28 იანვარი, 2008
გიორგი ხუციშვილი: "ამ ხალხს ვიცნობ"
"არ ვფიქრობ, რომ ეს სხვა პოლიტიკური კურსია - იმიტომ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ეს ხელისუფლება ძალიან დიდ სახელმწიფო რესურსს ახმარდა პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას; ყველა პრევენციულ ზომას იღებდა იმისათვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიცია არ ჩამოყალიბებულიყო", - გიორგი ხუციშვილი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი.
- ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრმა - მათიას იორშიმ მიხეილ სააკაშვილს დელიკატურად ჰკითხა, დაუშვა თუ არა მან შეცდომა 7 ნოემბერს. სააკაშვილის პასუხი იყო: "მთავარი არის არა ის, თუ რა მოხდა 7 ნოემბერს, არამედ ის, თუ რა მოხდა 7 ნოემბრის შემდეგ". როგორია თქვენი შეფასება 7 ნოემბრისა და შემდგომი პროცესების?
- 7 ნოემბრის მოვლენები 2 ნოემბერს (და უფრო ადრე) დაწყებულ პროცესებზე ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატური რეაგირების შედეგი იყო. 2 ნოემბერს პარლამენტის წინ ადამიანების არნახული რაოდენობა შეიკრიბა; იყო სერიოზული სახალხო პროტესტი, და ეს ხელისუფლების მხრიდან იგნორირებული, უფრო ზუსტად, გამასხრებული იყო.
- ხელისუფლების წარმომადგენლები ნოემბრის მოვლენების გამომწვევ მიზეზად ისევ სოციალურ პრობლემებს ასახელებენ. ერთ-ერთმა მათგანმა - ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ ამის შესახებ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა. იზიარებთ თუ არა ამ აზრს?
- არავითარ შემთხვევაში! ეს ვერსია ხელისუფლების მიერ თავიდანვე იყო წინ წამოწეული. მომიტინგეთა ასეთი რაოდენობა და ოპოზიციის ლოზუნგების მხარდაჭერა იმან განაპირობა, რომ ხალხი შეშფოთებული იყო ქვეყანაში შექმნილი ვითარებით, ხელისუფლების არადემოკრატიული პოლიტიკით, რომელიც სულ უფრო იკიდებდა ფეხს. ხალხი შეწუხებული იყო თავისუფლებების დარღვევის, თავისი საკუთრების დაუცველობის, ძალოვანი სტრუქტურების წინაშე დაუცველობისა და სხვა მიზეზთა გამო. რა თქმა უნდა, მიზეზთა შორის იყო უმუშევრობა და სიდუხჭირე, მაგრამ ამაზე მეტად, ადამიანები იმას აპროტესტებდნენ, რომ ქვეყანაში სელექტიური სამართალი არსებობს.
პრეზიდენტის მხრიდან ამ პროტესტის იგნორირებას, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან დაცინვას აუცილებლად მოჰყვებოდა მომიტინგეთა ლოზუნგების გამკაცრება და მათი პოზიციის რადიკალიზება. 2 და 3 ნოემბერს პრეზიდენტის გადადგომის თაობაზე ერთი-ორი შეძახილი თუ იყო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი მიტინგის მოთხოვნად იყო ქცეული. მაგრამ 4 ნოემბრის შემდეგ ეს მიტინგის მთავარ ლეიტმოტივად იქცა.
- ეს პოლიტიკური კრიზისი იყო?
- რა თქმა უნდა, ეს იყო პოლიტიკური კრიზისი. და ეს, მოგვიანებით, ყველამ აღიარა - მსოფლიო დონეზე.
ხელისუფლება მოქმედებდა ასეთი პრინციპით: რაც უნდა მოხდეს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მაინც ტელევიზორებთან დარჩება. ამიტომ, მომიტინგეები, 300 ათასი იქნება თუ, თუნდაც, 600 ათასი, ტელევიზორთან მსხდომ ხალხთან შედარებით, მაინც უმცირესობაა. ჩვენ კი ვიტყვით, რომ ეს უმცირესობა ხალხის განწყობას არ გამოხატავს. ეს არის მანიპულირება! ეს არის დემაგოგია! საზოგადოების განწყობების მიმართ ასეთი მიდგომა ჩვენთან, სამწუხაროდ, მეთოდად არის არჩეული.
თვით ყველაზე კრიტიკულ დროსაც კი - 7 ნოემბერს - შეიძლებოდა მოვლენების სხვაგვარად წარმართვა. ვთქვათ, დილიდან გადაწყვიტეს რუსთაველის გადაკეტვა. რა მოხდა? გადაეკეტათ! იმის შემდეგ, მომიტინგეთა მხრიდან ძალმომრეობა თუ იქნებოდა, ამაზე ყოფილიყო რეაგირება! ქუჩის გადაკეტვა არ შეიძლება, იყოს ხელკეტებით ცემის და უზომო რაოდენობით გაზის გაშვების მიზეზი! მომიტინგეებზე მთელი არსენალის გამოყენება რას ისახავდა მიზნად? ეს ხომ მიზნად ისახავდა არა მიტინგის დაშლას, არამედ ტელევიზიების, საინფორმაციო არხების საშუალებით რაც შეიძლება, მეტ პოტენციურ მომიტინგეთა დაშინებას. ამიტომ, ძალის გადაჭარბება შეცდომა კი არა, პოლიტიკის ნაწილი იყო!
აგებული იყო ასეთი პირამიდა: თავში - კრემლი, როგორც ბოროტების მსოფლიო ცენტრი; მისი (ანუ - ეშმაკის) წარმომადგენელი - ბადრი პატარკაციშვილი, რომელსაც დაქირავებული ჰყავს მთელი ოპოზიცია; და მომიტინგეები, რომლებიც ამ შეთქმულების სცენარში არიან ჩართულები. ამის შედეგად, ტელევიზორთან მჯდომ საქართველოს მოქალაქეს უნდა შექმნოდა უარყოფითი კომპლექსი მთელი ამ პირამიდის მიმართ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არა მხოლოდ ცალკეული ადამიანები, არამედ, მთლიანად, ეს პირამიდა - მომიტინგეთა ჩათვლით - საქართველოს მტერია. ეს განწყობა ადამიანების ქვეცნობიერებაში უნდა შესულიყო. ხალხი კი, როგორც ქუჩაში გასული, ისე - ტელევიზორთან მსხდომი, რეალურად აფასებდა სიტუაციას და ამიტომ იყო მისი მხრიდან საშინელი გაღიზიანება.
7-მა ნოემბერმა მთელ მსოფლიოში დასვა დიდი კითხვის ნიშნები საქართველოს მიმართ: არსებობს თუ არა აქ დემოკრატიული ხელისუფლება და, საერთოდ, რა გზით მიდის ქვეყანა? ღირს თუ არა, ასეთ ქვეყანას ნატო-ში წევრობა და ევროინტეგრაცია ვაღირსოთ? ამაზე სერიოზული საუბარი დაიწყო. დაიწყო საინვესტიციო პაუზა: ყველა მსხვილი ინვესტიცია, პრაქტიკულად, შეჩერებულია და არავინ იცის, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება.
არჩევნების შემდეგ კი მოხდა გარკვეული ძვრები - იმისათვის, რომ ყველას დაანახონ, რომ უფრო დემოკრატიულები არიან, ვიდრე დასავლეთში ჰგონიათ, მაგრამ ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ასე მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებამდე გაგრძელდება. თუ საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა" დიდ უმრავლესობას აიღებს და პარლამენტს, მისი სახით, ისევ დომინირებული პარტია ეყოლება, მაშინ მოვლენები უარესად განვითარდება. ერთადერთ გამოსავლად მიმაჩნია ქვეყანაში ყველა დემოკრატიული ძალის კონსოლიდაცია - იმისათვის, რომ გაზაფხულზე დაბალანსებული პარლამენტი მივიღოთ.
- ზემოთ შეთქმულება ახსენეთ. მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოს სესიაზეც ახსენა ეს სიტყვა; აღნიშნა, რომ 7 ნოემბერს საქართველოში დემოკრატიას საფრთხე შეექმნა და მან ეს საფრთხე ქვეყანას ააცილა. შესაძლებელია, ეს ვერსია ევროსაბჭოსთვის დამაჯერებელი იყოს?
- პატარკაციშვილის მიერ ხელისუფლების დამხობის მცდელობა საბუთდება კოდუასთან მისი საუბრის ჩანაწერების მეშვეობით, მაგრამ ის ჩანაწერები საკმარისად მიჩნეული არ არის. ფართომასშტაბიანი შეთქმულების თეორია უცხოეთში გამოქვეყნებულ არც ერთ დოკუმენტში არ დასტურდება.
- კონკრეტულად, რა დოკუმენტებს დაასახელებთ?
- ასეთია, მაგალითად, 29 ნოემბერს, ევროპარლამენტის მიერ მიღებული დასკვნა; ასევე, საერთაშორისო საკრიზისო ჯგუფის მიერ გაკეთებული შეფასება ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით.
- მაშინ, ევროსაბჭოს სესიაზე რატომ შეხვდნენ ოლიმპიური დუმილით მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებას?
- არჩევნების პროცესში ხელისუფლებამ შეძლო, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე შეექმნა ასეთი მოლოდინი: თუ პირველ ტურში სააკაშვილი არ გაიმარჯვებს, მაშინ უბედურება მოხდება და 6 იანვარს ოპოზიცია ხალხს არეულობისკენ მოუწოდებს. ანუ, გაცილებით დიდი აქცენტი კეთდებოდა 6 იანვარზე და არა - 5 იანვარზე. იმ მოტივით, რომ ქვეყანა დესტაბილიზაციისთვის აერიდებინათ, უცხოეთის ქვეყნების მთავრობებმა არჩიეს, ცესკო-ს შედეგები ეღიარებინათ. დასავლეთის მხრიდან ეს, რა თქმა უნდა, საკითხისადმი არაობიექტურ მიდგომას ნიშნავს.
საქართველოში ფსიქოლოგიური ზეწოლა მოხდა: ჯერ მოხდა ეგზიტ-პოლის გამოქვეყნება, რომლის მიხედვით, ზუსტად ის პროცენტი იყო დასახელებული, რაც შემდეგ ცესკო-მ მიიღო.
- თუმცა, ეგზიტ-პოლის მწარმოებელი ჯგუფის წევრმა - თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ ცესკო-ს მონაცემები და ჩატარებული ეგზიტ-პოლი ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არის.
- მე ფაქტების დამთხვევას განვიხილავ. ფაქტი კი ის არის, რომ 5 იანვრის საღამოს ეგზიტ-პოლი გამოქვეყნდა იმ მონაცემით, რომელიც შემდეგ ცესკო-ს მიერ იყო დადასტურებული. მე არ ვამბობ, რომ ამ ციფრებს ერთმანეთთან შეთანხმებით წერდნენ. მე მხოლოდ ფაქტებს ვადარებ. ეგზიტ-პოლის მონაცემებს ყოველ წუთს იმეორებდნენ. რა არის ეგზიტ-პოლი? იგი ხომ ცესკო-ს მიერ დათვლილი შედეგი არ არის? იგი ხმების დათვლის ერთ-ერთი, დამხმარე საშუალებაა. მას კი, იმავე საღამოს, უდიდესი საინფორმაციო სივრცე დაეთმო. ტელეკომანია "მზე" რამდენიმე წუთში ერთხელ იმეორებდა ეგზიტ-პოლის შედეგს, რითაც მაყურებელს თავის ტკივილი გაუჩინა! ეს ნორმალურ პირობებში ხდება? ეს ზეწოლა არ მოქმედებს საერთაშორისო დამკვირვებლებზე? არ მოქმედებს კომისიებზე, რომლებიც ხმებს ითვლიან? აი, აქედან დაიწყო ეს ყველაფერი!
- თქვენ ამბობთ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა?
- დიახ. ამას ნორმალური საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ადეკვატური რეაქცია უნდა მოჰყოლოდა. მაგრამ დასავლეთი გაჩუმდა. ამით კი ხელი შეუწყო ამ - არაჯანსაღი პროცესის განვითარებას. მე გადაჭრით არ ვამბობ, რომ არჩევნები გაყალბდა. მე ვამბობ, როგორ იყო წარმართული პროცესები იმ მიმართულებით, რომ ის შედეგები ყოფილიყო მიღებული, რაც წარმოგვიდგინეს. ეს შედეგები კი დამკვირვებლების მიერ მხარდაჭერილი იყო, ვინაიდან მათ თავიანთი მთავრობებისგან დავალება ჰქონდათ მიღებული: ხელი შეუწყვეთ იმას, რომ საქართველოში არ მოხდეს მოულოდნელი ძვრები. უკვე ნათელი იყო, რომ თარხნიშვილი სააკაშვილის კაცია - აბა, ვისია?
პროცენტულ მაჩვენებლებსაც დავაკვირდეთ: ეს არ იყო 60-70%. დათვლილი ხმების რაოდენობა 50-51%-ის ფარგლებში მერყეობდა. ესეც ხომ ლოგიკურად ბადებს ეჭვს, რომ ჩვენისთანა ქვეყანაში ეს ციფრი შეიძლებოდა, ხელოვნურად ამოქაჩული ყოფილიყო! თავად ციფრი - 51-52 - არის ეჭვის გამჩენი. ეს, თავისთავად, კითხვის გამჩენი ხომ უნდა ყოფილიყო საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის? ეს კი სურათის კარდინალური შეცვლაა! საერთაშორისო დამკვირვებლებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებით გათვალისწინებული ჩარევა განახორციელეს?
- თქვენ ეჭვებზე საუბრობთ, მაგრამ დასავლეთი სულ სხვას ამბობს. სტრასბურგის სესიაზეც ხაზგასმით ითქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია.
- ეს იყო პოლიტიკური დასკვნა, რომელიც უნდა გაეკეთებინათ, ვინაიდან ასე იყო შეთანხმებული მსოფლიოს ყველა წამყვანი ძალა.
- თქვენ მიგაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტია?
- მე არჩევნების გამოცხადებულ შედეგებს ვემორჩილები, მაგრამ ეჭვი შემაქვს არჩევნების შედეგების დათვლის სისწორეში.
- ზემოთ აღნიშნეთ, რომ საქართველოს მიმართ მთელ მსოფლიოში კითხვები გაჩნდა. მაგრამ ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე საქართველოს მიმართ ასეთი განწყობა არ შეიმჩნეოდა.
- იმიტომ, რომ მათ სტაბილურობა სჭირდებათ. მთელ მსოფლიოში ასე ხდება: კითხვები ჩნდება, ეჭვები ჩნდება, მაგრამ საბოლოოდ, დასკვნები კეთდება იმ პროცესის სასარგებლოდ, რომელიც სტაბილიზაციას იწვევს და არა - დესტაბილიზაციას. საქართველოს მიმართ ლოიალური განწყობა კი იმასაც ნიშნავს, რომ მთელ მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია სუსტ, არაორგანიზებულ ოპოზიციად არის მიჩნეული და მათთვის საერთაშორისო მხარდაჭერა, ხმების უმრავლესობაც რომ აეღოთ, ძალიან საეჭვო იქნებოდა.
- მეორე ტურის ჩატარების მოთხოვნა ოპოზიციის მხრიდან, ფაქტობრივად, შესუსტდა. მიგაჩნიათ, რომ მან უკან დაიხია? პოლიტიკურ ოპოზიციაში საპროტესტო მუხტი შემცირდა? სხვათა შორის, ოპოზიციური გაერთიანების ერთ-ერთი წარმომადგენელი - კახა კუკავა ამბობს, რომ პრობლემა არის არა ახალი საარჩევნო კანონის შექმნა, არამედ არსებული კანონის შესრულება.
- ოპოზიცია უკან იხევს. თუ არჩევნების შედეგები მართლაც გაყალბდა, მაშინ სულ სხვანაირად უნდა იმოქმედონ - უფრო კონსოლიდირებულად. ოპოზიცია უფრო შემტევი უნდა გახდეს. მაგრამ მისი ლიდერების ქცევა იმაზე მეტყველებს, რომ...
- რაზე?
- სულ სხვა რაღაცებზე ლაპარაკობენ: "ჩვენ ახლა გადაჯგუფება უნდა მოვახდინოთ, საპარლამენტო არჩევნებისკენ ავიღოთ გეზი" და ა.შ. პრაქტიკულად, ცესკო-ს შედეგებს ეგუებიან.
- თქვენი აზრით, მათ რა აკლიათ?
- მათ კონსოლიდირებული ქმედების უნარი აკლიათ. ეს გამოიხატა მაშინაც, როდესაც კრიტიკულ მომენტში თავიანთი კანდიდატურები არ მოხსნეს ერთი კანდიდატის სასარგებლოდ. ასეთ შემთხვევაში ხომ სულ სხვა სურათი იქნებოდა ხმების რაოდენობის თვალსაზრისით!
ახლა კი ასეთი სიტუაციაა: გვჭირდება ძლიერი ოპოზიცია ახალ პარლამენტში.
- ოპოზიცია სწორედ ამისთვის იბრძვის - პარლამენტში სურათის რეალურად შეცვლისთვის.
- მაგრამ მათ სხვა თვისებები გამოავლინეს და სიტუაციაც სხვაგვარად წარიმართა. ხმების საკმაოდ დიდი პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც ლევან გაჩეჩილაძემ მიიღო, არის არა ლევან გაჩეჩილაძის, როგორც პოლიტიკოსის აღიარება. ეს არის პროტესტის ხმები - სააკაშვილის წინააღმდეგ მიცემული ხმები. ეს სიგნალი იყო და მან, სხვათა შორის, გარკვეული გავლენა მოახდინა.
- გავლენა, კონკრეტულად, რაში გამოიხატა?
- ხელისუფლებას ეტყობა, რომ ნოემბრის მოვლენებიდან და წინასაარჩევნო პროცესებიდან რაღაც დასკვნები გაკეთებული აქვს. მაგრამ ეს სანამდე გასტანს? საპარლამენტო არჩევნებამდე თუ შემდეგაც? ცივილიზებულ ქვეყნებს ჰგონიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაკვეთილები უკვე გამოიტანა და იმედი აქვთ, რომ ამ ქვეყანაში სხვა პოლიტიკური კურსი დაიწყება. არ ვფიქრობ, რომ ეს სხვა კურსია - იმიტომ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ეს ხელისუფლება ძალიან დიდ სახელმწიფო რესურსს ახმარდა პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას; ყველა პრევენციულ ზომას იღებდა იმისათვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიცია არ ჩამოყალიბებულიყო. ამ ხალხს ვიცნობ. ისინი იმაზე ფიქრობენ, რომ ახალი მოწვევის პარლამენტშიც თავისი ხალხი დასვან.
- მაგრამ ევროსაბჭოს მაღალი ტრიბუნიდან სულ სხვა რამ გაისმის: ოპოზიციას სახელისუფლებო პოსტების დაკავებას სთავაზობენ.
- ეს გარე სამყაროსკენ მიმართული პიარ-აქციაა. ამ ქვეყანაში კი სულ სხვა განწყობაა.
- ზემოთ აღნიშნეთ, რომ ხელისუფლებამ ნოემბრის პროცესებიდან გარკვეული დასკვნები გამოიტანა. რა იგულისხმეთ?
- ეს, ნაწილობრივ, ჩანს მთავრობის ახალ შემადგენლობაში: იგი პარტიული ნიშნით არ არის დაკომპლექტებული.
- ახალი მთავრობა - ეს, თქვენი აზრით, თვისობრივად ახალი შემადგენლობაა - მაშინ, როცა მერაბიშვილი პოსტს ინარჩუნებს, ადეიშვილს ტყეშელაშვილი ცვლის, ნოდია და იაკობაშვილი კი მინისტრის პორტფელებს იბარებენ?
- სოციალური მხარე თითქოს პრიორიტეტი გახდა (სააკაშვილისა და გურგენიძის დაპირებებს ვგულისხმობ). ყველაფერზე ვამბობ: თითქოს. მაგრამ ეს ყველაფერი "ძალაში" საპრეზიდენტო არჩევნებიდან საპარლამენტო არჩენებამდე რჩება თუ შემდეგაც? შესაძლებელია, რომ ეს მოჩვენებითი, ზედაპირული პროცესები აღმოჩნდეს - არჩევნებიდან არჩევნებამდე.
საქართველოს ხელისუფლების თამაშის წესები 7 ნოემბრის შემდეგ დაინგრა. მსოფლიო თამაშის ამ წესებზე უკვე აღარ მოდის. ახლა ხელისუფლებაში სჭირდებათ, შექმნან სურათი, თითქოს მთავრობას არა პარტიული, არამედ - პროფესიული ნიშნით აკომპლექტებენ. ამაზე მერე ბევრი ლაპარაკი იქნება. იმასაც იტყვიან: ხომ ხედავთ, მოხუცი კაციც ჩავრთეთო.
ახალ მთავრობაში თვისობრივ ცვლილებას ვერ ვხედავ. მიმაჩნია, რომ ეს გარე სამყაროსთვის დასანახი კოსმეტიკური ზომებია.
- ეს ახალი აფეთქების საფრთხეს ხომ არ შექმნის?
- რა თქმა უნდა. ყველაფერი, რაზეც ახლა ვიმსჯელეთ, ახალი დესტაბილიზაციის, ახალი აფეთქების მუხტის მატარებელი პროცესებია.
- ოფიციალური მოსკოვი, ერთი მხრივ, მზადყოფნას გამოთქვამს რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობისთვის, მეორე მხრივ კი, სწორედ რუსეთის წამომადგენლობა შეეცადა, ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე სააკაშვილის გამოსვლა დაებლოკა.
- რუსეთის მხრიდან ურთიერთობის დათბობის მცდელობას არ უნდა ველოდოთ. რუსეთი საქართველოს განიხილავს, როგორც რეგიონში თავისი ინტერესების მანიპულირების საშუალებას. კონფლიქტის ზონებიც მათთვის მანიპულირების იარაღია.
- გააქტიურდა საუბარი კოსოვოს პრეცედენტზე. ამ თვალსაზრისით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით საფრთხე რეალურად არსებობს?
- კოსოვო უკვე პრეცედენტია, რადგან ეს პროცესი უკვე დაწყებულია. და კოსოვო უკვე აძლევს სეპარატიზმს საყრდენს. მაგრამ ძნელი სათქმელია, აღიარებს თუ არა რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ეს მაინც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
- თემურ იაკობაშვილმა ახალ მთავრობაში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პორტფელი ჩაიბარა. თქვენი აზრით, ახალი სამინისტრო, დავით ბაქრაძის უწყებისგან განსხვავებით, რა უფლებამოსილებას იძენს?
- ეს მეც მაფიქრებს: ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ კონფლიქტების მოგვარებაზე? მივიჩნევთ, რომ ეს კონფლიქტები მაინც მოუგვარებელია და რეინტეგრაცია უნდა მოხდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში? მეორე მხრივ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სამინისტროს სფეროები შევცვალეთ? რეინტეგრაცია არის ის, რაც ეხება არა მხოლოდ კონფლიქტის ზონებს: მაგალითად, ასეთია მაჰამადიანი მესხების რეპატრიაცია და მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია; დევნილთა, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრირება და ა.შ. ეს იგულისხმება, თუ ტერიტორიული რეინტეგრირება იმ ზონებისა, რომლებიც გაუცხოებული იყო? სამინისტროს უფლებამოსილება ძალზე მკაფიოდ უნდა განისაზღვროს.
Комментариев нет:
Отправить комментарий