1 სექტემბერი, 2008
"ამ დღეებში ყურადღებით უნდა ვუსმინოთ ჩვენს ლიდერებს: საინტერესო რაღაცებს ამბობენ"
"რუსეთი შემოდის და საქართველოს გულში არჭობს რუსულ დროშას. მას ჰგონია, რომ ამის გამო ჩვენ პრორუსულები გავხდებით და დავამხობთ საქართველოს ხელისუფლებას. საქართველოს ხელისუფლება არ ვარგა, მაგრამ ჩვენ მას თავის დროზე მოვიშორებთ - რუსეთის დახმარების გარეშე. ჩვენი ეს პოზიცია ევროპამაც დაინახა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
სხვათა შორის, რუსეთის პასპორტს ახლაც არიგებენ საქართველოში და ზოგიერთი ბრიყვი ქართველი ხელსაც კი ჰკიდებს! რუსების მაროდიორობა არ იყო დაწყებული, თბილისში ეზოებში რომ შევარდნენ ქართველები და "ჯიპების" წართმევა დააპირეს. ესეც აქ მოხდა, ამ ქვეყანაში. ახლა", - "მთელ კვირას" რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი ესაუბრება.
- რას ელოდებით ევროკავშირის საგანგებო სამიტისგან?
- უპირველეს ყოვლისა, მათ უნდა მოითხოვონ, რომ რუსეთმა შეიყვანოს თავისი ჯარები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაინც; კონფლიქტის ზონებში მაინც შეათრიონ თავიანთი ე. წ. "სამშვიდობო ძალები" - სანამ უბედურება მოხდება.
მიმაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული პოზიცია.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა დიდი ხანია, საქართველოსკენ იხედებოდნენ (სხვადასხვა მოტივის გათვალისწინებით) და რეალურად აფასებდნენ რუსეთის საფრთხესაც. დასავლეთ ევროპის ქვეყნებს კი შეეძლოთ, არ დაეხუჭათ თვალი ყველაფერზე, რაც აქ ხდებოდა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. მაგრამ ბოლო ხანებში მათთან სხვადასხვა დონეზე შეხვედრებმა (მე რაც მქონდა, იმ შეხვედრებმაც კი) დამარწმუნა, რომ ვითარება შეიცვალა. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ "რუსთავი-2-ის" კორესპონდენტი რესპუბლიკურ პარტიაში მოვარდა და გვკითხა, რატომ გხვდებიან თქვენ უცხოელი პოლიტიკოსებიო. ვუთხარი: დაელოდეთ, მოვლენ და ჰკითხეთ-მეთქი. იმ ჟურნალისტის მღელვარება არ მავიწყდება: "რატომ?"
- ვისთან გქონდათ შეხვედრები?
- მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა ბელგიის სენატის მულტიპარტიულ წარმომადგენელთან; ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტთან.
- ევროპელებს საქართველოში ჯერ კიდევ საყვედურობენ, რომ გვიან გამოიღვიძეს.
- ისინი, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებდნენ რუსეთის საფრთხეს. საფრთხე ნელდება ხოლმე. და კიდევ: მათ ახსოვთ, რომ თვითონაც კარგი სისხლისმსმელები იყვნენ. არ შეიძლება, საფრანგეთს არ ახსოვდეს თავისი დიდი რევოლუცია; მარატი, რობესპიერი და სხვები ყველას ახსოვს. და მათ ეგონათ, რომ რუსეთისგანაც ჩამოყალიბდებოდა ცივილური საზოგადოება. რა თქმა უნდა, რუსული ნავთობი და გაზიც ხელსაყრელი იყო ევროპისთვის. გერმანიის ხელისუფლებას დღესაც აწყობს რუსული გაზი; რატომაც არა! მაგრამ გერმანელმა ხალხმა თავისი ქვეყნის ხელისუფლებას განუცხადა, რომ რუსეთის ეშინია. ეს კი პირდაპირი ნიშანია ხელისუფლებისთვის: თუ ხალხს რაღაცის ეშინია, ხელისუფლებას კი - არა, ხალხი გამოცვლის ამ ხელისუფლებას.
- თქვენი აზრით, დასავლეთის პოზიცია ძალიან პრინციპული იქნება?
- რა თქმა უნდა - იმიტომ, რომ რუსეთი დოკუმენტს არ ასრულებს. როდესაც სოლჟენიცინი საბჭოთა კავშირიდან გააძევეს, საფრანგეთში მან თქვა: იმ დროშას, ახლა რომ ამაყობთ, ჩამოგიხსნიან და წითელ დროშას აგიფრიალებენო. მას, უპირველეს ყოვლისა, ხალხმა დაუჯერა. როგორ გგონიათ, იქაურმა ხელისუფლებამ არ იცოდა, გულაგი რა იყო? ამერიკა ვერ ხედავდა? შეგახსენებთ: თავის დროზე, საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრები იყვნენ პაბლო პიკასო, ლუი არაგონი... სოლჟენიცინმა ეს დაანგრია. ერთმა სიმართლემ. და ხელისუფლება ხალხმა აიძულა, მის ხმას მიჰყოლოდა. ამასთან, სარკოზი უნგრული წარმომავლობისაა. შეუძლებელია, არ იცოდეს, რუსეთი რა არის.
დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი შეცდომებისა და დანაშაულობების მთელ ჯაჭვში გარკვევას დაიწყებს. საქართველო კი უკვე დასჯილია. პირადად მე ამ ომში არ ვითვლი მხოლოდ მსხვერპლს; მხოლოდ დევნილებს; ეკონომიკურ ზარალს. ეს, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა, მაგრამ რუსეთმა ჩვენ, ყველას, კიდევ უფრო დიდი დარტყმა მოგვაყენა: საქართველოში უცხო ქვეყნის ჯარისკაცი, სადაც უნდა, როგორც უნდა, ისე გადაადგილდება და რასაც უნდა, იმას აკეთებს. ამან ჩვენ წლების სიცოცხლე წაგვართვა. ეს ზარალი კი დაუთვლელია. სხვათა შორის, ასეთმა შოკმა მთელი ცივილიზაციები გაანადგურა. ცნობილია, რომ უდიდესი კრეტულ-მიკენური ცივილიზაცია გაანადგურა ერთმა ვულკანურმა ამოფრქვევამ. და იმიტომ კი არა, რომ ფიზიკურად დახოცა ხალხი; ისინი მორალურად გატყდნენ.
- თქვენ რაზე მიანიშნებთ? საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩვენი ქვეყანა ახლა სტრატეგიულად მომგებიან მდგომარეობაშია.
- საქართველოს პრეზიდენტი აზრზე არ არის, საქართველო ახლა რა მდგომარეობაშია. საქართველო ჩამოყრიდა ხელებს, ის ახალი ქვეყანა რომ იყოს და ასეთი რაღაცები ნანახი რომ არ ჰქონდეს. მომეჩვენა, რომ ამ ვითარებაში ევროპელები დარწმუნდნენ, რომ ჩვენც ევროპელები ვართ. და იცით, რით დარწმუნდნენ? ჩეჩნებივით თავი რომ არ შევაკალით რუსებს. ეს იყო ერთ-ერთი ნიშანი. შესაძლოა, ეს სატრაბახო არც იყოს, მაგრამ მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩეჩნები არ ვართ. ჩვენ ჩეხებივით მოვიქეცით.
- უფრო ზუსტად?
- ჩეხებმა არ იომეს, მაგრამ არაფერიც არ წააგეს. სხვებმა დახმარება გაუწიეს. რუსებს აქედან აუცილებლად წააბრძანებენ.
- მიგაჩნიათ, რომ ჩვენ ომი არ წაგვიგია?
- ისტორიულად, ჩვენ დაუმარცხებელი ნაცია ვართ: ვაგებთ ომებს, მაგრამ ყოველთვის ცოცხლები ვრჩებით. არ ვიცი, რატომ ხდება ასე. შეიძლება იმიტომ, რომ ძალიან მხიარული ხალხი ვართ. ფაქტია, რომ სააკაშვილი თავის ხალხს არ იცნობს. ჯარი იმისთვის არის, რომ თავი გაწიროსო - ასეთი იდიოტობა არ უნდა ილაპარაკოს პრეზიდენტმა და არ უნდა თქვას გასაჭირის დროს, ნახევარ აფხაზეთს ვაძლევდი რუსეთსო. მან გირგვლიანის მკვლელობა ახსენა იმ კონტექსტში, სადაც რუსეთის მიერ დაგეგმილ დანაშაულობებზე ლაპარაკობდა. ანუ, მან ყველაფერი იკადრა. საერთოდ, ამ დღეებში ყურადღებით უნდა ვუსმინოთ ჩვენს ლიდერებს: საინტერესო რაღაცებს ამბობენ. ქვეყნის ხელისუფლების ნახევარი კინაღამ გაგვექცა ამ ომის დროს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კი გააკეთა დანაშაულებრივი განცხადება: მან მოუწოდა ზუგდიდის მოსახლეობას, მტრისთვის წინააღმდეგობა შიშველი ხელებით გაეწია - იმის ნაცვლად, რომ ხალხი გაემხნევებინა!
- ცოტა ხნის წინ ცნობილი ფრანგი ინტელექტუალები - გლუქსმანი და ლევი შენიშნავდნენ, საქართველოში შექმნილი ვითარებით ევროპა კომატოზური მდგომარეობის წინაშე აღმოჩნდაო. თქვენი აზრით, რა როლი შეასრულა საქართველომ ასეთი ვითარების შექმნაში?
- ხომ მიჰყიდა რუსეთს ყველაფერი ჩვენმა ხელისუფლებამ? ხომ ამბობდა, რომ რუსეთი ორია თუ სამი! ხომ ჰყავდა ხელისუფლებაში რუსეთის კაცი - ბ-ნი ბენდუქიძე, რომელიც ამბობდა: თქვენ მე რომ მაკრიტიკებთ, ფაქტობრივად, ამბობთ, რომ მიშა გიჟიაო. ახლა რა გაირკვა? ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის ეკონომიკას რომ ებრძვიან, მათ არ იციან ეკონომიკის ზოგადი კანონები? თუ ბენდუქიძის გარდა არავინ დაიბადა, ვინც წიგნის კითხვა იცის? ხომ ვაფრთხილებდით ამ ხელისუფლებას, რომ ის რუსეთის კაცი იყო?
ევროპა კომაში დიდხანს ვერ იქნება. და მას აქვს ამისთვის რესურსი. საქართველოს კი ამ კრიზისისთვის თავის აცილება, ვფიქრობ, რომ შეეძლო; ეს სააკაშვილის აზრით იყო შეუძლებელი. სააკაშვილი აპირებდა ოლიმპიადაზე წასვლას (ეს თვითონ თქვა). ეს იმას ნიშნავს, რომ აზრზე არ იყო, რას გეგმავდა რუსეთი! ბოლო ხანებში იმდენად უსუსურია, ვერც კი ხვდება, რომ ასეთი რაღაცები არ უნდა თქვას. ნუ ლაპარაკობს, თორემ კიდევ უფრო აზიანებს საქართველოს.
- თქვენ ამბობთ, რომ შეიძლებოდა ამ კატასტროფის აცილება. რა გზებით?
- არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაგვეხსნა ცეცხლი. თუ ამისთვის საჭირო იყო ჩვენი მოსახლეობის ევაკუაცია, ეს უნდა გაგვეკეთებინა. ის კი მეუბნება: რამდენი ხანია, ვიცი, რომ რუსეთი ამას აპირებდა; როცა გავიგე, რომ შემოდიოდნენ როკის გვირაბიდან, აი, მაშინ შევედიო. ამ ზღაპრებს ვის უყვება? რა თქმა უნდა, ის წამოაგეს პროვოკაციაზე; რა თქმა უნდა, მას ეგონა, რომ ძირითადი დარტყმა განხორციელდებოდა აფხაზეთში და ამასობაში იფიქრა: "ცხინვალის რეგიონს მაინც დავიკავებ და ეს მაინც დამრჩება, რომ გადავარჩინო ჩემი სახელმწიფოებრივი იმიჯი". შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსეთის მხრიდან არაპროპორციულ პასუხზე საუბრობს. ეს რას ნიშნავს?
- უახლოეს პერიოდში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას ხედავთ?
- დიახ, ველოდები დეკემბერში მაპ-ს. მანამდე ეს ძნელი წარმოსადგენია.
7 ნოემბრის შემდეგ, არჩევნების წინ, ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის (აღმოსავლეთ ევროპა) პრეზიდენტმა სააკაშვილზე თქვა - ვიცი, ვინც არის, მაგრამ მხარს იმიტომ ვუჭერ, რომ სხვანაირად საქართველოს მხარდაჭერა არ გამომდისო. დასავლეთ ევროპამ კი მიიჩნია: თუ სააკაშვილი არ ვარგა; თუ დემოკრატია არ არის, ე. ი., ევროპისკენ სწრაფვა არ არის. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ პირიქით არის: თუ ნატო არ დაგვეხმარება, ჩვენ სულ სააკაშვილი გვეყოლება. ჩვენ არ აღმოგვაჩნდა უნარი, მოვერიოთ სააკაშვილს.
ჩვენ ხელისუფლების კრიტიკას არ ვაჩერებთ, უბრალოდ, ახლა სააკაშვილის შეცდომებზე როგორ ვილაპარაკო, როდესაც მედვედევმა და პუტინმა ეს საშინელება ჩაიდინეს, თორემ სააკაშვილი არ შეცვლილა. ამაზე მეტყველებდა მისი ერთ-ერთი ბოლო გამოსვლაც, ორმოცდაათი კაცი რომ ჰყავდა და მარტო რომ ლაპარაკობდა, სადაც ერთი-ორი ისეთი ოპოზიციონერი იჯდა, 7 ნოემბერი კარგად რომ უნდა ახსოვდეთ და მათ უხსნიდა, 7 ნოემბერი რუსებმა რომ მოაწყვეს!
ჩვიდმეტ დღეში როგორ უნდა მოამზადო რეზერვისტი, თუკი ამ ჩვიდმეტი დღის განმავლობაში ჩვიდმეტი ლიტრი ღვინო მაინც ისმება, თუ ოცდათოთხმეტი არა?! ვის უყვებიან ამ ზღაპრებს? ჩვენი შვილები, ნათესავები არ არიან ამ რეზერვში? და საერთოდ, სააკაშვილის თავში არ შევიდა, რომ არ წყდებოდა ეს კონფლიქტები სამხედრო გზით! სააკაშვილს ბათუმის დაბომბვაც უნდოდა!
- ბათუმის დაბომბვა - როდის?
- ასლან აბაშიძის ხელისუფლებიდან წასვლის წინ. ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა, საჯარო შეხვედრაზე. ახლა რამე სახელმწიფო საიდუმლოს არ გავცემ. საჯარო შეხვედრაზე ითქვა, სადაც ხალხი იყო, და ეს შეხვედრა არც უშიშროების საბჭო იყო და არც რამეზე ხელი მოგვიწერია, - აქ რამდენ სისულელეს მოვისმენთ, მერე არ ვიტყვითო.
ჩვენ უნდა გვცოდნოდა, რას მოიტანდა სააკაშვილის ხელისუფლების აღვირახსნილი მილიტარისტული პროპაგანდა. ამის გარკვევას, სამწუხაროდ, ომი დასჭირდა. მაგრამ ეს სააკაშვილის ბრალი არ არის. ვინც აირჩია სააკაშვილი, იმის ბრალია. სააკაშვილი თავიდანვე ამბობდა, ასეთი ვარო. მაგრამ ახლა საქართველოს შეცდომების ფართოდ განხილვის დრო არ არის.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ამას რუსეთის შეცდომები ფარავს.
- ხომ შეიძლება, რუსეთი აქედან კიდევ დიდხანს არ გავიდეს?
- რას ჰქვია, არ გავა?! ევროპას აქ მარტო ჩვენი დარდი ხომ არ აქვს! თავისი დარდი აქვს. და უნდა ჰქონდეს კიდეც!
- ნატო იყო ერთადერთი გამოსავალი საქართველოსთვის, რომელიც რუსეთის მეზობელია?
- საქართველოსთვის ნატო იყო და რჩება ერთადერთ შესაძლო განვითარების ვარიანტად.
- რუსეთი ჩვენი უშუალო მეზობელია.
- სადაც უნდა იყოს რუსეთი! შიგ რუსეთშიც რომ ვიყავით, მაშინაც ნატო-სკენ მივისწრაფოდით.
- რა არგუმენტები გაქვთ იმის დასამტკიცებლად, რომ ნატო ერთადერთი ალტერნატივა იყო?
- სკოლის მოსწავლე ვიყავი, რომ შევიტყვე: ბათუმში (საბჭოთა თვალსაზრისით მნიშვნელოვან ქალაქში, სადაც თურქეთის საკონსულოც კი იყო), ორი ასაკოვანი კაცი, ყოველ დილას, ჭოგრიტით გადიოდა შავი ზღვის დასათვალიერებლად: ამერიკის მეექვსე ფლოტის შემოსვლაზე ოცნებობდნენ. ასე რომ, ჯერ კიდევ საბჭოთა დროში ჩვენ ნატო-ს გემებს ველოდებოდით საქართველოში. რუსეთი გვერდით რომ არის, სწორედ იმიტომ უნდა გვეფიქრა ნატო-ზე. ირანი ზუსტად ისეთია, როგორიც არის და შეგიძლია, გაიაზრო, როგორ მოიქცევა. ხოლო რუსეთი არის ქვეყანა, რომელზეც მისივე პოეტები ამბობენ, რომ გონებით ვერ განჭვრეტ. ის არის ევროპისა და აზიის ყველაზე საინტერესო შენარევი, სადაც ევროპული გარეგნობის უკან დგას სრულიად აზიატური გამოუცნობლობა და ე. წ. "Русская удаль", რომელზეც დოსტოევსკი ლაპარაკობდა. ასეთი მეზობლის გვერდით ყველა მეზობელი - ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, საქართველო - მიელტვის ნატო-ს. და, სხვათა შორის, უშუალო მეზობლები უფრო მიელტვიან, ვიდრე - გაშუალებულნი. საქართველოში ყველა ხელისუფლება, რომელიც არ წავიდოდა ევროპისკენ, განწირული იყო. მათ შორის, ყველაზე პატრიოტულიც კი. განწირული იყო, თუ იტყოდა: "კავკასიური სახლი", "მარტო ჩვენ". ვინც ჩუჩხეს იდეას იტყოდა, ყველა განწირული იყო (ჩუჩხეს იდეა ჩრდილო კორეულია - თვითკმარობისა)!
- რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ერთ-ერთ არგუმენტად ასახელებს კოსოვოს პრეცედენტს. ევროპა კოსოვოს აღიარების დროს აცხადებდა, რომ ეს არ არის პრეცედენტი. ხომ არ ფიქრობთ, რომ კოსოვოს დაშვებით ევროპამაც შეუწყო ხელი პროცესების ასე განვითარებას?
- კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება იყო შეცდომა - ისევე, როგორც შეცდომა იყო საქართველოს მაპ-ის გარეშე დატოვება. მაგრამ ჩვენ ევროპის შეცდომებზე სულ ვერ ვილაპარაკებთ: საქართველოში არჩევნების წინ შექმნილი პარტია ამბობს, რომ სახელმწიფო რელიგია უნდა იყოს მართლმადიდებლობა და ის იღებს ხმებს იმის გამო, რომ ხალხს ეკლესია და მართლმადიდებლობა უყვარს. აი, ასეთი სოციალური და თუნდაც რელიგიური კულტურის პირობებში შენ ევროპას ჭკუას ვერ ასწავლი.
- ფაქტია, რომ კოსოვოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება რუსეთმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა.
- დღეები გადის და რუსეთის მიერ აღიარებული ტერიტორიები ვიეტნამმაც კი არ აღიარა; არც - კუბამ; არც - უგო ჩავესის ვენესუელამ. "ჰესბოლასა" და "ჰამასის" გარდა, მხარდამჭერი არ აღმოაჩნდა.
- მაგრამ მოსალოდნელია ჩრდილო კავკასიის გააქტიურება.
- ეს რუსეთის პრობლემა უნდა იყოს.
- და არა საქართველოსი და, საერთოდ, მსოფლიოსი? მით უმეტეს, რომ ასეთ შემთხვევაში არაბული კომპონენტიც შემოდის.
- ჩემი აზრით, ჩრდილოეთ კავკასიის გააქტიურების საფრთხეს რუსეთი ვერ ხედავს.
- თქვენ თუ ხედავთ? უკვე ლაპარაკობენ მის მოსალოდნელ გააქტიურებაზე.
- ეს შესაძლებელია, მაგრამ მე ვხედავ ამ გააქტიურებას ისტორიულად, და არა დღეს. იმიტომ, რომ რუსეთს აქვს პასუხი. მთელმა მსოფლიომ დაინახა, როგორია ეს პასუხი. რუსეთი ფიქრობს, რომ ჩეჩნეთით და საქართველოთი კიდევ უფრო შეაშინა ჩეჩნები, დაღესტნელები...
- თქვენ ამბობთ, რომ რუსეთმა პრევენცია უკვე მოახდინა და კავკასია ამას მეორედ აღარ გაბედავს?
- ასე არ ვფიქრობ. რუსეთი ამდენი წელია, კავკასიაშია და კავკასიელების ხასიათი ვეღარ გაიგო. არც ქართველების ამბავი სცოდნიათ. ხომ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ დავამხობდით სააკაშვილს! საქართველოში რომაელები რომ შემოვიდნენ, იოლად დაამარცხეს ჩვენი მეფე არტაგი; აქ თავიანთი გარნიზონები ჩააყენეს, მაგრამ ქართველებს დღისა და ღამის რომაული აღრიცხვა არ დაუწესეს: თქვენებურად დაითვალეთო. ლათინური ისწავლეთო, არ უთქვამთ. ამიტომაც დარჩნენ დიდხანს საქართველოში. რუსეთი კი შემოდის და საქართველოს გულში არჭობს რუსულ დროშას. მას ჰგონია, რომ ამის გამო ჩვენ პრორუსულები გავხდებით და დავამხობთ საქართველოს ხელისუფლებას. საქართველოს ხელისუფლება არ ვარგა, მაგრამ ჩვენ მას თავის დროზე მოვიშორებთ - რუსეთის დახმარების გარეშე. ჩვენი ეს პოზიცია ევროპამაც დაინახა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ნატო-შიც შევა, სააკაშვილის გარეშეც იცხოვრებს და ევროპასთან სიახლოვის გამო გავლენას მოახდენს თავის ტერიტორიებზე. როგორც კი ქართველი სამუშაოდ ირლანდიაში წავა და იქიდან გამოაგზავნის არა კაპიკებს, რუსეთიდან რომ აგზავნის, არამედ ათასებს, როგორც ამას აკეთებენ ბალტიისპირელები და პოლონელები, მაშინ აფხაზსაც მოუნდება საქართველოში თუ არა, ირლანდიაში წასვლა მაინც. ეს პასპორტის ომია.
ახლა ამერიკის შეერთებული შტატები გვეხმარება, მაგრამ რატომ არ უნდა დაგვეხმაროს, სტრატეგიული პარტნიორები ვართ! დიდი მადლობა ამისთვის, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო. გარწმუნებთ, გაცილებით უფრო სასიხარულოა, საფრანგეთი და გერმანია რომ გვეხმარება - იმიტომ, რომ ისინი აქამდე ამას არ აკეთებდნენ. მათ შეუძლიათ, იყვნენ მიუკერძოებლები. ევროპის პასპორტი მინდა, თანაც მალე და არა ასი წლის შემდეგ. მინდა, რომ ვუთხრა ჩემს ოს ძმას: "აი, ძმაო, პასპორტი. ამით მე გავდივარ მთელ მსოფლიოში". რუსეთს კოკოითისთვის უნდა ოსეთი? მთელი გენერალიტეტი გამოაგზავნა ახლა, მინისტრებად ნიშნავენ და გაგლოევას და ვიღაცებს აღარ დარჩებათ ადგილი. და ოსურ ენას! სხვათა შორის, რუსეთის პასპორტს ახლაც არიგებენ საქართველოში და ზოგიერთი ბრიყვი ქართველი ხელსაც კი ჰკიდებს! რუსების მაროდიორობა არ იყო დაწყებული, თბილისში ეზოებში რომ შევარდნენ ქართველები და "ჯიპების" წართმევა დააპირეს. ესეც აქ მოხდა, ამ ქვეყანაში. ახლა.
- დავით გამყრელიძე შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავალს ვადამდელ არჩევნებში ხედავს. რესპუბლიკური პარტიის პოზიცია როგორია?
- როდესაც რუსები აქედან გაბრძანდებიან, ჩვენ ევროპას ვეტყვით, რომ ნორმალური არჩევნები გვინდა. დავით უსუფაშვილმა არჩევნების შემდეგ, როდესაც ბევრს ხელი ჰქონდა ჩაქნეული, განაცხადა: ერთ წელიწადში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნებაო. რა თქმა უნდა, ასე იქნება.
- მოქმედ პარლამენტს რას უპირებთ?
- არაფერს. ვადამდელ არჩევნებს მოვითხოვთ და მივიღებთ.
- როგორ მიიღებთ?
- ახლა სააკაშვილს გაცემული აქვს ბრძანება, რომ ხელისუფლების ყველანაირი კრიტიკა აღიკვეთოს. მაგრამ, როცა ეს ამბები გაირკვევა და ევროპა საქართველოში შემოვა უამრავი დამკვირვებლით, მათგან მეთიუ ბრაიზაზე მეტ პატიოსნებას მოველი. ვიცი, რომ კუშნერი უფრო პატიოსანია, ვიდრე ბრაიზა.
- სხვათა შორის, ამას წინათ ლავროვმა შენიშნა, კუშნერს ვიცნობო. თქვენი აზრით, რას გულისხმობდა?
- ლავროვი ალბათ მიანიშნებს, რომ კუშნერი შეიძლება ორპირი იყოს. მაშინ სარკოზიც უნდა გაიცნოს. საკმაოდ ჯიუტი კაცია. აშკარაა, რომ ძალიან დაგვეხმარა. მან საქართველო მორალურად გადაარჩინა.
- რამდენიმე დღის წინ შტატებში გაემგზავრნენ ქართველი პოლიტიკოსები, მათ შორის, თქვენი პარტიის ლიდერი - დავით უსუფაშვილი. საინტერესოა, მისი ვიზიტის მიზანი რა არის: მხოლოდ მონაწილეობა დემოკრატიული პარტიის ყრილობაში? როცა კრიტიკულ სიტუაციებში ჩვენი პოლიტიკური ლიდერები შტატებში მიდიან, აქ ამბობენ, რომ იქ შემცვლელს ეძებენ.
- რა თქმა უნდა, შესაძლოა, ისინი დათვალიერებაზე წავიდნენ. ყველა წავა. მაგრამ ჩვენი პარტიის ლიდერი იმიტომ წავიდა, რომ ჩვენ დემოკრატების ყრილობაზე მიგვიწვიეს. სხვათა შორის, ხალხში დადის ხმა, რომ შტატები და რუსეთი მოილაპარაკებენ საქართველოსთან დაკავშირებით და ყველა მოიგებს, ჩვენ გარდა. ამ ვერსიას კატეგორიულად გამოვრიცხავ.
- რა არგუმენტი გაქვთ?
- ჩემი არგუმენტია ევროპა. ამერიკამ და რუსეთმა შესაძლოა, რაღაც მოილაპარაკონ, მაგრამ ევროპამ, ამერიკამ და რუსეთმა მოილაპარაკონ საქართველოს ხარჯზე - ეს სრულიად წარმოუდგენელია. როდესაც ანგელა მერკელი ამბობს, გაზი სხვადასხვა გზით მოედინეობაო, ასეთ შემთხვევაში, გარიგებას ვერ ვხედავ.
- 1 სექტემბერს დაგეგმილ საყოველთაო აქციას, თქვენი აზრით, როგორი მუხტი ექნება და როგორი რეზონანსი?
- როცა "სი-ენ-ენი" რამეს იღებს, რა თქმა უნდა, ეფექტიც არის. ჩემი აზრით, ბალტიისპირეთში მოწყობილი ამ ტიპის აქცია არ იყო სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული და სწორედ ამით იყო ძვირფასი. ჩვენი კი რაღაც სხვას ჰგავს. კარგი იქნება, თუ ჩვენები მიხვდებიან და აქ სახელმწიფო ნაკლებად გამოჩნდება - ნაკლები იქნება ატრიბუტიკა. მაგრამ, ხომ ვიცი, რომ ერთ კაცზე ხუთი დროშა იქნება და ორ კაცზე - სამი მომღერალი. თუმცა, ყველა შემთხვევაში, მას "სი-ენ-ენი" გადაიღებს; კარგად განათდება. და ეს საქართველოს გამოადგება!
Комментариев нет:
Отправить комментарий