6 ოქტომბერი, 2008
"დასავლეთის მატერიალურ დახმარებას უნდა მოჰყვეს მკაფიო პოლიტიკური მოთხოვნებიც"
"ახლა საქართველო მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული დასავლეთის არა მხოლოდ პოლიტიკურ და დიპლომატიურ, არამედ ფულად დახმარებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლეთი ფლობს ძალიან ქმედით ბერკეტებს, რათა ზეწოლა მოახდინოს სააკაშვილსა და მის გუნდზე. თუ საქართველოს ხელისუფლება შიდა რეპრესიებს მიმართავს, მაშინ ის სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება. ამაზე უნდა იფიქრონ საქართველოს ხელისუფლებაში", - "მთელ კვირას" რესპუბლიკელი ივლიანე ხაინდრავა ესაუბრება.
- საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს, რუსეთის ჯარებმა დატოვონ არა მხოლოდ ბუფერული, არამედ კონფლიქტის ზონებიც და იქ ევროკავშირის მონიტორები შეუშვან. თავად ევროკავშირი კი ამ თემაზე დასმულ კითხვებზე კონკრეტულ პასუხს არ სცემს. თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე?
- მაშინ, როდესაც სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულება გაფორმდა, ვთქვი, რომ იგი სხვადასხვანაირად იქნებოდა წაკითხული თბილისში, მოსკოვსა და ბრიუსელში. ასეც მოხდა. ჩვენი ინტერპრეტაცია ასეთია: უნდა აღდგეს 6 აგვისტოს მდგომარეობა და რუსულმა საჯარისო კონტინგენტმა დატოვოს მთლიანად საქართველოს ტერიტორია (ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ჩათვლით); რუსები კი ამბობენ, რომ ვითარება შეიცვალა: სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის აღიარებული და მათი ტერიტორია საქართველოს ტერიტორიად აღარ განიხილებაო. ევროპა, უნდა მას ეს თუ არა, იძულებულია, ანგარიში გაუწიოს ომის შედეგად წარმოქმნილ რეალიებს.
სარკოზი-მედვედევის შეთანხმება არ იყო დეტალიზებული და იმდროინდელ ვითარებაში ვერც იქნებოდა ასეთი. ამიტომაც, დაიწყო ხანგრძლივი, მძიმე და არცთუ პროგნოზირებადი პროცესი ახალი სტატუს-კვოს დადგენისა.
ნიშანდობლივია, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებზე დაგეგმილი საერთაშორისო პოლიტიკური კონფერენციის ფორმატი უკვე შეიცვალა: საუბარია ექსპერტთა შეხვედრაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური დატვირთვის მქონე შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
- ზემოთ აღნიშნეთ, რომ დოკუმენტი დეტალიზებული არ არის. თქვენ როგორ წაიკითხეთ იგი და, საერთოდ, საიდან იცნობთ ამ დოკუმენტს?
- რამდენიმე ვერსია არსებობდა. იმის თაობაზეც კი იყო საუბარი, თითქოს მოსკოვში ერთ ვერსიას მოეწერა ხელი, თბილისში - რაღაც სხვას. მერე კი აღმოჩნდა, რომ მოსკოვიც უკმაყოფილოა და თბილისიც.
გავიხსენოთ ვითარება, რომელშიც ეს დოკუმენტი იქნა მიღებული. ეს ხდებოდა საომარი მდგომარეობის პირობებში და ევროკავშირის მთავარი მიზანი იყო საომარი მოქმედებების შეწყვეტა და რუსეთის შემდგომი ექსპანსიის შეჩერება. უსაფრთხოების ზონასთან დაკავშირებით დოკუმენტმა სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობა დატოვა. ვფიქრობ, ევრომონიტორები ნელ-ნელა მოახერხებენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეღწევას, მაგრამ ამას დრო და ენერგია დასჭირდება. შემდეგ კიდევ რაღაცეებზე დაიწყება გაუთავებელი ვაჭრობა, ხოლო პარალელურად პრობლემა დაკარგავს სიმწვავეს და დე-ფაქტო მდგომარეობასთან "შეჩვევის" განწყობა დაისადგურებს.
- ზემოთ აღნიშნეთ, არცთუ პროგნოზირებადი პროცესები დაიწყოო. შესაძლოა ეს ნიშნავდეს სამხედრო საფრთხეების განახლებასაც?
- დღეს ვერ ვხედავ ამით დაინტერესებულ ან შემძლე მხარეს. რუსეთმა მიაღწია პროგრამა-მაქსიმუმით დასახულ მიზნებს და მეტი რა უნდა გააკეთოს, გაუგებარია. საქართველოს ხელისუფლებას დღეს სამხედრო მოქმედებების განახლება არ შეუძლია შესაბამისი პოტენციალის არარსებობის გამო. მაგრამ სერიოზული საფრთხეები დარჩა. სააკაშვილი ვერ შეეგუება იმ აზრს, რომ მისმა პრეზიდენტობამ შედეგად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოდან საბოლოო მოწყვეტა მოიტანა. იმავდროულად, სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენის პირობებში ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური დიალოგის აღდგენის შანსი, ანუ – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ამა თუ იმ ფორმით აღდგენისკენ სვლის შანსი ნულს უტოლდება. ამდენად, რაც უფრო მოახლოვდება სააკაშვილის მეორე და უკანასკნელი საპრეზიდენტო ვადის დასასრული, მით უფრო სავარაუდო გახდება მისი მხრიდან ისეთი ნაბიჯი, რომელიც, მოსალოდნელი შედეგის თვალსაზრისით, ქართული სახელმწიფოებრიობისთვის შეიძლება მომაკვდინებელი აღმოჩნდეს.
- ზემოთ აღნიშნეთ, რომ ჟენევის კონფერენცია აღარ ჩატარდება: ეს ფორმატი ექსპერტთა შეხვედრის ჩარჩოში გადავიდა. რატომ, თქვენი აზრით?
- პოლიტიკოსებს, საერთოდ, არ უყვართ უნაყოფო შეხვედრები. ვფიქრობ, მაღალი იყო იმის ალბათობა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით სწორედ ასეთი აღმოჩნდებოდა ჟენევის შეხვედრა. პოლიტიკოსის ნებისმიერი განცხადება, მით უფრო, ამ ტიპის ფორუმზე, გარკვეული პასუხისმგებლობის დამკისრებელია. პოლიტიკოსთა შორის კი ჯერ არც არის ჩამოყალიბებული აზრი იმის თაობაზე, თუ როგორ გამოვიდეთ შექმნილი მდგომარეობიდან. ექსპერტების მიღმა, მართალია, მოიაზრება მათი ქვეყანა, მაგრამ მათი თავისუფლების ხარისხი გაცილებით მაღალია. მათი თვალსაზრისი ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას არ ნიშნავს. თუმცა, მე ამ შეხვედრიდან ჩვენთვის სახარბიელოს არაფერს ველოდები.
- თქვენი აზრით, საქართველოდან ვინ შეიძლება გაემგზავროს ექსპერტის სტატუსით?
- ბუნებრივია, ისინი ხელისუფლების მიერ დანიშნული "ექსპერტები" იქნებიან - ვინც სააკაშვილის პოზიციას გააჟღერებს.
- იქნებ ევროპამ მოითხოვოს ამ შეხვედრაზე დამოუკიდებელი ექსპერტები რუსეთიდანაც და საქართველოდანაც?
- არ მგონია, ასეთი პირობა იყოს. ყველას უნდა, დაინახოს, რა უნდა რუსეთის ხელისუფლებას. ვფიქრობ, რომ ეს შეკრება, პირველ ყოვლისა, რუსეთის პოზიციების მოსინჯვა იქნება - რა თქმა უნდა, ძირითადად, დასავლეთის მხრიდან: ჩვენ ხომ იმ მდგომარეობაში ვიმყოფებით, როდესაც ჩვენივე მომავლისა, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი გვეკითხება.
- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციით საქართველოს ხელისუფლება კმაყოფილია. თქვენი აზრით, უკან წაიღებს თუ არა რუსეთი თავის გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით?
- რატომ არის რეზოლუცია სახარბიელო საქართველოს ხელისუფლებისთვის? პასუხისმგებლობა კონფლიქტის გამო გადანაწილებულია რუსეთის ხელისუფლებაზეც და საქართველოს ხელისუფლებაზეც. თუმცა, ზოგადად, რეზოლუციის ტექსტში რუსეთის მიმართ ბრალდებები გაცილებით მძიმეა. მთლიანობაში, ისეთი უგერგილო ორგანოსთვის, როგორიც არის ევროპის საბჭო, საკმაოდ ადეკვატური დოკუმენტი გამოვიდა. მაგრამ მერე რა?
- ისევე, როგორც გაერო-ს რეზოლუციები?
- მოლაპარაკებებში, საერთაშორისო ფორუმებზე ასეთი დოკუმენტები შეგიძლია მოიხმო შენი პოზიციების გასაძლიერებლად. მაგრამ, სხვათა შორის, არსებობდა გაერო-ს რეზოლუცია კოსოვოსთან და სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. და სად არის ახლა ის რეზოლუცია? უფრო მეტიც, გაერო-ს ერთი და იგივე რეზოლუციით გათვალისწინებული იყო როგორც ებრაული, ისე არაბული სახელმწიფოების შექმნა პალესტინაში. დღეს ერთი არსებობს, მეორე კი - არა. საერთაშორისო სამართალი ცდილობს, დაეწიოს რეალიებს; ცდილობს, ხანდახან, წინმსწრები ფორმულირებებიც კი მოძებნოს, მაგრამ, როგორც წესი, ცხოვრება უფრო მრავალფეროვანია და უფრო მეტი სიურპრიზის მომტანი, ვიდრე მეცნიერებს და თეორეტიკოსებს შეუძლიათ წარმოიდგინონ ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობისას.
- თქვენ ამბობთ, რომ ფაქტობრივად უფუნქციოა ევროსაბჭოს ეს რეზოლუცია, მაგრამ ევროსაბჭო იმუქრება: თუ ამ რეზოლუციას რუსეთი არ შეასრულებს და თავის სიტყვებს უკან არ წაიღებს (აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით), მაშინ მის წინააღმდეგ სანქციებს გამოიყენებს.
- ერთხელ უკვე იყო გამოყენებული სანქციები ევროსაბჭოში, როდესაც რუსეთს შეუჩერეს ხმის უფლება. ეს იყო ჩეჩნეთის ომის დროს, და მერე ეს უფლება დაუბრუნეს - მიუხედავად იმისა, რომ ვითარება კარდინალურად შეცვლილი არ იყო. ისიც გავითვალისწინოთ, რომ რუსეთი ახლა შემტევ პოლიტიკას ატარებს, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებშიც, და გულგრილად შეხვდება ნებისმიერ სანქციას მისი მისამართით. თუ ძალიან არ მოეწონა რამე - კარსაც გამოიჯახუნებს. ნატო-რუსეთის ფორმატში თავად გადადგა წინმსწრები ნაბიჯი და, მით უფრო, ევროკავშირის შემთხვევაშიც არ გაუჭირდება ამის გაკეთება.
- თუკი რუსეთიდან ენერგომატარებლები არ წავა დასავლეთის მიმართულებით? ან დასავლეთი მზად არის, თქვას უარი ამ ენერგომატარებლების მიღებაზე?
- დასავლეთი დღეს ამისთვის მზად არ არის. იმავდროულად, რუსეთს ჯერჯერობით არ აქვს ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ეს ნაკადები აღმოსავლეთისკენ შეატრიალოს. ამიტომ ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთდამოკიდებულება ნამდვილად არსებობს. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ რუს ხალხს გაჭირვების ატანა უფრო მეტად შეუძლია, ვიდრე ევროპელებს. ეს ვითარება რუსეთისთვის უფრო მომგებიანია: თუ საქმე შანტაჟამდე მივიდა, რუსეთი მას უფრო გაუძლებს, ვიდრე დასავლეთი. თანაც, შანტაჟი დასავლეთის იარაღი არ არის.
- ეს იმას ნიშნავს, შეიძლება, დასავლეთმა დათმოს პოზიციები?
- ჩემი აზრით, შროდერის მაგალითი აღარ გამეორდება. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ რუსული ენერგომატარებლების ალტერნატიული წყაროები ჯერჯერობით არ ჩანს. ევროკავშირიდან პოზიციების დათმობას არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ასევე არ უნდა ველოდოთ ძალიან მკვეთრ ნაბიჯებს რუსეთის მიმართ; მეტიც: კონდოლიზა რაისის გამოსვლებშიც კი მრისხანებამ შესამჩნევად იკლო.
- ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული "ახალი დემოკრატიული ტალღა" მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. თუკი დემოკრატიული რეფორმები მართლაც არ განხორციელდება, შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველო ერთგვარ იზოლაციაში აღმოჩნდეს?
- "დემოკრატიის ახალი ტალღის" შესახებ გაკეთებული განაცხადი ჩემი კი არა, სხვა დარგის სპეციალისტის კომენტარს ითხოვს.
- ვის კომენტარს?
- ვფიქრობ, რომ ეს ფსიქიატრიის სფეროდან უფრო არის. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პრეზიდენტის გამოსვლების, ინტერვიუების, ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების განცხადებების საფუძველზე განმიმტკიცდა განცდა იმისა, რომ ხელისუფლება შეურაცხადია. გაერო-ს ტრიბუნიდან ახალ რევოლუციაზე და დემოკრატიის ახალ ტალღაზე ლაპარაკობს, აქ კი ამბობს, ასეთი ჯანსაღი პარლამენტი ქვეყანას ჯერ არ ჰყოლიაო...
- მაგრამ პრეზიდენტის ეს განაცხადი დასავლეთის ამასწინანდელ მოთხოვნას მოჰყვა. მოთხოვნა კი დემოკრატიული რეფორმების ჩატარების აუცილებლობას უკავშირდება. თუკი ეს რეფორმები არ განხორციელდება?
- აქ განსახილველია ის საგარეო პოლიტიკური ან გეოპოლიტიკური ვითარება, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით. ძალიან დეტალურ და ღრმა ანალიზს მოითხოვს ის მოვლენები, რომლებიც რეგიონში ვითარდება. აზერბაიჯანის ისტებლიშმენტი საქართველოს ხელისუფლების ნამოქმედარით განრისხებულია. იმის გამო, რაც მოხდა საქართველოში და მის გარშემო, აზერბაიჯანმა იძულებით დათმო პოზიციები რუსეთთან მიმართებით.
ასევე, ძალიან საინტერესოა სომხურ-თურქულ ურთიერთობებში მიმდინარე პროცესები. მაშინ, როდესაც ჩვენ ასეთ სავალალო მდგომარეობაში ვიმყოფებით, როდესაც რუსეთის ფაქტორი რეგიონში განუზომლად გაიზარდა, ეს მოძრაობები იმის მიმანიშნებელია, რომ საქართველოს, როგორც უალტერნატივო სატრანზიტო ქვეყნის, ფუნქციის გადააზრება დაიწყო. იწყება სერიოზული ფიქრი ახლა უკვე საქართველოს შემოვლით მარშრუტებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ კნინდება საქართველოს ის ფუნქცია, რომლითაც წარვსდექით მსოფლიოს წინაშე.
საქართველოს სრული იზოლაცია, ჩემი აზრით, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი აქ წამოიწყებს ღია რეპრესიებს სხვაგვარად მოაზროვნეთა მიმართ, პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ და საკუთარი თავის გადარჩენისთვის იმ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც დასავლეთს აიძულებს, ზურგი შეაქციოს საქართველოს.
თუმცა, ახლა საქართველო მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული დასავლეთის არა მხოლოდ პოლიტიკურ და დიპლომატიურ, არამედ ფულად დახმარებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლეთი ფლობს ძალიან ქმედით ბერკეტებს, რათა ზეწოლა მოახდინოს სააკაშვილსა და მის გუნდზე. თუ საქართველოს ხელისუფლება შიდა რეპრესიებს მიმართავს, მაშინ ის სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება. ამაზე უნდა იფიქრონ საქართველოს ხელისუფლებაში.
თუ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ვერ აღიდგენს საიმედო პარტნიორის სტატუსს (მე კი არ მჯერა, რომ სააკაშვილი "გამოსწორდება"), მაშინ შეიძლება შეიქმნას პარადოქსული ვითარება: სამხრეთ კავკასიის რეგიონში საკვანძო ქვეყანა - საქართველო - ჩიხში აღმოჩნდება: მომწყვდეული რუსეთსა და თურქეთს შორის, როცა რუსეთი მტრულად არის განწყობილი საქართველოს მიმართ, ხოლო თურქეთი ეძებს და პოულობს შესაძლებლობას საკუთარი გეოეკონომიკური პოტენციალის სრულად განსახორციელებლად საქართველოს გვერდის ავლით. გავიხსენოთ, რომ თურქეთის მხრიდან წინააღმდეგობრივი სიგნალები მოდიოდა - ყოველ შემთხვევაში, იმ ეტაპზე, როდესაც მან შეაფერხა ამერიკული სამხედრო ხომალდების შემოსვლა შავ ზღვაში. და კიდევ ერთი მომენტი: თურქეთსა და რუსეთს შორის არის მჭიდრო ეკონომიკური კავშირები, მზარდი საქონელბრუნვა.
- რესპუბლიკელები მაინცდამაინც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობას რატომ ხედავთ?
- ვფიქრობთ, ეს ხელისუფლების მოდიფიცირების და შემდგომ მისი შეცვლის რბილი მოდელია. მიგვაჩნია, რომ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ: არა მხოლოდ მათი მეთვალყურეობით, არამედ ადმინისტრირებითაც. სხვაგვარად, წესიერი არჩევნები ამ ქვეყანაში ვერ ჩატარდება.
- მანამდე შეიცვლება საარჩევნო კანონმდებლობა? გათავისუფლდება მედია? მოგვარდება სხვა, პრინციპული მნიშვნელობის საკითხები?
- საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა როგორც ხდება, ძალიან კარგად ვიცი. წინა მოწვევის პარლამენტის წევრი ვიყავი და კარგად მახსოვს, სამი მოსმენით სამ წუთში რომ შეიტანა პარლამენტმა სერიოზული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. ბუნებრივია, ჩვენ სულაც არ მოვითხოვთ პროცედურების დარღვევას; პირიქით. გაზაფხულამდე საკმარისი დროა, რათა შესაბამისი ცვლილებები კანონისა და პროცედურების დაცვით განხორციელდეს.
- მაგრამ სწორედ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ატარებდით კონსულტაციებს ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარესთან და ვერაფერს მიაღწიეთ. ახლა რისი იმედი გაქვთ?
- იმის, რომ დასავლეთის მხრიდან გაწეულ მატერიალურ დახმარებას მოჰყვება მკაფიო პოლიტიკური მოთხოვნებიც. პატივს ვცემ ქართველი კოლეგების (სხვა პარტიებიდან) მოთხოვნებს, მაგრამ მოთხოვნა - დაუყოვნებლივ გადადგეს სააკაშვილი - გარკვეულწილად აშფოთებს ჩვენს დასავლელ მეგობრებსა და პარტნიორებს, რადგანაც არ არის ნათელი, არის კი ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნა, რომ სააკაშვილი წავიდეს? სააკაშვილი ამბობს, 76%-იანი მხარდაჭერა მაქვსო. მე ამას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ - იმიტომ, რომ ვიცი, ვის მონაცემებს ეყრდნობა.
- კონკრეტულად, რომელ ორგანიზაცებს გულისხმობთ?
- ვგულისხმობ მის PR-ზე მზრუნველ ამერიკულ ფირმებს. თუმცა, ბოლომდე არ ვენდობი არც ერთი ორგანიზაციის გამოკითხვას ამ ქვეყანაში: ეს, როგორც წესი, ანგაჟირებული კვლევებია.
- რესპუბლიკელები ასეთ გამოკითხვებს არ ატარებთ ხოლმე?
- ვატარებთ შიდაპარტიული მოხმარებისთვის.
- და მათ მიერ თქვენთვის მოწოდებული მონაცემები არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული?
- ვითხოვთ, რომ რეალური – შეულამაზებელი სურათი მოგვაწოდონ.
- ვინ არის ასეთი ორგანიზაცია?
- არიან ამის შემძლე ორგანიზაციები. თუმცა, შედეგი მაინც კეთილგანწყობილი არის ხოლმე დამკვეთის მიმართ.
- გსურთ, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები - თანაც, დასავლეთის მიერ. მაგრამ დასავლეთის პოზიცია როგორია? თქვენ უკვე მუშაობთ ამ მიმართულებით?
- დიახ, ვმუშაობთ. და ვფიქრობ, რომ ეს არის პერსპექტიული მიმართულება. ვგულისხმობ ევროპას და შეერთებულ შტატებს.
- კონკრეტულად, როგორია მათი რეაქცია?
- ამას გაგებით ეკიდებიან.
- ვინ არიან თქვენი პოლიტიკური პარტნიორები საქართველოში?
- "ახალი მემარჯვენეები", კონსერვატორები, თქვენ წარმოიდგინეთ, ლეიბორისტებიც.
- აპირებთ თუ არა ბურჯანაძესთან თანამშრომლობას?
- მან დაგვიანებული, მაგრამ თავისი არსით სწორი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა, როცა წავიდა მმართველი გუნდიდან. თუმცა ვფიქრობ, პოლიტიკოსის ასეთ ნაბიჯს გაცილებით მეტი განმარტება უნდა მოჰყვეს თან. ბურჯანაძემ ახლა ხელისუფლებას კითხვები დაუსვა, მაგრამ მან, ასევე, თავად უნდა გასცეს პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე. ვფიქრობ, ის ამ გზას უკვე დაადგა. ვნახოთ, გაივლის თუ არა ამ გზას ბოლომდე.
- ე.ი., თქვენ მასთან თანამშრომლობას არ გამორიცხვთ?
- დაველოდოთ ნინო ბურჯანაძის მიერ დაპირებული პარტიის გამოჩენას. პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა გულისხმობს ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ძირითადი ხედვების წარმოჩენასაც, პერსონალიების პრეზენტაციასაც. ვნახოთ, რას დაგვანახებს ეს პროცესი. საერთოდ კი, პროცესები უფრო სწრაფად უნდა განვითარდეს, რომ უიმედობამ არ დაისადგუროს.
- და უიმედობა, თქვენი აზრით, ქვეყანაში ჯერჯერობით არ შეიმჩნევა?
- ვფიქრობ, ჯერჯერობით ყოვლისმომცველი ხასიათი არ მიუღია. აქ გასათვალისწინებელია მრავალი ფაქტორი, მათ შორის, არჩევნები შეერთებულ შტატებშიც. ვფიქრობ, რომ ობამას გამარჯვების შემთხვევაში უფრო სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი, მაგრამ მაკკეინის შემთხვევაშიც კი, ამერიკის პოლიტიკაში, მათ შორის, საგარეო პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, კორექტივები შევა.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ ობამას ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში იქნება უფრო მკვეთრი ცვლილებები. მაგრამ ამას წინათ ობამა-მაკკეინის დებატების დროს ობამას პოზიცია არ იყო აქტიური, მყარი, შემტევი - მაშინ, როდესაც მაკკეინმა ისიც კი თქვა, რომ სააკაშვილი დიდი ახალგაზრდა პრეზიდენტია. რისი გაკეთება შეუძლია ობამას, თუკი ის პრეზიდენტი გახდება?
- საარჩევნო ტრიბუნიდან დანახული რეალობა პრეზიდენტის სავარძლიდან დანახული რეალობისგან განსხვავდება. ვიცე-პრეზიდენტების კანდიდატების შერჩევაში სრულიად მკაფიოდ გამოიკვეთა ერთი რამ: მაკკეინმა საგარეო პოლიტიკა თვითონ უნდა განახორციელოს: სარა პეილინს მსოფლიო პოლიტიკასთან მინიმალური შეხებაც არ ჰქონია. ობამამ კი ვიცე-პრეზიდენტად მიიწვია ჯო ბაიდენი - კაცი, რომელსაც საგარეო პოლიტიკის სპეციალისტის დამსახურებული იმიჯი აქვს. ობამა ერთპიროვნულად არ გაუძღვება საგარეო პოლიტიკას და ამ სფეროში ჯო ბაიდენი შეასრულებს თვალსაჩინო როლს.
მნიშვნელოვანია, რომ ობამას საარჩევნო კამპანიის საკვანძო სიტყვა არის "ჩეინჯ" - ცვლილება. თუკი ის პრეზიდენტი გახდება, ვალდებული იქნება, ცვლილებები გაატაროს. ცნობილია ამერიკელი დემოკრატების მგრძნობიარობა დემოკრატიული ფასეულობების მიმართ. რატომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ამოვარდება დემოკრატების დღის წესრიგიდან?
- თუკი ობამა გახდება შტატების პრეზიდენტი, მისი მთავარი პრინციპი - "ჩეინჯ" - საქართველოსთან მიმართებით როგორ შეიძლება ამუშავდეს?
- იქნება ასეთი გზავნილი: თქვენ კვლავინდებურად ჩვენი პატრონაჟის ქვეშ რჩებით, თუ... ანუ, იქნება კონკრეტული პირობები. მაგრამ მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ამ პირობებს ვერ შეასრულებენ.
- თქვენი აზრით, ამერიკა სააკაშვილს სხვა პიროვნებით ჩაანაცვლებს?
- ასეთი ტიპის ოპერაციაც რომ წარმოვიდგინოთ, მის განხორციელებას გარკვეული დრო სჭირდება. თუმცა, გამორიცხულია, საქართველოში ამერიკის ისეთი ინტერვენცია მოხდეს, როგორსაც ადგილი ჰქონდა პანამასა და გრენადაში.
- მაგრამ სააკაშვილი საიდან მოვიდა?
- ნუ ვიტყვით ერთმნიშვნელოვნად, თითქოს ამერიკამ მაინცდამაინც სააკაშვილზე გააკეთა ფსონი. თვითონ სააკაშვილმა გააკეთა ბევრი რამე იმისთვის, რომ ამერიკა გამხდარიყო იძულებული, ის მიეღო, როგორც ქვეყნის ლიდერი. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ამერიკელებსაც ესმოდათ მისი ფსიქოლოგიური წყობის ნაკლოვანი მხარეები. მაშინ ჟვანიაც და ბურჯანაძეც გაცილებით მართვადები ჩანდნენ. მაგრამ სააკაშვილმა ერთსაც და მეორესაც აჯობა. ამერიკელებმა ამ ვითარებას ანგარიში გაუწიეს.
- საქართველოს სახალხო დამცველი ამბობს, რომ მან სისტემის თვისობრივი ცვლილებებისთვის ბრძოლის სხვა გზას მიმართა: ის სახალხო მოძრაობას აყალიბებს. ამ მოძრაობაში ჩანან პოლიტიკური სუბიექტებიც. თქვენი აზრით, საითკენ მიდის ეს მოძრაობა? სისტემის ცვლილებისკენ?
- სახალხო დამცველის განცხადებები და ქმედებები უკანასკნელი სამი წლის მანძილზე ადეკვატური, კომპეტენტური და კარგად არგუმენტირებული იყო. მაგრამ მისი უკანასკნელი განცხადება - ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური განაცხადი. და იმ მოძრაობის ჩამოყალიბებაც, სადაც ყველასთვის ნაცნობი პოლიტიკური ფიგურები არიან, რა თქმა უნდა, არის განაცხადი პოლიტიკაში აქტიური ჩართვის თაობაზე. თანაც, ვფიქრობ, რომ ეს არ არის განაცხადი მხოლოდ პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნაზე: ამის მიღმა საპრეზიდენტო ამბიციებიც შეინიშნება.
- და აქ სახალხო მოძრაობა, თავისი დეკლარირებული გეგმებით, არაფერ შუაშია?
- რა, სააკაშვილმა სახალხო მოძრაობა არ შექმნა ჯერ? სახალხო მოძრაობა, როგორც წესი, მერე პოლიტიკურ დატვირთვას იძენს; ან ქრება, თუკი მალევე ვერ აღწევს წარმატებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий