08 марта, 2011

სოსო ცისკარიშვილი: "9 აპრილს ჩვენ ისევ ვბრუნდებით თავისუფლების მოსაპოვებლად"

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"

9 მარტი, 2009


"ტაქტიკური გზების სხვადასხვაობა მოითხოვს ძალიან მაღალ პოლიტიკურ კულტურას არა მხოლოდ საზოგადოებასთან, არამედ კონკურენტ პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობაში"

"ოპოზიციამ ქმედებისთვის ახლაღა მოიცალა: რატომღაც მხოლოდ გაზაფხულისთვის გადაწყვიტა გააქტიურება. ვფიქრობ, რომ განვლილი ექვსი თვის განმავლობაში პასიურობა მას შესაძლოა, ძვირი დაუჯდეს. ამ ხნის განმავლობაში მას არ ჰქონდა კონქტაქტი რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს უამრავ თანამემამულესთან. ოპოზიციამ ვერ შეძლო, მოემზადებინა ნიადაგი იმისთვის, რომ გაზაფხულის დადგომისთვის თვითონ კი არ დაეწყო აქტიურობა, არამედ ამ დროს აქტიურობისთვის მზად ყოფილიყო მთელი ელექტორატი. ეს, ჩემი აზრით, მარტივად ვერ გამოსწორდება; და ერთ-ორკვირიანი კამპანიები ამ ნაკლს ვერ აღმოფხვრის.
თუ რუსთაველზე 9 აპრილს ვინმე არ მივა, ეს ნიშნავს, რომ მას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეა მეორეხარისხოვნად ეჩვენება რეფერენდუმის, სახალხო კომიტეტის თუ სხვა იმ იდეასთან შედარებით, რომელიც ახლა ოპოზიციონერებს ტაქტიკური ამოცანის სახით აქვთ წარმოდგენილი. ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთ დღევანდელი პოლიტიკა და 9 აპრილის მუდმივი თემა".

- ოპოზიციის როლი ყველა ქვეყანაში უაღრესად მნიშვნელოვანია, უბრალოდ, თავად ოპოზიციური ძალების რესურსებზეა დამოკიდებული, რამდენად საინტერესონი არიან ისინი პოლიტიკური პროცესებისთვის. ოპოზიციისთვის, ასე ვთქვათ, ფასის დადება, მათი საქმიანობის ხელშეწყობა, უპირველეს ყოვლისა, ხელმოცარულ ხელისუფლებას ხელეწიფება. ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორედ ამ ეტაპზე ვართ: ხელისუფლებამ იმდენი შეცდომა დაუშვა და იმდენი დანაშაული ჩაიდინა, რომ ოპოზიციის მიმართ საზოგადოების ინტერესი გამძაფრებულია.
თუმცა, დღეს საქართველოში ოპოზიცია შარშანდელი ოპოზიციისგან რაიმე განსაკუთრებული ნიშნით არ განსხვავდება. არის სიახლის ელემენტებიც (თუნდაც, ხელისუფლების მაღალჩინოსნების გადასვლა ოპოზიციის რიგებში), მაგრამ მეთოდები, მიდგომები ჯერჯერობით პრაქტიკულად უცვლელია. ამავე დროს: ოპოზიცია ბევრს საუბრობდა, მაგრამ ქმედებისთვის ახლაღა მოიცალა: რატომღაც მხოლოდ გაზაფხულისთვის გადაწყვიტა გააქტიურება. ვფიქრობ, რომ განვლილი ექვსი თვის განმავლობაში პასიურობა მას, შესაძლოა, ძვირი დაუჯდეს. ამ ხნის განმავლობაში მას არ ჰქონდა კონქტაქტი რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს უამრავ თანამემამულესთან. ისინი კი მოწყვეტილნი არიან რეალურ ინფორმაციას. საზოგადოება გაირიყა, ზოგადად, პოლიტიკური რეალობისგან. დარწმუნებული ვარ, სოფლებში არის განცდა, რომ ისინი თავიანთ გასაჭირთან მარტონი არიან, ვინაიდან ინფორმაციის გაცვლა არ ხდება. ბრეჟნევისდროინდელი საინფორმაციო საშუალებებისა და ცეკვა-თამაშის ყურება მათ მხოლოდ საკუთარ უსუსურობაში, გამოუსადეგარობაში არწმუნებს, ვინაიდან მათი აზრით, სხვაგან ცხოვრება საამურია. ამ ვითარებაში ოპოზიციამ ვერ შეძლო, მოემზადებინა ნიადაგი იმისთვის, რომ გაზაფხულის დადგომისთვის თვითონ კი არ დაეწყო აქტიურობა, არამედ ამ დროს აქტიურობისთვის მზად ყოფილიყო მთელი ელექტორატი. ეს, ჩემი აზრით, მარტივად ვერ გამოსწორდება; ერთ-ორკვირიანი კამპანიები ამ ნაკლს ვერ აღმოფხვრის.

