4 მაისი, 2009
"ჩვენ თავისუფლება გვინდა, მაგრამ ვერ ვხედავთ თავისუფლების გზას"
"პოლიტიკური კრიზისი დასრულდა მაშინ, როცა სააკაშვილმა ერთ ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვა რეფერენდუმზე მოთხოვნა. ახლა დაიწყო პოლიტიკური კონფლიქტი - როცა მხარეებს ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე არ შეუძლიათ თავიანთი ინტერესების რეალიზაცია", - "მთელ კვირას" პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრება.
- რამდენიმე დღის წინ ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი სისტემური ცვლილებებია; და თუ ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნება გამოვლინდება, ოპოზიცია შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ოპოზიციამ თამასა დასწიოს?
- ეს ამას არ ნიშნავს. სააკაშვილი მის მიერვე დაგებულ ხაფანგშია მომწყვდეული. ამიტომ მისი მხრიდან ნებისმიერი დათმობა, ბუნებრივია, სისტემის დემონტაჟს მოახდენს. მანკიერი პირამიდიდან ნებისმიერი აგურის გამოცლა პირამიდას დაანგრევს. ამიტომ აბსოლუტურად გონივრულია ჩვენი მიზანი - მხოლოდ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, და მოთხოვნა ამ მიზნის მისაღწევად - სააკაშვილის გადადგომა. სხვა ენა მათ არ ესმით.
- თქვენ ამბობთ, რომ ალასანიას ალიანსიც მხოლოდ ამას ითხოვს?
- რა თქმა უნდა. ოპოზიციის მხრიდან დღის წესრიგში მხოლოდ ეს საკითხი დგას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან არ შეიძლება, დღის წესრიგში ჩაიწეროს სხვა თემები. თუ ხელისუფალი დღის წესრიგში ჩადებს სისტემურ ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებს, მაშინ ეს განხილვადი იქნება. მაგრამ სააკაშვილი არაფერს თმობს. სისხლისმსმელ ტერორისტებზე მეტად საშიშია! ისინი თითქოს კეთილი ნების გამოვლენისთვის რაღაც დათმობებზე მაინც მიდიან!
- თუ სააკაშვილი არანაირ დათმობაზე წამსვლელი არ არის, მაშინ როგორ უნდა გავიგოთ ალასანიას მზაობა შეხვედრისთვის?
- ალასანია დარწმუნებულია თავის სიმართლეში. სააკაშვილს კი ყუბანეიშვილის სხვა ყუბანეიშვილით შეცვლაც კი არ შეუძლია. ამას არ ვითხოვ, ბუნებრივია; უბრალოდ, იმას ვამბობ, რომ ის ამის გამკეთებელიც კი არ არის.
დიალოგის ფორმა იყო ოპოზიციის მიერ შეთავაზებული რეფერენდუმი. ამაზე არა თუ არ წამოვიდა, ხმაც არ ამოუღია! მე ხშირად მაბრალებენ, თითქოს აფხაზებს დამოუკიდებლობაზე ველაპარაკები. აბა, რაზე ველაპარაკო? მათ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი უნდათ. სხვანაირად როგორ დავარწმუნო, რომ მათი ინტერესების რეალიზაცია შეიძლება დამოუკიდებლობის მინიჭების გარეშეც? როცა ადამიანს არ ელაპარაკები იმ თემაზე, რაც მას აინტერესებს, მას ჰგონია, რომ შენ ამ თემის გეშინია. მე ვერ ვხედავ მათ დამოუკიდებლობას და ამიტომ მათთან საუბრის არ მეშინია. თუ არ დაელაპარაკე ადამიანს იმ თემაზე, რაც მას აინტერესებს, მაშინ მოლაპარაკება არ შედგება. სააკაშვილი არ არის მზად, რამე ნაბიჯი გადადგას დიალოგისაკენ.
- ეს ალბათ კარგად იცის ალასანიამაც. თქვენი აზრით, რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს?
- იმიტომ, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს. ის სთავაზობს ხელისუფლებას მზადყოფნას, დაინახოს სისტემური ცვლილებებისაკენ გადადგმული ნაბიჯები.
- რომელიც სააკაშვილის მხრიდან მოსალოდნელია?
- მე ამას არ ველოდები. სააკაშვილი ამის გამკეთებელი არ არის.
- და ალასანიამ არ იცის, რომ ეს დროის უქმად დაკარგვა იქნება?
- მე ვერ ვხედავ, რომ სააკაშვილი რამის გამკეთებელია, ალასანია კი, შეიძლება, ხედავს. მისი ნაბიჯები არის გონივრული, პოლიტიკურად გათვლილი. ალბათ იმედი აქვს, რომ სააკაშვილი წამომსვლელია სისტემურ ცვლილებებზე. მე კი უკვე ალასანიაზე მეტად ეჭვიანი ვარ. ძალიან კარგად ვიცი, სააკაშვილი რისი გამკეთებელია.
- თქვენი დაკვირვებით, საზოგადოების დაკვეთა ახლა რა არის: სააკაშვილის წასვლა თუ ხელისუფლების მხრიდან სისტემური ცვლილებების მანიშნებელი ნაბიჯების გადადგმა?
- სააკაშვილის გადადგომა, რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ ყველა ხვდება: სააკაშვილი არაფრის გამკეთებელი არ არის.
- თუ ასეა, ალასანიას ინიციატივას როგორ შეიძლება შეხვდეს საზოგადოება?
- უნდა შეეცადოს, გაგებით შეხვდეს - იმიტომ, რომ ამ ადამიანს აქვს რესურსი, გახდეს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი. ის სერიოზული პოლიტიკური ძალების მიერ არის წარდგენილი. და ის გრძნობს ამ პასუხისმგებლობას.
- ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ გარდა პრეზიდენტის გადადგომისა, აზრი არ აქვს სხვა საკითხებზე დიალოგს, და რომ ნებისმიერმა ადამიანმა ოპოზიციაში უკვე დროა, მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ მოიქცეს. ერთი მხრივ, ბურჯანაძისა და მეორე მხრივ, ალასანიას განცხადებები ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციაში პრინციპულ საკითხთან მიმართებით თანხმობა არ არის?
- ეს არის იმის მანიშნებელი, რომ ოპოზიციაში შესწევთ უნარი, განსხვავებული აზრები შეაჯერონ და საერთო მიმართულებით იმოძრაონ. ყველა ქმედება, 9 აპრილიდან მოყოლებული, არის სინქრონული.
- მაგრამ ჯერჯერობით სააკაშვილი არსად წასვლას არ აპირებს. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს რაში ხედავთ?
- ახლა ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს ამ ტერმინს - "პოლიტიკური კრიზისი" - მაგრამ არ იცის, რომ პოლიტიკური კრიზისი საქართველოში დიდი ხანია, დასრულდა, და დაიწყო პოლიტიკური კონფლიქტი. კრიზისი არის მაშინ, როცა ხელისუფლებას უჭირს, მართოს ვითარება - იმიტომ, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მას, როგორც ხელისუფალს, არ აღიქვამს. პოლიტიკური კრიზისი დასრულდა მაშინ, როცა სააკაშვილმა ერთ ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვა რეფერენდუმზე მოთხოვნა. ახლა დაიწყო პოლიტიკური კონფლიქტი - როცა მხარეებს ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე არ შეუძლიათ თავიანთი ინტერესების რეალიზაცია.
პარლამენტი აქამდე არასდროს ყოფილა პარალიზებული. კონსტიტუციას არღვევენ. მომიტინგეებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა პარლამენტს მუშაობაში ხელი არ შეეშალოს. ანუ, იქ შესვლა შეიძლება. მანქანით ვერ მიბრძანდები, უბრალოდ: "სირცხვილის დერეფანი" უნდა გაიარო. ახლა, მათ უნდათ რომ თავიანთი კეთილშობილი გვამები მიიტანონ კაბინეტებამდე. კაბინეტამდე რომ მიდიოდეს მანქანის გზა, დარწმუნებული ვარ, კაბინეტში ჩამოვიდოდნენ მანქანიდან! აშკარაა, რომ ხელისუფალი ვერ მართავს სიტუაციას. ის იმართება არა კონსტიტუციით, არამედ ოთხი-ხუთი კაცის მიერ: შეიძლება ტელეფონებით; ან სადღაც იკრიბებიან: შავნაბადაზე, მოდულში ან სადმე სხვაგან. ეს ტიპური პოლიტიკური კონფლიქტია, რომელიც, მადლობა ღმერთს (ოპოზიციის დამსახურებით, სხვათა შორის), არ იზრდება შეიარაღებულ პოლიტიკურ კონფლიქტში. ხელისუფლებამ ვერაფრით ჩაითრია ოპოზიცია კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში. ის საცოდავები კამერებში ნარკომანებსაც კი ვერ პოულობენ და თავისი ნარკომანები შეჰყავთ!
შეიძლება ვიღაცამ დასვას კითხვა, რამდენად არის წარმატების მომტანი ოპოზიციის ქმდებები (ეს სრულიად ლეგიტიმური კითხვაა), მაგრამ ოპოზიციაში კრიზისი არ ჩანს. მისი ნაბიჯები კარგად არის გათვლილი. კრიზისი კი ჩანს ხელისუფლებაში.
- მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ შეიძლება ვიღაცამ დასვას კითხვა, რამდენად არის ოპოზიციის ქმედებები წარმატების მომტანი.
- სააკაშვილმა სხვა არაფერი დაუტოვა ოპოზიციას, გარდა ასეთი ქცევებისა.
- და ეს ჩიხისკენ არ მიდის?
- ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ეს ჩიხისკენ მიდის.
- დასავლეთი რატომ ითხოვს, რომ პოლიტიკური პროცესი ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს?
- იმიტომ, რომ დასავლეთი დესტაბილიზაციის წინააღმდეგია. მოზამბიკში ლამის მარადიული პრეზიდენტის, მუგაბეს მიერ გაყალბებული არჩევნების გამო ტომები შეეჯახნენ ერთმანეთს. წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს იმ კუთხის მცხოვრებლებმა, რომელმაც წააგო არჩევნები, ამოხოცონ მოგებული ტომის ხალხი, რომელიც მათ მხარეში ცხოვრობს. მსოფლიომ დაგმო ეს საშინელება, მაგრამ მიხვდა, რომ მუგაბეს ხელშია ძალაუფლება და მოუწოდა ოპოზიციას, მასთან მოლაპარაკებაზე წასულიყო. და დღეს ოპოზიციის ლიდერი - ცვანგირაი არის პრემიერ-მინისტრი მუგაბესთან. მსოფლიოს სიწყნარე სჭირდება. როცა ევროპელები ჩვენგან წესრიგს მოითხოვენ, ისე გვიყურებენ, როგორც აფრიკელებს, ჩვენ კი მათ უნდა დავუმტკიცოთ, რომ ევროპელი ხალხი ვართ; რომ არ ავიტანთ იმას, რასაც ისინი არ აიტანენ თავიანთ ქვეყანაში.
...მთელი ევროპა გადასულია მოკრძალებულ ცხოვრების წესზე. "დიდი ოციანის" შეხვედრა რომ იყო ლონდონში, წინასწარ გამოქვეყნდა მოკრძალებული მენიუ, რომელიც ლონდონში მყოფი სახელმწიფოების მეთაურებისთვის შეადგინეს. სწორედ იმ დღეს სააკაშვილი სუშის რესტორანში იჯდა! იმპერატორად იქცა და რასაც უნდა, იმას აკეთებს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კი ამას ამართლებენ! ვიდრე პირველი ღამის უფლებას არ მოითხოვს "ნაციონალური მოძრაობიდან", მანამდე ვერ მიხვდებიან, ვინ არის?!
...ყველაზე დიდი დანაშაული, რაც ჩვენს ქვეყანაში მოხდა, გირგვლიანის მკვლელობაა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელად გადაიქცა! უკვე დამცველი არავინ არის! და შენ არ იცი, როგორ დაიცვა თავი. ახლა ადამიანები შსს-გან თავის დასაცავად ჯოხებით შეიარაღდნენ. ჯოხი აკრძალული არ არის. პოლიციას ჯოხისაც კი შეეშინდა. როგორ შეიძლება, ჯოხით შეუვარდე ვიღაცას? ჯოხით შეიძლება მხოლოდ თავი დაიცვა. შეიძლება ფორმა იყო არასწორი, მაგრამ ეს აბსოლუტურად ბუნებრივი რეაქციაა.
...გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, რობაქიძე და სხვები - აი, ეს არის ყველაზე საშიში, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ამაზე საზოგადოებამ რეაგირება რომ არ გააკეთა, იმიტომ მივიღეთ 7 აგვისტო.
- თუ ასეა, ზემოთ რატომ აღნიშნეთ, რომ არადემოკრატიულ გარემოს ვერ ვიტანთ?
- ქართული საზოგადოება ვერ იტანს არადემოკრატიულ გარემოს, მაგრამ არ იცის, რა არის დემოკრატია. ჩვენთან გვაქვს დემოკრატიული ინსტინქტები, მაგრამ არ გვაქვს დემოკრატიული ინსტიტუტები. ჩვენ კარგად ვიცით, რა არ გვინდა, მაგრამ არ ვიცით, რა გვინდა. ეს ინფანტილური ქცევაა: როცა ბავშვმა იცის, რა არის ცუდი, მაგრამ არ იცის, რა არის კარგი. ეს ინსტინქტები დამპყრობლებთან მუდმივმა ბრძოლამ ჩამოგვიყალიბა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს ჩაკვდა ყველაფერი და გადაიზარდა ნაციონალისტურ ინსტიტუტებში: ქართულ თეატრში, კინოში, ლიტერატურაში, ფეხბურთში... მაგრამ იგი ვერ განვითარდა სამოქალაქო განვითარების თვალსაზრისით. ამიტომ გვაქვს დღეს პრობლემა: ჩვენ არ ვიცით გამოსავალი: ვტრიალებთ დახურულ სივრცეში და გასასვლელს ვეღარ ვპოულობთ - დაახლოებით ისე, "მონანიებაში" კუბოს რომ დასტრიალებენ და გასასვლელს ვერ პოულობენ. ჩვენ თავისუფლება გვინდა, მაგრამ ვერ ვხედავთ თავისუფლების გზას. საკმარისია, ადამიანმა განსხვავებული აზრი გამოთქვას, რომ უკვე მოღალატეა. პრობლემის აღიარება არ შეგვიძლია. როცა აფხაზეთზე ვთქვი, რა პრობლემა გვაქვს აფხაზეთის აღიარებაზე-მეთქი, გამოაცხადეს, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უნდაო! ამ დროს, სიტყვა "დამოუკიდებლობა" არც მიხსენებია. აფხაზეთს, როგორც ფენომენს, მოცემულობას ვერ ვაღიარებთ!
ოპოზიციაში უნდა აღიარონ, რომ განსხვავებული აზრი არის მისაღები, რათა ქვეყანა გამოვიდეს კრიზისიდან. ხელისუფლებას კი განსხვავებული აზრი არ აქვს. მას მხოლოდ სიჯიუტე გააჩნია. სიჯიუტესთან თანამშრომლობა კი შეუძლებელია.
- თუ გავაკეთებთ დაშვებას, რომ შესაძლოა, სააკაშვილი წავიდეს დათმობებზე სისტემურ ცვლილებებთან დაკავშირებით, ეს როგორ შეიძლება აღიქვან იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ აქციები არის პრაქტიკულად ერთადერთი რეალური გზა მიზნის მიღწევისთვის?
- ეს საუკეთესო ტესტი იქნება ოპოზიციის გამოსაცდელად. დღეს ოპოზიციაში ყველაფერი წესრიგშია. როგორც კი სააკაშვილი გადადგამს სისტემურ ნაბიჯებს და გამოჩნდება, როდის შეიძლება წავიდეს - არა ვადებში, არამედ მოქმედებებში... ვიცნობ მღვდლებს, რომლებიც ძღვენზე სულწმიდის გადმოსვლას დიდხანს ელოდებიან. სულიწმიდის გადმოსვლამდე ის მხოლოდ პური და ღვინოა. და ჯერ კიდევ არ ქცეულა ქრისტეს სისხლად და ხორცად. არ შეიძლება, ვადებში განვსაზღვროთ მოვლენები. როგორც კი სააკაშვილი სისტემური ცვლილებებისკენ ნაბიჯებს გადადგამს, გაიხსნება ახალი პროცესი.
- და ეს ის არის, რაც საზოგადოებას უნდა?
- ეს სწორედ ის არის, რაც საზოგადოებას უნდა, და რასაც, შეიძლება, საზოგადოება ვერ გრძნობს.
- ალასანია ამბობს, რომ საპროტესტო აქციების პარალელურად, ოპოზიციამ უნდა გახსნას მეორე ფრონტი - მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს დაახლოებით რა ვადებში შეიძლება მოხდეს?
- ეს ვერ მოხდება, ვიდრე სააკაშვილი არ გადადგამს მკაფიო მესიჯით გაჯერებულ ნაბიჯს.
- და თუ არ გადადგამს, მაშინ მხოლოდ საპროტესტო აქციები მიგიყვანთ მიზანთან?
- დიახ. საპროტესტო აქციები ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. ცხადია, მას უნდა დაემატოს ახალი იდეები.
- კახა კუკავა ამბობს: სტრატეგია არ შეიცვლება - იმიტომ, რომ იგი წარმატებული აღმოჩნდაო.
- დღეისთვის წარმატებულია. როდის იწყება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა? როდესაც ერთ-ერთი მხარე თვლის, რომ დრო მის საწინააღმდეგოდ მუშაობს. მხარეები პრინციპულები არიან იქამდე, ვიდრე მიიჩნევენ, რომ დრო მათ სასარგებლოდ მუშაობს. დღეს სააკაშვილიც და ოპოზიციაც თვლის, რომ დრო მათ სასარგებლოდ მუშაობს. რომელიღაც მხარე უნდა მიხვდეს, რომ დრო უკვე მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს. ჯერჯერობით ვგრძნობ, რომ ეს დრო მუშაობს ოპოზიციის სასარგებლოდ. ამიტომ დღეს კუკავას ამის თქმის უფლება აქვს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალაც ამის თქმის უფლება ექნება. დროს თავისი ადგილი უჭირავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
დღევანდელი წარმატება არ ნიშნავს ხვალინდელ წარმატებას. ამიტომ საჭიროა მუდმივად არამარტო ტაქტიკური ნაბიჯების, არამედ სტრატეგიის გადახედვაც. არ უნდა გახდე დღევანდელი წარმატების მძევალი, თორემ წარმატება კატასტროფად გექცევა.
- თქვენ საპროტესტო აქციებს, მათ ორგანიზებულობას იწონებთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ შეიძლებოდა უფრო ბევრი ადამიანი გამოსულიყო, საზოგადოებაში ოპოზიციის მიმართ ნდობის ხარისხი უფრო მაღალი რომ იყოს?
- ხალხი გამოვიდა იმდენი, რამდენიც საჭირო იყო. ამ ხალხის რაოდენობა 2007 წლის 2 ნოემბერს დაფიქსირდა. მაშინ გამოსული ხალხი გამოდის დღემდე. ანუ, ხალხს როცა დაუძახებ (კონკრეტულ დღეს და კონკრეტულ საათზე), ის გამოვა.
- მაგრამ გახსოვთ ალბათ, 2 ნოემბრის შემდეგ, შარშან, საზოგადოებაში ოპოზიციის მიმართ ნდობის ხარისხი რომ დაეცა.
- არც ხელისუფლების მიმართ გაჩენილა ნდობა.
- მაგრამ ხომ არიან ადამიანები, ვისაც ხელისუფლების მიმართ პროტესტის გრძნობა აქვთ, მაგრამ მაინც სახლში დარჩნენ?
- სახლში არიან იმიტომ, რომ არ ეძახიან. 9 აპრილს რამდენი ხალხი გამოვიდა? როცა ხელისუფალი ყურადღებას აქცევს მომიტინგეების მცირე რაოდენობას, თავის საწინააღმდეგოდ მუშაობს - იმიტომ, რომ ის ვერ ხედავს იმ ხალხს, რომელიც სახლში დარჩა. უნდა გათვალო იმ ადამიანებით, ვინც ქუჩაში გამოვიდა 2 ნოემბერს, 7 ნოემბერს, 13 იანვარს, 20 იანვარს, 26 მაისს. ისინი ძალიან ბევრნი არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა გამოსული ადამიანები უნდა გაამრავლო, სულ ცოტა, ოთხზე მაინც. ანუ, სულ ცოტა ოთხასი ათასი კაცი...
- რა შემთხვევაში გამოვა ოთხჯერ მეტი?
- გამოსვლა არ არის მთავარი. ეს ხალხი ხომ შეტყობინებას აძლევს ხელისუფლებას!
- მაგრამ ეს ხელისუფლება სახლში დარჩენილ პროტესტზე არ რეაგირებს.
- 2005-2006 წლებში იყო განწყობა, რომ ხელისუფლებას სჭირდება არა 10 ათასი, არამედ 100 ათასი ადამიანის გამოსვლა. იმედი ჰქონდა, რომ მის ზნედაცემულობას რაღაც საზღვარი გააჩნდა. 7 ნოემბერმა დაამტკიცა, რომ მას საზღვარი არ აქვს; რომ 100 ათასი კი არა, 5 მილიონიც რომ გამოვიდეს, სულ ფეხებზე დაიკიდებს! ამიტომ: რაოდენობას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა.
- რას აქვს მნიშვნელობა?
- მდგრადობას, პრინციპულობას. დღეს თბილისში ქუჩაში მუდმივად არის 20 ათასი კაცი. ჩვენთან ღამით ქუჩაში ადამიანების ასეთი რაოდენობა არასდროს ყოფილა.
- ეს ადამიანები ხომ ძირითადად რეგიონებიდან არიან მობილიზებული.
- რა მნიშვნელობა აქვს! ხალხი გარეთაა, ქუჩაშია. საქართველო არ არის რეგიონები?
- საქართველოა. მაგრამ 9 აპრილამდე ოპოზიციის ლიდერები ამბობდნენ, რომ თბილისის პროტესტი საკმარისი იქნებოდა მიზნის მიღწევისთვის. რამდენიმე დღის შემდეგ კი რეგიონებიდან მოხდა ხალხის მობილიზება. რატომ?
- იმიტომ, რომ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ ხელისუფლების დაცემულობის ძირი გამოჩნდებოდა. და კიდევ არ გამოჩნდა! თბილისში მცხოვრები ადამიანების მაქსიმალური რაოდენობა გამოვიდა, ხელისუფლების მხრიდან კი ჩაითვალა: თბილისი საკმარისი არ არის, რეგიონები სხვანაირად ფიქრობენო. ადრე თუ ამბობდა, ცოტა ხალხიაო, ახლა ამბობს, საქართველო მხოლოდ თბილისი არ არისო!... ვფიქრობ, ამიტომ დადგა საკითხი, რომ რეგიონები უნდა გვეჩვენებინა. ამიტომ იქნა გამოყენებული უნიკალური, თეატრალიზებული - საკნების ფორმა. იმდენ ხანს ებრძოდა სააკაშვილი კრიმინალს, რომ საკანში გამომწყვდეული ადამიანი განდევნილი კი არა, გმირი გახდა!
..."ბომჟებზე" აქვთ გართულება ჩვენს ჟურნალისტებს. რატომღაც ჰგონიათ, რომ "ბომჟი" სააკაშვილზე უარესია! ქრისტიანი ადამიანი ვნების შვიდეულში მოდის და კამერაში კამერით იღებს ე.წ. "ბომჟის", ცოცხალი ადამიანის, ღვთისშვილის ყოფნას - თუნდაც მთვრალის, თუნდაც ნარკომანის! ვნების შვიდეულში გეუბნება, რომ ეს არის ცუდი ადამიანი; ამ დროს კი პრეზიდენტად გყავს სააკაშვილი, და შენ ვერ ხედავ განსხვავებას სააკაშვილსა და "ბომჟს" შორის! სააკაშვილმა ქვეყანა დააქცია და ამ დროს, რატომღაც, გადაცემას აკეთებ "ბომჟზე", რომელმაც მხოლოდ თავის თავს ავნო! "ბომჟზე", რომელიც ბოლოს თურმე ბოკერიას ძმაკაცი და ხელისუფლების აგენტი აღმოჩნდა!
- პოლიტიკური კონფლიქტიდან გამოსავალი რა შეიძლება იყოს?
- მოლაპარაკებები ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. თუ ეს მოხდება, ე.ი. ყველა მხარე ფიქრობს სახელმწიფოზე. და არა თავის თავზე. თუკი "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური ძალაა, რა ჩამოეკიდნენ ამ სააკაშვილს! სხვა ლიდერი წამოაყენონ და წავიდნენ ვადამდელ საპრეზიდნეტო არჩევნებზე! მაგრამ მათთვის სახელმწიფო არის მხოლოდ და მხოლოდ ბალიში, რაზეც შეიძლება იჯდე! ალბათ იციან, რომ სააკაშვილის გარეშე მათი ადგილი ციხეშია.
- ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ალასანია დასავლეთის ერთგვარ ინსტრუქტაჟს ასრულებს. რა საფუძველი გაქვთ თქვათ, რომ ასე არ არის?
- ეს არის ზღა-პა-რი. ალასანია არის დასავლურად მოაზროვნე ადამიანი. ჩვენ კი განსხვავებული აზრის ატანა არ შეგვიძლია და ყველგან მითებსა და ლეგენდებს ვეძებთ. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ალასანია ინსტრუქციებს არ ასრულებს; მე დარწმუნებული ვარ დასავლეთში - რომ არავითარი ინსტრუქციებით არ მართავენ ჩვენს ქვეყანას. დასავლეთი ყველგან დემოკრატიას ეძებს. რევოლუციის დღეებში დასავლეთიდან სააკაშვილზე გათვლა არ იყო, მაგრამ მან მოახერხა ხალხის დაჯერება, რომ წარმატებული ლიდერია, და დასავლეთი იძულებული იყო, ამისთვის ანგარიში გაეწია. სერიოზული სახსრები ჩამოვიდა, რათა სამოქალაქო საზოგადოებას დახმარებოდნენ. სააკაშვილმა კი ყველაფერი დაასამარა. ოპოზიცია "გაფარჩაკდაო" - დაგვავიწყდა, გახარებული რომ იყო?!
- თქვენი აზრით, ოპოზიციის "გაფარჩაკების" საფრთხე ისევ არ დგას?
- თუ "გაფარჩაკდა", ე.ი. ეს სახელმწიფო პრობლემაა. დღეს ოპოზციია გამოხატავს ხალხის ნებას. ამის მშვენიერი მაგალითია ალასანიას მიერ მიტინგზე გაკეთებული შეთავაზება მოლაპარაკების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. საზოგადოებამ ეს არ მიიღო. ეს არის იმის მაგალითი, რომ ხალხი მართავს პროცესებს და არა ოპოზიცია - ხალხს.
- თუ ასეა, რატომ მიდის ალასანია მოლაპარაკებებზე?
- არ მიდის. ის ცდილობს, ხალხი დააჯეროს, რომ მოლაპარაკებებზე წასვლაა საჭირო. რა მნიშვნელობა აქვს ამის გაკეთებას, თუ ხალხი ამას არ მიიღებს? ჩვენ განსხვავებული აზრის მიღება უნდა ვისწავლოთ. ჯერ წარმატებულ გზაზე ვართ, მაგრამ შეიძლება დავმარცხდეთ, თუკი შიგნით, საზოგადოებაში ვერ ვიპოვით გამოსავალს. დღეს პრობლემა სააკაშვილშია და მისი და მის გუნდში არსებული პრობლემები ფარავს დანარჩენ პრობლემებს. მაგრამ როგორც კი ის წავა, მერე ჩვენი პრობლემები წამოიწევს. დღეს უნდა ვიყოთ მზად ამისათვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий