23 თებერვალი, 2009
"თქვენ აგინებთ იმათ, მთავრობას, რომ არ დადიან თეატრში, და თვითონ არ დადიხართ!"
"პროტესტის ერთი ხმა არ აღმოჩნდება საკმარისი. ათიც არ აღმოჩნდება. ასიც არ აღმოჩნდება. უბრალოდ, საზომის შეგრძნება უნდა ჰქონდეს ხალხს. უნდა იცოდეს, რომ რაც უნდა აირიოს ყველაფერი, ბოროტება მაინც ბოროტებად რჩება, სიკეთე - სიკეთედ, და რომ უფლის მცნებები მაინც უცვლელია. და დღეს თუ არა, მოვა დრო, როდესაც დალაგდება ყველაფერი. მე არ შემიძლია, მოვკლა ჩემი ძმა. ავი ძმა. მე გადავწყვიტე, რომ შევეგუო. 37-შიც ხომ წერდნენ, ხატავდნენ, დგამდნენ..." - "მთელ კვირას" რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა ესაუბრება.
- იმ გარემოს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ბოლო წლების განმავლობაში, ზოგი საკანს ადარებს, ზოგი კი - ოცდაჩვიდმეტ წელს, რადგან აქ შეთქმულების თეორია გაჩნდა. და ამავე მოსაზრებით, ჩვენს ოცდაჩვიდმეტში ჩვენვე ვიყავით ორგანიზატორიც, მსხვერპლიც და ჯალათიც. თქვენი დამოკიდებულება როგორია?
- ის, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, ჩემთვის უკვე განვლილი ეტაპია. ანუ, მე გადავწყვიტე, რომ შევეგუო. რა ვქნა, 37-შიც ხომ წერდნენ, ხატავდნენ, დგამდნენ... თუ ჩვენ ზედმეტად გადავვარდებით იქით, პოლიტიკაში, მაშინ ყველაფერი გაჩერდება. რასაკვირველია, ეს გარემო ძალიან მიშლის ხელს, მაგრამ ამავე დროს, ალბათ, მეხმარება... ყველაფერს ეშველებოდა, ცოტა ნორმალური რომ იყოს პრეზიდენტი. ადამიანი რომ იყოს.
- საზოგადოებამ, თქვენი აზრით, რა როლი შეასრულა იმისათვის, რომ საბოლოოდ, ასეთი ვითარება არ შექმნილიყო?
- მე მგონია, რომ შექსპირის გამოთქმა - ყველა ერი ღირსია იმ მთავრობის, რომელიც ჰყავსო, მართალია.
- თუმცა, ბოლო დროს გაჩნდა მოსაზრება, რომ ახლა სხვაგვარი ვითარება გვაქვს: გვყავს ხელისუფლება, რომელსაც საზოგადოება არ იმსახურებს.
- მე მაინც მგონია, რომ უმეტესობა იმსახურებს.
- თქვენ ამბობთ, რომ უკვე სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავთ და უბრალოდ, სპექტაკლებს დადგამთ. რამდენი წელია, თქვენი თეატრით აჩვენებთ ხელისუფლებას იმას, რაც ხდება ამ ქვეყანაში. ისინი ხომ თქვენი მაყურებლები არიან. რას მიაღწიეთ?
- ისინი არ არიან ჩემი მაყურებლები. იშვიათად მოდიან.
- და თუნდაც იშვიათად მოსვლას, როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს? სნობიზმი? თუ მართლა სურთ, გაიგონ, რისი თქმა გინდათ?
- ვერ ვიტყვი, რომ ბევრი მოდის. კომუნისტების დროს მოდიოდნენ იმიტომ, რომ ყოველი სპექტაკლი იდეოლოგიურ სკანდალს იწვევდა. ისინი დადიოდნენ იმიტომ, რომ ვალდებულები იყვნენ გადაეწყვიტათ, გაეშვათ თუ არა ესა თუ ის სპექტაკლი. ახლა კი თეატრს თვლიან, როგორც ბრმა ნაწლავს, რომელიც შეიძლება გქონდეს, შეიძლება - ამოჭრან.
- ხელისუფლებიდან არაფერს გითვლიან? სხვათა შორის, კულტურის მინისტრად ნიკა რურუას დანიშვნის შემდეგ განაცხადეს, რომ კულტურა პრიორიტეტული სფერო იქნება.
- კულტურის ამჟამინდელი მინისტრი ბევრ რამეში დაგვეხმარა.
- საუბრობენ ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან წასვლის თაობაზე. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
- მიდის ივანიშვილი? ტელევიზორს ვუყურებ. ზოგჯერ ვკითხულობ გაზეთებს. არაფერი მსმენია. ასე რომ იყოს, ამ ამბავს გაიგებდნენ ჩემი მსახიობები.
- თქვენ კონკრეტულად ვის მხარდაჭერას გრძნობთ - ხელისუფლების თუ ივანიშვილის?
- რასაკვირველია, კულტურის სამინისტრო ბოლომდე მაინც ვერ მოგვცემს, რასაც დაგვპირდნენ - იმიტომ, რომ ახლა გამოაცხადეს, ჩვენ ქამრები უნდა მოვიჭიროთო და რაღაც თანხა დაგვაკლეს, მაგრამ უკეთეს დამოკიდებულებას ვგრძნობ ახალი მინისტრისგან. მოგვცა ფული ჩვენც, მარჯანიშვილის თეატრსაც, ალბათ - ოპერასაც. ახლა, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებივით არ დავიწყებ...
- ამ ფულით ვერ გაგაჩუმებენ?
- ვერ გამაჩუმებენ. მარტო რომ ვიყო, რასაკვირველია, უფრო თავისუფალი ვიქნებოდი. დავუშვათ, კინორეჟისორი რომ ვიყო (მაგალითად, როგორც ოთარ იოსელიანია), მაშინ ფირს ჩემთვის დავიტოვებდი, ვუჩვენებდი ხუთ კაცს, გავიტანდი უცხოეთში, და ვიქნებოდი მარტო. მაგრამ თეატრში... აქ ჩემზეა დამოკიდებული მსახიობების მდგომარეობა და ამიტომ ვარ ცოტა შებოჭილი.
- ე.ი. შესაძლოა, კომპრომისებზე წახვიდეთ?
- დიახ. როგორც მოლიერი. ის ლუი XIV-ს უკანალს ლოკავდა - იმისათვის, რომ დაედგა "ტარტიუფი". მისთვის არ იყო მნიშვნელოვანი მისი ზნეობრივი პოზიცია - იმიტომ, რომ "ტარტიუფი" უარესი შეფურთხებაა რელიგიისთვისაც და მეფისთვისაც. მაგრამ მან დაწერა ასეთი პიესა - "ვერსალის ექსპრომტი". იქ ისეთ "პადხალიმობას" სჩადის... მართალია, ლუი ღირსი იყო ასეთი ტექსტების - მან საფრანგეთი ააყვავა, მაგრამ... გული გადამიტრიალდა, პირველად რომ წავიკითხე; ვიფიქრე, ასეთმა გენიოსმა ასე რატომ გადაწყვიტა-მეთქი. თურმე უნდოდა დადგმა "ტარტიუფის", რომელსაც საშინლად ეწინააღმდეგებოდნენ რელიგიური წრეები.
- არსებობს მოსაზრება, რომ ბოლო პერიოდში ჩვენს საზოგადოებაში გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა იყო არა, ვთქვათ, 7 ნოემბერი ან ომი აგვისტოში, არამედ გირგვლიანის მკვლელობა, რადგან სწორედ ამ ფაქტმა აჩვენა, რომ სახელმწიფო გახდა მკვლელი. თქვენ რას მიანიჭეთ განსაკუთრებული მნიშვნელობა?
- მე რომ დავდგი სპექტაკლი, რომელმაც გამოიწვია გარკვეული აღშფოთება...
- თუ შეიძლება, მოკლედ გვიამბეთ იმ სპექტაკლის სიუჟეტური ქარგა - მათთვის, ვინც ვერ მოდის თქვენს თეატრში.
- არა. ის უნდა ნახოთ. თქვენ ნახეთ? არც გინახავთ. აი, ეს მაგიჟებს!
- ნახვის სურვილი ბევრს აქვს, მაგრამ მათ არ აქვთ ფული.
- ეს მხოლოდ გამართლებაა. აი, თქვენც ხომ არ დადიხართ. ეს სირცხვილიც არის, უცხოელი რომ იგებს, რა ღირს ჩვენთან ბილეთი.
...ჩემზე ყველაზე მეტად იმან იმოქმედა, რაც მათ თავიდანვე დაიწყეს: ჯერ იჭერდნენ, მერე ისინი იხდიდნენ ფულს, ესენი - უშვებდნენ. თუ ის დამნაშავეა, რატომ უნდა გამოუშვა, რამდენი ფულიც უნდა მოგცეს? სახელმწიფომ დაიწყო რეკეტი. ოფიციალურად, მაფიოზურ მეთოდს მიმართა. აი, იქ დაინგრა მომავალი სახელმწიფო.
- მიმდინარე პროცესებში ინტელექტუალური წრეების როლს როგორ აფასებთ?
- რა უნდა გააკეთოს ინტელექტმა? ხომ არ აიღებს იარაღს ხელში? ჰამლეტი ვერ კლავს თავის ბიძას, რომელიც, დარწმუნებულია, რომ მკვლელია.
- მაგრამ სიტყვით? თქვენ ხომ აღიმაღლეთ ხმა? შეიძლება, ამ ხმების რაოდენობა არ აღმოჩნდა საკმარისი.
- კი, ვთქვი, მაგრამ... პროტესტის ერთი ხმა არ აღმოჩნდება საკმარისი. ათიც არ აღმოჩნდება. ასიც არ აღმოჩნდება. უბრალოდ, საზომის შეგრძნება უნდა ჰქონდეს ხალხს. უნდა იცოდეს, რომ რაც უნდა აირიოს ყველაფერი, ბოროტება მაინც ბოროტებად რჩება, სიკეთე - სიკეთედ, და რომ უფლის მცნებები მაინც უცვლელია. და დღეს თუ არა, მოვა დრო, როდესაც დალაგდება ყველაფერი. მე არ შემიძლია, მოვკლა ჩემი ძმა. ავი ძმა.
- ახლო მომავალში თვისობრივი ცვლილებების მოლოდინი გაქვთ?
- არა.
- სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტების რესურსებს როგორ აფასებთ?
- რა ვიცი, აბა... მიჭირს ამის თქმა. არიან ძალიან ღირსეულებიც, მაგრამ პოლიტიკაში შესული ადამიანი კარგავს ჩემს ნდობას. ეს ჩემი აზრია.
- თქვენ ამბობთ, რომ მათ აღარ ენდობით. მაშინ როგორ უნდა შეიცვალოს ჩვენი რეალობა?
- ვის ვენდო, დამისახელეთ?! შეიძლება ვენდობი, მაგრამ ვისაც მე ვენდობი, ისინი პოპულარულები არ არიან. მათ, როგორც ახლა მოდაშია, ქარიზმა არ აქვთ.
- გვარებს დაასახელებთ?
- არა. იმიტომ კი არა, რომ მეშინია. თუ სააკაშვილზე ხმამაღლა ვამბობ, სხვების დასახელების რატომ უნდა მეშინოდეს? უბრალოდ, არ მინდა, ეს ღიად ვთქვა: ეს ჩემი მოსაზრებაა და იქნებ არ არის სწორი? პოლიტიკაში სულ მეშლება: მგონია კარგი კაცი და აღმოჩნდება... ნაძირალა.
- ახალი ადამიანის შექმნა საქართველოში, თქვენი აზრით, შესაძლებელია?
- ისეთს, როგორსაც ესენი ქმნიან, არის საბჭოთა, საზიზღარი ადამიანი. რაც ვიყავით, იმას კიდევ უფრო აღრმავებენ. ახლა ვხედავ, რომ ახალგაზრდები გახდნენ კომკავშირლებზე უარესები. ადამიანს თუ უნდა, ყველაფერს გააკეთებს მეორე ადამიანისაგან.
- ეკლესიის, პატრიარქის როლს მიმდინარე პროცესებში როგორ აფასებთ?
- ეს მნიშვნელოვანი როლია. პარტიარქმა ჩვენი ცხოვრების სულიერი მხარე თავის თავზე აიღო. მაგრამ მე არ მინდა, ჩემი საქართველო იყოს უკიდურესად ფუნადმენტალისტური. მაგალითად, ვხედავ, გადის სულელური კინო - "და ვინჩის კოდი", და დგანან ვიღაც სულელი გოგოშკები და პროტესტს აცხადებენ ამ ფილმის გამო - იმიტომ, რომ სწამთ ღმერთი. ან კიდევ ერთი მაგალითი: ჩვენთან აფიშა გავაკეთეთ ლეონარდო და ვინჩის "საიდუმლო სერობის მიხედვით", და ვიღაცამ მისი დაწვა გადაწყვიტა - როგორ ერჩით ლეონარდო და ვინჩის შედევრსო. წაუკიდეს ცეცხლი, მაგრამ ვერ დაწვეს - იმიტომ, რომ არ იწვის ბანერი. რომის პაპის ჩამოსვლაზე რომ ატეხეს - სატანაო... არ მინდა, რომ ჩემი ხალხი რელიგიის გამო ასეთ ისტერიულ მდგომარეობაში გადავარდეს.
- თქვენი აზრით, რა როლს ასრულებს თანამედროვე ქართული კულტურა მიმდინარე პროცესებში?
- კულტურის როლი არაფერი არ არის. ახლა მე გიყურებთ თქვენ, კულტურის წარმომადგენელს; მეკითხებით თეატრზე, თეატრში კი არ დადიხართ. მე ძალიან მაღელვებს ეს პრობლემა. ვერც ერთ ჟურნალისტს ვერ დაველაპარაკე, რომელმაც იცის, რა ხდება თეატრში. თქვენ იცით პოლიტიკური თვალსაზრისით. ასე იმათაც იციან. თქვენ აგინებთ იმათ, მთავრობას, რომ არ დადიან თეატრში, და თვითონ არ დადიხართ!
- თქვენი აზრით, აქ ფულის პრობლემა მნიშვნელოვანი არ არის?
- არ არის აქ ფულის პრობლემა. თქვენ რომ ფული გაქვთ... რაღაც საშინელ კონცერტებში ოთხას დოლარს რომ იხდით!
- ჩემი ჰონორარი 60-დან 100 ლარამდეა თვეში.
- ...მაინც მწყინს. ბილეთის ფასი შედარებით ძვირი იყო, როცა შენობა გავხსენით, რემონტის შემდეგ. ვიფიქრეთ, შედარებით მდიდარი ხალხი მოსულიყო და ენახა, რა გაკეთდა. ახლა კი მაქსიმალური ფასი 12 ლარია.
რა შეცვალა თანამედროვე ქართულმა კულტურამ ბოლო პერიოდის პროცესებში? ზედმეტად რომანტიკოსი უნდა იყოს ადამიანი, რომ დაიჯეროს, "რიჩარდ III-ზე" თუ მოვა რიჩარდ III, ის გამოსწორდება. როცა ეს სპექტაკლი მიდის, ვხედავ, რომ დარბაზში ზის რიჩარდ III. და ვხედავ, რომ სულიერად ის მთლიანად რიჩარდ III-ის საწინააღმდეგოა. და რა, მეორე დღეს ის აღარ გააგრძელებს თავის სისხლიან საქმეებს? გამოსწორდება ერთი სპექტაკლით?
საკმარისია, თეატრმა უთხრას მაყურებელს, რომ ეს არის ბოროტი კაცი, ის კი - კეთილი. აი, ამას კი მივახვედრე... სამი დღით. უბრალო კაცს, რომელსაც არ სჯერა, რომ სიკეთე იმარჯვებს, სამი დღით დავაჯერებ, რომ ეს ასეა, და მერე ისევ ჩავარდება დეპრესიაში. იმას კი, ვინც ბოროტებასა და სიკეთეს ვერ არჩევს, სამი დღით გაეხსნება სურათი, თუ რა არის ბოროტება და რა - სიკეთე, მაგრამ მერე ისევ უვიცობაში ეფლობა. ამიტომ, როცა მე ვუყურებ ჩემს ქვეყანას, ვკარგავ ყოველგვარ ოპტიმიზმს.
- რესურსი აღარ გვაქვს?
- ნიჭი. ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ. მაგრამ სტალინის თესლმა, რომელმაც ასე იხარა მეოცე საუკუნეში, ეტყობა, არ დაკარგა ძალა, და თუ მაშინ გაღვივდა და მთელ მსოფლიოს მოედო, ახლა აქ დარჩა. და ამ თესლს ვაჯობებთ? მე მგონია, რომ ვეღარ. ჩვენში, ყველაშია იგი - როგორც ანდერსენის ზღაპარში, სარკე რომ გატყდა, ბოროტების სარკე, და ყველაში ჩაიბუდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий