16 марта, 2011

ვიდრე "აბანოში" შეხვალთ

"რეზონანსი"
11 აპრილი, 2009

"ოთხ წელიწადში (ეს არის ვადა ჩემი პრეზიდენტობის) ჩვენ ვაპირებთ, ავაშენოთ..." - ეს იყო მიხეილ სააკაშვილის პასუხი ოპოზიციის ულტიმატუმზე.
საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოცხადებულია. ოპოზიცია ამბობს, რომ გზების გადაკეტვა ბრძოლის მხოლოდ პირველი ეტაპია და მას მოჰყვება დამატებითი წერტილების, დამატებითი წინააღმდეგობების ფრონტების გახსნა.
სხვათა შორის, პირველივე საინფორმაციო მიტინგზე, რომელიც სააკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ გაიმართა, არაფერი იყო ნათქვამი სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების პიკეტირებაზე. აპრილის აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, "კონსერვატორმა" კახა კუკავამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ პიკეტირების საკითხი სამოქმედო გეგმიდან სრულად არ ამოვარდნილა: "მოგვიანებით იქნება პიკეტირებაც".
ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლებამ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებს ფორმიანები არ შეაგება. როგორც ჩანს, კუნთიანებს ეს გონივრული რჩევა ვიღაცამ ასევე გონივრულად მიაწოდა. მაგრამ რა იქნება იმ შემთხვევაში, თუკი გზების გადაკეტვა სააკაშვილს ვერაფერს დააკლებს? უნდა ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება ნიშნავს ამ შენობებში გაძლიერებულ დაცვასთან ფაქტობრივ შეხებას. მართალია, საქართველოში ოპოზიცია ამაყობს, რომ ჩვენთან საპროტესტო აქციებზე მომიტინგეები ქვებს არ ისვრიან, ვიტრინები არ იმსხვრევა და მანქანები არ იწვის, მაგრამ პიკეტირებების შემთხვევაში პროვოკაციების თავიდან აცილებას, ან თუნდაც მომიტინგეთა წონასწორობის შენარჩუნებას ალბათ სრულიად სხვა ხარისხის პასუხისმგებლობა სჭირდება. მით უფრო, რომ მიმდინარე პროცესს საქართველოში ნერვების ომს უწოდებენ. როგორც ჩანს, პიკეტირების საკითხი კიდევ ერთი რისკის შემცველი კომპონენტია ბრძოლის გზაზე.
ოპოზიციის ლიდერები ქუჩაში გამოსულ ადამიანებს ეუბნებიან, რომ სწორედ ახლა, ბრძოლის ამ გადამწყვეტ და ბოლო ეტაპზე ხალხის თანადგომა სჭირდებათ, ოპოზიციონერებთან გასარკვევი საკითხები კი მერე უნდა გაირკვეს - სააკაშვილის შემდგომ საქართველოში. "მერე, როგორც აბანოში, ისე წარვდგებით ყველანი თქვენ წინაშე" - ამბობს გოგა ხაინდრავა. მაგრამ ხალხმა, მაგალითად, ნინო ბურჯანაძეს, "აბანოში" შესვლამდე დაუსტვინა. მას პრაქტიკულად ყოველდღე უწევს პროტესტით განწყობილი საზოგადოებისთვის იმის მტკიცება, რომ მასაც უყვარს თავისი ქვეყანა; იმის მტკიცება, რომ ბევრად უფრო ბედნიერია დღეს, როცა ხალხის გვერდით დგას. ტრიბუნასთან მდგომი ოპოზიციონერები კი ხალხს ჟესტებით დელიკატურად მიმართავენ, რომ ამგვარი ემოციებისგან თავი შეიკავონ. პირადად ჩემთვის ბოლო დროს სულ უფრო გაურკვეველი ხდება, რას გულისხმობენ ოპოზიციის ცალკეული ლიდერები მორატორიუმში. აგვისტოს კატასტროფის დღეებში, ფაქტობრივად, მთელმა ოპოზიციამ სწორედ ასეთი მორატორიუმი გამოაცხადა, შეიძლება ითქვას - პირში წყალი ჩაიგუბა - თითზე ჩამოსათვლელი გამონაკლისის გარდა. თუ ამ ლოგიკას მივყვებით, ახლაც საბრძოლო მზადყოფნაშია რუსეთის 58-ე არმია. რუსეთი აქედან ხვალ არ გავა. და არც სააკაშვილია ადეკვატური მიმდინარე პროცესების მიმართ. და თუ მოხსნილია მორატორიუმი სააკაშვილთან მიმართებით, პატივცემულ ოპოზიციას ალბათ კარგად ესმის, რომ საზოგადოება აღარ დააწესებს მორატორიუმს ოპოზიციასთან მიმართებით.
სხვათა შორის, ინტერესს იწვევს ნინო ბურჯანაძის მიერ "მაესტროში", როგორც ამბობენ, საეთერო დროის ყიდვის საკითხი. საპროტესტო ელექტორატს, რომელიც ძირითადად "კავკასიასა" და "მაესტროს" უყურებს, ალბათ აინტერესებს, მოისმინოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რა კონკრეტული ინტერესი არსებობს ბურჯანაძისა "მაესტროს" მიმართ. და საერთოდ, საინტერესოა კომპეტენტური ადამიანების განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება აღიქმებოდეს თავისუფალ მედიასაშუალებაში ნებისმიერი პოლიტიკოსის ინტერესის "შესვლა".
თუკი ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური ძალები მართლაც სისტემის დემონტაჟისთვის იბრძვიან, შეუძლებელია, არ ესმოდეთ ისიც, რომ თითოეული მათგანის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებაც უნდა არსებობდეს. გასაგებია, რომ ისინი ახლა ყველანი ერთად უნდა იდგნენ, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, ვეცადოთ, ვიყოთ კრიტიკულები. ოპოზიციის ლიდერებმა ალბათ მშვენივრად იციან, რომ ადამიანები, რომლებიც 9 აპრილიდან ქუჩაში ისევ გამოვიდნენ, იმ აქციებზე ერთმანეთს ეკითხებიან: "რა იქნება შემდეგ?" ამ აქციებზე კი ყვითელი ავტობუსებით არავინ მოუყვანიათ.
და კიდევ ერთი: ამას წინათ ირაკლი ოქრუაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას შენიშნა: "თუ 2003 წელს ხალხის პროტესტს დაერქვა "ვარდების რევოლუცია", ასეთის გამეორების ფუფუნება დღეს ქართველ ხალხს კიდევ აქვს". საინტერესოა, რა ტიპის ფუფუნებას გულისხმობს ბ-ნი ოქრუაშვილი, რომელიც, როგორც მისი საუბრიდან ირკვევა, მაშინ ჩამოვა საქართველოში, როცა აქ პროტესტის ტალღა კულმინაციას მიაღწევს.

Комментариев нет:

Отправить комментарий