20 февраля, 2011

რას გვპირდება ქრისტიანულ-დემოკრატიული ალიანსი?

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"

5 მაისი, 2008


დავით თარხან-მოურავი: "ჩვენ შევქმნით ისეთ სისტემას, რომელიც"...

"არ უნდა გჭირდებოდეს მილიონი დოლარი იმისთვის, რომ არჩევნებში გაიმარჯვო. ჩვენ შესაძლებლობების საზოგადოება გვინდა, შევქმნათ. მაგრამ ამას ვერ აგიშენებ ერთ წელიწადში. ოთხი წელი მაინც უნდა მაცალო, რომ რაღაც გავაკეთო. კორეა ამას ოცდაათი წელიწადი ქმნიდა, მაგრამ გახდა ახალი ინდუსტრიული ქვეყანა. ჩვენ ისეთ სისტემას შევქმნით, რომელიც განვითარდება ადამიანის კეთილდღეობისთვის", - "მთელ კვირას" ქრისტიანულ-დემოკრატიული ალიანსის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი - დავით თარხან-მოურავი ესაუბრება.

- მომავლის პარტია, ქრისტიანულ-დემოკრატიული ალიანსი, დემოკრატიული ცენტრი, "წინ საქართველო", ქრისტიანულ-დემოკრატიული გაერთიანება, მწვანეთა პარტია, გაერთიანებული საქართველოს დემოკრატიული პარტია, პარტია "ჩვენი საქართველოსთვის"... ქრისტიანულ-დემოკრატიულ ალიანსში წინასაარჩევნოდ სულ თორმეტი პოლიტიკური ძალა გაერთიანდა. საარჩევნო სიაში 132 დეპუტატობის კანდიდატია. მაჟორიტარული სიით 42 კანდიდატი იყრის კენჭს.
- თორმეტი პარტია რა საფუძველზე გაერთიანდა?
- ჩვენ გვაერთიანებს ზნეობრივი ფასეულობები (ეს ქრისტიანული ფასეულობებია); ვისახავთ ზნეობრივ მიზნებს და ორიენტირებული ვართ ზნეობრივ შედეგებზე. ჩვენი ამოცანაა, საქართველოში დავამკვიდროთ საჯარო პოლიტიკა: საჯარო აზროვნება; საჯარო დისკუსია; საჯარო მოქმედება. ჩვენ უარს ვამბობთ კულუარულ პოლიტიკაზე. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პოლიტიკა მხოლოდ კულუარული პოლიტიკაა.
- საქართველოში ამომრჩეველს ერთგვარად აბნევს საარჩევნო ბიულეტენში მითითებული ფაქტობრივად იდენტური სახელწოდების პოლიტიკური სუბიექტები. ამ ფაქტორის გათვალისწინებით ხმათა აღრევის პრეცედენტები უკვე არსებობს. ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა, 21 მაისს ამომრჩევლების ერთმა ნაწილმა, სწორედ ამის გამო, გიორგი თარგამაძის ქრისტიანულ-დემოკრატიულ მოძრაობას მისცეს ხმა და არა - ქრისტიანულ-დემოკრატიულ ალიანსს (ან პირიქით)?
- რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია მოხდეს. მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ, როცა გიორგი თარგამაძე თავის მოძრაობას არქმევდა ქრისტიან-დემოკრატიულს, მას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ამ სახელწოდების, სულ მცირე, ხუთი პოლიტიკური გაერთიანება უკვე არსებობდა.
- ფაქტია, რომ ახლა თქვენც და თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაც საფრთხის წინაშე დგახართ: თქვენი ხმები შეიძლება ერთმანეთში ჩაიკარგოს.
- სამწუხაროდ, ასეა. ჩვენ ვცდილობთ, საზოგადოებას ჩვენ შორის სხვაობა გავაგებინოთ. სხვაობა კი მარტივია: ჩვენ ვართ მრავალი პარტიის გაერთიანება და, რაც მნიშვნელოვანია: ჩვენ ვართ ლიდერთა გაერთიანება. აქ ის ხალხია, ვინც მეტ-ნაკლებად ცნობილია საზოგადოებისთვის: გია მაისაშვილი, გია კობახიძე, დავით ჭეიშვილი - არაერთგზის პარლამენტის დეპუტატი, მერაბ ხურციძე - პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, ზვიად ბოკუჩავა - ცნობილია ეროვნული მოძრაობიდან, გია შერვაშიძე - სარდალი, ნამდვილად ცნობილია ყველასთვის; ირმა ინაშვილი - ჟურნალისტი, მე მგონი, ყველამ იცის, ვინ არის ის; გია ჭუბაბრია - ცნობილი რეჟისორი; ზურაბ მურვანიძე - არაერთგზის დეპუტატი, ცნობილი ექიმი; მამუკა გობეჩია - ასევე, ყველა იცნობს, ვინც საარჩევნო საკითხებში ერკვევა... საკმარისია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ხუთი კანდიდატია პრეზიდენტობის: გია მაისაშვილი, გია გაჩეჩილაძე, გია შერვაშიძე, ფაზილ ალიევი, თემურ შაშიაშვილი. მათ, ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტობის კანდიდატობის პრეცედენტი შექმნეს; საზოგადოებამ გაიგო მათ შესახებ. ხუთი პრეზიდენტობის კანდიდატი რომელიმე გაერთიანებას ჰყავს?
- ეს ცნობილი სახეები კვალიფიციურებიც არიან?
- რა თქმა უნდა! ჩვენ ვიცით არა მარტო ის, თუ რა უნდა გაკეთდეს, არამედ ისიც, თუ როგორ უნდა გაკეთდეს. ალიანსში არიან ადამიანები, რომლებიც კოპეტენტურები არიან ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის, ხელისუფლების სტრუქტურული რეფორმის, ეკონომიკის საკითხებში. ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, დაბეგვრის სისტემა, მაკროეკონომიკა, სექტორალური ანალიზი - ჩვენ გვაქვს ხედვა ამ საკითხებთან დაკავშირებით და ვიცით, რა შეიძლება შევცვალოთ კონკრეტულ პერიოდში - თუკი ძალაუფლება გვექნება.
XXI საუკუნეში მთელი მსოფლიოს ფილოსოფია და პოლიტოლოგია მიუთითებს, რომ ახალი მდიდრები არიან მცოდნენი. მომავალი არის მცოდნე ადამიანების. ჩვენ ვიცით, როგორ მოგცეთ მსოფლიო დონის ცოდნა და ამ გზით როგორ გასწავლოთ, გახდეთ მდიდრები. ჩვენ მოგცემთ შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზების საშუალებას.
- ზემოთ ახსენეთ, რომ საჯარო პოლიტიკის მომხრე ხართ. გია მაისაშვილის ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან მაშინ, როდესაც ქვეყნის მმართველ ძალებს უკვე აღარ ხვდებოდა ოპოზიციის არც ერთი ჯგუფი, საჯარო პოლიტიკის ნიმუში იყო?
- ოპოზიცია ამბობს, რომ სააკაშვილს პრეზიდენტობა მიტაცებული აქვს. ჩვენ პირველებმა ვთქვით, რომ არჩევნები გაყალბდა. პირველი სწორედ "ობიექტივი" ამბობდა, სააკაშვილი 53%-ს აიღებსო. ამას ამბობდა ოთხი კვირით ადრე! და ჩვენ დღესაც ვაბობთ, რომ 60 დეპუტატის გაყვანა უნდოდათ "ნაცმოძრაობის" მაჟორიტარული სიით, 20 დეპუტატისა - პარტიული სიით. ეს იყო სქემა ორი კვირის წინ. ახლა იქ მონასტერი ძალიან აირია. ვნახოთ, რა გეგმა ექნებათ. ვიტყვით ამის თაობაზეც.
- რა საფუძველზე ამბობდით ამას?
- ჩვენთან არის ხალხი, ვინც იცის ინფორმაციის მოძიებაც, ანალიზიც და დასკვნის გაკეთებაც შეუძლია.
ასეა თუ ისე, მიხეილ სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი. დე-ფაქტო პრეზიდენტი კი დე-იურეც არის - იმიტომ, რომ მას მსოფლიოს ყველა ლიდერი აღიარებს პრეზიდენტად; ეს კაცი ზის პრეზიდენტის კაბინეტში და პრეზიდენტის ბრძანებულებებს გამოსცემს და, ვინც იძახის, არ არის პრეზიდენტიო, იმ ბრძანებულებებს არ ასრულებს? არ ემორჩილება?
- ამბობენ, რომ არა.
- როგორ არ ემორჩილება?
- თქვენ აღიარებთ მის ლეგიტიმურობას?
- არა, მე არ ვაღიარებ მის ლეგიტიმურობას; მე ვამბობ, რომ მას პრეზიდენტობა მიტაცებული აქვს, მაგრამ პრეზიდენტი არის ფაქტობრივად. ეს იურიდიულ სტატუსსაც ნიშნავს. დე-ფაქტო, დე-იურე - სიტყვების თამაშია ეს ყველაფერი. მაისაშვილი სააკაშვილს იმიტომ კი არ შეხვდა, რომ აღიარა მისი ლეგიტიმურობა. ბაღაფში და კოკოითი პრეზიდენტები არიან? მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის ხელმძღვანელი არ ცნობს მათ. ჩვენ - ხელისუფლებაც, ოპოზიციაც - ვხვდებით მათ და ვამბობთ, რომ საქართველოსთვის ვხვდებით. საქართველოსთვის შეხვდა მაისაშვილი სააკაშვილს! ბაღაფშთან შეხვედრა არ არის დანაშაული და სააკაშვილთან შეხვედრა დანაშაულია?
ერთი კვირაა, მიხეილ სააკაშვილი ტელევიზიით გვეუბნება, - შევხვდეთ აფხაზეთთან დაკავშირებითო. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსები. ვათვითცნობიერებთ, რომ შეიძლება მოხდეს სერიოზული კონფლიქტი, რომელიც იქნება დიდი ავანტურა საქართველოსთვის. მზად ვართ, ველაპარაკოთ ხელისუფლებას, ოღონდ - საჯაროდ! ხალხი უნდა ხედავდეს, ვინ რას ამბობს. ჩვენ გვაქვს კონფლიქტების მოგვარების გეგმა. მაისაშვილი სააკაშვილს რომ შეხვდა, სწორედ ეს გეგმა გააცნო მაშინ. ჩვენ ვეუბნებით აფხაზებს, რომ მათ ქართველებისგან არანაირი საშიშროება არ აქვთ.
- მაგრამ აფხაზებს არ სურთ ქართველებთან თანაცხოვრება.
- ყველა ნიუანსს არ გავხსნი. ჩვენ გვაქვს ზუსტი სქემა; ვიცით ზუსტი მეთოდი, მაგრამ ეს მეთოდი ჩვენ უნდა განვახორციელოთ - ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. ვნახოთ, საჯარო მოლაპარაკებებში შეიძლება ეს გავხსნათ კიდეც - თუ დავინახავთ, რომ ხელისუფლება ამის შემსრულებელლია. თორემ, იმიტომ გავხსნა, რომ მან ესეც გააფუჭოს...
მოვუწოდებ მთელ პოლიტიკურ სპექტრს: თუ განხილვა საჯარო იქნება, თქვენც ჩაერთეთ! დავდგეთ პოლიტიკაზე მაღლა! პირველ არხს დაღეჭილი ტექსტი მივეცი, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით ჩვენი განცხადება გაევრცელებინა, და ისეთი რამ წაიკითხეს, თვითონაც ვერ მივხვდი, რაზე ლაპარაკობდნენ.
- როგორ მივა თქვენი, როგორც პოლიტიკური სუბიექტის პოზიციები საზოგადოებამდე, ეს სწორედ მედიამ უნდა უზრუნველყოს. ზემოთ მოყვანილი ფაქტით ამბობთ, რომ მედია ხელს გიშლით ამაში.
- რა თქმა უნდა! მედია ვალდებულია: არ მოატყუოს საზოგადოება; არ დაუშვას მედიის გამოყენება ცილისწამების მიზნით; არ დაუხშოს ეთერი ერთს და არ გაუხსნას იგი მეორეს. დღეს საქართველოში მედია ამ პრინციპებს არღვევს. ამ პრინციპების დარღვევაზე კი საინფორმაციო ომის თეორია არის აგებული. დღევანდელი მსოფლიო სწორედ ამაზე ლაპარაკობს: შევიმუშავოთ კოლექტიური გარანტიები საინფორმაციო სივრცეში, რათა არ მოხდეს საზიანო ზემოქმედება ერთი ქვეყნისა მეორეზე; ქვეყანაში - ერთი ფენისა - მეორეზე. საქართველოში კი მედია ატყუებს ხალხს, ცილს სწამებს საზოგადოებას და ერთს უხსნის ეთერს და მეორეს უხშობს მას. ეს ხომ ნათელია! პრესაში ბევრად უკეთესი ვითარებაა, ვიდრე ტელევიზიაში, მაგრამ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ პრესაში სტატიებს არ ბლოკავენ, ის თავს იტყუებს და საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში.
ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით. იგი უნდა გარდაიქმნას ჟურნალისტთა კავშირად. ეს კავშირი თავად უნდა ირჩევდეს სამეურვეო საბჭოსაც. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პლურალიზმს საზოგადოებრივ მაუწყებელში. ახალ ამბებს სხვადასხვა შეხედულების მქონე ჯგუფები უნდა ქმნიდნენ. თვითონ ამოვირჩევ, რომელი ჯგუფის მიერ მომზადებულ გადაცემას ვუყურო. ამ პრინციპით უნდა მზადდებოდეს დებატებიც.
საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმაში ყველაზე მნიშვნელოვანია საჯარო ტრიბუნის დამკვიდრება. იქ მისი მისვლა ვიღაცის ნებართვაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და მას არც წამყვანი სჭირდება.
- ეს ერთგვარ ქაოსს არ შექმნის?
- მნიშვნელოვანია, რომ ეთერი ხალხისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. თუ მექანიზმი გამჭვირვალე იქნება და დახვეწილი, ქაოსი არ იქნება. რა სჯობდა: შევარდნაძის პერიოდში საინფორმაციო ქაოსი, თუ სააკაშვილის პერიოდში სრულიად უზურპირებული ტელევიზია?
- საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით თქვენი კონცეფცია გაქვთ. რატომ არ ჩანდით მაუწყებელთან დაკავშირებით ატეხილი აურზაურის პერიოდში?
- როგორ არ ვჩანდით! ირმა ინაშვილი მაშინ "ობიექტივში" იყო. ის ამ აზრებს და კონცეფციებს გაჰკიოდა! ეს თემა გაჟღერებულია ძალიან ბევრჯერ და საზოგადოების ყურამდე მაინც ვერ მივიდა - იმდენად სერიოზულია წინააღმდეგობა საინფორმაციო სივრცეში. თუ ვინმეს შეუძლია, უკეთესი კონცეფცია გვითხრას, რა თქმა უნდა, მივიღებთ; ჩვენ არ ვართ ჯიუტები. ერთი ბორდი მეორეთი შეიცვალა. და ეს ბორდი უნდა იყოს უფრო კარგი, ვიდრე წინა. ბორდს კი პარლამენტი ამტკიცებს. ეს არის ეფექტური მოდელი? ასევე, სრულიად არაეფექტურია თეორიები იმის შესახებ, რომ ჟურნალისტი (ასევე, ბორდის წევრი) უნდა იყოს აპოლიტიკური. აპოლიტიკური ადამიანი ბუნებაში არ არსებობს. საუბარი აპოლიტიკურ ბორდზე კი არა, სისტემაზე უნდა იყოს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დანიშნულება არის არა ფილმების ან საგანმანათლებლო გადაცემების ჩვენება, არამედ პოლიტიკური ხასიათის გადაცემების - პოლიტიკაზეც, ეკონომიკაზეც, სოციალურ სფეროზეც, განათლებაზეც, მეცნიერებაზეც, კულტურაზეც. ეს თანამედროვე თეორიაა. ჩვენ მცოდნე პოლიტიკური სუბიექტი ვართ და ამიტომ ვიზიარებთ ამას.
- თუმცა, საინტერესოა, რომ პირადად თქვენ აქამდე პოლიტიკაში არ ყოფილხართ, დღეს კი აცხადებთ, რომ პოლიტიკოსი ხართ.
- ვიყავი თუ რა პოლიტიკაში, მე ყოველთვის მქონდა მკაფიოდ გამოხატული მოქალაქეობრივი პოზიცია. პოლიტიკაში ყოფნა არ არის მთავარი. მთავარია, ყველა მოქალაქეს ჰქონდეს მკაფიოდ გამოხატული მოქალაქეობრივი პოზიცია: იცოდეს, რა უნდა და რისთვის იბრძვის.
მრავალი წელია, ვლაპარაკობთ ელექტრონულ არჩევნებზე. არიან სხვებიც, ვინც ამაზე საუბრობს, თუმცა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ კომპლექსურად ამ საკითხზე პირველად მე დავიწყე საუბარი. ჩვენ არა მხოლოდ ელექტრონული არჩევნების უზრუნველყოფას ვისახავთ ამოცანად; არის ამოცანების მთელი კომპლექსი: ელექტრონულ მონაცემთა ბანკები, ელექტრონული დოკუმენტბრუნვა, ელექტრონული კომერცია და ა.შ. მთავარი ის არის, რომ ჩვენ ვიცით, როგორ გავაკეთოთ ელექტრონული არჩევნები. ამ სისტემის დანერგვა ძვირი არ ჯდება: დაახლოებით 50-70 მილიონია საჭირო.
- მთავარია პოლიტიკური ნება?
- რა თქმა უნდა! სამოცდაათი მილიონი კი არა, სამას სამოცდაათი გვაქვს შადრევნებზე დახარჯული! ეს კი ერთხელ უნდა გააკეთო და სამუდამოდ მუშაობს. ასეთ არჩევნებში ვერავინ ვერავის მოატყუებს. ის ქვეყანაში მთლიანად შეცვლის ვითარებას.
ჩვენ ხალხს ერთ დღეში არაფრის შესრულებას არ ვპირდებით. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ჩვენ მოგცემთ სამართლიან არჩევნებს; მოგცემთ თავისუფალ პრესას და ტელევიზიას; ადამიანებს მივცემთ ცოდნას და საშუალებას, მაქსიმალურად სწრაფად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები; მოგცემთ საშუალებას, რომ გამდიდრდეთ! მეტი რა გავაკეთოთ?
ჩვენ დაგეხმარებით მარტო იმაში კი არა, რომ დიქტატურას გავუშვებთ აქედან; ისეთ სისტემას შევქმნით, რომ დიქტატურა ვერ შეიქმნება ვერასოდეს!
ჩვენ რომ მოვალთ, შევქმნით სახალხო დამცველის პატრულს. არავის უთქვამს ეს, ჩვენ გარდა - არასოდეს. რამდენი პოლიციის საპატრულო მანქანაც დადის, იმდენი სახალხო დამცველის პატრული ივლის. გამოძახებაზე ორივე ერთდროულად მივა. თუ ადამიანი დამნაშავეა, მას დააკავებენ, თუ არა, სახალხო დამცველის პატრული მას ადგილზე დაიცავს. დროებით იზოლატორებს საერთოდ გავაუქმებთ და, სანამ ადამიანი ბრალდებული არ არის, ის იქნება სპეციალურ დაწესებულებაში, რომელიც სახალხო დამცველის გამგებლობაში იქნება და არა - ციხის ადმინისტრაციის და ვიღაცის, რომ იქ "კატოკივით" გადაუარონ! ციხე საერთოდ არ იქნება - იმიტომ, რომ კამერაში ადამიანის გამომწყვდევა დიდი დანაშაულია.
- მსჯავრდებულებს სად გაუშვებთ?
- იქნება გადასახლების ზონები, ცალ-ცალკე: ეკონომიკურები, წვრილი კრიმინალები; საშუალო კრიმინალები, მსხვილი კრიმინალები. ჩვენი ამოცანა მსჯავრდებულების განადგურება და გაუბედურება კი არა, მათი გამოსწორებაა.
პროკურატურას საერთოდ გავაუქმებთ. დავშლით შინაგან საქმეთა სამინისტროს. სოდ-ი, კუდ-ი - არაფერი არ იქნება! იქნება საპატრულო პოლიცია, მისი უფროსი - მინისტრის რანგში იქნება. ცალ-ცალკე იქნება კრიმინალური პოლიცია და დაზვერვა. არ იქნება უშიშროება; იქნება კონტრდაზვერვა. მნიშვნელოვანი სხვაობაა: კონტრდაზვერვა არის ჯაშუშებთან ბრძოლა, უშიშროება კი - "კაფელი" რომ გადმოგაქვს საზღვარზე, ამაშიც კი გითვალთვალებენ. იქნება ერთიანი საგამოძიებო სამსახური. პროკურორი არ იარსებებს. იქნება სახელმწიფო ბრალმდებელი - ზუსტად იგივე უფლებები ექნება, რაც - ადვოკატს.
ამით ჩვენ დიქტატურის შესაძლებლობას ათჯერ შევამცირებთ.
ჩვენ დავაბალანსებთ ძალაუფლებას პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტს შორის.
თანამედროვე სახელმწიფო არ არის სამპოლუსიანი სახელმწიფო. აქ, გარდა პრეზიდენტის, პრემიერის, პარლამენტისა, პრაქტიკულად ცალკე პოლუსებია: უშიშროების საბჭო, სასამართლო, მედია. ჩვენ მრავალპოლუსიან სისტემას გპირდებით.
ჩვენ მთლიანად შევცვლით ქვეყნის ეკონომიკას.
- როგორ?
- წვრილი მეწარმე გადაიხდის მხოლოდ ფიქსირებულ გადასახადს. მას ჩვენ გავათავისუფლებთ ყოველგვარი შემოწმებისგან. არავითარი აღრიცხვიანობა! მსხვილი ბიზნესი იბეგრება, და ასეთი საწარმო სულ ოცდაათია საქართველოში. არ სჭირდება ამდენი თეორიები და განადგურება ამ ადამიანებს.
ჩვენ გასწავლით, როგორ აკეთოთ ბიზნესი. საქართველოში მარკეტინგი არ იციან. ჩვენ ადამიანებს დავეხმარებით ბიზნესის აწყობაში.
ეკონომიკა დაფუძნებულია ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ ვიცით, ინფრასტრუქტურა როგორ ავაწყოთ. სულ გვეუბნებიან, რომ საქართველო ტურისტული ქვეყანა იქნება. არ არსებობს მსოფლიოში მოწინავე ქვეყანა (ტურისტული კუნძულები სრულიად სხვა თემაა), სადაც ტურიზმი მისი ეკონომიკის 13%-ზე მეტს ქმნიდეს. ან კიდევ, მშენებლობა ქმნიდეს 12%-ზე მეტს. ჩვენმა ხელისუფლებამ იცის, რას ნიშნავს წვლილი ეკონომიკაში? ან - წილი ეკონომიკაში? ვერასოდეს ააშენებ ქვეყანას, თუ გგონია, რომ სოფლის მეურნეობის წვლილი უნდა იყოს 40%. ეს სისულელეა! ამერიკაში, იაპონიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, კანადაში სოფლის მეურნეობის წვლილი 3%-ზე მეტი იმიტომ არის, რომ იქ სხვა სექტორები გაიზარდა. იქ მეცნიერება ტევადია. ამიტომ ვიღებთ ორიენტაციას ცოდნაზე. ტელეფონები, ტელევიზორები, თანამგზავრული ტელეფონები, სარეცხი მანქანები, თანამგზავრები, კოსმოსური ტექნოლოგები და სხვა - ეს მეცნიერება - ტევადი ტექნოლოგიების სექტორია. ის ამერიკაში მთლიანი ეკონომიკის 35%-ს ქმნის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, განვავითაროთ თუ არა ეს სექტორი. თუ გვინდა, მაშინ - როგორ უნდა განვავითაროთ. ამისთვის უნდა გადაიჭრას გარკვეული სიმრავლე ამოცანების: უნდა შეიქმნას გლობალური ქსელები, გლობალურ მონაცემთა ბანკები, წარმოებები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ელექტრონულ ტექნოლოგიებთან და ა.შ. ჩვენ ვიცით, ეს როგორ უდნა გავაკეთოთ - მათგან განსხვავებით.
- "მათში" ვის გულისხმობთ: ხელისუფლებას თუ პოლიტიკური სპექტრის დანარჩენ ნაწილსაც?
- სხვასაც აქვს ცოდნა, მაგრამ ჩვენ გამოვირჩევით. ჩვენ ვიცით, რა არის ოპტიმიზაციის ამოცანა; როგორ უნდა დავსვათ ეს ამოცანა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ: პირველ წელს რომელი ამოცანა რომელი ინფრასტრუქტურიდან უნდა გადაიჭრას, მეორე წელს - რომელი და რა შედეგს მივიღებთ.
- საინტერესოა, თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვეაში, ერთ წელიწადში რის მოგვარებას შეძლებთ?
- სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, ეკონომიკაში - დაბეგვრის საკითხები; გაჩნდება უამრავი კომპანია, რომელიც მუშაობს ახალი ტექნოლოგიების სფეროში. ასევე – სოფლის მეურნეობაში. რას ნიშნავს ეს? გაჩნდა "მაგთი" - გაჩნდა ბევრი კომპანია, რომელიც ყიდის ტელეფონს. გაჩნდა ბევრი ტელეფონი - გაჩნდა კომპანია, რომელიც ყიდის ზარს. ეს ფირმებია; ეს ინფრასტრუქტურაა. ამას გპირდებით პირველ წელს. ჩვენ დაგეხმარებით, მაგრამ არ დაგპირდებით, რომ ერთ წელიწადში ოქროს მთას დავდგამთ.
- იმ საკითხების მოგვარება, რაც ზემოთ აღნიშნეთ, ერთ წელიწადში რეკორდულად არ გეჩვენებათ? ეს ორმოცდაათი დღის მითს არ ჰგავს?
- ორმოცდაათი დღის მუშაობის შემდეგ ხელისუფლებამ გვითხრა ლოზუნგი: "საქმე - ლაპარაკის ნაცვლად!" ის, რასაც ამბობდა მოქმედი ხელისუფლება, - გავაკეთებო, ყველაფერში მოგვატყუა. ჩვენ ამ ყველაფერს ერთ წელიწადში გავაკეთებთ. ეს არ არის ძნელი, როცა არავინ არაფერს ატყუებს; როცა არ გაქვს ინტერესი, ვიღაცას რამე წაართვა.
- სანამ ეს ხელისუფლება ხელისუფლებაში მოვიდოდა, ალბათ არ ჩანდა, რომ მათ ვინმესთვის რამის წართმევა უნდოდათ.
- როგორ არ ჩანდა! ყოველთვის ვამბობდი: "ვარდების რევოლუციის" მომწყობებმა "ვარდების რევოლუციამდე" იცოდნენ, რას გააკეთებდნენ და ხმამაღლა ამბობდნენ ამას. "ვარდების რევოლუციის" პროცესში იცოდნენ, რას გააკეთებდნენ და ხმამაღლა ამბობდნენ ამას, და "ვარდების რევოლუციის" მერე იცოდნენ, ამბობდნენ და აკეთებდნენ ასე. "ვარდების რევოლუციის" დროს საზოგადოება და ხალხი მთლიანად მოტყუებული დარჩა იმიტომ, რომ მას, სხვათა შორის, არ სურდა კარგად მოსმენა იმისი, რასაც ეს ხელისუფლება ამბობდა. ეს - "ვარდების ხელისუფლება" არ ამბობდა, ყველას დავიჭერ და ჩავსვამო? საზოგადოებას ამის მოსმენა არ უნდოდა.
- თქვენ დაასახელეთ ალიანსის საარჩევნო სიის ცნობილი სახეები. ალბათ არიან ისეთებიც, ვინც ალიანსისთვის დიდი შენაძენი არ არის.
- ჩვენს საზოგადოებაში, საჯარო სივრცეში, ათეული წლების განმავლობაში, ერთსა და იმავე ადამიანებს ვხედავთ. კონკურენტული გარემო არ არსებობს. არ უნდა გჭირდებოდეს მილიონი დოლარი იმისთვის, რომ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვო. ჩვენ შესაძლებლობების საზოგადოება გვინდა, შევქმნათ. მაგრამ ამას ვერ აგიშენებ ერთ წელიწადში. ოთხი წელი მაინც უნდა მაცალო, რომ რაღაც გავაკეთო. კორეა ამას ოცდაათი წელი ქმნიდა, მაგრამ გახდა ახალი ინდუსტრიული ქვეყანა. ჩვენ ისეთ სისტემას შევქმნით, რომელიც განვითარდება ადამიანის კეთილდღეობისთვის.
- თქვენი აზრით, არჩევნებში ხმების რამდენ პროცენტს აიღებთ?
- მე არ დავიწყებ ტყუილებს სხვებივით. ჩვენ, როგორც ალიანსი, სულ რამდენიმე დღეა, გამოვჩნდით პოლიტიკურ სარბიელზე. ამ დღეებში კი ჩვენმა რეიტინგმა 2%-ს გადააჭარბა. ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგი შედეგია. მაჩვენეთ ვინმე, ვინც ათ დღეში გააცნო ხალხს თავი და ასეთი რეიტინგი აქვს!
- თქვენი აზრით, არჩევნები გაყალბდება?
- ჩემი აზრით, არჩევნები გაყალბდება. "ნაცმოძრაობა", თავისი საარჩევნო სიით, 4%-ს ვერ გადალახავს. ჩვენმა გაერთიანებამ გააკეთა ძალიან სერიოზული მოწოდება, რომელიც ასევე, რატომღაც, მიიჩქმალა: ჩვენ მოვუწოდებთ "ნაცმოძრაობის" მაჟორიტარ ბიზნესმენ დეპუტატებს (ჩვენ ფაქტები გვაქვს, რომ მათ აიძულეს, კენჭი ეყარათ არჩევნებში) მოხსნან კანდიდატურები! ეს იქნება ძალიან ღირსეული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის. მოვუწოდებ ყველა პარტიას, რომ მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას.
- ეს არ არის ხმა მღაღადებლისა? რაღა დროს ამ მოწოდებაზე ლაპარაკია.
- ეს არ არის ხმა მღაღადებლისა. თუ ამ მოწოდებას სხვა პოლიტიკური ძალებიც შეუერთდებიან, "ნაცმოძრაობის" ის მაჟორიტარი კანდიდატები სერიოზულად დაფიქრდებიან და ბევრი მოხსნის კანდიდატურას. ეს ზნეობრივი წნეხი იქნება.
- ვინ აფინანსებს თქვენს წინასაარჩევნო კამპანიას?
- პრაქტიკულად, ენთუზიამზე ვართ. გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა. ფული საერთოდ არ გვაქვს.
- ალიანსში თორმეტი პარტიაა...
- დიახ, მხოლოდ ოფისი გვაქვს. ამ პირობებით ვცხოვრობთ. გონება გვაქვს. ჩვენ არ ვცდილობთ, ვიყიდოთ არჩევნები.

Комментариев нет:

Отправить комментарий