03 марта, 2011

ნოემბერი სამსახიანი იანუსის ქვეყანაში

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"

3 ნოემბერი, 2008


"7 აგვისტოს ბევრი რამ დასრულდა საქართველოში. ახლა ასეთი პერიოდია: მანქანით მიმავალს ძალიან რომ გეჩქარება, ამ სიჩქარეში კი ავტოკატასტროფაში მოჰყვები. წევხარ რეანიმაციაში. არსად აღარ გეჩქარება. და მადლობას ეუბნები ღმერთს, რომ ცოცხალი გადარჩი. ძალიან გვეჩქარებოდა 7 აგვისტომდე. ახლა არსად გვეჩქარება. ჯობს, პერმანენტული აქციები დავიწყოთ გაზაფხულისთვის - როცა სააკაშვილი ვერავის ვერაფერს დააბრალებს. 7 ნოემბერი კი უნდა აღინიშნოს ფართომასშტაბიანი გამოსვლით, ოღონდ იგი, ჩემი აზრით, უნდა იყოს ერთდღიანი და მშვიდობიანი. უნდა ვაჩვენოთ, რა განსხვავებაა 7 ნოემბერსა და 12 აგვისტოს შორის. უნდა ვაჩვენოთ, თუ რას ნიშნავს სერიოზული ხალხის მიერ ჩატარებული მგლოვიარე აქცია.
ოპოზიციამ არ უნდა მისცეს საშუალება სააკაშვილს, რომ თავისი ლეგენდები და მითები აცოცხლოს ოპოზიციასა და რუსეთს შორის კავშირის შესახებ", - "მთელ კვირას" პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრება.

- როგორ აფასებთ გადაწყვეტილებას მინისტრთა კაბინეტის ცვლილებასთან დაკავშირებით?
- ყველაფერი დასავლეთისთვის კეთდება. გურგენიძეც ასე მოვიდა - 7 ნოემბრის შემდეგ, როდესაც საქართველოს მნიშვნელოვნად შეელახა იმიჯი მსოფლიოში. და სააკაშვილმაც პრემიერი შეცვალა, რადგან ევროპაში პრემიერ-მინისტრები მართავენ სახელმწიფოს; იქ პრემიერ-მინისტრების ცვალებადობა ქმნის ახალი პოლიტიკის შეცვლის პირობებს. როდესაც სააკაშვილი პრემიერს ცვლის, ამით ის მესიჯს უგზავნის ევროპას: პრემიერ-მინისტრი შეიცვალა; ეს ხუმრობა კი არ არის! ბერლუსკონი შეიცვალა! ბლერი, მერკელი შეიცვალა!
ეს არის ამაზრზენი ფარისევლობა: ჩვენთან პრემიერ-მინისტრი არაფერს ნიშნავს. ჟვანიაც კი ვეღარ მონაწილეობდა პოლიტიკაში. მისი სიცოცხლის ბოლო პერიოდში ქვეყანას მართავდა 4+1: სააკაშვილი, მერაბიშვილი, ოქრუაშვილი, ადეიშვილი და პლუს ვინმე - სიტუაციიდან გამომდინარე. იქიდან მოყოლებული, პრემიერ-მინისტრები საქართველოში არაფერს წყვეტენ. ინსტიტუტებია დისკრედიტირებული. ქვეყანა კონსტიტუციით კი არ იმართება, არამედ კონკრეტული ადამიანების მიერ. ჩვენთან მთავარია, პრემიერ-მინისტრი არ იყოს პოლიტიკური ფიგურა, რათა მან ვერ შექმნას პოლიტიკური კონტექსტი მინისტრთა კაბინეტში. ამ პრინციპით იყო არჩეული ნოღაიდელიც, გურგენიძეც. და ამ პრინციპით იქნა არჩეული მგალობლიშვილი. არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მათ ნიჭიერებას ფინანსებში, ეკონომიკაში, ანდა დიპლომატიაში. სააკაშვილი ეძებდა უღიმღამო, უსახო, უპრინციპო ადამიანს და მგონი, მან ის იპოვა.
- უღიმღამო და უსახო? ამბობენ, რომ მგალობლიშვილი კარგი დიპლომატია.
- ვინ იცნობდა მგალობლიშვილს მანამდე? ვინ იცნობდა გურგენიძეს მანამდე, სანამ ის პრემიერ-მინისტრად დაინიშნებოდა? გვარებს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია პრინციპი.
რა ხდება მინისტრთა კაბინეტში? იცვლება კულტურის მინისტრი, რომელიც, ზოგადად, კარგ მინისტრად ითვლებოდა; იცვლება გარემოს დაცვის მინისტრი, და ხელშეუხებელნი არიან კეზერაშვილი, იაკობაშვილი, ლომაია - ის ხალხი, რომლებმაც, ფაქტობრივად, ჩააფლავეს კონფლიქტი! მათ საომარი მოქმედებები კატასტროფისკენ წაიყვანეს. ეს ის ხალხი იყო, ვინც მუდმივად ჩანდა ტელევიზორში და თავის თავზე იღებდა პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდებოდა ცხინვალში 7-12 აგვისტოს.
- ადეიშვილი იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებს; ნიკა გვარამია კი - მისი მოადგილისას. ამასთან, გვარამია მთავარი პროკურორი გახდება მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრო და გენპროკურატურა გაერთიანდება. როგორ აფასებთ ამ საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებას?
- საქართველოში არის ორსახიანი იანუსი - ბოკერია და რამიშვილი. და არის სამსახიანი იანუსი: სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი. სააკაშვილი ქვეყანას დააქცევს, მაგრამ ადეიშვილსა და მერაბიშვილს არ დათმობს. ახლა მან ადეიშვილი ასეთ თანამდებობაზე იმიტომ დანიშნა, რომ მას სჭირდება ტერორი ქვეყანაში; მას სჭირდება ხალხის შიშში ყოფნა; მას სჭირდება შიშზე ფულის კეთება. ადამიანს, როცა მას ეშინია, ციხეში არ ჩასვან, დიდი ხალისით ყიდის ყველაფერს. საპროცესო გარიგების სისტემით ფარული, კორუფციული გარიგებები ოფიციალურ კორუფციულ გარიგებებად აქციეს. დღეს დამნაშავე ადამიანი ინდულგენციას ყიდულობს - თუ ბევრი ფული აქვს. თუ ფული არ გაქვს, ციხეში მიდიხარ. სააკაშვილს ხალხი ჰყავს დატერორებული, სახელმწიფო ზანზარებს და ამაზე აკეთებს ფულს! მაშინ, როდესაც ნიკა გვარამია ჯერ კიდევ ახალი სახე იყო პოლიტიკაში, ლევან ბერძენიშვილმა თქვა, გვარამია ჯერ კიდევ ებრძვის თავის თავსო. გვარამიას ჰქონდა რაღაც საზოგადოებრივი გამოსვლები; ჰქონდა, მაგალითად, თავისი მოსაზრებები გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით. ის ჯერ კიდევ აგზავნიდა საზოგადოებაში სხვადასხვა მესიჯს: დადებითსაც და უარყოფითსაც. ახლა კი ვფიქრობ, რომ გვარამიამ წარმატებით დაამარცხა საკუთარი თავი - ისე, როგორც ბოკერიამ.
- რას გულისხმობთ?
- აშკარაა, რომ ბოკერია ისევ ამოტივტივდა. არჩევნების წინ დამალეს, თუ გახსოვთ. მას ბევრ რამეში არ ვეთანხმები და საშიშ ადამიანად მიმაჩნია, მაგრამ ის ყოველთვის პრინციპული, თავისი ღირებულებების მატარებელი იყო. ახლა კი "რუსთავი-2-მა" უჩვენა: ბოკერია წალენჯიხის ეკლესიაში შედის და სამჯერ პირჯვარს იწერს! პატივს ვცემ ყველას - მორწმუნესაც და ათეისტსაც. მაგრამ აშკარად აჩენს, რომ ახლა "რუსთავი-2" ბოკერიას პრომოუშენს უკეთებს. ეტყობა, "პიარშიკებმა" უთხრეს, რომ ასეა საჭირო. ძალიან დამწყდა გული, რომ მას თავისი პრინციპების უარყოფა მოუხდა. რისთვის? ხალხი რომ მოატყუოს? "მე ის კი არ ვარ, რასაც ჩემზე ფიქრობთ, არამედ სულ სხვა ვარ". ეს შემაშფოთებელია. ხომ ჯობს, იყო ის ბოკერია, ვინც ხარ; ვიღაცამ გლანძღოს ან გაქოს ამის გამო, ვიდრე არ იყო არავინ!
ღვთისმეტყველებაში სიბნელე არაფერი არ არის. მას არ გააჩნია სუბსტანცია. სიბნელე შუქის არარსებობაა და სხვა არაფერი. ჩანს მხოლოდ ის, რასაც შუქი იღებს. როგორც კი სანთლეს აანთებ, მაშინვე გარბის სიბნელე.
შუქის მიმღები ადამიანი უნდა იყო - თუნდაც, უარყოფითი, მაგრამ - შუქის მიმღები. სხვა შემთხვევაში, სიბნელეში იკარგები. ბოკერიას ეს ნაბიჯი სიბნელეში გადადგმული ნაბიჯი იყო.
- მინისტრთა კაბინეტის თემას დავუბრუნდეთ. თქვენი აზრით, რატომ გადაიყვანეს გრიგოლ ვაშაძე კულტურის მინისტრის თანამდებობაზე? კულტურის დარგში პროფესიონალების დეფიციტია თუ დიპლომატიის სფეროში არ გვჭირდება პროფესიონალები?
- ვაჩეიშვილი იყო ღირსეული კულტურის მინისტრის მოადგილე; შემდეგ - ღირსეული კულტურის მინისტრი. ასე რომ, არანაირი საფუძველი ვაჩეიშვილის გათავისუფლებისა, როცა კეზერაშვილი გყავს გასათავისუფლებელი, არ არსებობდა. უცებ, მას ათავისუფლებენ და ამ თანამდებობაზე გადმოჰყავთ თავის დროზე ზარ-ზეიმით დანიშნული საგაერო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაშაძე. აშკარაა, რომ ის მოიცილეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან. იმიტომ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არის პროპაგანდის სამინისტრო - სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც იქიდან წამოვიდა სალომე ზურაბიშვილი. როგორც ჩანს, პროფესიონალები მათ ხელს უშლიან პროპაგანდაში. ვფიქრობ, არ არის შემთხვევითი ვაშაძის გათავისუფლება: ის ჟენევაში იმყოფებოდა და ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, გაეთავისუფლებინათ.
- საინტერესოა თქვენი აზრი: რატომ მაინცდამაინც ჟენევის შემდეგ? იქ შეუშალა ხელი ვინმეს?
- ფაქტია, რომ ჟენევაში ქართულმა დიპლომატიამ კრახი განიცადა და გაიმარჯვა რუსულმა დიპლომატიამ. ამაში ბოკერიას პრინციპულობამ "იმუშავა". იქ დიპლომატიის სუნიც კი არ იყო. იქ იყო მკლავების გადაგრეხვა და ამაში რუსებს ნამდვილად ვერ მოერევი. რუსებიც და ქართველებიც უტიფრად იქცეოდნენ, ევროპელები კი გაოგნებულები იყვნენ და არ იცოდნენ, რაში იყო საქმე: მოსალაპარაკებლად ჩამოვიდნენ თუ მოლაპარაკების ჩასაშლელად? არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა, ვაშაძე იქ, უბრალოდ, დიპლომატიურად მოიქცა და სიტუაციის გადარჩენა მოინდომა. ეს კი ქართული დელეგაციის ამოცანებში არ შედიოდა. დიპლომატიაში ჩვეულებრივი ამბავია: როცა ვითარება იძაბება, უცებ სახლებში არ გამორბიან; რჩებიან და სხვადასხვა ფორმას პოულობენ გამოსავლისთვის - არაფორმალურ საშუალებებს. არავითარი მცდელობა ვითარების გადარჩენისა არ ყოფილა. მაშინვე გამოვარდნენ ჩვენი დელეგაციის წარმომადგენლები და ზარ-ზეიმით გვაცნობეს, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა. კი, ბატონო, ამაში მე ტრაგედიას ვერ ვხედავ. ტრაგედია მოხდა 7 აგვისტოს. ეს არ უნდა მომხდარიყო, თორემ ჟენევაში რაც მოხდა, ეს 18 ნოემბერსაც გამოჩნდება და შემდეგაც.
- თუ კიდევ ჩაიშლება მოლაპარაკება?
- ამიტომაც ვამბობ: სანამ ტენდენცია არ გამოჩნდება, მანამდე ძნელია, უარყოფითად შეაფასო. მაგრამ, ჩემი აზრით, ვაშაძემ ჟენევაში ისეთი თვისებები გამოაჩინა, რაც დღევანდელ საგარეო საქმეთა სამინისტროს არ უნდა აწყობდეს. სააკაშვილს ასეთი რაღაცები უყვარს: ადამიანს დააწინაურებს და ამით გაათავისუფლებს. ვაშაძე ნიჩაბზე შემოსვეს. კულტურის მინისტრობა დღეს საქართველოში, სამწუხაროდ, არაფერს ნიშნავს. კულტურის სამინისტროდან, როგორც წესი, მიდიან არსად. როგორც პროფესიონალი მაია მიმინოშვილი გაისტუმრეს განათლების მინისტრობიდან, ისე გაისტუმრეს ვაჩეიშვილი. ადგილი მოასუფათავეს ლამაზად წასასვლელი ადამიანებისთვის. ახლა ვაშაძე უნდა წავიდეს ლამაზად. ძალიან შორს წაგვიყვანს იმ ადამიანების ჩამოთვლა, ვინც 2003 წლის რევოლუციის შემდეგ ქართულ პოლიტიკაში მოვიდა და წასვლაც მოასწრო.…ვიღას ახსოვს ეს ხალხი? ეს შევარდნაძის ხალხი არ არის. ეს ხალხი რევოლუციამ მოიყვანა და... წაიყვანა. აი, ეს არის ქვეყნის მართვის სტილი.
- სააკაშვილი ოპოზიციას კოალიციურ მთავრობაში შემოსვლას სთავაზობს. როგორ აფასებთ მის ამ წინადადებას?
- ცინიზმია. შესთავაზონ თავდაცვის მინისტრობა, შინაგან საქმეთა მინისტრობა! მეც შევთავაზე ხელისუფლებას თანამშრომლობა აგვისტოს უმძიმეს დღეებში: შემიყვანეთ ტყვეთა გაცვლის კომისიაში და დაგეხმარებით-მეთქი. სიჩუმეა. სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიაში დახმარება შესთავაზა. ამაზეც სიჩუმეა. მათ ოპოზიციისთვის მხოლოდ ყალბი თანამდებობების შეთავაზება აწყობთ. შესთავაზოს ოპოზიციას შინაგან საქმეთა მინისტრობა, პროკურორობა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა, კონტროლის პალატის თავმჯდომარეობა, თავდაცვის მინისტრობა! მაგრამ სააკაშვილს ეს თანამდებობები ქვეყნის სამართავად სჭირდება. ამიტომაც შესთავაზებს ნაყინის მინისტრობას, "კოკა-კოლის" მინისტრობას, სახელმწიფოს მართვასთან კი არ მიუშვებს.
- თქვენ ამბობთ, რომ, მაგალითად, კულტურის ან გარემოს დაცვის მინისტრობა ყალბი თანამდებობებია?
- მათთვის არის ყალბი! ნახეთ, რომელი მინისტრები იცვლებიან ყველაზე ხშირად და რომელი მინისტრები არ იცვლებიან საერთოდ!
- 23 ნოემბერს ქვეყანაში ფართომასშტაბიან ამნისტიასა და შეწყალებას ელოდებიან. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ამ გადაწყვეტილების მიღება?
- იმან, რომ ციხეები სავსეა და ძალიან დიდი კრიტიკაა დასავლეთიდან. და სად წავიდა ის ნულოვანი ტოლერანტობა? სააკაშვილი ამბობდა: ყველა - ციხეში! რატომ უშვებენ ახლა ციხიდან ხალხს? ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, თუმცა - პიარკამპანიის ნაწილი: 23 ნოემბერს ხელისუფლებას თავის მოსაწონებელი არაფერი აქვს.
- რას იტყვით იმ სიასთან დაკავშირებით, რომელიც აგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ გამოაქვეყნა? თქვენი აზრით, არის თუ არა ეს სია სრულყოფილი და, საერთოდ, რა არის მისი საჯაროდ წარმოდგენის მთავარი მიზანი?
- ცნობილი ფეხსაცმელების მწარმოებელი იყო, ცებო - არგენტინაში გადახვეწილი უნგრელი. მას ეკუთვნის ცნობილი ფრაზა: ჩემი ძროხებისგან მხოლოდ ღმუილი მეკარგებაო. რქებს, ძვლებს - ყველაფერს იყენებდა. სააკაშვილი შიშისგან ყველაფერს აკეთებს: ქვეყანას მართავს, ფულს აკეთებს, პიარს იკეთებს. იმ სიით, ალბათ, ადამიანების "ჩაჯიბვა" ხდება. შეიძლება ვიღაცებს უთხრან: "შენ სიაში არ მოხვდები, თუ ფულს გადაიხდი". ეს ძალიან პრიმიტიული ქმედებაა.
მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი სულ სხვა რამ არის: ის, თუ რა მოხდა 7 აგვისტოს; ვინ მიიღო ცხინვალის დაბომბვის გადაწყვეტილება; ვინ მიიღო ცხინვალში იარაღით შესვლის გადაწყვეტილება.
- რატომ? სხდომაზე დაიბარეს მამუკა ყურაშვილი, კახა ლომაია, სხვები...
- მერე რა! მე შედეგი მაინტერესებს: რა დაიდება საბოლოო დოკუმენტად. ამერიკულ სტილში გაკეთებული მოსმენებია: კონგრესი აკეთებდა ხოლმე ასეთ მოსმენებს. მაგრამ ამერიკა სახელმწიფოა. ჩვენ კი სახელმწიფო არ ვართ.
ვიღაცები პროდუქციას "სონის" ლოგოთი უშვებენ. ის რაღაც სტანდარტებს შეესაბამება, მაგრამ "სონი" აღარ არის. ფალსიფიცირებული პროდუქციაა. საქართველოს აწერია "სახელმწიფო", პრეზიდენტს - "პრეზიდენტი", სასამართლოს - "სასამართლო" და ა.შ. უცხოელისთვის ის სასამართლოს ჰგავს, მაგრამ რეალურად, სასამართლო არ არის; ჰგავს პრეზიდენტს, მაგრამ პრეზიდენტი არ არის. აი, ეს არის პრობლემა: ჩვენ ფალსიფიცირებული სახელმწიფო ვართ. იმ კომისიის სხდომებიც ქართველებისთვის კი არა, ამერიკელების საჩვენებლად ტარდება. მერე ჩამოვა ვიღაც ამერიკელი და ჭკუას მასწავლის: რა გინდა, პრემიერ-მინისტრი ხომ შეცვალესო! ის თავისი სტანდარტებით აზროვნებს. ამერიკელებმა არ იციან, საქართველო რა სახელმწიფოა. შეიძლება, არც აწყობთ, რომ იცოდნენ; შეიძლება, შეგნებულად ხუჭავენ თვალებს. მათ აწყობთ ასეთი ფასადი. 7 აგვისტოს ომი დაიწყო და 10 აგვისტოს ხონის კოლონიიდან 150 პატიმარი გამოიქცა (დაცვა წამოიყვანეს იქიდან და იმიტომ), ამის შესახებ კი მხოლოდ 12 აგვისტოს აცხადებენ. ეს სახელმწიფო არ არის.
უშიშროების საბჭოს მდივანი გვეუბნებება: "სი-ენ-ენ-მა" თქვა, რომ რუსეთის ჯარი გორიდან თბილისისკენ დაიძრაო. მერე იძულებული გახდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, უარეყო ეს ინფორმაცია. როცა უშიშროების საბჭოს მდივანი გამოდის და ამბობს, ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ცხინვალი აღგვილია პირისაგან მიწისაო... შენ ხომ უშიშროების საბჭოს მდივანი ხარ? ვინ მოგცა ეს ინფორმაცია?
- 7 ნოემბერს, თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები? რა უნდა გაითვლისწინოს ხელისუფლებამ და რა - ოპოზიციამ?
- 9 აპრილი აქტუალური იყო მანამდე, ვიდრე საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა. ამ დღეს ქართველები გამოდიოდნენ, როგორც აქციაზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი 9 აპრილი ისტორიაში გადავიდა.
სანამ ხელისუფლებაში სააკაშვილი და მერაბიშვილი არიან, 7 ნოემბერი ყოველთვის აქცია იქნება, მერე კი ისტორიული მოვლენა გახდება.
- მაგრამ 2008 წლის 7 ნოემბერი მხოლოდ აქცია იქნება, თქვენი აზრით?
- მე არ ვიცი, რა იქნება. მე მინდა, რომ იყოს მხოლოდ აქცია. სააკაშვილი ყველაფრის მკადრებელია და ყველაფერს თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. თუ 7 ნოემბერი მშვიდად ჩატარდება, სააკაშვილი იტყვის, რომ ეს არის ჩვენი დემოკრატიის გამარჯვება, მაგრამ, თუ ისე წავა პროცესი, როგორც მას აწყობს, მაშინ იტყვის, რომ ამაში რუსული ხელწერაა. სააკაშვილს უნდა, როგორმე ოპოზიცია და რუსეთი ერთმანეთს შეაჯვაროს და ამით მოიწონოს თავი ამერიკაში, ახალი ხელისუფლების წინაშე. ამიტომ ოპოზიციამ არ უნდა მისცეს საშუალება სააკაშვილს, რომ თავისი ლეგენდები და მითები აცოცხლოს ოპოზიციასა და რუსეთს შორის კავშირის შესახებ.
- მაგრამ ოპოზიციონერები ამბობენ, რომ 7 ნოემბრის შემდეგ აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
- ვფიქრობ, რომ ჯობს, ეს გაზაფხულზე დაიწყოს. ამერიკაში ადმინისტრაციის შეცვლამდე ჩვენთვის არავის ეცლება და სააკაშვილი ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, რათა ახალ ადმინისტრაციას ასეთი ამბავი დაახვედროს: აი, პრორუსული პოზიცია! დეკემბერში ნატო-ს მინისტერიალი იქნება. და თუ აქ არეულობა დაიწყება, მაპ-ს ისედაც არ გვაძლევენ, მაგრამ სააკაშვილი ამასაც ოპოზიციას დააბრალებს.
სამაგიეროდ, გაზაფხულზე, თუ არ იქნება არეულობა, მთელი პასუხისმგებლობა სააკაშვილზე გადავა.
მე მომხრე ვარ სერიოზული, პერმანენტული აქციების. მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ოთხთვიანი შვილი არავის სჭირდება. რაც უნდა ნანატრი შვილი იყოს, ის ცხრა თვეში უნდა დაიბადოს. ჯობს, პერმანენტული აქციები დავიწყოთ გაზაფხულისთვის - როცა სააკაშვილი ვერავის ვერაფერს დააბრალებს. 7 ნოემბერი კი უნდა აღინიშნოს ფართომასშტაბიანი გამოსვლით, ოღონდ ის, ჩემი აზრით, უნდა იყოს ერთდღიანი და მშვიდობიანი. უნდა ვაჩვენოთ, რა განსხვავებაა 7 ნოემბერსა და 12 აგვისტოს შორის. უნდა ვაჩვენოთ, თუ რას ნიშნავს სერიოზული ხალხის მიერ ჩატარებული მგლოვიარე აქცია.
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ უკვე დროს ვეღარ ვიგებთ. 7 აგვისტოს ბევრი რამ დასრულდა საქართველოში. ახლა ასეთი პერიოდია: მანქანით მიმავალს ძალიან რომ გეჩქარება, ამ სიჩქარეში კი ავტოკატასტროფაში მოჰყვები. წევხარ რეანიმაციაში. არსად აღარ გეჩქარება. და მადლობას ეუბნები ღმერთს, რომ ცოცხალი გადარჩი. ძალიან გვეჩქარებოდა 7 აგვისტომდე. ახლა არსად გვეჩქარება. ამიტომ ჯობს, 7 ნოემბერს აღვნიშნოთ 7 ნოემბერი, 23-ში ჩატარდეს სერიოზული საპროტესტო აქცია, და პერმანენტული საპროტესტო აქციები გადავიტანოთ მარტისთვის - როცა ამერიკაში ვითარება ჩამოყალიბდება; როცა ჟენევის კონფერენცია, მეტ-ნაკლებად, მიიღებს თავის კონფიგურაციას. მერე უკვე თამამად შეიძლება სააკაშვილზე შეტევა.
- ამას იმიტომ ხომ არ ამბობთ, რომ რესპუბლიკელებს ერთგვარად გზა გაგიხსნათ დასავლეთმა? იქნებ ქართველ რესპუბლიკელებს სწორედ დასავლეთმა ურჩია, რომ ეს პროცესი გაზაფხულზე დაიწყონ?
- მე, პაატა ზაქარეიშვილს, არავინ არაფერი არ მირჩია. მე ჩემი ქვეყნის მოქალაქე ვარ და ჩემს პოზიციას გამოვხატავ.

Комментариев нет:

Отправить комментарий