25 марта, 2011

დიქტატურა შესაძლებელია?

"რეზონანსი"
11 ივლისი, 2009


გიორგი ხუციშვილი: "ოპოზიციამ მომენტი დაკარგა"
"ადრე ქართველისთვის რომ გეკითხათ, შესაძლებელია თუ არა საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის (არათუ დიქტატურის) ჩამოყალიბება, ყველა გეტყოდათ: "შეუძლებელია". იმიტომ, რომ ქართველი ყველაფერს ეგუება: უპენსიობას, უხელფასობას - ყველაფერს, მაგრამ თავისუფლების შეზღუდვას ვერ შეეგუება. ასეთი იყო ავტოსტერეოტიპი. ახლა კი სიტუაცია შეიცვალა: ჩვენ ფაქტის წინაშე ვდგავართ: ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ვცხოვრობთ და ხალხი, პრინციპში, ამას ეგუება. ეს იმას ნიშნავს, რომ ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება მივიდეთ დიქტატურამდე", - "რეზონანსს" კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი ხუციშვილი ესაუბრა.
- პრეზიდენტმა ობამამ მოსკოვში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მაგრამ მანვე განაცხადა რუსეთის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, რომ "ისეთ სადავო საკითხზე, როგორიც საქართველოა, რუსეთთან პოზიციის თანხვედრა უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის". ამერიკასა და რუსეთს, როგორც ჩანს, საერთო ინტერესები აქვთ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში, მაგრამ ვერ თანხმდებიან საქართველოსთან მიმართებით. თქვენი აზრით, სად შეიძლება გაჩნდეს ზღვარი საქართველოს კონტექსტში რუსეთსა და ამერიკას შორის?
- თუ რა მიმართულებით შეიძლება წარიმართოს ობამასა და მედვედევს შორის ურთიერთობები, ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, როგორ წარიმართება ურთიერთობები მედვედევსა და პუტინს შორის. რუსულ პოლიტიკაში არის ორი ხაზი - პუტინისა და მედვედევის. მედვედევის ხაზი უკვე გამოიკვეთა. ის შედარებით რაციონალური და თავშეკავებულია.
- მაგრამ ობამა ამბობს, რომ განსხვავება პუტინისა და მედვედევის პოზიციებს შორის პრაქტიკულად არ იკვეთება.
- სინამდვილეში, განსხვავება არსებობს.
ნიშანდობლივია ისიც, რომ ამერიკის პრეზიდენტს, ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ამერიკის პარტნიორად ითვლება და სადაც სერიოზული პრობლემები არსებობს, მოსკოვის შეხვედრებზე არც კი უხსენებია. მაგრამ საქართველო გამოკვეთილი საკითხი იყო და გარკვეული განცხადებაც გაკეთდა მასთან დაკავშირებით. ამით ობამამ აგვისტოს მოვლენები გარკვეულწილად შეაფასა. მოსკოვი ელოდებოდა, რა რეაქცია ექნებოდა ამერიკის პრეზიდენტს საქართველოსთან მიმართებით. და მან ეს რეაქცია დაინახა.
- მაგრამ ჩვენ ვნახეთ ისიც, თუ რა რეაქცია ჰქონდათ რუსეთის ლიდერებს ობამას განცხადებაზე.
- გასათვალისწინებელია, რომ ობამა-მედვედევის შეხვედრა მოხდა იმ აჟიოტაჟის ფონზე, როდესაც ტალიავინის კომისიის მიერ დასკვნის მიღება გადაიდო. პროცესი იწელება. როგორც ახლა ირკვევა, სექტემბრის ბოლომდეა გადატანილი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ტალიავინზე არის სერიოზული ზეწოლა ყველა მხრიდან და მას კიდევ სჭირდება დრო მოსაფიქრებლად. ტალიავინი, ჩემი აზრით, დროს წელავს.
- ზეწოლას ვინ ახორცილეებს?
- ქართული მხარეც და რუსეთის მხარეც.
- და დასავლეთიც?
- და დასავლეთიც.
- დასავლეთის მხრიდან რა ტიპის ზეწოლა შეიძლება არსებობდეს?
- რომ აქ გათვალისწინებული იყოს დასავლეთის ინტერესები. მათ თავიანთი ინტერესები აქვთ. მაგრამ დასავლეთის მხრიდან ზეწოლა რაციონალური ზეწოლაა. ლოგიკური ზეწოლა. რუსეთისა და საქართველოს მხრიდან კი ზეწოლა არის პოლიტიკური ხასიათის.
