22 февраля, 2011

რისთვის უნდა მოემზადოს ოპოზიცია

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"

16 ივნისი, 2008


დავით ბერძენიშვილი: "თუ არ შეიძლებოდა ბოკერია, რატომ შეიძლება წიკლაური?"

"მიაქციეთ ყურადღება: როგორ ელაპარაკებიან ერთმანეთს მეზობლები, რომელთა ერთმა ნაწილმა, სხვადასხვა მოტივის გამო, "ნაციონალურ მოძრაობას" მისცა ხმა, სხვებმა კი - ოპოზიციას. ეს არის მთავარი პრობლემა: პოლიტიკური პროცესი გადავიდა უბნებში; ხანდახან - ოჯახებში, სანათესაო ურთიერთობებში. ხელისუფლებამ ყველაზე ცუდად გამოიყენა ქართველებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ურთიერთობები. მან ეს ადამიანები გახლიჩა და ერთმანეთს დაუპირისპირა. მან დემოკრატიას კი არ შეუქმნა საფრთხე, არამედ ქართული მენტალობის საყრდენებს - იმას, რამაც საქართველო 90-იან წლებში მასობრივი შიმშილობისგან იხსნა", - "მთელ კვირას" რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი ესაუბრება.

- 2007 წლის სექტემბერში ჩვენ გვყავდა ლეგიტიმური პრეზიდენტი და ლეგიტიმური პარლამენტი; 2008 წლის ივნისში კი გვყავს ადამიანი, რომელიც მუშაობს საქართველოს პრეზიდენტად; მას არ აქვს საშინაო ლეგიტიმაცია. 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგად კი მივიღეთ პარლამენტი, რომელსაც ასევე არ აქვს საშინაო ლეგიტიმაცია...
13-20 იანვარი იყო ყველაზე სერიოზული მხარდაჭერის პერიოდი ოპოზიციისთვის. დროის ამ შუალედში მაშინდელ გაერთიანებულ ოპოზიციას მეტი უნდა ეზრუნა, რომ ხელისუფლებისთვის წაერთმია რაც შეიძლება მეტი - იმიტომ, რომ ხელისუფლება მაშინ სუსტი იყო. მან ეს ვერ შეძლო.
- ეს არის მიზეზი, რის გამოც მივიღეთ საპარლამენტო არჩევნების ასეთი შედეგები?
- ამ ტაქტიკური შეცდომის გამო არის თუ შეუთანხმებლობის გამო...
- თუ მიზეზი სტრატეგიის უქონლობაა?
- გაერთიანებული ოპოზიცია ძალიან ჭრელი გაერთიანება იყო. სექტემბრის ბოლოს შეიქმნა. მან მოიპოვა ხალხის ნდობა. შემდეგ სააკაშვილის მიერ შემოთავაზებული თამაშის წესების პროცესში აღმოჩნდა - თუმცა 5 იანვრამდე ოპოზიციამ კარგად იმუშავა. პოსტსაარჩევნო პერიოდში კი მან ხელიდან გაუშვა მნიშვნელოვანი უპირატესობა.
ოპოზიციაში ზოგიერთს მიგვაჩნდა, რომ რაც შეიძლება მეტი უნდა წაგვერთმია სააკაშვილისთვის სწორედ იანვრის შუა რიცხვებში; სხვები თვლიდნენ, რომ საუბარი ხელისუფლებასთან არ შეიძლება.
- სხვები - ვინ?
- ძირითადად, ეს ის ხალხია, ვინც დღეს პარლამენტშია - გაერთიანებული ოპოზიციის სიით. მაგრამ - არა მხოლოდ ისინი. ის ადამიანები, ვინც დღეს პარლამენტში შევიდნენ გაერთიანებული ოპოზიციის სიით, არ წარმოადგენდნენ გაერთიანებული ოპოზიციის წამყვან პოლიტიკურ ძალებს.
- მაშინ ჩანდა, რომ ისინი წამყვანი ძალები იყვნენ.
- ჯონდი ბაღათურიაზე არავის უთქვამს, რომ წამყვანი ძალაა.
- რესპუბლიკელები იყავით წამყვანი ძალა?
- ვერ ვიტყვი, რომ წამყვანი ძალა ვიყავით, მაგრამ იყო საერთო კანდიდატი - ლევან გაჩეჩილაძე. მას ჰქონდა მაღალი ნდობა საზოგადოებაში. ლევან გაჩეჩილაძისა და რესპუბლიკელების პოზიციები ხშირად ემთხვეოდა ერთმანეთს. ეს, შეიძლება ითქვას, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საბჭოში გადაწყვეტილებების მიღებისას. ასე გრძელდებოდა იანვრის ბოლომდე.
- თუმცა, გაჩეჩილაძის გამოსვლებში სტრატეგიის არსებობა მაინცდამაინც არ იკვეთებოდა. რაში იყავით თანამოაზრეები?
- გაჩეჩილაძე იყო ფრთხილი (და ვფიქრობ, ასეც უნდა ყოფილიყო). მან, ჩვენთან ერთად, იცოდა, როგორ ხელისუფლებასთან ჰქონდა საქმე.
- საინტერესოა, ახლა რა ფუნქცია აქვს მას გაერთიანებულ ოპოზიციაში?
- ვფიქრობ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის არსებობა ამ ფორმით აღარ უნდა გაგრძელდეს. თუმცა, ეს გაჩეჩილაძის გადასაწყვეტია. საქართველოში პარტიების დროა. ვფიქრობ, რომ ახლა საქართველოში არის სამი პოლიტიკური პარტია. არჩევნების შედეგების მიხედვითაც ეს ასე ჩანს.
- რომელ პოლიტიკურ ძალებს მიიჩნევთ პარტიებად?
- ლეიბორისტებს, ახალ მემარჯვენეებს და რესპუბლიკელებს.
- რესპუბლიკელები პარლამენტში ვერ შევიდნენ.
- მერე რა, რომ ვერ შევიდნენ! ჩვენ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა არ არის იმდენი, რამდენსაც ვვარაუდობდით, მაგრამ დაახლოებით იგივეა, რაც არის "ახლების" შედეგი გაერთიანებულ ოპოზიციაში. "ახლებმა" სიით გაიყვანეს სამი კაცი. და ჩვენი 3,78% - რაც დაგვიტოვეს - ესეც არის სამი კაცი.
დღეს ლეიბორისტულ პარტიას, თავის ფლანგზე, ჰყავს მყარი ამომრჩეველი. დღევანდელი მონაცემებით, ლეიბორისტული პარტია არ შედის პარლამენტის სხდომებზე, მაგრამ მათ აქვთ მანდატები. ამის გამო ლეიბორისტული ამომრჩეველი ძალიან არ არის გაღიზიანებული - მაშინ, როდესაც გიორგი თარგამაძის პარლამენტში შესვლამ იმ ხალხის დიდ ნაწილს, ვინც მას მისცა ხმა, იმედი გაუცრუა. ჩვეულებრივ, ხდება ხოლმე: არჩევნების წინ იქმნება ოპოზიციურ მინდორზე საბალახოდ გამოშვებული, მეტ-ნაკლებად კონტროლირებადი ოპოზიციური ძალა რეალური ოპოზიციური ძალების შესავიწროვებლად. ასეთი ტენდენცია იყო 1999 წელსაც _ როდესაც მრეწველთა პარტია იქმნებოდა. თარგამაძის პარტიის გამოჩენა ოპოზიციურ მინდორზე იყო ხელშეწყობილი ხელისუფლების მხრიდან და შედეგიც მივიღეთ.
- თარგამაძეზე გადაბრალება იოლია. დანარჩენმა ოპოზიციურმა ძალებმა რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ერთპარტიული მმართველობა არ მიგვეღო?
- თარგამაძეს, ბუნებრივია, არ ვაბრალებ. ის სახელისუფლებო პროექტია. ჩვენ ეს ვიცოდით. თუ რაიმე ტაქტიკური შეცდომა არის ჩვენს ქმედებებში, არის ის, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ამის თქმას ვერიდებოდით.
- რატომ?
- ის მაინც ოპოზიციურ ფლანგზე იყო და ჩავთვალეთ, რომ მის წინააღმდეგ გამოსვლა, პრაქტიკულად ჩაკეტილი ელექტრონული მედიის პირობებში, რთული იქნებოდა. რთული იქნებოდა იმიტომ, რომ თარგამაძისთვის სახელისუფლებო ელექტრონული მედია იყო ღია.
- მის წინააღმდეგ გამოსვლა თქვენ დაგაზარალებდათ?
- ვფიქრობ, ჩვენ უფრო დავზარალდით იმის გამო, რომ არ ვთქვით სიმართლე.
- თარგამაძესთან დაკავშირებით თუ სხვა საკითხებზეც?
- სხვა საკითხებზეც.
- კონკრეტულად?
- ჩვენთვის მიუღებელი იყო შიმშილობის აქცია. ამის მიუხედავად, სოლიდარობას ვუცხადებდით ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს და ვერიდებოდით მათთან კამათს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც განსაკუთრებით კობა დავითაშვილი, კიდევ რამდენიმე კაცი (ახლა ისინი ძირითადად პარლამენტში არიან) პერიოდულად იკბინებოდნენ ხოლმე. გაერთიანებულ ოპოზიციას ფრონტის გაშლა შევთავაზეთ. ეს ნიშნავდა მაჟორიტარული ოლქების გაყოფას; ეს ნიშნავდა უკეთეს კოორდინაციას. მათ ეს შეთავაზება არ მიიღეს. რაკი ჩვენ გავდიოდით ცალკე, ერთი მხრივ, ხელისუფლება და, მეორე მხრივ - გაერთიანებული ოპოზიციის ცალკეული ლიდერები საზოგადოებას აჩვევდნენ იმ აზრს, რომ რესპუბლიკელების გარეთ დატოვების პროექტი იყო შესაძლებელი. ეს სიტყვები გაეპარა, ჩემდა გასაკვირად, ზვიად ძიძიგურსაც. აღარაფერს ვამბობ კახა კუკავაზე და, მით უმეტეს, კობა დავითაშვილზე. გაერთიანებული ოპოზიციის შეცდომა ისიც იყო, რომ ჩვენ მიგვიჩნია მთავარ მოწინააღმდეგედ. ეს ხელისუფლების პროექტი იყო.
- თუ კარგად იცოდით, რას აპირებდა ხელისუფლება თქვენთან მიმართებით, იქნებ დარჩენილიყავით გაერთიანებულ ოპოზიციაში და ამით არ დაგეშვათ "ნაცმოძრაობის" საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლაც?
- ხელისუფლება იმის მიხედვით კი არ ანგარიშობდა, რამდენ ხმას მიიღებდა, არამედ იმის მიხედვით, როგორი ქვითრის გამოწერის შესაძლებლობა მიეცემოდა მას. ამიტომ, ჩვენ ვიქნებოდით გაერთიანებულ ოპოზიციაში თუ არ ვიქნებოდით, საკონსტიტუციო უმრავლესობას ის მაინც გამოიწერდა: როდესაც მათ მიღეს 75 ერთმანდატიანი ოლქი, რესპუბლიკელებმა მოვითხოვეთ, რომ 50%-იანი ბარიერი ყოფილიყო პირველ ტურში გასამარჯვებლად. მხოლოდ ზვიად ძიძიგურმა დაგვიჭირა მხარი გაერთიანებული ოპოზიციიდან. კობა დავითაშვილიც და "ახალი მემარჯვენეებიც", სამწუხაროდ, ამის წინააღმდეგნი იყვნენ. აქ არსებითად მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ჩუმი თანხმობით გაიძლიერა ძალაუფლება. სხვათა შორის, ის ადმინისტრაცია რამდენიმე თვეში აღარ იქნება შტატების მმართველი ადმინისტრაცია და ეს თვისობრივად შეცვლის საქართველოს ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებას.
მე სამი მოწვევის პარლამენტში ვიყავი. ვიცი, რას ნიშნავს დიდ უმცირესობაში ყოფნა - გაცილებით უფრო კვალიფიციური და გამოცდილი პოლიტიკური ძალის, ვიდრე თარგამაძის პარტიაა.
- როგორც ჩანს, არ გეყოთ გამოცდილება: უმცირესობაში კი არა, საერთოდ, პარლამენტს გარეთ აღმოჩნდით.
- სამწუხაროდ, პარლამენტი არ არის საქართველოში ერთადერთი ადგილი, სადაც პოლიტიკა კეთდება. საქართველოში პოლიტიკური ცენტრი არის გარეთ.
- მაგრამ სწორედ რესპუბლიკელები ამბობდით საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ: გადამწყვეტი ბრძოლა საპარლამენტო არჩევნებიაო. ახლა აღმოჩნდა, რომ უფრო მნიშვნელოვანი ცენტრი გარეთ არის?
- ეს ვითარება სააკაშვილმა შექმნა. რეალური პოლიტიკური ძალა არის საპრეზიდენტო მმართველობაში და მისი ალტერნატივა რეალურმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა შექმნან.
- ზემოთ აღნიშნეთ, ლეიბორისტები ალტერნატიულ ფლანგზე არიანო. თუ ისინი პარლამენტში შევლენ?
- იმის მიუხედავად, ლეიბორისტები შევლენ პარლამენტში თუ არა, ისინი ხელისუფლების სატელიტი არ გახდებიან.
- ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი რა რესურსებით უნდა შეიქმნას, მაშინ, როცა ვერ უზრუნველყავით საარჩევნო კოდექსში პრინციპული მნიშვნელობის ცვლილებების შეტანა? ოპოზიციას, ამ ეტაპზე მაინც, თქვენი შეფასებით, აქვს სტრატეგია?
- მე ვერ ვილაპარაკებ სხვა პარტიების სახელით - იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენი ტაქტიკა სხვა პარტიების ტაქტიკისგან განსხვავდებოდა. ცალკეული პიროვნებები, რომლებიც არ არიან პარტიული იდენტურობის მქონენი, პოლიტიკის წრეში შემოდიან - გადიან, შემოდიან - გადიან... პოლიტიკის სუბიექტები კი პარტიები არიან. ჩვენი პარტიის ამოცანაა, ორგანიზაციულადაც მოვემზადოთ; სტრუქტურული ცვლილებებიც გვქონდეს. იგივეს ვუსურვებ რეალურად არსებულ სხვა პარტიებს.
- საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვისმინე მოსაზრება: სჯობს, რესპუბლიკელებმა საზოგადოებივი მოღვაწეობა დაიწყონო.
- ასეთ შეკვეთას საზოგადოებისგან მაინცდამაინც ვერ ვხედავ. რესპუბლიკური პარტია ბევრს ყელში ამოუვიდა: ის ოცდაათი წლისაა, მაგრამ ეს ფაქტია. ჩვენ ზედიზედ ორი საპარლამენტო არჩევნები წავაგეთ 1995 და 1999 წლებში, მაგრამ ეს პარტია არ გამქრალა.
ახლა ევროპის ჩემპიონატია ფეხბურთში. რესპუბლიკურ პარტიას შევადარებდი პორტუგალიას, რომელსაც ხან ცუდი შედეგები აქვს, ხან - კარგი. და ჯერ არასდროს ჰქონია საუკეთესო. მაგრამ ის სულ არსებობს. ჩვენ სულ ვარსებობთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია.
ხელისუფლება დაუპირისპირდა არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპოზიციას (და ის პოლიტიკურ ოპოზიციას უყურებს, როგორც მტერს - მოსაშორებელს და არა როგორც პარტნიორ კონკურენტს). ხელისუფლება, ფაქტობრივად, საზოგადოებას უპირისპირდება. საბანკო ცხოვრება გაჩერდა (36%-იანი სესხები ამაზე მეტყველებს); წინ ძალიან მძიმე ზამთარია; არასდროს აფხაზეთი არ ყოფილა ისე შორს საქართველოსგან, როგორც დღეს არის. ეს სერიოზული გამოწვევებია და ისინი სოციალურ ფონს, ბუნებრივია, დაამძიმებს.
- საქართველოში პოლიტიკური ოპოზიცია არსებობს?
- რა თქმა უნდა, არსებობს. პოლიტიკური ოპოზიცია რომ არ არსებობდეს, მაშინ საქართველო თურქმენეთი იქნებოდა. ახლა არ მითხრათ, რომ ვინც პარლამენტში არ არის, ის ოპოზიცია არ არის!
- რა ფუნქცია აქვს ოპოზიციას, რომელსაც თქვენ პოლიტიკურ ოპოზიციას უწოდებთ? მაგალითად, ზემოთ აღნიშნეთ, რესპუბლიკელები არსებობენ და ეს მნიშვნელოვანიაო. ამით რას ცვლით?
- ის, რომ დღეს ჩოლოქზე თავისუფლად გადადიხართ, არ არის სულ ერთი. სამწუხაროდ, ეს არის სააკაშვილის ხელისუფლების პირველი და უკანასკნელი წარმატება. და ეს წარმატებაც შეუძლებელი იქნებოდა რესპუბლიკელების გარეშე. არც ერთი სახელისუფლებო ცვლილების დროს ჩვენ არ წაგვიგია. არც ერთის ნანგრევებში არ მოვყოლილვართ. მაგრამ სამწუხაროდ, ამით ქვეყანამ ვერაფერი მოიგო.
- თქვენი შეფასებით, აქვს თუ არა სტრატეგია ოპოზიციას ახლა, ამ ეტაპზე?
- საქართველოში პოლიტიკური სისტემა ჩამოყალიბებული არ არის. საქართველოში არის პარტიობაზე პრეტენზიის მქონე პროტოპოლიტიკური პარტიები, რომლებიც შეიძლება გახდნენ სერიოზული პარტიები. ესენი არიან: რესპუბლიკური პარტია, ახალი მემარჯვენეები, ლეიბორისტები და, შესაძლოა, კონსერვატორები.
- თუ ასეა, მაშინ პოლიტიკური ოპოზიცია როგორღა არსებობს?
- არის სახელისუფლებო პარტია, რომელსაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. მართავს, მართავს, გაიწელება ეს "გარმონი", ბოლოს გაწყდება, აორთქლდება სახელმწიფო პარტიის უფროსი თავის პარტიასთან ერთად. ამის გამოცდილება არსებობს. რაკი სახელისუფლებო პარტია არ აპირებს ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას და მან საკუთარი თავი გარიყა პოლიტიკური ცხოვრებიდან, ამიტომ პოლიტიკური სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს მის გარეშე, რეალური პოლიტიკური ძალების მეშვეობით.
- არსებობს მოსაზრება, რომ შტატებმა დაუშვა ასეთი ხელისუფლების არსებობა ჩვენს ქვეყანაში - იმიტომ, რომ მისი ალტერნატივა ვერ ნახა.
- ნუ გავავრცელებთ ამ მოსაზრებას მთელ შტატებზე. ეს არის წარმავალი ადმინისტრაცია. ბუშის ადმინისტრაციისთვის საგარეო პოლიტიკური პროექტებიდან ყველა ჩავარდა: ერაყი; ლიბანი; ვიღას ახსოვს ყირგიზეთის რევოლუცია! უკრაინაშიც უკვე სხვა ურთიერთობებია: იუშჩენკო ხშირად იანუკოვიჩთან უფრო ახლოს არის, ვიდრე ტიმოშენკოსთან. ერთადერთი საგარეო პოლიტიკური პროექტი, როგორც პიარ-აქცია, რომელიც სჭირდება ბუშის ადმინისტრაციას, რომ ის წარმატებულად გამოაცხადოს, არის საქართველო.
- ტერორი ხელისუფლების მხრიდან გრძელდება საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც. შეიძლება, ის უკვე ტენდენციად შეფასდეს?
- ჯერჯერობით, ეს ტენდენცია არ არის. ვფიქრობ, ეს იყო პოსტსაარჩევნო ქმედებები ხელისუფლების მხრიდან, პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისთვის ხალხის დასაშინებლად.
- რადიო "იმედიდან" ხელმძღვანელი თანამდებობის პირები გაათავისუფლეს.
- მაგრამ ჯერჯერობით "კავკასია" არის და, ჯერჯერობით, რადიო "იმედიც" არის, რადიო "უცნობიც", საკაბელო ტელევიზიებიც, თქვენი გაზეთიც. მე მახსოვს მედიის შეზღუდვის უფრო მძიმე პერიოდებიც საქართველოში - 1991 წელი. გამსახურდიასა და სააკაშვილს არც ვადარებ, მაგრამ ნუ გამოვაცხადებთ ისე, რომ საქართველოში 1991 წელს დემოკრატიის ზეიმი იყო.
- ახლა სააკაშვილს მადლობა უნდა გადავუხადოთ?
- ნებართვას სააკაშვილს ფართომასშატაბიანი რეპრესიებისთვის და მედიის მოსპობისთვის ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია არ აძლევს, თორემ სიამოვნებით გააკეთებდა. დღეს მცირე შესაძლებლობების მქონე მედიასივრცეში ლაპარაკი შეიძლება. ხანდახან, მოზრდილ სივრცეშიც შეიძლება - ოღონდ, უნდა იცოდე, რომ სხვის მინდორზე თამაშობ.
- თქვენი აზრით, ახლა ოპოზიცია არის თუ არა საზოგადოების წინაშე პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე?
- ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ავიღებთ. არ ვიცი, სხვები აიღებენ თუ არა თავის წილ პასუხისმგებლობას. ქართული ოპოზიცია იყო ქართველი ერის ღირსი 2007 წლის ოქტომბერშიც, ნოემბერშიც, დეკემბერშიც და 2008 წლის იანვარშიც. ქართული ოპოზიცია ვერ აღმოჩნდა ქართველი ერის ღირსი 2008 წლის გაზაფხულზე: მან დაუშვა ბევრი ტაქტიკური შეცდომა.
- კონკრეტულად, თუ შეგიძლიათ დაასახელოთ ადამიანები, ვინც ახლა გადაწყვეტილებას იღებს სახელისუფლებო დონეზე? თუ ადრე ლაპარაკი იყო ბოკერია-რამიშვილზე, ალასანიაზე და ა.შ., ახლა რა ვითრებაა?
- მთავარ გადაწყვეტილებას სააკაშვილი იღებს. ვანო მერაბიშვილი, რა თქმა უნდა, ისევ რჩება "ვანო - ხერხემლად". ეს გამოჩნდა ამ არჩევნებშიც. ვფიქრობ, შეცდომა დავუშვით, როცა 5 იანვრის შედეგები ავიღეთ, როგორც ხელისუფლების მაქსიმალური შესაძლებლობა. მათ ეს შედეგები აიღეს თავისთვის, როგორც მათი მინიმალური შესაძლებლობა. და 5 იანვრიდან 21 მაისამდე მთელ საარჩევნო პოლიტიკურ პროცესს სერიოზულად მიხედა მერაბიშვილმა - სააკაშვილის დავალებით. ბევრი პატიმარი, რომელიც იყო ქვეყნისთვის ტვირთი, აღმოჩნდა მათთვის საარჩევნო ხმების უზრუნველმყოფი.
- საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, ალბათ, მერაბიშვილის მოგონილი ვერ იქნება.
- ჯერ ერთი, მერაბიშვილი და ბოკერია-რამიშვილი ძალიან შორს არ არიან ერთმანეთისგან. "თავისუფლების ინსტიტუტის" რამდენიმე წარმომადგენელი არის ახალი მოწვევის პარლამენტში: ახალგაზრდები. ასე რომ, "თავისუფლების ინსტიტუტი" არსად გამქრალა. "თავისუფლების ინსტიტუტი" და მერაბიშვილი - ეს არის შიდა სახელისუფლებო კოალიცია. მერაბიშვილი არის ახლა ამ ერთობის გამოკვეთილი ლიდერი. ის არის პირველი ვეზირი სააკაშვილის კარზე. მერაბიშვილი, ეკა ტყეშელაშვილი, ბოკერია... ბოკერია ტყეშელაშვილის მოადგილე რომ არის, სინამდვილეში, ვინ ვისი მოადგილეა? ბოკერია არც ფრაქციის თავმჯდომარე ყოფილა და არც - იურიდიული კომიტეტის: ყველგან მოადგილე იყო. საერთოდ კი, თუ არ შეიძლებოდა ბოკერია, რატომ შეიძლება წიკლაური? და, თუ არ შეიძლებოდა მაია ნადირაძე, რატომ შეიძლება ეკა ხერხეულიძე?
- რასთან გვაქვს საქმე?
- სააკაშვილმა არჩევნების წინ ცხვირწინ აიფარა სახელისუფლებო ზვიადისტები: წიკლაური, ოჩიაური, ხერხეულიძე, კენჭოშვილი. ისინი იყვნენ სიის თავში და ისინი ჩნდებოდნენ მუდმივად ტელეეთერში. მაგრამ არც ერთი მათგანი არ გამხდარა სერიოზული თანამდებობის პირი პარლამენტში. სახელისუფლებო ზვიადისტური ნაწილი მას სჭირდებოდა საარჩევნო კამპანიის დროს იმისთვის, რომ ესენი ყველაფრის მკადრებელნი იყვნენ, განსაკუთრებით - წიკლაური და ოჩიაური.
- უფრო მეტად, ვიდრე ნადირაძე და სხვები?
- მათ ეფექტი არ ჰქონდათ. მათ ჰქონდათ მაღალი ნეგატიური რეიტინგი. ბოკერია იყო ზიზღის ჩემპიონი - ყველა გამოკითხვით. ეს ხალხი კი, ძირითადად, რესპუბლიკელების ანტიზვიადისტობაზე საუბრობდნენ. მერე რა, რომ ჩვენ გამსახურდიას პოლიტიკური ოპონენტები ვიყავით! ვინც თოფს ისვრიდა, ახლა გვერდით უსხედან! გამსახურდიას მომხრეების ფაქტორი ხელისუფლებამ გამოიყენა, ერთი მხრივ, კონსტანტინე გამსახურდიას წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი - ჩვენ წინააღმდეგ. ისინი კი, საბოლოოდ, რიგით დეპუტატებად დატოვა.
- ზემოთ აღნიშნეთ, რომ მოსალოდნელია სოციალური ფონის დამძიმება. ეს შეიძლება ღია პროტესტის საფუძველი გახდეს და შესაძლოა, ეს ოპოზიციამ გამოიყენოს ახალი საპროტესტო ტალღის აგორებისთვის?
- ახლა საზოგადოებაში ერთგვარი ნიჰილიზმია, მაგრამ, როგორც კი დაინახავენ, რომ მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება; როცა ციხიდან გამოშვებულ ხალხს უკან დააბრუნებენ; როცა გამოშვების პირობას არ შეასრულებენ; როცა ფასები კიდევ უფრო გაიზრდება და მძიმე ზამთარი იქნება გადასატანი, ბუნებრივია, საპროტესტო ტალღა გაიზრდება. იმ პერიოდისთვის ოპოზიცია უნდა იყოს სტრუქტურირებული და შეძლოს, სერიოზული ძალით ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში და არ ჰქონდეს მხოლოდ საპროტესტო მუხტის იმედი. ახლა ხელისუფლება ფორმალურად გამყარდა, რეალურად კი უფსკრული გაზარდა საზოგადოებასთან და დაასუსტა სახელმწიფო.

Комментариев нет:

Отправить комментарий