28 февраля, 2011

"ტანკმა ორჭოსანთან აუხვია". ეს არ არის მათი ქვეყანა

"რეზონანსი"

19 სექტემბერი, 2008



ზაზა შათირიშვილი: "მიშა არის წარმატებული პუტინი, ხოლო პუტინი - წარუმატებელი მიშა".

"სად არის ნიღაბი, რომელიც რუსეთს ჩამოვხადეთ? ზუგდიდის მუზეუმში, ნაპოლეონის ნიღბის გვერდით? თუ ოკუპაციის მუზეუმში, და მას მალე "წითელ ზონაში" ვიხილავთ?!
პუტინი საქართველოში მოვიდა მაშინ, როდესაც აქ პუტინიზაციის პროცესი უკვე დამთავრებული იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროდან ზღულაძე ამბობს: ხალხო, ნუ გეშინიათ, ის ტანკი ორჭოსანთან წავიდა, თბილისში კი არ მოდისო. კანცელარიის მიღმა ვერ იხედებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად დაკარგულია არამარტო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი; დაკარგულია ქართლი, კახეთი, ჯავახეთი. ტვინში არის უკვე დაკარგული! როცა ამას ამბობს ხელისუფლება, ეს რას ნიშნავს? იმას, რომ არ არის ეს მისი ქვეყანა!"
"მთელ კვირას" ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ესაუბრება.

- ახლა საქართველოში ბევრი ამბობს, რომ ომის მიზეზ-შედეგობრივ ჯაჭვში გარკვევა და, მით, უფრო, ამაზე საჯაროდ საუბარი მიზანშეუწონელია. ამ პოზიციას, მაგალითად, იმით ხსნიან, რომ ასე მთავარი ამოცანა ყურადღების მიღმა რჩება. ახლა კი მთავარი ამოცანა საქართველოს რუსეთის აგრესიისგან გათავისუფლებაა.
- ჩემი აზრით, ჭეშმარიტება სამშობლოს სიყვარულზე მაღლა დგას. ამიტომ არ არსებობს დრო, რომელიც რაღაცის თქმისთვის მიზანშეუწონელია.
... წარმოიდგინეთ მეექვსეკლასელი, რომელიც თავში ჩაარტყამს მეათეკლასელს. და მერე გაიქცევა თავისი საკლასო ოთახისკენ - იმ იმედით, რომ კარს დროზე მოკეტავენ. მაგრამ კარი უფრო ადრე მოიკეტა და შერჩა ამ მეათეკლასელთან!...
რუსებიც და ამერიკელებიც ძალიან სასაცილოები არიან.
- რას გულისხმობთ?
- გემების მიმოსვლას. ადამიანს ეს ყველაფერი სერიოზული ჰგონია. და აგებენ კონსპიროლოგიურ თეორიებს - რომ ამის უკან რაღაც იყო... სინამდვილეში, ამ ყველაფერს ძალიან პრიმიტიული ვნებები მართავს. ინფორმაციის სიჭარბე არაფერს ნიშნავს. განმანათლებლებმაც კი იცოდნენ, რომ ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ადამიანთა ტუტუცური შეცდომები.
რა თქმა უნდა, არსებობს შეთქმულებები და არსებობს ფაქტები. მაგრამ ისტორიის მთავარი თვისება შემთხვევითობაა: ის, რაც არის დაგეგმილი, არასოდეს სრულდება ისე, როგორც არის დაგეგმილი. ყოველთვის ხდება ცვლილებები. ადამიანს არ შეუძლია შემთხვევითობის ატანა, ამიტომ მას რაღაც კანონზომიერებებში სვამს. თუ მას მეცნიერული აზროვნება აქვს, სვამს რაღაც სისტემაში, კანონებში. და, თუ ის აფრენს, მაშინ სვამს კონსპიროლოგიაში. კონსპიროლოგიური თეორია, საერთოდ, შიზოფრენიასა და პარანოიაზე მიუთითებს.
დღეს თუ ამბობ, რომ საქართველო დამარცხდა, თუ ამბობ რაღაც ფაქტს ამ კონტექსტში, ეს ფაქტი შეფასებად მიიჩნევა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ, თუ ფაქტს ამბობ, ე.ი. რუსეთის აგენტი ხარ.
- ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს აბრალებენ თავიანთ რიგებში რუსეთის აგენტების არსებობას. თქვენი აზრით, სად უნდა ვეძებოთ აგენტები?
- მთავარი ის კი არ არის, არიან თუ არა აგენტები ამ ქვეყანაში. მთავარი არის იდიოტიზმი: იდიოტიზმი ხელისუფლების, იდიოტიზმი ოპოზიციის და იდიოტიზმი მოსახლეობის. ეს ერთი დიდი ჯაჭვია.
- კონკრეტული მაგალითებით ისაუბრეთ.
- რა თქმა უნდა, იდიოტიზმია, როდესაც მოგება არის წაგება, ომი არის მშვიდობა, სიკეთე არის ბოროტება. შეიძლება, ასეც გააკეთო. სტალინი აკეთებდა ასეთ რაღაცებს. მაგრამ მას ჰქონდა ამის გაკეთების ძალა. ხოლო, როცა ამის ძალა არ გაქვს...
ადამიანები დაიხოცნენ, და ამის შემდეგ რაც ხდება... საქართველოს ფსიქიატრიული რესპუბლიკა - შეიძლება ასე დავარქვათ.
თავის დროზე, გია ჭანტურიას ჰქონდა იდეა, თეოდემოკრატია ყოფილიყო საქართველოში, და ორპალატიანი პარლამენტის ზედა პალატაში ყოფილიყო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი. მაქვს იდეა: იყოს ორპალატიანი სენატი, და ზედა პალატა ფსიქიატრებმა დაიკავონ.
ოპოზიციის იდიოტიზმი არის ის, რომ, როცა შეეძლოთ რაღაცის გაკეთება, არაფერი გააკეთეს. საზოგადოებრივი მაუწყებელიც კი ხელიდან გაუშვეს. გადაჭარბებული ამბიციები, ნარცისიზმი... სამარცხვინოდ იქცეოდნენ.
მოსახლეობის იდიოტიზმი, მე მგონი, ნახეთ 12 აგვისტოს და 1 სექტემბერს. რა თქმა უნდა, ყველას არ ვაყენებ შეურაცხყოფას.
- ზემოთ ოპოზიციის უმოქმედობა ახსენეთ. ოპოზიცია ამბობს, რომ ღიად ლაპარაკი იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი და, მით უფრო, საუბარი სამხედრო დანაშაულობებზე, რუსეთს აძლევდა თავისი მიზნების ბოლომდე განხორციელების საშუალებას. თქვენი აზრით, მორატორიუმის გამოცხდების რეალური მიზეზი ეს არ იყო?
- რა თქმა უნდა, ოპოზიციის პასუხისმგებლობაც არის, რომ თქვეს, - ჩვენ ახლა ამათ გვერდით ვართო - მაშინ, როდესაც იქ ბავშვები გაწყვიტეს!
შეეშინდათ, აგენტებს დაგვიძახებენო. არ ეგონათ, რომ ხელისუფლება ასე უცებ მოყანყალდებოდა. ბურჯანაძის ამასწინანდელი გამოსვლის შემდეგ კრიტიკული პოზიციის გამოხატვა სამოქალაქო გმირობად ალბათ არც ჩაითვლება. საქართველოში ხომ ასე აზროვნებს ხალხი: რადგან ბურჯანაძე ამას ამბობს, ე.ი. ამერიკელები... სხვათა შორის, ენაწყლიანი გოკა გაბაშვილი ბურჯანაძის იმ გამოსვლის შემდეგ ისე მოზომილად ლაპარაკობდა: ქალბატონი ნინო, ვაიმე და უიმე...
- თქვენი აზრით, მიმდინარე პროცესებში საქართველოს ხელისუფლება რა როლს ასრულებს?
- ვფიქრობ, რომ მას არანაირი როლი არ აქვს. არის ორი მხარე - რუსული და ამერიკული. და სარკოზი, უბრალოდ, სააკაშვილს ხელს აწერინებს. მისი ხელმოწერა ხომ უნდა იყოს!
რუსეთი და ამერიკა მხარეები არიან. მათ შორის ურთიერთობას ევროკავშირი აგვარებს. საქართველოს ეკითხება ვინმე რამეს? მაგალითად, ჟენევის კონფერენციაზე ტყეშელაშვილს რომ გაუშვებენ, იმან რა უნდა ილაპარაკოს? ტყეშელაშვილი და იაკობაშვილი არ დაგვანახოთო - ამას პირდაპირ ამბობენ ევროპელები. ტყეშელაშვილი ევროპარლამენტში რომ გამოდიოდა, იქ ხალხს გული ცუდად გაუხდა. რამდენადაც ვიცი, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ასევე ცუდად უხდება გული, მაგრამ ევროპარლამენტის რეაქცია... ეს ჩვენთვის კარგია.
თუმცა, პრობლემა ბევრად უფრო ღრმა არის: ამბობ, რომ მოსახლეობის 60-70% ამ ხელისუფლების წინააღმდეგია, მაგრამ ხომ შენი არჩეულია? 2004 წელს ვერ ხედავდნენ, ვინ იყო? ჰიტლერი გერმანელმა ხალხმა აირჩია და ამისთვის ზღო. ცხადია, მიშა ჰიტლერი არ არის, მაგრამ ქართველმა ხალხმაც უნდა ზღოს.
აუცილებლად უნდა მოხდეს დენაციფიკაციის პროცესი, როგორც გერმანიაში: ნაცისტურ პარტიასთან ვინც თანამშრომლობდა, სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობა აეკრძალათ. "რუსთავი-2-ს" მაუწყებლობა უნდა აეკრძალოს. ეს ჟურნალისტემა უნდა გააკეთონ, სახელმწიფომ კი არა! და ერთგვარი ნიურბერგის პროცესიც იმ ხელისუფლებამ კი არ უნდა გააკეთოს, რომელიც ამის შემდეგ მოვა, არამედ ხალხმა, საზოგადოებამ. ხელი არ უნდა ჩამოართვა, და ა.შ. საბერძნეთში იყო სამოქალაქო ოსტრაკიზმი. თუ რაღაც შეგეშლებოდა, მაშინვე გაგაგდებდნენ. თემისტოკლე გააგდეს - კაცი, რომელმაც მოიგო ბერძნულ-სპარსული ომი! რაღაც შეეშალა და ამის გამო გააგდეს. ისე უნდა გავუხადოთ საქმე, რომ თვითონ წავიდნენ აქედან!
მიშა იძახდა: მე მულტიკულტურული ვარ, სხვა ერები მიყვარსო. აღმოჩნდა, რომ არის ზვიადი. სწორედ ზვიადი ვერ იტანდა ოსებს, და აფხაზებს.
საქართველოს ხელისუფლებისა და მისი მხარდამჭერების არგუმენტი იყო: "წესრიგი!" სინამდვილეში, ამათ სტალინი ენატრებათ.
არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ქართველი ასეთი არჩევნის წინაშე დგება ხოლმე - სნობი თუ გოიმი. ჩვენი ელიტისთვის...
- პოლიტიკურ ელიტაზე საუბრობთ?
- ვგულისხმობ პოლიტიკურს, კულტურულს... შარდენის "სასტავს" - იმათ, ვინც შარდენზე დადის. სუპერსნობური პოზიციიდან, "გრეჩიხა" გოიმია - მიუხედავად იმისა, რომ ვაკელია. მიშა კი ექვს ენაზე ლაპარაკობს, ჰოლანდიელი ცოლი ჰყავს, სექსუალური თავისუფლების მომხრეა და "ჯეობარის"! საერთოდ, "რუსთავი-2" ასე შეიძლება აღიწეროს: "ფსიქოდან" "ჯეობარამდე"; "ჯეობარიდან" - ლადო ასათიანამდე.
სნობი თუ გოიმი - ვინ დაგვაყენა ამ არჩევნის წინაშე? თვითონ მიშამ. მას არავინ სთხოვდა საპრეზიდენტო არჩევნებს. ჩვენ საპარლამენტო არჩევნები გვინდოდა. მთელი ხუთი წლის განმავლობაში სიტუაციიდან გამოსავალს პოულობდა არა კომპრომისების მეშვეობით, არამედ კიდევ უფრო მეტ რადიკალიზაციას ახდენდა. ბოლოს ამ ომით დააგვირგვინა ყველაფერი. ის რომ ცხინვალში აპირებდა შესვლას, ორი თვით ადრე ვიცოდი. ბევრმა ვიცოდით. გული გვისკდებოდა და ვაფრთხილებდით - სხვადასხვაგვარად. მას კი ამ ომით ძალაუფლების გამყარება უნდოდა. თუ აიღებდა ცხინვალს, შეგვჭამდა! მერე ბევრი იტყოდა, სულ არ მინდა ასე დაბრუნებული ცხინვალიო. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში, ომი კატასტროფაა.
ან, რომელი "გრეჩიხა" მოიქცეოდა ამ ომში ასე? სააკაშვილის მხარდამჭერების მთელი ისტერიაც, იცით, საიდან მოდის? ფროიდს თუ დავესესხებით, მაშინ, როცა იცის, რომ ის არ არის მართალი. ისტერია ამის არაცნობიერი გამოხატულებაა.
ხალხი ხუთი წელი იძახდა - ლიბერალური დემოკრატიაო და შემდეგ უქარქაშო ხმლებში აღმოჩნდნენ. ლეონარდოს "მადონა ლიტას" და "მადონა ბენუას" ჰგავდნენ ბოკერია და ბაქრაძე, ბავშვებით ხელში. ძალიან კიჩური იყო - ამ ანგელოზი ბავშვებით!
ვირტუალური ხელისუფლებაა. რეალობის ნაცვლად, საკუთარ თავს ასახავს. ეს არის სწორედ "რუსთავი-1", "რუსთავი-2", "რუსთავი-3". და "რუსთავი-0", ანუ "მზე".
ამ ხელისუფლების მთავარი თვისება არის ორგანიზებულობა. ცოცხალ ჯაჭვში არანაირი სპონტანურობა არ ყოფილა. ორგანიზებული იყო.
- თქვენ ამბობთ, რომ იქ ხალხი მიიყვანეს?
- 7-8 საათზე სოფლებიდან "მარშრუტკებით" ჩამოჰყავდათ ხალხი და სიცარიელეებს ავსებდნენ. საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ყრიდნენ ხალხს გარეთ. და კიდევ: 25% მაინც ხომ მიიღო მიშამ საპრეზიდენტო არჩევნებში?
იმას, რასაც ზვიადის დროს კარვის ქალებს უწოდებდნენ, ახლა, პირობითად, ავტობუსის ქალები შეიძლება დავარქვათ. თუ ზვიადი იყო "სტაციონარული", ეს არის "მოძრავი".
ზვიადი გულწრფელი მაინც იყო. ეს მთლიანად ყალბია. სულ კატასტროფული გადაწყვეტილებები! აკაკი წერეთელმა ვიღაცაზე თქვა, ახლა უკვე ექვს ხალხს ეცოდინება, რომ სულელიაო. ახლაც ასეთი შემთხვევა გვაქვს: სისულელეს ლაპარაკობს ექვს ენაზე! როდესაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გყავს, ეს ქვეყნის დიაგნოზია.
- თქვენ კარგად იცნობთ დასავლურ პრესას. ქართული ტელევიზია პერიოდულად მის მიმოხილვას გვთავაზობს, მაგრამ არის თუ არა ეს ინფორმაცია სანდო?
- ძალზე არასრული სურათია.
დასავლურ პრესაში დიდი ჟრიამულია ჰალსტუხზე, გაქცევაზე. ხანდახან შეგრცხვება კიდეც.
ბევრი ანალიტიკური სტატია პროქართულია, ბევრში კი რუსეთის ქმედებები ნეგატიურად არის შეფასებული. ამერიკა დემოკრატიული ქვეყანაა და აზრთა სხვადასხვაობა ამერიკულ პრესაშიც კარგად ჩანს. ყველაზე რადიკალური პოზიცია აქვს ბელგიას: მიაჩნია, რომ სააკაშვილი არის სამხედრო დამნაშავე.
კრიტიკული პოზიცია აქვს ჩეხეთსაც. იტალიაზე არაფერს ვამბობ: ბერლუსკონი პუტინთან მეგობრობაში არის შემჩნეული. სხვათა შორის, ტელევიზიებთან მიმართებით ბერლუსკონი ძალიან ჰგავს სააკაშვილსაც და პუტინსაც. თვრამეტივე იტალიური ტელეარხი ბერლუსკონის ეკუთვნის - როგორც ჩვენთან: ხომ ვიცით, "რუსთავი-2-ის" მფლობელი ვინ არის.
- ვინ?
- მაქვს ინფორმაცია სარწმუნო წყაროდან, რომ მიხეილ სააკაშვილი ფლობს "რუსთავი-2-ის" საკონტროლო პაკეტს. ოღონდ, რა თქმა უნდა, დოკუმენტები მის სახელზე გაფორმებული არ არის.
- არსებობს მოსაზრება, რომ რუსულ-ქართული კულტურული ურთიერთობები შეიძლება იყოს დასაყრდენი, რაზეც რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ურთიერთობა აიგება.
- ეს შეუძლებელია. დიდი ხანია, ეს ორი ხალხი აბსოლუტურად დასცილდა ერთმანეთს. მათ შორის ფაქტობრივად არანაირი კავშირი აღარ არის. იმ ინტელიგენციის შემდეგ, რომელიც დღემდე აცოცხლებს ძველ კულტურულ კავშირებს, აღარაფერი დარჩება - იმიტომ, რომ საქართველოში კულტურა აღარ იქნება.
- რატომ?
- განათლების რეფორმის და სხვა, ამასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, უბრალოდ, სკოლა აღარ დარჩება. კულტურა კი სკოლებისა და უნივერსიტეტების მეშვეობით იქმნება. ილია ჭავჭავაძისა და ჯავახიშვილის უნივერსიტეტებში კულტურა რომ შევა... ჰომუნკულუსის გაკეთება უფრო შეიძლება, ვიდრე იქ კულტურის შექმნა; მით უფრო - სკოლებში.
- ზემოთ დენაციფიკაცია ახსენეთ. ჩვენ არც ბერძნები ვართ და არც გერმანელები. ვინ შეიძლება, ამ პროცესის წარმმართველი ძალა გახდეს?
- ამას არ უნდა აკეთებდეს ის ადამიანი, რომელსაც თავის დროზე ლენინზე მიჰყავდა გადაცემები. დღეს კი ყველაზე მეტს სწორედ ისინი ყვირიან, ვინც საბჭოთა ხელისუფლებასთან ძალიან სერიოზულ თანამშრომლობაში იყვნენ შემჩნეულნი.
- ვისზე საუბრობთ?
- ისინი 40-დან 50 წლამდე არიან. მაგალითად შემიძლია დავასახელო გოგი გვახარია. საბჭოთა ბელადი რა კარგიაო, - შაბათობით გვეუბნებოდა 70-80-იან წლებში. და მერე, რომ დაჯდები ამ წითელ ოთახში და მასწავლი, რომ თურმე მე საბჭოთა ვარ, შენ კი - არა... სხვის თვალში ბეწვს რომ ხედავ, საკუთარ თვალში რატომ არ ხედავ დირეს, რომელიც არის გამოდებული "მსოფლიო კინოლენინიანას" სახით?!
- აგვისტოში, როცა თბილისისგან მოშორებით ადამიანები იღუპებოდნენ, თბილისში ბევრისგან მომისმენია: ვაიმე, თბილისსაც დაბომბავენო. ამ დამოკიდებულებას როგორ ახსნით?
- შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოდის ქალი - საფრანგეთში კოლაბორაციონისტი ქალები თმებს რომ ხოტრავდნენ, ისეთი - ზღულაძე, და ამბობს: ხალხო, ნუ გეშინიათ, ის ტანკი ორჭოსანთან წავიდა, თბილისში კი არ მოდისო. კანცელარიის მიღმა ვერ იხედებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად დაკარგულია არამარტო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი; დაკარგულია ქართლი, კახეთი, ჯავახეთი. ტვინში არის უკვე დაკარგული! როცა ამას ამბობს ხელისუფლება, ეს რას ნიშნავს? იმას, რომ არ არის ეს მისი ქვეყანა!
იცით, როდის მოხდა ეს ომი სინამდვილეში? პუტინი საქართველოში მოვიდა მაშინ, როდესაც აქ პუტინიზაციის პროცესი უკვე დამთავრებული იყო. 7 ნოემბერი პუტინმა გააკეთა, ოღონდ - ჩვენმა პუტინმა. მთელი უბედურება ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება იყო მიკრომოდელი იმის, რაც რუსეთში ხდება. მიშა არის წარუმატებელი პუტინი, ხოლო პუტინი - წარმატებული მიშა. ესენი სარკისებურად ასახავენ ერთმანეთს.
სად არის ნიღაბი, რომელიც რუსეთს ჩამოვხადეთ? ზუგდიდის მუზეუმში, ნაპოლეონის ნიღბის გვერდით? თუ ოკუპაციის მუზეუმში, და მას მალე "წითელ ზონაში" ვიხილავთ?!
აქ მგელი უკვე მოსული იყო: როდესაც სახლები დავანგრიეთ და საკუთრებას შევეხეთ; როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ადამიანი მოკლეს და მერე ვიღაცები ამართლებდნენ: ის ცუდი ბიჭი იყოო. ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. პუტინიზაცია მოხდა მაშინ, როდესაც გია ნოდიამ მაია მიმინოშვილს უთხრა: ერთი არგუმენტი მაინც მითხარით, ქართული ენის გამოცდა რატომ უნდა იყოსო!
როდესაც საკუთარ თავს ასე მოექცევი, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ მერე მართლა მოვა მგელი და შეგჭამს.
მერაბ მამარდაშვილი ამბობდა: მე ვიბრძვი არა ქართული ენისათვის, არამედ იმისთვის, რაც ამ ენაზე უნდა ითქვასო. საქართველო სწორედ ენისა და კულტურის საფუძველზე იარსებებს და არა ნავთობსადენების საშუალებით.
ჩვენ უნდა გავიაროთ სცილასა და ქარიბდას შორის, ანუ ლიბერალ გიგა ბოკერიასა და ნაციონალისტ გიგა ბოკერიას შორის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის ჩვენი ღირსება. მაგრამ ამ ღირსების გამო ვიღაცას ზემოდან არ უნდა ვუყუროთ.

Комментариев нет:

Отправить комментарий