07 марта, 2011

ხელისუფლების დაშლის გეგმა

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"

19 თებერვალი, 2009


სალომე ზურაბიშვილი: "იქ, შიგნით, უკვე ამბობენ, შეიძლება მარტშიც აღარ ვიყოთო"

სალომე ზურაბიშვილი: "საქართველოს დისკრედიტირებული ხელისუფლება საერთაშორისო სივრცეში ჩვენი ინტერესების დაცვის ძალიან ძლიერი ხელი ხელისშემშლელი ფაქტორი გახდა.
უკვე ამ ხელისუფლების ნგრევის ისეთი პროცესი მიდის, რომ მე, უბრალოდ, ამას ხელი არ უნდა შევუშალო. ყველაფერს თვითონ აკეთებენ, არ ხედავთ? გადამპალი ნაყოფივით არის, რომელიც თავისით ვარდება ხიდან. ახლა ჩვენ არ უნდა დავუშვათ ისეთი შეცდომები, რაც ამათ ხელოვნურად გააძლიერებს. მათ სტრატეგიაში არ უნდა ჩავერთოთ. ერთმანეთი არ უნდა ვლანძღოთ. ალბათ ამჩნევთ, რომ არავისზე არაფერს ვამბობ.
ახლა მთავარია, არ ავეწყოთ მათ სტრატეგიაზე. ჩვენ პასუხისმგებლები ვიქნებით იმაზე, თუ რა მოხდება მეორე დღიდან: არჩევნებისთვის უნდა მოვემზადოთ.
ახლა უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ხალხის ნების გამოხატვას. საზოგადოებრივი აქტიურობის სხვადასხვა ფორმა (იმპიჩმენტის მოთხოვნა, ხელმოწერები, სახალხო კრება) ხელისუფლებაზე ძალიან ძლიერი ფსიქოლოგიური და პოლიტიკური ზეწოლა იქნება. ამან მათში უკვე გამოიწვია მღელვარება. იქ, შიგნით, უკვე ლაპარაკობენ, - შეიძლება, მარტშიც აღარ ვიყოთო. სწორედ ამაზე უნდა ვიმუშაოთ: მათ სისუსტეზე წვეთ-წვეთად უნდა ვაძლიერებდეთ ზეწოლას: "წახვალ, წახვალ, წახვალ... კართაგენი უნდა დაინგრეს... უნდა დაინგრეს..." აი, ეს არის ჩვენი ბერკეტები. იმათ კი აქვთ საშუალება, რომ გვესროლონ - თუკი ამას გადაწყვეტენ. როცა ადამიანები ერთმანეთს თვალს უსწორებენ, პირველი ვინ დახრის? ახლა სწორედ ეს ვითარება იქმნება. ამას დიდი შინაგანი სიმშვიდე და სიმტკიცე სჭირდება. სწორედ ამიტომ, ახლა რაღაც გეგმის მომზადების პერიოდი კი არ არის, არამედ ეს შინაგანად მომზადების პერიოდია. ისე ხდება, რომ ეს პერიოდი უკავშირდება მარხვას. ეს ძალიან კარგია..."
"რეზონანსი" პარტია "საქართველოს გზის" ლიდერს, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს - სალომე ზურაბიშვილს ესაუბრება.

- რა მნიშვნელობას ანიჭებთ რუსეთის მიერ საქართველოს კონფლიქტურ ზონებში სამხედრო ბაზების მშენებლობაზე საუბრის დაწყებას? თქვენი აზრით, რეალურია სამხედრო ბაზების აშენების პერსპექტივა? თუ ეს თემა რუსეთმა მხოლოდ იმიტომ ააგორა, რომ იგი საერთაშორისო სივრცეში სავაჭრო საგნად აქციოს?
- არც ერთი ვერსია არ უნდა გამოვრიცხოთ, მაგრამ ნათელია, რომ ეს თემა სავაჭროც არის.
ბოლო პერიოდში რუსეთმა რამდენიმე კონფრონტაციული ხასიათის გადაწყვეტილება მიიღო. სამხედრო ბაზების საკითხი ერთ-ერთია მათ შორის. მნიშვნელოვანია, რომ ახლა იწყება ამერიკის ახალ ადმინისტრაციასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე, სადაც ევროპაც, რაღაც ფორმით, ჩართული იქნება. ეს ის საკითხებია, რომლებიც არსებობს რუსეთს, ამერიკასა და ევროპას შორის. პირველი შეხვედრა ამ დღეებში შედგება - ჰილარი კლინტონსა და ლავროვს შორის. ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები იქნება მთელ რიგ საკითხებზე. ჩვენთვის კი მთავარი პრობლემა არის არა ის, თუ რა არის სავაჭრო თემა და რა - არა; მთავარი ის არის, რომ საქართველო არსად ფიგურირებს. ჩვენ მოლაპარაკებების ობიექტი ვართ და ამ დროს არავინ ზრუნავს იმაზე, რომ გაიგოს, რა ინტერესები გვაქვს.
- არც დასავლეთი?
- არც დასავლეთი! სად ვართ ჩვენ?! ვინ გვთვლის რამედ?! საქართველოს დისკრედიტირებული ხელისუფლება საერთაშორისო სივრცეში ჩვენი ინტერესების დაცვის ძალიან ძლიერი ხელისშემშლელი ფაქტორი გახდა. სააკაშვილს რომ არ ხვდებიან და არ ალაპარაკებენ მიუნხენში ან დავოსში, ეს სერიოზული პრობლემაა.
- მაგრამ ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები ხომ ამბობთ, რომ შეიცვალა დასავლეთის დამოკიდებულება უშუალოდ ხელისუფლების მიმართ, თუმცა ეს საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე არ აისახებაო?
- შეიძლება საუბრებში თქვან, საქართველო კარგი ქვეყანაა და გვიყვარსო, მაგრამ სინამდვილეში, ჩვენ ამ მოლაპარაკებებში აღარ ვფიგურირებთ, როგორც ერთ-ერთი მთავარი სუბიექტი. ნდობა, ავტორიტეტი უნდა დავიბრუნოთ.
- ფინანსურ მხარდაჭერაზე რას იტყვით?
- დონორთა კონფერენციის მიერ გამოცხადბული თანხების შემოსვლა არც ისე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. საერთოდ, დონორთა კონფერენციაზე განაცხადის გაკეთება და მისი შესრულება ორი სხვადასხვა რამ არის: შეიძლება არც წამოვიდეს ის თანხა და მორჩა! საერთოდ, ითვლება, რომ დონორთა კონფერენციებზე გამოცხადებული თანხის დაახლოებით ნახევარი მიდის დანიშნულების ადგილას - იმიტომ, რომ ყოველთვის არის შეფერხებები ან ათვისებაში, ან თვით იქიდან გამოგზავნაში.
- თქვენ ამბობთ, რომ საქართველოს ინტერესები არსად ფიგურირებს. საქართველოს კონფლიქტის ზონებში რუსეთის ბაზების განთავსებასთან დაკავშირებით ნატო-ს პოზიციას როგორ აფასებთ?
- ამ გადაწყვეტილებით ის ხელშეკრულება დაირღვევა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თავად ნატო-სთვის. ისინი აპროტესტებენ იმას, რაც მათთვის წარმოადგენს საფრთხეს; სხვა საკითხია, იღებენ თუ არა ისინი მხედველობაში იმას, თუ როგორ არის დარღვეული ჩვენი ინტერესებიც. ჩვენი ინტერესები კი ბევრად უფრო დარღვეულია ოკუპაციით, და ცხინვალისა და სოხუმის აღიარებით, ვიდრე სამხედრო ბაზების გამო - იმიტომ, რომ სამხედრო ბაზა გუდაუთაში ჩვენმა ხელისუფლებამ დატოვა. იგი ინსპექციის გარეშე დატოვეს.
- თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა, დასავლეთი მოექცეს რუსეთის გავლენის ქვეშ?
- ეს არარეალურია. რუსეთმა ძალიან დიდი ძალა დაკარგა. ფინანსური კრიზისი ძალიან მძიმედ აისახება რუსეთის ზოგად გავლენაზე. რუსეთის სამხედრო ბაზების არავის ეშინია. პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ რუსეთის ეს ნაბიჯები არღვევს ევროპის ტერიტორიაზე უსაფრთხოების იმ არქიტექტურას, რომელიც ადრე არსებობდა.
- და ეს არ ნიშნავს ცივი ომის დასაწყისს?
- ვის შეუძლია ცივი ომის დაწყება? აგვისტოს ომმა ძალიან კარგად აჩვენა, რომ რუსეთს არ შეუძლია, ეომოს საქართველოზე უფრო დიდ ქვეყანას. ევროპისა და ამერიკის მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მცდელობა კი არ ნიშნავს მათ სისუსტეს. პირიქით, ეს მათი ძალის ნაწილია. მათ არ უნდათ კონფრონტაციული ურთიერთობა - იმიტომ, რომ ამ კონფრონტაციაში ყველას აქვს დასაკარგი, და არა იმიტომ, რომ რუსეთის ეშინიათ. ისინი ცდილობენ, რუსეთი რაღაცნაირად შემოიყვანონ მოლაპარაკებებში; ჩააყენონ, ასე ვთქვათ, თავიანთ ჩარჩოებში. და იმის ილუზიაც არავის აქვს, რომ ეს ადვილად მოხდება.
- საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს უკვე ეჭვი შეაქვთ აგვისტოს ფაქტების დამდგენი კომისიის ცალკეული წარმომადგენლების ობიექტურობაში. როგორია თქვენი პოზიცია ამ პრობლემასთან დაკავშირებით?
- ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, თუ როგორ ავნებს ეს ხელისუფლება ჩვენს ინტერესებს. ასეთი განცხადების გაკეთება იმ კომისიის მიმართ, რომელიც ევროკავშირის ყველა ქვეყნის თანხმობით შეიქმნა, მხოლოდ ამკვიდრებს მათში იმ აზრს, რომ ჩვენ დამნაშავე ვართ. ამ განცხადებამ ევროკავშირში ძალიან დიდი შეშფოთება გამოიწვია.
- მაგრამ თუკი აღნიშნული კომისიის წევრი ამ კომისიის შექმნამდე გამოხატავდა კრიტიკულ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, მაშინ კომისიის წევრის სტატუსი მისი ობიექტურობის გარანტიას როგორ მოგვცემს?
- ეს კომისიის რომელიმე წევრის დამოკიდებულება კი არ არის; ეს არის საერთო განწყობა მთელ ევროპაში!
- ე.ი. წინასწარვე ცნობილია, როგორი დასკვნა დაიდება?
- დასკვნა როგორი დაიდება, არ ვიცით, მაგრამ იქ ყველამ იცის, ვინ დაიწყო ეს ომი. აქ კი მიდის პროპაგანდა. და ჩვენი ხელისუფლება თავად გახდა ამ პროპაგანდის მსხვერპლი. რაღაც მითებში ვცხოვრობთ, ამ დროს კი ჩვენი ინტერესები ზარალდება. ჯერ ერთი, ტალიავინზე უფრო მიკერძოებული არავინ არის - იმიტომ, რომ საქართველოს მიმართ მას აქვს ძალიან დადებითი განწყობა. ის ამ კონფლიქტებში კარგად არის ჩახედული და ისე იცავდა საქართველოს ინტერესებს, რომ პირიქით, მის მიმართ იყო პრეტენზიები. ჩვენ ან არ ვიცით, ან არ გვინდა, ვიცოდეთ, როგორ ყალიბდება საერთაშორისო აზრი. არ გვესმის, რომ ასეთი განცხადებების გაკეთება არ შეიძლება. მიხეილ სააკაშვილს უკვე არსად იწვევენ - მაშინ, როდესაც ჩვენ ყველგან უნდა ვიყოთ, და ყველგან ვმუშაობდეთ იმაზე, თუ როგორ გამოვიდეთ შექმნილი სიტუაციიდან. ჩვენ კი, მათ, ვინც ამ საქმეში უნდა დაგვეხმაროს, ვლანძღავთ!
- ჟენევის მოლაპარაკებებს რა მნიშვნელობას ანიჭებთ?
- საწყის ეტაპზე იყო ძალიან მოკლე პერიოდი, რომელიც ჩვენ უნდა გამოგვეყენებინა. მაგრამ ჩვენი ხელისუფლებაც აცხადებდა: მე მინდა კონფლიქტური რეგიონების ან მთლიანად დაბრუნება, ან - არაფერი. სწორედ ამ მიდგომის გამო ახლა ეს მოლაპარაკებები გაყინულია. ახლა ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ინტერესები წარმოჩნდეს იმ მოლაპარაკებებში, რომელიც მალე ჩვენს პარტნიორებსა და რუსეთს შორის დაიწყება. ჟენევის ვიწრო წრეს უკვე არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს.
- ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან რას ელებით?
- მათ იციან, რომ აქ დემოკრატიის შუქურა და ასეთი რაღაცები არ არსებობს; ომის შესახებაც ყველაფერი იციან. ამავე დროს, ეს არ არის ის ადმინისტრაცია, რომელიც ჩვენს შიდა საქმეებში ჩაერევა და დაიწყებს იმაზე ზრუნვას, თუ როგორ უნდა მოაშოროს სააკაშვილი. ეს ამერიკის პოლიტიკის ცრუ კონცეფციებია. მათ დღეს სხვა პრიორიტეტები აქვთ. ჩვენს ქვეყანაში შესაცვლელი ჩვენ უნდა შევცვალოთ. ჩვენი ბედი ამერიკიდან არ გადაწყდება.
- რა კონკრეტულ მნიშვნელობას ანიჭებთ ოპოზიციის მემორანდუმს, რომელსაც ამას წინათ მოაწერეთ ხელი? ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი პირდაპირ ამბობს, რომ ის მემორანდუმი სოლიდარობის გამოხატულებაა და სხვა არაფერი.
- მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველამ გაიაზროს მემორანდუმის პუნქტები, თორემ რაღაც ფეტიშიზმი... ეს არ არის დამოუკიდებლობის ახალი დეკლარაცია. მთვარია, რომ დღეს ამ სამი პუნქტის ირგვლივ გაერთიანებული იყოს მთელი ოპოზიციური სპექტრი. და ვინც არ არის ამ სამი პუნქტის ირგვლივ გაერთიანებული, ის არ არის ოპოზიცია.
უკვე ამ ხელისუფლების ნგრევის ისეთი პროცესი მიდის, რომ მე, უბრალოდ, ამას ხელი არ უნდა შევუშალო. ყველაფერს თვითონ აკეთებენ, არ ხედავთ? გადამპალი ნაყოფივით არის, რომელიც თავისით ვარდება ხიდან. ახლა ჩვენ არ უნდა დავუშვათ ისეთი შეცდომები, რაც ამათ ხელოვნურად გააძლიერებს. მათ სტრატეგიაში არ უნდა ჩავერთოთ. ერთმანეთი არ უნდა ვლანძღოთ. ალბათ ამჩნევთ, რომ არავისზე არაფერს ვამბობ.
- და როცა ეს ხელისუფლება წავა, ამ "მორატორიუმს" მოხსნით?
- რა თქმა უნდა! ახლა მთავარია, არ ავეწყოთ მათ სტრატეგიაზე. ჩვენ პასუხისმგებლები ვიქნებით იმაზე, თუ რა მოხდება მეორე დღიდან: არჩევნებისთვის უნდა მოვემზადოთ.
- დასავლეთისგან მხარდაჭერა გაქვთ?
- დემოკრატიული ქვეყნები არ ჩაერევიან პროცესში მაშინ, როცა არსებობს ხელისუფლება, რომელიც მათთვის, ავად თუ კარგად, ჯერ კიდევ ლეგიტიმურია. სანამ ჩვენ არ ვაჩვენებთ, რომ არსებობს ერის ნება იმისათვის, რათა ესენი წავიდნენ, დასავლეთის ქვეყნები არ გაინძრევიან. შემდეგ კი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა გვექნება; საჭირო თანხებიც იქნება. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. საქართველოს ჯერ საბოლოოდ არ დაუკარგავს ყველა მეგობარი და მხარდამჭერი.
მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რამდენიმე კონკურენტი უნდა გვყავდეს. თუ ჩვენ კიდევ გვგონია, რომ გვჭირდება მხოლოდ ერთი ლიდერი... ეს გუდაურში მათი ჟურნალისტების მიერ დამუშავებული და გავრცელებული აზრია. თუ მხოლოდ ერთი ლიდერი გვეყოლება, მაშინ ექვს თვეში ის იგივე სააკაშვილი გახდება. ყველა უნდა შევამოწმოთ: ვინ არის, როგორია, რა არის მისი გეგმა, კითხვები უნდა დავსვათ, ჟურნალისტები უნდა დაგვეხმარონ ამ პროცესში. მასში საზოგადოება უნდა იყოს ჩართული და არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნებში იქნება მეორე ტური...
- ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სასურველი რეალობის წარმოდგენას აძლიერებთ.
- რატომ? თუ ამისთვის არ მოვემზადეთ... მეორე დღისთვის უნდა მოვემზადოთ. დღეს რომ მეუბნებიან, თქვენ ბურჯანაძესთან ისე ხართ თუ ასე ხართო... მე დღეს "ასე" ვარ ბურჯანაძესთან, როგორც მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დავდგეთ ამათ წინააღმდეგ. ხვალ კი უნდა დავსვა კითხვები ბურჯანაძესთან, ნოღაიდელთან, ოქრუაშვილთან (თუ ის ჩამოვა), ნათელაშვილთან, და მოვისმონო მათი პასუხები. ეს არ იქნება ლანძღვა-გინება. ეს იქნება საშუალება არჩევანის გაკეთებისთვის. არჩევანი არ არის ახალი გადამრჩენელის მოსვლა ერთი საზიზღარის წასვლის შემდეგ.
- ოპოზიციური პარტიები ამბობთ, რომ უპირველესად, ქართველი ხალხის მხარდაჭერა გჭირდებათ. გაზაფხულზე მას საპროტესტო აქციებზე ელოდებით?
- ვნახოთ. რაღაც აქციები შეიძლება დაგვჭირდეს, მაგრამ მერაბიშვილის პირობებში ჩვენ ასეთი გეგმა არც გვაქვს, არც გვექნება და არც უნდა გვქონდეს. მათ არ უნდა მივცეთ ბერკეტები ჩვენ წინააღმდეგ სამუშაოდ.
ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ხელისუფლების დაშლის პროცესი ჩვენი შეცდომებით არ გავაჭიანუროთ. ხალხში პოლიტიკური პარტიების ნდობა სუსტია. ჩემი აზრით, სრულყოფილი ნდობა არჩევნების გზით უნდა აღდგეს, ახლა კი არ უნდა დავკარგოთ ისიც, რაც არსებობს. როცა ვსაუბრობ ოპოზიციის შესაძლო შეცდომებზე, ვგულისხმობ იმას, რომ ამ ქვეყნის დამანგრეველებთან არ უნდა მივიდეთ და არ უნდა ველაპარაკოთ - თუნდაც ყველაზე მწვავე სიტყვებით.
ახლა უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ხალხის ნების გამოხატვას. საზოგადოებრივი აქტიურობის სხვადასხვა ფორმა (იმპიჩმენტის მოთხოვნა, ხელმოწერები, სახალხო კრება) ხელისუფლებაზე ძალიან ძლიერი ფსიქოლოგიური და პოლიტიკური ზეწოლა იქნება. ამან მათში უკვე გამოიწვია მღელვარება. იქ, შიგნით, უკვე ლაპარაკობენ, - შეიძლება, მარტშიც აღარ ვიყოთო. სწორედ ამაზე უნდა ვიმუშაოთ: მათ სისუსტეზე წვეთ-წვეთად უნდა ვაძლიერებდეთ ზეწოლას: "წახვალ, წახვალ, წახვალ... კართაგენი უნდა დაინგრეს... უნდა დაინგრეს..." აი, ეს არის ჩვენი ბერკეტები. იმათ კი აქვთ საშუალება, რომ გვესროლონ - თუკი ამას გადაწყვეტენ. როცა ადამიანები ერთმანეთს თვალს უსწორებენ, პირველი ვინ დახრის? ახლა სწორედ ეს ვითარება იქმნება. ამას დიდი შინაგანი სიმშვიდე და სიმტკიცე სჭირდება. სწორედ ამიტომ, ახლა რაღაც გეგმის მომზადების პერიოდი კი არ არის, არამედ ეს შინაგანად მომზადების პერიოდია. ისე ხდება, რომ ეს პერიოდი უკავშირდება მარხვას. ეს ძალიან კარგია...
- და ამ პერიოდში პატრიარქს, თქვენი აზრით, რა როლი დაეკისრება?
- პატრიარქმა უკვე შეასრულა თავისი როლი. ის, რომ მთელმა საზოგადოებამ დაიჯერა, რომ ამ ხელისუფლებას შეუძლია, პატრიარქი მოწამლოს...
- თქვენ იზიარებთ ამ მოსაზრებას?
- არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მე ვიზიარებ თუ არა; მე დამოკიდებულება მაინტერესებს. საზოგადოებამ ხომ დაიჯერა? მეტი რა უნდა თქვას საზოგადოებამ? თავის ხელისუფლებას განაჩენი გამოუტანა ამ ერთი გავრცელებული ჭორით!

Комментариев нет:

Отправить комментарий