18 მაისი, 2009
"ის, რაც ჩვენი მოსახლეობისა და ლამის მთელი მსოფლიოსათვის კრიზისია, ამათთვის ორი მუჭა განაწყენებული მოქალაქეების უბრალო ახირება ყოფილა"
"საპროტესტო მოძრაობის ლიდერთა მხრიდან ემოციური გადაწყვეტილებები და მოსალოდნელი შედეგების გაუთვალისწინებლობა მომავალში უნდა გამოირიცხოს.
თუკი რეჟიმის შიგნიდან დაშლას გვინდა, ხელი შევუწყოთ, მაშინ სისტემის შიგნით მტრებს კი არ უნდა ვეძებდეთ, არამედ მეგობართა წრეს უნდა ვაფართოებდეთ.
ხელისუფლების ან ოპოზიციის მხრიდან გადადგმული ნებისმიერი არამშვიდობიანი, ძალაზე გათვლილი, ავანტიურისტული ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, 26 მაისი შესაძლოა მართლა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ამიტომ, მე ხელისუფლებასაც და პოლიტიკურ ოპოზიციასაც ვურჩევდი, კარგად გათვალონ თავიანთი მოქმედების ტაქტიკა, შესაძლო რისკები და ყველა მოსალოდნელი შედეგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დღე შეიძლება არა რომელიმე მხარისათვის გადამწყვეტი, არამედ ქვეყნისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს", - საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მწერალი კოტე ჯანდიერი "მთელ კვირას" საკუთარ მოსაზრებებს უზიარებს.
- ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან უშედეგოდ დასრულდა. თქვენი აზრით, ზოგადად, არსებობს თუ არა სააკაშვილთან საუბრის და, მით უფრო, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის პერსპექტივა? თუ არსებობს - რა კონკრეტული ფაქტორის გათვალისწინებით?
- მე არ ვთვლი, რომ შეხვედრა უშედეგოდ დამთავრდა. ოპოზიცია მოლაპარაკებაზე მივიდა კონკრეტული წინადადებით: მომხდარიყო აზრთა გაცვლა ქვეყანაში შექმნილი მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზების შესახებ. სააკაშვილმა კი საერთოდ უარყო ასეთი კრიზისის არსებობა. გეკითხებით, რა ჰქვია იმას, როცა უმაღლესი ხელისუფალი ვერ ამჩნევს ათიათასობით თანამოქალაქის უპრეცედენტოდ ხანგრძლივ და შეურიგებელ პროტესტს; როცა ქვეყანაში პარალიზებულია პარლამენტის მუშაობა, მინისტრთა კაბინეტი ფორმალურ, ხანმოკლე სხდომებს საქართველოს სხვადასხვა რაიონული ცენტრების კულტურის სახლებში მართავს და იქ შეკრებილი დემონსტრანტების შიშით უკანა გასასვლელიდან მიიპარება? როცა სააკაშვილის რეჟიმის სიმბოლოდ ქცეულ საკნებში ნებაყოფლობით ერთმანეთს ენაცვლებიან მუშები და პროფესორები, გამყიდვლები და პოლიტიკოსები, გლეხები და მომღერლები, ბიზნესმენები და მწერლები? სხვას რაღას შეიძლება დავარქვათ ყბადაღებული სიტყვა "არაადეკვატურობა"? ან, ხელისუფლების აზრით, სხვა რა უნდა იყოს ოპოზიციასთან საუბრის თემა? ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: რომ ხელისუფლების მრავალდღიანი, დაჟინებული მოთხოვნა დიალოგის გამართვასთან დაკავშირებით სხვა არაფერი იყო, თუ არა პიართვალთმაქცობა და ცივილიზებულობის ნიღაბი.
ოპოზიციის წასვლა მოლაპარაკებაზე აბსოლუტურად სწორი და პოლიტიკურად ზუსტი ნაბიჯი აღმოჩნდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩვენი მეგობარი ქვეყნების დიპკორპუსისა და მთავრობებისთვის. თუკი აგვისტოს ომის შემდეგ ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარებოდა სააკაშვილის არაადეკვატურობაში, ახლა უკვე შეუძლებელია, ვერ ხედავდეს, რომ სწორედ ეს ადამიანი და მის მიერ შექმნილი მახინჯი რეჟიმია ყველანაირი დესტაბილიზაციის წყარო როგორც ქვეყნის, ისე მთელი რეგიონისათვის. სხვათა შორის, თუ ყურადღებით დააკვირდებით სხვადასხვა რანგის უცხოელ დიპლომატთა კომენტარებს, ყველა ერთსა და იმავეს ამბობს: "მივესალმებით შეხვედრის ფაქტს და საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან (ხაზს ვუსვამ - "პოლიტიკური კრიზისიდან") გამოსავალს დიალოგის გაგრძელებაში ვხედავთ". დიპლომატიურ ენაზე უფრო პირდაპირ და დაუფარავად თქმა შეუძლებელია. ის, რაც ჩვენი მოსახლეობისა და ლამის მთელი მსოფლიოსათვის კრიზისია, ამათთვის ორი მუჭა განაწყენებული მოქალაქეების უბრალო ახირება ყოფილა.
მეორე მხრივ, ოპოზიციამ იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ ქუჩის აქციების გარდა, მზად არის პოლიტიკური ჭადრაკის სათამაშოდ მოლაპარაკების მაგიდასთანაც. არც ის მგონია შემთხვევითი, რომ ამ პირველი შეხვედრის შემდეგ ტელეკომპანია ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს გადაცემაში იწვევს და თავის ეთერს უთმობს. ე.წ. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, თუ არ ვცდები, ეს არც ერთ ქართველ ოპოზიციონერს არ ღირსებია.
ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, შესაძლოა მცირე, ერთი შეხედვით არც თუ ისე თვალშისაცემი, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანი პატარა წარმატებებია. საბოლოო გამარჯვება კი სწორედ ასეთი პატარ-პატარა წარმატებებისგან იგება. ამიტომ, ჩემი აზრით, მორალურად და პოლიტიკურად გაკოტრებულ ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელება აუცილებელია, თუნდაც იმიტომ, რათა მოლაპარაკებების პროცესში მათი პოზიციების სისუსტე, ალოგიკურობა და სიცრუე უფრო რელიეფურად და თვალნათლივ გამოიკვეთოს.
- თქვენი აზრით, ამ შეხვედრის შემდეგ რა მიმართულებას იძენს პოლიტიკური პროცესი საქართველოში?
- მიმაჩნია, რომ თუ აქამდე მოვლენები ვითარდებოდა სწორხაზოვნად, ახლა გაჩნდა პირობები მოლაპარაკების მაგიდასთან მეორე ფრონტის გასახსნელად და ამ ფრონტზე ოპოზიციას გაცილებით ძლიერი პოზიციები და მეტი კოზირი ექნება, ვიდრე ხელისუფლებას. გარდა ამისა, ეს გააადვილებს ბრძოლას დიპლომატიურ ფრონტზეც, რაც შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს, ვინაიდან დაშინებასა და შანტაჟზე აგებული სააკაშვილის რეჟიმი, დღეს, არსებითად, მხოლოდ საერთაშორისო დახმარების იმედზეა. ამას მოწმობს უცხოური ლობისტური ორგანიზაციებისა და პიარკომპანიებისათვის საქართველოს ბიუჯეტიდან (ანუ თითეული ჩვენთაგანის ჯიბიდან) გადახდილი ათეულობით მილიონი დოლარი. თუმცა საბოლოოდ, სიცრუეში გადახდილ ნებისმიერ თანხას სიმართლე გადაწონის.
- ოპოზიციური ძალები 26 მაისისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. თქვენ რა მნიშვნელობას ანიჭებთ გამოცხადებულ თარიღს?
- ჩემი აზრით, მოვლენათა მშვიდობიანი განვითარების შემთხვევაში, ეს იქნება პროცესის შემადგენელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პიკური, მაგრამ არა გადამწყვეტი მომენტი. საზოგადოებას არ უნდა გავუჩინოთ ილუზია, რომ ყველაფერი ოცდაექვსში დამთავრდება. ახლავე უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა იქნება 27, 28 და 29 მაისს.
თუმცა, ხელისუფლების ან ოპოზიციის მხრიდან გადადგმული ნებისმიერი არამშვიდობიანი, ძალაზე გათვლილი, ავანტიურისტული ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში ეს დღე შესაძლოა მართლა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ამიტომ, მე ხელისუფლებასაც და პოლიტიკურ ოპოზიციასაც ვურჩევდი, კარგად გათვალონ თავიანთი მოქმედების ტაქტიკა, შესაძლო რისკები და ყველა მოსალოდნელი შედეგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დღე შეიძლება არა რომელიმე მხარისათვის გადამწყვეტი, არამედ ქვეყნისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს.
- ბოლო დროს ბევრს საუბრობენ ოპოზიციაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობასთან დაკავშირებით. ოპოზიციის ლიდერები ცდილობენ, ხალხი დაარწმუნონ, რომ აზრთა სხვადასხვაობა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს შეუთანხმებლობას სტრატეგიასთან მიმართებით; რომ ეს მხოლოდ ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანის მიერ ყურით მოთრეული თემაა - ოპოზიციის დისკრედიტაციისა და ხალხის დაშლის მიზნით. თქვენი დაკვირვებით, ოპოზიციის ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები და ქმედებები როგორ აღიქმება ქუჩაში გამოსული ადამიანების მიერ?
- "ქართული აკადემიის" 15 მაისის განცხადებაში მართებულადაა ნათქვამი, რომ ხელისუფლების მიერ შემოგდებულ დიალოგის თემას, სააკაშვილის პიარტექნოლოგთა ჩანაფიქრით, ოპოზიციის რიგებში სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა და განხეთქილება უნდა გამოეწვია, ამ შემოთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში კი საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკურ ლიდერთა დისკრედიტაცია უნდა მოჰყოლოდა.
ქართული ოპოზიციის სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ ის არ აჰყოლია ემოციებს, შეინარჩუნა ერთიანობა და როგორც უკვე ვთქვი, სააკაშვილთან შეხვედრით თვალნათლივ დაანახა საერთაშორისო საზოგადოებრიობას ხელისუფლების სრული სიბრმავე და არადეკვატურობა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან მიმართებით.
კიდევ ერთი პიარდივერსიის თემად რეჟიმმა სცადა გამოეყენებინა ირაკლი ალასანიას იდეა კოსტავას ქუჩის გახსნასთან დაკავშირებით. საზოგადოებაში ამან მართლაც გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა, ამ შემთხვევაშიც საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა მოახერხეს ერთობლივი პოზიციის შემუშავება და საზოგადოებას განუმარტეს, რომ ამ უმძიმეს პოლიტიკურ ბრძოლაში მისაღებია მხოლოდ ის მეთოდები, რომლებიც არ დააზარალებს მოსახლეობას, მთლიანად ქვეყანას და მაქსიმალურად იქნება ფოკუსირებული რეჟიმის შემადგენელი ინსტიტუტების შერყევაზე.
ცხადია, რომ ერთობის დასარღვევად ხელისუფლება მომავალშიც შეეცდება მსგავსი პიარდივერსიების გამოყენებას, ოპოზიციური სპექტრის ერთი ნაწილის ღია დისკრედიტაციას, ხოლო მეორე ნაწილის დადებით კონტექსტში მოხსენიებას და ა.შ. იმედია, ჩვენი საზოგადოებაც და ოპოზიციაც გამოიჩენენ პოლიტიკურ შორსმჭვრეტელობას, გონიერებას და მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, არ აჰყვებიან პროვოკაციებს და შეინარჩუნებენ ერთობას.
ამავე დროს, ჩემი დაკვირვებით, ოპოზიციურ სპექტრში თანდათან ორი ტენდენცია იკვეთება. ერთი ორიენტირებულია სწრაფ, უფრო მაღალი რისკების შემცველ, ემოციურ ქმედებებზე, რამაც პროვოცირება უნდა გაუკეთოს ხელისუფლებას და მძიმე შეცდომები დააშვებინოს. ეს შედარებით დაბალრეიტინგული პარტიების ტაქტიკაა.
მეორე - ორიენტირებულია დროში შედარებით გაწელილ, სამაგიეროდ - ნაკლები რისკების შემცველ პროცესზე, გონივრულ და პრაგმატულად გათვლილ ნაბიჯებსა და ერთდროულად რამდენიმე ფრონტის (ქუჩა, მოლაპარაკებების მაგიდა და საერთაშორისო მხარდაჭერა) გაშლაზე, რაც საბოლოოდ რეჟიმის შიგნიდან რღვევამდე მიგვიყვანს. რომელ გზას დაუჭერს მხარს საზოგადოება, ეს მალე გამოჩნდება. მაგრამ არჩევანის გაკეთებისას მე პირადად გავითვალისწინებდი რუსეთის საოკუპაციო არმიის 40 კილომეტრში ყოფნას, სამოქალაქო დაპირისპირების რისკს და რევოლუციური სცენარის მიხედვით მოვლენათა განვითარების ნეგატიურ გამოცდილებას.
აქამდე ოპოზიციის წარმატებებზე ვლაპარაკობდი. ახლა ნეგატიურ მხარეზე შევჩერდები. პირველ რიგში, ეს ტელევიზიის წინ კოსტავას ქუჩის გადაკეტვას და სირცხვილის დერეფნების ჩატარების ფორმას შეეხება. ჩემი დაკვირვებით, კოსტავას ქუჩის დაკეტვისა და ამით ნახევარი ქალაქის პარალიზების გადაწყვეტილება არ იყო პრაგმატულად გათვლილი და შედეგზე ორიენტირებული აქცია. საბოლოოდ, ამან ოპოზიცია უფრო დააზარალა, ვიდრე ხელისუფლება. საპროტესტო მოძრაობის ლიდერთა მხრიდან ემოციური გადაწყვეტილებები და მოსალოდნელი შედეგების გაუთვალისწინებლობა მომავალში უნდა გამოირიცხოს.
სირცხვილის დერეფნებმა დღემდე მხოლოდ ის მოიტანა, რომ "პირველი არხი" კიდევ უფრო არაობიექტური და აგრესიული გახდა. მე მგონი, ამისი მიზეზი არის არა აქციის შინაარსი, არამედ მისი ჩატარების ფორმა. გაცილებით ეფექტური იქნებოდა შენობასთან მდგარი მდუმარე ხალხი, რომელიც ინგა გრიგოლიას და ზოგიერთ სხვა ჟურნალისტს ტაშით, დანარჩენებს კი მამხილებელი პლაკატებით ხვდება. ეს ნათელი გამოხატულება იქნებოდა, თუ რას უჭერს მხარს ხალხი და რა არის მისთვის მიუღებელი. განურჩეველი მიდგომა არხის ყველა თანამშრომლის მიმართ. სტვენა, შეურაცხყოფა, საბუთების შემოწმება, ჟურნალისტებისათვის სტიკერების მიწებება ტანზე და მიკროფონზე ლინჩის წესით გასამართლებას უფრო მაგონებს, ვიდრე სამართლიან, გააზრებულ პროტესტს. სააკაშვილის თავგადაკლულ მომხრეთა რაოდენობა ამ არხზე, არა მგონია, 10 პროცენტს აღემატებოდეს. და ისინი ძირითადად ხელმძღვანელ რგოლებში არიან თავმოყრილი. თანამშრომელთა ძირითადი მასა კი უფრო ნეიტრალური, ან ხელისუფლებისადმი ზომიერად კრიტიკულია. ამ დერეფნების შემდეგ მათი უმრავლესობა შეიძლება "მიშისტი" არ გახდა, მაგრამ ოპოზიციის მიმართ ნამდვილად მკვეთრად უარყოფითად და აგრესიულად განეწყო.
ამიტომ ვიძახი, რომ თუკი რეჟიმის შიგნიდან დაშლას გვინდა, ხელი შევუწყოთ, მაშინ სისტემის შიგნით მტრებს კი არ უნდა ვეძებდეთ, არამედ მეგობართა წრეს უნდა ვაფართოებდეთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ყველას ერთი საზომით მივუდგეთ.
ახლა ისეთ რამეს ვიტყვი, რომ შეიძლება ჩამქოლონ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ახალაიების, სანოძის, კოდუებისა და ვანო მერაბიშვილის ერთ კონტექსტში მოხსენიება შეცდომაა. აქვე ხაზი უნდა გავუსვა, რომ მერაბიშვილის მორალთან დაკავშირებით ილუზიები არ მაქვს, მაგრამ ვხედავ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ჯალათებისგან განსხვავებით, მას პრაგმატული აზროვნება შეუძლია და მოქმედებს არა უბრალოდ საკუთარი ბნელი ინსტინქტების, არამედ გარკვეული ალგორითმების მიხედვით. მერაბიშვილს აქვს პრაქტიკულად შეუზღუდავი ძალაუფლება და სრული დაუსჯელობის გარანტია. ასეთ პირობებში, ვთქვათ, იგივე ოქრუაშვილის, ბოკერიას ან ლომაიას ტიპის გარკვეული იდეოლოგიით აღჭურვილი ადამიანები გაცილებით მეტ უბედურებას დააწევდნენ ქვეყანას, საზოგადოებას და კონკრეტულ ოჯახებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ მასთან შეიძლება დალაპარაკება ისეთ ტექნიკურ საკითხზე, როგორიცაა, მაგალითად, ერთობლივი მექანიზმის შექმნა პოლიტიკურ პროცესებზე ორმხრივი მონიტორინგისა და ძალადობის ფაქტების პრევენციისათვის. ასეთი მექანიზმი ორივე მხარეს გაუადვილებდა კრიტიკულ წუთებში კრიზისული მენეჯმენტის განხორციელებას და თავიდან აგვაცილებდა ისეთ უკიდურეს გამწვავებას, როგორიც ვიხილეთ 6 მაისს, როცა უმართავი პროცესების დაწყების რისკი ძალიან მაღალი იყო.
- ოპოზიცია საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ აპირებს. და უკვე არსებობს 6 მაისის გამოცდილებაც. როგორ ფიქრობთ, შეძლებენ აქციებზე პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალები გაბრაზებული ხალხის მართვას?
- 6 მაისს თუ მოხერხდა, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც მოხერხდება. ხალხი ნამდვილად გაბრაზებულია, მაგრამ თვით ამ სიბრაზის გრადუსი ჯერჯერობით ისეთია, რომ საღ აზრს ვერ ახშობს. გრადუსის გაზრდა ხელისუფლების ცინიზმს და მხეცობას შეუძლია, თუმცა მაღალანაზღაურებადი კონსულტანტები და პიარტექნოლოგები სააკაშვილს ასეთი ტიპის ნაბიჯებისაგან აკავებენ.
- როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა პროცესები ისე წარიმართოს, რომ ქუჩაში გამოვიდნენ ისინიც, ვინც ხელისუფლების მიმართ პროტესტით არიან განწყობილნი, მაგრამ ჯერჯერობით სახლში რჩებიან?
- დიახ, მე ვხედავ ასეთ რესურსს ოპოზიციაში. მაგრამ მის ამუშავებას გარკვეული დრო და მოვლენების კონსტიტუციურ კალაპოტში წარმართვა ესაჭიროება. მაგრამ ხელისუფლებამ შეიძლება შეგნებულად არ დაუტოვოს დრო ოპოზიციას; მაგალითად, საავტომობილო მაგისტრალების ერთსაათიანი გამაფრთხილებელი გადაკეტვის დროს მოაწყოს შეტაკება დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის. ამ შემთხვევაში, დაზარალებულთა რაოდენობა და ტრავმების სიმძიმე 6 მაისთან შედარებით გაცილებით სერიოზული იქნება. ამის შემდეგ, სააკაშვილს "კეთილშობილური და დემოკრატიული" ჟესტის გაკეთების საშუალება მიეცემა, კერძოდ: მიმართოს მოსახლეობას განცხადებით, რომ თუ ქართველი ხალხი მოისურვებს, ის მზადაა, იფიქროს გადადგომის შესახებ. ეს იქნება ერთგვარი სიგნალი, რასაც გამგეობების, პოლიციის, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ წინასწარ კარგად ორგანიზებული და ხალხმრავალი გამოსვლები მოჰყვება ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და ა.შ. მთელი ეს ანგაჟირებული, დაშინებული და მოსყიდული მასა ლამის დაუჩოქებს პრეზიდენტს, რომ მან ეს ნაბიჯი არ გადადგას და მსვლელობით გამოემართება დედაქალაქისკენ, სადაც თვალცრემლიანი "ნაცმოძრაობის" აქტივისტები გამარჯვების ყიჟინით, დროშების ფრიალითა და პურ-მარილით შეეგებებიან.
არავის ვაშინებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რაღაც ამდაგვარი მოიძებნება ხელისუფლების არსენალში. შესაძლოა, ასეთი რამ არც განხორციელდეს, ვინაიდან მსგავსი სცენარი სამოქალაქო დაპირისპირებისა და ღია კონფლიქტის მაღალ ალბათობას შეიცავს, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით კი შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს ქვეყნის, პირველ რიგში კი - თავად სააკაშვილისათვის. იმედია, ეს არ მოხდება.
Комментариев нет:
Отправить комментарий