23 февраля, 2011

მიდიხარ აქციაზე?

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
1 სექტემბერი, 2008


რამდენიმედღიანი "ჩავარდნის" შემდეგ, ჩემი ქვეყნის ხელისუფლება ყოვლისშემძლე ტელევიზორის საშუალებით შეუსვენებლად ლაპარაკობს, რომ საქართველოს ვერავინ დააჩოქებს; და ფრაზა - "ძალა ერთობაშია" - ლამის ძილშიც კი მახსენდება. 1 სექტემბერს ამ ლოზუნგის ეფექტურობა კიდევ ერთხელ უნდა დადასტურდეს - საყოველთაო საპროტესტო აქციაზე, რომელმაც მსოფლიოს უნდა აჩვენოს ქართველი ხალხის ერთსულოვანი პოზიცია - შეურიგებლობა რუსული აგრესიის მიმართ; აქციაზე, რომელზეც ისევ გიგა ნასარიძე, გოგოლა კალანდაძე, ლელა წურწუმია, გოგა ხაჩიძე და სხვები გვიხმობენ; აქციაზე, რომელსაც, მართლა ვერ ვხვდები - რატომ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კურთხევა დასჭირდა. ჩვენ ბალტიისპირეთს დავესესხეთ. ვნახოთ, იქნება თუ არა ის და ეს აქციები თვისობრივად ერთი და იგივე მნიშვნელობის; ექნება თუ არა მათ ერთი და იგივე პათოსი და, შესაბამისად - შედეგი.
ფაქტია, რომ პარტიოტიზმის თემა საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. თუ იყვირებ, რომ ჩვენს სამშობლოს საჯიჯგნად არავის მივცემთ, ან თუ იმღერებ, - "ხმალი ავლესოთო", ან კიდევ - ისე, როგორც დემოკრატიული ქვეყნის ტელევიზიას შეეფერება (ეს ბ-ნი პრეზიდენტის შეფასებაა), სატელევიზიო სიუჟეტს აფხაზეთისკენ გაშვერილი ლულის ჩვენებით დაასრულებ, ე. ი., ყველაზე მაგრად გიყვარს შენი სამშობლო.
ამაში 1 სექტემბრის აქციაზე კიდევ ერთხელ შევეჯიბრებით ერთმანეთს ქართველები, რომლებსაც დროშები ყოველთვის გვაქვს თადარიგში - სადაც უნდა მივდიოდეთ.
8 სექტემბრამდე საქართველოში საომარი მდგომარეობაა. რა იქნება 8 სექტემბრის შემდეგ? თუკი საომარი მდგომარეობა კიდევ გაგრძელდება, შესაძლოა, სახელისუფლებო ტრიბუნებიდან პატრიოტული ფრაზების წარმოთქმას სულ უფრო მაღალი რეგისტრი დასჭირდეს. რუსეთის აგრესიასთან ამ პრობლემას, როგორც ჩანს, არანაირი კავშირი არ აქვს. სხვა ხმაც არსებობს. მას ტრიბუნა, უბრალოდ, აღარ სჭირდება.

Комментариев нет:

Отправить комментарий