ. ან, ვინც წავა, მოიტეხავს კისერს. ეს ყველას ინდივიდუალური არჩევანია, უნდათ თუ არა ხრამში გადავარდნა.
სააკაშვილმა ოპოზიციას მინისტრების მოადგილეობა შესთავაზა... ზიმბაბვეში არის ასეთი, "პატიოსანი" პრეზიდენტი, ორასი წელია უკვე - ბუგამე, და განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერმა რომ მომიგოს არჩევნები, მაინც არ გადავდგებიო. ჰოდა, ახლა სთავაზობს ცვანგირაის - ოპოზიციის ლიდერს, რომ მე პრეზიდენტად დავრჩები, შენ კი ვიცეპრეზიდენტი იყავიო. ხელისუფლებას თუ ჰგონია, რომ ზიმბაბვის დონის ვართ... ან ვინმეს თუ უნდა ცვანგირაობანას თამაში...
- საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბევრი ისაუბრეს გენერალ ბორისოვის განცხადებასთან დაკავშირებით. თქვენ რა მნიშვნელობას ანიჭებთ მას?
- არავითარს. ეს ჩვეულებრივი პიარი იყო. ბორისოვის განცხადებას ჰქონდა მხოლოდ შიდაპოლიტიკური დატვირთვა: რამდენადაც ჩემთვის რუსული ინტერნეტსაიტებიდან არის ცნობილი, ბორისოვს უპირებენ გათავისუფლებას, და ეს განცხადებაც ამიტომ გააკეთა - არ მომხსნათ, ძალიან მაგარი ვარო. ანუ: მისი ადრესატი იყო მისივე ხელისუფლება.
- მაგრამ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კარგი იქნება, თუ ამ ცნობას ტალიავინის კომისია გაითვალისწინებს.
- არ მიმაჩნია, რომ ტალიავინს სჭირდებოდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (რომელიც რუსეთის მოქალაქეა) რეკომენდაცია. რუსეთის კონსტიტუციით და თავდაცვითი კანონმდებლობით ხომ შესაძლებელია, გაიწვიონ ვაშაძე რუსულ არმიაში? ხომ არის რუსეთის მოქალაქე? ასეთ აბსურდულ სიტუაციაში ტალიავინს ნუ ასწავლიან ჭკუას.
ისტორიის ლოგიკის თვალსაზრისით, სააკაშვილს წაგებული აქვს. სასწაული რომ მოხდეს და საპროტესტო მუხტი ჩაკვდეს, პირობას გაძლევთ: ჩვენს ხელისუფლებაში ისეთი გენიოსები არიან, რომ თვითონ გააღვიძებენ ამ მუხტს.
ქვეყანა იქცეოდა და ტურა ქორწილს იხდიდაო. თბილისის განვითარების გენერალური გეგმა მიიღეს. რა დროს გენერალური გეგმაა, ბიუჯეტს ვერ ავსებ!
- დედაქალაქის ბიუჯეტი 64 მილიონით გაიზარდა.
- კი, ბატონო, მაგრამ ხელფასები რატომ არ რიგდება, ეს ვერ გავიგე. ახლა, თბილისის ზღვაზე გადავიტანთ რკინიგზასო. ვურჩევდი, რომ მარტო რკინიგზას ნუ გადაიტანენ; საზღვაო პორტიც ააშენონ, სამხედრო ბაზაც და ერთი-ორი ავიამზიდიც ჩაუშვან თბილისის ზღვაზე. ვერ ვიტან, როცა იდიოტად მთვლიან.
Комментариев нет:
Отправить комментарий