25 თებერვალი, 2008
"კინწურაშვილის გასტუმრებისთვის არ არის საჭირო ადამიანის დაზარალება"
როგორც ამბობენ, დამატებითი გარანტიების მიღების შემდეგ, კარვები აღარ გაშალეს. შიმშილობა აღარ დაუწყიათ. რესპუბლიკელები თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ ამ გადაწყვეტილებას. როგორც რესპუბლიკელი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, ოპოზიციის მოთხოვნები ისედაც შესრულდებოდა: "პირობის შესრულების არსებითი მხარე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - ფორმალური", - "მთელ კვირას" პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრება.
- შიმშილობის აქციას, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების ერთმა ნაწილმა დაგეგმა, რესპუბლიკელებმა მხარი არ დაუჭირეთ. რატომ?
- მოლაპარაკება ყველა საკითხზე შეთანხმებას არ ნიშნავს. დღეს ჩვენი მთავარი მიზანი სააკაშვილის გასტუმრებაა. ოპოზიცია ამან გააერთიანა. ცხრა პარტიას ბევრი რამ განასხვავებს. მათი ღირსება სწორედ ის არის, რომ სტრატეგიულ საკითხებზე საერთო ენას პოულობენ.
მოლაპარაკებების კულტურა, ხშირ შემთხვევაში, მოლაპარაკებების შედეგებზე მაღლა დგას. დემოკრატია არის პროცედურა - როგორ მივდივართ გადაწყვეტილებამდე. გაერთიანებული ოპოზიციის საბჭოში არის ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ კინწურაშვილის გასტუმრებისთვის არ არის საჭირო ადამიანის ჯანმრთელობის დაზარალება.
ნოემბრის დღეებში ქართველი საზოგადოება ძალიან მომწიფდა. იმ დღეების ბრწყინვალე შედეგია ის, რომ მე შემიძლია, მოველაპარაკო განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანს. რა მოხდა მერე, რომ აქციას ვიღაც არ უერთდება?
- ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია ერთიანი არ არის?
- რა თქმა უნდა, არ ნიშნავს. იმიტომ, რომ ოპოზიცია ერთიანია უმთავრეს საკითხთან მიმართებით. მაგრამ არის ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისთვის პრინციპული მნიშვნელობის მომენტები - მაგალითად, ვიღაც საშიმშილოდ ჯდება. ღირს დასახული ამოცანა იმად, რისთვისაც ადამიანი შიმშილობის გადაწყვეტილებას იღებს?
- რესპუბლიკელებმა თქვენი თანამებრძოლები ვერ დაიყოლიეთ?
- შეიძლება, მათ ვერ დაგვიყოლიეს ჩვენ. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვერ დაიყოლია?
- "ჩვენ გვაქვს დამატებითი გარანტიები პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომ ყველა პოლიტპატიმარი იქნება გათავისუფლებული; 26 თებერვლამდე საქართველოს საზოგადოებრივ ტელევიზიას ეყოლება ახალი გენერალური დირექტორი; 15 მარტამდე ცესკო-ს ეყოლება ახალი თავმჯდომარე" - ამ მოტივით გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა და მათმა მხარდაჭერებმა შიმშილობის აქცია აღარ დაიწყეს.
- ეს თანამშრომლობის შედეგია.
- ვისი თანამშრომლობის?
- პირველ რიგში, თავად ოპოზიციაში, შემდეგ კი _ გაერთიანებული ოპოზიციისა და ხელისუფლების. რაც უფრო მტკიცეა ოპოზიცია, ხელისუფლება მით უფრო მოდის გარკვეულ დიალოგზე.
- ზემოთ მოყვანილი ციტატა ლევან გაჩეჩილაძეს ეკუთვნის. იგი იმითაც არის საინტერესო, რომ საუბარია არა სამეურვეო საბჭოს შეცვლაზე, არამედ 26 თებერვლამდე სამეურვეო საბჭოს ახალი ხელმძღვანელის დანიშვნაზე. ე.ი., მაუწყებლის ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებლად კანონით გათვალისწინებული კონკურსი აღარ ჩატარდება? რასთან გვაქვს საქმე?
- მაინც მგონია, ლევან გაჩეჩილაძე გულისხმობს, რომ 26 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი საბჭო გვეყოლება.
- ე.ი., შეეშალა? მაგრამ ეს ხომ პოლიტიკური განცხადებაა?
- მის მაგივრად ვერაფერს ვიტყვი. ვიცი, რომ საბჭო უნდა შეიქმნას, მან უნდა გაისტუმროს ძველი დირექტორი და ახალი დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი უნდა გამოაცხადოს. ვფიქრობ, რომ ეს ფრაზა გაჩეჩილაძემ მიტინგის კონტექსტში, სპონტანურად თქვა. ჩემ მიერ ასე თუ ისე გაურკვევლად გამოთქმულ აზრსაც სხვანაირად იგებენ ხოლმე.
- ზემოთ თანამშრომლობა ახსენეთ. გაჩნდა ეჭვები, რომ რესპუბლიკელები მაინც ცალკე დგახართ და ორმაგი სტანდარტებით მოქმედებთ.
- ვისთანაც გაჩნდა, ეს მისი პრობლემაა. რესპუბლიკელები დგანან ცალკე - ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალა. გაერთიანებულ ოპოზიციაში ყველა პარტიას თავისი პოზიცია აქვს, მაგრამ ისინი თანამშრომლობენ. ჩვენი ამოცანა საპარლამენტო არჩევნების საპრეზიდენტოსგან დამოუკიდებლად ჩატარება იყო - კონსტიტუციის ფარგლებში, 2008 წლის გაზაფხულზე. ეს ამოცანა მიღწეულია. ჩვენ ხომ არჩევნები არჩევნებისთვის არ გვინდა! ჩვენ არჩევნები იმისთვის გვინდა, რომ არსებითად შევცვალოთ ხელისუფლება. ამიტომ ყველა გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს კითხვას: ემსახურება თუ არა იგი საგაზაფხულო არჩევნებზე მოქმედი ხელისუფლების შეცვლას. მაგალითად, იყო მოსაზრებები, რომ უფსკრულში ჩავყოლოდით სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების დროს: დაგვეწყო მიტინგები, რათა მეორე ტური ჩატარებულიყო; მთელი ყურადღება გადაგვეტანა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე. ეს, თავისთავად, მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს ხომ ჩვენი ამოცანა არ იყო! ეს სააკაშვილმა შემოგვიგდო. მან, საპრეზიდენტო არჩევნებით, თავი დაიზარალა. უდიდესი შეცდომა დაუშვა: მოინდომა, თავისი ლეგიტიმაცია განეახლებინა, შედეგად კი, ლეგიტიმაცია საერთოდ დაკარგა! საზოგადოებაში სიტუაცია ვერ იგრძნო. დღეს, სააკაშვილისავე ტერმინი რომ გამოვიყენოთ, არის გაფარჩაკებული სააკაშვილი, წინ კი საპარლამენტო არჩევნებია. ასეთ ვითარებში, აგვეჭედა მისი კაბინეტის კარები და ამით გვეღიარებინა? ინაუგურაცია ბაღაფშმაც და კოკოითმაც ჩაატარეს. ინაუგურაცია ცერემონიაა და სხვა არაფერი. ჩვენ სხვაგან ჩავატარეთ მიტინგი და ამით ვაჩვენეთ, რომ არ ვეთანხმებით იმას, რაც ხდება, მაგრამ არც კონფრონტაციაში შევდივართ.
ჩვენს მხარდამჭერებს არ უნდოდათ, რომ ინაუგურაცია შემდგარიყო. რა მისტიკაა! მთავარი ინაუგურაცია კი არა, 5 იანვარია. 5 იანვარს კი ხალხმა სააკაშვილს ხმა არ მისცა. ამის შესახებ ყველამ იცის. მთავარი ეს არის, თორემ ასეთივე ინაუგურაცია ჩაატარეს მერე ახალგაზრდა პოეტებმა, ცირკთან.
ასე რომ, ყურადღება მთავარ ამოცანაზე - საპარლამენტო არჩევნებზე უნდა შევაჩეროთ. აშკარაა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს სხვა უხელმძღვანელებს და ცესკო-ს თავმჯდომარეც სხვა იქნება. ეს შედეგები მნიშვნელოვანია. ღირს თუ არა უკვე წინასწარ ცნობილი, თუნდაც, დროში გაწელილი შედეგებისათვის ისეთი სერიოზული აქციის განხორციელება, როგორიც შიმშილობაა?!
თუ შიმშილობის ამოცანა იყო სამი პირობა, ის პირობები მაინც შესრულდებოდა.
- ეს იყო მოტივი, რის გამოც რესპუბლიკელებმა შიშილობაზე უარი თქვით?
- ეს ჩემი პირადი მოტივია. მე მოლაპარაკებაში მონაწილეობას არ ვღებულობ. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი რიგითი წევრი ვარ და ჩემი მკაფიო პოზიცია გამაჩნია.
- რატომ გადაწყვიტა გაერთიანებული ოპოზიციის ერთმა ნაწილმა შიმშილობის დაწყება, თუკი ამისთვის რეალური საფუძველი არ არსებობდა? თქვენ ამბობთ, რომ ის სამი პირობა მაინც შესრულდებოდა, ისინი კი საპირისპიროს ამტკიცებენ.
- შესაძლოა, მათთვის, ვინც შიმშილობა გადაწყვიტა, პირობის შესრულების ფორმალური მხარე უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე - არსებითი. თუ მოწინააღმდეგე მხარესთან არსებით ნაწილში შეთანხმება მიღწეულია, მაშინ ნაბან წყალს ბავშვი რატომ უნდა გადავაყოლოთ?
- მოლაპარაკებებში, რესპუბლიკელებიდან, ვინ მონაწილეობდა?
- დავით უსუფაშვილი, თინათინ ხიდაშელი, დავით ზურაბიშვილი და დავით ბერძენიშვილი - სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფორმატით. ვინაიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ ვიღებდი, ამიტომ იქაური არგუმენტები არ ვიცი. მე ჩემი არგუმენტები მაქვს. შიმშილობა არის უაღრესად სერიოზული და ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, ცოტა არ იყოს, უხერხული მომენტი: შიმშილობა ხომ თვითმკვლელობის ერთ-ერთი ფორმაა! თუმცა, არ ვიცი, კრიტიკულ სიტუაციაში როგორ მოვიქცევი და ვინც ამას აკეთებს, იმას ვერ გავამტყუნებ. მაგრამ გავიმეორებ: ოპოზიციის მოთხოვნები ისედაც შესრულდებოდა.
- ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სიით გამოხვალთ? ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ ხომ არ დადგება?
- ყველაფერს მოლაპარაკებები განსაზღვრავს. ჩვენ მითების ტყვეობაში ხომ არ ვართ? სიტუაციიდან გამომდინარე უნდა ჩამოვყალიბდეთ და ისე მოვიქცეთ, როგორც ქვეყნისთვის აჯობებს. მიმაჩნია, რომ სიები სამართლიანად უნდა იყოს განაწილებული.
- თუმცა, უკვე გადაჭრით ამბობენ, ერთიანი სიით გავალთო.
- მეც ასე მესმის და, რაკი ამაზე ამბობენ, ე.ი., შეთანხმდნენ. ეს კარგია. მაგრამ, პირადად მე მიმაჩნია, რომ, სანამ სიების შეტანის ბოლო ვადა ამოწურული არ არის, მანამდე ყოველთვის შეიძლება მოლაპარაკებების წარმოება. ოპოზიცია ასე ადრე თუ შეთანხმდა, ამას რა სჯობს, მაგრამ ადრე შეთანხმება...
- ბოლო მოვლენების დროს მაინც გამოჩნდა, რომ ერთ მხარეს დგანან რესპუბლიკელები, მეორე მხარეს კი - ჯონდი ბაღათურია, კობა დავითაშვილი, სალომე ზურაბიშვილი...
- შეიძლება, ასე შიმშილობის კონტექსტში გამოჩნდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერში ასეა! როცა მთელი საქართველო მანქანებით მოვიარეთ, ჩანდა? როცა მიტინგებს ვატარებდით, ჩანდა? ნუ ვეძებთ განხეთქილებას იქ, სადაც არ არის. თანამშრომლობა განსხვავებული აზრების გარეშე არ არსებობს. ოჯახში საკითხებს რომ წყვეტენ, არ არის კამათი ცოლსა და ქმარს შორის? სამწუხაროდ, ქართული აზროვნება წაგება-მოგებაზეა აგებული. ეს ხელისუფლების თამაშის წესია.
- ვინც ასეთი შინაარსის კითხვას სვამს, ის ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს?
- რა თქმა უნდა!
- და ეს, თქვენი აზრით, ლოგიკური კითხვები არ არის?
- ლოგიკურია, მაგრამ ეს კარგად აჩვენებს ქართველ საზოგადოებაში არსებულ ვითარებას. ჩვენი ამოცანა წაგება-მოგებაზე თამაში კი არა, მოგება-მოგებაზე თამაში უნდა იყოს: როცა ყველა მხარე იგებს.
ერთი პერიოდი საუბარი იყო, - წავიდეთ თუ რა ხელისუფლებასთან დიალოგზეო. რატომღაც, ზოგიერთმა ეს დათმობად ჩათვალა. რა, აფხაზებს რომ ველაპარაკებით, დათმობაა? მოლაპარაკება არის რაღაცის დათმობა რაღაცის მოგების ხარჯზე.
- გაერთიანებულ ოპოზიციაში რესპუბლიკელების პოზიციებს ეჭვის თვალით რატომ გიყურებენ?
- ვინ გვიყურებს? არ ვიცი. ციტატები უნდა მომიტანოთ.
- მაგალითად, ამის თაობაზე ირინა სარიშვილი საუბრობს.
- სარიშვილს ყოველთვის ჰქონდა პრობლემები რესპუბლიკურ პარტიასთან.
- თუმცა, მასთან პოლიტიკური ალიანსიც გქონდათ.
- ეტყობა, გულნატკენია, რომ მისგან წამოვედით და ამიტომ აქვს პრობლემები.
- რესპუბლიკელები პრეზიდენტის არალეგიტიმურობაზე სულ უფრო ხაზგასმით ლაპარაკობთ. საჭირო რომ გახდეს, პირადად თქვენ, მას არ აღიარებთ?
- საჭირო რომ გახდეს, ბაღაფში ვაღიარო?
- მიხეილ სააკაშვილის მიერ გაცემულ ბრძანებებს არ დაემორჩილებით?
- ჯერ არც ერთი ბრძანება არ გაუცია.
- როცა გასცემს?
- მე არ დავემორჩილები.
- გამოდის, რომ დესტრუქციაზე მიდიხართ.
- დესტრუქციაზე მე კი არა, თვითონ მიდის!
- პუტინისა და სააკაშვილის შეხვედრას როგორ შეაფასებთ?
- პუტინი - რუსეთზე, სააკაშვილი კი - საკუთარ თავზე ფიქრობს. პუტინმა საქართველოს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების პერსპექტივა გამოსტყუა, სააკაშვილმა კი რუსეთისგან ერთჯერადი დათმობები მიიღო, როგორიც არის, მაგალითად, საჰაერო მიმოსვლის გახსნა. ეს, თავისთავად, ცუდი არ არის, მაგრამ შეიძლება, დაიხუროს.
- რატომ?
- რუსეთი ამ გზას ისევე დახურავს, როგორც ადრე. ვალი არ გაგისტუმრებიაო, - გეტყვის. ისეთი ღონისძიებებია, რომლებითაც მანიპულირება შეიძლება. მაგალითად, ასეთია ფსოუსა და როკზე საბაჟოების გახსნაც. ეს ცუდი არ არის, მაგრამ, რეალურად, ვერ იმუშავებს.
- ასე რატომ გგონიათ?
- როგორ უნდა იმუშაოს? ფსოუდან საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიამდე არსებულ მანძილზე რა მოხდება, ღმერთმა იცის. საერთოდ, საბაჟოს, პირველ რიგში, ეკონომიკური დატვირთვა აქვს, მხოლოდ ამის შემდეგ - პოლიტიკური. მიმაჩნია, რომ, როგორც საბაჟოების საკითხი, ისე საჰაერო მიმოსვლის აღდგენა სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. ეს იგივეა, ადამიანმა სიკვდილამდე მიგიყვანოს, მერე კი საავადმყოფოში გიმკურნალოს და ბოლოს მადლობა გათქმევინოს, ან შენი მკურნალობისთვის ფული გადაგახდევინოს. ბოდიში, მაგრამ ჩვენ რუსეთთან ბევრად უკეთესი ურთიერთობები გვქონდა, რომ არა...
- რომ არა სააკაშვილი?
- რა თქმა უნდა! სწორედ მან გააფუჭა რუსეთთან ურთიერთობა და დღეს, არჩევნების წინ, იმას ასწორებს, რაც შეიძლებოდა, ნებისმიერ სხვა დროს გაეკეთებინა. ძალიან ძნელია, გარედან შეაფასო, მაგრამ პუტინი ბედნიერი არ იყო სააკაშვილთან შეხვედრით. მჟავე სახე ჰქონდა.
- ალბათ არც ოპოზიცია იყავით ბედნიერი, ხელისუფლებასთან დიალოგზე რომ წახვედით, მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც გადადგით.
- გეთანხმებით, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ სახელმწიფოსთვის, სააკაშვილი კი - არჩევნებისათვის. განსხვავება ეს არის. სააკაშვილს ეს ბევრად ადრე უნდა გაეკეთებინა - თუნდაც, მაშინ, როცა პოლიტიკიდან ოქრუაშვილი გაისტუმრა. მეორე დღესვე უნდა ეთქვა, - ოქრუაშვილი გავისტუმრე რუსეთთან საქმის გაფუჭების გამოო.
- როგორია თქვენი აზრი ოქრუაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ?
- მიმაჩნია, რომ პოლიტიკა მით უფრო გაწონასწორებული იქნება, რაც უფრო მეტი მოთამაშე იქნება მასში.
- კონკრეტულად ოქრუაშვილთან დაკავშირებით თქვენი აზრი მაინტერესებს.
- პოლიტიკაში, სადაც პოლიტიკოსები და პიროვნებები კი არ მართავენ სიტუაციას, არამედ - კანონი, ოქრუაშვილი ისეთს ვერაფერს გააკეთებდა, სააკაშვილი რომ არ ყოფილიყო. მერაბიშვილი ცუდად რომ იქცევა, ვისი ბრალია? მერაბიშვილის უწყების ამაზრზენი საქციელი სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხს უკავშირდება. სააკაშვილმა მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან ვერ გაათავისუფლა, ოქრუაშვილი კი მხოლოდ მაშინ გაათავისუფლა, როცა ის მისთვის გახდა მიუღებელი და ბრძოლა მაშინ დაუწყო, როცა ისეთი რაღაცები თქვა, რაც სააკაშვილს არ აწყობდა. ოქრუაშვილი ნორმალურ, კანონიერ ფარგლებში ვეღარ იქნება ისეთი უკონტროლო, როგორიც სააკაშვილის დროს იყო. შუბლის ძარღვი რომ გამწყდომოდა და სააკაშვილთან თანამშრომლობაზე წავსულიყავი (ამის შანსები კი ძალიან მაღალი იყო), შეიძლებოდა, ოქრუაშვილზე უარესი ვყოფილიყავი. მაგრამ ამაზე არ წავედი. ოქრუაშვილი კი ამაზე წავიდა. მაგრამ დღეს მან ის მანკიერი სისტემა უარყო.
- თქვენ ამაში დარწმუნებული ხართ?
- დღეს არავითარი მორალური უფლება არ მაქვს, მის საქციელში ეჭვი შევიტანო. მან ძალიან გულწრფელად აღიარა ბევრი დანაშაული. ქრისტეს გვერდით ავაზაკი რომ იყო გაკრული და, რომ მოინანია, მაშინ ის სამოთხეში მართლა მოხვდა? ნახეთ, როგორ მოხვდა? ხომ არ გინახავთ, მაგრამ ამაში დარწმუნებული ხომ ხართ? ჩვენ არავითარი უფლება არ გვაქვს, ოქრუაშვილი პოლიტიკაში ისევ არ მივიღოთ - იმიტომ, რომ მან მოინანია.
- გიორგი თარგამაძის ქრისტიანულ-დემოკრატიულ მოძრაობაზე რას იტყვით?
- ჯერჯერობით, თავი არ გამოუჩენიათ, გარდა იმისა, რომ ამბიციები აქვთ. ამბიცია კი პოლიტიკაში ცუდი არ არის.
- მაგრამ თარგამაძეს აქვს გარკვეული პოლიტიკური წარსული. ამის გათვალისწინებით რას იტყვით?
- ეს წარსული მას უფრო დაამძიმებს, ვიდრე გაათავისუფლებს. მით უფრო, თუ ის წარსულს უარყოფს, რა უფლება გვაქვს, მუდმივად მის წარსულში ვიყუროთ!
- მაგრამ თქვენ - რესპუბლიკელები, სწორედ ოცდაათწლიანი წარსულით ამაყობთ.
- კი, ბატონო, მაშინ, იამაყოს თარგამაძემაც! არ მინდა, ადამიანს შევახსენო ის, რისი დამალვაც მას უნდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий