25 აგვისტო, 2008
"ჩვენი საზოგადოებრივი და პოლიტიკური სივრცე თანდათან დაიცალა ზნეობრივი პრინციპებისა და რაციონალური ხედვისაგან. ამის გამო ყველა კეთილშობილ და აზრიან ადამიანს კარგა ხანია, სული ეხუთება, განსაკუთრებით - წესიერ ახალგაზრდებს. ვეღარსად ხედავენ მორალური სიტყვის გამოსხივებას. განსაცვიფრებელია უღმერთობის მასშტაბები, რისი უდიდესი გამოვლენაც ფსევდორელიგიურობაა. ფარისევლობა ჩვენი საზოგადოების ცემენტად იქცა. ხალხს არაფრის არ ეშინია. თურმე შეიძლება მთელი ცხოვრება ასე ვითამაშოთ: ხან წირვაზე ჩავქინდროთ თავი; ხან ომს დავუკრათ ტაში და ხალხი ჩავხოცოთ, გაბმულად ვიტყუოთ საჯაროდ თუ მარტოობაში და არაფერში თავი დამნაშავედ არ ვიგრძნოთ.
თავი ისტორიის პატივისმცემელ ხალხად მიგვაჩნია. სინამდვილეში კი ანტიისტორიულები ვართ, რადგან ამდენი ხანი გავიდა და ჩვენი უახლესი ისტორია ვერა და ვერ დავწერეთ. ვერაფერზე მოვახდინეთ სერიოზული რეფლექსია, ვერა და ვერ მოვაქციეთ ანალიზის კალაპოტში ჩვენი არეული ცხოვრების დინება, მოკიდებული 1988 წლიდან დღემდე. არასდროს დადგა ამის დრო. საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ცენზურა ყოველთვის კრძალავდა ნამდვილ სიმართლეს. თუ სულ დაუღეჭავ ლუკმებს გადაყლაპავ, ერთხელაც კუჭი გაგისკდება. ასეთ დაუღეჭავ ლუკმებად გადავყლაპეთ ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპები და მოვლენები. და ამის გამოა, ერთსა და იმავე წრეში რომ ვტრიალებთ: ომისა და მარცხის წრეში. სამი პრეზიდენტიდან ვერც ერთი ვერ წავიდა ისე, რომ ქვეყანა ომით არ დაემსხვრია. და ვეღარ ვხვდებით, რომ ღმერთი ცუდ ომს კი არა, საერთოდ, ომს გვიკრძალავს. სწორედ ეს არის ჯოჯოხეთი - უაზრო და უნაყოფო იგივეობა. ასე მოვედით ამ კატასტროფამდე და, რა თქმა უნდა, ახლაც სიამოვნებით დავამტკიცებთ, რომ ყველა დამნაშავეა ჩვენ გარდა, ყველა დამნაშავეა ჩვენ წინაშე, ყველა ვალდებულია, დაგვეხმაროს და... გავაგრძელებთ სვლას ჩვენს მოჯადოებულ წრეში, სადაც გამარჯვებას და დამარცხებასაც ვეღარ არჩევენ ერთმანეთისაგან!" - ნაირა გელაშვილი.
ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო საზოგადოების ერთი ნაწილი "კავკასიური სახლის" გარშემო ერთიანდება. ამ ადამიანთა სურვილია, წარმოადგინონ მწვავე კრიზისიდან გამოსვლისა და სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტების საკუთარი ხედვა. ისინი თავიანთ მოსაზრებებს მთელი კვირის მანძილზე გამოთქვამდნენ მრგვალ მაგიდასთან. საუბარში მონაწილეობდნენ: ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა, ჟურნალისტი დოდო შონავა, ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი, მწერალი, "კავკასიური სახლის" თავმჯდომარე ნაირა გელაშვილი და სხვები. ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს ნაირა გელაშვილთან.
- ცხინვალში დაღუპული თბილისელი ჟურნალისტების - გიგა ჩიხლაძისა და ალექსანდრე კლიმჩუკის სამოქალაქო პანაშვიდი "კავკასიურ სახლში" ჩატარდა. რატომ მაინცდამაინც "კავკასიური სახლი"?
- "კავკასიური სახლი" სამშვიდობო ორგანიზაციაა, რომელიც აგერ უკვე 18 წელია, სხვების მიერ გადამწვარ ხიდებს აშენებს. სამეცნიერო, შემოქმედებით, ადამიანურ კავშირებს ინარჩუნებს და ამყარებს სამხრეთ და ჩრდილო კავკასიასთან. და გიგა ჩიხლაძე თავის ძმასთან, ირაკლისთან ერთად ჩვენი რუსულეონავნი გაზეთის - "კავკაზსკი აკცენტის" კორესპონდენტი იყო. ეს გაზეთი უნიკალური გახლდათ იმ თვალსაზრისით, რომ კავკასიელი ხალხების გაზეთად გადაიქცა. მას სოხუმშიც ვაგზავნიდით და ცხინვალშიც, სადაც ინტერესით კითხულობდნენ და თანამშრომლობდნენ კიდეც მასთან. გიგა მშვიდობის პოლიტიკოსად გამოდგებოდა, იმდენად არააგრესიული, კეთილგანწყობილი, ნათელი და საყვარელი ადამიანი იყო. და იმ დღეს "კავკასიურ სახლში" გიგა ჩიხლაძესა და ალექსანდრე კლიმჩუკს ერთად გლოვობდნენ რუსებიც, ოსებიც, ქართველებიც, აფხაზებიც, სომხებიც.
მიკროკავკასია დასტიროდა მათ; ის კარგი და პატივსაცემი კავკასია, რომელსაც მშვიდობა უნდა, რადგან მხოლოდ მშვიდობა აძლევს შესაძლებლობას, გამოავლინოს თავისი მრავალმხრივი ნიჭი და დატკბეს სიცოცხლის მშვენიერებით. მაშინ ვთქვით: ასეთ სიკვდილს აზრი რომ მიეცეს, ჩვენ ყველგან უნდა ვაშენოთ კავკასიური სახლი. ხელი კი არ უნდა ავიღოთ ამაზე, რაკი ჯერჯერობით დამანგრეველი ძალები იმარჯვებენ.
- ყველა, ვინც კარგად იცნობს "კავკასიური სახლის" მრავალმხრივ მოღვაწეობას, იზიარებს აზრს, რომ ის დღეს ერთადერთი ორგანიზაციაა, ვინც თავისი კულტურულ-საგანმანათლებლო და სამშვიდობო პროგრამით საქართველოს უნარჩუნებს კავკასიის კულტურული ცენტრის ფუნქციას. მაგრამ რაიმე პერპსექტივა გააჩნია კავკასიური ერთიანობის იდეას? საერთოდ, არსებობს იგი? არსებობს რაიმენაირი მზაობა საზოგადოებაში ამ ხედვის მისაღებად?
- ჩემო კარგო, თუ არ არსებობს, მით უარესი ამ საზოგადოებისათვის. იმიტომაც გვატყდება თავს ეს უბედურებები. საერთოდ, ჭეშმარიტების საქმე ცოტა სხვაგვარადაა. მართალ და კეთილ იდეას ძალა თავის თავში აქვს, რადგან, მჯერა, სამყაროს სიღრმიდან მოდის. ამა თუ იმ იდეის ჭეშმარიტების მაჩვენებელი სულაც არ არის მისი მიმდევრების სიმრავლე. პირიქით. სწორი, კეთილი და სამართლიანი იდეის მატარებელი ხშირად საზოგადოების უმცირესი ნაწილია, ან სულაც - ერთი ადამიანი. თავისი არსით ბოროტი, მცდარი და დამანგრეველი იდეა კი, მაგალითად, ომის, სხვისი დაჩაგვრის იდეა, მთელ მასებს დარაზმავს ხოლმე.
კავკასიური ერთიანობის იდეა იმდენად ბუნებრივია, რომ მისი მნიშვნელობის დამტკიცებაც კი გაგიჭირდება. აქსიომასავითაა. ადამიანურ ენაზე მას ჰქვია საუკეთესო ურთიერთობები კარის მეზობლებთან. რადგან, როგორც ხალხური გამოცდილება გვასწავლის, კარგი მეზობელი ნათესავზე უკეთესიაო. ეს იდეა ცხოვრებით უზრუნველყოფილი რომ იყოს, ჩვენი ორგანიზაცია რაღა საჭირო იქნებოდა, ჩვენ ვაცოცხლებთ და ვნერგავთ ამ იდეას და ძალიან ბევრი იზიარებს მას.
- გამოდის, რომ კავკასიური სახლი მეზობლობის ხელოვნებას ჰქვია?
- დიახ. სწორედ ეგაა. ჩემი სამეზობლო ჩემი უახლოესი სივრცეა. სახლიდან ფეხს რომ გადავდგამ, პირდაპირ სამეზობლოში შევაბიჯებ და მე მინდა, რომ ამ სივრცეში მახე და ტყვია კი არ მეგებებოდეს ყოველ ნაბიჯზე, არამედ გულითადი ღიმილი და სალამი. და იმედი, რომ გაჭირვებაში მარტო არ დავრჩები, რადგან ჩემი მეზობელია აქვე და მასზე სწრაფად ვერავინ მიშველის, რადგან ფიზიკურად მასზე ახლოს არავინაა ჩემთან. მაშასადამე, კარგი მეზობლობის წყალობით ჩემი სახლი ფართოვდება და მე ყველგან შინ ვგძნობ თავს. ერთი სიცოცხლე გვაქვს, შეიძლება არც ისე ხანგრძლივი და სიგიჟე არ არის, რომ დესტრუქციული აზროვნებით დავიწროებულ, დახშულ სივრცეში გავატაროთ, რომლის ირგვლივაც მტრული ველია, როგორც ახლა? მარჯვნივ მტერი, მარცხნივ მტერი, წინ მტერი, და ოკეანის გაღმა მეგობარი, რომელიც მე ამ მტრულ გარემოცვას ვერანაირად ვერ მომაშორებს, რადგან ეს პრობლემა მხოლოდ მე შემიძლია გადავჭრა ჩემი საკუთარი გონებით, ზნეობით, კეთილი ნებით. თანაც, ხომ გაგიგიათ, სანამ პეტრე მოვიდოდა, პავლეს ტყავი გააძრესო, როგორც დაგვემართა კიდეც.
- და რა ჰქვია ამ ყველაფერს პოლიტიკურ, ან მეცნიერულ ენაზე?
- თანამედროვე მეცნიერულ ენაზე ამ ყველაფერს ჰქვია რეგიონული განვითარების პრინციპი. მიჩნეულია, რომ ე.წ. მდგრადი განვითარება მხოლოდ რეგიონული შეიძლება იყოს. ანუ, როდესაც საერთო შეთანხმების, კონცეფციის საფუძველზე რეგიონის ქვეყნები, მაგალითად, სამხრეთ კავკასიის სამივე რესპუბლიკა შეიუშავებს განვითარების ისეთ გეგმას, რომელიც სასარგებლოა სამივე ქვეყნისათვის. შექმნის შიდა ბაზარს, იქნება გაცხოველებული ვაჭრობა, კარგად შეისწავლის მთელი ტერიტორიის ეკოლოგიურ მდგომარეობას, დააწესებს ეკოლოგიურ მონიტორინგს, საერთო ძალებით შეებრძოლება ეკოლოგიურ კრიზისს, კრიმინალობასა და ნარკობიზნესს, შიდსს და ა.შ. რადგან ეს ისეთი პრობლემებია, რომლებსაც მარტო, მეზობლებთან თანამშრომლობის გარეშე უკვე ვერც ერთი ქვეყანა ვეღარ გადაჭრის. გარდა ამისა, საჭირო იქნება კულტურული გაცვლა-გამოცვლის, მეცნიერული თანამშრომლობის და ა.შ. პროგრამების შემუშავება. მხოლოდ ამ გზით შეიძლება მიაღწიონ მეზობელმა ქვეყნებმაა სტაბილურ განვითარებას, აყვავებას, უსაფრთხოებას. თუ ერთი ქვეყანა მდიდრდება და მეორე ღარიბდება, წარმოიშობა ისეთი დისბალანსი, რომ ვერც ის მდიდარი ვერ გაიხარებს, რადგან მშიერი და გამწარებული მეზობლისგან სიკეთეს არ უნდა ელოდო.
- თქვენ სულ ცნობილი ევროპული ფონდები გეხმარებიან. ევროპელებისთვის გასაგებია კავკასიური სახლის იდეა?
- დიახ. ჩვენი იდეები ევროპელებს უფრო ესმით, ვიდრე კავკასიელებს, რადგან მათ გაიარეს ერთმანეთთან ომისა და დაპირისპირების გზა და იციან, რომ რეგიონულ განვითარებას ალტერნატივა არა აქვს. მეორე მსოფლიო ომმა დააჩქარა ევროპული ერთიანობის იდეის გაჩენა-დამკვიდრება. ეს ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი ძლიერია ევროპის სასიცოცხლო ინსტინქტი, რამდენიც უნდა ილაპარაკონ მის სიბერეზე.
- და თქვენ იმედი გაქვთ, რომ სასტიკი კავკასიური ომები დააჩქარებენ სამხრეთ კავკასიის ნამდვილ თანამშრომლობასა და სოლიდარობას?
- მართალი გითხრათ, დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ჩემს იმედებს. ჩემი თანამშრომლები და მე მრავალმხრივი კულტურულ-საგანმანათლებლო და სამშვიდოო პროგრამების მეშვეობით ყველანაირად ხელს ვუწყობთ კავკასიელ ხალხთა დამეგობრებას, ბავშვებისა და ახალგაზრდების აღზრდას ამ შეგნებით. ის უნდა გააკეთო, რაც შეგიძლია და ხარისხიანად იმუშაო.
თუ კავკასიელ ხალხებს მთლად გამქრალი არა აქვთ თვითგადარჩენის ინსტინქტი, მაშინ, წესით, მალე უნდა მიხვდნენ, რომ გაცილებით შემზარავი საფრთხეების წინაშე დგანან, ვიდრე ტერიტორიული პრობლემებია. ეს ნიშნავს, რომ მათ ბოლოს და ბოლოს რეალურ დროში უნდა გადმოინაცვლონ და დღევანდელი სამყარო დაინახონ. დღევანდელი სამყარო კი ეკოლოგიური კატასტროფების ფაზაში იმყოფება. როგორც ერთი ევროპელი მეცნიერი ამბობს, აპოკალიფსზე დღეს უკვე მეცნიერული ენით ვლაპარაკობთ, მას ეკოლოგიურ კატასტროფათა ჯაჭვის სახე ექნებაო.
- გლობალური დათბობა გაქვთ მხედველობაში?
- არა მხოლოდ. თუმცა ეგეც საკმარისი იქნებოდა. გლობალური დათბობა იმაზე უფრო სწრაფად მიიწევს წინ, ვიდრე ეგონათ და ვიდრე რაიმეს მოფიქრებას ახერხებენ. პირდაპირ თვალსა და ხელს შუა დნება კავკასიის მთების ყინულოვანი საფარიც. მოიმატებს ქარიშხლები, სიცხე და სიცივე, წყალდიდობები, მიწისძვრები, დედამიწის ეროზია. გაჩნდება საკვები პროდუქტებისა და წყლის დეფიციტი, არც თუ დიდი ხნის შემდეგ ნავთობის მარაგი ამოიწურება.
მაღალგანვითარებული ქვეყნების მეცნიერები გამალებული მუშაობენ ამ პრობლემის გადაჭრაზე. ისინი თადარიგს იჭერენ. ჩვენ კი - აქტიური მიწისძვრების ზონაში მცხოვრები კავკასიელები ერთმანეთს და ჩვენს ულამაზეს ბუნებას ვანადგურებთ. მოხდება ბუნებრივი გადარჩევა. და იმიტომ, რომ ჩვენ დროს ჩამოვრჩით და ჩვენს ჩამორჩენილობაში გავიხლართეთ.
- და ჩვენს დღევანდელ კრიზისს როგორ შეაფასებთ?
- რაც ახლა დაგვატყდა თავს, ის უკვე კრიზისი კი არა, კატასტროფაა. და ეს კატასტროფა ჩვენი ინტელექტის, ზნეობისა და ნერვული სისტემის ხანგრძლივი კრიზისის შედეგია. ანუ, ის, სამწუხაროდ და საუბედუროდ, კანონზომიერი იყო. ჩვენ აქეთკენ კარგა ხანია, მოვექანებოდით.
ჩვენი პოლიტიკოსები უმეტესად ეკონომიკურ ზარალზე ლაპარაკით იწყებენ სიტუაციის აღწერას და იმასაც ბედავენ, ყალბი მხნეობით გაგვაბრუონ: ყველაფერს უსწრაფესად აღვადგენთო. მაგრამ ამდენ მკვდარ დიდსა და ბავშვსაც ხომ ვერ აღადგენენ! ან რომელი წებოთი და ცემენტით შეაწებებენ ამდენ დამსხვრეულ სულს, განსაკუთრებით ბავშვების დაფლეთილ სულებს? მათ ბავშვობაშივე შელახულ თავმოყვარეობას? მათ დამსხვრეულ იმედებს? ესენი, პატარები, ამდენი მოზიმზიმე სამხედრო პარადებითა და სანახაობებით ხომ დააჯერეს, რომ მათაც ჰქონდათ ძლიერი სამშობლო, რომელსაც ვეღარავინ ვერაფერს გაუბედავდა და რომლის ჯარიც ყოველთვის შეძლებდა მათ დაცვას. რა ვუყოთ ახლა ამ დაზაფრულ, ამ გაბზარულ ბავშვებს? იქ, ცხინვალის რეგიონში უპატრონოდ მიყრილებს? ამდენ უსახლკაროს? ამდენ ობოლს? ობლობა ხომ არ მთავრდება. ის ხომ სიკვდილამდე გაბმული ტრავმაა!
და ადამიანები, რომლებიც ადამიანის ტანჯვა-წამებას ადეკვატურად აღიქვამენ, მერწმუნეთ, არასოდეს დაიწყებენ, ან აჰყვებიან ასეთ ომებს, რომლებსაც გაუთავებლად იწყებენ თუ აჰყვებიან ხოლმე ქართველები. არასოდეს გარისკავენ ასე ველურად, როგორც ეს ქართულმა მხარემ გარისკა. ეს ისეთ დანაშაულად მიმაჩნია, რომ სიტყვებს ვკარგავ, როცა ამაზე ვსაუბრობ. და, პირველ რიგში, ჩემს თავს ვერ ვპატიობ ამას. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც უნდა გამეკეთებინა და ვერ მივხვდი - რა.
- არსებობს მოსაზრება, რომ ამ ომმა საქართველოს რაღაც დივიდენდები მოუტანა.
- ამაზრზენი და ავადმყოფურია იმაზე ფიქრი, თითქოს ამხელა მსხვერპლს რაღაც გამართლება აქვს. ჯანმრთელობის სისტემის ერთ წარმომადგენელს ვესაუბრებოდი, ახალგაზრდა ქალბატონს, რომელიც წარბშეუხრელად ამბობდა შემდეგს: აბა, ეს ომი მარტო ცხინვალით რომ შემოფარგლულიყო, რა აზრი და შედეგი ექნებოდა. კიდევ კარგი, მოვახერხეთ მისი რაც შეიძლება განვრცობა და შევძარით მსოფლიო. ახლა კეთილი ინებონ და გამოიღვიძონო. ნატოშიც უფრო ჩქარა შევალთო. გესმით? ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენელი! ქალი! დედა! სხვაზე რაღა უნდა ვთქვა! ამის გაფიქრებასაც კი ვერ უნდა ბედავდნენ, არა თუ თქმას. მაგრამ ეს ხანგრძლივი ზნეობრივი გამოფიტვით გამოწვეული სიგიჟეა. გადაიარეს ბავშვებისა და ფეხმძიმე ქალების გვამებზე და მიბაკუნობენ ახლა პოლიტიკოსები, ოლიგარქები, მათი ხელქვეითი ინეტელექტუალები, მომღერლები და ჟურნალისტები ნატოში! ასეთ ხალხს ჰგონია, რომ სამყაროს მართლა ბუში და პუტინი მართავენ. ამ ბატონების გვერდით ღმერთი რაღაც თვალში ეპატარავებათ.
სინამდვილეში კი ცოდო-მადლის ელვასავით სამართალი მართავს სამყაროს. ცოტა კარგად უნდა დაუკვირდე, რომ ამას მიხვდე. და არასოდეს არ არის გვიან საკუთარი დანაშაულისა თუ შეცდომის აღიარება. ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ ამას მოაქვს რაღაც შედეგი, შეიძლება - კათარზისიც.
- როგორ შეაფასებთ რუსეთის მოქმედებებს?
- ოჰ, ნეტავ ეგ არ გეკითხათ! ორასი წელია, რაც სულ ერთსა და იმავეს ვამტკიცებთ რუსეთზე. ბანალური ჭეშმარიტებების გაუთავებელი ტრიალი პირდაპირ მაჩლუნგებს. ამ სახელმწიფოს დიდი ხანია, სახელი დაარქვეს. მას საქართველოში იმის მეათედი არ ჩაუდენია, რაც ჩეჩნეთში ჩაიდინა, სადაც ორმოცი ათასი ბავშვი და სამასი ათასამდე დიდი ჩააწვინა მიწაში, ყველანაირი იარაღი გამოიყენა, მათ შორის ქიმიურიც და სასიცოცხლო სივრცე მოსპო, რასაც საქართველო საკმაოდ გულგრილად, ზოგჯერ კი ცინიკურად უცქეროდა. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ როგორც ახლანდელმა, ისე წინა ხელისუფლებამ უმწეო ლტოლვილი ჩეჩენი კაცები დაიჭირა და რუსეთს გადასცა. ეს რაღაც კოშმარი იყო.
და საკუთარი ქალები და ბავშვები იმისათვის უნდა აჟუჟინო, რომ მერე აღშფოთებულმა გაშალო ხელები, ხომ გეუბნებოდით, რომ ასეთი საშინელება იყო, რატომ არ გჯეროდათო!?
მე პირადად ჩეჩნეთის განადგურების გამო პროტესტის ნიშნად რუსეთში აღარ წავსულვარ და აღარც ოდესმე ჩავალ. ახლა მით უმეტეს, თუმცა იქ მეგობრებიცა მყავს, საქმეც მაქვს, ბევრი საინტერესო მიწვევაც მაქვს. მაგრამ მე კერძო პირი ვარ და შემიძლია, ჩემს თავს ამის უფლება მივცე. მე რომ ხელისუფალი ვყოფილიყავი, ყველაფრის გულში ჩაბრუნება მომიწევდა, გინდაც გული გამსკდომოდა და ვალდებული ვიქნებოდი, რუსეთთან საუკეთესო ურთიერთობები დამემყარებინა, რათა ჩემს ხალხს არაფერი დაშავებოდა. რადგან რუსეთი არის შენი უშუალო მეზობელი. რუსეთი არის მოცემულობა. არაფერია გეოგრაფიულ მდებარეობაზე უფრო მრავლისმთქმელი, დეტერმინირებული და პირდაპირ განგებაზე მიმანიშნებელი. შენ, როგორც მცირერიცხოვანმა ხალხმა, უნდა მოუხმო მთელ შენს გამჭრიახობას, სიბრძნეს და და ააწყო მასთან ურთიერთობა. მე არც ჩეჩნებს არ ვამართლებდი. შე დალოცვილო, ბავშვები და ქალები თუ გააწყვეტინე, რაღაა სამშობლო, რიღასთვის იბრძვი!
რუსეთთან ურთიერთობა - ეს მართლაც მთელი ფილოსოფიაა. ვისაც ეს ფილოსოფია არ ესმის, ხალხის სიცოცხლე არ უნდა ჩაიბაროს. რომ სულაც არ არის აუცილებელი რუსეთს შესკდომა, ამას აზერბაიჯანის მაგალითი გვიჩვენებს, რომელიც სულაც არ მიისწრაფვის ჩვენზე ნაკლებად დასავლეთისაკენ. მე მგონი, არ დარჩენილა დასავლეთის პოლიტიკოსი, დიპლომატი, ექსპერტი, რომ არ ეთქვას, არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვათ კონფლიქტი რუსეთთან, დასავლეთი ვერ გიშველითო. ორიოდ წლის წინათ ინგლისელი ექსპერტი ჯონათან კოენი ჩვენს პრესაში წერდა: რუსეთი ბოლომდე იომებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის, ნატო კი არასოდეს ჩაებმება ამ ომშიო. შარშან იყო, გერმანულ გაზეთში წავიკითხე: "რუსეთის მიერ მიყენებულ იარებს საქართველოს ნატო ვერ მოუშუშებსო". რა ექნათ მეტი? ჩვენი ხალხი ქალაქად თუ სოფლად, თავისი ბუნებრივი სიბრძნითა და მშობლიური ინტუიციით თავადაც გრძნობდა ამას. მაგრამ მის სწორ შიშს ყველანაირად ახშობდნენ. ოდნავი დაეჭვებაც კი, შეკითხვაც კი საქართველოს ნატოში შესვლასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ღალატად გამოცხადდა. ყოველგვარი სხვა აზრი ისევე განიდევნა პოლიტიკური დისკურსის სივრციდან, როგორც სამშვიდობო მოწოდებები. და ხომ სიცრუეა თავი ყოველი უბედობისა.
- თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ომისა და მისი შედეგების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო?
- ღმერთო ჩემო, ზემოთ ხომ ვთქვი: თუ შენთვის მთავარია ადამიანის სიცოცხლე, მისი ღირსება, ხალხის სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა, მისი ბედნიერება და თან გონიერიც ხარ, ინტელექტი და აზროვნების უნარი გაგაჩნია, დღევანდელ ვითარებაში არც ერთ შემთხვევაში არ დაიწყებ ომს. არანაირ პროვოკაციაზე არ წამოეგები.
იარაღი ინტელექტის ერზაცია. დღევანდელი მსოფლიო იძლევა საშუალებას, ცოდნით, აზროვნებით, ზნეობრივი ინტუიციითა და გამჭრიახობით გადაჭრა პრობლემები. მათ შორის კონფლიქტური რეგიონების პრობლემაც. მაგრამ ამას ხანგრძლივი, ყოველდღიური, ზუსტი და ბრძნული შრომა სჭირდება. და მოთმინება. სამშვიდობო პოლიტიკის ნამდვილ დევიზად გამოდგება: "შორიდან მოუარე, შინ მშვიდობით მიდიო".
- არ იზიარებთ იმ აზრს, რომ სამშვიდობო პოლიტიკამ ნაყოფი ვერ გამოიღო და ამის გამო შევიდა სიტუაცია ჩიხში?
- მე თუ მკითხავთ, სამშვიდობო პოლიტიკა არც დაწყებულა საქართველოში. სამშვიდობო პოლიტიკა გულისხმობს, რომ ამ საქმეში ჩართულია ლამის მთელი საზოგადოება, ხელისუფლება, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, სტუდენტობა, ბავშვებიც კი. და ეს არის არა წყვეტილი და ფრაგმენტული, როგორც ჩვენთან იყო, არამედ უწყვეტი პროცესი. და პირველი ეტაპი - ეს არის ხალხების შერიგება და ნდობისა და კავშირების აღდგენა. მერე ყველაფერი დანარჩენი - თანმიმდევრობით. მაგრამ თუ არასამთავრობო სამშვიდობო ორგანიზაციები აფხაზებსა და ოსებს შერიგებისა და მშვიდობისაკენ მოუწოდებენ, ხოლო მთავრობა ომისთვის ემზადება და კბილებამდე იარაღდება, ეს წყლის ნაყვაა და მეტი არაფერი. არავინ აღარასოდეს აღარ გენდობა და ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც დამთავრდა.
საერთოდ, ჩვენს საუკუნეში ყველაზე დიდ ხელოვნებად იქცევა შერიგების ხელოვნება. ეს მართლაც ხელოვნებაა და მხოლოდ განსაკუთრებლი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს შეუძლიათ აქ წარმატების მიღწევა. ასეთი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები საქართველოში არიან. ასეთი იყო ცნობილი ინტელექტუალი და ალპინისტი, უშბაზე დაღუპული ზალიკო ქიქოძე, რომლის გასვენებაშიც ოსები და აფხაზები ქართველებივით გლოვობდნენ, ასეთები იყვნენ ნიკო და ზურაბ ჭავჭავაძეები, რომელთა გარდაცვალებაც სად აღარ დაიტირეს კავკასიაში, თვით ძალიან რადიკალურად განწყობილმა ოსურმა ორგანიზაციებმაც კი გამოაგზავნეს სამძიმრის დეპეშები, რადგან ეს კავკასიაა და მტრობის ეთიკაც არსებობს. ასეთი იყო ვახუშტი კოტეტიშვილი, ჩვენ ერთად ვიყავით სამშვიდობო მისიით ჩრდილო კავკასიაში 1990 წელს და ნეტავ, შენ იყო საქართველოს ხელისუფლებაო, ეუბნებოდნენ. და ასეთია, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც აღიარებული ექსპერტი და კონფლიქტოლოგია, ვისაც ქართველიც ენდობა და აფხაზიც, ვისი აზრიც მუდამ აინტერესებთ უცხოელ პოლიტიკოსებს, ხელისუფლებამ კი სახელმწიფოს მოღალატედ გამოაცხადა.
ძალიან კარგად მუშაობდა აფხაზეთთან ურთიერთობის სფეროში ირაკლი ალასანია და სასწრაფოდ ჩამოაშორეს ამ საქმეს. საერთოდ, რაც უფრო რაინდული ხასიათი აქვს კაცს, მით უფრო მეტადაა მიდრეკილი მშვიდობის აღდგენისაკენ და მით უფრო გამოსდის ეს საქმე. ასეთი ადამიანები უნდა მოძებნო და მათი ნიჭი და ცოდნა გამოიყენო. თუმცა ახლა, ამ ომის შემდეგ, უკვე ეს შანსიც დაკარგულია. "მშვიდობა თქვენდა" - ეს არის იესო ქრისტეს მისალმება. და იგი ამბობს: "ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, ვინაიდან ღვთის შვილებად იწოდებიან". თუ ამ უბედურებამაც უაზროდ ჩაიარა და საქართველოში საღი აზროვნებისა და ჰუმანიზმის ახალი ტალღა არ წარმოიშვა, ნამდვილად აღარაფერი აღარ გვიშველის.
სრულიად გასაოცარი ადამიანია ქალბატონი ნაირა!
ОтветитьУдалитьმადლობა ღმერთს მისი არსებობისათვის.