23 ივნისი, 2008
უხერხული სიტუაციაა: რა შეიძლება გითხრას საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებულ, პრობლემურ საკითხებზე, ვთქვათ, კობა სუბელიანმა? ან - გია როინიშვილმა? დავით დარჩიაშვილი თავიდან უარს არ გეტყვის, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდება, რომ ძალიან დაკავებულია: ბევრი საქმე აქვს; გიგი წერეთელი კი კიდევ ერთხელ გაგიმეორებს, რომ კარგად გაიგო - ოპოზიციონერები თვითონ რომ უწყობენ "თავის" ხალხს რეპრესიებს. გია ნოდიასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა, სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიას კი, აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, უბრალოდ, ლაპარაკის სურვილი არ აქვს.
* * *
ემოციებით გადაღლილი ოპოზიცია კი შემოდგომამდე დაგვემშვიდობა. დაგვიბარა, რომ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნის იდეას ხორცს შეასხამს და ახალი ძალებით შეუტევს ხელისუფლებას, რომელიც არჩევნების გზით, ჯერჯერობით, ვეღარ შეცვალა. "ჩვენი სტრატეგიული გეგმების შესახებ მომავალ შეხვედრაზე მოგახსენებთ" - ასე ასრულებდნენ მასობრივ საპროტესტო მიტინგებს ოპოზიციის მთავარი სახეები, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენდნენ, რომ ხალხი (იმდენი, რამდენიც ეგონათ) მათ გვერდით აღარ იყო.
დამარცხებული ოპოზიცია, რომელმაც აღარც კი იცის, საკუთარი მარცხი ვის გადააბრალოს, ახლა, პოსტ-ფაქტუმ, ამბობს, რომ სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკური სისტემა არ არსებობს. საინტერესოა, რა რესურსი აქვს ოპოზიციას იმისთვის, რომ ქვეყანაში სახელისუფლებო პოლიტიკური ცენტრის საპირწონე შექმნას - მით უფრო, ზაფხულში, როცა ადამიანის (აქ გასათვალისწინებელია: ქართული ოპოზიციის) შრომისუნარიანობის ხარისხი შემცირდება?! საინტერესოა ისიც, რა რეაქცია აქვს ხელისუფლებას ოპოზიციის მიერ გაკეთებულ ანონსზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით; მიიღო თუ არა მან ეს განაცხადი მისთვის სერიოზული მნიშვნელობის მქონე გზავნილად.
რესპუბლიკელებიც და მემარჯვენეებიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამბობდნენ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნულ საბჭოში სტრატეგია მათ უნდა შეეტანათ, მაგრამ ეს ვეღარ შეძლეს. ახლა ეროვნული საბჭო, ასე თუ ისე, "გამოიხშირა". ვნახოთ, რას შეძლებენ ისინი, ვისაც ჰგონია, რომ კობა დავითაშვილზე, ჯონდი ბაღათურიაზე, პაატა დავითაიასა და სხვებზე გაცილებით გონიერია.
ხელისუფლებას, შესაძლოა, სასაცილოდ არ ჰყოფნის ბეჭებზე დაცემული ოპოზიციის დანაბარები, თუმცა, ეს ალბათ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შეთქმულების თეორია, როგორც ხელისუფლების არგუმენტი "კუდიანებზე" ნადირობის გასამართლებლად, აღარ არსებობს.
ნიშანდობლივი და საგანგაშო ის არის, რომ საქართველოს ახალგაზრდა ხელისუფლება, რომელიც ერთ დროს ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების დასაცავად, ერთი შეხედვით, თავდადებულად იბრძოდა, ახლა არმატურებს ჭრის იმ ზომაზე, ადამიანებისთვის ფეხების მოსამტვრევად რომ არის საჭირო. ნიშანდობლივი არის ის, რომ თავის დროზე, ამ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათი იდეოლოგები და ინტელექტუალური მხარდამჭერები (ამ დეფინიციამ, რატომღაც, მხოლოდ ირაკლი ბათიაშვილთან მიმართებით "იმუშავა") ცოტა ხნის წინ ამ ქვეყანაში მცხოვრებ პოსტსაბჭოთა ადამიანებს გვაცნობიერებდნენ იმაში, რომ შეთქმულების თეორია და ანტისემიტური ფრაზეოლოგია მეორე მსოფლიო ომს გადაჰყვა.
* * *
ახლახან ნაცნობებმა ოჯახში სოხუმში გადაღებული ფოტო მოგვიტანეს: ჩვენი მიტოვებული სახლის. სულ რამდენჯერმე შევხედე. მერე ჩავმალე სადღაც. მშობლების მერიდება, თორემ სულ გავაქრობდი. ტელევიზორიდან კი, არჩევნებიდან არჩევნებამდე, ჩემი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი ცდილობს დამარწმუნოს, რომ სოხუმი მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალაქია; რომ მომავალ არჩევნებს სოხუმში ჩავატარებთ; რომ ის აფხაზიც არის... უხერხულია, ვინმეს ასწავლო, რომ სამშობლოს ცნება გეოგრაფიული მასშტაბებით არ განისაზღვრება. და რომ, უბრალოდ, უხერხულია, სამშობლოზე ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით, საჯაროდ ილაპარაკო. ქართული პოლიტიკის მკეთებლები უსირცხვილოდ მიმტკიცებენ, რომ ორ დღეში შეუძლიათ, აიღონ აფხაზეთი, უბრალოდ, ძალის გამოყენება არ უნდათ! 21 მაისს, ხურჩიდან გაკეთებული რეპორტაჟის გაუთავებელმა ტრიალმა, სამწუხაროდ, ჩემი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ უნდობლობა კიდევ უფრო გამიღრმავა. სწორედ ამ ხელისუფლებამ დაუშვა არსებითი მნიშვნელობის შეცდომა (თუკი ეს მხოლოდ შეცდომაა): დევნილთა უმრავლესობამ დანარჩენი საზოგადოების ნაწილად ქცევა ვერაფრით შეძლო და ისევე ყოფენ ადამიანებს "მათიანებად" და "აქაურებად", როგორც "მიშისტები" და ოპოზიციის მომხრეები. გასაგებია, რომ, სამწუხაროდ, ოპოზიციას არ აღმოაჩნდა სტრატეგია პოლიტიკური ბრძოლისთვის; არ აღმოაჩნდა პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. მაგრამ, თუკი ხელისუფლებას ყოველთვის მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, მაშინ რა არის მისი სტრატეგია კონფლიქტების გადასაჭრელად - კლიპი, რომელიც, ფაქტობრივად, იმ ფუნქციას ასრულებს, რასაც ხურჩის, განმუხურის ფაქტები?
რა თქმა უნდა, გაცილებით მნიშვნელოვანია, ამ საკითხებზე საკუთარი მოსაზრება იმ ადამიანებმა გვითხრან, ვინც სულ ცოტა ხნის წინ ძალაუფლებით თავბრუდასხმული არ დადიოდა თავის სამშობლოში. გია ნოდია, დავით დარჩიაშვილი (და, ალბათ, კიდევ სულ რამდენიმე ადამიანი ახალი ხელისუფლებიდან), როგორც მახსოვს, დემოკრატიის კოპირების (შესაბამისად, მისი დამახინჯების) მომხრენი არ იყვნენ. დემოკრატიის თეორიის სიღრმისეული ცოდნა, როგორც ჩანს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შენს ქვეყანას დემოკრატიის შეუქცევადი პროცესის წარმართვაში დაეხმარები (თუმცა, მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე გამოგვიცხადა, რომ ამ ქვეყანაში, სწორედ, დემოკრატიის შეუქცევადი პროცესი მიმდინარეობს).
ახლახან, ერთმა ინტელექტუალმა, რომელიც ასევე კარგად ერკვევა დემოკრატიის საკითხებში, მითხრა: ერთადერთი, რითიც შეიძლება შემაშინონ, ჩემი შვილიაო.
თუკი შემოდგომაზე საპროტესტო აქციები ისევ დაიწყება, საინტერესოა, რა იქნება ადამიანების ქუჩაში გამოსვლის მთავარი მოტივი: სოციალური ფონის დამძიმება თუ ის საკითხები, რომლებიც ისეთი საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი, განვითარება რომ უნდა? ფაქტია, რომ საქართველოში ყველა მერაბიშვილის სტანდარტებით არ აზროვნებს: მათ მსოფლმხედველობას ადამიანთა ვიწრო ჯგუფისგან შემდგარი გარემოცვა კი არ განსაზღვრავს, არამედ ის კოდექსი, რომელმაც 13 იანვარს ქუჩაში გამოიყვანა. თანამედროვე ქართული სინამდვილის გასათვალისწინებელ მახასიათებლად შეიძლება მივიჩნიოთ ისიც, რომ, თუ ოჯახის ერთი წევრი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობს, მისი ოჯახის დანარჩენი წევრები საპროტესტო აქციების მონაწილეებს შორის დგანან. და, სხვათა შორის, არა სოციალური ფონის დამძიმების გამო. ასეთ ვითარებაში, შესაძლებელი გახდება თუ არა, შემოდგომისთვის ქართულმა ოპოზიციამ პოლიტიკურ სიმწიფეს მიაღწიოს? თუ ისევ იმით ანუგეშებს ადამიანებს, რომ "საქართველო თურქმენეთი არ არის"?!
Комментариев нет:
Отправить комментарий