ვფიქრობ, ტალიავინის კომისიის დასკვნა უკვე გაკეთებული რომ ყოფილიყო ობამა-მედვედევის შეხვედრისთვის, ობამასა და მედვედევის საუბარი ალბათ უფრო საგნობრივი, უფრო კონკრეტული იქნებოდა; ახლა კი იგი დარჩა "სტენდ-ბაის" რეჟიმში, ასე ვთქვათ, გადადებულ რეჟიმში: "ახლა რაღაც ვთქვათ, მაგრამ ამაზე საუბარი მომავალში გავაგრძელოთ". არ არის შესრულებული სარკოზი-მედვედევის ექვსპუნქტიანი დოკუმენტი. დაუკვირდით: ამის შესახებ ობამას არაფერი უთქვამს. ნორმალურ პირობებში კი უნდა ეხსენებინა.
- და ეს რეჟიმი რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს, თქვენი აზრით?
- ეს ალბათ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება საერთოდ, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები - მაგალითად, ირანთან მიმართებით.იმედი მაქვს, დასავლეთის მხრიდან შეიქმნება პირობები იმისთვის, რათა ირანი ჩაებას სახელმწიფოთა ენერგეტკიულ წრეში (დასავლეთის სახელმწიფოები, პლუს თურქეთი). ამით დაქვეითდება ირანის დამოკიდებულება რუსეთზე და უფრო უსაფრთხო გახდება მთლიანად რეგიონი. მაგრამ შეიძლება, პროცესი სულ სხვა მიმართულებითაც წავიდეს.
- მაგალითად, რა მიმართულებით?
- მაგალითად ისე, რომ რუსეთს დასჭირდეს კონფრონტაციის გაღვივება ირანის მომცველ რეგიონში. თუ ნავთობსა და გაზზე ფასები აიწევს, ეს ცალსახად არ აწყობს ამერიკას და დასავლეთ ევროპას; ეს ცალსახად აწყობს რუსეთს. ფასების მომატება კი, როგორც წესი, საომარი მოქმედების პირობებში ხდება. ამერიკას სჭირდება რუსეთის განეიტრალება იმისათვის, რომ არ მოხდეს ფასების ზრდა. და ამას ჯერჯერობით ცდილობს კონსტრუქციული და მეგობრული მეთოდებით.
ახლა რუსეთს საქართველოსთან ომი არ სჭირდება: ის ვერანაირად გაამართლებს საქართველოს წინააღმდეგ ხელახალ აგრესიას, თუკი მისი პროვოცირება არ მოხდება საქართველოს მხრიდან. რუსეთს ახლა ობამასგან სხვა გარანტიები სჭირდება სწორედ ენერგოპოლიტიკის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. რუსეთს სჭირდება გარანტიები იმისათვის, რომ მსოფლიოს დიდ ნაწილში ენერგოპოლიტიკაში მონოპოლია დარჩეს. ამისთვის კი სჭირდება, სულ მცირე, ის, რომ ამერიკა ამაში არ ჩაერიოს.
- და მიიღო ეს გარანტიები?
- გარანტიები არ მიუღია. ირანის საკითხი დარჩა ძალიან გაურკვეველი. ავღანეთთან დაკავშირებით მოხდა წინსვლა, გარკვეული დათმობა რუსეთის მხრიდან იყო, მაგრამ რის ხარჯზე მოხდა ეს დათმობა, ჯერ არავინ იცის. ამიტომ: გარიგებები ჯერ კიდევ იქნება; კიდევ ბევრჯერ იქნება ამერიკის ტესტირება რუსეთის მხრიდან - თუ რაზეა წამსვლელი ობამა. ნიშანდობლივია, რომ ობამას უკვე უმკვიდრდება ძალიან არასასურველი იმიჯი - აუჩქარებელი მოთამაშის იმიჯი, რომელიც შეიძლება არასწორად იყო გაგებული რუსეთის მხრიდან. ამერიკას კი სულაც არ აწყობს, რომ ასეთი იმიჯი განუვითარდეს "მიმწოლი" რუსეთის ფონზე. ამიტომ, ამერიკის მხრიდან ალბათ იქნება გარკვეულწილად დამაბალანსებელი სვლებიც. ამერიკის მმართველ რგოლში ობამასგან უფრო აქტიურ ქმედებებს მოითხოვენ. იმედი მაქვს, რომ ასეთი ქმედებები უახლოეს თვეებში შეეხება "ნაბუკოს" პროექტის ამუშავებას.
- როგორ დაახასიათებთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს? თქვენი დაკვირვებით, ვინ იმარჯვებს არსებულ პოლიტიკურ კონფლიქტში?
- ვერც ერთი მხარე ვერ იმარჯვებს. ხელისუფლებას ჰგონია, რომ იმარჯვებს, ვინაიდან ჩაცხრა საპროტესტო ტალღა. მაგრამ ეს არ არის გამარჯვება. პრობლემები გადაუჭრელი რჩება. ამის გამო საპროტესტო ტალღა გამეორდება - სავარაუდოდ, შემოდგომაზე. ზაფხული მაინც მკვდარი სეზონია. სექტემბრიდან ისევ გააქტიურდება პოლიტიკური ცხოვრება.
სელექტიური სამართლის იმიჯი არის დამანგრეველი სახელმწიფოსთვის. ახლა ამ იმიჯს კიდევ უფრო ამყარებენ ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით. ცვლილებების ახალი პაკეტი რეჟიმს მნიშვნელოვნად გაამკაცრებს. და უკვე იცით, რა ხდება? სულ უფრო ბევრი ადამიანი ფიქრობს საზღვარგარეთ გადასახლებაზე. სულ უფრო ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომელთა ოჯახის წევრები სამშობლოდან მიდიან. უცხოეთიდან დაბრუნებას კი არ აპირებენ. ეს ყველაზე საშიში პროცესია. ხელისუფლების ქმედებების გამო ხალხში მკვიდრდება აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენთან ნორმალური სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდება.
- ამ ლოგიკის მიხედვით, ჩვენი საზოგადოება უფუნქციოა.
- დიახ. ოპოზიცია ჩვენთან ამ პროცესებისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა, მაგრამ მოუმზადებებლია საზოგადოებაც. ილუზორული იყო შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენთან სამოქალაქო საზოგადოება მომწიფდა. სინამდვილეში, ასე არ არის. საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჩაკეტილი, უფუნქციოა. ის გავლენას ვერ ახდენს პროცესებზე და უფრო მომხმარებლური დამოკიდებულება აქვს გარემოს მიმართ. გარდა ამისა, ოპოზიციასთან მიმართებით იმედები გაუცრუვდათ. როდესაც აცხადებ, რომ საკნების ქალაქად გადააქცევ თბილისს, რიგში უნდა გყავდეს უამრავი ადამიანი, რომლებიც მზად არიან, საკნებში იცხოვრონ. თუკი ეს მუხტი მოდის ხალხისგან, მაშინ ბრძოლის ამ მეთოდს აქვს გამართლება. მაგრამ, როდესაც შენ დგამ საკნებს იმისათვის, რომ დისკომფორტი შეუქმნა ხელისუფლებას, სინამდვილეში კი ამით ხალხს უქმნი დისკომფორტს (ხელისუფლება მშვენივრად გრძნობს თავს: შემოვლითი გზებით დადის), საკნები რჩება ცარიელი. და როდესაც ვიღაც მათ აღებას მოინდომებს, გამოჩნდებიან სხვები და ამბობენ: რატომ მიგაქვთ, აქ უნდა დარჩესო. რატომ უნდა დარჩეს, თუ თავისი ფუნქცია დაკარგა? ისწავლე სხვა მეთოდით ბრძოლა! სხვა მეთოდის გამოყენება! ოპოზიციის ბრძოლის მეთოდები იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ მის უკან ხალხი დგას. მათ ეგონათ, რომ ხალხი საკნებისკენ სირბილით გასწევდა. არ გამოიქცა ხალხი საკნებისკენ!
ხელისუფლება კი სათავისოდ ძალიან აქტიურად მუშაობს ზაფხულშიც. საერთაშორისო დონეზეც იმუშავეს. ელჩები აქ, პრაქტიკულად, ისეთ პოზიციას იკავებენ, როგორსაც ანალოგიურ შემთხვევებში ევროპაში არ დაიკავებდნენ.
ოპოზიციამ მომენტი დაკარგა. არასწორი მეთოდების გამოყენებით, პრაქტიკულად, ჩიხში ჩაიგდეს თავი. ხალხი დაინტერესებულია პოლიტიკური ბრძოლით, მაგრამ არა უშედეგო, არაფრისმომცემი მეთოდებით ბრძოლით. მან ხელი ჩაიქნია. ფიქრობს: მაინც ვერაფერს მიაღწევენ და რა აზრი აქვს, რომ მეც თავი გავიგიჟო.
- ამ ფაქტორების გათვალისწინებით, თქვენი აზრით, დიქტატურის ჩამოყალიბება შესაძლებელია თუ არა?
- დიქტატურა შესაძლებელია. ადრე ქართველისთვის რომ გეკითხათ, შესაძლებელია თუ არა საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის (არათუ დიქტატურის) ჩამოყალიბება, ყველა გეტყოდათ: "შეუძლებელია". იმიტომ, რომ ქართველი ყველაფერს ეგუება: უპენსიობას, უხელფასობას - ყველაფერს, მაგრამ თავისუფლების შეზღუდვას ვერ შეეგუება. ასეთი იყო ავტოსტერეოტიპი. ახლა კი სიტუაცია შეიცვალა: ჩვენ ფაქტის წინაშე ვდგავართ: ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ვცხოვრობთ და ხალხი, პრინციპში, ამას ეგუება. ეს იმას ნიშნავს, რომ ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება მივიდეთ დიქტატურამდე.

Комментариев нет:

Отправить комментарий