კოორდინირება აუცილებელია. "ხალხის სიმრავლე ასე ვერ მოიპოვება"...
წინა წლებისგან განსხვავებით, ოპოზიციის პრაქტიკულად მთელმა სპექტრმა (არ ვგულისხმობ რამდენიმე ადამიანს, პარლამენტში რომ არის ოპოზიციის სახელწოდებით) მიაღწია სრულ კონსენსუსს სტრატეგიის თვალსაზრისით. მათთვის საერთო სტრატეგიული მიზნებია: ხელისუფლების ვადამდელი შეცვლის აუცილებლობა და ამ ცვლილებების დაწყება პრეზიდენტის გადადგომით. რეალური ოპოზიციური მუხტის მატარებლები სწორედ ეს ძალები არიან - ტაქტიკურ ნაბიჯებში განსხვავებულობის მიუხედავად. ღმერთმა დაგვიფაროს, იმდენად მწირი იყოს ჩვენი პოლიტიკური გემოვნება, რომ მაინცდამაინც ყველამ მწყობრი ნაბიჯით ვიაროთ, ერთი და იგივე ტაქტიკური გეგმით. მაგრამ ტაქტიკური გზების სხვადასხვაობა, ამავე დროს, მოითხოვს ძალიან მაღალ პოლიტიკურ კულტურას არა მხოლოდ საზოგადოებასთან, არამედ კონკურენტ პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობაში. მათ რაც შეიძლება ნაკლები სიურპრიზი უნდა მოუმზადონ ერთმანეთს ერთი და იმავე მიზნისკენ სვლისას. შექმნილ ვითარებაში საქმიანობის კოორდინირება აუცილებელია. ხალხის სიმრავლე, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესს თან უნდა ახლდეს რაიმე ტიპის წარმატებისთვის, ასე ვერ მოიპოვება. ამბიცია უნდა ჰქონდეს ყველა პოლიტიკურ ძალას, მაგრამ ამ ამბიციას არ უნდა გადაჰყვეს მკაფიოდ განსხვავებული ხედვა სტრატეგიასა და ტაქტიკას შორის. თუ ხედავ, რომ გაქვს საშუალება, მიიღო მონაწილეობა სამოქალაქო კომიტეტებში, რასაკვირველია, უნდა მიიღო. არა მგონია, რომ ვინმე უარს განაცხადებს რეფერენდუმის კითხვაზე პასუხის გაცემისთვის, თუ ასეთი დაინიშნება... ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, სად უნდა წავიდეს კაცი 9 აპრილს, თუ არა იქ, სადაც იწერებოდა ახალი ქართული სახელმწიფოს ისტორია.

მოვა ხალხი 9 აპრილს?
9 აპრილს დაგეგმილ აქციაზე თუ ვინმე იმიტომ არ მოვა (საზოგადოებას ვგულისხმობ), რომ იგი რომელიმე პარტიის მიერ დანიშნული აქციაა, ეს მხოლოდ საკუთარი თავის მოტყუება იქნება. შეიძლება ამ დღეს უფრო აქტუალური იყოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ადამიანს აქვს შინაგანი მოთხოვნილება, პატივი სცეს ამ თარიღს. 9 აპრილს, როგორც თარიღს, გაუჭირდა ჩვენს ცნობიერებაში ადეკვატური მნიშვნელობით დამკვიდრება - იმიტომ, რომ სხვადასხვა ხელისუფლება სხვადასხვანაირად ეთამაშებოდა ამ დღეს. ახლა, რასაკვირველია, ოპოზიციური ძალები ამ თარიღს იყენებენ. მე არ ვარ მომხრე საკრალური თარიღების გადათამაშება-გადმოთამაშების, საკუთარ დაბადების დღეზე რეფერენდუმების მოწყობის, მაგრამ ასე მოხდა. და ამაში ვერანაირ მკრეხელობას ვერ ვხედავ. თუ რუსთაველზე 9 აპრილს ვინმე არ მივა, ეს ნიშნავს, რომ მას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეა მეორეხარისხოვნად ეჩვენება რეფერენდუმის, სახალხო კომიტეტის თუ სხვა იმ იდეასთან შედარებით, რომელიც ახლა ოპოზიციონერებს ტაქტიკური ამოცანის სახით აქვთ წარმოდგენილი. ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთ დღევანდელი პოლიტიკა და 9 აპრილის მუდმივი თემა. ჩვენი დამოუკიდებლობაც შეზღუდულია, თავისუფლებაც ძალიან საეჭვოა თავად ქვეყნის შიგნით. სწორედ ამიტომ ეს იქნება მრავალმხრივი მნიშვნელობის მქონე პოლიტიკური აქცია. ოცი წლის შემდეგ ჩვენ ისევ ვბრუნდებით ძველ ადგილზე - თავისუფლების მოსაპოვებლად. მთავარი სწორედ ეს არის. იმედი მაქვს, ყველა გონიერი პოლიტიკოსი გააცნობიერებს, რომ მუდმივი ღირებულება და მიმდინარე პრობლემები ერთმანეთში არ უნდა ავრიოთ. ვფიქრობ, რომ მიზეზი, რის გამოც დღეს ოპოზციის ერთი ფრთა იწვევს საზოგადოებას 9 აპრილის საპროტესტო აქციაზე, პირდაპირ არის დაკავშირებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასთან.
როდესაც ქვეყანაში საპროტესტო მუხტი ჩნდება, ხალხი შემთხვევით არ იკრიბება. მოვლენების შემდგომი განვითარება კი დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ ძალთა ერთიანობაზე. ერთმანეთის გეგმებს ხელი უნდა შეუწყონ. პერსონალური ამბიციები ადრეც მტრობდა ჩვენს ცალკეულ პოლიტიკოსს და ახლაც ასეა. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი კამათი იყოს პარტიების შიგნით, ხოლო ერთმანეთთან ურთიერთობისას (მით უფრო, საჯარო რეჟიმში) იყვნენ მაქსიმალურად კორექტულები და არც ერთი წუთით არ დაივიწყონ ის სტრატეგიული ამოცანა, რაც მათ ერთად დაისახეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არის საფრთხე, რომ ნაბან წყალს ბავშვიც გადავაყოლოთ. და კიდევ ერთი: ჩემი აზრით, ოპოზიციის სერიოზული შეცდომაა ის, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა კვლავ აჰყვა სააკაშვილის პროვოკაციულ ნაბიჯს და პრაქტიკულად, ჩაერთო წინასაარჩევნო კამპანიაში. ვიდრე ქვეყანაში გამოცხადებული არ არის რაიმე ტიპის არჩევნები, საუბარი პრეზიდენტობის კანდიდატზე უხერხულია.
* * *
არ ვიცი, სამ თვეში განხორციელდება თუ არა ოპოზიციის იმედები გაზაფხულთან მიმართებით. ამას ალბათ შედარებით მეტი დრო დასჭირდება. დაფიქრებისკენ მოვუწოდებ ყველა ხელისუფალს, რომელიც ძალადობის საშუალებით შეეცდება საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას. როდემდე შეიძლება ებღაუჭებოდე საკუთარ სკამს? რაც უნდა მიმზიდველი იყოს ძალაუფლებით ტკბობა და უკანონო შემოსავლებით თრობა, მაინც დადგება პოლიტიკური "პახმელიის" დრო და, ვაითუ, იმ დროისთვის "ბორჯომიც" აღარ გვქონდეს...
- თქვენ პერსონალური ამბიციები ახსნეთ. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ოპოზიციური ძალების რესურსის გათვალისწინებით ჩვენს ქვეყანაში სისტემური ცვლილებები განხორციელდება?
- ქართულ რეალობაში საპრეზიდენტო ინსტიტუტი ოდიოზურია. მაგრამ ამავე დროს, მაქვს განცდა, რომ თუ ჩვენ მოვინდომეთ, იმდენად მოტივირებული ვართ, რომ გვყავდეს პატრონი (ქვეყანაში კვლავაც ყველაზე განმაქიქებელი მიმართვა არის "შე უპატრონო"!), თუ არ იქნება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე ხომ იქნება? პრემიერ-მინისტრი ხომ იქნება? იმათგან ვერ შევქმნით კერპებს? ვაცლავ ჰაველი ერთ კვირასაც ვერ გაძლებდა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე. მას შესაბამისი ევროპული მენტალიტეტის საზოგადოება სჭირდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი პრობლემის მთავარი მიზეზი პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობა-არარსებობა არ არის; ჩვენ ბევრი უნდა ვიფიქროთ საზოგადოების ფუნქციის გაძლიერებაზე; უნდა ვაცნობიერებდეთ ჩვენს პასუხისმგებლობას ყოველ არჩევნებზე. უნდა გვესმოდეს, რომ ხელისუფლების ცნობილი მეთოდით პატიმრობიდან დახსნილი ოჯახის ერთი წევრი გაწირავს ოჯახის დანარჩენ წევრებს. არჩევნები არ არის ვინმეს გულის მოგების დრო; არჩევნები არის საკუთარი პასუხისმგებლობის აღების დრო. თუ ჩვენ ვმონაწილეობთ არჩევნების გაყალბებაში, ეს მხოლოდ ბოროტმოქმედი ხელისუფლების თანამზრახველობას ნიშნავს. ჩვენ არჩევნების გაყალბებით საკუთარ ძალაუფლებასაც ვატანთ ასეთი გზით მოსულ ხელისუფლებას და ვრჩებით აბსოლუტურად უუფლებონი. დემოკრატია კი ემყარება პრინციპს: ხელისუფლება - მთავრობას, ძალაუფლება - ხალხს. პრობლემა ის არის, რომ ყველას გვეზარება, ვიურთიერთოთ ჩვენს იმ თანამემაულეებთან, რომლებსაც არ აქვთ ინფორმაციის წყარო. მხოლოდ რუსთაველის გამზირზე დუღილი შედეგს ვერ მოიტანს.
* * *
- "პოლიტიკოსებს საქართველოში აქვთ ბევრი ფული. ეს ფული ქვეყანაში სხვადასხვა წყაროებით ჩნდება, მაგრამ არა კარგი საქმისთვის. ამისთვისაც მისახედია" - რა მნიშვნელობას ანიჭებთ მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას?
- ეს განცხადება, უპირველეს ყოვლისა, მიმანიშნებს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს კონტაქტები, ძირითადად, საკუთარი პარტიის პოლიტიკოსებთან აქვს და მათზე დაკვირვებით აკეთებს ამ დასკვნას. გარდა ამისა, ეს არის გარკვეული მოწოდება ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტისთვის - გააძლიეროს ბანკებში პირად ანგარიშებზე კონტროლის ბერკეტები. და ამავე დროს, ეს არის კიდევ ერთი გაფრთხილება ბიზნესმენებისათვის, რომლებიც რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას გადაწყვეტენ: ანგარიშის ნომერი არ შეეშალოთ. ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ პრეზიდენტი მთლიანად ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий