23 მარტი, 2009
გოგა ხაინდრავა: "უნდათ ქართველი ხალხის გამწარება?"
"ვინ შემოაგდებს იარაღს და საიდან? თუ შემოაგდებს, მერაბიშვილი შემოაგდებს! იარაღი კი არა, ტუალეტში ვერ გავდივარ, რომ არ მისმინონ, რას ვაკეთებ, და იარაღი საიდან უნდა გაჩნდეს აქ?
ჩვენ დღეს ზუსტად იმის წინააღმდეგ ვიბრძვით, რის წინააღმდეგაც ოცი წლის წინ ვიბრძოდით. სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი ჩემთვის პირდაპირი გაგრძელებაა საბჭოთა რეჟიმის. ისინი არიან პირდაპირი შთამომავლები ორჯონიკიძის, ორახელაშვილის... ეს არის რუსეთის ოკუპაცია. სააკაშვილი პირდაპირ ემსახურება რუსულ იმპერიალიზმს. ამიტომ ჩემთვის არანაირი განსხვავება არ არის, უბრალოდ, მაშინ რუსული იარაღი იყო ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებული, დღეს კი შესაძლებელია, რომ გამოყენებული იყოს ქართული იარაღი. ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა სააკაშვილსა და მერაბიშვილს ექნებათ. გამორიცხულია, რომ ჩვენმა ჯარისკაცებმა ამაში მონაწილეობა მიიღონ. რაც შეეხება იმ ვიგინდარების ჯგუფებს, რომლებიც, როგორც წესი, ნიღბებს არიან ამოფარებულნი, იმედი მაქვს, დაფიქრდებიან: მათ ოჯახები ჰყავთ, ცოლ-შვილი ჰყავთ და ამ ქვეყანაში ცხოვრობენ. და ყველას გვარი და სახელი ვიცით. მინდა, ეს იცოდნენ კარგად; ხაზი გაუსვით: ყველას გვარი, სახელი, მისამართი, საიდან არიან, რას აკეთებენ და სად დადიან - ვიცით. და უნდათ ამ კრიმინალებთან ერთად ბოროტმოქმედების ჩადენა და ქართველი ხალხის გამწარება?" - "მთელ კვირას" გოგა ხაინდრავა ესაუბრება.
- საზოგადოებაში არსებობს ერთგვარი შიში, რომ შესაძლოა აპრილში პროცესები უმართავი გახდეს. ოპოზიცია რა რესურსით მოდიხართ?
- ყველაზე დიდი რესურსი არის ქართველი ხალხის უკმაყოფილება, ქართველი საზოგადოების ღია და ძალიან მტკიცე პროტესტი იმ ბოროტების მიმართ, რასაც სააკაშვილი და მისი კრიმინალური გარემოცვა სჩადის მთელი ამ წლების განმავლობაში. ეს უძლეველი რესურსია.
- მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ ის კრიმინალური ხელისუფლებაა. აპრილში მისგან საფრთხეებს არ ელოდებით?
- როგორ არ ველოდებით! ეს საფრთხეები მთელი ამ წლების განმავლობაში იყო ჩვენ წინაშე და უამრავი ოჯახი გაუბედურდა ამის გამო. ყველაზე დიდი უბედურება, რომელიც შეიძლებოდა თავს დასტყდომოდა ამ ქვეყანას, იყო აგვისტოს სამარცხვინო ავანტიურა, რომელიც სააკაშვილმა განახორციელა.
- და ამაზე უარესი არ შეიძლება მოხდეს?
- ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს? ჩვენთვის ახალი არ იქნება ის, რომ ძალას დაგვიპირისპირებს და რამდენიმე ათეული თუ ასეული გადაგვარებული ბანდიტი, მაგალითად, რურუების ბანდის სახით, კომბლებს დაგვიშენს თავში და რეზინის ტყვიებს გვესვრის. ეს ქართულმა საზოგადოებამ უკვე გამოსცადა საკუთარ თავზე - ვფიქრობ, ძალიან ღირსეულად, და ბუნებრივია, ყველა შემდეგი ასეთი ცდა სულ უფრო კატასტროფული იქნება მისი ჩამდენისთვის.
- თქვენ გამორიცხავთ, რომ თუკი საპროტესტო გამოსვლები დაიწყება, ის შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს?
- სამოქალაქო დაპირისპირებას აჩენს სააკაშვილი და რაც შეიძლება, სწრაფად არის საჭირო მისი მოცილება ამ ქვეყნიდან. ის საკუთარი უგუნურებით აჩენს არა მარტო სამოქალაქო დაპირისპირებას, არამედ აჩენს საერთაშორისო დაპირისიპირებას ჩვენი ქვეყნის მიმართ. რაც მთავარია, მან სამხედრო დაპირისპირება გააჩაღა. ყველა ჩვენგანი იმკის მისი უგუნურებისა და ბოროტმოქმედების შედეგს. ეს უნდა დამთავრდეს!
- მხოლოდ ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება სამართლიანია? ოპოზიცია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის რა ტვირთს იღებთ?
- მშვიდობიან საპროტესტო აქციებთან მიმართებით ყველანაირ პასუხისმგებლობას ვიღებთ, აგვიღია არაერთხელ და დაგვიმტკიცებია კიდეც, რომ ნამდვილად ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას. და არამარტო ვგრძნობთ, არამედ განმხორციელებლებიც ვართ. გასული წელი ამის თვალსაჩინო მაგალითია.
- თქვენ არ ფიქრობთ, რომ იმ აქციებისგან 9 აპრილის აქცია შეიძლება იყოს თვისობრივად განსხვავებული და, შესაბამისად, გაცილებით მაღალი რისკ-ფაქტორების შემცველი?
- ხალხის მრისხანების თვალსაზრისით - რა თქმა უნდა. თუმცა, ყველას კარგად ესმის, რომ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, დამთავრებულია. და დამთავრებულია მისი "ნაციონალური მოძრაობა", როგორც კრიმინალური დაჯგუფება. ბუნებრივია, რომ გაფაფხურდებიან - მით უმეტეს, ისეთი საეჭვო საქმიანობის ადამიანები, როგორიც არის მეთიუ ბრაიზა. ის იმდენად არის გადაფარებული სააკაშვილის რეჟიმზე, რომ მისი მოქმედება უამრავ კითხვის ნიშანს აჩენს. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, როცა სააკაშვილის ბოროტმოქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდება, ბრაიზას სახელი ამოტივტივდება. პრაქტიკულად მისი ძალისხმევის შედეგად, საკუთარი ხალხის ნების ქურდი ადამიანი დარჩა ქვეყნის სათავეში.
- ე.ი., ამ ქვეყანას გარედან მართავენ.
- სააკაშვილი, რა თქმა უნდა, გარედან მართვადია. მაგრამ საქმე ის არის, რომ რატომღაც, ამერიკის შეერთებულ შტატებში დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეს მათი პროექტია - მაშინ, როდესაც ეს წმინდა წყლის რუსეთის უშიშროების პროექტი იყო. სააკაშვილი არის რუსეთის უშიშროების პროექტი, ისევე როგორც მერაბიშვილი, ლომაია, ადეიშვილი. რაც მთავარია, ბიძამისი - თემურ ალასანია ერთ-ერთი თანაავტორია ამ პროექტის. ყველაზე მეტად ის მაკვირვებს, როგორ შეცდა ამაში ამერიკის ადმინისტრაცია.
შეგნებულად ხორციელდებოდა ყველაფერი იმისთვის, რომ რუსეთს ის პოზიცია მიეღო საქართველოში, რაც მიიღო: კონფლიქტურ რეგიონებთნ მიმართებით გაუთავებელი პროვოკაციები და ავანტიურები, ეკონომიკური ბერკეტების გადაცემა, საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა - როდესაც ცხინვალის რეგიონს დაერქვა სამხრეთ ოსეთი და როდესაც მას ახალგორი შეუერთდა; აბსოლუტურად გაუგებარი ავანტიურისტული ქმედება ვინმე სანაკოევთან დაკავშირებით - როდესაც ამ რეგიონის ქართული მოსახლეობა მერაბიშვილმა და სააკაშვილმა აიძულეს, არალეგიტიმურ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. კიდევ ერთი არალეგიტიმური ფიგურა (ისეთივე თვითმარქვია, როგორც სააკაშვილი) პრეზიდენტად დასვეს ქვეყანაში და ამით ქვეყანა სამ ნაწილად გახლიჩეს!
- თქვენ ეკონომიკური ბერკეტების გადაცემა ახსენეთ. უკვე ოპოზიციაში გადმოსული ნოღაიდელი ამბობს, რომ რუსული კომპანიების შემოსვლა საქართველოში ჩვენი ქვეყნის ანექსიასთან არანაირ კავშირში არ არის.
- ნოღაიდელს თქვენ ელაპარაკეთ. მე მისი აზრები არ მაინტერესებს.
- ის თქვენთან ერთად დადგება 9 აპრილს.
- ის ჩემთან ერთად არ იქნება.
- ოპოზიციასთან ერთად არ იქნება?
- ჩემთან ერთად ნოღაიდელი არ იქნება. თბილისი კი ყველასია.
- ოპოზიციის ერთიანობა რას ნიშნავს?
- ოპოზიციის ერთიანობა ნოღაიდელის იქ ყოფნას ნამდვილად არ ნიშნავს. მე არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ ვარ. და იქ დავდგები, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი შვილი. ასე რომ, მე არავინ მეკითხება, იქ ვინ იქნება და ვინ - არა. ხალხი ვის მიიღებს და ვის არ მიიღებს, ამაშია საქმე. გამოჩნდება თუ არა იქ კაცი, მაშინვე გაცხადდება, მის მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვს ქართულ საზოგადოებას, მით უმეტეს - საპროტესტო ელექტორატს. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, რომ პროტესტი გამოთქვას სააკაშვილის ბოროტმოქმედების მიმართ. მაგრამ ასევე ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, მოჰკითხოს იმ ადამიანებს, ვინც ამ ბოროტმოქმედებებში უშუალოდ მონაწილეობდა და ამ გზით მდიდრდებოდა. მე ვფიქრობ, რომ ნოღაიდელი მათ შემადგენლობაშია.
- კიდევ ვის დაასახელებთ?
- ბურჯანაძეს, რა თქმა უნდა. ჩემთვის ასეთი პოლიტიკოსი არ არსებობს, ზოგადად კი, მისი, როგორც პოლიტიკოსის ბედი, ცხადია, ქართველმა ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს. რაც შეეხება პროტესტში მონაწილეობას და ბრძოლას საკუთარი ქვეყნისთვის: გიორგი სააკაძე ოთხჯერ ახლდა შაჰ-აბასს კახეთში და დაახლოებით მილიონ-ნახევარი კახელი გაწყვიტა სპარსულ ჯარებთან ერთად. მაშინ ამ შემოსევებმა მიწასთან გაასწორა კახეთი, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა სააკაძეს, რათა სპარსელების წინააღმდეგ მარტყოფის ბრძოლაში მიეღო მონაწილეობა.
- თქვენი აზრით, მოსალოდნელია თუ არა ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება?
- მე სააკაშვილისგან ყველაფერს ველოდები. არის ერთი კარგი ქართული ანდაზა, რომელიც პატარძალს ეხება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი უგუნურება, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დასამარებას კიდევ უფრო დააჩქარებს. ადეიშვილი, მერაბიშვილი და სააკაშვილი ლაჩრები არიან. საკუთარი ჩრდილის ეშინიათ, გორის ცაზე ჩიტების ჩრდილის ეშინიათ. ბუნებრივია, რომ მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. და გივი თარგამაძე რომ იქნება სახელმწიფოს ერთ-ერთი მესვეური, რა თქმა უნდა, ყველაფერი მოსალოდნელია!
- ელოდებით თუ არა ოქრუაშვლის ჩამოსვლას?
- ვიცი, რომ ირაკლი ჩამოსვლას აპირებს. არ არის გამორიცხული, ჩვენ უახლოეს დღეებში შევხვდეთ ერთმანეთს და კონკრეტულ დეტალებზე ვისაუბროთ.
- ახლა თუ ჩამოვა, მას ხომ ისევ დააპატიმრებენ. რა მიზანი აქვს ოქრუაშვილის ჩამოსვლას მაინცდამაინც ახლა?
- რას ნიშნავს, რა მიზანი აქვს? საფრთხეს გრძნობს არა მხოლოდ ოქრუაშვილი, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქე - იმიტომ, რომ ბანდიტები არიან ქვეყნის სათავეში; იმიტომ, რომ ესენი მკვლელებს გარეთ უშვებენ!
მე ვფიქრობ, ოქრუაშვილი არის ამ დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მებრძოლი და ბუნებრივია, მისი აქ ჩამოსვლის მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება მალე მოშორდეს ეს ბოროტმოქმედთა ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას!
- თქვენ არ გახსოვთ, ოქრუაშვილი რომ იყო ერთ-ერთი მოძალადე ამ ხელისუფლებაში?
- როგორ არ მახსოვს. იმ დროს, როდესაც ეს ძალადობები ხდებოდა, მეც ვიყავი ხელისუფლების წევრი, ამიტომ მეც მათ რიგში ვარ.
- რით დაგვარწმუნებთ იმაში, რომ ოქრუაშვილის მეტამორფოზა მოხდა?
- ამაში ის თვითონ დაგარწმუნებთ. მე რატომ უნდა დაგარწმუნოთ? მე ვარ ოქრუაშვილის თანამებრძოლი. ჩვენ ძალიან კარგი ადამიანური ურთიერთობები გვაქვს. მე მისი მჯერა. მჯერა მისი მეტამორფოზის.
- თქვენი აზრით, რა კონკრეტული როლი შეიძლება შეასრულოს ოქრუაშვილმა მიმდინარე პროცესებში?
- ირაკლი ოქრუაშვილი საკმაოდ რეიტინგული პოლიტიკური ფიგურაა საქართველოში და მას უამრავი მხარდამჭერი ჰყავს ამ ქვეყანაში.
- თქვენ ჩვენს ქვეყანაში არაერთი ხელისუფლების ცვლაში მონაწილეობდით, შემდეგ კი უმხედრდებოდით ყველა მომდევნო ხელისუფლებას. თქვენი აზრით, ახლა მთავარია, სააკაშვილი წავიდეს? სააკაშვილის შემდგომი საქართველო როგორ წარმოგიდგენიათ?
- რა თქმა უნდა, მთავარია, სააკაშვილი წავიდეს! ამავე დროს, ჩვენ ისეთი უბედურებიდან, ისეთი ჭირიდან გამოვდივართ, რასაც საბჭოთა აზროვნება ჰქვია. ეს არ არის ადვილი. მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოში ხელისუფლებების მიერ ძალაუფლების უზურპაცია ხდება.
- მაგრამ ეს ხელისუფლებები ხალხს მოჰყავს.
- კი, ბატონო, ეს ბუნებრივია: ხელისუფლებები ხალხს მოჰყავს და ხალხივე უშვებს მათ. ძალიან ცუდია, რომ ჩვენ, როგორც წესი, ამას რაღაც ძალისმიერი მეთოდებით ვაკეთებთ.
- ამის მიზეზი, თქვენი აზრით, რა არის?
- თვითონ ხელისუფალი, და ვფიქრობ, გარკვეულწილად - საზოგადოება. ქართულ საზოგადოებას დემოკრატიული არჩევანი არასოდეს გაუკეთებია. ის მეფეს ირჩევს. როცა ადამიანს ირჩევ 96%-ით, ეს ნიშნავს, რომ მას აძლევ სრულ კარტ-ბლანშს, რაც უნდა, ის გააკეთოს. იმის გამო, რომ ხელისუფლება დაბალანსებული არ არის, ეს ადამიანი გარკვეული დროის მერე ფიქრობს: რასაც მინდა, იმას გავაკეთებ. ნახევარი საქართველო შიმშილობს, მეორე ნახევარი საქართველო კი ლტოლვილების გეტოებშია ჩაკეტილი, და ამ დროს საქართველოს ხელისუფალს მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ჩამოჰყავს საკუთარი თვითმფრინავით და იმასთან ერთობა! და ამაში ათი ათასობით დოლარს იხდის! ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს კაცი გონზე არ არის. ეს არ არის ნორმალური ადამიანი! მე აქ დიაგნოზზე ვლაპარაკობ და არა შეურაცხყოფაზე. ის ნორმალურად ვერ აღიქვამს, რა დავალება მისცა ხალხმა, როცა მას პირველად ხმა მისცა. ეს არის უზურპატორი, რომელიც კრიმინალურ ჯგუფთან ერთად სისხლით, ტყვიით ინარჩუნებს ძალაუფლებას. მაგრამ სააკაშვილი უკვე დაცემულია. ამაზე მეტი დაცემა რა შეიძლება: ტალახში არის ამოგანგლული გორში! მთელი მსოფლიოს დასანახად! მეტი დაცემა რა უნდა იყოს? მთელი ხალხის დასანახად ვიღაც "პრასტიტუტკა" ჩამოჰყავს საქართველოში იმ დროს, როდესაც გლოვაა მთელ ქვეყანაში! ამაზე მეტი დაცემა გაგიგიათ?
- დღესაც საუბრობენ იმაზე, რომ 1991-92 წლებში თქვენ იარაღით ხელში დარბოდით. ახალგაზრდა თაობას, ვისაც არ ახსოვს, იმ დროს რა ხდებოდა, აინტერესებს, სად იყო მაშინ გოგა ხაინდრავა. გეჭირათ თუ არა ხელში იარაღი?
- ეს ბრალდებები ცილისწამებაა. არაერთხელ მითქვამს, რომ ყველაზე დიდი უბედურება ერისთვის არის სამოქალაქო ომი. სამწუხაროდ, ჩვენი თაობის ადამიანები ამ უბედურების მონაწილენი აღმოვჩნდით. მაგრამ ცალსახად მინდა ვთქვა, რომ სამხედრო გადატრიალება ქვეყანაში ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ განახორციელეს მისმა თანაპარტიელებმა, მისი ხელისუფლების წარმომადგენლებმა: თავდაცვის მინისტრმა კიტოვანმა, პრემიერ-მინისტრმა სიგუამ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ვაჟა ადამიამ, იმ ადამიანებმა, ვისაც შეიარაღებული დაჯგუფებები ჰყავდათ. არმია ორად გაიყო და ერთმანეთს დაუპირისპირდა. სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური წრეები ამაში არ მონაწილეობდნენ. მერე, რა თქმა უნდა, ადამიანებმა სხვადასხვა პოზიციები დაიკავეს. ვიღაცას მითებში ცხოვრება თუ უნდა, იცხოვროს. მე გადაღებული მაქვს იმ პერიოდის ამსახველი 100-120 საათიანი მასალა. ზვიად გამსახურდიას სახელზე ძალიან ბევრმა საკუთარი კეთილდღეობა და მომავალი პოლიტიკური არსებობა დააფუძნა. ზვიადის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს მის ღალატს ვერავინ დაგვაბრალებს. გამსახურდია, პირველ რიგში, თავისმა თანამებრძოლებმა მიატოვეს. რატომ აღმოჩნდა ის სამეგრელოში მარტო, სამი კაცის თანხლებით? აქედან მინიმუმ ორი მის ლიკვიდაციაში მონაწილეობდა. ერთმა მოწამლა და მეორემ ესროლა.
- კონკრეტულად, რას გულისხმობთ?
- ამას მისი შვილი ამბობს - კონსტანტინე, რომელმაც ფილმი გააკეთა. და მე ამ ვერსიას, რა თქმა უნდა, ვიზიარებ. ზვიადს თავი რომ არ მოუკლავს, ამაში დარწმუნებული ვარ. მას ძალიან კარგად ვიცნობდი. ჩვენ საკმაოდ ახლო ნათესავები ვართ. ბუნებრივია, ის აქ ჩამოიტყუეს მისმა თითქოსდა მეგობრებმა, თორემ რატომ უნდა ჩამოსულიყო? აბსოლუტურად გასაგები იყო, რომ აქ დაბრუნება მის გაწირვას ნიშნავდა. ეჭვი არ მეპარება, რომ ამაში გუგუშვილის ხელი ურევია. იმ ადამიანებში უნდა ეძებონ მკვლელი, ვინც მის გარშემო იყო. და სულ ოთხი კაცი იყო, აქედან ერთი - გუგუშვილი, რომელიც იქვე იწვა იმ დროს, როდესაც იარაღიდან გასროლა მოხდა. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ მანამდე ის მოწამლული იყო.
- ოპოზიცია ამბობს, რომ მას იარაღი არ აქვს და სამოქალაქო დაპირისპირება გამორიცხულია. თუკი იარაღს შემოაგდებენ?
- ვინ შემოაგდებს და საიდან? თუ შემოაგდებს, მერაბიშვილი შემოაგდებს! იარაღი კი არა, ტუალეტში ვერ გავდივარ, რომ არ მისმინონ, რას ვაკეთებ, და იარაღი საიდან უნდა გაჩნდეს აქ?
- მერაბიშვილმა რომ შემოაგდოს?
- ეს იქნება პროვოკაცია, რომელსაც სააკაშვილი და მერაბიშვილი განახორციელებენ. ეგენი პროვოკატორები არიან. ორივენი არიან რუსეთის დაზვერვის თანამშრომლები! მე ეს არაერთხელ განმიცხადებია და არა მარტო განმიცხადებია, არამედ სასამართლოში დავამტკიცებ, რომ მერაბიშვილი არის რუსეთის რეზიდენტი - ისევე, როგორც სააკაშვილი და, სავარაუდოდ, ბენდუქიძეც. ყოველ შემთხვევაში, მისი საქმეები ამაზე მეტყველებს. ადეიშვილზე აღარ მაქვს ლაპარაკი. რუსეთი შემოაგდეს აგერ! რუსული ტანკები გორამდეა შემოსული. მაგათი შემოგდებულია ეგ ტანკები, ფოთს გვიკონტროლებს რუსეთის ჯარი და მეტი რა უნდა შემოაგდონ? შემოაგდეს უკვე! ამაზე უარესს რაღას შემოაგდებენ? მთელი ეკონომიკა ხელში ჩაუგდეს; მიწები ხელში ჩაუგდეს; საქართველოში ყველაფრის გაკეთების უფლება მისცეს და მეტი რა უნდა გააკეთონ? ან რით უნდა შეგვაშინონ? მეტი ვეღარაფრით შეგვაშინებენ!
ჩვენ დღეს ზუსტად იმის წინააღმდეგ ვიბრძვით, რის წინააღმდეგაც ოცი წლის წინ ვიბრძოდით. სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი ჩემთვის პირდაპირი გაგრძელებაა საბჭოთა რეჟიმის. ისინი არიან პირდაპირი შთამომავლები ორჯონიკიძის, ორახელაშვილის... ეს არის რუსეთის ოკუპაცია. სააკაშვილი პირდაპირ ემსახურება რუსულ იმპერიალიზმს. ამიტომ ჩემთვის არანაირი განსხვავება არ არის, უბრალოდ, მაშინ რუსული იარაღი იყო ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებული, დღეს კი შესაძლებელია, რომ გამოყენებული იყოს ქართული იარაღი. ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა სააკაშვილსა და მერაბიშვილს ექნებათ. გამორიცხულია, რომ ჩვენმა ჯარისკაცებმა ამაში მონაწილეობა მიიღონ. რაც შეეხება იმ ვიგინდარების ჯგუფებს, რომლებიც, როგორც წესი, ნიღბებს არიან ამოფარებულნი, იმედი მაქვს, დაფიქრდებიან: მათ ოჯახები ჰყავთ, ცოლ-შვილი ჰყავთ და ამ ქვეყანაში ცხოვრობენ. და ყველას გვარი და სახელი ვიცით. მინდა, ეს იცოდნენ კარგად; ხაზი გაუსვით: ყველას გვარი, სახელი, მისამართი, საიდან არიან, რას აკეთებენ და სად დადიან - ვიცით. და უნდათ ამ კრიმინალებთან ერთად ბოროტმოქმედების ჩადენა და ქართველი ხალხის გამწარება?
- დარწმუნებული ხართ, რომ მიაღწევთ მიზანს?
- ამაში ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი.
- ხალხს როგორ დაარწმუნებთ ამაში?
- თვითონ დაინახავენ. ის რომ გაიქცევა აქედან, ხომ დაინახავენ?
Комментариев нет:
Отправить комментарий