24 მარტი, 2008
"ხალხს მართლაც ისეთი ხელისუფლება ჰყავს, როგორსაც იმსახურებს, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება სხვა ვითარება მივიღოთ: როცა ხალხი არ იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს. ეს იმით აიხსნება, რომ ხალხმა გაუსწრო პოლიტიკის მკეთებელ ადამიანებს. ოპოზიციამ საზოგადოებაში დაგროვილი ენერგია, პროტესტის მუხტით აღსავსე, სწორად ვერ გამოიყენა", - საქართველოში შექმნილ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებას "მთელი კვირისთვის" სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი აფასებს.
ნოემბერში: გაბრაზებულიც და მობილიზებულიც
- რასაკვირველია, ქართულ საზოგადოებაში მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემები ნეგატიურ ფონს ქმნიდა და ხალხში გარკვეულ უარყოფით ენერგიას აგროვებდა. ასეთი საპროტესტო ფონი, ცხადია, ნოემბერშიც არსებობდა და მანამდეც, წლების განმავლობაში. თუმცა, იმის მოწმეც არაერთხელ გავმხდარვართ, რომ ადამიანებს შეუძლიათ, მძიმე სოციალური პირობებით უკმაყოფილების მიუხედავად, მეტ-ნაკლები სიმშვიდე შეინარჩუნონ, თუ დარწმუნდნენ, რომ მათი არასახარბიელო მდგომარეობა ობიექტური ვითარებების შედეგია და არა ხელისუფლების უნიათობით ან, მით უფრო, მისი დანაშაულებრივი საქმიანობით გამოწვეული. ირაკლი ოქრუაშვილის გამოსვლამ სწორედ ასეთ განწყობას შეურყია საფუძველი. ამ შემთხვევაში, მეორეხარისხოვანია - იყო თუ არა ოქრუაშვილის განცხადებები სააკაშვილის პოლიტიკის მართლაც ობიექტური მხილება. მთავარი ის არის, რომ იმას, რაც მოსახლეობის დიდ ნაწილში ეჭვის (შესაბამისად, გარკვეული ვარაუდების) სახით არსებობდა, ოქრუაშვილმა - უმაღლესი ხელისუფლების ყოფილმა წამყვანმა ფიგურამ - დამაჯერებლობა შემატა. როდესაც პირველადი წყაროდან ისმენ ბრალდებებს, მაგალითად, ხელისუფლების კორუმპირებულობის, შეკვეთილი მკვლელობის და ა.შ. შესახებ, პირველი რეაქცია ამ ბრალდებების კრიტიკა კი არა, ღირსების შელახვის განცდაა. სწორედ ოქრუაშვილის განცხადებები აღმოჩნდა ძალზე ეფექტური ინსტრუმენტი მოსახლეობაში დაგროვილი საპროტესტო ენერგიის გასააქტიურებლად. მაგრამ საპროტესტო აქტივობა, თუნდაც, ხელისუფლებაზე გაბრაზებით განპირობებული, მობილიზების, ორგანიზების გარეშე ჰაერში გაიფანტება. ნოემბრის დღეებში ოპოზიციურმა პარტიებმა ძალიან კარგად შეძლეს სწორედ ამ საპროტესტო ენერგიის აკუმულირება და ორგანიზება.
ახლა: დაქსაქსული გაბრაზებულები
- ამ ეტაპზე, საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა სიტუაციამ გარკვეულობა, თანმიმდევრულობა დაკარგა და ქაოსისა და ბუნდოვანების შემცველი გახდა. მოსახლეობაში არსებული საპროტესტო მუხტი, რომელიც ოქტომბერ-ნოემბერში გაღვივდა და სკანდალური საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა, რასაკვირველია, არ გამქრალა. მნიშვნელოვანი ცვლილება კი ის არის, რომ ეს საპროტესტო ენერგია აღარ დაუკავშირდა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების კონკრეტულ მიზნებს.
- მიგაჩნიათ, რომ, თუ ადრე ხალხი ოპოზიციას ენდობოდა და მას მიჰყვებოდა, ახლა იგი მის დაძახილზე აღარ გამოდის?
- ამ თვალსაზრისით, იყო მნიშვნელოვანი პერიოდი - რამდენიმე თვე, როდესაც მოსახლეობაში დაგროვილი ამბოხი და ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მესიჯები კორელატური იყო, ისინი ერთმანეთს ეთანხმებოდა. მაგრამ დღეს ასეთი უნისონი აღარ არის. ოპოზიციური პოლიტიკური ძალების სვლები და საზოგადოების პროტესტი ერთმანეთთან, მნიშვნელოვანწილად, აღარ თანხმდება.
- ოპოზიცია საპირისპიროს ამტკიცებს - იმას, რომ ხალხი მის მხარეზეა და, საჭიროების შემთხვევაში, მისი ქუჩაში გამოყვანა შეუძლია.
- ცხადია, ოპოზიცია ხვდება, რომ, თუ ორი კვირის წინ ვინმე ამ ხელისუფლებაზე ძალიან გაბრაზებული იყო, შეუძლებელია, ორი კვირის შემდეგ გაბრაზებამ გაუაროს. სწორია ისიც, რომ შეუძლებელია, საპროტესტო მუხტი ყოველთვის ერთსა და იმავე დონეზე იყოს შენარჩუნებული, მაგრამ აშკარაა, რომ საზოგადოებისა და ოპოზიციური ძალების განწყობები ერთი მიმართულებით აღარ მოძრაობს, რაც მოსახლეობაში იმედგაცრუებას იწვევს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიციურად განწყობილმა მოსახლეობამ არჩევანი ხელისუფლების სასარგებლოდ შეცვალა. მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი საპროტესტო ენერგიის მობილიზებას ვეღარ, ან - ნაკლებად ახერხებს. ძალიან მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რატომ მოხდა ეს:
ჩვენი ორგანიზაციის ("სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი") მიერ ჩატარებული ბოლოდროინდელი სოციოლოგიური კვლევები (რომლებიც ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მის შემდეგ) აჩვენებს, რომ ბოლო თვეებში ყოველთვის არსებობდა მოსახლეობის დაკვეთა ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანებაზე, თანაც - საყოველთაო გაერთიანებაზე. სხვათა შორის, ეს ახალი ტენდენციაა. უფრო ადრე ჩატარებულ კვლევებში მოსახლეობის მხრიდან სხვა განწყობები ჩანს: ამომრჩეველი ფრთხილად არჩევს პოლიტიკური გაერთიანების აქტორებს და, საბოლოო ჯამში, იკვეთება კოალიციის ე.წ. "სასურველი" და "არასასურველი" სცენარები. "არასასურველი სცენარის" მიხედვით, ზოგიერთ პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანება ოპოზიციისთვის წამგებიანად მიიჩნეოდა. ასეთ პოლიტიკურ ძალად, მაგალითად, სახელდებოდა ლეიბორისტული პარტია.
ბოლო ხანს ვითარება პრინციპულად შეიცვალა: საზოგადოებამ ოპოზიციურ პარტიათა ტოტალური გაერთიანება მოითხოვა (სხვათა შორის, ლეიბორისტების ჩათვლით). თუმცა, ფაქტია, რომ ასეთი გაერთიანება არ შედგა. უფრო მეტიც: არათუ ტოტალური გაერთიანება არ შედგა, არამედ, პირიქით, ეროვნული საბჭოს მთლიანობა დაირღვა - იგი დატოვა რესპუბლიკურმა პარტიამ, მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონის მქონე სუბიექტმა. ამ ფაქტმა მოსახლეობაში მნიშვნელოვნად შეასუსტა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ერთიანობის განცდა. აქ უნდა აღინიშნოს, რომ რესპუბლიკელების წამოსვლა მექანიკური კი არა, ასე ვთქვათ, იდეოლოგიური და სხვა შეუათანხმებლობით მოტივირებული წამოსვლა იყო. თანდათან მჟღავნდება, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები განსხვავებულ მოთხოვნებს აყენებენ. ხშირად, მმართველი პარტიის მიმართ წაყენებული ეს მოთხოვნები ურთიერთგამომრიცხავია. შეგვიძლია, მაგალითად დავასახელოთ მოთხოვნები მაჟორიტარული წესით არჩევასთან დაკავშირებით. რესპუბლიკელები ამ საკითხის მეტ-ნაკლებად მოსაგვარებლად უკვე ინდივიდუალურად ეძებენ გამოსავალს, დანარჩენებს კი ამავე თემაზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ და, ამ და სხვა მოთხოვნების საფუძველზე, უკვე მერამდენე დღეა, შიმშილობენ.
მემარჯვენეებმა ვერ მოახერხეს ეროვნულ საბჭოში რესპუბლიკური პარტიის წამოსვლის შედეგად გაჩენილი ვაკანსიის შევსება. მართალია, ისინიც შიმშილობენ, მაგრამ ეროვნულ საბჭოსთან ერთიანობა მიღწეული არ არის: მათი მოთხოვნებიც განსხვავდება. ასე რომ, ოპოზიციურ პარტიებს აქვთ შეხების წერტილები, მაგრამ ეს არ არის ერთი მიმართულებით სვლა. ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც ოპოზიციური სპექტრის გარშემო საპროტესტო ენერგიის მობილიზება ვერ ხერხდება.
- რესპუბლიკელები ამბობენ, - გაერთიანებული ოპოზიციიდან გასვლით ამომრჩეველს დამატებითი არჩევანის შესაძლებლობა მივეცითო.
- არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ რესპუბლიკური პარტიის წამოსვლით მოსახლეობას უფრო ფართო არჩევანის შესაძლებლობა მიეცა. საქართველოში ჯერ არ არის ჩამოყალიბებული ისეთი პოლიტიკური ცნობიერება, ისეთი პოლიტიკური კულტურა, რომ არჩევნებში ხმები პოლიტიკურ პარტიათა განსხვავებული პროგრამის, პლატფორმის, იდეოლოგიის მხარდაჭერის შესაბამისად გადანაწილდეს. სხვათა შორის, ამის მიზეზი მხოლოდ მოსახლეობის პოლიტიკური განათლების დონე არ არის; ამაში გარკვეული როლი თავად პოლიტიკურმა პარტიებმა შეასრულეს: აღმოჩნდა, რომ მემარჯვენეები მემარცხენე მოთხოვნებს აყენებენ, მემარცხენეები კი პირიქით - მემარჯვენე იდეოლოგიას იზიარებენ... არ მგონია, რომ რესპუბლიკელებმა, ეროვნული საბჭოდან წამოსვლით, მათ მიმართ სიმპათიით განწყობილ ამომრჩეველს ხელ-ფეხი გაუხსნეს და მხარდამჭერები გაუმრავლეს. ასეთები, რასაკვირველია, იქნებიან, მაგრამ, ვფიქრობ, ასეთი ქმედებით რესპუბლიკელებმა უფრო მეტი ხმები დაკარგეს, ვიდრე შეიძინეს.
ოპოზიციური ერთობის განცდა ირღვევა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც საპროტესტო ენერგიის მობილიზება დღეს აღარ ხდება.
"ნაცმოძრაობა" უფრო რაციონალურად აზროვნებს?
კრიზისულ ვითარებაში "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეიმუშავა სერიოზულად მოფიქრებული, რაციონალური გეგმა პოლიტიკური კრიზისიდან მისთვის საუკეთესო შედეგით თავის დაღწევისთვის.
სააკაშვილის პოლიტიკური რიტორიკა აბსოლუტურად შეცვლილია. ეს სახელისუფლებო პარტიისთვის შედეგის მომტანი იქნება. ამას კვლევებიც აჩვენებს: ამომრჩეველთა ძალიან დიდ ნაწილს სჯერა, რომ სააკაშვილი მზად არის, შეცვალოს პოლიტიკური კურსი. ვერ დამისახელებთ 7 ნოემბრის შემდგომი პერიოდის განმავლობაში სააკაშვილის ისეთ გამოსვლას, რომელიც იყო კონფრონტაციული, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების შეურაცხმყოფელი. სააკაშვილის პოლიტიკური რიტორიკა თანამშრომლობის სურვილით არის გაჟღენთილი. ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რამდენად გულწრფელია იგი. ფაქტია, რომ ამ ადამიანის მიერ საკუთარი პოლიტიკური დისკურსის არტიკულირების ინსტრუმენტი არის რადიკალურად განსხვავებული. ეს ფაქტორი "მუშაობს".
ნიშანდობილივია ისიც, რომ მმართველი პარტიის ის წარმომადგენლები, რომელთა მიმართ მოსახლეობას ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა, "ნაციონალური მოძრაობის" "სახეები" აღარ არიან. არაფერს ვამბობ ბოკერიასა და ნადირაძის სახელისუფლებო სამზარეულოში კულუარულ ჩართულობაზე, მაგრამ ფაქტია, რომ დეკლარირებული ჩართულობა მინიმალურ დონემდეა დაყვანილი. წამოწეულია ისეთი პოლიტიკური აქტორები, რომელთა მიმართ მოსახლეობას ლამის ფიზიოლოგიური მიუღებლობა არ აქვს: მაგალითად, ნინო ბურჯანაძე, პავლე კუბლაშვილი, გიგი წერეთელი, გოგა ხაჩიძე, გია ბარამიძე...
- თქვენი აზრით, ეს სახეები მოსახლეობის ცნობიერებაში მოქმედ ხელისუფლებასთან არ ასოცირდება?
- მათ არ აქვთ საზოგადოებაში ნდობის მაღალი ხარისხი, მაგრამ ცალსახად მიუღებელნიც არ არიან. ძნელი სათქმელია, იქნება თუ არა "სახეთა ჩანაცვლება" საკმარისი იმისთვის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგმა მოიმატოს, მაგრამ ფაქტია, რომ მისი რეიტინგი სტაბილურია.
ხელისუფლებამ მოახერხა, ეჩვენებინა, რომ მისი პოლიტიკური კურსი კონფრონტაციის ველიდან თანამშრომლობის ველში ინაცვლებს. ის მოსახლეობაში პოზიტიურ პოლიტიკურ მესიჯებს უშვებს. იგი ცდილობს, არჩევნებამდე დარჩენილ დროში სოციალური კეთილდღეობის მომტანი მარცვლებიც ჩააგდოს და ამითაც მიიმხროს ამომრჩეველი. რაღაც შედეგი, მეტ-ნაკლებად, ამასაც მოაქვს.
- ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საზოგადოებაში პოლიტიკური კულტურა მნიშვნელოვანად ამაღლდა და ამომრჩეველს ვეღარ მოისყიდიან.
- გეთანხმებით, მაგრამ ვერ უარვყოფთ, რომ ამომრჩეველთა გარკვეულ ნაწილზე ასეთი ხერხები მოქმედებს.
საგარეო-პოლიტიკური წარმატებებიც, რასაკვირველია, "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე ასხამს წყალს. თუ ბუქარესტის სამიტზე საქართველო MAP-ს მიიღებს, ეს, საარჩევნოდ, ცხადია, ხელისუფლებას ქულებს მოუტანს.
საპარლამენტო პერსპექტივა და უპერსპექტივობა
ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს სტაბილური, კარგად ორგანიზებული და მობილიზებული ამომრჩეველი, რომელიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მესამედს შეადგენს. ისინი არიან ადმინისტრაციული რესურსიდან დაწყებული, იმ ადამიანებით დამთავრებული, ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სოციალური პროგრესის წყაროა. საინტერესოა ერთი შეხედვით პარადოქსული შედეგი: "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგმა, ნოემბრიდან მოყოლებული, არათუ დაიწია, მოიმატა კიდეც. საქმე ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის "მაშველი რგოლის" ფუნქციას ახლა "ნაციონალური მოძრაობა" ასრულებს. თუ სააკაშვილს, მისი ქარიზმატულობიდან გამომდინარე, ყოველთვის ჰქონდა მისი პარტიისაგან დამოუკიდებელი და ბევრად დიდი მხარდაჭერა, ახლა ვითარება შეიცვალა: სააკაშვილს ძალიან გაუჭირდა. მისი ძალაუფლების ლეგიტიმურობას საქართველოში არ ცნობს მოსახლეობის დიდი ნაწილი და არც ერთი პოლიტიკური ძალა, "ნაციონალური მოძრაობის" გარდა. ასე რომ, სააკაშვილის მხარდამჭერები ხვდებიან, რომ მათ ლიდერს, ძალაუფლების გასამტკიცებლად, პარტიული მხარდაჭერა სჭირდება. სწორედ ამან გამოიწვია მათი მობილიზაცია "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო.
კვლევები, ასევე, საშუალებას გვაძლევს, ვნახოთ, რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე: მხოლოდ სამი ოპოზიციური პარტია: რესპუბლიკელები, "ახალი მემარჯვენეები" და ლეიბორისტები ახერხებენ 7%-იანი ან, თუნდაც, 5%-იანი ბარიერის გადალახვას - საარჩევნო მოსახლეობის მობილიზებას იმ ზღვრამდე, რომ პარლამენტში ადგილები მოიპოვონ. დანარჩენი პოლიტიკური პარტიები, ჯერჯერობით, 5%-იანი ზღვრის გადალახვასაც კი ვერ ახერხებენ. ეს ამ პოლიტიკურმა პარტიებმაც კარგად იციან. მათ იციან: იმის გამო, რომ არ აქვთ საკმარისი რეიტინგი პარლამენტში შესასვლელად, საკანონმდებლო ორგანოში მათი მოხვედრის ერთადერთი შანსი გაერთიანებაა: იქნებ გაერთიანებამ მაინც შექმნას ზომიერად პოზიტიური, ან, უფრო მეტი, ე.წ. სინერგიული ეფექტი, როდესაც გაერთიანება მექანიკური გაერთიანება კი არ არის, არამედ იქმნება ახალი, სიმპათიური პოლიტიკური თვისებრიობა.
მეორე მხრივ, კვლევები იმასაც აჩვენებს, რომ, თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ცალ-ცალკე მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების დიდი შანსი აქვს. თუ ეროვნული საბჭოს დაქსაქსვის ტენდენცია გაგრძელდა, მან შეიძლება ისეთ ნიშნულს მიაღწიოს, რომ გაუჭირდეს პარლამენტში თავისი კვოტის აღება. ეროვნული საბჭო, რეიტინგული პარტიების გარეშე დარჩენილი, ვერ იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ, თუ პარლამენტში მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" და სამი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა - მემარჯვენეები, რესპუბლიკელები და ლეიბორისტები - შევიდა, მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსს იძენს (მით უფრო, რომ მაჟორიტარული არჩევნების მოდელი მათ სასარგებლოდ მუშაობს). ეს ისეთი სცენარია, რომელიც ყველაზე მეტად აწყობს "ნაციონალურ მოძრაობას" და ყველაზე ნაკლებად - ოპოზიციას. არადა, ჩვენ ვხვდებით, რომ მოვლენებმა ასეთი მიმართულებით განვითარება დაიწყო.
საარჩევნო კოდექსი: ვინ არის დამნაშავე?
შექმნილ სიტუაციაში მთავარი მაინც ის არის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უფრო მობილიზებულია, ოპოზიციამ კი, ერთიანი სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავების ნაცვლად, დაქსაქსვა დაიწყო. მეტიც, კონფრონტაციის, პრინციპულ საკითხებში შეუთანხმებლობის ნიშნებიც გაჩნდა.
ოპოზიციამ ვერ მოახერხა, არსებითი მნიშვნელობის საკითხები არაარსებითისგან გაემიჯნა. ვფიქრობ, რომ ზედმეტი ენერგია გადააყოლეს პოლიტპატიმრებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხებს. მოსახლეობაში საპროტესტო მუხტი არჩევნების გაყალბებამ გაამძაფრა და, სწორედ ამიტომ, უპირველესი მოთხოვნა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით უნდა დასმულიყო. ახლა კი, რა მივიღეთ? საზოგადოებრივი მაუწყებლის თემა განელდა. გვესმის ასეთი შინაარსის მოთხოვნები: ბურჯანაძის გადადგომა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საპრეზიდენტო არჩევნებში დათვლილი ხმების ხელახალი გადათვლა... ამ მოთხოვნებმა აქტუალობა დაკარგა. მას შემდეგ, რაც ინაუგურაცია გაიმართა და სიმძიმის ცენტრი საპარლამენტო არჩევნებზე გადავიდა, ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ მიღწეულიყო საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ნორმალური საარჩევნო კოდექსის საფუძველზე.
- როგორც ოპოზიცია ამბობს, იმდენად ნაჩქარევად მოხდა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, რომ ის ამას წინ ვერაფრით აღუდგა.
- მაგრამ ოპოზიციამ არც მიიღო კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა. მან ბოიკოტი გამოაცხადა...
თუმცა, ზუსტად მაინც არავინ იცის, რა მოხდება არჩევნებზე. ბევრი რამ მოვლენების შემდგომ განვითარებაზე არის დამოკიდებული. არ ვფიქრობ, რომ ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო, ხელისუფლებით უკმაყოფილო მოქალაქეები პოლიტიკურ ორიენტაციას შეიცვლიან და ხმას "ნაციონალურ მოძრაობას" მისცემენ, მაგრამ არსებობს იმის მოლოდინი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი არჩევნებზე წავა (როგორც ითქვა, ის მოტივირებული და მობილიზებულია); "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ პროტესტის გრძნობით გამსჭვალული მოსახლეობა კი არჩევნების დღეს შესაძლოა, შინ დარჩეს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ არჩევნების შედეგები ითვლება არა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის, არამედ არჩევნებზე მიცემული კონკრეტული ხმების საფუძველზე. სწორედ აქ ჩნდება "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში საკონტიტუციო უმრავლესობით მოსვლის რეალური შესაძლებლობა. ოპოზიციის ნაბიჯები კი, ჯერჯერობით, არსებული ვითარების გამოსწორების საფუძველს არ იძლევა.
ეკლესია - ხელისუფლებასა და დანარჩენებს შორის
- მაშინ, როცა საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება უკიდურესად იძაბება, დაპირისპირებული მხარეებისთვის ერთადერთი ანგარიშგასაწევი, ავტორიტეტული ფიგურა კათალიკოს-პატრიარქია.
- ეკლესიას საქართველოში არსებულ სოციალურ ინსტიტუტებს შორის ნდობის ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. ფრუსტრირებულ მოსახლეობას იმედის კუნძულები სჭირდება. ამ შემთხვევაში, ეკლესია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავშესაფარია. ეკლესიაც იყენებს ამ უპირატესობას და ცდილობს, პოლიტიკურ პროცესებში მედიატორის როლი შესასრულოს. მაგრამ ეკლესია პოლიტიკური აქტორი არ არის, ამიტომ მისი მომრიგებლური აქტივობა მხოლოდ ვითარების დროებითი განმუხტვის ინსტრუმენტია და არა - მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების საშუალება. ამიტომ პოლიტიკურ პროცესებში ეკლესიის ჩართულობას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა შეიძლება მივანიჭოთ. პატრიარქის მოწოდება შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ ის პრობლემის გადაჭრის გზა არ არის. დიალოგისკენ მოწოდება იმის პირობა არ არის, რომ დიალოგი შედგება. გავიხსენოთ: ეკლესიამ ვერ აიცილა 9 აპრილი. ეკლესიის მოქმედების ძალმოსილებას თავისი "კვოტა" აქვს: თუ დაპირისპირებული ძალები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაეჯახებიან, ეკლესიის მომრიგებლობა ჰაერში გაიფანტება და სიმბოლური მნიშვნელობაც დაიკარგება. ჯერჯერობით, ეკლესია ქვეყანაში ერთგვარი სტაბილურობის შენარჩუნებას ხელს უწყობს, მაგრამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების კატალიზატორი ის ვერ იქნება.
- ამ კონტექსტში საინტერესოა ისიც, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას პატრიარქის მიმართ ულტიმატუმი უწოდა. ეკლესიით მანიპულირება ხდება?
- "ნაციონალური მოძრაობა" ამ შემთხვევაშიც თანმიმდევრულია: ის ცდილობს, შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ოპოზიციური პოლიტიკური ძალა ეკლესიის მიმართ კონფრონტაციულია. სხვათა შორის, ეკლესიის, როგორც ერთგვარი მეტაპოლიტიკური აქტორის, მიმხრობის მოთხოვნილება საქართველოს პოლიტიკურ ველში უალტერნატივო სტანდარტად ჩამოყალიბდა. ეს სინდრომი ხელისუფლებასაც შეეყარა. ესეც ახალი სტრატეგიაა - ადრე მმართველი პარტია ეკლესიისაგან დისტანცირებულად მოქმედებდა, ახლა ცდილობს ეკლესიასთან მოკავშირის იმიჯი დაიმკვიდროს. პოლიტიკურ ძალთა შორის კონკურენციის სიმძიმის ერთ-ერთი ცენტრი ისიც არის, ვინ უფრო დამაჯერებლად მოირგებს რელიგიურ-ეკლესიურ ნიღაბს. ეს მაინცდამაინც ჯანსაღ ტენდენციად არ მიმაჩნია.
* * *
ძალზე იშვიათად ხდება, ორასი ათასი ადამიანი შეიყაროს და იქ დესტრუქციის საფრთხე არ შეიქმნას. ეს, უდავოდ, პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია. პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია ისიც, რომ ამომრჩეველი აღარ არის მარიონეტი. მაგრამ ეს არ არის საკმარისი პირობა იმისთვის, რომ მოსახლეობა იყოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ტრანსფორმაციების წყარო. ხალხმა საკუთარი ნების დელეგირება უნდა მოახდინოს გარკვეულ პოლიტიკურ ძალებზე და, თუ ის საზოგადოებაში შესაბამის პოლიტიკურ ძალებს ვერ ხედავს, ეს უკვე მისი ბრალი არ არის: საჭიროა, გაჩნდეს რაღაც პოლიტიკური ძალა, ან არსებულმა პოლიტიკურმა ძალებმა მოახდინონ ისეთი ტრანსფორმაცია, რომ საზოგადოებრივი განწყობების შესაბამისები გახდნენ. ხალხს მართლაც ისეთი ხელისუფლება ჰყავს, როგორსაც იმსახურებს, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება სხვა ვითარება მივიღოთ: როცა ხალხი არ იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს. ეს იმით აიხსნება, რომ ხალხმა გაუსწრო პოლიტიკის მკეთებელ ადამიანებს. ოპოზიციამ საზოგადოებაში დაგროვილი ენერგია, პროტესტის მუხტით აღსავსე, სწორად ვერ გამოიყენა.
- 24 მარტს იგეგმება საპროტესტო აქცია - "ტელეიმედთან" დაკავშირებით. ფიქრობთ, რომ აქცია ხალხმრავალი იქნება?
- საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით პრინციპული მნიშვნელობის ცვლილებას ჯერ ვერ ვხედავ. ვფიქრობ, ისევ რაღაც ძალიან რადიკალური უნდა მოხდეს, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий