07 марта, 2011

ვისაც გეშინიათ, სახლში დარჩით!

"რეზონანსი"

28 თებერვალი, 2009


პაატა ზაქარეიშვილი: "თუ მიზანი ერთია, მაშინ სტრატეგიები რატომ ეწინააღმდეგება ერთმანეთს?"

"რუსეთი ზუსტად ისე ექცევა საქართველოს, როგორც სააკაშვილი - ოპოზიციას: როგორც კი სუსტი მხარე ეჭვქვეშ აყენებს თავის პოზიციას, მაშინვე, ძლიერი მხარე თავის სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას.
დანამდვილებით ვიცი, რომ უკვე დაიწყეს პენიტენციალურ სისტემაში "სპეცნაზის" ვარჯიში. ამას მეთვალყურეობს ბაჩო ახალაია, რომელიც თითქოს თავდაცვის სამინისტროშია გადასული. ვისაც ამის ეშინია, მაშინ სახლში დარჩეს. სააკაშვილმა სისხლი უკვე დაღვარა. ჩემი შვილი მოიწამლა 7 ნოემბერს, და შემდეგ რეზერვისტად გაიწვიეს ცხინვალში. რა მნიშვნელობა აქვს, ჩემი შვილი სად მოკვდება: გაზით მოკვდება რუსთაველზე თუ ცხინვალში, თუნდაც, რუსის ტყვიით? ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სააკაშვილის არასწორი პოლიტიკის შედეგი იქნება!
არავინ არის ვალდებული, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია დაამკვიდროს. არიან ოჯახები, რომლებიც ღირსეულად ცხოვრობენ და არიან ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ უღირსად. ეს ოჯახების არჩევანია და არა მეზობლების არჩევანი" - "რეზონანსს" პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრება.

- თქვენი ალიანსი აცხადებს, რომ სააკაშვილის გასაშვებად ყველა კონსტიტუციურ საშუალებას გამოიყენებს. სააკაშვილისგან მოითხოვთ, რომ გადაწყვეტილება რეფერენდუმთან დაკავშირებით მიიღოს ათი დღის ვადაში (5 მარტამდე), და დანიშნოს იგი ორი თვის ვადაში. თქვენთვის ხელსაყრელი არ არის რეფერენდუმის ჩატარების კონსტიტუციით განსაზღვრული ვადები. თავიდანვე ულტიმატუმის გზა რატომ აირჩიეთ?
- პრეზიდენტს ევალება არა დუშეთის გზებზე სიარული და რაღაც-რაღაცების გახსნა, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. სააკაშვილმა საქართველოს მოუსპო განვითარების ყოველგვარი პერსპექტივა უახლოესი ათი წლის განმავლობაში და კიდევ ულტიმატუმებით არ ველაპარაკოთ? ეს ადამიანი თავის თავს პრეზიდენტად, საქართველოს სიმბოლოდ მიიჩნევს, და გორის ქუჩაში წაკუზული ამბობს, ცხვირში ძმარს ამოვადენთ, ვინც გამოგყარათო! 2013 წლამდე მაცალეთ, კარგად უნდა დავაჭედო საქართველოს კუბოს ლურსმნებიო! სად წერია, რომ ულტიმატუმებით ლაპარაკი არ შეიძლება? ევროპაში რომ გამოდის ხალხი მიტინგებზე, ის რა არის?
სააკაშვილი უზურპატორია, მაგრამ მაინც - ხელისუფალი. შესაბამისად, მას კიდევ ეძლევა შანსი, რომ გამოასწოროს მდგომარეობა. ჩვენ სააკაშვილს ვუტოვებთ შანსს, მიიღოს გადაწყვეტილება: დანიშნოს რეფერენდუმი. საინტერესო ის არის, რომ ჩვენი ალიანსის ამ ნაბიჯზე ჯერ ხელისუფლების რეაქცია არ ყოფილა, და რეაქცია იყო ოპოზიციიდან. ზუსტად ასე მოხდა 21 მაისის არჩევნების წინ - როცა რესპუბლიკურ პარტიას ურტყამდა ოპოზიცია და მოსახლეობას უქმნიდა ილუზიას, თითქოს ოპოზიცია დაიშალა.
- გამოითქვა მოსაზრება, რომ რეფერენდუმის მოთხოვნის იდეა არის "ალასანიას ხაფანგი". თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ მიიღებთ რეფერენდუმს? თუ ეს, უბრალოდ, ტაქტიკური სვლაა მიზნის მისაღწევად?
- შეიძლება, ეს იყოს ტაქტიკური ნაბიჯიც და სტრატეგიულიც - იმის მიხედვით, თუ როგორ გვიპასუხებს ხელისუფლება. დღეს ისევ იქმნება შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური პროცესების წამყვანის როლი კვლავ ოპოზიციამ შეასრულოს. ის კარნახობს სააკაშვილს, სააკაშვილი კი ვალდებულია, უპასუხოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ახლა ოპოზიციურმა ძალებმა ერთმანეთში კინკლაობა კი არ უნდა დავიწყოთ, ჯოხები კი არ უნდა შევჩაროთ ერთმანეთის ბორბლებში, არამედ სხვადასხვა ფრონტიდან ერთი მიმართულებით უნდა შევუტიოთ.
- დავუშვათ, რეფერენდუმთან დაკავშირებით თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. რაში გამოგადგებათ სააკაშვილისა და მერაბიშვილის პირობებში გამართული რეფერენდუმის შედეგები?
- რეფერენდუმის დროს მხოლოდ ერთი კითხვა დაისმება. და მხოლოდ ერთი პასუხია საჭირო. იქ ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთება მოსახლეობის დამოკიდებულება.
- მერაბიშვილი თავის მექანიზმებს ვერ გამოიყენებს?
- ვეღარ. გაყალბება თავის თავზე იღაღადებს. რა თქმა უნდა, გაყალბება შესაძლებელია, მაგრამ ეს იმდენად აბსურდული იქნება, რომ ასეც რომ მოხდეს, ამას მთელი მსოფლიო დაინახავს. დასავლეთი სააკაშვილის მიერ გაყალბებულ 3%-ს ხედავდა, მაგრამ ამბობდა, - ეს რა პრობლემაა, ნახეთ, აფრიკაში რა ხდებაო. მაგრამ სად 3%-ის ვერდანახვა და სად - 50%-ის! სააკაშვილმა რომ გააყალბოს, ეს არსებითად იმუშავებს მისივე წინააღმდეგ. ბოლოს და ბოლოს, პირველად ხომ არ გაუყალბებია?! შევარდნაძემ რამდენჯერ გააყალბა არჩევნები, მაგრამ ერთ-ერთ გაყალბებაზე ჩავარდა. კოკა წყალს ყოველთვის არ მოიტანს. ეს ის გაყალბება იქნება, როდესაც კოკა წყალზე გატყდება. ეს სააკაშვილისთვის ძალიან სერიოზული გამოწვევა იქნება - თუ ის წავა რეფერენდუმზე...
- თქვენ ამბობთ, რომ არ წავა?
- სააკაშვილის ბუნებიდან გამომდინარე, არ უნდა წავიდეს.
- თუ ასეა, რისთვის ითხოვთ?
- იმისათვის, რათა სააკაშვილს შევუნარჩუნოთ ლეგიტიმური ფორმით პოლიტიკიდან წასვლის საშუალება, რომ ქვეყანა არ დავაქციოთ. ჩვენ არ უნდა გამოვიდეთ კონსიტუტციის ფარგლებიდან. თუ შენ სააკაშვილივით იქცევი, რით სჯობიხარ სააკაშვილს?
არსებობს ერთიანი მიზანი: სააკაშვილის გაშვება. მიზანს მოჰყვება ამოცანა: როგორ უნდა წავიდეს ის. და რამდენი ამოცანაც არის, იმდენი სტრატეგიაა. თუ მიზანი ერთია, მაშინ სტრატეგიები რატომ ეწინააღმდეგება ერთმანეთს? როცა ჯარი მიდის საბრძოლო ობიექტთან და ის შორს არის, ჯერ ერთად მიდიან; და, როგორც კი უახლოვდებიან, ნელ-ნელა იშლებიან. იმის ნაცვლად, რომ თავიანთი სტრატეგია განავითარონ, ჩვენს სტრატეგიას უტევენ. შენ შენი სტრატეგია განავითარე!
- ისინი ამბობენ: გადადგეს სააკაშვილი 9 აპრილამდე. თუ არ გადადგება, 9 აპრილიდან საპროტესტო აქციებს ვიწყებთო.
- და ვინ აკრიტიკებს მათ ამის გამო? თვითონვე რატომ აყენებენ ეჭვქვეშ თავის სტრატეგიას? იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ მათთან? მაინცდამაინც კავალერიით უნდა შევუტიოთ და ფეხოსნები არ უნდა იყვნენ?
- როგორც ჩანს, საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებს ოპოზიციის მოქმედებებს. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ საზოგადოებრივი პროტესტის აკუმულირება შესაძლებელი გახდება?
- საზოგადოებაში ეს ეჭვი ყოველთვის არსებობს - იმიტომ, რომ ოპოზიცია ამას ხელს უწყობს. მიზანი ხომ ერთია. მე არ მესმის, რატომ ღიზიანდებიან ოპოზიციის წარმომადგენლები. თუნდაც, ნინო ბურჯანაძეს არაერთხელ დაუდასტურებია (როცა ხელისუფლებაში იყო), რომ ყველაზე კონსტრუქციულები რესპუბლიკელები იყვნენ. თუ მაშინ კონსტრუქციულები იყვნენ, დღეს რატომ არ არიან? იმიტომ, რომ თვითონ აღარ არის ხელისუფლებაში? შეიცვალა თავად ბურჯანაძე - კარგი გაგებით. მან სტატუსი შეიცვალა, სხვა როლშია, უკვე სხვა კუთხით აფასებს ვითარებას. თუ ის დღეს ჩვენთან ერთად არ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთ საქმეს არ ვემსახურებით.
ცხენი კეთილშობილი ცხოველია. როცა ცხენიდან ვარდები, გერიდება, მსუბუქად გაგდებს, რომ ფეხი არ დაგაბიჯოს. ჩვენ გვინდა, რომ რბილად დაეცეს სააკაშვილი, რათა ქვეყანა არ დაზარალდეს. ხალხმა ეს ადრე თუ გვიან უნდა გაიგოს. რესპუბლიკელებმა და "მემარჯვენეებმა" ბევრი რამ გვერდზე გადადეს და მთავარზე შეთანხმდნენ. მათ გადაწყვიტეს, უახლოესი წლების განმავლობაში ერთად იყვნენ, რათა ჯერ გაუშვან სააკაშვილი და შემდეგ ქვეყანას მისცენ განვითარების საშუალება; ისეთი დემოკრატიული გარემო შემქნან, რომ მომავალში ხელისუფლებაში სააკაშვილები ვერ მოვიდნენ; რომ ერთხელ და სამუდამოდ ამოიფხიკოს საქართველოდან ბოლშევიზმი, ერთპარტიული მმართველობის სისტემა. ალასანიაც არ არის პოპულისტი. ის არ არის ქარიზმატული ლიდერი. მას ლეგიტიმური ლიდერის თვისებები აქვს. კანონი რის უფლებასაც მისცემს, იმას გააკეთებს. მას უკვე ამოხსნილი აქვს რთული ამოცანები. ის, თავისი გუნდით, უკვე არსებულ ალიანსთან მოვიდა, ყველაზე გამოცდილ პარტიებთან. და სხვებისთვის კარი ღიად დატოვა. ალიანსს ხომ არ უთქვამს, ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადიო! თუ მოგწონს ეს ალიანსი, შემოდი; თუ არა, რატომ ებრძვი მას, როცა ჩვენი მთავარი მტერი სააკაშვილია? შენი გზით შეუტიე! ჩვენ ერთმანეთის გზებს კი არ უნდა დავარტყათ, არამედ ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ.
- საპროტესტო აქციების გზა თქვენთვის მისაღებია?
- ჩემთვის მისაღებია ყველა გზა, რაც ხელს შეუწყობს სააკაშვილის რეჟიმის დროულად დასრულებას. ეს გზები ერთმანეთს ხელს არ უშლის. მაგრამ საქმე ის არის, რომ მე მხოლოდ აქციებში გამოსავალს ვერ ვხედავ. აქციების პერიოდი ჩვენ გავიარეთ. ეს საჭირო და აუცილებელი ნაბიჯი იყო. მაგრამ ჩვენ მივხვდით, რომ სააკაშვილს ფეხებზე ჰკიდია ქართველი ხალხი; მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, 5 ათასი კაცი გამოვა თუ 200 ათასი. აქციები შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ერთ-ერთი დამატებითი მექანიზმი. მხოლოდ პერმანენტულ აქციებზე თუ გადავედით და სხვას არაფერს გავაკეთებთ, სააკაშვილი დიდი სიამოვნებით წავა ქვეყნის დაქცევაზე. დანამდვილებით ვიცი, რომ უკვე დაიწყეს პენიტენციალურ სისტემაში "სპეცნაზის" ვარჯიში. ამას მეთვალყურეობს ბაჩო ახალაია, რომელიც თითქოს თავდაცვის სამინისტროშია გადასული. ვისაც ამის ეშინია, მაშინ სახლში დარჩეს. სააკაშვილმა სისხლი უკვე დაღვარა. ჩემი შვილი მოიწამლა 7 ნოემბერს, და შემდეგ რეზერვისტად გაიწვიეს ცხინვალში. რა მნიშვნელობა აქვს, ჩემი შვილი სად მოკვდება: გაზით მოკვდება რუსთაველზე თუ ცხინვალში, თუნდაც, რუსის ტყვიით? ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სააკაშვილის არასწორი პოლიტიკის შედეგი იქნება! ის მზად არის, დაამარცხოს საქართველო, ოღონდ თავი შეინარჩუნოს. ამის პირდაპირი მაგალითია "ენგურჰესი". სატანისგან მიიღებს ფულს, ოღონდ ამით გაიმყაროს ძალაუფლება. ყოველდღე მილიარდებს ვკარგავთ იმის გამო, რომ აფხაზეთი ჩვენი არ არის და ნაცოდვილარ, მათხოვრულ ას ორმოცდაათ მილიონს გამოვეკიდეთ და გადავაბარეთ "ენგურჰესი" რუსეთს - ისე, რომ მემორანდუმიც კი გავასაიდუმლოეთ! მემორანდუმი, რომელიც ჯერ ხელშეკრულებაც არ არის! წარმოგიდგენიათ, რა საშინელება უნდა ეწეროს, რომ ვერც ქართულმა და ვერც აფხაზურა მხარემ ვერ მოიპოვა იგი! ახლა მხოლოდ აფხაზების იმედი მაქვს. იქნებ მათ შეძლონ, გადაარჩინონ "ენგურჰესი" და არ დათნხმდნენ ამ სამარცხვინო გარიგებას ქართულ და რუსულ მხარეებს შორის.
- თქვენი აზრით, ეს შესაძლებელია?
- აფხაზები ძალიან პრინციპულები არიან; ამბობენ: ამას არ დავუშვებთ; ამდენ ხანს ქართველებთან გვქონდა შეთანხმება და ვიყოფდით "ენგურჰესის" რესურსებს, დღეს კი, უცებ, თამაშიდან გამოგვაგდესო? ძალიან გამწარებულები არიან - რუსებზეც და ქართველებზეც. აფხაზების იმედი მაქვს, რომ "ენგურჰესს" მაინც გადაურჩენენ საქართველოს. ვნახოთ, როგორ ეყოფათ რესურსები. ასეთი პატარა ერისათვის ეს ძალიან დიდი ბრძოლა იქნება.
- რუსებთან რას მიაღწევენ?
- რატომ არ მიაღწევენ, თუკი თავის დროზე ბაღაფში გაიყვანეს პრეზიდენტად? არ არიან აფხაზები ასე ხელწამოსაკრავები.
- რეფერენდუმს თუ ვერ მიაღწევთ, თქვენი შემდგომი ნაბიჯი რა იქნება?
- თვენ იცით, რას ჩაიცვამთ ერთი წლის შემდეგ? ეს არის ამოცანა, რომელიც იწვევს ხელისუფლებას. იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, როგორც ის გვიპასუხებს. სტრატეგიულად მოაზროვნე ადამიანი რესურსს ინახავს.
- რას იტყვით ფელგენგაუერის უკვე საყოველთაოდ ცნობილ გაფრთხილებაზე რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ ხელახალ აგრესიასთან დაკავშირებით?
- მიმაჩნია, რომ ფელგენგაუერი ავანტიურისტია და არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილის ხელფასზეც კი იჯდეს. აგვისტოს ომამდე საქართველოსა და რუსეთის სამხედრო პოტენციალს აღწერდა და ასკვნიდა, რომ საქართველოს ისეთი ძლიერი არმია ჰყავს (დსთ-ში ყველაზე ძლიერი არმია!), რომ თუ რუსეთი ავანტიურაზე წავა და საქართველოს სამხედრო ძალით დაუპირისპირდება, წააგებს ამ ომს. დღენახევარში მოუგო ჟანგიანმა რუსეთის ტანკებმა ამერიკის მიერ გაწრთვნილ ქართულ ჯარს!
7 აგვისტომდე ყოველთვის ვსაუბრობდი მოსალოდნელი ომის საფრთხეზე. დამცინოდნენ: პანიკიორი ხარო. ახლა კი ასეთ საფრთხეს ვერ ვხედავ. დღეს რუსეთს ომი აღარ სჭირდება. მან საქართველო ინვალიდ სახელმწიფოდ, ნატო-სთვის მიუღებელ სახელმწიფოდ აქცია. მიაღწია იმას, რომ კავკასიაში აშენებს ორ ძლიერ სამხედრო ბაზას - ყოფილ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე. ახლა მას წინ ორი ამოცანა აქვს: გაიფორმოს ყველაფერი საერთაშორისო დონეზე - გაისტუმროს ანდა მართოს გაერო აფხაზეთში; გაისტუმროს ანდა მართოს ეუთო-ს მისია ცხინვალის რეგიონში; არ შეუშვას ევროკავშირი აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და, ამავე დროს, ევროკავშირის მისიის ძალებით შეაჩეროს საქართველოს შესაძლო აგრესია ამ ტერიტორიაზე; ამისათვის კი ჩააყენოს ევროკავშირის მისია კონფლიქტის ზონებსა და ქართულ ტერიტორიებს შორის (სადაც საქართველოს იურისდიქციაა), ანუ ევროკავშირის დაცვითი მექანიზმი მიმართული იყოს საქართველოს შესაძლო აგრესიის მოსათოკად. ჯერჯერობით ყველაფერი აქეთკენ მიდის. და მეორე ამოცანა: გაიუმჯობესოს თავისი იმიჯი მსოფლიოში: ხელახლა იწყება ევროკავშირი-რუსეთის მოლაპარაკეები. აქამდე რუსეთის წინააღმდეგ ერთადერთი სანქცია არსებობდა - შეწყვეტილი იყო ნატო-რუსეთის კომისიის მუშაობა; ახლა კი მან მუშაობა განაახლა. 2 აპრილს დანიშნულია შეხვედრა მედვედევსა და ობამას შორის. ასე რომ, რუსეთმა ომით უკვე მიიღო ომით მისაღები. დანარჩენს ომის გარეშე მიიღებს - საერთაშორისო დონეზე.
- ომის გარეშე, კონკრეტულად, რას მიიღებს?
- მაგალითად, გაერო-სა და ეუთო-ში თავისი პოზიციების განმტკიცებას, ბაზების აშენებას. ომის გარეშე იღებს იმას, რომ "ქურდად" ზის კავკასიაში!
- ნატო და, ზოგადად, დასავლეთი ვერ შეეწინააღმდეგება ბაზების მშენებლობას?
- მხოლოდ ლაპარაკით. რეალური წინააღმდეგობა ყოველთვის სანქციებით ხდება. "ჩვენთვის მიუღებელია, რომ თქვენ ბაზებს აშენებთ!" - ამ ტიპის რიტორიკა სასაცილოა.
რაც უნდა ამაზრზენი და ცინიკური ყოფილიყო რუსეთის ქცევები აგვისტოში, ის ლოგიკური იყო. რუსეთი ამბობდა: მე ვიცავ ჩემს მოქალაქეებს; საქართველომ დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულებები და მე, როგორც მშვიდობისმყოფელმა, განვახორციელე სამშვიდობო ოპერაცია, გავანადგურე საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურა. მე ხომ არ დამიბომბავს ზუგდიდი? დავმბომბე სენაკი, გორი - იმიტომ, რომ იქ სამხედრო ბაზებია. მისი ამაზრზენი და ცინიკური ლოგიკა დასავლეთში ბევრისთვის გასაგებია.
- ეს დასავლეთისთვის რკინის არგუმენტებია?
- დასავლეთში ყველა ხედავს, რომ ეს არის ოპორტუნიზმი; ეს არის პოლიტიკა და არა სამართალი. მაგრამ ასე ამბობდა ამერიკაც, როცა ერაყში შედიოდა: იქ ბირთვული იარაღია და ამას ვერ დავუშვებო! დიდი სახელმწიფოები ასე იქცევიან. დანარჩენი მსოფლიო კი იძულებულია, მათ ამბიციებს ანგარიში გაუწიოს.
- ბოლო დროს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს აღარ შესწევს უნარი, დაიცვას საკუთარი ინტერესები. თქვენ არ იზიარებთ მოსაზრებას, რომ აქ პროცესები გარედან იმართება?
- ვერც ვაშინგტონი და ვერც მოსკოვი ქართველ ხალხს ხელისუფლებას ვერ დაუსვამს!
- აგვისტოს ომის შემდეგაც მიგაჩნიათ, რომ საქართველოს ბედი საქართველოშივე წყდება? სარკოზი-მედვედევის შეთანხმების ხელმოწერის პერიოდი გაიხსენეთ.
- სარკოზი ჩამოვიდა იმიტომ, რომ უნდა შეეთანხმებინა პუნქტები. თუ გახსოვთ, მეექვსე პუნქტი ვერ შეათანხმა სააკაშვილთან. სააკაშვილმა რომ თქვა, საერთაშორისო დონეზე განისაზღვროს აფხაზეთის სტატუსიო, რუსეთმა ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენა. რუსეთი ზუსტად ისე ექცევა საქართველოს, როგორც სააკაშვილი - ოპოზიციას: როგორც კი სუსტი მხარე ეჭვქვეშ აყენებს თავის პოზიციას, მაშინვე, ძლიერი მხარე თავის სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას. რუსეთმა კარგად გამოიყენა სააკაშვილის ორჭოფობა. ასე რომ, ძლიერის უფლება - მართოს, როგორც მას უნდა, მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს სუსტ მხარეს: ის სწორად უნდა იქცეოდეს, თორემ ძლიერი, უმრავლესობა ყველაფრის მკადრებელია.
- თქვენ საუბრობთ საქართველოს მიმართ რუსეთის დამოკიდებულებაზე. საქართველოს მიმართ დასავლეთის დამოკიდებულებას როგორ აფასებთ?
- დასავლეთი ანგარიშს უწევს რეალობას. რეალობა კი ასეთია: საქართველო არის უნიათო სახელმწიფო და თავის ინტერესებს ვერ იცავს. საქართველო არ არის დემოკრატიული სახელმწიფო. შესაბამისად, ვერ დაიცავენ იმას, რაც არ არსებობს. სრულიად უსაფუძვლოა საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ვიღაც გვისვამს ხელისუფლებას. მაშინ არჩევნები არ გაყალბდებოდა; მაშინ პირდაპირ დაგვისვამდნენ ვიღაცას. არჩევნები სამედიცინო შემოწმებასავით არის. ჩვენ არჩევნებზე მივდივართ და ჩვენს თავს ვატყუებთ: ვიწერთ ყალბ ცნობას ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ. და მსოფლიოც კმაყოფილია. დასავლეთისთვის მთავარია, ჩვენი პრობლემა გარეთ არ გავიდეს. მეზობლები თავის ოთახში თუ ჩხუბობენ, ეს ჩემი საქმე არ არის. მაგრამ აბა, ხანძარი დაანთონ თავის სახლში! მაშინვე შევვარდები. არავინ არის ვალდებული, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია დაამკვიდროს. არიან ოჯახები, რომლებიც ღირსეულად ცხოვრობენ და არიან ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ უღირსად. ეს ოჯახების არჩევანია და არა მეზობლების არჩევანი.

Комментариев нет:

Отправить комментарий