2 თებერვალი, 2009
აკაკი ასათიანი: "ოპოზიციის მემორანდუმი, ჯერჯერობით, მხოლოდ სოლიდარობის გამოხატულებაა"
"ოპოზიციაში ბევრ რამეს ამბობდნენ, და რომ ამბობდნენ და არ აკეთებდნენ, იმიტომ დავიწყე ეროვნული კრების ორგანიზება. მათი ოფიცერი ხომ არ ვარ? როცა რამეს მოიფიქრებენ, მეც იქ ვიქნები; თუ არაფერს მოიფიქრებენ და არ გააკეთებენ, მე ჩემი გეგმა მაინც მაქვს.
პოლიტიკური სისტემა უნდა შეიცვალოს და მხოლოდ ახალი სისტემის პირობებში ჩატარდეს არჩევნები. ეს არის ქვეყანა, სადაც მნიშვნელობა არ აქვს, ერთ პროცენტს აიღებ თუ ას ერთს - თუკი ოპოზიციაში ხარ. რატომ იკლავენ თავს სხვები, ვერ გავიგე. შალვას თუ თორმეტი აქვს, მერე რა?" - "მთელ კვირას" "ტრადიციონალისტი" აკაკი ასათიანი ესაუბრება.
- რამდენიმე დღის წინ კონსტანტინე გამსახურდიამ შენიშნა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალა თქვენ წარმომადგენლობითი ეროვნული კრების იდეის მოპარვაში გდებთ ბრალს.
- დემოკრატია მოიპარა, მაგალითად, ობამამ? ეს იდეა ჩვენ არ გვეკუთვნის; დიდი ხანია, არსებობს. უბრალოდ, ახლა მისი განხორციელების აუცილებლობა გაჩნდა: როცა ქვეყანაში არ ტარდება ნორმალური არჩევნები, მაშინ ხალხი პარალელურ სტრუქტურას ქმნის.
- კონკრეტულად, რა ფუნქცია შეიძლება ენიჭებოდეს ეროვნულ კრებას შექმნილ რეალობაში? თქვენი აზრით, რას შეცვლით?
- ეს პარალელური პარლამენტია - საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული. ის ვერ იქნება უფლებამოსილი, იურიდიული ძალის მქონე გადაწყვეტილებები მიიღოს, მაგრამ მას გაცილებით დიდი დასაყრდენი აქვს. ის წარმომადგენლობითია და ამით ჯობს თუნდაც მილიონიან მიტინგს. კრების დელეგატებს ირჩევენ. ასე შეკრებილი ადამიანები კი გაცილებით მაღალი ლეგიტიმაციის მქონენი არიან. ოთხი მილიონი ადამიანი ასეთ შეხვედრაზე ვერაფრით შევიკრიბებით, მაგრამ ათი ათასი კაცი ოთხ მილიონ მოსახლეზე ნიშნავს ოთხას კაცზე ერთ წარმომადგენელს; ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით კი - სამას კაცზე ერთ წარმომადგენელს. ეს ძალიან მაღალი რეპრეზენტატულობაა. მათ მოსაზრებებს, მსჯელობას და დასკვნებს, რომლითაც ხელისუფლებას მიმართავენ, ჩემი აზრით, გაცილებით მეტი ფასი აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ფორმას. ვცდილობთ, კრება 31 მარტისთვის შედგეს.
- არჩევნები როგორ ჩატარდება?
- ამას იმხელა სახსრები უნდა, ოთხი ათას ყუთს ვერ დავდგამთ და კომისიებს ვერ შევქმნით. ამიტომ ეს არჩევნები ერთდღიანი არ იქნება. ის გაწელილი პროცესია. ხელმოწერებით გაკეთდება. ყოველ რაიონში იქნება ორ-ორი კაცი, რომლებიც ხელმოწერებს მოაგროვებენ, დააჯამებენ...
გავრცელებული შეხედულებაა: პოლიტიკა ბინძური სამეა, უფულოდ არაფერი გაკეთდებაო. ძალიან ბევრი ადამიანი გვიკავშირდება. ჯერჯერობით არავის უთხოვია, საქმეს გავაკეთებ და ფული მომეცითო.
- რატომ ცდილობთ, წარმომადგენლობითი ეროვნული კრების იდეა აქტუალური გახადოთ მაინცდამაინც ახლა? გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს ნაბიჯი თქვენი ერთგვარი მანევრია პოლიტიკურ სპექტრში ფიგურირებისთვის.
- იფიქრონ, როგორც სურთ. აგვისტოს ომმა გარდამტეხი როლი შეასრულა. ჩემი შვილი ომობდა იქ. სამასმილიონიან ამერიკას ერაყში ოთხი ათასი კაცი დაეღუპა, ას ოცი ათასიან ჯარს - ექვს წელიწადში, და პრეზიდენტმა ამისთვის ზღო. სამნახევარმილიონიან საქართველოს სამ დღეში ოთხასი კაცი დაეღუპა და ცოტააო, მეუბნებიან! მე პოლიტიკურ ასპარეზზე ეროვნული კრების იდეით კი არ ვბრუნდები; პირიქით, სხვებს ვეხმარები, რომ მოვიდნენ იმ კრებაზე, თავიანთი აზრი გამოხატონ.
- თქვენ ხელი მოაწერეთ მემორანდუმს კონკრეტული მოთხოვნებით: პრეზიდენტის გადადგომა, ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და არჩევნებისთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა. ეს მემორანდუმი ოპოზიციის სტრატეგიას გამოხატავს?
- ის მემორანდუმი, ჯერჯერობით, არის მხოლოდ სოლიდარობის გამოხატულება. იმედი მაქვს, იგი გადავა გარკვეულ გეგმაში.
- თუ ოპოზიციური ძალები კოორდინაციას ვერ მოახერხებთ, მხოლოდ თქვენი გეგმით რას მიაღწევთ?
- იმ მემორანდუმში წერია, რომ სააკაშვილი უნდა გადადგეს. ვეთანხმები და ხელიც მოვაწერე. თუ მეტყვიან, ეს როგორ უნდა განხორციელდეს, მაშინაც მათთან ვიქნები. თუ ერთიანი მოქმედება იქნება - მივიღებ მონაწილეობას. მაგრამ თუ უბრალოდ ვიტყვით, რომ უნდა გადადგეს, და ამ დროს ყველა ცალ-ცალკე ვიმოქმედებთ... მე უკვე მაინც ვმოქმედებ - ისე, როგორც შემიძლია.
- შეგიძლიათ მითხრათ, ოპოზიციის ტაქტიკა დაახლოებით როგორი იქნება?
- არ ვიცი. ალბათ იქნება ამაზე მსჯელობა. რაღაც კონსულტაციები იწყება.
- ოპოზიციური ძალები ამბობდნენ, რომ სავარაუდოდ, იანვრის ბოლოსთვის კონსულტაციები დასრულდებოდა.
- ბევრ რამეს ამბობდნენ, და რომ ამბობდნენ და არ აკეთებდნენ, იმიტომ დავიწყე ეროვნული კრების ორგანიზება. მათი ოფიცერი ხომ არ ვარ? როცა რამეს მოიფიქრებენ, მეც იქ ვიქნები; თუ არაფერს მოიფიქრებენ და არ გააკეთებენ, მე ჩემი გეგმა მაინც მაქვს.
- თქვენი აზრით, რატომ არ შეუერთდნენ მემორანდუმს ირაკლი ალასანია, "ეროვნული ფორუმი", ზურაბ ნოღაიდელი, ლეიბორისტები?
- ეს მათ უნდა ჰკითხოთ. საზოგადოებრივი განწყობის შექმნისთვის კი მემორანდუმზე ხელის მოწერა მართლაც ღირდა. გამოგიტყდებით, მნიშვნელოვანწილად სწორედ იმიტომ მოვაწერე ხელი, რომ საზოგადოებაში სოლიდარობის გრძნობა გაჩნდეს. მოთხოვნა - გაერთიანდითო - ხანდახან მეც კი მაღიზიანებს. მაგრამ თუ ეთანხმები იმ მოთხოვნას, და გთავაზობენ: მოდი, ხელი მოვაწეროთო, ეს კი იძლევა მუხტს, რა უნდა გიშლიდეს ხელს? მერე ნებისმიერი არგუმენტი არის თავის მართლება, ან - შიში, და შეთანხმება ხელისუფლებასთან. ზოგს ეშინია - რაღაც პრობლემები შეექმნება. ხვდებით ხომ, ვისზე ვამბობ? არც გაერო-ში წარმომადგენლობიდან გადადგომა არის საკმარისი საფუძველი პოლიტიკური ლიდერობისთვის. და ურიგო არ იქნებოდა, პოლიტიკურ ასპარეზზე დამკვიდრება იმ სოლიდარობით მაინც დაწყებულიყო. ასეთი განკერძოება - მე რაღაც სხვა ვარ და ისეთი "ხაზეინი" მყავს, რომ მაინც დამსვამს... მე მხოლოდ ვარაუდებს გამოვთქვამ, რადგან სანამ კონკრეტულ ქმედებებს არ დავინახავთ, ალასანიას პოზიცია გაუგებარი რჩება. შეიძლება, ახლა, ჩვენ რომ ვლაპარაკობთ, მივიდა და მოაწერა ხელი.
... ცუდი მებატონე გვყავდა და რატომღაც კარგ მებატონეს ვეძებთ. რა თქმა უნდა, ჯობს ამერიკა რუსეთს: ცივილიზებულია, მეტად გიწევს ანგარიშს. ბოლოს და ბოლოს, მან განვითარების სხვა გზა აირჩია. მაგრამ შედეგის თვალსაზრისით ისე არ მოხდეს, რომ დიდი განსხვავება არ აღმოჩნდეს ცუდ და კარგ მებატონეს შორის. ზოგიერთი მებატონე თავაზიანია, შოლტს არ გირტყამს, ღიმილით გელაპარაკება. შეურაცხმყოფელია, როცა ხარ საშუალება, იარაღი, ან პლაცდარმი, ტერიტორია. მონობის სინდრომი უნდა დავძლიოთ. მე თავად ვიყავი მონაწილე: დედამიწის ყველაზე უდიდესი და საშინელი იმპერია დაიშალა, როცა ხალხმა მოინდომა. ეს ძალა ეყო ისეთი იმპერიის დაშლას, რომელსაც მარტოკა შეეძლო, დედამიწა აეფეთქებინა! და ისე გაქრა, აგერ, პუტინი ეძებს და ვერ პოულობს. ეს შესაძლებელი გახადა ადამიანების სურვილმა, დამოუკიდებელი მოქმედების უნარმა, გამბედაობამ. აბა, რა მნიშვნელობა აქვს, რუსეთის საელჩოში ვირბენ თუ ამერიკის! ისრაელი-ამერიკაზე უფრო მჭიდრო პარტნიორობის მაგალითი არ არსებობს. ისრაელი ამერიკის გარეშე ვერ იარსებებდა, მაგრამ ის თავის ინტერესებს იცავს, დამოუკიდებელ პოლიტიკას ახორციელებს!
ეროვნულ კრებაზე გავიტან მთავარ წინადადებას: იქნებ შევცვალოთ პოლიტიკური სისტემა და გადავიდეთ საპარლამენტო რესპუბლიკაზე. იგი ნამდვილად უზრუნველყოფს იმას, რომ ვიღაცის პოლიტიკურ თანხმობაზე არ ვიყოთ დამოკიდებული. საქართველოში, არსებული პოლიტიკური სისტემის საშუალებით, ერთი მარიონეტის დასმაც და მოშორებაც ძალიან ადვილია. საპარლამენტო რესპუბლიკაში კი რამდენი პრემიერ-მინისტრიც გინდა დახოცონ და მოიშორონ, პარტია თუ არის უმრავლესობაში, მას ვერაფერს მოუხერხებენ.
სისტემა უნდა შეიცვალოს და მხოლოდ ახალი სისტემის პირობებში ჩატარდეს არჩევნები. ვეცდები, ოპოზიცია დავარწმუნო, რომ ეს იყოს წამყვანი დევიზი. თუ ევროპისკენ მივდივართ, მაშინ სისტემაც შესაბამისი უნდა იყოს. თუ პუტინივით იქცევი, მაშინ პუტინს რას ერჩი? ე.ი. პირადი პრობლემები გაქვთ. ეს რა ჩემი საქმეა და ჩემს ქვეყანას რატომ უნდა უჯდებოდეს ძვირად? 1990 წელს, გამოკითხვვების მიხედვით, საქართველოში საპარლამენტო რესპუბლიკის იდეის მხარდამჭერთა ოდენობა 10%-ს არ სცილდებოდა. მაგრამ რაც დრო გადის, ამ იდეას სულ უფრო მეტი ადამიანი იზიარებს.
- მაგრამ საქართველოში პოლიტიკური სისტემის ასე სწრაფად შეცვლაზე საუბარი ნაადრევია. თქვენი აზრით, რა შეიძლება შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუკი შეიცვლება საარჩევნო კანონმდებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდება არჩევნები?
- სააკაშვილი თუ დარჩება, არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. როგორ შეიძლება, კიდევ ერთხელ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში იმის შემდეგ, რაც უკვე არაერთხელ მოხდა ამ ქვეყანაში? მიმაჩნია, რომ ოპოზიციის მთავარი შეცდომა იმ სამ არჩევნებში მონაწილეობა იყო. როცა ასეთ პირობებში არჩევნებში მონაწილეობას იღებ, იდიოტი უნდა იყო, ანდა - ხელისუფლებასთან შეკრული.
- მაგრამ თქვენც ხომ მიიღეთ მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში? თქვენ ხმებისთვის არ გიბრძოლიათ?
- მასში მონაწილეობა იმიტომ მივიღე, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით მეთქვა, რა საფრთხეც გვიახლოვდებოდა. გავაგებინე ვინმეს რამე? და ვინმეს ვუთხარი, ხმა მომეცით-მეთქი?
- ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ სააკაშვილი იძულებული გახდება, წავიდეს. თქვენი აზრით, ეს კონკრეტულად რა გზით გახდება შესაძლებელი?
- კონკრეტულად როგორ გითხრათ? ასე არ ხდება. ბევრი გზა არსებობს. ეროვნული მოძრაობის დროს გზებს ვეძებდით. ერთმა ნაწილმა თქვა კონგრესი (რასაც ახლა მე ვამბობ), მეორე ნაწილმა (ზვიადის მეთაურობით) თქვა: ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ნორმალური არჩევნები ჩატარდეს და მოვიგოთო. ეს გამოვიდა და არა ის, ხომ? წინასწარ განსაზღვრა ასე ადვილი რომ იყოს...
- ოპოზიციას ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული ერთიანი ტაქტიკა. ხომ შეიძლება, ცალკეული ოპოზიციური ძალების მოქმედებებმა პროცესს ქაოტური ხასიათი მისცეს?
- ახლა რაც არის, იმას ხომ აჯობებს? ან ყველა ერთად იქნება (რაც სასურველია), ან გაიყოფა ორად ან სამად და საზოგადოება გადაწყვეტს, რომელი გზა არის უფრო სწორი.
- მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მხარს დაუჭერთ?
- მონაწილეობასაც მივიღებ.
- თქვენ მიგაჩნიათ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია პარიტეტის პრინციპით უნდა დაკომპლექტდეს. ოპოზიციური პარტიებიდან ვინ გემხრობათ?
- არავისთან ამის თაობაზე კონსულტაციები არ გვქონია. ახლა არჩევნები აქტუალური თემა არ არის.
- ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გამორიცხავთ?
- ამის დანიშნულ არჩევნებში არ ვმონაწილეობ-მეთქი. ვიცი ოპოზიციური პარტიები, იმ საარჩევნო კოდექსებს რომ თანხმდებოდნენ და არჩევნებში მონაწილეობდნენ. მერე იძახდნენ, გაიყიდა ჩვენი ხალხიო. პარიტეტი უნდა იყოს, მაგრამ ეს ოპოზიციაშიც არ აწყობთ - იმიტომ, რომ ზოგს გარიგების იმედი აქვს. აქ სულ ასე ხდებოდა.
- ოპოზიციის მიმართ საზოგადოების მხრიდან რა განწყობას გრძნობთ?
- დიდი იმედგაცრუება იყო. ახლა თითქოს პატარა იმედი არსებობს. იმიტომ, რომ ხალხსაც სხვა გზა არ აქვს.
- ფიქრობთ, რომ ოპოზიციურმა ძალებმა შეიძლება დასავლეთის მხარდაჭერა მოიპოვონ?
- ჯერ ჩვენი ხალხის მხარდაჭერა უნდა მოვიპოვოთ. შემდეგ კი, თუ ხალხი ერთსულოვანი იქნება, ამას ანგარიშს გაუწევს ყველა.
- ზემოთ ხაზი გაუსვით, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ხმების მოსაპოვებლად არ მიგიღიათ. მაისში დაახლოებით ერთი პროცენტი აიღეთ. ეს, თქვენი აზრით, რაზე მიანიშნებს?
- და ვინც აიღო, იმან რას მიაღწია? ეს არის ქვეყანა, სადაც მნიშვნელობა არ აქვს, ერთ პროცენტს აიღებ თუ ას ერთს - თუკი ოპოზიციაში ხარ. რატომ იკლავენ თავს სხვები, ვერ გავიგე. შალვას თუ თორმეტი აქვს, მერე რა?
- მაგრამ თქვენ ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვებას ვერ ახერხებთ.
- მოვიპოვებთ. როცა საჭირო იყო, 92-ში სოფელ-სოფელ დავდიოდით და 135 ათასი ხმა ავიღეთ. ახლა კი აზრი არ აქვს. ხომ არ გახვალ რინგზე "საბოქსაოდ", როცა მსაჯიც მისი ბიძაა, დანარჩენი მსაჯებიც მისი მამიდაშვილები და დეიდაშვილები არიან და მაყურებლები - მისი ნათესავები, და ტელევიზიაც, რომელიც იმ შეჯიბრს იღებს, მისი ცოლია! ცემით შუაზე რომ გაგლიჯო, გამოაცხადებენ, რომ მან მოიგო. იძახე მერე, მე გავლახეო. ე.ი. შენ ხარ სულელი, ასეთ პირობებში საჩხუბრად რომ გახვედი!
Комментариев нет:
Отправить комментарий